1. "უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე" - ეს ფსალმუნი დაწერილია დავით მეფის დევნილობის ჟამს. დავითი მიმართავს უფალს: უფალო, შენი იმედი მაქვს, შენ გევედრები, მიხსენ და დამიცავი ჩემი მტრებისგან და მაცხოვნე - მაცოცხლე, გადამარჩინე. "მდევრებში" არა მხოლოდ ხორციელი, სულიერი მტრებიც იგულისხმება. ფსალმუნთა განმარტებისას უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ როდესაც ფსალმუნებს წერდა, მათში დავითი თავის თავსაც გულისხმობდა, თავის სათქმელსაც ამბობდა, მაგრამ ამავდროულად წინასწარმეტყველებდა ადამიანის სათქმელს. ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს უფალს დავითის მიერ სულიწმინდის შთაგონებით დაწერილი სიტყვებით. როდესაც ამ მუხლს წარმოვთქვამთ, უფალს ვადიდებთ და ვევედრებით, გადაგვარჩინოს და დაგვიცვას მტერთაგან. ჩვენი მტრები ვინ არიან? - დაცემული ანგელოზები - ეშმაკნი, რომელთაც ჩვენი წარწყმედა სურთ.
2. "ნურასადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ" - აქ პირდაპირ არის საუბარი ადამიანის სულზე. როგორც ლომი წარიტაცებს თავის მსხვერპლს, ასევე არ წარიტაცოს ეშმაკმა ჩემი სულიო, - ევედრება დავითი უფალს, - რადგან თუ ეს მოხდება, აღარავინ იქნება ჩემი მხსნელი, გადამრჩენელი - როდესაც ადამიანის სულს ბოროტი წარიტაცებს და ჯოჯოხეთში ჩავარდება, ამის შემდეგ შეუძლებელია ხსნა - სულის ჯოჯოხეთიდან გამოტაცება. დავითი უფალს შესთხოვს: ვიდრე ეს მოხდება, მანამდე გადამარჩინეო.
3. "უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაი ხელთა ჩემთა" - შესაძლოა, უსჯულოებაც იყოს ჩემი ხელიდან გამოსული, იქნებ არც ვასრულებდი შენს მცნებებს, მაგრამ მაინც ნუ გამწირავო.
4. "ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი" - ვინც მე ბოროტი მომაგო, ბოროტად მომექცა, თუ მეც ვუმუხთლე, მაშინ "გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი" - ხელში ჩამიგდოს ჩემმა მტერმა. მამები დავით წინასწარმეტყველს უწოდებენ ახალა აღთქმის კაცს ძველ აღთქმაში - ის ახალი აღთქმის კაცი იყო თავისი შეხედულებებით, ღვთისმსახურებითა და ღვთის მცნებების დაცვით. ერთ-ერთი ახალაღთქმისეული მოვალეობა ადამიანისა მოყვასის შეცოდებების პატიება, ურთიერთმიტევებაა. "მამაო ჩვენოს" წარმოთქმისას ვამბობთ: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". მამათა სწავლებით, თუ კაცი ამ სიტყვებს ამბობს, მაგრამ არ ასრულებს, წყევლად ექცევა. იოანე ოქროპირი ბრძანებს: ზოგნი ამბობენ, ეს სიტყვები არ უნდა ვთქვათ, როგორ შეიძლება, ადამიანს მივუტევოთ შეცოდებანიო, მაგრამ რადგან უფალმა ასე გვაუწყა, მოვალენი ვართ, ასე ვთქვათ და ასე ვქმნათ. ამასვე გვამცნობს დავით ფსალმუნთმგალობელი ფსალმუნის ამ მუხლში - ვინც ჩვენ ბოროტს მოგვაგებს, მტრის წინააღმდეგაც კი არაფერი ვქმნათ ისეთი, რაც ღვთისთვის სათნო არ იქნება.
5. "დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყნად ცხორებაი ჩემი და დიდებაი ჩემი მიწასა შიდა დაამკვიდროს" - თუკი ჩემს მტერს ისევე მივაგებ, როგორც მან მომაგო, მაშინ იგი "დევნის ჩემს სულს" - დამთრგუნავს. ასეთ შემთხვევაში კი არა მარტო ხორციელად, სულიერადაც დავიღუპები და მთელი ჩემი დიდება მიწიერი გახდება.
6. "აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ" - უფალს არავითარი ვნება არ აქვს, მათ შორის არც მრისხანება, მაგრამ სცოდავს რა ადამიანი თუ დაცემული ანგელოზი, თავისთავად შორდება ღმერთს, აკლდება ღვთის წყალობას და თავისი ქმედების სანაცვლოდ თავს ღვთის მსჯავრს მოიწევს, რაც ღვთის მრისხანება არ არის. ღმერთს რისხვა კი არ შეიპყრობს, არამედ ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგი. როდესაც დავითი ბრძანებს: "განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ" - აქ იგულისხმება შემდეგი: ვიცით, რომ უფალი ადამიანს ცოდვის ჩადენისთანავე არ მიაგებს თავისი ცოდვისა და დანაშაულის გამო, არამედ აძლევს დროს, შეინანოს და გამოვიდეს ცოდვილი მდგომაროებიდან. თუკი ადამიანი ასე არ იქცევა, კიდევ და კიდევ იმრავლებს ცოდვებს, გამოსაფხიზლებლად და ცოდვილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად შესაძლოა უფალმა განსაცდელი მოუვლინოს, რათა მთლიანად არ დაიღუპოს სულიერად, მსგავსად ამგვარი შემთხვევისა - როდესაც ადამიანს ფეხზე განგრენა აქვს, მას ექიმი ფეხს ჰკვეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპება.
7. "და კრებული ერთაი გარემოგადგეს შენ და ამისათვის მაღლად მოიქეც" - ამის გამო ერები გარემოგადგნენ შენ. აქ უპირველესად წინასწარმეტყველებაა იმისა, რომ მაცხოვარი მოვიდოდა და დათრგუნავდა ბოროტ ძალებს. მაშინ, უფალო, "კრებული ერთაი" მოგადგება და იქნები მათი წინამძღოლიო, - წარმოთქვამს წინასწარმეტყველი უფლის მიმართ.
8. "უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო" - უფალმა განსაჯოს არა მარტო კაცი, არამედ ერები. ცხადია, ყველა ადამიანს, ყველა ერს, მთელ სამყაროს უფალი განსჯის. "მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა და უმანკოებითა ჩემითა" - ჩემი სიმართლისაებრ და უმანკოებისაებრ განმსაჯე, უფალო, - მიმართავს შემოქმედს წინასწარმეტყველი. ამ მდგომარეობის მიღწევას ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს. ამქვეყნად ისე უნდა ვცხოვრობდეთ, რომ შეგვეძლოს თამამად და კადნიერად მივმართოთ უფალს - სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა განმსაჯე მე.
9. "აღესრულნედ ძვირნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო" - უსჯულოდ მცხოვრებ ადამიანთა სული აღივსება ცოდვებით არა მხოლოდ თავიანთი თავისთვის, არამედ გარშემო მყოფთათვისაც - ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა მხოლოდ მას კი არ აყენებს ზიანს, არამედ მთელ სამყაროს. ჩვენ მიერ ჩადენილი თითოეული ცოდვა სამყაროს ცოდვებს ემატება, კიდევ უფრო ამძიმებს სამყაროს და უფრო და უფრო ხრწნადს ხდის მას. როდესაც ადამიანი მთლიანად აღივსება ცოდვებით, სწორედ ამის შემდეგ განიშორებს უფალი, ანუ გაჰყავს ამა სოფლიდან. მამები ბრძანებენ, რომ უფალს ადამიანის სული ორ შემთხვევაში გაჰყავს წუთისოფლიდან - როდესაც სულიერების ზენიტშია, სულიერ წარმატებას აღწევს (ასეთ შემთხვევაში საცხოვრებლად გაჰყავს) ან როდესაც ცოდვებით აღივსება, რათა სხვა ადამიანებსაც არ მიაყენოს ზიანი. აქ სწორედ მეორე კატეგორიის ადამიანებზეა საუბარი. შენ კი, უფალო, "წარუმართო" ანუ წარუძღვე მართალთა არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგაც, - მიმართავს წინასწარმეტყველი უფალს, რომელიც განიკითხავს "გულსა და თირკმელთა" - ადამიანის კავშირი ღმერთთან გულზე გადის, მიწიერებასთან კავშირი კი თირკმელზე. უფალი ადამიანს განიკითხავს მთლიანად, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, და წარუძღვება მართალთ. "ღმერთო მართალო" - ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი ხაზს უსვამს ღვთის სამართლიანობას, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი მართალი უფალია.
10. "შეწევნაი ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა" - წინასწარმეტყველი შეწევნას ევედრება უფალს, სთხოვს "განარინოს" - განარიდოს ამქვეყნიურ ამაოებათაგან, ამქვეყნიურ უსჯულოებათაგან, ბოროტ კაცთა და დაცმულ ანგელოზთა ზეგავლენისაგან.
11. "ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვაი მისი მარადღე" - ღმერთი მართლმსაჯულია. მისი მართლმსაჯულება ყოველთვის აღესრულება. ის არის ძლიერიც და შეუძლია ამის ქმნა, მაგრამ არის სულგრძელიც, მისი მართლმსაჯულება ცოდვის ჩადენისთანავე, მეყსეულად არ აღესრულება, არამედ ადამიანს ეძლევა დრო, სინანულით თავი გამოიხსნას უფლის მართლმსაჯულებისგან. ყოველ წუთსა და წამში კი არ აღასრულებს უფალი თავის მართლმსაჯულებას, არამედ მას შემდეგ, რაც ადამიანის ცოდვის სასმისი ბოლომდე აივსება.
12. "არათუ მოიქეც, მახვილი მისი ლესულ არს, მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი" - წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლით გვამცნობს, რომ თუ არ მოვიქცევით, უფლის მახვილი მუდმივად ალესილია, მშვილდი მისი მუდამ მოჭიმულია და მართლმსაჯულებაც არ დააყოვნებს. არ უნდა ვიფიქროთ და თავი არ უნდა დავიიმედოთ იმით, რომ შესაძლოა ჩვენზე უფლის მართლმსაჯულება დიდხანს არ მოიწიოს. ეს ყოველწამს შეიძლება მოხდეს. ადამიანის სული ნებისმიერ წამს შეიძლება გაიყვანოს უფალმა ამა სოფლიდან და თუ ეს ცოდვათა მონანიების გარეშე მოხდა, ჩვენი ხსნის შესაძლებლობა უკვე ამოწურული იქნება.
13. "და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნა" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: "განუზმადებიან ჭურნი სიკუდილისანი" ანუ შესაძლოა ადამიანი ნებისმიერ წამს გარდაიცვალოს, ამიტომ არ ვიცით, უფლის სულგრძელება როდემდე გაგრძელდება ჩვენ მიმართ, თორემ უფალი ყოველთვის სულგრძელია. მის სულგრძელობას სასრული არ აქვს. შესაძლოა, ვთვლით, რომ ჩვენი ცოდვების ფიალა არ არის აღვსილი, დაიმედებულნი ვართ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ამქვეყნად ყოფნისა და სინანულისა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ადამიანისთვის სწორედ ცოდვათა არასრულყოფილი, არასრული განცდაა დამღუპველი.
14. "აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად იღო სალმობაი და შვა უშჯულოებაი" - კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი. ამ დროს კაცი სიცრუეშია, თავის ცხოვრებაზე ცრუ წარმოდგენა აქვს და ცრუ იმედებითაა აღვსილი. ამის გამო კი "მუცლად იღოს სალმობაი და შვას უსჯულოებაი" - ტკივილს მოიწევს თავის თავზე, შობს უსჯულოებას - ჩათვლის, რომ რაღაცით გამორჩეულია, სხვებზე აღმატებულია და უფალიც ყველაფერს აპატიებს, რადგან ჰგონია, რომ ამის ღირსია. შესაძლოა, კაცი თავს ცოდვილად თვლიდეს, მაგრამ ამის გამო სინანულში კი არ იყოს, არამედ მიაჩნდეს, რომ უფალი აპატიებს, რადგან ღირსია, ყველა ცოდვა მიეტევოს.
15. "ხნარცა თხარა და აღმოკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნას" - ცოდვაში მყოფი ადამიანი თვითონ ამოთხრის ორმოს. ის ორმოს უთხრის სხვას, მაგრამ თავის მიერ ამოჭრილში თვითონვე ჩავარდება, თვითონ დაიღუპება იმით, რითაც სხვისი დაღუპვა სურს.
16. "მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდეს" - კვლავ გრძელდება ფსალმუნის წინა მუხლის აზრი. სალმობასა და სიცრუეს, რომელიც ადამიანს სხვისთვის აქვს გამზადებული, თავის თავზე მოიწევს, თვითონ დაიღუპავს იმით თავს, რაც სხვისთვის ჰქონდა მომზადებული - სხვისთვის გათხრილ ორმოში თვითონვე ჩავარდება, ის კი, ვისაც გაუთხარა, გადარჩება, რადგან ორმოს შეამჩნევს და გაფრთხილდება.
17. "აღუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა" - ამ მუხლით წინასწარმეტყველი გვაუწყებს, რომ ცოდვილი თავად მოიწევს ცოდვას, ხოლო მართალი გადარჩება, საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს - ცოვდილნი საუკუნო სასჯელს დაიმსახურებენ, მართალნი კი საუკუნო განსვენებას - ეს არის უფლის სიმართლე. ვიცით, რომ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს. შესაძლოა ვინმემ იკითხოს: თუ ყველა ცოდვილია, მაშინ ვის ეწოდება ცოდვილი და ვინ არიან მართალნი? - მართალი ის ადამიანია, ვინც თავს ცოდვილად თვლის და იმედი აქვს, რომ უფალი მიუტევებს ცოდვებს, ამავე დროს აქვს სინანული და უფალს ცოდვათა მიტევებას შესთხოვს.
P.S. როგორც ვთქვით, მეშვიდე ფსალმუნი დაწერილია დავითის დევნულობის ჟამს, როდესაც იდევნებოდა თავისი შვილის აბესალომის მიერ.
ფსალმუნის სათაურში მოხსენიებული ქუში დავითის უახლოესი მეგობარი იყო, რომელიც მან აბესალომთან წარგზავნა, რათა წინააღმდეგობა გაეწია აქიტობელისთვის, რომელიც დავითის საწინააღმდეგო რჩევებს აძლევდა აბესალომს. ქუშიმ აბესალომს თავი დავითის მოღალატედ მოაჩვენა. თათბირის დროს, როდესაც აქიტობელი აბესალომს ურჩევდა, პირისპირ დასხმოდა თავს ბრძოლისთვის მოუმზადებელ მამას, ქუშიმ უთხრა: "არა, არ ღირს საკმაო ძალის გარეშე დაესხა თავს იმას, ვინც ერკვევა საბრძოლო საქმეებში" - და დაარწმუნა, რომ საქმე გადაედო. ამით აბესალომსაც ასიამოვნა და დავითიც იხსნა. ამასობაში კი მღვდლების, სადოკისა და აბიათარის პირით შეატყობინა დავითს, რას აპირებდა აბესალომი და მოსთხოვა, აღარ დარჩენილიყო ღამით არაბეთის უდაბნოში, სწრაფად გასცლოდა იქაურობას.
ამ კეთილი საქმის წყალობით გახდა ქუში მარჯვენა ხელი დავითისა და სახელიც თავისი მამაცური საქმიდან გამომდინარე ეწოდა - ძე იემენისა ანუ ძე მარჯვენისაი. ეს არ იყო ქუშის მამის სახელი, მეფეთა წიგნი დავითის უპირველესი მეგობრის, ქუში არაქის ძის შესახებ მოგვითხრობს.
წმინდა ათანასე დიდი წერს: "დავითი, გადარჩენილი თითქოსდა არაადამიანური შეწევნით, ამისთვის სამადლობელ გალობას აღუვლენს ღმერთს, ყველა სიკეთეს მას მიაწერს და არა ადამიანთაგანს".