მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა
თომასი

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

ტროპარი, ხმა 4


იქმენ მოწაფე ქრისტესი, ათორმეტთა მათ მოციქულთა თანაზიარი, რომელმან ქრისტეს აღდგომა გამოიძიე და ურწმუნოება მყის შესცვალე სარწმუნოებად, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა სულთა ჩვენთათვის.



კონდაკი 1


მკვიდრი პანეადასი, იუდეას მეფის ფილიპეს მიერ პატივად იმპერატორ ტიბერიუსისა კესარიად სახელდებულისა, მოციქული თომა, მსმენელი მაცხოვრის ქადაგებისა და მხილველი მისთა მრავალთა სასწაულთა, სხვათა მათ წოდებულთა თანა შეუდგა მეუფესა, ვითარ მოწაფე, წადიერ და მსახურ სარწმუნო მხმობელი: ალილუია.



იკოსი 1


წმიდა იგი თომა, მოციქული, ხორციელქმნილისა სიტყვისა მარად თანამყოფელი და ძვირისხილვათა, დევნილებათა და შეურაცხებათა თანადამთმენი, აღვსილი საღვთოითა შურითა, სასოდ ექმნა მღაღადებელთა:

გიხაროდენ, მოციქულო, ღირსო სიყვარულისაო;

გიხაროდენ, მოწაფეო, ერთგულო მოძღვრისაო;

გიხაროდენ, სანატრელო, მგზნებარეო სულითაო;

გიხაროდენ, ელვაო, მტერთა შემმუსვრელო;

გიხაროდენ, დამმარხველო გულსა შინა შენსა საუფლოისა მოძღვრებისაო;

გიხაროდენ, მკურნალო ვნებათა ჩვენთაო;

გიხაროდენ, ბნელსა შინა მსხდომთათვის ვარსკვლავო ცისკრისაო;

გიხაროდენ, უფსკრულიდან უმეცრებისა შეცდომილთა აღმომყვანებელო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 2


რაჟამს ინება იესო წარსვლა მეგობრისა თვისისა, ოთხისა დღისა მკვდარისა ლაზარეს აღდგინებად, შეპყრობილნი შიშითა მოწაფენი მწუხარებით აყენებდნენ მას, რამეთუ ჰურიანი ქვათა დაკრებით განიზრახვიდნენ მოკვლასა მისსა; მაშინ თომა, მაცხოვრისათვის თავდადების მომწოდებელმან, ჰრქუა მოციქულთა: „გუალეთ და მოვსწყდეთ მის თანა“, ალილუია.



იკოსი 2


მოციქულო ქრისტესო ყოვლადმოწყალისაო, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა ლაზარესი საკვრელთაგან განთავისუფლებისა და მკვდრეთით აღდგინების თვალით მხილველო, მომნიჭებელო საღვთოისა მშვიდობისაო მღაღადებელთა ესრეთ:

გიხაროდენ, რომელმან ყოვლისა ცხოვრებისა უპირატეს აღიარე სიკვდილი მეუფისა თანა;

გიხაროდენ, მხედარო ქრისტესო, სიკვდილის მიმართ საღმრთოთა კადნიერებით აღსავსეო;

გიხაროდენ, უშიშო, ვითარცა უხორცოო;

გიხაროდენ, განშვენებულო სიბრძნითაო;

გიხაროდენ, ნათლით შემოსილო, მოციქულთა შორის წარჩინებულო;

გიხაროდენ, სიტყვის განხორციელებისა გულმხურვალედ მქადაგებელო;

გიხაროდენ, მოციქულო, ღვთივგვირგვინოსანო;

გიხაროდენ, დამაშვრალო, ჯვარისა შენისა სიყვარულით მტვირთველო;

გიხაროდენ, მქადაგებელო წმინდაო, დაუდუმებელო პირო ჭეშმარიტებისაო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 3


შემდგომად აღდგომისა გამოეცხადა უფალი მოწაფეთა თვისთა, შეკრებილთა სახლსა შინა შიშისათვის ჰურიათასა და შეძრწუნებულთა მათ უჩვენნა ხელნი და გვერდი მისი; ხოლო თომა, რომელმანცა ვერ იხილა აღმდგარი უფალი, სინანულით ხმობდა: „უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.“ მსმენელთა ამის მოციქულთა, მსასოებელთა უფლის მოწყალებისა, ღაღად-ყვეს: ალილუია.



იკოსი 3


თომა, რომელი იყო მოწმე და თანაგანმცდელ ყოველთა სასწაულთა საკვირველთა ქრისტესმიერთა – განკურნებისა განრღვეულისა, განწმენდისა კეთროვანთა, დაპურებისა ხუთი ათასთა, სვლისა წყალსა ზედა, ოთხისა დღისა მკვდარისა ლაზარეს აღდგინებისა და მრავალთა სხვათა – შეძრწუნებული თვისითა შეორგულებითა მოელოდა შეწევნასა ღვთისასა.

გიხაროდენ, შერყეული სარწმუნოების აღდგენისათვის უფლისადმი კადნიერებით მღაღადებელო;

გიხაროდენ, მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის ხილვისათვის მოშურნეო;

გიხაროდენ, სარწმუნოების დამთრგუნველი ეჭვის საჯაროდ განმცხადებელო;

გიხაროდენ, სიწრფელითა შენითა ყოველთა განმაცვიფრებელო;

გიხაროდენ, მაცხოვრისადმი შეუორგულებელი რწმენის სურვილით ანთებულო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტისა რწმენისა განახლებისათვის მებრძოლო;

გიხაროდენ, რწმენასა შინა შეორგულებისადმი შეურიგებელო;

გიხაროდენ, უფლისადმი სასოებით უსასოების განმაქარვებელო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 4


შემდგომად აღდგომისა, მერვესა დღესა, კვალად იყვნენ მოწაფენი შეკრებილნი და თომაცა მათთანა შინაგან სახლისა და შევიდა რა უფალი კართა ხშულთა, ჰრქუა მათ: „მშვიდობა თქვენ თანა“ და სიხარულით აღვსილთა ღაღად-ყვეს: ალილუია.



იკოსი 4


მიხედა უფალმა თომას და აყვედრა ურწმუნოებაი მეტყველმან: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფინ ურწმუნო, არამედ გრწმენინ“. მონანულმა თომა ხმა-ყო: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ და განიხარეს მსმენელთა:

გიხაროდენ, მიზეზითა ურწმუნოებისათა ურწმუნოებისა სრულიად აღმომფხვრელო;

გიხაროდენ, მოციქულთა სარწმუნოებისა ურწმუნოებითა უმეტესად გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, რამეთუ გამოძიებამან შენმან სარწმუნო-ყო ქრისტეს აღდგომა სხეულითა კაცობრივითა;

გიხაროდენ, მსახურო უფლისაო, განკაცებისა მისისა საიდუმლოთა განმაცხადებელო;

გიხაროდენ, სამსჭვალთა სახეთა და საღვთოისა გვერდისა განხილვითა ყოვლისა ურწმუნოებისა მკურნალო;

გიხაროდენ, იჭვნეულთათვის სულიერთა ძალთა მიმნიჭებელო;

გიხაროდენ, დაფარულისა სიბრძნისა კაცთათვის გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს უფლად და ღმერთად მაღიარებელო;

გიხაროდენ, ნეტარო, წმიდისა სამებისა ერთარსისა თაყვანისმცემელო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 5


ნეტარ ხარ, წმიდაო ანდრია მოციქულო, რამეთუ შემდგომად ჯუარცმისა იხილე მკუდრეთით აღდგომილი ეფალი შენი, ოდეს სხვათა ძმათა თანა იყოფოდი სენაკსა შინა, მუნ სადაცა დახშულ კართა შინა შემოვიდა უფალი და გრქუათ: „მშვიდობაი თქუენდა“. ნეტარ ხარ, რამეთუ მისისა ამაღლებამდის კუალადცა გეწვიათ იგი განსაქარვებლად ურწმუნოებისა წმიდისა თომა მოციქულისა. ნეტარ ხარ, რამეთუ მოწამე იქმენ ამაღლებისა უფლისა, ოდეს თქვენზედა გარდამოხდა ნიჭები სულიწმიდისაი, წინარევე იესუსა მიერ აღთქმული.



იკოსი 5


დიდითა მოშურნეობითა შენითა, ეჭვისა სრულად განქარვებითა, აღდგომილი მაცხოვრის ღმერთად აღიარებით მიიწიე უმაღლესსა ხარისხსა ღვთისმეტყველებისასა და უმეტეს სხვათასა იქმენ მადიდებელი მაცხოვრის საღმრთოისა ბუნებისა. გიხაროდენ, რამეთუ საღვთომან კადნიერებამან შენმან ნათელ-ყო მოწაფეთა შორის მაცხოვრის გამოცხხადება სხეულითა;

გიხაროდენ, აღმატებულისა სიხარულისა მომფენელო;

გიხაროდენ, უფსკრულისაგან უმეცრებისა ჩვენო აღმომყვანებელო;

გიხაროდენ, გამომეძიებელო საკვირველებათა აღდგომისაო;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ განცხადდა საიდუმლო დაფარული;

გიხაროდენ, ღვთისმეტყველო ყოვლადბრძენო;

გიხაროდენ, მაცდურთა მახეთაგან მრავალთა განმარინებელო;

გიხაროდენ, სიტყვიერითა ბადითა სიტყვიერთა თევზთა მონადირეო;

გიხაროდენ, მკურნალო მცირედმორწმუნეობისა ჩვენისაო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 6


შედგომად აღდგომისა, აუწყა რა უფალმან მოწაფეთა ნებაი თვისი: „წარვედით ყოველსა სოფელსა და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, მოციქულმა თომა, ვითარცა ყოველთა ათორმეტთა, წილი იყარა, რომელსა ქვეყანასა თანაედვა ქადაგება სახარებისა, სიხარულითა და სარწმუნოებით მღაღადებელთა: ალილუია.



იკოსი 6


ნეტარსა თომას წილად ხვდა ქვეყანა ჰინდოთა, განსანათლებელად პართელთა, მიდიელთა, გირკანელთა, ბაქტრიელთა, ბრაჰმანთა, უსჯულოთა, თაყვანისმცემელთა კერპთა უსულოთა, სრულიად უცხოთა ენითა და ცხოვრებისა წესითა – და შეძრწუნდა იონასებრ მოციქული და შიშით უარყო ხვედრებული მისდა ქვეყანა, გარნა გამოეცხადა მას უფალი და აღუთქვა შემწეობა და თანადგომა მსასოებელსა მისდა.

გიხაროდენ, რამეთუ თავისა უარყოფითა შეუდექ აღსრულებასა ნებისა ღვთისასა;

გიხაროდენ, სახეო მორჩილებისაო, მოციქულებრივსა სრბასა შენსა შეწევნითა უფლისათა განმტკიცებულო;

გიხაროდენ, ღვთივგანბრძნობილო, რამეთუ თავს იდევ უგუნურთა ნათლითა საღვთოითა განშვენება;

გიხაროდენ, ქრისტეს ვერმხილველთა და ვერმცნობელთა რწმენად მომყვანებელო;

გიხაროდენ, შემბრალეო ყოველთა უღვთოთა, რამეთუ არ ძალუძთ განცდა ღვთისა დიდებისა;

გიხაროდენ, ცეცხლისებრი მოშურნეობითა შენითა მრავალთა განმაცვიფრებელო;

გიხაროდენ, რამეთუ გალობასა მრავალსა შევასხამთ ღვაწლსა შენსა, ყოვლადსაგალობელო;

გიხაროდენ, რამეთუ თვით უფალმა გამოგიჩინა გზა შენი ქვეყანასა უცხოსა ზღვით სავალი;

გიხაროდენ, რამეთუ ნებითა ღვთისათა მოგეახლა მეგზურად დიდვაჭარი ავანი;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 7


მეფისა გუნდაფორისა მშენებლის მოძიებად პალესტინასა შინა წარგზავნილსა დიდვაჭარ ავანსა გაეცნო თომა ვითარცა ხუროთმოძღვარი სახელიანი და თანხლებითა მისითა შეუდგა გზასა ხიფათიანსა და ძნელად სავალსა, მვედრებელი: ალილუია.



იკოსი 7


ჟამსა მოგზაურობისასა, ქორწილსა შინა მეფის ასულისასა წვეულმა მოციქულმა თომა, განაცვიფრა ყოველნი მისი შეურაცხმყოფელისადმი ნაწინასწარმეტყველები საღვთო სასჯელის მყისიერითა აღსრულებითა:

გიხაროდენ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე მეფისა, შეძრწუნებულისა;

გიხაროდენ, რამეთუ მეფემან ინება შენ მიერ ახალდაქორწინებულთა დალოცვა;

გიხაროდენ, რამეთუ ქადაგებითა შენითა ახლადშეუღლებულთა განიზრახეს უმანკოების შეურყვნელად დაცვა და მით მოპოვება ზეცისა მოქალაქეობისა;

გიხაროდენ, რამეთუ უფალი გამოეცხადა სასძლოსა;

გიხაროდენ, რამეთუ უფალმა აღუთქვა მათ სოფლის უარმყოფელთა და მისი ჯვრის მტვირთველთა მოქალაქეობა ცათა შინა;

გიხაროდენ, რამეთუ სიძემან და სძალმან დაიმარხეს გულსა შინა სიტყვანი უფლისანი, ვითარცა მარგალიტი ძვირფასი;

გიხაროდენ, რამეთუ ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა მოქცეულთა ნათელ-იღეს დიონისესა და პელაგიას სახელით;

გიხაროდენ, რამეთუ პელაგია ღირს-იქნა მოწამეობრივისა აღსასრულისა, ხოლო დიონისე – სამღვდელმთავრო ხარისხისა;

გიხაროდენ, რამეთუ უფალმა იოტნა მტერნი შენნი და მშვიდობით განგარინა მეფესა განრისხებულსა;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 8


გზად არა დაშვრებოდა თომა ქრისტეს ქადაგებითა და ქრისტიანთა თემების შექმნითა პალესტინასა, მესოპოტამიასა, პართიასა და ეთიოპიასა მიწევნულმა ქვეყანასა ჰინდოეთისასა, მხილველმან მკვიდრთა სახითა და სხეულითა გაშავებულთა მხურვალებისაგან მზისა, თაყვანისმცემელთა კერპთა უსულოთა და ხელით ქმნულთა, შეძრწუნებულმა ღაღად-ყო: ალილუია.



იკოსი 8


ვაჭარმა ავან მეფესა გუნდაფორსა, მისსა წარმგზავნელსა პალესტინასა შინა, წარუდგინა თომა, ვითარცა ხუროთმოძღვარი სახელოვანი და უბადლო, შემძლებელი მისთვის დიდებულისა სასახლისა აღშენებისა.

გიხაროდენ, თომა, გუნდაფორისაგან მშენებლობისათვის დიდძალი ოქროს მადლიერებით მიმღებელო;

გიხაროდენ, სასახლის აღსაშენებელი განძით ღატაკთა და უქონელთა დამაპურებელო;

გიხაროდენ, უპოვართათვის ღვთის სიტყვის მქადაგებელო;

გიხაროდენ, ბნელსა შინა უმეცრებისასა მსხდომთა შემბრალეო და სიტყვითა ლმობიერითა მათთა განსწავლელო;

გიხაროდენ, მამობრივად ტკბილმოუბარო, ქრისტეს მობაძავო;

გიხაროდენ, სიმდაბლით ქრისტეს მიმსგავსებულო;

გიხაროდენ, საქმითა და სასწაულებითა შენითა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა მრავალთა მაზიარებელო;

გიხაროდენ, გლახაკთა გულების უფლისადმი მადლიერებით განმმსჭვალველო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა მოქცეულთა ქრისტეს ნათლით შემმოსელო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 9


წარმდგარმა წინაშე მეფისა, სასახლის აღსაშენებელი განძის უპოვართათვის დამრიგებელმა მოციქულმა, აუწყა გუნდაფორსა ბოძებულითა მისთვის საფასითა სამეუფო პალატების ცათა შინა აღშენება და ადიდებდა ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 9


მოიწია თომასა და ავანსა ზედა რისხვა მეფისა, მსურველისა სასტიკითა წამებითა მათისა დასჯისა; გარნა თომა, ღმერთს მინდობილი, მომლოდინე სასჯელისა მადლიერებით შეცვლისა, ამხნევებდა შეძრწუნებულსა ავანსა.

გიხაროდენ, ღვთის ნებას მინდობილო, რამეთუ ზრუნვაი შენი მიუტევე უფალსა;

გიხაროდენ, სულმან მეფისა გარდაცვალებულისა ძმისამან იხილა გუნდაფორის დიდებული სასახლე ცათა შინა;

გიხაროდენ, რამეთუ მკვდრეთით აღდგომილი ძმის მონათხრობით გულმობრუნებულისა გუნდაფორისაგან სასჯელის ნაცვლად ჯილდოთი და პატივითა დიდითა ღირსქმნილო;

გიხაროდენ, გუნდაფორისა და ძმისა მისისა ქრისტეს ნათელით შემმოსველო;

გიხაროდენ, მოციქულო დაუდგრომელო, რომელმანცა სასჯელისაგან ხსნილმა სიტყვისა ღვთისა ქადაგებითა მოვლე სოფელნი მრავალნი;

გიხაროდენ, ყოვლადსანატრელო, საკერპოთა და კერპთა ურიცხვთა შემმუსვრელო.

გიხაროდენ, სადიდებელად ღვთისა მრავალთა ტაძართა აღმაშენებელო;

გიხაროდენ, საუნჯეო მორწმუნეთაო, სახარებისა მადლისა შენი წილხვდომილის ქვეყნისათვის უშურველად მიმფენელო;

გიხაროდენ, მორწმუნეთა სულიერი ტაძრის განმტკიცებისათვის მზრუნველო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 10


დიდ არს ღვაწლი მოციქულთა, რამეთუ ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი და თომაცა, მოციქული ენამჭევრი და მდუღარე სულითა, მცირედმორწმუნეთა, ვითარცა ლერწამთა ქარით მიმოტაცებულთა განმამტკიცებელი, ხმობდა: ალილუია.



იკოსი 10


ჟამსა მიძინებისა ზეციურისა დედოფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა, ღრუბლით აღტაცებულნი მოციქულნი წამისყოფით მიეახლნენ სარეცელსა მისსა, გარნა თომას, გეთსამანიასა შინა სამითა დღითა გვიან მისულსა, დაკრძალვისა მისისა ვერ მხილველსა, ნუგეშინის სცემდნენ მოციქულნი, მეტყველნი.

გიხაროდენ, სანუგეშოდ შენდა გახსნილისა საფლავისა მხილველო;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველთა იხილეს აკლდამა იგი ცარიელი;

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტეს სახვევთა მსგავსად საჩინო იქმნა მუნ მოსასხამი ღვთისმშობელისა, ყოვლადსასურველი;

გიხაროდენ, კვალად შენ მიერ განცხადდა საიდუმლო იგი შეუცნობელი;

გიხაროდენ, სასწაულთა მრავალთა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, სამწყსოსა შენისა, მელიპორის მკვიდრთა, სარწმუნოებასა შინა დამამკვიდრებელო;

გიხაროდენ, სახეო მჭევრმეტყველებისაო;

გიხაროდენ, ბადითა სიტყვიერითა მრავალთა მომნადირებელო;

გიხაროდენ, ურწმუნოთა დამაფიქრებელო და სულითა შემძვრელო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 11


ქალამიდის ქვეყანასა შინა, ზეობასა მეფისა მუზდისა, დაუცხრომელითა ქადაგებითა მოაქცევდა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა არა მხოლოდ უპოვართა და გლახაკთა, არამედ მეფისა დიდებულთაცა და თვით ძესა მისსა აზანსა, მხმობელსა: ალილუია.



იკოსი 11


დაღაცათუ მეფე იგი შეპყრობილი უმეცრებითა, გონებადაბნელებული განიზრახვიდა მოციქულის სასტიკითა წამებითა მოკვდინებასა, გარნა განსაცდელი იგი იქმნა სადიდებელად ღვთისა და დღესასწაულად მეტყველთა ესრეთ:

გიხაროდენ, სანატრელო, რამეთუ ფერხთა შენთა შესამუსრი გავარვარებული რკინისა დაფანი ღვთისა ძალითა განგრილდებოდა ჭავლითა წყლისათა;

გიხაროდენ, რამეთუ გახურებულსა ღუმელსა შინა შთაგდებული უვნებელად მოევლინე მეფესა-მტარვალსა, მადიდებელი ღვთისა;

გიხაროდენ, კერპი „მზისა“ რომლის თაყვანისცემასაც გაიძულებდნენ, დადნა, ვითარცა ცვილი, მიახლებითა “ შენითა;

გიხაროდენ, შვილის მკვლელი ქურუმის სასწაულებრივად მამხილებელო;

გიხაროდენ, რამეთუ მხილველთა ამა სასწაულთა ერთობით ღაღად-ყვეს: „დიდ არს ღმერთი თომასი“;

გიხაროდენ, ბოროტთა მანქანებათა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ქრისტესათვის სიკვდილის სიხარულით მიმღებელო;

გიხაროდენ, ლახვრებით განგმირულო და კალურმინში მორწმუნეთაგან დიდითა პატივითა დაკრძალულო;

გიხაროდენ, საფლავსა ზედა მოსულთა მთხოველთა და მვედრებელთა ლოცვათა შემსმენელო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 12


მეოხებითა თომასითა ბოროტი სულით შეპყრობილი მეორე ძის განკურნების ხილვით მოქცეული მეფე მუზდი ნათელს იღებს და ბრძანებს მოციქულის საფლავზე კალურმინსა შინა მალიპურის მახლობლად ტაძრისა აღშენებასა სადიდებლად ღვთისა, მოწიწებით მღაღადებელი: ალილუია.



იკოსი 12


გარნა წმინდა ნაწილები თომასი, მესოპოტამიასა შინა გადასვენებული, სხვადასხვა დროს გავრცელდა მთელ საქრისტიანოში. ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ღვთის მადლით, ეწყალობა წმინდა და პატიოსანი თავი მოციქულისა, დაბრძანებული თბილისის სიონის ტაძარსა შინა ნუგეშად მხმობელთა ესრეთ:

გიხაროდენ, რამეთუ თავი შენი პატიოსანი წილად ხვდა ერსა შენსავით ქრისტესათვის ჯვარცმულსა;

გიხაროდენ, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს მფარველ მოციქულთა თანა სადიდებელო;

გიხაროდენ, რამეთუ წმინდა თავი შენი ჯვარისა ვაზისა თანა დაბრძანებულ არს სიონის კანკელსა შინა;

გიხაროდენ, უღმერთობისა ჟამსა შინა სარწმუნოებაში შერყეულთა განსამტკიცებელად მოწოდებულო;

გიხაროდენ, ივერიის ეკლესიის ბოლოჟამის ქრისტიანეთა ჭეშმარიტი სარწმუნოების მცველად გამოჩინებულო;

გიხაროდენ, რამეთუ უფალმა მოგვმადლა შენებრ ქრისტესათვის შეწირული პატრიარქი, უღმერთობის უკუნეთში გზისა მანათობელი;

გიხაროდენ, ურწმუნოებისა შენისა სარწმუნოებრივი ძიების წყაროსთავად წარმომაჩინებელო;

გიხაროდენ, რამეთუ განახლდა თაყვანისცემა წმინდისა და პატიოსნისა თავისა შენისა, სადიდებელად ჭეშმარიტისა ღმერთისა;

გიხაროდენ, რამეთუ ყოველი ამა სიწმინდისა წინაშე მუხლმოყრით მლოცველი შენებრ გზნებითა და სიხარულით ღაღადებს: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 13


უფლისადმი თავდადებული სიყვარულითა ანთებულმან, კადნიერი გამოძიებით საკვირველებათა, სძლიე ურწმუნოებასა შენსა და მიიწიე მწვერვალსა სარწმუნოებისასა, რამეთუ მოციქულთა შორის პირველმა ღმერთად აღიარე აღდგომილი მაცხოვარი; ჩვენცა, მვედრებელნი შენნი, ღირს-მყვენ, ომა, ყოვლადქებულო, რწმენითა და სიყვარულით ღაღად-ვყოთ - უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი: ალილუია, ალილუია, ალილუია.


ეს კონდაკი წაიკითხება 3-გზის.



იკოსი 1


წმიდა იგი თომა, მოციქული, ხორციელქმნილისა სიტყვისა მარად თანამყოფელი და ძვირისხილვათა, დევნილებათა და შეურაცხებათა თანადამთმენი, აღვსილი საღვთოითა შურითა, სასოდ ექმნა მღაღადებელთა:

გიხაროდენ, მოციქულო, ღირსო სიყვარულისაო;

გიხაროდენ, მოწაფეო, ერთგულო მოძღვრისაო;

გიხაროდენ, სანატრელო, მგზნებარეო სულითაო;

გიხაროდენ, ელვაო, მტერთა შემმუსვრელო;

გიხაროდენ, დამმარხველო გულსა შინა შენსა საუფლოისა მოძღვრებისაო;

გიხაროდენ, მკურნალო ვნებათა ჩვენთაო;

გიხაროდენ, ბნელსა შინა მსხდომთათვის ვარსკვლავო ცისკრისაო;

გიხაროდენ, უფსკრულიდან უმეცრებისა შეცდომილთა აღმომყვანებელო;

გიხაროდენ, თომა, მოციქულო ყოვლადქებულო, სარწმუნოებასა შინა ჩვენო განმამტკიცებელო.



კონდაკი 1


მკვიდრი პანეადასი, იუდეას მეფის ფილიპეს მიერ პატივად იმპერატორ ტიბერიუსისა კესარიად სახელდებულისა, მოციქული თომა, მსმენელი მაცხოვრის ქადაგებისა და მხილველი მისთა მრავალთა სასწაულთა, სხვათა მათ წოდებულთა თანა შეუდგა მეუფესა, ვითარ მოწაფე, წადიერ და მსახურ სარწმუნო მხმობელი: ალილუია.



სავედრებელი ლოცვა თომა მოციქულისადმი


ჰოი, ყოვლადდიდებულო და ყოვლადქებულო მოციქულო თომა, წინაშე ღვთისა უძლურებისა წრფელითა აღიარებითა, ყოველთა გვასწავლე ძლევა ეჭვისა – სარწმუნოების დამთრგუნველისა, ჩვენცა მვედრებელთა შენთა შეწევნითა ღვთისათა შეგვაძლებინე მცირედმორწმუნოებისა სენისაგან განწმენდა გულთა ჩვენთა.

ჰოი, დიდო მქადაგებელო ყოვლადწმიდისა სამებისაო, გევედრებით შვილნი ღვთისმშობლის წილხვედრი ეკლესიისა, რომელნიცა აროდეს ვეცრუვნეთ მართლმადიდებლობასა, მოგვმადლე ძალი, ჟამთა ბოროტთა მოწევნისასა, კვალად მტკიცედა ვსდგეთ მცველად ჭეშმარიტისა საღვთო მოძღვრებისა.

ჰოი, დიდითა კაცთმოყვარებითა და სასწაულებითა განშვენებულო, წმინდისა თავისა შენისა საქართველოს ეკლესიასა შინა დამკვიდრებითა ივერიის სამწყსოსათვის მეოხად გამოჩინებულო; ღირს-მყვენ თაყვანისმცემელნი შენნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, გამთლიანებულნი ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა და სიყვარულითა მივეახლნეთ ჟამსა მას მაცხოვრის მეორედ და დიდებით მოსვლისასსა, მადიდებელნი ყოვლადწმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.