ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კონდაკი 1
ღმრთივ რჩეულო სასწაულთმოქმედო და ყოვლად-საკვირველო სათნო-მყოფელო ქრისტესო, ღირსო მამაო საბა, მანათობელო ლამპარო მართლმადიდებელისა მსოფლიოისაო და მარადის ჩვენთვის ტფილო მლოცველო წინაშე ღმრთისაო! აწ ჩვენცა მადლობით ვადიდებთ განმადიდებელსა შენსა უფალსა და სიყვარულითა ვაქებთ ანგელოსებრსა ცხოვრებასა შენსა. ხოლო შენ, ვითარცა დიდისა კადნიერებისა მქონებელმან წინაშე უფლისა, ყოველთა ჭირთა, განსაცდელთა და უბედურებათაგან განგვათავისუფლენ ჩვენ, რაითა დიდითა სიხარულითა გხადოდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
იკოსი 1
ანგელოსთა შემოქმედმან და ყოვლისა ქმნილებისა დამბადებელმან სიყრმითგან შენით გამოგირჩია შენ, ღირსო მამაო, განმადიდებელად სამბრწყინვალებითისა სახელისა მისისა, რამეთუ ოდენ რვაისა წლისამან შობითგან მოიძაგე შენ ყოველი შუენიერება განხრწნადისა სოფლისა ამის და მიხვედ წმიდასა სავანესა, სადა-იგი ვითარცა ქვეყნიურმან ანგელოსმან ღვთის-სათნოდ იწყე მოსაგრეობა. ამისთვისცა დაიმკვიდრა შენ თანა მადლმან ყოვლადწმიდისა სულისამან, რომლისა მოქმედებითა ნათლად შემკულმან, ანგელოსთა მსგავსი ცხოვრება გამოაჩინე. ამისთვის ჩვენცა, მხილველნი დიდისა განმართლებისა შენისა, სიყვარულითა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, კეთილმსახურთა მშობელთა ღმრთივ კურთხეულო ნაყოფო.
გიხაროდენ, კაპადუკიისა ქვეყანისა წმიდაო შემკულებაო.
გიხაროდენ, პალესტინისა მიწა-წყალისა და ქალაქისა იერუსალემისა მანათობელო კანდელო.
გიხაროდენ, იორდანესა უდაბნოსა შინა ანგელოსთა თანა დამკვიდრებულო.
გიხაროდენ, რამეთუ სიყრმითგანვე შენით ყოვლისა უმეტეს ქრისტე შეგიყუარებიეს.
გიხაროდენ, რამეთუ ცხოველ მსხვერპლად შეგიწირავს უფლისათვის თავი თვისი.
გიხაროდენ, ქრისტეს სახარებასა გულსმოდგინედ შედგომილო.
გიხაროდენ, უფლის მცნებათა სარწმუნოო აღმსრულებელო.
გიხაროდენ, რამეთუ სიჭაბუკითგან შენით უღელსა ქრისტესსა მოუდრიკე ქედი.
გიხაროდენ, რამეთუ განხრწნადსა სილამაზესა და ქვეყნიურსა სიტკბოებასა არარად შერაცხვიდი.
გიხაროდენ, ღმრთაებრივითა გონიერებითა აღვსილო.
გიხაროდენ, მადლითა სულისა წმიდისაითა დაჩრდილებულო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 2
ხედვიდა რაი ყოვლისმხილველი უფალი კეთილსა ნებელობასა სულისა შენისასა, ღირსო მამაო საბა, რომელი გულსმოდგინედ ემუშაკებოდი მას ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა შენისათა, ჯერეთ სიჭაბუკესავე შენსა განგადიდა ღმრთაებრივითა ძალითა თვისითა: რამეთუ ოდეს ძმათა სიყვარულისათვის ცეცხლით აღგზებულსა ღუმელსა შეხვედ, სამოსელიცა შენი შეუწველ დაშთა, უვნებელ იქმენ რა ცეცხლისაგან მადლითა ღმრთისაითა. ამისთვის ჩვენცა, განმადიდებელნი ქრისტესი, მეუფისა დიდებისასა, რომელი განადიდებს ყოველთა მადიდებელთა თვისთა, სიხარულით ვუღაღადებთ მას: ალილუია.
იკოსი 2
განათლებულისა გონებისა მქონებელი ღმრთისაგან, მარადის გულისხმა-ჰყოფდი შენ, ღირსო მამაო, საცთურთა ეშმაკისათა: რამეთუ ოდეს მაცთუნებელი კაცთა მოდგმისა გამოგცდიდა და აღგძრავდა გემებად ნაყოფისა ხისასა უწინარეს კურთხევისა მოძღვრისასა, მყის მოგეხსენა შენ პირველმშობელნი ჩვენნი, რომელნი გემებითა აკრძალულისა ნაყოფისათა ცთუნდნენ სამოთხეს. ამისთვის დააგდე შენ ნაყოფი იგი ქვეყანასა ზედა და ფეხით დასთრგუნე, ხოლო თავსა თვისსა მცნებად დაუდე თვით სიკუდილადმდე არა გემებად ნაყოფისაგან ამის, და ესრეთ შემუსრე თავი ძველისა მის გუელისა. ამისთვის შეიწყნარე ჩვენგანცა ქებულებანი ესრეთ:
გიხაროდენ, სიჭაბუკითვე შენით მმარხველისა ცხოვრებისა გამომაჩინებელო.
გიხაროდენ, სათნოებათა სიმაღლეთ ღირსეულად მიწევნულო.
გიხაროდენ, მონოზონებრივისა ცხოვრებისა და წეს-დებულებისა გულსმოდგინეო აღმსრულებელო.
გიხაროდენ, მამათა გადმოცემათა მოშურნედ დამცველო.
გიხაროდენ, რამეთუ ძმისა სიყვარულისათვის აღგზებულსა ცეცხლსა შორის ღუმელისასა შეხუედ.
გიხაროდენ, რამეთუ ძალითა ქრისტეს მადლისათა შეუწველი გამოხუედ ცეცხლისაგან მის.
გიხაროდენ, სრულითა მორჩილებითა უფლისა ღმრთისა მიმართ შემოსილო.
გიხაროდენ, ძველისა დამაბრკოლებელისა ჩვენისა გველისა თავის დამთრგუნველო.
და გიხაროდენ, უვნებელობისა სიმაღლეთ საკვირველად აღსრულო.
გიხაროდენ, დემონთა მზაკვარებათა საბოლოოდ მძლეველო.
გიხაროდენ, სახიერისა უღლისა ქრისტეისსა ქედსა ზედა შენსა დამდებელო.
გიხაროდენ, საღმრთოისა სჯულისა ყოვლითა სულითა შენითა მარადის მეძიებელო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 3
ძალი მაღლისა, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა ქვეყანად და უჩვენებს გზათა წრფელთა, მარადის დაგმოძღურიდა შენ, ღირსო მამაო საბა, და წინა-გიძღოდა მიწევნად წმიდისა ქალაქად იერუსელეიმისა, სადა-იგი თაყვანის-სცემდი ცხოველსმყოფელსა საფლავსა მკუდრეთით აღდგომილისა ქრისტესი და, ცრემლთა-ღვრით ამბორის-მყოფელი მისი, მადლობით უგალობდი საგალობელსა ამას: ალილუია.
იკოსი 3
გაქუნდა რაი ფრიადი მოშურნეობა მონოზონებრივისა ღვაწლისათვის და მოციქულებრივისა ცხოვრებისა, იგულსმოდგინე შენ მისლვად იორდანესა უდაბნოსა, სადა-იგი მოძღურად შენდა ჰპოვე დიდი ეპიფანე, რომლისა ცხოვრებასა ღირსეულად მოშურნეობდი, და ესრეთ წმიდასა იოანესა, ქრისტეს ნათლისმცემელსა, ემსგავსე ღვაწლთა შორის შენთა. ხოლო ჩვენ, განკვირვებულნი სიმდიდრეთათვის სათნოებათა შენთა, გულსმოდგინედ გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოველთა უხორცოთა ძალთა ზეცისათა ცხოვრებისა გულსმოდგინედ მოშურნეო.
გიხაროდენ, დიდთა ღვაწლთა ძველთა წმიდათა მამათა ღირსეულად მიმბაძველო.
გიხაროდენ, იორდანისა უდაბნოისა მადლმოსილო აღმომწვანილებაო.
გიხაროდენ, წმიდისა ცხოვრებისა კეთილსურნელებით მფშვინავო.
გიხაროდენ, რჩეულო ჭურჭელო ქრისტეს მადლისაო.
გიხაროდენ, უდაბნოისა განდეგილისა ცხოვრებისა უფროსად ყოვლისა შემყვარებელო.
გიხაროდენ, ვნებათა ღვარძლისა დაუღალავო აღმომფხურელო.
გიხაროდენ, თვით სიჭაბუკითგან შენით სიბრძნითა ქრისტესითა განათლებულო.
გიხაროდენ, სულისა და ხორცთა სისპეტაკისა დაუღალავო მოშურნეო.
გიხაროდენ, გონიერისა მღვიძარებისა დაუძინარო შემკრძალავო.
გიხაროდენ, სათნოებათა კიბითა ზეციურთა სავანეთ მიწევნილო.
გიხაროდენ, მსგავსო უდაბნოთა შორის აღყუავებულისა ზეთისხილისა ხისაო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 4
ღელვატეხილთა ზრახვათა და ვნებათა ქარბობალა შინაგანსა შენსა უჭირველად განლიე, ღირსო მამაო საბა, და მყუდროსა სავანესა ქრისტესსა მიხვედ, რომელსა მყოვარ-ჟამ გულსმოდგინედ ემუშაკებოდი ყოვლითა სულგრძელებითა შენითა, და მუნით მადლითა ქრისტესითა აღმავალმან ძალითი ძალად, საქმეთაგან ჭეშმარიტსა ჭურეტასა ღმრთისასა მიიწიე ზეციურსა სიონს, სადა-იგი აწ ანგელოსთა თანა მარადის უგალობ წმიდასა სამებასა გალობასა ზეცისასა: ალილუია.
იკოსი 4
ოდეს ესმოდა საკვირველნი დამოძღვრანი შენნი, რომელთა არა ხოლო თუ სიტყვითა, არამედ საქმითაცა ღვაწლთა შენთა გამოავლინებდი, შორით მოვიდოდიან შენდა მრავალნი მწყურვალენი ცხოვნებისანი, რომელთა ფრიად ჰსუროდა ბაძვად სათნოებათა შენთა. ხოლო შენ, ღირსო მამაო, სიბრძნით დაჰმოძღურიდი მათ და ცათა სასუფეველისა მიმართ წარმართავდი ცხოვრებასა სარწმუნოებით მომლტოლვარეთა შენდა, რამეთუ ნანდვილ ლამპრად მართლმადიდებლობისა იქმენ შენ ყოველთათვის, რომელნი სასოებენ ქრისტესა და მშვიდობასა მისსა. ამისთვის ჩვენცა, ყოველნი მორწმუნენი და მოყვარენი შენნი, სიყვარულით გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მოძღვარო ბერმონაზონთაო.
გიხაროდენ, კეთილო მწყემსო ცხოვართა ქრისტესთაო.
გიხაროდენ, სარწმუნოო წინამძღვარო ცხოვნების მოსურნეთაო.
გიხაროდენ, საკვირველო დამმოძღურებელო ყოველთა მმარხველთაო.
გიხაროდენ, დაცემადთა ძლიერო აღდგინებაო.
გიხაროდენ, მართლიად მდგომარეთა ჭეშმარიტებასა შინა განმტკიცებაო.
გიხაროდენ, ქრისტეს სახარებისა გულსმოდგინეო და მორჩილო აღმსრულებელო.
გიხაროდენ, მონოზონებრივისა ცხოვრებისათვის ყოველთა მოსურნეთა კეთილად დამმოძღურებელო.
გიხაროდენ, რამეთუ ცეცხლითა ლოცვისაითა დასწვავდი შენ მწარეთა ისართა მტერისათა.
გიხაროდენ, რამეთუ ჯერეთ ხორცთა შინა მყოფი წინათ-გემულობდი სიტკბოებათა სამოთხისათა.
გიხაროდენ, მარადის უდაბნოისა მკვიდრო და სოფელსა შინა ხორცთა შინა მყოფო ანგელოსო.
გიხაროდენ, ყოვლისა სამყაროისა მანათობელო ლამპარო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 5
ღმრთივ მდინარ ვარსკულავსა ემსგავსე შენ, ნეტარო საბა, თავმდაბლობითა შენითა ამაღლებულო, და ზეციურ სავანეთა შორის შესრულო, რომელი ყოველთა მორწმუნეთა გვასწავლი სიბრძნესა ზეცისასა და არა ქვეყნისასა, განშორებასა ვნებათაგან, ცხოვრებასა ქრისტესა თანა და გალობასა გულის სიღრმითგან ჩვენისა მისა მიმართ: ალილუია.
იკოსი 5
გხედვიდეს რაი მოწაფენი შენნი მოძღვარსა ყოვლად-ბრძენსა და ნიშითა ზეციურითა მადლმოსილსა, განკვირდებოდეს ფრიად და სწადოდა ბაძვად ღმრთივსათნოისა ცხოვრებისა შენისა, რამეთუ ვითარცა სხივთაგან ნათლისა მზისა სიმართლისასა გამობრწყინდა ცხოვრება შენი და საკვირველად გაანათლა ყოველი ქვეყანა. ამისთვის გესმოდა შენ ყოველთაგან მორწმუნეთა გალობანი ქებულებისანი ესრეთ:
გიხაროდენ, ვარსკულავო აღმოსავალისაო ოქრობრწყინვალეო.
გიხაროდენ, ანგელოსთა ზეცისათა მარადის თანა-მზრახველო.
გიხაროდენ, მმარხველთა ყოველთა ქებულებაო.
გიხაროდენ, განმხოლოებულთა მრავალთა დიდებაო.
გიხაროდენ, მოძღვარო თავმდაბლობისა და კეთილკრძალულებისაო.
გიხაროდენ, მისაბაძო ხატო სიმშვიდისა და მორჩილებისაო.
გიხაროდენ, რამეთუ სიღრმეთა სიგლახაკისა სულიერისათა მიმთხვეულ იყავ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ სიმაღლეთა სათნოებათასა ღმრთივმიწევნულ იქმენ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ გზა საუკუნოისა ცხოვრებისა მიმართ ნანდვილ მოიპოვე შენ.
გიხაროდენ, რამეთუ განმართლებებითა შენმიერითა უხორცონი ძალნი ყოვლადვე განაკვირვე შენ.
გიხაროდენ, მრავალთა სულთა ქრისტესად შემაუღლებელო.
გიხაროდენ, ერთობით მათ თანა სიხარულსა შინა ქრისტესასა მარადის დამკვიდრებულო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 6
მქადაგებელად და აღმსრულებელად სიტყვათა სახარებისათა გამოსჩნდი და არა დაფარვად საუნჯეთა შენთა ქვეყანასა ზედა, ღირსო მამაო საბა. ამისთვის შვილთაცა შენთა სულიერთა ესრეთ დაჰმოძღურიდი, რაითა ოდენ უფალსა მხოლოსა ეძიებდენ ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა თვისისათა და ყოვლითა გულითა თვისითა მიემთხვიონ მას, განუწყვეტლივ მგალობელნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩვენისა: ალილუია.
იკოსი 6
ღმრთაებრივი ნათელი გამოგიბრწყინდა შენ ჟამსა ერთსა, მლოცველსა ღამესა შინა და სვეტითა ცეცხლოვანითა გიჩვენა, ღირსო მამაო, ხელთუქმნელი კლდოვანი ქუაბი რაიმე, სადა-იგი ტაძარი საკვირველი აღაგე შენ და დიდიცა ლავრა გამართე მუნ, რომელსა შინა ღვთის-სათნო ღვაწლნი და ლოცვითი შრომანი გამოაჩინე. ხოლო ჩვენ, განკვირვებულნი დიდებულებისათვის მადლისა უზენაესისა ღმრთისა, დამკვიდრებულისა შენ შორის, გულაჩვილებულნი ესრეთ გხადით შენ:
გიხაროდენ, რამეთუ ხილვისა ყოვლადზეციურისა ნათლისა საკვირველად ღირს-იქმენ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ კურთხევითა ღმრთისაითა დიდი ლავრა დააფუძნე, სადა-იგი მრავალნი მონოზონნი შემოიკრიბე შენ თანა.
გიხაროდენ, სულიერთა ცხოვართა ზეცისა სასუფეველისა მიმართ კეთილად წარმმართველო.
გიხაროდენ, მრავალთა საკვირველმოქმედებათა მადლითა სულისა წმიდისაითა აღმსრულებელო.
გიხაროდენ, ღვაწლითა ქრისტესმოყვარისა ცხორებისა შენისა მცონართა მოშურნეობად აღმძურელო.
გიხაროდენ, დამწუხრებულთა მსწრაფლ ნუგეშინისმცემელო.
გიხაროდენ, ქრისტეს სახარებისა ღმრთივ-განბრძნობილო მქადაგებელო და ყოველთა დამმოძღურებელო.
გიხაროდენ, გზათა უფლისათა წინათ-მაუწყებელო.
გიხაროდენ, ქრისტეს შეძინებისათვის ყოვლისა ნაგევად შემრაცხველო, რაი არს ქვეყნასა ამას შინა.
გიხაროდენ, უკანმიუქცევლად მარადის ქრისტესა შედგომილო.
გიხაროდენ, სახიერო და სარწმუნოო მონაო უფლისაო.
გიხაროდენ, კეთილო მოქმედო ქრისტეს ვენახისაო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 7
გსუროდა რა ბოლოდმდე ერთგულება იესუ ქრისტესი, ძისა ღმერთისა, რომელმან აღიქვა ცოდვანი სოფლისანი, სიმშვიდე, ურისხველობა, თავმდაბლობა და სისპეტაკე კეთილად დაინერგე გულსა შინა თვისსა, ღმერთშემოსილო მამაო საბა, რომელმან ყოველი მწუხარება, საყვედური და წყენინება სიხარულით დაითმინე, უწყოდი რაი, ვითარმედ - მრავლითა მწუხარებითა ჯერ-არს შესლვად სასუფეველსა ცათასა. ამისთვის ტვირთვითა ჯვარისა ქრისტესითა და დათმენითა მწუხარებათა მრავალთა, ჯერეთ ამა ქვეყანასა ზედა განუჩინე სულსა შენსა დამკვიდრებად სავანეთა შორის ყოვლადწმიდისა სამებისასა, სადა-იგი აწ ხარ მარადის წინამდგომელ ანგელოსთა თანა და სიხარულით უღაღადებ უფალსა ღმერთსა ანგელოსთა გალობასა: ალილუია.
იკოსი 7
ჭეშმარიტად საკვირველ და ძლევაშემოსილ მოღვაწედ გამოსჩნდი ვნებათა მიმართ ხორცთასა, ღმრთივ ნეტარო მამაო საბა, რამეთუ ყოველნი ცეცხლოვანნი ისარნი მზაკვარისა მტერისანი დააქრვე შენ მარხვითა, მღვიძარებითა და მრავლითა ცრემლოვანითა ლოცვა-ვედრებითა შენითა. ამისთვის აწ ჩვენცა ესრეთ გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, ქრისტეს ჯვარისა ქედსა შენსა ზედა აღმქმელო.
გიხაროდენ, ჯვარითა მით, ვითარცა სამე კიბითა, ზეცად აღსრულო.
გიხაროდენ, უფლისმიერისა მოთმინებისათვის და ურისხველობისა დიდო მოშურნეო.
გიხაროდენ, კეთილად მოსაგრე ბერ-მონაზონთათვის ღმრთისა წინაშე ლოცვითო მეოხ-მყოფელობაო.
გიხაროდენ, მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა ძლევაშემოსილო დამცველო.
გიხაროდენ, ცათა სასუფეველისა შენ შორის დამამკვიდრებელო.
გიხაროდენ, მადლითა ღმრთისაითა დაჩრდილებულო და შემოსილო.
გიხაროდენ, რამეთუ ხატი ვნებათა ქრისტესთა წინათ-აღიწერე გულსა შინა თვისსა.
გიხაროდენ, სამმზეობრივითა ნათლითა წმიდისა სამებისაითა გაცისკროვნებულო.
გიხაროდენ, რამეთუ სულიერითა თვალითა შენითა მარადის სჭურეტდი უფალსა უფლებათასა.
გიხაროდენ, რამეთუ მადლითა ღმრთისაითა წინაისწარ-ხედვიდი მომავალსა ყოველსა.
გიხაროდენ, მადლმოსილითა სასწაულებითა ცხოვრებისა შენისა განმაბრწყინვებელო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 8
მსხემად და უცხოდ ჰგონებდი ყოფად თავისა თვისისა სოფელსა ამას შინა, ყოვლადნეტარო მამაო საბა; ამისთვის ეძიებდი რა მომავალსა ქალაქსა იერუსალეიმსა ზეცისასა, ყოველთა გულისზრახვათა შენთა განუწყვეტლივ ზეცად მიმართავდი, და მოკვდინებულსა სხეულსა შინა შენსა მყოფი, ვითარცა დაფითა ტკბილად უგალობდი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ძლევაშემოსილსა საგალობელსა ესრეთ: ალილუია.
იკოსი 8
ყოვლითურთ შეიმოსე შენ მძლე საჭურველი ღმერთისა, ღირსო მამაო საბა, და ესრეთ შეუძელ ქვედამხობად ყოვლისა ძალისა ეშმაკისასა. აწ ჩვენცა შეგვეწიე, ყოვლადნეტარო მამაო, რაითა ლოცვებითა და მეოხმყოფელობითა შენითა განვერნეთ საფრხეთა მტერისათა და მარადის მადლობითა გხადოდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, სუეტო შეუდრეკელისა მოთმინებისაო.
გიხაროდენ, მოშურნეო ამა სოფლისაგან განდგომისაო.
გიხაროდენ, რამეთუ ხელმწიფებრივად დაამხუე შენ ყოველნი ვნებანი ხორცისანი.
გიხაროდენ, რამეთუ ხორცნი შენნი სავსებით სულსა შენსა დაამონე.
გიხაროდენ, რამეთუ მღვიძარებისა ლოცვათა შინა მოუკლებელად ჰგიებდი.
გიხაროდენ, რამეთუ მოკვდინებითა სხეულისაითა უვნებელობა სულიერი მოიპოვე შენ.
გიხაროდენ, რამეთუ ყოველი სიამე ამასოფლისა მოიძაგე შენ.
გიხაროდენ, რამეთუ იწროითა და მწუხარებისა გზითა მარადის ხვიდოდი ჟამსა ცხოვრებისა ამის.
გიხაროდენ, რამეთუ წყლულთა უფლისა იესუ ქრისტესთა ჰზიდევდი სხეულითა შენთა.
გიხაროდენ, რამეთუ ძალითა ჯვარისა უფლისაითა შეჰმუსრვიდი მანქანებათა ეშმაკისათა.
გიხაროდენ, მარადის ზეცისა სიმართლისა მეძიებელო, სადა-იგი ქრისტე არს მჯდომარე მარჯვენით მამისა.
გიხაროდენ, ჰაზრისმიერითა თვალითა შენითა მარადის ქრისტეს დაუღამებელისა ნათელისა მჭურეტელო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 9
ყოველნი ბუნებანი ანგელოსთანი გადიდებდეს და ეკლესიაცა ქებულებათა მოგიძღვანებდა შენ, ღირსო მამაო საბა, რამეთუ უშიშარად ამხილებდი არამართლიად მბრძნობელსა მეფესაცა მას და მწვალებლობისა მთავარსაცა სევერსა, რომელნი წინა-აღუდგებოდეს მართლმადიდებელსა ეკლესიასა, და ბოლოს, ოდეს ყოველი მხედრობა მართლმადიდებლობისა გააერთიანე შენ, ძლევამოსილად დაამხუე მწვალებლობაი მათი, ხოლო ჩვენ ესრეთ განგვამტკიცე რაი მართლმორწმუნეობასა შინა, გვასწავლე ერთითა ხმითა და ერთითა სულითა გალობად სამებით ერთისა მიმართ ჭეშმარიტისა ღმერთისა ჩვენისა: ალილუია.
იკოსი 9
მრავლისა მაუწყებელთა მჭევრმეტყველთა ვერ შეუძლონ ღირსად ქებად შენდა, ყოვლადნეტარო მამაო, რამეთუ უაღმატებულეს კაცობრივისა ბუნებისა მოსაგრეობდი შენ ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა შენისათა. ამისთვის სასწაულებითა განგამდიდრა შენ ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან, რამეთუ ყოველნი მხეცნიცა ველისანი გმორჩილებდენ და გემსახურებოდიან შენ, ხოლო დღეთა შინა სიყმილისათა ლოცვითა შენითა ზეცამან წვიმა მოჰმადლა განხმელსა ქვეყანასა. ამისთვის ჩვენცა, სიყვარულითა მოღუაწენი სადიდებელად შენდა, ესრეთ გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, ქებულებაო მართლმადიდებელისა ეკლესიისაო.
გიხაროდენ, მწვალებელთა და ყოველთა წინა-აღმდგომთა მართლ-მორწმუნეობისა მიმართ მხნეო მამხილებელო.
გიხაროდენ, რამეთუ კაცთა შესაგონებელად ჭეშმარიტებისათვის მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა ფრიად დაშურებოდი.
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისათვის მართლმადიდებლობისა მრავალი შრომა და ღვაწლნი ქედს-იდევ.
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისა მნათობო და დამტკიცებაო.
გიხაროდენ, წინაისწარმეტყველთა, მოციქულთა და მღვდელმთავართა თანად შერაცხილო.
გიხაროდენ, ყოველთა მართლმადიდებელ მეფეთა ძლევა-შემოსილო მფარველო.
გიხაროდენ, ყოველთა მართლმორწმუნეთა ქრისტეანეთა ლოცვითო შემოზღუდვაო.
გიხაროდენ, მწვალებლურ სწავლებათა გაცამტვერებაო.
გიხაროდენ, მართლმადიდებლურ დოგმატთა განმმარტებელო და დამამტკიცებელო.
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისათვის დამაშვრალთა ყოველთა ღირსთა მოღუაწეთა მხნეო შემწეო.
გიხაროდენ, მართლმადიდებელისა ეკლესიისა მწყემსთა მარადის თანა-მდგომელო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 10
ჰსუროდა რაი მრავალთა კაცთა ცხოვნება შენითა მზრუნველობითა, ყოვლადმოწყალემან უფალმან ღმერთმან შენ, ღირსეული მოძღვარი, აღგირჩია ამისთვის, ყოვლადნეტარო მამაო საბა, რამეთუ მრავალნი იქმნენ დამოძღურილ შენ მიერ გზასა ზედა ჭეშმარიტებისა და ცხოვნებისასა, და მრავალნიცა სავანენი განიმართნეს მოწადინებითა შენითა, რომელთა შინა მარადის ასწავლიდი შენ დაუდუმებელად გალობასა ერთისა ღმრთისა სამებით დიდებულისა მიმართ: ალილუია.
იკოსი 10
ზღუდედ მტკიცედ და მცველად ძლიერად წარმოჩინდი შენ ყოველთა ქრისტეანეთათვის, ღირსო მამაო საბა, რამეთუ მეოხმყოფელობითა შენითა მშვიდობა მოემადლა ეკლესიასა ღმრთისასა. ამისთვის გევედრებით შენ, ყოვლადნეტარო, შემწედ გვექმენ ყოველთა მწუხარებათა და განსაცდელთა ჟამსა შინა ჩვენცა ყოველთა, რომელნი აწ მეოხ-მყოფელობასა შენსა შემოვუვრდებით, რაითა მარადის გულაჩვილებითა და სიყვარულითა გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, უდაბნოისა მკვიდრო, სოფლისა ამაოებისა მომძულებელო და ერთისა მხოლოისა ღმრთისა მეძიებელო.
გიხაროდენ, უფლისა საკურთხეველისა კეთილმოშიშო მსახურო.
გიხაროდენ, ყოვლითა გულსმოდგინებითა შენითა უფლისა ღმრთისა სათნო-მყოფელო.
გიხაროდენ, მგზნებარე სიყვარულისა უფალ იესო ქრისტეს მიმართ გამომაჩინებელო.
გიხაროდენ, ბევრთა სავანეთა უფლისათა დამფუძნებელო.
გიხაროდენ, მრავალთა შვილთა სულიერთა წიაღსა მათსა შემომკრებო.
გიხაროდენ, დღეთა შინა შეჭირვებათა და მოკლებათა ოდენ ღმრთისა მიმართ მსასოებელო.
გიხაროდენ, სარწმუნოებითა და სასოებითა უხვთა ნაყოფთა ქვეყნიერთა მიმღებელო.
გიხაროდენ, შენისა თანამოსახელისა წმიდისა სავანისა დაუძინარო დამცველო.
გიხაროდენ, უბედურებათა, განსაცდელთა და მწუხარებათა ჟამს ყოველთა ქრისტეანეთა დაუცხრომელო შემწეო და მფარველო.
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა ხსნისათვის კეთილო გზამკვლევო და წინამძღვარო.
გიხაროდენ, მოუკლებელითა ლოცვითა შენითა მრავლისა შემძლებელო სულთათვის ჩვენთა.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 11
გალობასა ქებულებისასა მოგიძღვანებთ შენ, ღირსო მამაო საბა, და სიყვარულითა მოახლებულნი გამოსახულებასა პატიოსნისა პირისახისა შენისა, ქება-დიდებასა შევასხამთ ანგელოსებრივსა ცხოვრებასა შენსა. ხოლო შენ, მდგომელმან წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისასა, არა დაეყენო ლოცვისაგან ჩვენთვის, რომელნი მოუკლებელად ნეტარ-გყოფთ შენ, რაითა ჩვენცა ღირს-ვიქმნათ მიწევნად საყოფელთა ზეცისათა და ხმითა სახარულევანისაითა მარადის ვუგალობდეთ მაღალსა ღმერთსა ანგელოსთა გალობასა: ალილუია.
იკოსი 11
ნათელმბრწყინავი ლამპარი ღმრთაებრივისა მადლისა მარადის იყავ შენ, ყოვლადნეტარო მამაო საბა, ყოველთა მართლმადიდებელთათვის; ამისთვის სასიკვდილოისაცა მიძინებასა შინა შენსა სული შენი, ვითარცა მანათობელი მზე, აღტაცებულ იქმნა წმიდათა ანგელოსთა მიერ ზეცისა სავანეთა მიმართ. ხოლო ჩვენ, მომხსენიებელნი ნეტარისა აღსრულებისა შენისა და განდიდებისა ცათა შინა, სიხარულით გიღაღადებთ გიხაროდენთა ამათ:
გიხაროდენ, სათნო-მყოფელო ღმრთისაო, შენისა ცხოვრებისა მდინარებისა კეთილად აღმსრულებელო.
გიხაროდენ, სარწმუნოებისა, სასოებისა და სიყვარულისა ბოლომდე შემკრძალავო.
გიხაროდენ, რამეთუ სასუფეველი ცათაი და საუკუნო დიდება დაიმკვიდრე შენ.
გიხაროდენ, რამეთუ წყალობითა ღვაწლთა ქვეყნიურისა ცხოვრებისა შენისა ზეციურთა საყოფელთა შორის დაივანე შენ.
გიხაროდენ, უხრწნელითა გვირგვინითა ზეციურისა დიდებისა ხელთაგან ყოვლისა მპყრობელისა შემკულო.
გიხაროდენ, სამოთხისა ნეტარებისა ყოველთა წმიდათა თანა ღირს-ქმნილო.
გიხაროდენ, ანგელოსო ქვეყანისაო და კაცო ზეცისაო.
გიხაროდენ, ცათა შინაცა და ქვეყანასა ზედაცა უფლისაგან განდიდებულო.
გიხაროდენ, ცხოველმყოფელო წყაროო მადლისაო, საკვირველთა კურნებათა უხვად წარმომადინებელო.
გიხაროდენ, უძლურებათაგან შეპყრობილთა მადლითა ღმრთისაითა განმკურნველო.
გიხაროდენ, რამეთუ აწ ზეცისა სიმაღლეთაგან მოგვხედავ ჩვენ და მოიხილავ სავანესაცა შენსა ზედა.
გიხაროდენ, რამეთუ ჩვენ ყოველთა მარადის გვიცავ შენ საცთურთა და განსაცდელთაგან.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 12
ვუწყით რა მადლმოსილება და დიდი კადნიერება შენი ღმრთისა წინაშე, ღმერთშემოსილო მამაო საბა, გულსმოდგინედ გიღაღადებთ შენ: არა დაეყენო ტფილად ლოცვისაგან ჩვენთვის წინაშე უფლისა, რაითა შეურყეველად დაიცვას წმიდა ეკლესია თვისი ურწმუნოებისაგან, მწვალებლობათა და განხეთქილებათაგან; რაითა იხსნას იგი უბედურებათაგან და სასტიკ განსაცდელთაგან და მიიყვანოს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, სადა-იგი მარადის მადლობით ვუგალობდეთ შენ მიერ კეთილისმოქმედსა ჩვენსა საკვირველსა წმიდათა შორის უფალსა ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 12
ვუგალობთ რა განმადიდებელსა შენსა უფალსა და გნატრით რაი შენ, ყოვლადნეტარო მამაო, გულსმოდგინედ ვლოცულობთ წინაშე შენსა, რაითა ჩვენცა ღირს-ვიქმნათ შუამდგომლობითა შენითა განუსჯელად წარდგომად წინაშე საშინელისა სამსჯავროისა ქრისტესა, და სიხარულითა და სიყვარულითა მომხსენიებელნი ლოცვითი მეოხ-მყოფელობისა შენისა ჩვენ, ცოდვილთათვის წინაშე ღმრთისა, მადლობითა და ქებულებითა გხადოდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო სამკვიდრებელო ყოვლადწმიდისა სამებისაო.
გიხაროდენ, რჩეულო სამყოფელო წმიდისა სულისაო.
გიხაროდენ, ბრწყინვალებაო დაუვალისა მზისა მიუაჩრდილებულისაო.
გიხაროდენ, დიდთა ღვაწლთა შენთა მბრწყინავი სხივებითა მონოზონებრივისა ცხოვრებისა განმაცისკროვნებელო.
გიხაროდენ, ღირსეულო თანამზრახველო ანგელოსთაო.
გიხაროდენ, ცათა შინა წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა თანა-მცხოვრებო.
გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი შენი ფრიად არს ცათა შინა.
გიხაროდენ, მართლმადიდებელისა ეკლესიისა ჩვენისა საკვირველო მშვენებაო.
გიხაროდენ, განსაცდელთა შორის მყოფთათვის მსწრაფლო და ძლევაშემოსილო შეწევნაო.
გიხაროდენ, მარადის ტფილო მლოცველო ჩვენთვის წინაშე უფლისა იესუ ქრისტესაო.
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა მყოვარ-ჟამ ქმედითო შემწეო და ხელის-აღმპყრობელო.
გიხაროდენ, შეჭირვებათა შორის ყოველთა მართლმადიდებელ ქრისტიანეთა შესავედრებელო მამაო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 13
ჰოი, დიდო და საკვირველო სათნო-მყოფელო ქრისტესო, ღირსო მამაო საბა! შეიწყნარე აწ მცირე ესე ვედრება ჩვენი, გულსმოდგინებისაგან ჩვენისა ქებულებისათვის შენისა შემოწირული, და შენითა ლოცვითი წინამდგომელობითა საყდრისა მიმართ მეუფისა ზეციერისა მითხოვე ჩვენ მისგან, რაითა განგვარინოს ჟამსა ქვეყნიურისა ცხოვრებისა ამის ყოველთა ჭირთა, უბედურებათა და განსაცდელთაგან, ხოლო სასიკვდილოსა მიძინებასა ჩვენსა მოგვმადლოს სახიერი ნაწილი ცხოვნებისა და დამკვიდრება საუკუნეთა სიკეთეთა, რაითა ღირს-ვიქმნათ შენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა მარადიულსა სიხარულსა შინა საუკუნოდ ვუგალობდეთ ქრისტესა ღმერთსა მაცხოვარსა ჩვენსა ღმრთაებრივსა საგალობელსა: ალილუიაჲ. ( ეს კონდაკი - 3-გზის)
იკოსი 1
ანგელოსთა შემოქმედმან და ყოვლისა ქმნილებისა დამბადებელმან სიყრმითგან შენით გამოგირჩია შენ, ღირსო მამაო, განმადიდებელად სამბრწყინვალებითისა სახელისა მისისა, რამეთუ ოდენ რვაისა წლისამან შობითგან მოიძაგე შენ ყოველი შუენიერება განხრწნადისა სოფლისა ამის და მიხვედ წმიდასა სავანესა, სადა-იგი ვითარცა ქვეყნიურმან ანგელოსმან ღვთის-სათნოდ იწყე მოსაგრეობა. ამისთვისცა დაიმკვიდრა შენ თანა მადლმან ყოვლადწმიდისა სულისამან, რომლისა მოქმედებითა ნათლად შემკულმან, ანგელოსთა მსგავსი ცხოვრება გამოაჩინე. ამისთვის ჩვენცა, მხილველნი დიდისა განმართლებისა შენისა, სიყვარულითა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, კეთილმსახურთა მშობელთა ღმრთივ კურთხეულო ნაყოფო.
გიხაროდენ, კაპადუკიისა ქვეყანისა წმიდაო შემკულებაო.
გიხაროდენ, პალესტინისა მიწა-წყალისა და ქალაქისა იერუსალეიმისა მანათობელო კანდელო.
გიხაროდენ, იორდანესა უდაბნოსა შინა ანგელოსთა თანა დამკვიდრებულო.
გიხაროდენ, რამეთუ სიყრმითგანვე შენით ყოვლისა უმეტეს ქრისტე შეგიყუარებიეს.
გიხაროდენ, რამეთუ ცხოველ მსხვერპლად შეგიწირავს უფლისათვის თავი თვისი.
გიხაროდენ, ქრისტეს სახარებასა გულსმოდგინედ შედგომილო.
გიხაროდენ, უფლის მცნებათა სარწმუნოო აღმსრულებელო.
გიხაროდენ, რამეთუ სიჭაბუკითგან შენით უღელსა ქრისტესსა მოუდრიკე ქედი.
გიხაროდენ, რამეთუ განხრწნადსა სილამაზესა და ქვეყნიურსა სიტკბოებასა არარად შერაცხვიდი.
გიხაროდენ, ღმრთაებრივითა გონიერებითა აღვსილო.
გიხაროდენ, მადლითა სულისა წმიდისაითა დაჩრდილებულო.
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
კონდაკი 1
ღმრთივ რჩეულო სასწაულთმოქმედო და ყოვლად-საკვირველო - სათნო-მყოფელო ქრისტესო, ღირსო მამაო საბა, მანათობელო ლამპარო მართლმადიდებელისა მსოფლიოისაო და მარადის ჩვენთვის ტფილო მლოცველო წინაშე ღმრთისაო! აწ ჩვენცა მადლობით ვადიდებთ განმადიდებელსა შენსა უფალსა და სიყვარულითა ვაქებთ ანგელოსებრსა ცხოვრებასა შენსა. ხოლო შენ, ვითარცა დიდისა კადნიერებისა მქონებელმან წინაშე უფლისა, ყოველთა ჭირთა, განსაცდელთა და უბედურებათაგან განგვათავისუფლენ ჩვენ, რაითა დიდითა სიხარულითა გხადოდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლადნათელო ქებულებაო ბერ-მონაზონთაო, ღირსო მამაო საბა.
ლოცვაჲ მუხლთმოდრეკით სათქუმელი
ჰოი, ყოვლად საკვირველო და ყოვლადქებულო სათნო-მყოფელო ღმრთისაო, ღირსო მამაო საბა! დღეს, წმიდასა ამას ტაძარსა შინა შენსა, მოწიწებით მდგომარენი წინაშე წმიდისა ხატისა შენისა და სიხარულით აღმსრულებელნი ყოვლადნათელისა ხსენებისა შენისა, ნეტარ-გყოფთ შენ, ხელის-აღმპყრობელსა და მეოხმყოფელსა ჩვენსა. ხოლო პატივისმცემელნი დიდისა შენისა კადნიერებისა წინაშე უფლისა, თავმდაბლად და მორჩილად გევედრებით, ყოვლადნეტარო მამაო: მოწყალედ შეიწყნარე ჩვენგან ქებულებისა საგალობელი ესე, სიყვარულისაგან და გულმოდგინებისა ჩვენისა შენდა აღმოვლენილი, და ვითარცა დიდისა კადნიერებისა მქონებელმან წინაშე უფლისა, ისწრაფე ღვთის-სათნო შუამდგომლობითა შენითა მითხოვო ჩვენ მეუფისაგან მეუფეთასა და უფლისაგან უფლებათასა განმრავლება ჩვენ, ცოდვილთა, ზედა დიდთა და მდიდართა წყალობათა მისთა, რაითა გვიხსნას ჩვენ ჭირთა, უბედურებათა და განსაცდელთაგან; გარდამოგვივლინოს ჩვენ ყოველივე სასარგებლო საცხოვნებელად სულთათვის ჩვენთა. ხოლო ყოველთა მართლმადიდებელ ქრისტეანეთა მოჰმადლოს მშვიდობა, მყუდროება, აღუშფოთველობა და გულსმოდგინება აღსრულებისათვის მცნებათა მისთა, უხვება ნაყოფთა ქვეყანისათა და კეთილდღეობა ქვეყნიურსა ცხოვრებასა შინა. და რაითა დაიცვას სამშობლო ჩვენი სიყმილისაგან, გვალვისა, წარღუნისა, ცეცხლისა და მახვილისაგან; თავდასხმისაგან უცხოტომელთა და შინაომთაგან, მომაკვდინებელ წყლულთაგან და ყოველი ბოროტებისაგან. კვალად მდაბლად გევედრებით: მეოხ-ეყავ წინაშე უფლისა უწმიდესსა და უნეტარესსა წინამძღვარსა ეკლესიისა ჩვენისასა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მამასა ჩვენსა ილიას, კვალად მოსაყდრესა მისსა, მიტროპოლიტსა სენაკისა და ჩხოროწყუისა შიოს, ეგრეთვე ყოველთა წმიდათა მსოფლიოს მართლმადიდებელთა პატრიარქთა ქრისტეს წმიდათა ეკლესიისათა, ყოველთა ყოვლადსამღვდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა და პატიოსანთა სამღვდელოთა და სამონაზვნო წესთა, ზიართა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისათა და მართლმორწმუნე ქრისტეანესა ერსა ჩვენსა, რაითა ღმრთივდაცული მართლმადიდებელი ერი და ქვეყანა ჩვენი, წილხვედრი ყოვლადწმიდისა დედისა უფლისა, სიმშვიდითა და უშფოთველობით დაცვულ იქმნენ. არასირცხვილეულ-ჰყო სასოება ჩვენი, რომელი ღმრთისა და ღმრთისმშობლისა მიერ დაგვიმყარებიეს შენ მიერ, წმიდაო მამაო, არამედ იყავ ჩვენდა მსწრაფლ-შემწე, ნუგეშინის-მცემელ მწუხარებათა შინა და მფარველ განსაცდელთა შორის. ჰე, წმიდაო სათნომყოფელო ღმრთისაო საბა! არა უგულვებელს-ჰყო ვედრება ესე ჩვენი, არამედ შეისმინე ვედრება ესე ჩვენი, გულითა მლოცველთა წინაშე შენსა და საფარველსა ქვეშე ხელისაღმპყრობლობისა შენისა დაგვიცევ ჩვენცა და წმიდაი ესე სავანეცა შენი ცილშეწამებისაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, რაითა ღირს-ვიქმნათ სინანულით დავასრულოთ ქვეყნიური ცხოვრება ჩვენი და საუკუნო სიკეთენი მივიქვათ სასუფეველსა შინა ქრისტე ღმერთისა ჩვენისა, სადა-იგი შენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა მარადის ვაქებდეთ ღირსად-თაყვანისცემადსა სახელსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი, ხმა 8
ცრემლთა შენთა მდინარებითა უნაყოფო უდაბნო მოიმუშაკე და სულთ-თქმითა სიღრმით სულისა შენისათა შრომანი ასეულად ნაყოფიერ ჰყვენ, ხოლო იქმენ ესრეთ მნათობად და განმანათლებელად სოფლისა, გაბრწყინვებულო საკვირველმოქმედებებითა შენითა, წმიდაო მამაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტროპარი, ხმა 8
მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და მოსავთა და მგალობელთა შენთა შესავედრებელო, ნეტარო მამაო საბა, მდაბლად გევედრებით: ყოველთა ბოროტ განსაცდელთაგან დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩვენ.
კონდაკი, ხმა 8
ვითარცა სიყრმითგან შენით მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა შენითა ნეტარებაი მოიგე, წმიდაო საბა, რომელი უწინარეს შობისაცა შენისა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ყოველთა ღირსთა მამათა განმაშუენებელ, ეგრეთვე უდაბნონი ქალაქ ჰყვენ, ღირსო მამაო, რომლისათვისცა ესრეთ გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო, ყოვლადპატიოსანო.
დიდებისმეტყველება ღირსისა მამისა ჩვენისა, საბა განწმენდილისა
ნეტარ-გყოფთ შენ, ღირსო მამაო საბა, და პატივს მოვაგებთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ ხარ ღმრთივგანბრძნობილი, მოძღვარი ბერ-მონაზონთა და საკვირველი თანამზრახველი ანგელოსთა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მადლითა და მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა საბა განწმედილისაითა და სხუათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.