მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 15


1. "მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ" - დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს: დამიფარე, რამეთუ შენ გესავ და შენი იმედი მაქვსო. ეს თხოვნა-ვედრებითი მიმართვაა ღვთისადმი: დამიცავი, უფალო, იმის გამო, რომ შენ გესავ, შენი იმედი მაქვსო. თუ სასოება არ გვექნა ღვთისა, ცხადია, არც შევთხოვთ - დაგვიცვას და დაგვიფაროს.

2. "ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს" - ჩემი ღმერთი ხარ, ჩემი ბატონი და პატრონი. ჩემგან ქმნილი სიკეთეებიდან არაფერი გჭირდება; ეს ჩემთვისაა საჭიროო, - მიმართავს დავითი უფალს.

3. "წმიდათაი, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველი ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის" - წმინდანთა - ღვთის მცნებების აღმსრულებელთა შორის გამოჩნდი, უფალო, და შენს ნებას აღასრულებ მათშიო. თუ გადავხედავთ ძველი და ახალი აღთქმის ეპოქებს, ვნახავთ, რომ უამრავ ადამიანს, რომლებიც ღვთივსათნოდ ცხოვრობდნენ, მიეცა მადლი სასწაულთა ქმნისა. ეს სასწაულები კი არა მათი, არამედ თავად უფლისა იყო ამ წმინდა, ღვთის წინაშე მართალი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანებში, მათი მეშვეობით გამოჩენილი.

4. "განმრავლდეს უძლურებანი მათნი და ამისა შემდგომად ისწრაფვეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა"
- როდესაც ადამიანებში უძლურებანი გამრავლდება, საზოგადოდ, როცა უძლურებაში ვართ ან რაიმე განსაცდელი გვიდგას, მაშინ გაცილებით მეტად ვესავთ და ვისწრაფვით ღვთისკენ, მთელი გულით ვევედრებით და ვსასოებთ უფალს. სწორედ ამას ბრძანებს დავითი, როდესაც წარმოთქვამს: "განმრავლდეს უძლურებანი მათნი და ამისა შემდგომად ისწრაფვესო". შემდეგი სიტყვებით კი უფალს მიმართავს: კრებული არ შევკრიბო მათგან, ვინც ბოროტს იქმს და "არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითაო". უფალი წყალობას ყველა ადამიანს აძლევს, მაგრამ ბოროტის მოქმედი მადლს ვერ მიიღებს და ვერც ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებს.

5. "უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა" - უფალი ჩემი მკვიდრობის ნაწილია, მე რომ ვმკვიდრობ ამქვეყნად, ეს ღვთისგანაა. ფსალმუნის სიტყვებში "სასუმელისა ჩემისა" შეიძლება ვიგულისხმოთ ქრისტეს ჭეშარიტი სისხლი და ხორცი, რომელიც უფალმა თავისი განკაცების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოგვცა ადამიანებს - წმინდა ზიარება. თითოეული ადამიანის ჭეშმარიტი სასმელი მაცხოვრის სისხლია; მისით სამარადისო მკვიდრობა მოგვცა უფალმა სასუფეველში.

6. "საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი მტკიცე არს ჩემი ჩემდა" - ეს მაცხოვრის სიტყვებია. საბელით ანუ თოკით შეკრეს მაცხოვარი. ეს მხვდა მე ამქვეყნად, მაგრამ "სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდაო" - ღვთის სამკვიდრებელი არაამქვეყნიურია, მტკიცეა და შეურყეველი, რომლის მარადიული მეუფეც უფალი ჩვენი იესო ქრისტეა.

7. "ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა"
- ვადიდო უფალი, ვილოცო მის მიმართ, ვინც გული გამიხსნა მის სადიდებლადო, - ბრძანებს დავითი. თუ უფალი არ გაუხსნის გულს, თვითონ ადამიანს ეს არ შეუძლია. უფალი ცდილობს, ყველას გაუხსნას გული, რათა ადიდონ იგი, მაგრამ გავხსნით თუ არა გულს, ეს თითოეული ჩვენგანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. ეს იქნება ჩვენი პასუხი ღვთის სიყვარულზე. ფსალმუნის შემდეგ სიტყვებში: "რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა" - იგულისხმება, რომ უფალი მუდამ, დაცემის დროსაც კი შეეწევა ადამიანს, თუ ყოველთვის ღვთის მადიდებელი იქნება.

8. "წინასწარ ვხედავ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა" - ბრძანებს დავითი. რას ხედავდა მეფსალმუნე წინასწარ? - უფლის განკაცებას, შემდეგ იმას, რომ განკაცებული მაცხოვარი, სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი, აღდგებოდა და "მარჯვენით მამისა" დაჯდებოდა სამარადისოდ, კაცობრივი ბუნება ადგილს "მარჯვენით მამისა" დაიმკვიდრებდა. ცხადია, აქ საუბარია არა ფიზიკურ, არამედ სულიერ მყოფობაზე. უფლის მარჯვენა და მარცხენა მხარე არ არსებობს; ვიცით, რომ შემოქმედი ყოველივეს აღავსებს. მაგრამ "მარჯვენით მამისა" - ეს სიტყვები ჩვენთვის გასაგებ ენაზეა ნათქვამი.

9. "ამისათვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით" - რისთვის განიხარა დავითის სულმა? - გაიგო, რომ მოვიდოდა კაცობრიობის მხსნელი, რომელიც ყველა ადამიანს გამოიხსნიდა, გაჭრიდა სასუფევლისკენ მიმავალ გზას და ყველას მიეცემოდა საშუალება ღვთის მარადიულ დიდებაში დამკვიდრებისა.

10. "რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა"
- ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. დავით წინასწარმეტყველმა მშვენივრად უწყოდა, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ყველა ადამიანის სული ჯოჯოხეთში მიდიოდა. მისი სული კი იხარებდა, რადგან იმ წინასწარმეტყველების ნიჭით, რომელიც სულიწმინდისგან ჰქონდა მიცემული, უწყოდა, როდესაც უფალი მოვიდოდა, ჯოჯოხეთიდან ამოიყვანდა მართალთა სულებს და არც მისი სული დარჩებოდა მარადიულ სატანჯველში.

11. "მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენასა შინა შენსა სრულიად" - მაუწყე შენი გზა და ამის გამო სიხარულით აღვივსე; გავიხარე იმით, რომ ვიცი, დადგება დრო, ადამიანები სასუფეველში შევლენ და შენს მარჯვენაში იქნება მშვენიერებაო, - მიმართავს უფალს დავითი. "უფლის მარჯვენაში" შეიძლება ვიგულისხმოთ ის ძლევამოსილება, რომლითაც სძლია ბოროტს, განხეთქა ჯოჯოხეთის კარი, ამოიყვანა იქიდან მართალთა სულები და სამოთხეში დაამკვიდრა.

P.S. ამ ფსალმუნში წინასწარმეტყველებაა მაცხოვრის განკაცებისა, იმის შესახებ, თუ როგორ გამოიხსნის უფალი ადამიანებს ჯოჯოხეთიდან, ეშმაკისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობიდან და მისცემს საშუალებას სამოთხეში დამკვიდრებისა. უფალმა თავისი სისხლითა და ხორცით უკლებლივ ყველა გამოგვიხსნა, მაგრამ მივიღებთ თუ არა გამოხსნას, აღვასრულებთ თუ არა იმას, რაც უფალმა გამოხსნისთვის დაგვიწესა, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.