ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
წინადსაუკუნოდ აღრჩეულსა მეუფისა მიერ, ასულსა ყრმასა ღმრთისასა მარიამს, დედუფალსა ანგელოსთასა და კაცთასა, ოდესმე მოსრულსა უფლისა - ტაძრად წმიდასა წმიდათასა, დაწინდვად ქალწულებისა შენისა სიძისა ზეციერსა და აღსაზრდელად სამკვიდრებელისა ღმრთისასა, თაყვანისცემასა და ქებასა ღირსად-საფერსა გულსმოდგინედ შემოგწირავთ შენ. ხოლო შენ, ვითარცა ხარ მრავლისა შემძლე ხელისაღმპყრობელი ჩვენი, ყოველთაგან განსაცდელთა და მწუხარებათა განგვათავისუფლენ ჩვენ, რაითა სიყვარულითა და გულითა ლმობიერითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
დასნი მთავარანგელოსთანი და ანგელოსთანი ზეცისა სიმაღლეთაგან მოვიდოდიან ხილვად დიდებულისა შენისა მიყვანებისა ტაძრად უფლისასა, ჰოი ღმრთისმშობელო, და ერთობით ქვეყნიერთა სპეტაკთა ქალწულთა დასისა თანა, გონიერი დასი იგი არახილულთა და უხორცოთა სულთა მხლებელად თანა-გივიდოდა სიხარულითა დიდითა, ყოვლად წმიდაო ქალწულო, და ვითარცა ჭურჭელსა ღმრთისასა გარს-გევლებოდა ბრძანებითა უფლისაითა; ხოლო უკუეთუ არა ხედვიდა ძალსა საიდუმლოსა შენისასა, ვითარ გმსახურებდა შენ ვითარცა დედუფალსა თვისსა?! ამისთვის გხედვიდა რაი შენ აღსავსესა გამოუთქმელითა სიწმიდითა ზეცისაითა და ყოველსაცა მას, რაიცა ყოფად იყო შენ მიერ, შეძრწუნდებოდა შიშითა დიდითა და გიგალობდა შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლად-სახარულევანო ქალწულო, რომელსა დედად მეუფისად გეგულებოდა ყოფად;
გიხაროდენ, წინათ-პატივდებულო დედუფალო, ტაძრად მეუფისათა მიმავალო საცხოვრებელად;
გიხაროდენ, მამა ღმერთისა ასულო, რჩეულო და ყოვლად ზეაღმატებულო;
გიხაროდენ, სიტყუა ღმერთისა დედაო, საუკუნითგან წინაისწარღაღადებულო;
გიხაროდენ, სძალო ყოვლადწმიდისა სულისა ღმრთისაო, ქორწილისა გამოუცდელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქმნილებისათვის – ხილულთა და არახილულთა დედუფალო ყოვლად სანატრელო;
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
ხედვიდენ რაი მართალნი მშობელნი შენნი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ წელიწადი სამი შესრულებულ იყო შობიდან შენისა, ისურვეს საქმით აღსრულება აღთქმისა თვისისა, რომელი პირველ მისცეს უფალსა, ვითარმედ მიგიძღვანონ შენ მაღალსა ღმერთსა, ამისთვის მოუწოდეს ნაზარეთს ყოველთა ნათესავთა თვისთა გვარისაგან სამეფოისა და მღუდელმთავართასა, ეგრეთვე მღუდელთა მრავალთა, ხოლო მოუწოდეს დასსაცა წმიდათა ქალწულთა, რაითა მნთებარითა სანთლებითა თანა-გივიდოდიან შენ ტაძარსა ღმრთისასა, რომლისათვის წინაისწარ იტყოდიან წერილნი: „მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ. მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა“ (ფსალმუნი 44,15). და ესრეთ ყოველნი ერთობით ილოცვიდიან შენთვის ღმრთისა მიმართ და უგალობდენ მას: ალილუია.
გონიერებაი ზეციური განიხვნა შენთვის, ყრმაო ასულო ღმრთისაო, და სათნო იყავ, ვითარმედ არა ფლასითა გლახაკთაისა წარუდგე ტაძარსა მეუფისა ცათასა; ამისთვის შემოსილ იქმენ დიდებითა და მშვენიერებითა მრავლითა, რაითა შენ ზედა აღესრულოს წინაისწარ-მეტყველებაი წინაპარისა შენისა დავითისა: „დადგა დედუფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქრო-ქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად“ (ფსალმუნი 44, 10). ხოლო რაჟამს შემკულ იქმენ ვითარცა სძალი ღმრთისაი და ყოველივე ღირსად განეგო მიყვანებისათვის შენისა ტაძრად, მაშინ წარგიყვანეს შენ მშობელთა შენთა ვითარცა სამისა წლისა კრავი იერუსალიმს და გიგალობდნენ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, შემოსილო ქალწულებისა და სიწმიდისა სამოსელითა ოქროისაითა;
გიხაროდენ, შემკულო ყოვლითა სიკეთითა და სიმშვენიერითა ზეცისაითა;
გიხაროდენ, ასულო მეუფისაო, ყოვლისა დიდებისა ქალწულებისასა წიაღთა შენთა მქონებელო;
გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, დადგომად მარჯვენით სიძისა ზეციერისა მიმავალო.
გიხაროდენ, განცხოველებულო კიდობანო ღმრთისაო, შორის ქალწულთა მეებნეთასა მსვლელობისა შენისა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ტაძარო მაცხოვრისაო, ტაძრისა მიმართ სჯულისასა გზისა შენისა წარმმართველო.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
ძალი მაღლისაი გფარვიდა შენ და სული წმიდაი მოვიდოდა შენ ზედა და გეყო შენ წინამძღვრად, ოდეს სამისა დღისა შემდგომად მიიწიე ქალაქსა იერუსალემს, და ვითარცა კიდობანი ღმრთისაი მიყვანილ იქმენ ტაძრად უფლისასა, ღმრთისმშობელო ქალწულო, რაითა აღსრულდეს სიტყვა მეფსალმუნისა, მეტყველისა: „გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა“ (ფსალმუნი 67, 25). და ესრეთ ყოვლად მრავლისა ზეციერისა სიწმიდისა შენისათვის, ღირს იქმენ ყოფად ტაძარსა ღმრთისასა, სადა-იგი სულმან წმიდამან ისურვა დამკვიდრებად, რაითა გყოს შენ სამკვიდრებელად თვისად – საყოფელად ზეციერად, რაითა კვალად აღსრულდენ შენ ზედა სხვანი წერილნი, მეტყველნი: „აკურთხნა მაღალმან საყოფელნი თვისნი. წმიდა არს, უფალო, ტაძარი შენი, საკვირველ სიმართლესა შინა“. ამისთვის ჯერ-არს ყოველნი ვუგალობდეთ შენ მიერ ღმერთსა: ალილუია.
სამისა წლისა მიყვანილ იქმენ ტაძრად ღმრთისა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ხოლო მშობელთა სენთა, ერთ კერძო დედასა შენსა, და ხვით კერძო – მამასა შენსა, ხელმოკიდებით მშვიდად და პატიოსნად მიჰყვანდი ტაძრად შენ, ღმრთივ მომადლებული ასული თვისი, მეტყველთა ესრეთ: „იწყეთ თქვენ, ასულნო, მნთენარე სანთელთა მპყრობელნო, და წინა-უძეღით ყრმასა ასულსა ამას ღმრთისასა!“ ხოლო ყოველი სიმრავლე მოყუასთა მისთა და მეზობელთა ჩინებულთა და მღუდელთა სიხარულით შემოგიდგებოდიან შენ და სანთლებითა ხელთა შინა თვისთა გარს-გერტყმოდიან, ვითარცა ვარსკვლავნი – მთვარესა ნათელსა. ხოლო შეკრებულ იქმნა ყოველი იერუსალემი და განკვირვებითა ხედვიდა ახალსა ამას თანა-მსლველობასა თქვენსა, – სამისა წლისა ყრმასა ასულსა, შემოსილსა ესეოდენითა დიდებითა, პატივ-დებულსა ეგზომითა ლამპართ და სანთელთ ნთებითა, და ისწრაფდა გალობად შენდა გიხაროდენისა ესრეთ:
გიხაროდენ, ჰასაკითა სამისა წლისაო და ცათა და ცათასა უვრცესო;
გიხაროდენ, სულითა მრავალმშვენიერო, ყოველთა ზეციურ ძალთა უაღმატებულესო.
გიხაროდენ, კრავო უბიწოო, ქალწულებისა შენისა ღმრთისად მსხვერპლად წმიდად შემწირველო;
გიხაროდენ, გურიტო უბიწოო, სიწმიდითა შენითა ანგელოსთა განმაკვირვებელო.
გიხაროდენ, ქალწულთა დასისა თანა უფლისა მიმართ მიყვანებულო;
გიხაროდენ, მნთებარითა ლამპრებითა და სანთლებითა ტაძრად ღმრთისად თანა-ხლებულო.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
აქუნდა რა შინაგან თვისა შფოთი დიდი ზრახვათაგან იჭვნეულთა, მღუდელთმთავარი ზაქარია შეორგულდა, ოდეს იხილა მსვლელობაი შენი, ყოვლადწმიდაო, ტაძრისა მიმართ მრავლითა დიდებითა და პატივითა, და ესრეთ მიახლება აღმოსავლეთისა კარიბჭესა დახშულსა, ხოლო ოდეს მოეხსენა მას პირველ წინაისწარმეტყველებაი იეზეკიელისაი, რომელი იტყვის: „ბჭე ესე დახშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაელისაი შევიდეს მის მიერ, და იყოს დახშულ“ (იეზეკიელი 44, 2), აღივსო სულითა წმიდითა და ზეგარდამო მიიღო გამოცხადებაი, რაითა განეღოს მოყვანებულსა ყრმასა ასულსა ამას ღმრთისასა დახშული ბჭეი ესე, და უღაღადა ღმერთსა: ალილუია.
„ისმინე, ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი. და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისაი“ (ფსალმუნი 44, 10-11), – ესრეთ გეტყოდიან შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელნი შენნი, რაჟამს მიყვანილ იქმენ ტაძრად უფლისად. ხოლო მღუდელნი, მსახურებისა აღმასრულებელნი, გამოვიდოდიან მიგებებად დიდებულსა მიყვანებასა შენსა და გალობითა მიგიღებდიან შენ ვითარცა დედად ყოფადსა მღუდელთმთავრისა დიდისა, რომელსა ეგულებოდა განვლად ცათა, ხოლო შენ გიღაღადებდენ ესრეთ:
გიხაროდენ, საღმრთოისა კურთხევისა წინასახეო, წინაისწარმეტყველთაგან წინათ-უწყებულო;
გიხაროდენ, კაცთა ხსნისა ქადაგებაო, აწ ჩვენდა გამოჩინებულო.
გიხაროდენ, ანგელოსთაგან ზეციერთა დიდებით თანხლებულო;
გიხაროდენ, მღუდელთა მიერ ღმრთისათა სიხარულითა მიგებებულო.
გიხაროდენ, სახლისა მამისა შენისა და მოყუასთა შენთაყოველთა უფლისათვის დამტევებელო;
გიხაროდენ, შენისა შესვლითა ღმრთისა სახლისა მაკურთხეველო.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
ღმერთისა დამტევნელი ტაძარი ხარ, ღმრთისმშობელო ქალწულო, და აწ სჯულისა ტაძრად მრავლითა დიდებითა მიყვანილ იქმენ, რაითა აღსრულდეს წინათ-უწყებაი წინასწარმეტყუელისა ანგიასი, რომელი იტყვის: „და აღვავსო სახლი (ტაძარი) ესე დიდებითა... რამეთუ დიდ იყოს დიდებაი სახლისა ამის უკუანაისკნელი უფროს პირველისა, – იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი, – და ადგილსა ამას შინა მივსცე მშვიდობაი“ (ანგია 2, 8 10). ხოლო დედამან შენმან, ოდეს მიგიყვანა კარიბჭესა ტაძრისასა, გრქუა შენ: ვიდოდე, შვილო, მისა მიმართ, რომელმან მომმადლა მე ასული შვილი; ვიდოდე კიდობანსა მას კურთხევისასა, ვიდოდე მეუფისა მიმართ კეთილმოწლისა, ბჭეთა ცხოვრებისათა, მომნიჭებელისა მოწყალებათა, – ვიდოდე კიდობანსა მას სიტყუისასა, ტაძარსა ღმრთისასა! შევედ ეკლესიასა უფლისასა, სიხარულსა და მხიარულებასა სოფლისასა, რაითა შენ მიერ ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.
ხედვიდა რა დედაი შენი, ღმრთისმშობელო ქალწულო, მღუდელთა მათ ღმრთისათა, ტაძრით გამომავალთა, და დიდსა მას მღუდელთმთავარსა ზაქარიას, მიგებებად შენსა მომავალსა, ეტყოდა მას: „მიიღე, ზაქარია, კარავი შეუბილწავი; მიიღე მღუდელმსახურო, კიდობანი უბიწო; მიიღე წინაისწარმეტყველო სასაკუმევლე უნივთოისა ნაკვერცხლისაი; მიიღე, მართალო, გუნდრუკი სულიერი; მიიღე, ჰოი, წინაისწარმეტყველო, ღმრთივმომადლებული ესე ასული ჩემი და მიიყვანე ტაძრად შემოქმედისა ჩვენისა, და ოდეს შეიყვან მუნ, დაამკვიდრე იგი მაღალსა შინა წმიდასა წმიდათასა, განმზადებულსა სამკვიდრებელსა ღმრთისასა, და არა გამოსცადო იგი, რამეთუ მის მიერ და მისი გულისთვის იქმნება ხსნაი!“, ხოლო დედისა შენისა თანა ჩვენცა გიღაღადებთ შენ გიხაროდენსა ესრეთ:
გიხაროდენ, ტაძარსა ღმრთისასა შესლვითა შენითა ზეციურთა ძალთა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, შენითა გამოჩინებითა მღუდელთა ღმრთისათა განმახარებელო.
გიხაროდენ, სამკვიდრებელო ცისაო, სჯულისა ტაძრისა, უფროის პირველისა კურთხევისა, მადლითა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, ცაო ქვეყანისაო, სიწმიდითა შენითა თავისა თვისისა ქრისტეს სამკვიდრებელად განმამზადებელო.
გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, რამეთუ დიდ და საკვირველ არს წინათმსლველობაი შენი;
გიხაროდენ, ქალწულო სპეტაკო, რამეთუ საშინელ და ყოვლადდიდებულ არს მკვიდრობაი შენი ტაძარსა ღმრთისასა.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
განმადიდებელი შესლვისა შენისა ტაძარსა უფლისასა, მართალი ზაქარია, ჰკვირობდა ფრიად, ოდეს ხედვიდა, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენსა საკვირველსა ზეაღსლვასა კიბესა ზედა ეკლესიისასა, რომელსა აქუნდა ხარისხნი ათხუთმეტნი: რამეთუ უდეს მშობელთა შენთა დაგადგინეს ხარისხსა პირველსა, შენ მეყვსეულად თავად ისწრაფე ასვლად ხარისხთა სხუათა და ახვიდოდი მსწრაფლ ფრიად, არავისაგან შეწევნული, და ოდეს აღხედ უმაღლესსა მას ხარისხსა კიბისასა, დადექ მუნ, განძლიერებული უხილავითა მით - ძალითა ღმრთისაითა; ხოლო წმიდა ზაქარია, მხედველი ამისა, აღივსო სულითა ღმრთისაითა და ჰრქუა დედასა შენსა: „კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი, ჰოი დედაკაცო, და და ყოვლად დიდებულ არს მოყვანებული შენ მიერ: რამეთუ დედაი ჭეშმარიტისა ცხორებისაი მოგყავს აქა, და ვითარ დაიტიოს იგი ტაძარმან ამან?“ ამისთვის ჰმადლობდა ღმერთსა და უგალობდა მას: ალილუია.
სიხარული დიდი გამოუბრწყინდა ყოველთა, მდგომარეთა წინაშე ტაძრისა სჯულისასა, ოდეს მღუდელთ-მოძღუარმან დიდმან ზაქარია, აღვსებულმან სულითა წმიდითა, შეგიწყნარა შენ, ჰოი დედაო ღმრთისაო, წინაშე კართა მათ ეკლესიისათა, ხელითა გიპყრა და ესრეთ შეგიყვანებდა შენ წმიდასა შინა, მღაღადებელი შენდა ესრეთ: „ჰოი, ასულო ყრმაო უბიწოო! ჰოი ქალწულო, შეუგინებელო და უსაცთუროო! ჰოი, ქალიშვილო მშვენიერო! ჰოი, დედათა მშვენებაო! ჰოი, ასულთა კეთილის-ყოფაო! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ჰოი, ყოვლად-დიდებული სიწმიდითა შენითა. რამეთუ ხარ შენ აღბეჭდილი ქალწულებითა, ხარ შენ დამხსნელი შეჩვენებისაგან და წყევისა ადამისა. მოვედ, აღსრულებაო ჩემისა წინაისწარმეტყველებისაო! მოვედ შესრულებაო აღთქმათა უფლისათაო! მოვედ, ბეჭედო აღთქმისა მისისაო! მოვედ, გამოჩინებაო მისისა ზრახვისაო! მოვედ საიდუმლოთა მისთა გამოცხადებაო და აღსრულებაო! მოვედ, სარკეო ყოველთა წინაისწარმეტყველთაო! მოვედ, განახლებაო დაძუელებულთაო! მოვედ, ნათელო წყვდიადსა შინა მყოფთათვის! მოვედ, მომადლებულო ნიჭო უახლესო და უღმრთაებრივესო! შემოვედ სიხარულსა მას ეკლესიისა უფლისა შენისასა, ჯერეთ ქვეყანისასა, კაცთათვისცა შესავალისასა, ხოლო არამრავალთა ჟამთა შემდგომად – ზეცისასაცა და მიუახლებელსაცა!“ ხოლი მის თანა ჩვენცა გიგალობთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, თავად კიბეო განსულიერებულო და განცხოველებულო, უფლისა ტაძრად მაღალთა ხარისხთა კიბისა მისისათა ზეაღმავალო;
გიხაროდენ, კარო შეუვალო, კაცთა ზრახვათათვის ვერ-გამავალო, კარიბჭეთა შორის ტაძრისათა შესრულო.
გიხაროდენ, რამეთუ ხარისხთა მიერ კიბისა სათნოებისათა მაღალსა საკურთხეველსა ზეცისასა ამაღლებულ ხარ;
გიხაროდენ, რამეთუ ფრთეთა მიერ ქალწულებისა და უბიწოებისათა ქალაქსა მას დიდსა მეუფისასა მიწევნული ხარ.
გიხაროდენ, სახლსა შინა ღმრთისასა თხემსა ზედა მთისასა შესრულო;
გიხაროდენ, დახშულთა კართა შორის განსრულო.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
ჰსუროდა რაი კაცთმოყვარესა უფალსა ცხორებაი კაცთა ნათესავისა, შენ ერთი მხოლოი აღგირჩია დედად თავისად და შეგიყვანა შენ ტაძარსა თვისსა, რაითა მუნ განმხოლოებასა და მყუდროებასა შინა ფრიადსა, შორს საცთურთაგან სოფლისა ამისათა აღიზარდებოდი წმიდასა წმიდათასა უფლისათა და განემზადებოდი ყოფად სამკვიდრებელად ღმრთისა. ხოლო შენ იმღერდი და ფრიად განიხარებდი, ვითარცა პალატსა შინა, და უფლისა სახლად მიმოხვიდოდი; ხოლო თუცაღა იყავ ყრმაი მცირე, სამისა წლისა ოდენ, გარნა სრულ-ყოფილიცა მადლითა ღმრთისაითა, ვითარცა წინათ-ცნობილი და წინათ-აღრჩეული ღმრთისა მიერ უწინარეს სოფლისა დაბადებისა, და მუნ უგალობდი მას: ალილუია.
ახალი, საკვირველი და შესაძრწუნებელი ჰყო შენ მიერ უფალმან, ღმრთივ მიმადლებულო, ოდეს დიდმან მღუდელთმთავარმან ზაქარია, იყოღა-რაი გარეგან თვისა, საიდუმლოითა გამოცხადებითა ღმრთისაითა შეგიყვანა შენ, თვინიერ სჯულისა, იმიერ მის კრეტსაბმელისა მეორისა, კარავსა შინაგანსა, წმიდათა წმიდად წოდებულსა, სადა არა-ხოლო-თუ დედაკაცთა, არამედ მღუდელთაცა არა შეჰგავდა შესლვად, გარნა მხოლოსა მას მღუდელთ-მოძღუარსა ერთგზის წელიწადსა შინა; რამეთუ ჯერ-იყო შენდა, ვითარცა განსულიერებულსა კიდობანსა ღმრთისასა, უწინარეს ჩასახვისა ყოველთა ბუნებათა აღმატებულისა სიწმიდისასა, დადგომად ადგილსა მას სჯულისა კიდობანისა თანად ღმრთისასა, დაფარულად თქუმულსა იერემიაისაგან წინაისწარმეტყველისა, რაითა კვალად აღივსოს დიდებითა ტაძარი უფლისაი. ხოლო ჩვენ, მხედველნი ყოვლადსაკვირველისა ამის შესლვისა შენისა წმიდასა წმიდათასა, გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, წმიდისა წმიდათასა შინა, ვითარცა ცასა ქვეყნიერსა, შესრულო;
გიხაროდენ, წინაშე დიდისა წმიდისა წმიდათასა, ვითარცა საყდრისა ღმრთისასა, წინა-მდგომელო.
გიხაროდენ, რამეთუ თვით ანგელოსნიცა განგიკვირვებიეს ყოვლადდიდებულითა შესვლითა შენითა წმიდასა წმიდათასა;
გიხაროდენ, კაცთა განმახარებელო, რამეთუ დიდებითა აღავსე ტაძარი უფლისაი;
გიხაროდენ, პალატო უშვენიერესო, რომელსა შინა სამკვიდრებელსა წმიდისა სამებისასა ჰყოფს ყოვლად-არსმყოფი;
გიხაროდენ, საყდარო უწმიდესო, რომელსა ზედა ხორცთა შინა მყოფსა ეგულების ჯდომად ყოვლად-ღმრთაებრივსა.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
საკვირველ არს ჩასახვა და შობაი შენი; საკვირველ არს და ყოვლადდიდებულ სახე აღზრდისა შენისა, სძალო ღმრთისაო, ეგრეთვე შეყვანა შენი საკურთხეველსა ტაძრისასა და მარადის ლოცვასა დგომაი და სხუანიცა ყოველნი, რაიცა იყო შენ თანა: რამეთუ მსთუად განთიად თვით მესამედ ჟამადმდე ყოველთა დღეთა შინა იდექ ლოცვად შინაგან საკურთხეველსა, და შემდგომად ამისა სხუათა ქალწულთა თანა ხელ-საქმითა იწურთიდი თავსა კარიბჭესა შინა ტაძრისასა, ხოლო მეცხრე ჟამითგან კვალად ტაძარსა შორის წმიდასა წმიდათასა ლოცვითა იყავ წინამდგომარედ ღმრთისა ზრახვათა შორის ღმრთაებრივთა და სწავლითა საღმრთოთა წერილთა, ვიდრე-ღა მოვიდოდის ანგელოსი უფლისაი მზრდელად შენდა საზრდოითა ზეცისაითა. ამისთვის, განკვირვებულნი ესევითარისა ანგელოსთ-მიმსგავსებულისა ცხოვრებისათვის, ჩვენცა ვუღაღადებთ ღმერთსა, რომელმან ესრეთ სათნო-იყო შენთვის: ალილუია.
ყოვლითურთ გაკურთხა შენ, მყოფი ტაძარსა, ყოვლადწმიდამან სულმან, წმიდაო ქალწულო. და რაითა არა შეგხებოდა შენ არარაი ბიწისაგან ქვეყანისა, საზრდოებდი საზრდოითა ზეციურითა და უხრწნელითა, ხოლო რომელსა მოგცემდენ საზრდოსა ქვეყნიერსა, ურიგებდი გლახაკთა და მწირთა. და ესრეთ მიიღებდი რა ანგელოსისაგან პურსა ზეცისასა ყოველთა დღეთა შინა, წარემატებოდი სიბრძნითა და მადლითა, სახარულევანი სხეულითა და სულითა, რაითა დაუტევნელი სიტყუაი ღმრთისაი დაიტიო. და გყვანდა მთავარანგელოსი გაბრიელი განუშორებელად მფარველად ქალწულებრივისა სიწმიდისა შენისა, რომელი სხვათა ანგელოსთა თანა ღმრთისათა ნიადაგ გევლინებოდა შენ, განგაძლიერებდა ღვაწლთა შორის სულიერთა, ლოცვასა და მარხვასა, სიმშვიდესა და სიმდაბლესა შინა და სიყვარულითა უბნობდა შენ თანა და განგიცხადებდა წინად-საუკუნოსა განზრახვასა და განჩინებასა ღმრთისასა შენთვის, რაითა განმზადებულ იყო მიღებად ღმრთისა, მღაღადებელი შენდა მომართ ესრეთ:
გიხაროდენ, გამოუთქმელთა საღმრთოთა საიდუმლოთა ყოვლადსაკვირველო – აღსრულებაო;
გიხაროდენ, წინადსაუკუნოისა ღმრთაებრივისა განზრახვისა ყოვლად-სასწაულებრივო სრულ-ყოფაო.
გიხაროდენ, ზეციურითა პურითა ანგელოსისაგან გამოუთქმელად ზარდულო;
გიხაროდენ, მადლითა ღმრთისაითა ცათაგან მიწვდომელად განძლიერებულო.
გიხაროდენ, რამეთუ წმიდასა შინა წმიდათასა მიგეგებვიან და მიგიქვამენ შენ ქერუბიმნი მრავალთუალნი;
გიხაროდენ, რამეთუ შენ თანა მარადის უბნობენ სერაბიმნი მრავალფრთოვანნი.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
ყოველი ანგელოსებრი ბუნება ჰკვირობდა ყოვლად დიდისა სიმშვენიერისათვის ქალწულებისა შენისა, ყოვლადწმიდაო ასულო, რამეთუ შენ ანგელოსთა თანა ღმრთისათა მყოფობდი წმიდასა შინა წმიდათასა და თავადვე ისურვე მარადის ცხოვრებად სიწმიდესა შინა ანგელოსთასა და ვნება-შეუმთხვეველსა შენსა ქალწულებასა. ამისთვის პირველმან სოფელსა შინა მიეც ღმერთსა აღთქუმაი ქალწულებისა და დაიწინდე თავი მარადის მსახურებისათვის ღმრთისა სიწმიდითა ქალწულებისაითა და სძლად ექმენ მას, რაითა სულისა წმიდისა მიერ განმზადებულ იქმნე სიწმიდითა და უხრწნელებითა სამკვიდრებელად სიტყუისა ღმრთისასა, მგალობელი მისა მიმართ დღისი და ღამე: ალილუია.
ღმრთივ მეტყეველნი რიტორნი ვერ შემძლებელ არიან თქუმად სიტყუათა, რაითა განგვიცხადონ ჩვენ საიდუმლოი შენისა მყოფობისა ტაძარსა შინა სიწმიდითა ქალწულებისაითა, ღმრთისმშობელო. რამეთუ იზარდებოდი რაი ჰასაკითა, დღითი დღედ განმტკიცნებოდი სულითა და ღვაწლთა შორის წარემატებოდა ცხოვრებაი შენი: ვითარმედ შრომისა მოყვარებითა განამრავლებდი ლოცვასა, ხვიდოდი ძალითი ძალად, ვიდრემდის ძალი მაღლისაი გფარვიდა შენ, რამეთუ განამრავლებდა შორის შენსა ნიჭთა სულისა წმიდისათა, და ვითარ გმატდა ჰასაკი, უფროისად იწურთიდი თავსა ლოცვათა შინა, ეგრეთვე ხელსაქმესა შინა, და სრულად ღამეთა ლოცვითა განლევდი ანგელოსთა თანა მეორისა კრეტსაბმელისა იმიერ; ამისთვის განკვირვებითა და სიხარულითა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, წმიდათა წმიდათასა უწმიდესო ქალწულო, რომელმან უბიწო ქალწულება შენი შესწირე ღმერთსა;
გიხაროდენ, სულისა წმიდისა უწმიდესო პალატო, ქრისტეს სამკვიდრებელად თავისა შენისა განმამზადებელო.
გიხაროდენ, კარებო ზეციურო, ტაძარსა, ვითარცა ცათა შინა, ცხოვრებულო;
გიხაროდენ, მთაო პოხილო სულისა წმიდისაგან, საკურთხეველსა შინა ყოველთა სათნოებათა მიერ აღყუავებულო.
გიხაროდენ, რომელსა ანგელოსნი ღმრთისანი ერთგულად გმსახურებენ;
გიხაროდენ, რომელსა ყოველნი მართალნი მორწმუნენი მარადის გადიდებენ.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
ცხოვნებისა ჩვენისა გაზაფხული სახარულევანი გამოუბრწყინდა ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა შენისა ყოვლადდიდებულისა ტაძრად მიყვანებისათვის, ღმრთისმშობელო. წერილნი თანაწარხდებოდიან და სჯული მოაკლდებოდის, ვითარცა აჩრდილი, ოდეს ტაძრად შეხვიდოდი შენ, ქალწულო უბიწოო, რომელი ნათელსა მადლისასა ყოველთა გამოუბრწყინებ, განმანათლებელო სულთა და ზრახვათა ყოველთა კაცთა, უცნობლობისა ბნელსა შინა მყოფთა. ამისთვის განიხარებს ცაი და ქვეყანაი, და ესე ცაი მომავალი გონიერი მხედველი ამისა, დასი ანგელოსთაი და სიმრავლე კაცთაი ღაღადებს: ტაძრად მიიყვანების სიხარული და ხსნა ყოველთა მღაღადებელთაი ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ზღუდე ხარ ყოველთა ქალწულთათვის, მოსაგრეთა სავანეთა შინა სიწმიდითა ქალწულებისაითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, რათგან მიეც რა ღმერთსა ტაძარსა შინა აღთქუმაი ქალწულებისაი, საკვირველად დაიმარხე იგი და შემდგომად ათორმეტთა წელთა, ოდეს სხვანი ქალწულნი, ცხორებულნი ტაძარსა ღმრთისასა, დაეწინდვიან მეუღლეობასა ჩვეულებისაებრ სჯულისა, გამოაცხადე შენ საიდუმლოი იგი აღთქუმისა შენისაი, და ამისთვის მიცემულ იქმენ დამარხვად ქალწულებისა შენისა მოხუცებულსა იოსებს, ღმრთივ-მინიშნებულსა აღფრენითა ტრედისაითა კვერთხისაგან მისა. და ესრეთ შემოსილი ყოვლითა სიკეთითა ქალწულებისაითა, ვითარცა სძალი ღმრთისა, შენ ყოველთა, აღმასრულებელთა მსახურებისა მათისა სიწმიდესა შინა, მოანიჭებ მადლსა მშვიდისა და მდუმარისა სულისა შენისასა, მყუდროებასა შენსა, სიმდაბლესა, მორჩილებასა და გამოუთქმელსა მას სისპეტაკესა, რაითა ყოველნი, შენ მიერ ცხოვნებადნი, მადლიერებით გიგალობდნენ შენ გიხაროდენსა ესრეთ:
გიხაროდენ, ლოცვათა შინა ტაძარსა უფლისასა დაუძინარო, არა დაგვიტეო ჩვენ დაძინებად ცოდვათა შორის ჩვენთა;
გიხაროდენ, მდუმარებასა და განმხოლოებასა შინა მყოფო წმიდასა წმიდათასა, – ღირს-გვყავ ჩვენცა მყოფობად მყუდროებასა შინა მაცხოვნებელსა.
გიხაროდენ, ანგელოსთა თანა საკურთხეველსა ტაძრისასა მარადის თანამზრახველო, – გვასწავლე ჩვენცა სმენად სიტყუათა მათ ძალთა უხორცოთა;
გიხაროდენ, უბიწოთა ქალწულთა თანა ტაძარსა შინა თანამცხოვრებო, – შეგვეწიე ჩვენ, რაითა ქალწულებითა და სიწმიდითა აღვასრულოთ ცხოვრებაი ჩვენი.
გიხაროდენ, განსულიერებულო ტაძარო ღმრთისა ცხოველისაო, – ტაძრად სულისა წმიდისა გვქმენ ჩვენ;
გიხაროდენ, პალატო ყოვლადპატიოსანო და უაღმატებულესო ყოვლისა კეთილმოქმედებისაო, – განგვამტკიცე ჩვენ ყოველთა შორის ნიჭთა სულისა წმიდისათა.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
გალობათა ყოვლად-ლმობიერთა გალობითა არასოფლიურითა მოგიძღვნიან შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, წმიდანი ანგელოსნი, რომელნი ემსახურებიან ქალწულებრივსა მიყვანებასა შენსა ტაძრად და მხიარულ-ჰყოფენ ყოველთა, და ზეციერნიცა სხუანი ძალნი თანა-უგალობენ მათ ხმითა საკვირველითა, რამეთუ მსახურებად ღმრთისა შეხუალ ტაძარსა უფლისასა, ხოლო მათ თანა ქვეყანასაცა ზედა გალობათა კაცობრივთა გიგალობენ შენ ქალწულთა დასნი უფლისანი, რომელნი ფსალმუნთ-გალობასა შემოგწირვენ და პატივ-გყოფენ შენ, დედასა მისსა. ხოლო მათ თანავე ჩვენცა ღირს-გვყავ, დედუფალო, წმიდითა გონებითა და შეუბილწავითა ბაგითა ვუგალობდეთ ღმერთსა პატიოსანისა მიყვანებისათვის შენისა ტაძრად მისად: ალილუია.
ნათლისა მიმღებელ ლამპრად გამოგვიბრწყინდი ჩვენ, ღმრთისმშობელო, ოდეს მოხვედ ტაძარსა უფლისასა, სიხარულსა უაღმატებულესსა გამოგვინათებდი მუნით და წმიდასა მას წმიდათასა შინა ლოცვითა მნთებარებდი, ვინაით განაბრწყინე ზეციურითა სისპეტაკითა ყოველი სოფელი, შთაფლული ცოდვისა წყვდიადსა, რაითა ჩვენცა, ლამპართ-მტარებელთა ქალწულთა თანა, რომელნი ნათლად თანაგივიდოდიან შენ დიდებითა ტაძარსა მას უფლისასა, გჭურეტდეთ შენ სიხარულითა დიდითა გაბრწყინებულსა სიწმიდესა შინა სულისასა და სხეულისასა, და გიგალობდეთ შენ ქებათა ესრეთ:
გიხაროდენ, ლამპარო დაუშრეტელო, საკურთხეველსა შინა უფლისასა აღნთებულო, რომელსა თანა-გივიდოდიან ქალწულნი ლამპართ-მზიდველნი;
გიხაროდენ, ცისკარო დაუღამებელო, ყოვლისა სოფლისა განმაბრწყინვებელო, რომელსა ნათლისა ანგელოსნი მიგეგებვიან ტაძარსა.
გიხაროდენ, მნათობო ზეციურისა დიდებისაო, რომელმან სპეტაკი ნათელი გამოუნათე ტაძრით ყოველთა;
გიხაროდენ, პალატო მადლისა ღმრთისაო, პურისა სიტყვიერისა ანგელოსისა ხელთაგან მიმღებელო.
გიხაროდენ, რომელი ყოფად ნათლისა მომავალისა იყავ და ხარ, რომელი წმიდითა ნათლითა შენითა განგვანათლებ ყოველთა;
გიხაროდენ, დედაო ნათლისა მშვიდისა და მბრწყინვალისაო, რომელი ტფილითა ლოცვითა შენითა ნუგეშინის-გვცემ ყოველთა.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
იყავ რაი საღმრთოისა მადლისა ახალი და განსულიერებული კიდობანი, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელსა შინა, ნაცვალად გრძნობიემიერისა მის მანანაისა და ნივთიერთა მათ ფიცართა სჯულისათა, დატევნულ იქმნენ უნივთონი იგი და დაულევნელნი საბოძვარნი ღმრთისანი, ღირსად შეხვედ, ვითარცა ხორციელად დამტევნელი დაუსაბამოისა მის სიტყუისა, წმიდასა წმიდათასა, სადა-იგი გმსახურებდენ შენ ძალნი ზეცათანი, ქერუბიმნი საშინელნი და ფრთეთა მიერ თვისთა გაგრილობდენ შენ სერაბიმნი, სიყვარულითა მგზნებარენი, საყდარნი და უფლებანი, დასაბამნი, ძალნი და ხელმწიფებანი, და სადა მოგეახლებოდიან და შემოგივრდებოდიან შენ მთავარანგელოსნიცა და ანგელოსნი, მღაღადებელნი შენ მიერ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ვუგალობთ რაი ყოვლადპატიოსანსა მიყვანებასა შენსა ტაძრად, ღმრთისმშობელო, ყოველნი ვაქებთ ყოვლადსაკვირველსა მყოფობასა შენსა წმიდასა წმიდათასა ანგელოსთა თანა და საზრდოობასა პურითა ზეციურითა, თაყვანის-ვსცემთ ანგელოსთასწორსა ქალწულებრივსა სოწმიდესა შენსა, ღმრთისმშობელო, და გურწამს, ვითარმედ მოხვედ სახლისაგან ქვეყნიერისა სახლად ღმრთისად ვითარცა მსხვერპლი უბიწო, ვითარცა ძღვენი განწმედილი და კურთხეული დაწინდვად ქალწულებისა შენისა სიძესა ზეციერსა, რაითა განმზადებულ იქმნე უხრწნელისა და წმიდისა შობისათვის ქრისტესა სამკვიდრებელად ღმრთისა. ამისთვის, ვითარცა გურწამს ესე, გიღაღადებთ შენ გიხაროდენსა ამას:
გიხაროდენ, ტერფთა მიერ ყოვლადწმიდათა ფერხთა შენთასა უფლის ტაძრისა განმწმენდელო;
გიხაროდენ, ღმერთის სამკვიდრებელისა ცოდვილთა შებილწვისაგან განმბანველო.
გიხაროდენ, წმიდასა ტაძარსა შინა თავყანის-ცემისა ზენაარ ძალთაგან მიმღებელო;
გიხაროდენ, წმიდასა წმიდათასა, ვითარცა ცათა შინა, ღმრთისა საყდარსა წინამდგომელო.
გიხაროდენ, მშვენიერო ასულო, გამოსლვითა სახლისაგან მამისა შენისათა და ტაძრად შესლვითა შენისა საღმრთოისა მშვიდობისა ყოვლისა სოფლისათვის მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ახალო ტრედო, რომელმან ტაძრად შესლვითა შენითა ქვესკნელსა მყოფთა მართალთა სასოებაი პირველმან მიჰმადლე.
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
ჰოი, ყოვლადქებულო ყრმაო ასულო საღმრთოო, მოსრულო ტაძრად უფლისად, რაითა წმიდასა წმიდათასა შინა აღიზარდებოდე სამკვიდრებელად ღმრთისა, შეიწყნარე აწ ესე მსხვერპლი ჩვენისა ქებისაი, მოძღვნილი ყოვლად პატიოსნისა მიყვანებისათვის ტაძრად და გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა, განსაცდელისა და საცთურთა მტერისათა; განგვწმიდე ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა ხორცთა და სულისა და აღსასრულადმდე ჩვენისა დაგვიცევ ჩვენ კეთილკრძალულებასა და სიწმიდესა შინა, რაითა განწმედითა და კურთხევითა შენმიერითა ღირს-ვიქმნათ მიყვანებად სამოთხისა სავანეთა ბრძენთა ქალწულთა თანა, რაითა მათ თანავე ვუგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა შენ მიერ: ალილუია.
(კონდაკი ესე წარიკითხვის 3-გზის)
დასნი მთავარანგელოსთანი და ანგელოსთანი ზეცისა სიმაღლეთაგან მოვიდოდიან ხილვად დიდებულისა შენისა მიყვანებისა ტაძრად უფლისასა, ჰოი ღმრთისმშობელო, და ერთობით ქვეყნიერთა სპეტაკთა ქალწულთა დასისა თანა, გონიერი დასი იგი არახილულთა და უხორცოთა სულთა მხლებელად თანა-გივიდოდა სიხარულითა დიდითა, ყოვლად წმიდაო ქალწულო, და ვითარცა ჭურჭელსა ღმრთისასა გარს-გევლებოდა ბრძანებითა უფლისაითა; ხოლო უკუეთუ არა ხედვიდა ძალსა საიდუმლოსა შენისასა, ვითარ გმსახურებდა შენ ვითარცა დედუფალსა თვისსა?! ამისთვის გხედვიდა რაი შენ აღსავსესა გამოუთქმელითა სიწმიდითა ზეცისაითა და ყოველსაცა მას, რაიცა ყოფად იყო შენ მიერ, შეძრწუნდებოდა შიშითა დიდითა და გიგალობდა შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლად-სახარულევანო ქალწულო, რომელსა დედად მეუფისად გეგულებოდა ყოფად;
გიხაროდენ, წინათ-პატივდებულო დედუფალო, ტაძრად მეუფისათა მიმავალო საცხოვრებელად;
გიხაროდენ, მამა ღმერთისა ასულო, რჩეულო და ყოვლად ზეაღმატებულო;
გიხაროდენ, სიტყუა ღმერთისა დედაო, საუკუნითგან წინაისწარღაღადებულო;
გიხაროდენ, სძალო ყოვლადწმიდისა სულისა ღმრთისაო, ქორწილისა გამოუცდელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქმნილებისათვის – ხილულთა და არახილულთა დედუფალო ყოვლად სანატრელო;
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
წინადსაუკუნოდ აღრჩეულსა მეუფისა მიერ, ასულსა ყრმასა ღმრთისასა მარიამს, დედუფალსა ანგელოსთასა და კაცთასა, ოდესმე მოსრულსა უფლისა - ტაძრად წმიდასა წმიდათასა, დაწინდვად ქალწულებისა შენისა სიძისა ზეციერსა და აღსაზრდელად სამკვიდრებელისა ღმრთისასა, თაყვანისცემასა და ქებასა ღირსად-საფერსა გულსმოდგინედ შემოგწირავთ შენ. ხოლო შენ, ვითარცა ხარ მრავლისა შემძლე ხელისაღმპყრობელი ჩვენი, ყოველთაგან განსაცდელთა და მწუხარებათა განგვათავისუფლენ ჩვენ, რაითა სიყვარულითა და გულითა ლმობიერითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო ყრმაო ასულო მარიამ, ტაძრად შესლვითა შენითა სამოთხისა კარისა ჩვენთვის განმღებელო.
ჰოი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, დედუფალო ცათა და ქვეყანისაო, უწინარეს საუკუნეთა წინათ-აღრჩეულო - სძალო ღმრთისაო, უკუნასკნელთა ჟამთა ტაძრად სჯულისად მოსრულო დაწინდვისათვის სიძისა მიმართ ზეციერისა! შენ დაგიტევებიეს თვისნი შენნი და სახლი მამისა შენისა, რაითა მსხვერპლად წმიდად და შეუგონებელად მიუძღვანო თავი შენი ღმერთსა, რამეთუ პირველმან მიეც მას აღთქუმაი მარადისა ქალწულებისაი. აწ მოგვეც ჩვენცა ძალი, რაითა შევიკრძალოთ თავნი უბიწოებასა და სიწმიდესა შინა შიშითა ღმრთისაითა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა და რაითა ვიქმნნეთ ტაძრად სულისა წმიდისა; უფროისღა შეეწიე მცხოვრებთა სავანეთა შინა, რომელთა დაუწინდვიეს თავნი თვისნი მსახურებად ღმრთისა, რაითა მობაძავნი შენნი იყვნენ და შეუძლონ სიწმიდითა ქალწულებისაითა განსლვად ცხოვრებისა თვისისა, სიჭაბუკითვე აღებად სახიერი და სუბუქი უღელი ქრისტესი და დამარხვად წმიდად აღთქმანი თვისნი. შენ, ყოვლადუბიწოო, ყოველნი დღენი სიყრმისა შენისანი ტაძარსა შინა უფლისასა განგილევიეს, შორს საცთურთაგან ამა სოფლისათა, მარადითა მღვიძარებითა, ლოცვითა და ყოვლითა შეკრძალვითა სულისაცა და სხეულისაცა; აწ შეგვეწიე ჩვენცა, რაითა განვერნეთ ყოველთა საცთურთა და განსაცდელთა, მოწევნულთა ჩვენ ზედა ხორცთაგან ამათ, სოფლისაგან და ეშმაკისაგან სიჭაბუკით ჩვენით, და რაითა ვსძლიოთ მათ ლოცვითა და მარხვითა და ვითარცა შენ, მყოფობითა ტაძარსა უფლისასა ანგელოსთა თანა, შემკულ იქმენ ყოვლითა სათნოებითა, უფროისღა სიმდაბლითა, მორჩილებითა, სიწმიდითა და სიყვარულითა და ღირსად აღიზარდებოდი, რაითა განიმზადო თავი თვისი დატევნად ხორცითა დაუტევნელისა მის სიტყუისა ღმრთისასა, აწ ჩვენცა ღირს გვყავ, დედუფალო, შეპყრობილნი ესე ამპარტავნებითა, თავშეუკავებლობითა და მცონარებითა, შემოსად ყოვლისა სრულყოფილებისა სულიერისა, რაითა განვიმზადოთ სულისა ჩვენისათვის სამოსელი საქორწინე და ზეთი ქველის-საქმეთა ჩვენთა; რაითა არა ვიპოვნეთ მძინარენი და განუმზადებელნი ჟამსა მას მიგებებისა უკუდავისა სიძისა ჩვენისა – ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა ქრისტე მაცხოვარისა; რაითა შეგვიწყნაროს ჩვენცა, ბრძენთა მათ ქალწულთა თანა, სავანეთა შინა სამოთხისათა, სადა-იგი ღირს-ვიქმნებით მარადის ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა და შენსა ყოვლადწმიდასა მეოხებასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი:
დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოისა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად, გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსრულებაო.
კონდაკი:
ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვარისა, მრავალპატიოსანი იგი ქალწული, სამღვდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათაი.
კონდაკი, ხმა 2:
„აჰა ესერა მოვიდოდიან მეუფისა ქალწულნი კვალად მისა, მოყუასნი მისნი მოიყვანნიან მას შენდა, მოიყვანნიან მხიარულებითა და სიხარულითა, შემოიყვანნიან ტაძარსა მეუფისასა“
დიდებისმეტყველებაი:
გაქებთ და გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივ რჩეული ყრმაო ასულო და თავყანის-ვსცემთ მიყვანებასა შენსა ტაძრად უფლისად.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.