1. და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბელთასა და სხუათაცა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშენეთ ზღუდე, და არა დაშთა მათ თანა ძალი, და მუნ ოდეს ბჭეები არღარა განღებულ იყო.
2. და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: მოვედ და შევკრბეთ ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონასასა და მათ ეგულებოდა ძჳრის-ზრახვა ჩემ ზედა.
3. და მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას, რომელსა ვიქმ მე დიდი არს და არა მცალს მე შთასლვად თქუენდა, რათა არა შუა გამოჴდეს საქმე ესე, რაჟამს აღვასრულო საქმე ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა.
4. და მოავლინეს ჩემდა მრავალგზის და მე იგივე სიტყუაჲ [!] მიუგე მათ.
5. და მოავლინა ჩემდა სანაბალატ ყრმა თჳსი და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი უბეჭდელი,
6. რომელსა წერილ იყო ესრეთ: ყოველთა წარმართთა მესმა, ვითარმედ შენ და ურიათა გეგულების განდგომად მეფისაგან და მისთჳს აშენებ ზღუდეთა მაგათ და განაძნელებ გოდოლთა მაგისთა, რამეთუ გეგულების შენ მეფობად.
7. და ამისთჳს დაიდგინენ შენდა წინაწარმეტყუელნი, რამეთუ გეგულების დაჯდომად იერუსალჱმს და მეფებად ურიასტანს ზედა, აწ ნუუკუე მიუთხრან სიტყუაჲ ესე მეფესა: მოვედ და ამისთჳს ორთა ვიზრახოთ ერთად.
8. და მივავლინენ მისა და ვარქუ: არავისგან არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა შენ იტყჳ, არამედ შენ თჳთ გულისაგან შენისა იტყჳ მაგას.
9. რამეთუ ყოველნივე გვაშინებედ ჩუენ და იტყჳან: დაშთომილ იყუნედ ჴელნი მათნი და არა აღასრულონ საქმე მათი, და აწ განვაძლიერენ ჴელნი ჩემნი, ვიდრემდის აღესრულოს საქმე ესე სრულიად.
10. და მე შევედ სახლსა სემიასასა, ძისა ედალასასა, ძისა მეტაბელისასა, და იგი იყო დადუმებულ სახლსა შინა თჳსსა და მრქუა მე: შევკრბეთ სახლსა უფლისასა და შევევედრნეთ მას შინა და დავკრძალნეთ ბჭენი მისნი, ნუუკუე მოვიდენ მტერნი ჩუენნი ღამე და მოგუკლან ჩუენ.
11. და ვთქუ მე: ვინ არს იგი კაცი, რომლისაგან ვივლტოდი მე, ანუ ვინ არს კაცი ჩემებრი, რომელი შევიდის სახლსა უფლისასა და განერეს იგი?
12. და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა იყო ღმრთისაგან მოვლინებულ, არცა იყო სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისა ჩემთჳს.
13. და ტობიას და სანაბალატს მონადეს სასყიდლით ერი მრავალი ჩემთჳს, რათამცა შევიშინე და შევედ სახლსა უფლისასა და ვცოდო, რათამცა დამდვეს ჩემ ზედა სახელი ბოროტი.
14. მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა ზრახეს ჩემთჳს ძჳრი და აწვევდეს სიცრუით წინაწარმეტყუელებად, რათა შემაშინოს და შემაძრწუნოს მე.
15. და აღესრულა ზღუდე იგი ოცდამეხუთესა თთუესა მის ელუასა და ერგასისდაორ დღე.
16. და იყო, ვითარცა ესმა ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემოს იყუნეს ჩუენსა, და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში ფრიად და გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულება საქმისა მის ჩუენისა.
17. და მათ დღეთა შინა დიდითა პატივითა მიუძღუანეს ურიათა მათ წიგნი ტობის, და ტობი მოვიდა მათა.
18. რამეთუ იყუნეს მეცნიერ ურთიერთას და იყო იგი სიძე სენექენასი. ძისა იერესა, და იონათან, ძემან მისმან, შეირთო ცოლად ასული მესოლამისა, ძისა ბარაქოსი.
19. და სიტყუანი მისნი იყუნეს, რომელთა მოიღიან ჩემდა და ჩემი სიტყუაჲ მიუთხრიან მას, და წიგნი მრავალი მოწერის, რათამცა შემაშინა მე.