მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 2


1. "რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?" - ამ სიტყვებში დავით მეფე საკუთარ თავსაც გულისხმობს - როცა მის წინააღმდეგ აღიძრა საული, შემდეგ კი მისი ძე. ამავდროულად, წინასწარმეტყველურად ამბობს მაცხოვარზეც - ვიცით, რომ მის წინააღმდეგ აღდგა მთელი წარმართული სამყარო და მისივე ერი - ისრაელი და ერთად აცვეს ჯვარს.

მეორე მხრივ, დავითი უფალს ეკითხება: "რად აღიძრნეს წარმართნი?.." - რატომ ხდება ასე, უფალო? რატომ მძლავრობენ წარმართნი, უსჯულონი? ჩვენ, ადამიანებსაც, მოგვმართავს - რატომ მძლავრობენ უსჯულონი ქრისტიანებზე? რატომ ვართ ასეთ დღეში? ეს ჩვენი ცოდვების გამო ხდება. ჩვენი ცოდვები სხვებს კი არ უნდა გადავაბრალოთ, არამედ საკუთარ თავს მოვკითხოთ. როდესაც ასე მოხდება, მაშინ ვეღარ აღიძვრებიან წარმართნი - უსჯულონი ჩვენს წინააღმდეგ და ვეღარ გვძლევს უკეთური ძალა.

2. "შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის"
- წმინდა წერილის სიტყვებს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს ხოლმე. ასევეა აქაც - ფსალმუნის ამ მუხლში უფლისგან ცხებული დავით მეფე საკუთარ თავსაც გულისხმობს და წინასწარმეტყველურად ამბობს იესო ქრისტეზეც - უფლისა და მისი ცხებულის (ქრისტეს) წინააღმდეგ შეიკრიბნენ - "შეითქუნეს" ქვეყნის მეფენი, ურიათა მთავრები - ჰეროდე და პილატე და ჯვარს აცვეს იგი. ქრისტინობის პირველ საუკუნებშიც მიწიერი მეფეები თითქოს შეთქმულნი იყვნენ და ერთად დევნიდნენ ღვთის ცხებულის მიმდევრებს - ქრისტიანებს.

ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც განკაცებულ უფალს უნდა განეცადა და გადაეტანა.

3. "განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი" - დავგლეჯთ სადავეებს და მოვიშორებთ უსჯულოთა, ქრისტეს მდევნელთა უღელს. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? იმით, რომ თავი ცოდვილად ვიგრძნოთ და ამით განვაგდებთ უღმერთობას.

4-5. "რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყვნეს იგინი. მაშინ იტყოდის მათთა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი"
- უფალი სასაცილოდ წარმოაჩენს უსჯულოთა, უღმერთოთა ჩანაფიქრს, რომლებიც მის წინააღდგომას მოისურვებენ. უფლის ძლიერების წინაშე არარაობაა ადამიანთა ბოროტი განზრახვაც და ქმედებაც (აქ ის ხალხი უნდა ვიგულისხმოთ, რომელმაც მაცხოვარი ჯვარს აცვა). უფლის წინააღმდეგ მათი აღდგომა ჰგავს იმას, რომ ჭიანჭველები აღიძრნენ ადამიანთა წინააღმდეგ - კაცობრიობის განადგურება მოისურვონ. უფალს წინ რომ აღუდგებიან, ამით ადამიანები თავს იზიანებენ - უფლის სამართლიან მსჯავრს მოიწევენ.

6. "ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა..."
- აქ უნდა ვიგულისხმოთ დავით მეფეც, რომელიც სიონის მთაზე დაემკვიდრა და სიონის ქალაქი აღაშენა, მაგრამ უპირველესად მაცხოვარი - განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე, სრულყოფილი კაცი, რომელიც მარადიულ მეუფედ დადგება სიონის მთაზე კაცთა ხსნისათვის.

7. "...თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ"
- ეს არის წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს განკაცების შესახებ. თუ დავუკვირდებით, ამ ფსალმუნში უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით თავისი განკაცებისა და მიწიერი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.

8-9. "ითხოვენ ჩემგან და მივცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი; ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი"
- ამ მუხლებში საუბარია წარმართებისა და უსჯულოების მოქცევისა და მსოფლიოს დაპყრობის შესახებ ქრისტეს ჯვრით, რომელსაც რკინის სიმტკიცე აქვს, მაგრამ დაპყრობის არა მძლავრებით, არამედ, მოციქულთა მსგავსად - უფლის სარწმუნოების, სახარების ქადაგებით, მოთმინებითა და უფლის მცნებების აღსრულებით.

10-11. "და აწ, მეფენო, გულისხმა-ყავით და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქვეყანისანი; ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით"
- სიმდაბლით მოსულ უფალს უმეტესად უწიგნური მოციქულები ჰყავდა, მაგრამ ამ ადამიანებმა მთელი მსოფლიო მოაქციეს ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამ სასწაულის შემდეგ მაინც გულისხმავყოთ, შევიმეცნოთ, დავინახოთ, რომ არა ქვეყნიური ძლიერებით, არამედ ღვთის მცნებების აღსრულებით ვძლევთ უსჯულოებას.

12. "მიიღეთ სწავლაი, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომაი მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას" - ამიტომ მიიღეთ სახარებისეული სწავლება, რათა არ განრისხდეს უფალი და მისი მსჯავრი არ დაიმსახუროთ.

ვიცით, რომ უფალს არავითარი ვნება არ გააჩნია, მათ შორის - არც განრისხების; აქ შემდეგი უნდა ვიგულისხმოთ: მანამ მივიღოთ უფლის სწავლება და მოვექცეთ, ვიდრე ღვთის წინაშე წარდგომა და პასუხისგება მოგვიხდება - ჩვენ მიერ ქმნილი საქმეებით განვისჯებით.

ნეტარნი რომ გავხდეთ, განუწყვეტლივ ვადიდოთ უფალი, ვიდრე ამქვეყნად ვართ.

P.S. მეორე ფსალმუნი წინასწარმეტყველურია - უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით გვაუწყებს თავისი განკაცების, დედამიწაზე მოვლინების, მის წინააღმდეგ წარმართთა და იუდველთა წინააღდგომის შესახებ. წინასწარმეტყველებს იმის შესახებაც, რომ უფალი დამწყსავს, მოაქცევს მსოფლიოს. ბოლო მუხლებში კი გვაუწყებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ ვიცხოვროთ, რომ სასუფევლის ნეტარების - უფლის სიახლოვის გარეშე არ დავრჩეთ.