1. და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და ჰრქუა დავით ნათანს, წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე დამკჳდრებულ ვარ სახლსა შინა ნაძჳსასა და კიდობანი შჯულისა ღმრთისაჲ ქუეშე კარავთა.
2. და რქუა ნათან დავითს: ყოველი, რაჲცა არს გულსა შენსა, იქმოდი, რამეთუ ღმერთი შენ თანა არს.
3. და იყო მას ღამესა სიტყუაჲ უფლისა ნათანისა
4. და თქუა: მივედ და არქუ დავით მონასა ჩემსა: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი სამკჳდრებელად ჩემდა მას შინა,
5. რამეთუ არა დავიმკჳდრე სახლსა შინა, ვინათ დღითგან გამოვიყვანე ისრაჱლი ეგჳპტით ვიდრე აქა დღედმდე, და ვიყოფოდე კარავსა და სადგურთა
6. ყოველთასა შინა, რომელთა ვიქცეოდე. ყოველსა შინა, სადა იქცეოდენ ძენი ისრაჱლისა, უკუეთუ სიტყუათაღა ვეტყოდე ერთსა ოდენ ტომსა ისრაჱლისასა და მსაჯულთა მისთა, რომელთა ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა და ვარქუ, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ნაძჳსა?
7. და აწ ესრეთ არქუ მონასა ჩემსა დავითს: ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ბაკისაგან უკუანაჲსაგან სამწყსოთა, რათა იყო შენ წინამძღუარი ერისა ჩემისა ისრაჱლისა.
8. და ვიყავ მე შენ თანა ყოველსა შინა, ვიდრეცა ხჳდოდე, და მოვსრენ ყოველი მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და გყავ შენ სახელოვან სახელისაებრ დიდისასა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ზედა.
9. და მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა და დავნერგო იგი დასაბამსა, დაიმკჳდროს თჳსაგან და არღარა ზრუნვიდეს მერმე, და არღარა შესძინოს სიცრუემან დამდაბლებად მისა, ვითარცა-იგი დასაბამსა.
10. და ვინათ დღითგან განვაწესენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, და დავამდაბლენ ყოველნი მტერნი შენნი და აღგაორძინე შენ და აღგაშენე შენ მე უფალმან.
11. და იყოს, რაჟამს აღივსნეს დღენი შენნი და დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენსა, რომელი იყოს მუცლისა შენისა, და განუმზადო მეფობაჲ მისი.
12. მან მიშენოს მე სახლი და აღუმართო საყდარი მისი ვიდრე საუკუნოდ
13. და მე ვიყო მისად მამად და იგი იყოს ჩემდა ძედ. და მე შევიწყნარო იგი და წყალობაჲ ჩემი არა განვაყენო მისგან, ვითარცა-იგი განვაყენე მათგან, რომელნი-იგი იყუნეს უწინარეს შენსა.
14. და სარწმუნო-ვყო იგი სახლსა ჩემსა და მეფობასა მისსა ზედა ვიდრე საუკუნოდ. და საყდარი მისი იყოს აღმართულ ვიდრე საუკუნოდ.
15. მსგავსად ყოველთა მათ სიტყუათა და ხილვისა ამისებრ ყოვლისა. ესრეთ ეტყოდა ნათან დავითს.
16. მოვიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო, ღმერთო? და რა არს სახლი ჩემი, რამეთუ შემიყვარე მე ვიდრე საუკუნედ,
17. დამცირებული ესე შენ წინაშე, ღმერთო, რამეთუ იტყოდე სახლისათჳს მონისა შენისა პირველითგან და მომხედე მე, ვითარცა ხილვა კაცისა და აღმამაღლე მე, უფალო ღმერთო!
18. რაღა შესძინოს მერმე დავით დიდებად შენდა? და შენ მონა შენი იცი!
19. და გულისაებრ შენისა ჰყავ ყოველივე დიდებულებაჲ, უფალო!
20. არავინ არს მსგავს შენდა. და არავინ არს შენსა გარეშე ყოვლისა მისებრ, რომელი ისმინეს ყურთა ჩუენთა.
21. და არავინ არს, ვითარ ერი შენი ისრაჱლი, სხუაჲ ნათესავი ქუეყანასა ზედა, ვითარ-იგი უძღოდე მას ღმერთი ჴსნად თავისა თჳსისა ერად და დადებად თავისა თჳსისა სახელი დიდი და გამოჩინებული განსხმად პირისაგან ერისა შენისა, რომელ იჴსნენ და გამოიყვანნე ეგჳპტით ნათესავნი
22. და მოეც ერსა შენსა ისრაჱლსა ყოფად თავისა შენისა ერად საუკუნედ. და შენ ხარ უფალი მათი ღმერთად.
23. და აწ, უფალო, სიტყუასა, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და ნათესავისა სახლისა მისისა, სარწმუნო იყავნ ვიდრე საუკუნედმდე,
24. რომელ იტყოდი, უფალო, უფალო, ყოვლისა მპყრობელო ღმერთო ისრაჱლისო, და სახლი დავითისი, მონისა შენისა, იყავნ აღმართებულ წინაშე შენსა.
25. რამეთუ შენ, უფალო, განახუენ სასმენელნი მონისა შენისანი შენდა წინაშე პირსა შენსა შენებად სახლისა. ამისთჳს პოვა მონამან შენმან ლოცვად პირსა შენსა.
26. და აწ, უფალო, შენ ხარ თავადი უფალი ღმერთი და იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილსა ამას.
27. და აწ გიწყიეს კურთხევად სახლისა მონისა შენისა, რათა იყოს შენ წინაშე უკუნისამდე, რამეთუ შენ, უფალო, აკურთხე და აკურთხე ვიდრე საუკუნედმდე.