1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2. დაელაპარაკე ისრაელიანებს და გამოართვი მათ კვერთხები - თითო კვერთხი თითოეულ შტოს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე.
3. აარონის სახელი ლევიანთა კვერთხს დააწერე, რადგან ერთი კვერთხი ეკუთვნის მათი მამისსახლის თავკაცს.
4. დააწყვე ისინი სადღესასწაულო კარავში აღთქმის კიდობნის წინ, სადაც გეცხადებით თქვენ.
5. ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ.
6. დაელაპარაკა მოსე ისრაელიანებს და მისცა მას ყველა თავკაცმა კვერთხი, თითო კვერთხი თითოეულმა თავკაცმა, მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, აარონის კვერთხიც ერია მათ კვერთხებში.
7. დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე აღთქმის კარავში.
8. მეორე დღეს, როცა მოსე შევიდა აღთქმის კარავში, აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამწიფდა ნუში.
9. გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლისაგან ისრაელიანებს, დაინახეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.
10. უთხრა უფალმა მოსეს: დააბრუნე აარონის კვერთხი აღთქმის კიდობნის წინაშე შესანახად, რათა იყოს იგი სასწაულად ურჩთათვის, რომ შეწყდეს მათი ჯანყი ჩემს წინააღმდეგ და არ დაიხოცონ.
11. ასეც მოიქცა მოსე; როგორც უფალმა უბრძანა, ისე გააკეთა მოსემ.
12. ასე უთხრეს ისრაელიანებმა მოსეს: აჰა, ვიხოცებით, ვიღუპებით, ყველანი ვიღუპებით.
13. ვინც კი უფლის კარავთან მიდის ახლოს, კვდება. ნუთუ ყველანი დასაღუპად ვართ განწირული?