მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 1


1. "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა" - ამ მუხლში უფალი გვამცნობს, როგორი კაცია ნეტარი. ნეტარება ზეცაში სუფევს. სრულყოფილად ნეტარი ღმერთია. "იყავ შენ სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს", - მოგვიწოდებს უფალი, რაც სრულყოფილი ნეტარებისკენ სწრაფვასაც გულისხმობს. ადამიანი სრულყოფილ ნეტარებას ვერ მიაღწევს, მაგრამ უფალი გვასწავლის, როგორ უნდა იღვაწოს კაცმა, რა გზით უნდა ისწრაფოდეს სრულყოფილი ნეტარებისკენ: "რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა" - უპირველესად, უღმრთო, ღვთის საწინააღმდეგო ზრახვებთან ბრძოლით. ასეთი სურვილები არა მხოლოდ ჩვენ უნდა მოვიცილოთ, არამედ მათაც განვეშოროთ, ვისაც ასეთი ზრახვები აქვს.

შესაძლოა ადამიანმა იკითხოს: მაშ, როგორ მოვაქციოთ სხვა ადამიანები? ეს ხომ ქრისტიანის მოვალეობაა. უფალი გვაუწყებს: შემდგომად ორისა და სამისა შეგონებისა მწვალებელსა კაცსა განეშორე - ჯერ უნდა შევაგონოთ, მაგრამ თუ ჩვენსას არ შეისმენს, განვეშოროთ. შესაძლოა, ადამიანთან ურთიერთობა არ გაწყვიტო, მაგრამ მის ზრახვებს არ იზიარებდე, ეწინააღმდეგებოდე მათ.

ასევე ნეტარია კაცი, რომელიც "არა დაჯდება საჯდომელსა უსჯულოთასა" - განეშორება უსჯულოთა საკრებულოს, ერიდება იმ ადგილს, სადაც უსჯულოებას სჩადიან. უსჯულოება ორი სახისაა: ერთია, როცა ადამიანი პირადად სცოდავს, მეორე კი - როცა უღმერთობას სჩადის, ღვთის წინააღმდგომია, უფალს ებრძვის.

2. "არამედ სჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და სჯულსა მისსა ზრახვენ იგი დღე და ღამე" - განვეშოროთ უსჯულოებას და დღედაღამ განუწყვეტლივ ღვთის სჯულის შესრულებაზე ვიზრუნოთ, ჩვენი ნება უფლის სჯულის აღსრულებისკენ მივმართოთ. ვეცადოთ, უმეტესწილად ღვთის ნების შესაბამისად მცხოვრებ ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა, მათკენ ვისწრაფოდეთ. სადაც ორი ან სამი შეიკრიბოს ჩემი სახელით, მეც მუნ ვარო, - ბრძანებს უფალი. თუკი ისეთ ადამიანებს შევუერთდებით, რომლებიც განუწყვეტლივ ღვთის სჯულის აღსრულებას "ზრახვენ", უფალი ჩვენთან იქნება და უფრო და უფრო დიდ სულიერ წარმატებას მოვიპოვებთ, არ შევწყვეტთ სვლას სრულყოფილი ნეტარებისკენ.

3. "და იყოს იგი ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე, რაიცა ყოს, წარემართოს მას" - ვიცით, რომ ფსალმუნები წარმოითქვა ისრაელში, წარმოითქვა იუდეაში, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში წვიმა, ფაქტობრივად, არ მოდის. "ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა" გულისხმობს ხეს, რომელიც დანერგულია იმ ადგილას, სადაც წყალი მოედინება. როგორც ასეთი ხეა ნეტარი, - მას ვერაფერს ავნებს უდაბნოს სიცხე, რადგან განუწყვეტლივ ირწყვება, - ასევე ნეტარია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ღვთის სჯულს მიჰყვება, რადგან მას ღვთისგან მომდინარე მადლის წყარო რწყავს. ასეთ კაცს ვერ მიეკარება ამქვეყნიური ამაოება, ვნებები და უკეთური ზრახვები. თუკი ადამიანი საღმრთო მადლს ღებულობს, მას ესწრაფვის, ამქვეყნადვე მიიღებს თავისი მოღვაწეობის ნაყოფს. მარადისობაში გადასვლის შემდეგ კი სულიერად მარადმწვანე ხეს ემსგავება, რომელსაც არასოდეს დაუდგება ფოთოლცვენის ჟამი.

4. "არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელი აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა..."
მაგრამ უღმრთონი, ცოდვილნი ვერასოდეს მოიპოვებენ სულის ნეტარ მდგომარეობას და სიმშვიდეს; მათ სულს განუწყვეტლივ მოუსვენრობა შეიპყრობს, ისევე როგორც ქარისგან მიწიდან აღგვილ მტვერს.

5. "ამისათვის არა აღდგენ უღმრთონი საშჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა" - მართალთა გზაზე ცოდვილები ვერ ივლიან და ვერც მათ ზრახვებს შეუერთდებიან, თუკი თავიანთი თავიდან ცოდვილ მდგომარეობას არ განდევნიან. ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ არსებობს ცოდვილთა ორი კატეგორია: ერთნი აღიარებენ თავიანთ ცოდვებს, სინანულში არიან და უფალს შენდობასა და პატიებას სთხოვენ. პირველი ფსალმუნის ამ მუხლში სწორედ ასეთი ადამიანები იგულისხმებიან. მეორენი კი ვერ ხედავენ თავიანთ ცოდვას, ან ამჩნევენ, მაგრამ არ განიცდიან. ასეთები არიან ცოდვილნი და უღმრთონი.

6. "რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს" - თუკი წინა მუხლებში უფალი გვაუწყებს, როგორი კაცია ნეტარი და როგორ მოვიქცეთ, ნეტარებას რომ მივაღწიოთ, ამ მუხლში დავით ფსალმუნთმგალობლის პირით გვიხსნის, რატომ იქნება ნეტარი კაცი, რომელიც სჯულისმიერად იცხოვრებს - "რამეთუ უწყის უფალმა გზაი მართალთაი". უღმრთოთა გზა კი წარწყმდება - ამ გზით სიარული ადამიანს წარწყმედამდე მიიყვანს: თუკი ცოდვაში მყოფი არ მოიშლის უსჯულოთა გზაზე სიარულს, ამ გზასთან ერთად ისიც წარწყმდება.

პირველი ფსალმუნი იმითაა გამორჩეული და სწორედ იმიტომ დაიწერა პირველად, რომ გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ, როგორ ვიცხოვროთ, რათა მარადიულ ნეტარ მდგომარეობას მივაღწიოთ, რომელიც ცათა სასუფეველში გველის და რისთვისაც შექმნა ღმერთმა ადამიანი.