1. "ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?" - როდემდე დამივიწყებ და მიიქცევ პირსა ჩემგან, უფალო? - ბრძანებს დავითი. ცხადია, უფალი არ ივიწყებს ადამიანს; არამედ ამ სიტყვებით დავითი მიმართავს ღმერთს: როდემდე ვიყო ცოდვაშიო. ევედრება, ცოდვილი მდგომარეობიდან გამოყვანის ღირსი გახადოს.
2. "ვიდრე ვისთვის დავიხსნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა?" - ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: როდემდე ვიყო, უფალო, ჩემს ბოროტ ზრახვაში? ჩემს გულში დღე და ღამე სალმობა ანუ სინანულია ცოდვათა გამო და ამ სინანულით მანამდე მიხსენი, ვიდრე ბოროტი "ამაღლდებოდის სრულიად" - სრულად დაიპყრობდეს ჩემს გონებასო.
3. "მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თვალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ" - მომხედე, უფალო, და შეისმინე ჩემი. მწამს, ჩემს ვედრებას შეისმენ. განანათლენ თვალნი ჩემნი, რათა არ მოვკვდე ცოდვით. სიკვდილამდე მიხსენ ცოდვისგანო.
4. "ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა" - ვინ არის ადამიანის მტერი? - დაცემული ანგელოზი, ეშმაკი. ამ მუხლში დავითი ბრძანებს: არ თქვას ეშმაკმა, მოვერიე და ვძლიე მასო. საბოლოოდ არ დამცე ცოდვით, ხოლო თუ შევიძრა, ცოდვით დავეცე, მაშინ გაიხარებს ბოროტი და დაცემული ანგელოზიო.
5. "ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა, და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა" - შენი იმედი მაქვს, უფალო, რომ შემეწევი, განმკურნავ და მომიტევებ ცოდვებს, შენი მაცხოვარებითა და სახიერებით - სიკეთით იხარებს ჩემი გული: როდესაც ცოდვებს მომიტევებ, ამის შემდეგღა გაიხარებს ჩემი გული. ამიტომაც მხოლოდ შენი იმედი მაქვს. ვიცი, ცოდვილი ვარ, მაგრამ სიხარული იმის გამო ისადგურებს ჩემს გულში, რომ მწამს, ჩემს სინანულს შეიწირავ და მომიტევებ ცოდვებსო, - ბრძანებს დავითი. შემდეგ კი ამბობს: კეთილისმყოფელ უფალს ვუგალობ, რომელიც, თუ სინანულში ვიქნებით, მოგვიტევებს ცოდვებს. "ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა" - ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი შემდეგს ბრძანებს: ყოვლისმპყრობელი და ყველაზე აღმატებული უფლის სახელს ვაქებდე იმის გამო, რომ ასეთი მრავალმოწყალეა - მიუხედავად ჩემი ცოდვილობისა და დაცემულობისა, მაინც შემეწევა, შემიწყალებს და მიხსნის საუკუნო წარსაწყმედელისგანო.
P.S. ამ ფსალმუნში გადმოცემულია დავით წინასწარმეტყველის ცოდვათა გამო სინანული. მეფსალმუნე ამასთანავე გვაუწყებს, როგორ უნდა მოვინანიოთ ცოდვა და როგორ იხსნის უფალი ადამიანს ცოდვისგან.