მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 14


1. "უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა?" - როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, კარავში ამქვეყნიური სამყარო იგულისხმება, "წმიდა მთაში" კი ზეციური იერუსალიმი. როგორც მთაა კარავზე გაცილებით დიდი, ასევე აღემატება ზეციური სამყარო ამქვეყნიურს. ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი კითხვას სვამს: ვინ მოახერხებს და დაიმკვიდრებს ამქვეყნიური ცხოვრებით სასუფეველს?

2. "რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა"
- ამ მუხლში დავითი პასუხს სცემს წინა მუხლში დასმულ შეკითხვას: ამას ის ადამიანები მიაღწევენ, რომლებიც უბიწოდ ივლიან სიმართლის გზით და ჭეშმარიტებას იტყვიან "გულსა შინა თვისსა". სიმართლე, ჭეშმარიტება და უბიწოება - ეს არის იესო ქრისტე. ვინც ამ გზით ივლის, უბიწოებით შეინახავს თავს, სიმართლით განაგებს თავის საქმეებს, არა მარტო გარეგნულად იქმს სიმართლეს, არამედ გულშიც კი არ გაივლებს ბილწს, - ის დამკვიდრდება ამ ქვეყანაზეც და მარადიულ სამყოფელშიც.

3. "რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო" - დავით წინასწარმეტყველი ჩამოთვლის, რა არ უნდა აკეთოს ადამიანმა, რომ სასუფეველი დაიმკვიდროს. სასუფეველში ის მოხვდება, ვისაც არ აქვს მზაკვარი ენა, არ მტრობს მოყვასს, ცუდს არავისთვის განიზრახავს და არ განიკითხავსო.

4. "შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს; რომელი ეფუცოს მოყუასსთა თვისსა და არა ეცრუოს" - ვისაც ის თვისებები აქვს, რომელთა შესახებაც წინასწარმეტყველი წინა მუხლში ბრძანებს, მისთვის არ არსებობს უკეთურება, ღვთისმოშიშებს პატივს სცემს და ამით თავადაც ღვთისმოშიში ხდება. თუკი ადამიანი აღთქმას დადებს, უნდა იყოს კიდეც ფიცის ერთგული და არ ეცრუოს არავის. წმინდა წერილი გვასწავლის: ვისაც უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი. ასეთი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სიცრუის სიყვარულით საკუთარი სული მოუძულებია.

5. "ვერცხლი მისი არა მისცა აღსადგინებლად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე"
- კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი. ვინც მოყვასის საზიანოდ ქრთამს არ აიღებს, მატერიალური, მიწიერი სიამოვნებისთვის არ წირავს მოყვასს, ის არც საკუთარ თავს წირავს უფლის გზაზე სვლისას. ვინც იმ სიკეთეებს აღასრულებს, რომელთა შესახებაც საუბარია ფსალმუნში, "არა იძრას უკუნისამდეო", - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. ასეთი ადამიანი არც ამქვეყნად "იძრას" და მარადიულად "ეგოს" ღვთის დიდებაში.

P.S. ეს ფსალმუნი, დავითის გალობა ღვთისადმი, გვასწავლის, როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა ამქვეყნიური თუ მარადიული ნეტარი ხვედრი. თუ ამქვეყნად ყოველივეს კეთილად ვიქმთ, აქვე, მიწაზეც, ჩვენი ყოველი საქმე ღვთისგან კურთხეული იქნება და ჩვენს სულს წაადგება. ამით კი ზეციურ სამყოფელსაც მოვიპვებთ.