- წმინდა მამათა რჩევით, როცა უკიდურესად შეჭირვებულია ადამიანი პრობლემებით ან დაბრკოლებულია ეშმაკისგან - სხვადასხვაგვარი ბრძოლა აქვს, განსაკუთრებით სასარგებლოა მესამე ფსალმუნის წაკითხვა.
თავად მესამე ფსალმუნი დავითის დევნილობის დროს დაიწერა, როდესაც ის საკუთარმა შვილმა - აბესალომმა განდევნა იერუსალიმიდან. ეს ფსალმუნის სათაურიდანაც ჩანს: "ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თვისისა".
1. "უფალო, რად განმრავლდნენ მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა?" - ამ მუხლშიც, ისევე როგორც მეორე ფსალმუნის დასაწყისში, დავითი რიტორიკულ შეკითხვას სვამს. ცხადია, მან იცის, რომ მომრავლდნენ მაჭირვებელნი; ამის მიზეზიც უწყის, რადგან დავით მეფე წინასწარმეტყველი გახლდათ, მაგრამ ამ შეკითხვას რიტორიკულად სვამს, რათა შემდეგ წინასწარმეტყველურად გვაუწყოს, რატომაც ხდება ასე, ჩვენც რომ დავფიქრდეთ ამაზე და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა - რატომ გვიმრავლდება მაჭირვებელი?
2. "მრავალთა ჰრქვან სულსა ჩემსა: არა არს ცხოვრებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა" - ეს კი იმის გამო ხომ არ ხდება, რომ ბევრმა თქვას, განეშორა უფალსო? მე რომ განვიდევნე, შემდეგ ჩემი დევნილობა მიზეზად დაიდონ, რათა თქვან, ღვთის მსახური არ იყო, ღმერთს არ ადიდებდა და ამის გამო გააძევეს იერუსალიმიდანო?
შესაძლოა, თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზეც ასე იფიქროს და წარმოთქვას უფლის მიმართ: უფალო, წარმართებს, უსჯულოებს ხომ არ ჰგონიათ, იმის გამო ვარ გასაჭირში, რომ შენ უარგყავი?
3. "იხილო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა" - ამ მუხლში დავითი გვპასუხობს: რა მძიმე განსაცდელშიც უნდა იყოს ადამიანი, თუ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელია, ყოველთვის იცის, რომ უფალი "მწეა მისი" და ნებისმიერ დროს შეუძლია კაცის განდიდება და აღმაღლება, მისი შეწევნა და დახმარება.
4. "ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით" - წმინდა მთაზე ესმა უფალს ჩემი ვედრება.
"მთით წმიდით მისით" - ორი მნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ: მთა სიმბოლურად სიწმინდეზე მიანიშნებს, ყველა სიწმინდეზე აღმატებული კი უფალია. ერთი მხრივ, ამ სიტყვებში შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ზეციურ მთაზე ესმა უფალს დავითის ვედრება. ამასთანავე, როცა მეფსალმუნე ამას წერდა, დედაქალაქი იერუსალიმში იყო, წმინდა მთაზე, სადაც ხდებოდა მსხვერპლშეწირვა. სწორედ აქედან განიდევნა წმინდა მეფე. ამდენად, ეს სიტყვები შესაძლოა ასეც გავიგოთ: "სწორედ აქ, იერუსალიმის წმინდა მთაზე, შეგესმა, უფალო, ჩემი ვედრება".
5. "მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე" - ღმერთის იმედით უკვე უშიშრად დავწექი და დავიძინე და უფალიც შემეწია. ადამიანი ყველაზე უძლური ხორციელ თუ სულიერ მტერთა წინაშე ძილის დროს არის, მაგრამ რადგან უფლის იმედით დაიძინა, მტერმა ვერაფერი ავნო დავითს. ასევე შეეწევა უფალი ყველას, ვინც მისი შემწეობის იმედადაა, შემწედ მოუხმობს შემოქმედს.
6. "არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე" - უკვე გაეცა პასუხები იმ რიტორიკულ შეკითხვებს, რომელთაც წინა მუხლებში სვამს ფსალმუნთმგალობელი. ამ მუხლში მეფე-წინასწარმეტყველი ამბობს: მართალია, გამრავლდნენ მაჭირვებელნი, მაგრამ ღვთის ჭეშმარიტ მადიდებელს არ უნდა ეშინოდეს თუნდაც ურიცხვი ხორციელი თუ სულიერი მტრისა.
7. "აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ" - ჩემი მტრების არ შემეშინდება, რადგან შენ "აღდეგ, უფალო", შენ მომხედავ მე, შენ დასცემ ყველა მაჭირვებელს, ჩემს გარშემო რომ შემოკრებილა.
დავითი უფალს მიმართავს: "კბილნი ცოდვილთანი შენ შემუსრენ" - რა საშიშიც უნდა იყოს ძაღლი, თუ მას კბილებს შევუმუსრავთ, ჩავუმტვრევთ, ვეღარაფერს გვავნებს. აღარც ბოროტი სულია საშიში, თუ მას უფალი შემუსრავს. აქ ასევე წინასწარმეტყველებაა იმის შესახებ, რომ მაცხოვარი განკაცების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შემუსრავს ეშმაკს, მის ძალაუფლებას, ხელმწიფებას ადამიანებზე, რომ ბოროტი სულნი ისე ვეღარ გვავნებენ, როგორც ძველ აღთქმაში, უფლის განკაცებამდე და ჯვარცმამდე - გამოხსნამდე. მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით ადამიანზე ეშმაკის ხელმწიფება დასრულდა.
8. "უფლისა არს ცხორება და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი" - აქ გრძელდება წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ მაცხოვარი მოვიდოდა და ადამიანს გაამარჯვებინებდა ბოროტ ძალებზე. "უფლისა არს ცხორებაი" - ეს სიტყვები გვაუწყებს, რომ უფალი მარადის ცოცხალია და მასთანაა მარადიული სიცოცხლე. კურთხეულ ერად კი ქრისტიანები უნდა მივიჩნიოთ, მათ ხომ რწმენა ქრისტეს ერად აერთიანებს და სწორედ ეს ერია კურთხეული.