მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 13


1. "თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და ბილწ იქმნეს იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი" - უგუნურებში იგულისხმებიან დაცემული ანგელოზებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ღვთის ძალას არ აღიარებენ. ასეთნი ფიქრობენ თავიანთ გულში - ღმერთი არ არსებობსო, რადგან ვერ შეიმეცნეს უფალი, ამგვარი ფიქრით კი განირყვნენ და ღვთის შიშის უქონლობის გამო ყოველგვარი უსჯულოება ჩაიდინეს. უგუნური კაცი იმასაც ფიქრობს - არავინ არის ისეთი, ვინც სიკეთეს იქმსო, ამით კი უფრო და უფრო ზეაღმატებულ უსჯულოებას სჩადის - სიკეთის ქმნას შეურაცხყოფს.

2. "უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმისმყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა"
- უფალი ყოვლისმხილველია. მან მოხედა ზეცით ადამიანებს, მათ, ვინც გამომეძიებელია ღვთისა, ვინც გულისხმისმყოფელია - გულს უხსნის და ჭვრეტს უფლის არსებობას.

3. "ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე"
- მათ კი, ვინც არ გამოიძია უფალი, არ გამოიძია ის სიტკბოება, რომელიც ადამიანში ღვთის სიყვარულით მოდის, დაუტევეს უფალიო.

4. "არა გულისხმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს" - ვერ გულისხმაყვეს დაცემულმა ანგელოზებმა და ვერც იმ ადამიანებმა, რომელნიც სჩადიან უსჯულოებას, ფიქრობენ, რომ ამ უსჯულოებაში სამარადისოდ დარჩებიან და მომკითხავი არავინ ეყოლებათ. უფლის მოსვლამდე დაცემული ანგელოზი, ეშმაკი "ჭამდა" - მთლიანად ჰყავდა დაპყრობილი ადამიანი, ჯოჯოხეთისკენ მიაქანებდა ყოველ სულს. ისინი არ ფიქრობდნენ, რომ უფალი ოდესმე გამოიხსნიდა მათ. მაგრამ უფალი მოვიდა ადამიანთა გამოსახსნელად - თავად განკაცნა ღმერთი, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღსდგა.

5. "მუნ შეეშინა შიში, სადა არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა"
- ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. გამოხსნის შემდეგ ადამიანს უკვე ღვთის შიშისა და სიყვარულის დაკარგვის უნდა ეშინოდეს, რათა არ მოაკლდეს უფლის მრავალმოწყალებას.

6. "ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს" - ფსალმუნთა განმარტებისას არაერთხელ ვთქვით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანი დაგლახაკებული, დავრდომილი იყო სულიერად, თავისთავად არ შეეძლო გამოეხსნა თავი ეშმაკის კლანჭებისგან. სწორედ ამას ბრძანებს წინასწარმეტყველი: სულიერად დავრდომილი იყო კაცი, მაგრამ უფალია შემწე და მფარველი მისი.

7. "ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა?"
- სვამს კითხვას დავით წინასწარმეტყველი. რა თქმა უნდა, სიონით მოსულმა უფალმა - იგი იერუსალიმში, ისრაელში გამოეცხადა ადამიანებს, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღსდგა - გამოიხსნა კაცობრიობა.

8. "რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუეი ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი" - უფლის ერი ეშმაკის ტყვეობაში იყო და რაჟამს გამოიხსნა ადამიანები მისი მონობიდან, მაშინ "იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი" - მაშინ აღსრულდება იმ მამამთავართა, იმ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ უფლის მიერ ადამიანთა გამოხსნას და იხარებდნენ, რომ ქრისტემ აღასრულა ის აღთქმანი, რაც მათ იწინასწარმეტყველეს. კაცობრიობის გამოხსნით თავადაც სამარადისო სიხარულს დაიმკვიდრებენ უფალში.

P.S. მეცამეტე ფსალმუნი წინასწარმეტყველურია და მოგვითხრობს უფლის განკაცების შესახებ - იმის შესახებ, თუ როგორ გამოიხსნიდა უფალი ადამიანთა მოდგმას - როგორ იყო კაცობრიობა ამ დრომდე ეშმაკს დამონებული და როგორ გამოიხსნიდა მათ უფალი ცხოველმყოფელი მსხვერპლით.