ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ჰოი, ყოვლადკურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, სიხარულო ჩვენო და შესავედრებელო ყოველთა ქრისტეანეთაო! ჩვენ, თაყვანისმცემელნი ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა, გიგალობთ შენ გალობასა ქებულებისასა, და შენდა შემოვსწირავთ შეჭირვებათა, უბედურებათა და ცრემლთა ჩვენთა. ხოლო შენ, ჰოი, მშვიდო ხელისაღმპყრობელო ჩვენო, რომლისათვისცა მახლობელ არს ქვეყნიურნი მწუხარებანი და ურვანი ჩვენნი, შეიწყნარე ლოცვითი - სულთ-თქმანი ჩვენნი, შეგვეწიე და გვიხსენი ჩვენ განსაცდელთაგან, რამეთუ მყოვარჟამ დაუღალავად და გულაჩვილებით გხადით შენ: გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო.
ვითარცა კურთხევა ღმრთისაი და ვითარცა დიდხნობით სანატრელი საბოძვარი ცათაი, განუწყვეტელითა ლოცვითა გამოთხოვილი ღმრთისაგან, მოემადლე შენ, ღვთისმშობელო, მართალთა და მრავალსახარულევანთა მშობელთა შენთა იოაკიმესა და ანნასა. გარნა შენ, ჰოი ღმრთივრჩეულო ყრმაო ასულო, დაუტევე მშობელთა წიაღი და ვითარცა დაუქრობელი ლამპარი სარწმუნოებისაი, ვითარცა კანდელი კეთილსურნელოვანი, თავმდაბლად და მორჩილებით წარსდექ წინაშე ზღუდისა უფლისასა, და ძალმან უზენაესისამან აღგიყვანა შენ თვით შესავალადმდე ტაძრისა, შეგიყვანა წმიდათა წმიდათასა და განგიხვნა ყოველნი საუნჯენი ცათანი. ჰოი, ყოვლად მოწყალეო ღვთისმშობელო ქალწულო! ჩვენნიცა გულნი განაღე დიდების-მეტყველებისათვის შენისა და ლოცვანი ჩვენნი აღამაღლე ძისა მიმართ შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, სიწმიდეო მიუწვდომელო და შვენიერებაო გამოუთქუმელო;
გიხაროდენ, სიმდაბლესა შინა შენსა განდიდებულო;
გიხაროდენ, სიყვარულისა დაულევნელო წყაროო;
გიხაროდენ, თვით ღმრთისა მიერ აღრჩეულო წმიდაო ჭურჭელო;
გიხაროდენ, მარადის გულსმოდგინეო ხელის-აღმპყრობელო ჩვენო;
გიხაროდენ, მშობელო მაცხოვარისა სოფლისაო;
გიხაროდენ, უტყუარო სასოებაო ყოველთა მორწმუნეთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ყოველთა მწუხარეთაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, ზრახვებითა ცოდვისაითა და სამარცხვინოითა საქმეებითა ქვედადრეკილ ვართ ჩვენ წინაშე შენსა, გულნი ჩვენნი ყინულითა ცხორებისაითა მოცვულ არიან და თვალნიცა ჩვენნი – დამძიმებულ ძილითა ცოდვისმიერითა. გარნა შენ, ჰოი ყვავილო დაუჭნობელო, დილისა ცუარითა განგვბანე ჩვენ, მზითა სიყვარულისა და გულმოწყალებისაითა განგვატფე ჩვენ; ქვეყნიურისა მტვერისაგან უფლისა მიმართ აღგვამაღლე, ჰოი, დედუფალო, რაითა შევსწიროთ მას მდაბალი ესე ვედრება ჩვენი და ვუღაღადოთ: ალილუია.
მთავარანგელოსი გაბრიელი წარმოგზავნილ იქნა ღმრთისა მიერ გალილეის ქალაქ ნაზარეთად და მოგიტანა შენ, ჰოი სპეტაკო ქალწულო, წმიდა ესე ხარება და გრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა! რამეთუ შეიძინე შენ მადლი ღმრთისა თანა. ხოლო ჩვენ, უღირსნი ესე, ვხედავთ რა ესევითარსა დიდებულებასა შენსა, სიმდაბლითა გულისაითა გხადით შენ:
გიხაროდენ, მიმადლებულო დედათა შორის;
გიხაროდენ, მომპოვებელო მადლისა წინაშე ღმრთისა და განდიდებულო უფროის ანგელოსთასა;
გიხაროდენ, რამეთუ მუცლად იღე შენ ძე, რომელმან დაიმკვიდროს საყდარი დავითისა — მამისა თვისისა;
გიხაროდენ, ნათელო დაუშრეტელო, აღნთებულო წყუდიადსა შინა გულთათვის ჩვენთა;
გიხაროდენ, საუკუნოისა ბედნიერებისა კართა განმხვნელო ჩვენთვის;
გიხაროდენ, უსასოთა ნუგეშო და განმტკიცებაო;
გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთა სიხარულო და ქებულებაო;
გიხაროდენ, ყოველთა ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა შესუბუქებაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
გლოვათა შორის ვიურვით ჩვენ, ამაოებასა და მწუხარებასა შინა განვლევთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. გარნა შენ, ჰოი მიმადლებულო, ხარებითა შენითა განგვინათლე სულნი, სიმდაბლითა და მოთმინებითა აღავსე გულნი ჩვენნი, რაითა თავდადრეკილნი ვიტყოდეთ: აჰა, მონანი შენნი, უფალო, იყავნ ნებაი შენი ჩვენ ზედა! ხოლო შენ, ჰოი, ყუავილო დაუჭნობელო და შენგან შობილსაცა მყოვარჟამ გიგალობთ ჩვენ: ალილუია.
ხოლო დღეთა მათ შინა წარვიდა მარიამ ქალაქად იუდაისა, შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხვიდა ელისაბედს. და ოდეს ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, აღივსო იგი სულითა წმიდითა ღაღად-ჰყო ხმითა დიდითა და ჰრქუა: „ვინაი მე ესე, რამეთუ მოვიდა ჩემდა დედაი უფლისა ჩემისა!“ ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო! მოიხილე ჩვენ ზედაცა, უძლურთა და საპყართა ამათ, და აღამაღლე სულთ-თქმანი ჩვენნი, ვითარცა კვამლი საკმეველისა, საყდრისა მიმართ უზენაესისა, რაითა სავსებისაგან გულისა ჩვენისა გიგალობდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, რამეთუ მოიხილა უფალმან სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა;
გიხაროდენ, რამეთუ გნატრიდენ შენ ყოველნი ნათესავნი ქვეყანისანი;
გიხაროდენ, რამეთუ დიდებაი გიქმნა შენ ძლიერმან;
გიხაროდენ, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო;
გიხაროდენ, უბიწოდ მშობელო ხორციელად უფლისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, ყოველთა ჭეშმარიტ მორწმუნეთა მოყვარულო დედაო;
გიხაროდენ, ქვრივ-ობოლთა დამპურებელო და გულშემატკივარო;
გიხაროდენ, ყოველთა შეჭირვებულთა მარადის შემწეო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
ჰოი, ყვავილო დაუჭნობელო! ჰოი, შვენიერებავ კეთილსურნელო! მოიხილე ჩვენ ზედა ამა ქვეყნიურ ღელესა შინა გლოვისასა, და შეჰვედრე ძესა შენსა, რაითა დაგვიფაროს ჩვენ ყოვლისა განსაცდელისა და მწუხარებისაგან, რისხვისა და სულთ-თქმათაგან, და გარდამოგვივლინოს ჩვენ მშვიდობა გულთა შინა ჩვენთა, მოგვმადლოს თხოვისაებრ ჩვენისა თითოეულსა სახმარისაებრ მისისა და აღგვავსოს ამოუხაპავითა მოწყალებითა თვისითა. ხოლო ჩვენ, მსასოებელნი შენისა ყოვლადძლიერისა შეწევნისა, განვადიდებთ სულითა უფალსა ჩვენსა და ვუღაღადებთ მას: ალილუია.
ღამის სახუმილავისა მცველთა მწყემსთა მათ ახარა ანგელოსმან უფლისამან კეთილი უწყება ფრიადი, ვითარმედ ხორციელად იშვა უფალი ქრისტე ქალაქსა შინა დავითისსა – ბეთლემს, შეხვეულ იქმნა და დაიდვა ბაგასა ზედა. ჰოი ყოვლადწმიდაო დედაო, მშობელო საკვირველისა ძისა შენისა პირმშოისა, შეიწყნარე ჩვენგანცა გიხაროდენნი ესრეთ:
გიხაროდენ, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან გამოუბრწყინდა სოფელსა დაუვალი ნათელი გონიერებისა;
გიხაროდენ, ვარსკულავო, წყუდიადსა შინა ჩვენდა გზისა მაჩვენებელო;
გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოისა დღისაო;
გიხაროდენ, სულთა ჩვენთა უტყუარო აღორძინებაო;
გიხაროდენ, მწუხარებათა შორის სარწმუნოო ხელისაღმპყრობელო და მალიად შემწეო ჩვენო;
გიხაროდენ, შუენიერო შროშანო სამოთხისაო;
გიხაროდენ, ყოვლადსაგალობელო წმიდაო ქალწულო;
გიხაროდენ, მშვიდო ტრედო, მშობელო ყოვლადმოწყალისაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
აჰა, ესერა მოვალს მეუფე სოფლისა, აჰა საიდუმლო მსხვერპლი შეიწირვის და ანგელოსნი გალობენ ცათა შინა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა! ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება! სოფლისა მაცხოვარი იშვების, ქრისტე ხორციელად მოვალს ქვეყანად, დიდი ღვთაებრივი საიდუმლო აღესრულების ღმერთი ხორციელად გამოცხადნების. და ჩვენცა, უღირსნი მონანი მისნი, განზე გადავდებთ რა ყოველსა ცხოვრებისეულსა საზრუნავსა, ანგელოსთა თანა განვადიდებთ მაღალსა ღმერთსა და შიშითა და სიხარულითა, ვითარცა მწყემსნი და მოგუნი აღმოსავლეთისანი, თაყვანის-გცემთ შენ, დედაო ღმრთისაო და განუწყვეტლივ მოვუწოდებთ ღვთაებრივსა ძესა შენსა: ალილუია.
აჰა, ესერა მართალი სვიმეონი მოვალს სულითა ტაძარსა და მიმრქმელი ხელთა შინა თვისთა ყრმისა იესუისი, აკურთხევს ღმერთსა და იტყვის: აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით! რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი! ხოლო შენდა, ჰოი, დედაო მარიამ, მახვილი განვიდეს სულსაცა შენსა, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი. ხოლო ჩვენ, ხსნილნი შენ მიერ, გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლადკურთხეულო, დიდისა მწუხარებისა სიხარულად გარდამქცეველო;
გიხაროდენ, სიყვარულისა და დედობრივისა ალერსისა მარადიულო საუნჯეო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისა ჩვენისაო, უდიდესისა სიხარულისა და უაღრესისა მწუხარებისა ძისათვის შენისა დამთმენო;
გიხაროდენ, დედუფალო სოფლისაო და ყოვლისა სამყაროისაო;
გიხაროდენ, სასოებაო და ნუგეშო მოტირალთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინის მცემელო სასოწარკვეთილთაო;
გიხაროდენ, წარმწყმედადთა ცხოვრებად მომაქცეველო;
გიხაროდენ, უვარისმყოფელთა შემაგონებელო და სინანულითა მათო მაცხოვნებელო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
ჰოი, ყოვლადსახიერო დედაო მარიამ! ქარბობალითა და რისხვითა აღიზვირთების ზღუაი ცხოვრებისაი ჩვენ ზედა, უღრმესი უფსკრულნი განეხვნებიან, განმზადებულნი დანთქმად ჩვენდა; გული ჩვენი შიშითა ძრწის და დაბნელებულ არს სიხარული ჩვენი. გარნა შენ, ჰოი მშვიდო და მოწყალეო დედუფალო, შეჰვედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რაითა შეგვეწიოს ჩვენ, მგლოვარეთა და ობოლთა ამათ, მწუხარებათა შორის ჩვენთა; რაითა დააურვოს მღელვარე ზვირთნი ცოდვისმიერთა ვნებათა ჩვენთა; რაითა განარიდოს ჩვენგან ყოველი უბედურება და განსაცდელი; რაითა გვასწავლოს ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს აღსრულება საუკუნოისა სიმართლისა ძისა შენისა. ხოლო ჟამსა აღსასრულისა ქვეყნიურისა ცხოვრებისა ჩვენისა, გვიჩვენე მყუდრო ნავთ-საყუდელი და ღირს-გვყავი ჩვენ სვიმეონისა ღვთისმიმრქმელისა თანა ღაღადებად უფლისა მიმართ; აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო მშვიდობით! მაშ, შეგვეწიე ჩვენ, ჰოი ყუავილო დაუჭკნობელო! ნუ დაგვიტევებ ჩვენ და გვაცხოვნე ჩვენ, მღაღადებელნი ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ღმრთაებრივი ყრმაი იგი იზარდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და მადლითა, ხოლო შენ, დედაო მისო, გულსა შინა შენსა დაიმარხვიდი ყოველთა სიტყუათა ძისა შენისათვის. დამწუხრებული და შეურვებული ეძიებდი მას თანამოგზაურთა, ნათესავთა და მეცნიერთა შორის მისთა, ოდეს წარხვიდოდი შემდგომად დღესასწაულისა მის. და მიქცეულმან იერუსალეიმადვე, დიდითა სიხარულითა ჰპოვე იგი ტაძარსა შინა, მჯდომარე შორის მოძღუართა, რომელთა განუკვირდებოდა ღმრთაებრივი გონიერება მისი და შეძრწუნებულნიცა იყუნენ ამისთვის. ჰოი, ყოვლადწმიდაო სიმშვიდეო ჩვენო! ჰოი, უტკბილესო გულო, სიყვარულითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმატფობელო! შეისმინე ჩვენიცა, მღაღადებელთა შენდა მომართ ესრეთ:
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა ძისა შენისა სიყვარულითა გამომზრდელო;
გიხაროდენ, გულო უტკბილესო გაყინულთა სულთა ჩვენთა სიყვარულითა განმატფობელო;
გიხაროდენ, მშობელთა გულებისა ბრძენო წინამძღუარო;
გიხაროდენ, შვილთა და ყრმათათვის ჩვენთა დაურღვეველო ზღუდეო;
გიხაროდენ, საფარველო და ხელის-აღმპყრობელო ქვრივ-ობოლთა და უძლურთაო;
გიხაროდენ, კრთილკრძალულებისა და ქალწულებისა ძლევაშემოსილო მფარველო;
გიხაროდენ, მშვიდთა კაცთათვის პატიოსნისა და მართლისა გზისა მაჩვენებელო;
გიხაროდენ, ბოროტთა გულთა მომალბობელო და კეთილთა გულთა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
შვილო! რაი ესე მიყავ ჩვენ? – ესრეთ ჰკითხვიდი ძესა შენსა იესუს, და განკვირდებოდი, ოდეს ჰხედვიდი მას, ღმრთაებრივსა გონსა, ტაძარსა შინა ყოვლადამპარტავანთა და ამაოდმბრძნობელთა მღვდელმთავართა შორის იუდეველთასა, განმმარტებელსა მათთვის ღმრთაებრივისა გამოცხადებისა. ჰოი, დედაო ყოვლადსახიერო, მოიხილე ჩვენთა ზედაცა შვილთა: ევედრე მათთვის ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რაითა გამოუცხადოს მათ ნათელი ჭეშმარიტისა ღვთისშემეცნებისა; შეიფარე იგინი ფესუსა ქუეშე კეთილსუნნელისა საფარველისა შენისა; ძენი და ასულნი ჩვენნი განაცისკროვნე ნათლითა გონიერებისაითა; განამტკიცე ხორციელნი და სულიერნი ძალნი მათნი; ღირს-ჰყავ იგინი, რაითა იზარდონ სადიდებელად ღმრთისა და საკეთილდღეოდ მიწა-წყალისა მამა-პაპათათა ჩვენთა. ჰოი, დაუშრეტელო ლამპარო სიყვარულისაო, მოწყალების შენისა ზეთი სცხე მათ, განატფე იგინი სიმშვიდითა თვალთა შენთა, დაიფარე იგინი საფარველსა ქვეშე დედობისა შენისასა. ჰოი, ყვავილო დაუჭნობელო! მტკიცითა სარწმუნოებითა, შეურყეველითა სასოებითა, ტფილითა სიყვარულითა და დიდითა შემუსრვილობითა გულისა ჩვენისაითა შემოვრდომილნი ვართ ფერხთა ქვეშე შენთა და დაუღალავად ვუღაღადებთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
ჰოი, ტფილო მეოხ-მყოფელო მოდგმისათვის მემრუშეთა და ცოდვილთა! შენისა სიტყვითა აღასრულა გალილეის კანას ძემან შენმან და ღმერთმან ჩვენმან დასაბამი ნიშთა თვისთა და ღვინოდ შესცვალა წყალი. მაშ, აწცა შეჰვედრე, ჰოი, დედაო ღმრთისაო, ძესა შენსა, რაითა ჩვენ ზედაცა აღასრულოს სასწაული და შესცვალოს მწუხარე დღენი ჩვენნი, აღსავსენი სიცრუითა, წყინებითა და ცრემლითა სიხარულად აღორძინებისა, ბედნიერებად სიყვარულისა და სიმართლისა; განაძლიეროს ჩვენ შორის დასაბამი ღმრთაებრივისა ნათლისა, წარმოგვიდინოს კამკამა წყარო სულისა წმიდისა, ხოლო ყოველივე მზაკვრული და არაწმიდა, დაე, აღმოკვეთოს გულთაგან ჩვენთა. ჰოი, სიწმიდეო მიუწვდომელო და გულმოწყალებაო გამოუთქუმელო! მოაპყარ ყური შენი ლოცვასა ჩვენსა და ღირს-გვყავი ჩვენ ღაღადებად შენდა ესრეთ:
გიხაროდენ, სხივმფინარო ნათელო სიყვარულისა და ყოვლის მიმტევებლობისაო;
გიხაროდენ, წმიდაო ჭურჭელო ღმრთაებრივისა საუკუნო ნეტარებისაო;
გიხაროდენ, ჩვენ ყოველთათვის უფლის წინაშე გულსმოდგინეო მლოცველო;
გიხაროდენ, საჭიროებათა ჩვენთა ღმრთისა საყდრად მსწრაფლ ამამაღლებელო;
გიხაროდენ, რამეთუ სიტყვისაებრ შენისა ძე შენი აღასრულებს ნიშთა მრავალთა და ფრიადსა სიხარულსა მოანიჭებს კაცთა;
გიხაროდენ, საცთურთა მწარე კუამლისა განმფანტველო;
გიხაროდენ, ვნებათა წყუდიადისა უვნებლობის ნათლითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, ბილწთა გრძნობათა დაურვებისა მოძღვარო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
სიყუარული არასადა არღა არს, სიმართლე განქარვებულ არს, ხოლო სიცრუე და მტრობა, მრისხანება და სიძულვილი ჩანერგილ არიან გულთა შინა კაცთასა. ძმა ძმასა ზედა აღსდგების, ეგრეთვე შვილნი მშობელთა ზედა და მშობელნიცა შვილთა თვისთა ზედა. ჰოი, მოწყალეო ღმერთო! ვინ შებილწა საკვირველი სამკალი შენი, ვინ დათესა ღვარძლი და კუროსთავი იფქლსა შორის შენსა? რისხვა შენი სამართლიანია, აწ უკუე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს, გარნა ესერა შენ შემოგივრდება დედაი შენი, გულსმოდგინე ხელის-აღმპყრობელი ყოვლისა სოფლისა. ჰოი, ფრიადო სიყვარულო და უკეთილსურნელესო გულო! განაშორე ჩვენგან რისხვა ღმრთისა, რომელი მართლიად მოიწევის ჩვენ ზედა ცოდვათათვის ჩვენთა! განაძლიერე მოყვარულნი ჩვენნი, რაითა არა დააბრკოლოს იგინი არცა დევნულებებმა, არცა ჟამმა სასტიკმა; შეაგონე მოძულეთა ჩვენთა, რომელნი ბოროტსა გვიყოფენ ჩვენ; შეუნდვე მტერთა ჩვენთა, რომელთა არა უწყიან რასა იქმან; მოულბე მრისხანე გულნი მათნი და ქრისტესმიერითა სიყვარულითა განანათლე წყუდიადი მათი, ხოლო გაბოროტება და სიძულვილი შეუცვალე სირცხვილად და სინანულად! ჰოი, ყვავილო კეთილსუნნელოვანო! ჭურჭელნი ჩვენნი ცალიერ არიან, კეთილ საქმეთა ზეთი არღა გვაქუს და სარწმუნოებისა ლამპარნიცა ჩვენნი დამქრალ არიან ქარბობალისაგან ცხოვრებისა ამის. მაშ, გულმოწყალე იქმენ ჩვენ ზედა, დედუფალო, აღგვივსე გულნი უზაკველი მხიარულების სიხარულითა, სულიერად განგვაახლე ჩვენ, რაითა მადლიერითა ბაგითა და ლმობილებითა გულისაითა განუწყვეტლივ ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.
ყოვლითურთ იყავ მდაბალთა შორის და აწცა არა განგვეშორები, ზეცასა მყოფი მაღალთა შინა, ჰოი ღმრთაებრივო მოძღუარო ჩვენო: სნეულთა განჰკურნებ, მკუდართა აღადგინებ, კეთროვანთა განსწმედ, ყოველსა აღავსებ სიყვარულითა შენითა, მშვიდო ვნებულო! აჰა ესერა გამოკიდულ ხარ ჯვარსა ზედა მიმსჭვალული შორის ავაზაკთასა, და ყოველნი კაცნი, მდგომარენი წინაშე ჯუარისა შენისა, მთავართა და მხედართა თანა გაგინებენ და შეურაცხის-გყოფენ შენ. გარნა შენ, ჰოი, მწუხარე დედაო, თავდადრეკილი დგახარ წინაშე ჯვარისა ძისა შენისა, და მახვილიცა განვალს დედობრივსა გულსა შენსა. ხოლო ჩვენ, რომელნი პატივს მოვაგებთ მწუხარებასა დედობრივისა გულისა შენისასა, სულის სიღრმითგან გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, უტკბილესო ქალწულო მარიამ, რამეთუ მწუხარება შენი სიხარულად გექმნება და სიხარულსა მას ვერავინ წაგგვრის შენ;
გიხაროდენ, უაღრესთა სატანჯველთა შემცნობო, ოდეს ხედვიდი ძესა შენსა სისხლით მდინარსა ჯვარსა ზედა, დამცრობილსა, ჯვარცმულსა და შეურაცხ-ყოფილსა;
გიხაროდენ, რამეთუ დედუფალად სამყაროისა იწოდები შენ და დაჯდები მარჯვენით საყდრისა ძისა შენისა ღმრთისა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა;
გიხაროდენ, რამეთუ მწუხარებითა გულისა შენისაითა ყოვლისა სოფლისა მწუხარებანი და ყოველთა კაცთა ცოდვანი განბანილ არიან ცრემლითა შენითა;
გიხაროდენ, მშვიდო დედაო, ძე შენი აღდგება მკვდრეთით, დამთრგუნველი საწერტელისა სიკუდილისა, და ნათელიცა აღდგომისა მისისა გამობრწყინდება საუკუნოდ;
გიხაროდენ, ღვთისმშობელო, ზეციურო ხატო სიწმიდისა და სახიერებისაო;
გიხაროდენ, უწმიდესო წყაროსთვალო, ცხოველთა წყალთა წარმომადინებელო ჩვენთვის;
გიხაროდენ, ხორციელად მშობელო მაცხოვარისაო, ქალწულო უხრწნელებისაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
ესრეთ შეიყუარა უფალმან ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველი მორწმუნე მისი არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს მას ცხოვრებაი საუკუნო. და აჰა, ესერა უმადურთა და ავი ზნის კაცთა ჯუარსა ზედა მიამსჭვალეს იგი ვითარცა ბოროტის-მოქმედი. ხოლო ჩვენ, მხედველნი ამისა, შეძრწუნებულ ვართ და ვღაღადებთ: ღმერთო, მოწყალე გვექმენ ჩვენ, ცოდვილთა ამათ! რამეთუ შეცოდებათათვის ჩვენთა დაითმენ შენ საშინელთა სატანჯველთა. ჰოი, მგლოვიარე დედაო! პირს ნუ იბრუნებ ჩვენგან, დაამსხვრიე ჩვენი ცოდვისმიერი ბორკილები, განწმიდე გულნი ჩვენნი მზაკვრულ ვნებათა და გულისთქმათაგან, რაითა სულიერითა მგზნებარებითა ამით აღვენთოთ ვითარცა სანთელი სინანულისა წინაშე ღვთაებრივისა ჯვარისა ძისა შენისა და განუწყვეტელად ვევედრებოდეთ მას კეთილგონიერისა ავაზაკისა თანა: მომიხსენე ჩვენ, უფალო, სასუფეველსა შენსა! ლოცვითა შენითა, ღვთისმშობელო, განმართე ფერხნი ჩვენნი აღსრულებისათვის მცნებათა უფლისათა. განგვბანე ჩვენ ცოდვათაგან, გვყავ უმჯობესად, აღგვმართე სხივმფინარისა დაუვალისა ნათლისა მიმართ, რაითა ვუღაღადებდეთ ღმერთსა: ალილუია.
აღსრულდა! მამაო, ხელთა შენთა მივცემ სულსა ჩემსა! ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო! გესმის განა, თუ ვითარ შეირყევა ქვეყანა დიდისა მწუხარებისაგან, გული მისი ირღვევა, საფლავნი განეხვნებიან, მკუდარნი აღდგებიან და კრეტსაბმელიცა ტაძრისა შუვაზე განიპობა? ხედავ განა,თუ ვითარი წყუდიადი მოიცავს ქვეყანასა, და კაცნიცა შიშითა და ძრწოლვითა იცემენ გულთა ზედა მჯიღთა და იტყვიან: ჭეშმარიტად ძე ღმრთისა იყო კაცი ესე! ხოლო ჩვენ, განკვირვებულნი ესევითარისა სასწაულისათვის და ჭეშმარიტად აღმსაარებელნი ძისა შენისა ძედ ღმრთისა, სარწმუნოებით გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, რამეთუ აჰა, ესერა, ყოველნი სიტყვანი, რომელთა დაიმარხვიდი გულთა შინა შენთა, აღსრულდებიან;
გიხაროდენ, მიმადლებულო ქალწულო, მიუაჩრდილებელო ცისკარო, დღეო დაუღამებელო, ნათელო ოქრომბრწყინავო;
გიხაროდენ, ცისკარო დაუვალისა ნათლისაო, მარადის დაუღამებელო;
გიხაროდენ, წმიდათა წმიდაო დიდისა საიდუმლოისაო;
გიხაროდენ, უწმიდესო წყაროო ჩვენისა უკვდავებისაო;
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა სახიერებისა საკვირველად მომნიჭებელო;
გიხაროდენ, საუკუნოთა საღმრთოთა სიკეთეთა კეთილო მოლოდებაო;
გიხაროდენ, სიხარულო და მშვიდობისმყოფელობაო ამა სოფლისაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
დაე, დაიდუმოს ყოველმა კაცობრივმა ხორცმა და დადგეს შიშითა და ძრწოლითა, რაითა ნურარასა ქვეყნიურსა ზრახვიდეს გულსა შინა თვისსა. რამეთუ აჰა ესერა დიადი მსხვერპლი შეიწირვის, აჰა მაცხოვარი სოფლისა სპეტაკითა სუდარითა შეიგრაგნების და ახალსა საფლავად შთაიდების კეთილსახიერისა იოსებ არიმათიელის მიერ. ხოლო სულითა თვისითა ჯოჯოხეთად შთახდების შემუსრვად ბორკილთა საუკუნეთა და დახსნად საუკუნითგან კრულთა; ხოლო საფლავით თვისით შეაგონებს დედასა თვისსა: „ნუ სტირ ჩემთვის, დედაო, მხედველი საფლავად ძისა შენისა, რომელი თვინიერ თესლისა ჩამსახე; რამეთუ აღვსდგები მკუდრეთით და განვიდიდნები, და აღვმაღლდები დაუდუმებელითა დიდებითა ვითარცა ღმერთი და განგადიდებ შენ სარწმუნოებითა და სიყვარულითა!“ მაშ, ჩვენცა განზე გადავდოთ ყოველივე ქვეყნიური და ამაო, უზაკველითა გულითა მივეახლოთ საყდარსა მეუფისა დიდებისასა და განუწყვეტლივ შევღაღადოთ მას: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, უფალო საბაოთ! ჰოი, დედაო ჩვენისა მაცხოვარებისაო! ჩვენცა გვქმენ თანამოზიარედ ნათლისა აღდგომისა ძისა შენისა და საუკუნოისა ნეტარებისა, რაითა სიხარულითა ვუღაღადებდეთ ღმერთსა: ალილუია.
ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად, მოვიდეს დედანი საფლავად, და მოაქუნდა ნელსაცხებელნი, და აჰა, ესერა მისრულნი ხედვენ: ლოდი იგი გარდაგორვებულ არს საფლავით და არღა არს მუნ გუამი უფლისა იესუისი. ხოლო ანგელოსმან ნათელმბრწყინვალემან ჰრქუა მათ: ჰოი, დედანო! ნუ გეშინინ და ნუცა ეძიებთ ცხოველსა მკუდართა თანა: რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა გრქუა თქვენ! ხოლო შენ, ჰოი, დედუფალო, ყოველთა ასწავე ღაღადებად ესრეთ:
გიხაროდენ, მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, და კვლავადცა ვიტყვით: გიხაროდენ, რამეთუ ძე შენი აღსდგა საფლავით მესამესა დღესა;
გიხაროდენ, რამეთუ სრულიად ქვეყანა განსცხრების და ყოველნი ანგელოსნი გალობენ ცათა შინა: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და ჩვენ, ყოველთათვის, საფლავების შინათა მყოფთა, ცხოვრების მომნიჭებელი!
გიხაროდენ, მომმადლებელო ჩვენდა საუკუნოისა ცხოვრებისაო, მარადის დაუსრულებელისაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენითა სიყვარულითა და შენითა ლოცვითა განვერნეთ ჩვენ წყუდიადსა საუკუნესა;
გიხაროდენ, რამეთუ შენით გამოგვიბრწყინდა ნათელი დღესასწაულთა დღესასწაულისა;
გიხაროდენ, რამეთუ შენით გაგვითენდა ჩვენ დღე ნათელი, რომელსა შინა მივიქუამთ ურთიერთას, შევუნდობთ ყოველსა ცოდვათა, განვიხარებთ და ვმხიარულებთ სიხარულითა საუკუნოითა;
გიხაროდენ, ცხოვნებისა ჩვენისა უუტყუარესო სასოებაო და შესავედრებელო;
გიხაროდენ, ქრისტე ღმერთისა წინაშე მოუკლებელად მლოცველო ჩვენთვის;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
ჰოი, იერუსალეიმ, იერუსალეიმ, რომელმან მოსწყვიდნე წინაისწარ-მეტყველნი შენნი! ესე მძიმე ბოროტმოქმედება შენი შეგენდო უფლისაგან, და დაუვალი მზე სიმართლისა აღმოუბრწყინდა ქვეყანასა. მაშ, ჩვენნიცა სულნი განსწმიდე, მშვიდო ქალწულო! განსწმიდე გრძნობანი ჩვენნი, რაითა ვიხილოთ ქრისტე, გამომავალი საფლავით; შეგვმოსე ჩვენ სამოსელითა ქორწილისაითა, და სიხარულით შევიდეთ შემკულსა პალატსა ქრისტესსა, მგალობელნი მისა მიმართ, მკუდრეთით აღდგომილისა: ალილუია.
ოდეს მოახლოვდა ჟამი წარსლვისა შენისა ღმრთისა თანა, ჰოი, წმიდაო ქალწულო, დედაო ღმრთისაო, კულავადცა ანგელოსი უფლისაი გაბრიელი, ნათლად მბრწყინავი, წარმოსდგა წინაშე შენსა, მოგართუა ნათელი შროშანი სამოთხისაი, მარადის დაუჭკნობელი, და ესრეთ მორჩილებითა და სიხარულით შეიწყნარე შენ ნება უფლისა და მშვიდად განხვედ ღმრთაებრივისა მიმართ ძისა შენისა. ჰოი, დაუცხრომელო მლოცველო ჩვენთვის! ჰოი, დაუჭკნობელო ყვავილო ნათლისა სამოთხისა ზეცისაო! მოგვმადლე ჩვენცა, მოწყალეო, მშვიდი და არასალმობიერი განსლვა ამა ღელისაგან გლოვისა, სულთ-თქმისა და მწუხარებისა, რაითა მარადის გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ზეცად აღყვანილო ძისა მიერ შენისა, დედუფალო ზეცათაო;
გიხაროდენ, მსწრაფლშემწეო და სარწმუნოო ხელისაღმპყრობელო ჩვენო წინაშე მისსა;
გიხაროდენ, ყოვლადსაგალობელო ქალწულო, რამეთუ სახელი შენი დაუჭკნობელად მშვენობს და ნეტარ-იყოფვის ნათესავითი-ნათესავადმდე;
გიხაროდენ, ცხოვრების ქარბობალათა შორის ჩვენო სარწმუნოო და მშვიდო ნავთ-საყუდელო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, საღმრთოსა მიძინებასა შენსა ჩვენო არადამტევებელო;
გიხაროდენ, მფარველობითა შენითა ამაოებთაგან მრავალმშფოთვარისა სოფლისა ამის მარადის ჩვენო დამხსნელო;
გიხაროდენ, ყოველთა გაბოროტებულთა სულთა ლმობიერ-მყოფელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სინანულისათვის და გულისხმის-ყოფისათვის ნიადაგ ჩვენო აღმძვრელო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
ჰოი, საშინელო უკანასკნელო ჟამო ქვეყნიერისა ცხოვრებისა ჩვენისაო! გულიცა და ყოველნი ნაწლევნი ჩვენნი ძრწიან, რაჟამს ოდენ ვზრახავთ ამისთვის! ვითარ დავტოვოთ ობლად ახლობელნი და საყვარელნი ჩვენნი? ვითარ წარვიდეთ ესრეთ განუბანელნი ახალ ცხოვრებად ამა შუვა წყუდიადსა შორის და ჩრდილსა სიკუდილისასა? ვითარ წარვსდგეთ წინაშე საშინელისა სამსჯავროისა შემოქმედისა ღმრთისა? ჰოი, ჩვენო ნუგეშინის-მცემელო დედაო! ჰოი, ჩვენო კეთილო შემწეო! შეგვეწიე ჩვენ, ოდეს დადგება ჟამი ესე, ხელი შენი მოყვარული დედობრივითა სიყუარულითა დაგვადევ თავსა ზედა ჩვენსა, რაითა მიყუჩნდნენ სასტიკნი სალმობანი ჩვენნი და სულიცა ჩვენი მეორედ იშვას; დაამშვიდე მწუხარება ჩვენი განშორებისა გამო სოფლისაგან ამის, რაითა ნათელი საუკუნოისა სიმართლისა გამობრწყინდეს წინაშე თვალთა ჩვენთა. ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო! შენზე ვამყარებთ სასოებასა ჩვენსა, შენდა ვილოცავთ და ვუღაღადებთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
ჰოი, სულო ჩემო, სულო ვნებულო! აღსდეგ, რაისა გძინავს? დასასრული ახლოს არს! ნუთუ ოდენ ცოდვებითა განმდიდრდები? ნუთუ არა გულსმოდგინებ და არ განიმზადებ თავსა? უფალი ახლოს არს, კართა თანა. რასა ზედა დაამყარებ სასოებასა შენსა? რომელსა სიტყუასა მიუგებ უფალსა, ოდეს მოვალს იგი, მრისხანე მსაჯული, განსჯად ცხოველთა და მკუდართა ქვეყანასა ზედა? არცა ჟამი, არცა დღე იგი არა უწყი შენ; კიდით-კიდედმდე ქუეყანისა ხმიანებს საყვირი მთავარანგელოსისა და მკუდარნი საფლავით აღსდგებიან, და შემოკრბებიან ყოველნი ენანი: და აჰა მოვალს ძე კაცისაი ღრუბელთა ზედა ძალითა თვისითა, ყოველსა დიდებასა შინა თვისსა. სადღა არიან კეთილნი საქმენი ჩვენნი? სადღა არს გულმოწყალება? სადღაა სიყუარული? ხოლო შეცოდებათა ჩვენთა აღურაცხელსა სიმრავლესა დაუფარავს ზეცა. ჰოი, ყოვლადმოწყალეო ღვთისმშობელო! დღესა ამას საშინელსა წარმოგვიდექ ჩვენ და გვეყავ მეოხმყოფელ წინაშე ძისა შენისა! შენ მხოლოსა ზედა დავამყარებთ სასოებასა ჩვენსა, ნუ დაგვიტევებ ჩვენ, ცოდვილთა ამათ! გვეყავ ჩვენ დამცველ და განმაძლიერებელ! აჰა, ტფილითა სარწმუნოებითა და შეუეჭვებელითა სასოებითა მოვეახლებით ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და ცრემლთა ღვრით გხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, ელვაო, წყუდიადისა ჩვენისა განმანათებელო;
გიხაროდენ, საშინელსა სამსჯავროსა ზედა ჩვენო ხელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, ომოფორითა შენითა უბედურებათა და მწუხარებათაგან ყოვლისა სოფლისა დამცველო;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველი ქვეყანა შვილი გეექმნა შენ – ერთსა მხოლოსა ჭეშმარიტსა დედასა თვისსა;
გიხაროდენ, რამეთუ შენდა, ერთისა, მონიჭებულ არს გამოუთქუმელი მადლი და ძალი ლოცვისა ჩვენთვის;
გიხაროდენ, ყოველთა ერთგულთა შვილთათვის შენთა საუკუნოისა სიხარულისა განმამზადებელო;
გიხაროდენ, დაუჭკნობელითა ყვავილითა შენითა ჩვენ, ცოდვილთათვის, საუკუნოდ კეთილმფშვინავო;
გიხაროდენ, ყოველთა მართალთა მორწმუნეთა დიდებაო და ნუგეშინის-ცემაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
ჰოი, დაუჭკნობელო ყვავილო! ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო მარიამ, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყუისაო! შეიწყნარე აწინდელი ესე ძღვენი ჩვენი, წრფელითა გულითა შემოწირული შენდა და გვიხსენ ჩვენ ყოველნი ყოვლისა განსაცდელისაგან. დედობრივითა სიყვარულითა განგვატფე ჩვენ და განგვამხიარულე საუკუნოითა სიხარულითა. გვიხსენი ჩვენ საუკუნოისა სატანჯველისაგან განუწყვეტელითა ლოცვითა შენითა ძისა მიმართ შენისა, და ღირს-გვყავი ჩვენ, ჰოი, დედუფალო ცათა სასუფეველისაო, რომელნი შენ მიერ ვუღაღადებთ ყოვლადძლიერსა ღმერთსა: ალილუია.
(ეს კონდაკი იკითხება სამგზის)
ვითარცა კურთხევა ღმრთისაი და ვითარცა დიდხნობით სანატრელი საბოძვარი ცათაი, განუწყვეტელითა ლოცვითა გამოთხოვილი ღმრთისაგან, მოემადლე შენ, ღვთისმშობელო, მართალთა და მრავალსახარულევანთა მშობელთა შენთა იოაკიმესა და ანნასა. გარნა შენ, ჰოი ღმრთივრჩეულო ყრმაო ასულო, დაუტევე მშობელთა წიაღი და ვითარცა დაუქრობელი ლამპარი სარწმუნოებისაი, ვითარცა კანდელი კეთილსურნელოვანი, თავმდაბლად და მორჩილებით წარსდექ წინაშე ზღუდისა უფლისასა, და ძალმან უზენაესისამან აღგიყვანა შენ თვით შესავალადმდე ტაძრისა, შეგიყვანა წმიდათა წმიდათასა და განგიხვნა ყოველნი საუნჯენი ცათანი. ჰოი, ყოვლად მოწყალეო ღვთისმშობელო ქალწულო! ჩვენნიცა გულნი განაღე დიდების-მეტყველებისათვის შენისა და ლოცვანი ჩვენნი აღამაღლე ძისა მიმართ შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, სიწმიდეო მიუწვდომელო და შვენიერებაო გამოუთქუმელო;
გიხაროდენ, სიმდაბლესა შინა შენსა განდიდებულო;
გიხაროდენ, სიყვარულისა დაულევნელო წყაროო;
გიხაროდენ, თვით ღმრთისა მიერ აღრჩეულო წმიდაო ჭურჭელო;
გიხაროდენ, მარადის გულსმოდგინეო ხელის-აღმპყრობელო ჩვენო;
გიხაროდენ, მშობელო მაცხოვარისა სოფლისაო;
გიხაროდენ, უტყუარო სასოებაო ყოველთა მორწმუნეთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ყოველთა მწუხარეთაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო;
ჰოი, ყოვლადკურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, სიხარულო ჩვენო და შესავედრებელო ყოველთა ქრისტეანეთაო! ჩვენ, თაყვანისმცემელნი ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა, გიგალობთ შენ გალობასა ქებულებისასა, და შენდა შემოვსწირავთ შეჭირვებათა, უბედურებათა და ცრემლთა ჩვენთა. ხოლო შენ, ჰოი, მშვიდო ხელისაღმპყრობელო ჩვენო, რომლისათვისცა მახლობელ არს ქვეყნიურნი მწუხარებანი და ურვანი ჩვენნი, შეიწყნარე ლოცვითი - სულთ-თქმანი ჩვენნი, შეგვეწიე და გვიხსენი ჩვენ განსაცდელთაგან, რამეთუ მყოვარჟამ დაუღალავად და გულაჩვილებით გხადით შენ: გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, ყვავილო დაუჭკნობელო.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისა წინაშე მისი „დაუჭკნობელ ყვავილად“ წოდებული ხატისა ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადუბიწოო დედაო ქალწულო, სასოებაო ქრისტეანეთაო და შესავედრებელო ცოდვილთაო! დაიცევ და დაიფარე ყოველნი, რომელნი უბედურებათა შორის მყოფნი შემოგივრდებიან შენ; შეისმინე სულთ-თქმანი ჩვენნი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩვენსა! დედუფალო და დედაო ღმრთისა ჩვენისაო, ნუ უგულვებელგვყოფ ჩვენ, რომელთა გვიხმს შეწევნაი შენი და ნუ უარგვყოფ ჩვენ, ცოდვილთა ამათ; შეგვაგონე და დაგვმოძღვრე ჩვენ; ნუ უკუნ-იქცევი ჩვენგან, მონათა შენთა, დრტვინვისათვის ჩვენისა. გვექმენ ჩვენ დედად და მფარველად, რამეთუ მოწყალესა საფარველსა შენსა შემოვავედრებთ თავსა ჩვენსა. მიგვიყვანე ჩვენ, ცოდვილნი ესე, მშვიდ და უშფოთველი ცხოვრებად, რაითა დავიტიროთ ცოდვანი ჩვენნი. ჰოი, დედაო მარიამ, ჩვენო ყოვლადსახიერო და მსწრაფლშემწეო ხელისაღმპყრობელო, დაგვიფარე ჩვენ მეოხმყოფელობითა შენითა, დაგვიცევ მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, ლმობიერ-ჰყავ გულნი კაცთა ბოროტთა, აღდგომილთა ჩვენ ზედა. ჰოი, დედაო უფლისა შემოქმედისა ჩვენისაო! შენ ხარ ძირი ქალწულებისა და დაუჭკნობელი ყვავილი სისპეტაკისა და კეთილკრძალულებისა; მოგვივლინე შეწევნა შენი ჩვენ, უძლურთა და მოცვულთა ხორციელითა ვნებებითა და შეჭირვებულთა გზააბნეულთა გულთაგან ჩვენთა. განანათლე სულიერნი - თვალნი ჩვენნი, რაითა ვხედვიდეთ სიმართლესა ღმრთისასა. კვალად გევედრებით, ღვთისმშობელო, დაიფარე და მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა უწმიდესსა და უნეტარესსა საჭეთმპყრობელსა ჩვენისა ეკლესიისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მამასა ჩვენსა ილიას, თანამოსაყდრესა მისსა მიტროპოლიტსა სენაკისა და ჩხოროწყუისასა შიოს, წმიდათა მსოფლიოს მართლმადიდებელთა პატრიარქთა, ყოველთა ყოვლადსამღვდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა და ყოველთა სამღვდელოთა და სამონაზონო წესთა, ზიართა მართლმადიდებელისა ეკლესიისათა და ყოველთა მართლმორწმუნეთა ქრისტეანეთა; ეგრეთვე ევედრე უფალსა ღმერთსა წილხვედრისა შენისა ღმრთივდაცულისა ქრისტეანე ერისა ჩვენისათვის და მამულისა ჩვენისა ივერიისა, რაითა სიმშვიდითა და უშფოთველებითა დაიცვას იგი და მოჰმადლოს რწმენა, სასოება და სიყვარული, გამთლიანება და გაძლიერება, სინანული და მტკიცედ დგომა ჭეშმარიტსა მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა ზედა ჟამსა ამას წინარე ანტიქრისტეისასა, ოდეს მოიწევნიან ჩვენ ზედა და კვალად მოწევნად მოსალოდებელ არიან განსაცდელნი დიდ-დიდნი, ჭირნი და უბედურებანი სასტიკნი, რომელთა მსგავსი არაოდეს ყოფილ არს დასაბამითგან სოფლისა. ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ჰოი, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო, ყოვლადსახიერო დედაო ღმრთისაო! მადლითა ძისა შენისაითა განამტკიცე უძლური ნებელობა ჩვენი აღსასრულებლად მცნებათა უფლისათა, რაითა განვერნეთ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან და განვმართლდეთ შენითა ყოვლად-საკვირველითა მეოხმყოფელობითა საშინელსა სამსჯავროსა ზედა ძისა შენისა, რომელსა მივუძღვანებთ ჩვენ დიდებასა, პატივსა და თაყვანისცემასა თანამამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისა წინაშე მისი „დაუჭკნობელ ყვავილად“ წოდებული ხატისა ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო ღმრთისაო, მფარველო და ხელისაღმპყრობელო სოფლისაო! შიშითა, სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვეახლებით პატიოსანსა ხატსა შენსა, წოდებულსა ყვავილად დაუჭკნობელად და გულსმოდგინედ გევედრებით წინაშე მისსა: ნუ იბრუნებ პირსა შენსა შემოვრდომილთაგან შენდა, ევედრე, მოწყალეო დედაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, უტკბილესსა უფალსა იესუ ქრისტესა, რაითა მშვიდობით დაიცვას ქვეყანა ჩვენი, განამტკიცოს სახელმწიფო ჩვენი კეთილდღეობასა შინა და აგვარიდოს შიდა დაპირისპირება; განაძლიეროს მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი და შეურყევლად დაიცვას იგი ურწმუნოებისაგან, განხეთქილებისა და მწვალებლობისაგან. რამეთუ არა გვივის ჩვენ სხვა შემწე თვინიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რათგან შენ ხარ ყოვლადძლიერი ხელისაღმპყრობელი ყოველთა ქრისტეანეთა, რომელი ლმობიერ-ჰყოფ სამართლიანსა რისხვასა ღმრთისასა ჩვენ ზედა. გევედრებით, იხსენი ყოველნი შენდა მლოცველნი ცოდვით დაცემათაგან, ბოროტთა კაცთა ცილშეწამებათაგან, სიყმილისაგან და მწუხარებათაგან. მოგვმადლე ჩვენ სული შემუსრვილებისა, სიმდაბლე გულისა, უზაკველობა ზრახვათა, გამოსწორება შეცოდებათა ჩვენთა, რაითა ყოველნი, მადლობით მაქებელნი დიდებულებისა შენისა, ღირს-ვიქმნათ ცათა სასუფეველისა, და მუნ ყოველთა წმიდათა თანა მარადის ვადიდებდეთ ყოვლადპატიოსანსა და ყოვლად-დიდებულსა სახელსა ღმრთისა სამებით ერთისა – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, კუერთხო საიდუმლოებითო, ყუავილო დაუჭკნობელო, მარადის გაყვავებულო, გიხაროდენ დედუფალო, რომლისა მიერ ყოვლითა საღმრთოითა სიხარულითა აღვივსებით ჩვენ და ცხოვრებასა საუკუნესა დავიმკვიდრებთ.
გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივ აღრჩეულო სიყრმით შენითგან, და პატივს-ვცემთ წმიდასა ხატსა შენსა – დაუჭკნობელ ყვავილად წოდებულსა, ვინაით საკვირველთა კურნებათა და სასწაულთა წარმოგვიდინებ და სულთაცა ჩვენთა აღამაღლებს ღმრთისა მიმართ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ჰოი, უფალო მრავალმოწყალეო, არა მოლტოლვილ ვარ სხვისა მიმართ მკურნალისა და არცა განმიმარტებიან ხელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ უცხოსა, არამედ შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქუს ხელმწიფება ყოველთა სულთა და არა განაგდებ ვედრებასა შენდამი მოლტოლვილთასა. შენ სთქუ, უფალო, ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ნუ განმიშორებ ვედრებასა ჩემსა, სახიერო, შემიწყალე მე, უფალო, ისმინე სახიერებისა შენისათვის. ზეგარდამომივლინე მადლი შენი მხევალსა ამას შენსა და დამიფარე ამპარტავნებისა და ცუდმეტყუელებისაგან; დაე გონიერება, თავმდაბლობა, მოკრძალება და უბიწოება მამშუენებდეს მე, რათა წმიდითა გულითა და მეცნიერებით აღვასრულებდე წმიდათა მცნებათა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შეჰქმენ მა-მაკაცი და დედაკაცი და მიანიჭე ბეჭედი მეუღლეობისა, ოდეს სთქუ: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო. უქმნეთ მას შემწე მისებრი“ და მოიღე-რა ერთი გუერდი ადამისი, აღაშენე ცოლად მისა და მიიყუანე მისდა. და ვითარცა დალოცე და აკურთხე ისინი, და დაუდგინე განმრავლება და იყუნენ ორნივე ერთ-ხორც, ეგრეთვე შეისმინე ღაღადება ჩემი, ქალწულებრივი გულიდან აღმოქუმული შენდა მომართ: ჰოი, მეუფეო ყოვლადწმიდაო, მომეც მე მეუღლე პატიოსანი და ღმრთის-მოსავი, რათა არა ვნებითა და მანკიერებითა, არამედ კრძალულებითა და მორჩილებით გავსწიო უღელი ტვირთმძიმე მეუღლეობისა. უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი საკრველითა სიყუარულისათა შეჰკრავ განუხსნელად, ერთობა ჩუენი განუშორებელად დაამტკიცე და მოგუმადლე კეთილშვილიერებითი სიცოცხლე, რათა სიყუარულითა და თანხმობით ვმადლობდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
„უჭკნობი ყვავილის“ წინაშე, უპირველეს ყოვლისა, ლოცულობენ, რომ თავი შეინახონ უბიწოებასა და ალალმართლობაში. ასევე ლოცვით მიმართავენ მომავალი მეუღლის არჩვანის შთაგონებისათვის და ოჯახური ცხოვრების სიმწარის დროს. ლოცვა „უჭკნობი ყვავილი“ ხატის წინაშე, ეხმარება ხალხს „მწუხარების შემოტევისას“, ახლობელი ადამიანის დაკარგვისა და მარტოობის ჟამს. ყველა ამ შემთხვევაში, ღვთისმშობელი გვეხმარება, რომ მოვიკრიბოთ სულიერი ძალები, განსაცდელების გადასალახავად, ცხოვრების გასაგრძლებლად და ქრისტიანული მოვალეობის შესასრულებლად. ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელს, მარჯვენა ხელში უპყრია ღვთაებრივი ყრმა, ხოლო მარცხენათი უჭირავს ყვავილი „თეთრი შროშანი“. ეს ყვავილი სიმბოლურად მოასწავებს, ქალწულობის უჭკნობ ელფერს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უმანკოებას, რომელსაც ასე მიმართავს წმიდა ეკლესია: „შენ ხარ, ქალწულობის ფესვი და სიწმინდის უჭკნობი ყვავილი. ამ სახის ხატებმა სახელი გაითქვეს მოსკოვში, ვორონეჟსა და რუსეთის სხვა ტაძრებში. მისი რუსეთში გამოჩენის დრო უცნობია. სახელწოდება „უჭკნობი ყვავილი“ (სურნელოვანი ყვავილი) დაკავშირებულია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობლებთან. ზოგიერთ ნიმუშში, შროშანის მაგივრად გამოსახავენ ვარდს ან სხვა ყვავილს. ვარდი, როგორც ყვავილების დედოფალი და სიყვარულის უნივერსალური სიმბოლო, აგრეთვე ითვლება ღვთისმშობლის ყვავილად.
უძველესი დროიდან, ლოცვებში სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უჭკნობ, კეთისურნელოვან ყვავილს ადარებდნენ. ასევე, ღვთისმშობლის სახელწოდებას „უჭკნობი ყვავილი“ (სურნელოვანი ყვავილი) უკავშირებენ საგალობელს, ხოლო ხატის წარმომავლობა დაკავშირებულია ათონთან. წმინდა მთის ფერდობებზე იზრდება უკვდავა ყვავილები, რაც სიწმინდის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ხატის გამოჩენას უკავშირებენ XVI - XVII საუკუნეებს. რუსეთში ხატი ხვდება მომლოცველთა მიერ, XVII – XVIII საუკუნეებში.
ღვთისმშობლის ხატის „უჭკნობი ყვავილი“, ერთ-ერთი პირველი, სათაყვანებელი ნიმუში გამოჩნდა მოსკოვის წმინდა ალექსის მონასტერში, რომელიც იდგა მაცხოვრის ამაღლების ტაძრის ადგილას, XVIII საუკუნის დასაწყისში. თვით ეს ნიმუში არ არის შემონახული, მაგრამ ცნობილია მისი მრავლობითი ასლები. შესაძლებელია, ამ პერიოდში, ან გაცილებით ადრე ასეთივე ხატები გამოჩნდა ცენტრალური და სამხრეთ რუსეთის სხვა ტაძრებშიც. მათი უმრავლესობა ჩამობრძანებული იქნა ათონიდან.
ასევე შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმშობლის ხატი „უჭკნობი ყვავილი“, წარმოადგენს ტრადიციული ბერძნული ხატწერის მომდევნო განვითარებას, ტრადიციული ბიზანტიური ხატწერის კანონიკასთან შედარებით. ამიტომ, რუსულ მართლმადიდებელ ტაძრებში, რუსი ხატმწერები ასეთ ნიმუშებს, შედარებით იშვიათად მიმართავდნენ, უკიდურესი კონსერვატიზმისა და დოგმატიზმიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც მიმართავდნენ. ამიტომ მხატვრული თვალსაზრისით, ეს ხატი გამოირჩეოდა ღვთისმშობლის სხვა ხატებისაგან, თავისი მშვენიერებით.
მოწმობები წმიდა ხატების შესახებ და თავად წმიდა გამოსახულეები V და VI საუკუნეებიდანაა მოღწეული ჩვენამდე, და თვით ხატების თაყვანისცემის მტრები აღიარებენ, რომ ხატების გამოყენება გავრცელებული იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებს შორის. 691 წელს, იმპერატორ იუსტინიანე მეორის ზეობისას, კონსტანტინოპოლში მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება, წოდებული ტრულის კრებად (რადგან მისი სხდომები ტრულის სასახლეში მიმდინარეობდა). ამ კრების განჩინებებს 213 მამა აწერდა ხელს. ტრულის კრება აღიარებულია მეექვსე მსოფლიო კრების გაგრძელებად, რომელიც შედგა 680 წელს მონოთელიტების მწვალებლობის წინააღმდეგ; მონოთელიტები იესო ქრისტეში აღიარებდნენ არა ორ ნებას – ადამიანურსა და ღვთაებრივს, არამედ – ერთს. ამ კრებაზე შედგენილ იქნა შემდეგი განსაზღვრება იესო ქრისტეს გამოსახულებასთან დაკავშირებით: „ზოგიერთ პატიოსან ხატზე გამოსახულია წინამორბედი (იოანე ნათლისმცემელი), რომელიც მიუთითებს კრავზე... მივიჩნევთ რა ეკლესიისათვის გადმოცემულ უძველეს სახეებსა და აჩრდილებს ნიშებად და წინათგამოსახვად ჭეშმარიტებისა, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მადლსა და ჭეშმარიტებას, მივიღებთ რა აღნიშნულს როგორც სჯულის აღსრულებას. ამიტომ, იმისთვის, რომ ხატთწერის ხელოვნებით ყველას თვალს წარედგინოს სრულ-ყოფილება, ვბრძანებთ ამიერიდან სახე კრავისა, რომელმან აღიხუა ცოდვანი სოფლისა, ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, ხატებზე გამოისახოს ადამიანური ბუნებით, ნაცვლად ძველი აღთქმის კრავისა, რათა ამით, ვჭვრეტთ რა სიტყუა-ღმერთს, მოვიხსენოთ მისი ცხოვრება ხორცში, მისი ვნებანი და მაცხოვნებელი სიკვდილი და ამ სახით აღსრულებული გამოსყიდვა კაცობრიობისა“(კანონი).
მერვე საუკუნეში იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა სასტიკი დევნა წამოიწყო წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ, რომელიც მისი შვილისა და შვილიშვილის ზეობის დროსაც გაგრძელდა, და 787 წელს ამ ხატთმბრძოლი მწვალებლობის წინააღმდეგ ბიზანტიის დედოფალმა ირინემ ქალაქ ნიკეაში მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 367 მამა. კრებამ საფუძვლიანად განიხილა წმიდა ხატების თაყვანისცემის საკითხი და გამოიტანა შემდეგი დადგინება: „ვადგავართ რა ჩვენი წმიდა მამების კეთილნებელობითს სწავლებას და კათოლიკე ეკლესიის გადმოცემას (რამეთუ ვუწყით, ვითარმედ ესე არს სულიწმიდისაგან, დამკვიდრებულისა მასში), სრული სარწმუნოობითა და გულმოდგინე განხილვით განვაჩინებთ: მსგავსად პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარისა, ღმერთის წმიდა ეკლესიებში დადგინებულ იქნას, წმიდა სადგმელებსა და შესამოსელებში (კიოტებში, სახატეებში), კედლებსა და ძელებზე, სახლებსა და გზებზე პატიოსანი და წმიდა ხატები, დაწერილნი საღებავებით და ქმნილნი დანაწევრებული ქვებით (მოზაიკით) და სხვა, ამისთვის ვარგისი ნივთიერებებით, როგორიცაა ხატები უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და წმიდა უბიწო დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, ეგრეთვე პატიოსანი ანგელოზებისა და ყოველთა წმიდათა ღირსთა მამათა.
რამეთუ უკუეთუ ხშირად იქნებიან ხილულნი ხატებზე, მათი მჭვრეტელნიც აღიძვრებიან მოხსენებად და სიყვარულად მათი პირველსახეებისა და პატივის მიგებად მათთვის ამბორის-ყოფითა და თაყვანისცემით, არა ჭეშმარიტი ღვთის-თაყვანებით ჩვენი რწმენისაებრ, რომელი შეჰგავს ოდენ ღმრთაებრივ ბუნებას, არამედ თაყვანის-ცემით იმ სახედ, რომელიც მიეგება პატიოსან და ცხოველმყოფელ ჯვარს და წმიდა სახარებას და სხვა სიწმიდეებს გუნდრუკის კმევითა და სანთლების დანთებით, როგორი კეთილპატიოსანი ჩვეულებაც ძველი დროის ქრისტიანებსაც ჰქონდათ.
რამეთუ ხატისადმი მიგებული პატივი, გადადის პირველსახეზე, და ხატის თაყვანისმცემელიც ეთაყვანება მასზე გამოსახულ არსებას (პირს). რამეთუ ესრეთ დამტკიცდება ჩვენი წმიდა მამების სწავლება, ესე იგი არს კათოლიკე ეკლესიის გადმოცემა, რომლებმაც ქვეყნის კიდით კიდემდე განავრცეს სახარება“. ამასთან კრებამ განაჩინა, რომ ხატების უარმყოფელი ეპისკოპოსები და სამღვდელონი დამხობილ (განყენებულ) იქნან, ხოლო ერისკაცნი განიკვეთონ ეკლესიიდან (მსოფლიო კრებების საქმეები, VII, 594). თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ კრებიდან 25 წლის გასვლის შემდეგ, ბიზანტიის სამეფო ტახტზე აღზევებულმა ლეონ სომეხმა კვლავ დაიწყო წმიდა ხატების დევნა, რაც მისი ორი მემკვიდრის ზეობისასაც გაგრძელდა, მაგრამ წმიდა დედოფალ თეოდორას დროს, 843 წელს საბოლოოდ მოეცა მართლმადიდებლობას გამარჯვება. იმ დროიდან მოყოლებული, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესიის მიერ, V საუკუნეში მსოფლიო ეკლესიისაგან განვარდნილი სომხებისა და სხვა განდგომილების მიერ თაყვანის-იცემოდა წმიდა ხატები, ვიდრე XVI საუკუნეში ლუთერი და მისი მიმდევრები არ აღდგნენ წმიდა ხატების წინააღმდეგ.
ახლა კი ვკითხოთ წმიდა ხატების მტრებს: თუკი სრულიად მსოფლიო ეკლესია შვიდი საუკუნის განმავლობაში, მათი აზრით, ცთომილებით ჰგიებდა და ჩავარდნილი იყო კერპთმსახურების მძიმე ცოდვაში, რითაც მოაკლდა კიდეც სულიწმიდას, მაშინ როგორ შევუთანახმიეროთ ეს უფლის სიტყვებს: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18) ?! ასევე მის სხვა სიტყვებს: „აჰა ესერა მე თქვენ თანა ვარ ვიდრე დასასრულამდე სოფლისა“ (მათე 28,20) ?! და კიდევ მის ამ სიტყვებს: „უკუეთუ არცა ეკლესიისა ისმინოს (შენმა შემცოდე ძმამ), იყავნ იგი შენთვის ვითარცა წარმართი და მეზვერე“ (მათე 18,17)?! ანდა როგორ შეეთანახმიერება ეს წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომლის ბაგეებითაც სულიწმიდა - სული ჭეშმარიტებისა გვიღაღადებს, რომ ეკლესია არის სვეტი და დამტკიცება ჭეშმარიტებისა (I ტიმ. 3,15)?! ქრისტე, მოციქულის - სიტყვით, არის თავი ეკლესიისა, მისი სიძე, განუყოფლად და სამარადისოდ შეერთებული მასთან. განა შესაძლებელია, რომ ასეთი თავი დარჩეს სხეულის გარეშე, მისი ნაწილების გარეშე?! განა შესაძლებელია დაეცეს და ქრისტესაგან განვარდეს ეკლესია, რომელიც, მოციქულის სიტყვით, ქრისტემან შეიყუარა და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმიდა-ყოს, რაითა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულად ეკლესიაი, რაითა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძვილისა, არცა სხვაი რაი ესევითარი, არამედ რაითა იყოს წმიდა და უბიწო“ (ეფეს. 5, 23, 25, 27, 29).
მრავალნი და დიდებულნი ნიჭნი მომეცნეს მე დამბადებელისა და ღმრთისა ჩემისაგან, ხოლო მე უბადრუკი ესე, ყოვლისავე მის მოვიწყე და უმადლო ვიქმენ, ვჰბაძევდ პირუტყუთა უგუნურთა და მივემსგავსე მათ, დავგლახაკენ სათნოებათაგან და განვმსდიდრდი ვნებათაგან, და ცოდვითა აღვივსე და სირცხვილითა, და ხევებულ ვიქმენ კადნიერებისა მისგან საღმრთოსა, დასასჯელ ვიქმენ ღმრთისაგან და მხილებულ ცოდვათაგან, და სირცხვილეულ ბოროტთა საქმეთა ჩემთაგან, პირველ სიკუდილისა მომკვდარ ვარ, და პირველ სასჯელითა-თვით დაჰსჯილ, და პირველ საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან ვიტანჯები გულის-სიტყვათაგან სასოწარკვეთილებისათა, ამისთვის შენდა მომართ ხოლო მოვივლტი მსწრაფლ შემწისა ჩემისა, ღმრთისმშობელო, ყოვლადწმიდაო, დედაო მაცხოვრისაო, შენ გევედრები თანამდები ესე ბევრეულისა მის ტალანტისა, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე მამული იგი სიმდიდრე, და უმეტეს ვჰსცოდე მეძვისა მის და მანასესა, და მდიდრისა მის უწყალოსა, მონა ვიქმენ გულის-თქმათა, შემწყნარებელ გულის-სიტყვათა ბოროტთა, მეტყველ სიტყვათა ხენეშთა და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა. აწ უკუე გევედრები შეიწყალე სიგლახაკე ჩემი, და მწყალობელ ექმენ უძლურებასა ჩემსა, რამეთუ დიდი კადნიერება გაქუს შენგან შობილისა ღმრთისა მიმართ, ვითარ იგი სხუასა არავის აქუს, ყოველივე ძალ-გიძს დედაო ღმრთისაო, და ყოვლისავე შემძლებელ ხარ, რამეთუ უზესთაეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, და არა არს შეუძლებელ შენდა, რომელიცა გენებოს, ნუ შეურაცხ-ჰყოფ ცრემლთა ჩემთა, ნუ მოიძაგებ სულთქმასა ჩემსა, ნუ განიშორებ ვედრებასა ჩემსა და ტკივილსა ამას გულისა ჩემისასა, არამედ დედობრივითა მით მეოხებითა შენითა, სახიერი იგი და ტკბილი ძე შენი, და ღმერთი ჩვენი მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა, და ღირს-მყავ მე ცოდვილი ესე და უღირსი მონა შენი, მოგებად პირველსავე მას სათნოებათა სიკეთესა, და განშორებად უშვერებისა მისგან ვნებათასა, განთავისუფლებად ცოდვისაგან, მონებად სიმართლისა, აღძარცვად სიხენეშესა მას ხორცთა გულის-თქმათასა, და შემოსად ბრწყინვალებასა მას სულიერისა სიწმიდისასა, მკუდარ-ყოფად სოფლისაგან და განცხოველებად ღმრთის-მსახურებით, მოგზაურსა თანა-მავალ მექმენ მე, ზღვასა თუ განვვლიდე შემწე მეყავ, და მარადის მბრძოლ ექმენ მტერთა ჩემთა ეშმაკთა, რომელნი იგი მბრძვანან მე მაღლით, მღვიძარებასა შინა განმაძლიერებელ მექმენ, მეძინოს თუ მფარველ მეყავ, ჭირსა თუ მივეცე მიხსენ, სულმოკლებასა შინა ნუგეშინის-მცემელ მექმენ, მავნებელთაგან განმარინე და ცილის-მწამებელთაგან უბრალო მყავ, სიკვდილად თუ მივიწიო მსწრაფლ-მეწიე, და უხილავნი იგი მტერნი ჩემნი საშინელებით იოტენ, რათა ჰსცნან მტერთა მათ ჩემთა ბოროტთა ეშმაკთა ვითარმედ მე მონა შენი ვარ. ჰე ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთის-მშობელო, შეისმინე უძლური ესე ვედრება მონისა შენისა, მოჰხედენ სულსა ჩემსა და განარინე ესე, და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე, და ნუ მარცხვენ მე სასოებისაგან ჩემისა, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, მხურვალება ხორციელთა ბრძოლათა განაქარვე, და ღელვანი უჯეროსა გულის-წყრომისანი დაამდოვრენ, ზვაობა და სილაღე ამაოსა სიჭაბუკისა გონებისაგან ჩემისა უჩინო-ჰყავ, ოცნებანი იგი ღამისანი სულთა მათ ბოროტთანი, და გონებადმოსლვანი დღისანი არა-წმინდათა გულის-სიტყვათანი გონებისაგან ჩემისა მოჰსპენ, ასწავე ენასა ჩემსა სიტყვაი კეთილი და თვალთა ჩემთა მართლიად ხედვა, წრფელსა მას გზასა სათნოებათასა წარმართენ ფერხნი ჩემნი, ალაგსა მას ღუთისა მცნებათასა, და ხელნი ჩემნი წმინდა-ჰყუენ, რათა ღირსებით აღვიპყრობდე მეუფისა მიმართ მაღლისა, აღავსე პირი ჩემი ქებითა, რათა კადნიერებით ჰხადოდეს ღმერთსა, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, განახვენ სასმენელნი ჩემნი სმენად ჯერისაებრ თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყვათა წმინდათა წერილთასა, და ქმნად მათდა მადლითა შენითა და შეწევნითა. მომეც ჟამი სინანულისა, და გულს-მოდგინება მოქცევისა, უცნაურად სიკვდილისაგან მიხსენ მე, და დასჯილებისაგან გონებისა განმარინე, მერმე განყოფასა ამას სულისა ჩემისასა უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩემთაგან წარმომიდეგ, სასოო ჩემო და შემწეო, და ჭირი იგი მოუთმენელი აღმისუბუქე უღონოსა ამას. იწროებასა და ჭირსა შინა ნუგეშინისმცემელ მექმენ, ჰამრობასა მას მწარესა მეზვერეთა მათ ჰაერისათა, და მთავართა მათ ბნელისათა თანა-წარმხადე, ხელით-წერილნიმრავალთა მათ ცოდვათა ჩემთანი განხეთქენ, სახიერსა მას და კაცთ-მოყვარესა ღმერთსა დამაგე, მარჯვენით მისსა სანატრელსა მას დგომასა დღესა მას განკითხვისასა ღირს-მყავ, საუკუნეთა მათ და მოუთმენელთა სატანჯველთაგან მიხსენ, ტკბილთა მათ და წარუვალთა კეთილთა ღმრთისათა მკვიდრად გამომაჩინე, ამას აღსარებასა შევჰსწირავ შენდა ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთის-მშობელო, ნათელო დაბნელებულთა ამათ თვალთა ჩემთაო, და ნუგეშინის-მცემელო ჭირვეულისა ამის სულისა ჩემისაო, შემდგომად ღმრთისა სასოო ჩემო და შესავედრებელო, შეიწირე ვედრება ჩემი სიტკბოებითა და წყალობითა, და აღჰხოცენ ყოველნი ბრალნი და უსჰჯულოებანი ჩემნი, და ღირს-მყავ მე ცხოვრებასა ამას დაუსჯელად ზიარებად უხრწნელსა მას და ყოვლად-წმიდასა ხორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა და ღმრთისა შენისასა ხოლო საუკუნესა მას მერმესა მკვიდრად მიჩინე, სერობასა მას ტკბილსა ზეცისასა, საშვებელსა სამოთხისასა, სასუფეველსა ცათასა სადა იგი არს მკვიდრობა ყოველთა წმიდათა საუკუნითგან მოხარულთა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეიწირე ლოცუა ჩვენი ყოვლად-წმინდაო ღმრთისმშობელო, დედაო ქრისტესო, ცაო და ქერუბიმო, საყდარო უფლისაო, სვეტო ცეცხლისაო, ღრუბელო ნათლისაო, ტაკუკო ოქროსაო სავსეო მანანათა ცვარითა მით ზეცისათაო, კიდობანო ჰსჯულისაო, კარაო სიწმიდისაო, მეოხო და მოღვაწეო ყოველისა სოფლისაო, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, იღვაწე სულთა და ხორცთა ჩვენთა თვის წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა.
„უჭკნობი ყვავილს“ ევედრებიან წმიდა და მართალი ცხოვრების დაცვისათვის, ამასთან, ის ეხმარება საქმროს ან საცოლის შერჩევისას, წმიდა და მხურვალე ლოცვა ოჯახური პრობლემების მოგვარებაშიც შეეწევა.