ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
კრავისა მიერ უბიწოჲსა აღრჩეულნო ქადაგნო, რომლისთჳსცა დაიკლვენით, ქრისტეს ღმრთისა ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე! ვინაჲთგან ღმრთისმეცნიერებითა განანათლეთ ყოველი სოფელი და მადლისა წყარონი სიუხვითა ასუთ, აწცა მოიხილენით სიყუარულითა სახელთა თქუენთა მომხსენებელთა ზედა. აღგუავსენით ჩუენ სულითა სიბრძნისაჲთა, გულნი ჩუენნი განამტკიცენით სარწმუნოებითა, რაჲთა შემუსრვილითა გულითა დაუსრულებელად გიგალობდეთ სამადლობელსა:
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
ანგელოსად კეთილმაუწყებელად გამოსჩნდით ქუეყანასა ზედა, ნეტარნო მოციქულნო პეტრე და პავლე, რამეთუ სარბიელსა თქუენსა ზედა მოწოდებულ იქმენით ჩუენისა დახსნისათვის, ირგვლივედი ყოვლისა სოფლისაჲ მოიცვენით, იუდეანთა და ელლინთა ქრისტესა ჯუარცმულსა, ძალსა ღმრთისასა და სიბრძნესა ღმრთისასა უქადაგებდით. მითვე ნათლითა მოძღურებისა თქუენისაჲთა განათლებულნი ჩუენცა ვხმობთ გულითა და ბაგითა ესრეთ:
გიხაროდენ, ვარსკულავნო ნათელცისკროვანნო, გამოჩინებულნო აღმოსავალითგან და ყოველთა
კაცთათვის ქრისტეს გზისა მაჩუენებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა სიმტკიცენო და სუეტნო შეურყეველნო;
გიხაროდენ, ქრისტეს მიერ მიმთუალველნო ხელმწიფებისა შეკრვისა და განხსნისა ცოდვათა ჩუენთაჲსა;
გიხაროდენ, თქუენთა წმიდათა წერილთა შინა ღმრთისა სარწმუნოებისა და სასოებისადმი მომწოდებელნო;
გიხაროდენ, ცხორებითა თქუენითა ცოდვილთათვის, ხატნო მოქცევისანო;
გიხაროდენ, სიტყჳთა და საქმით ჭეშმარიტისა სიყვარულისა სიღრმისა გამომაჩინებელნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
გიხილა რა, მოციქულო პეტრე, ძმისა შენისა ანდრიასა თანა, გარდამგდებელი ბადეთა ზღუასა ზედა გალილეასა, გრქუა თქუენ უფალმან: „შემომიდექით მე და გყო თქუენ მესათხევლეჲ კაცთა“. და მეყუსეულად დაუტევეთ ბადენი და მისდევდით მას. მითვე, შუენიერებაო კათოლიკესა ეკლესიისაო, გუყვენ ჩუენ, მსწრაფლ აღმასრულებელ საღმრთოთა მცნებათა, მყოვარ ცოდვათადმი, და ეგრეთ გამოუცდელ ბოროტისაგან და წინამძღოლობითა შენითა, მივიწინეთ საზომსა კაცისა სრულისა ჰასაკისასა, მგალობელნი ღმრთისადმი: ალილუია.
მოშურნეობითა მამათა გარდამოცემისა საღმრთომან გონებამან განგანათლა შენ, პავლე, ჭურო რჩეულო, რაჟამს, ვიდოდი დამასკოდ მდევნელი ქრისტეს ეკლესიისა, რამეთუ მას ჟამსა შინა მეყუსეულად განგაბრწყინვა შენ ელვარებამან საუფლოჲსა დიდებისამან და ხმა მოიწია ზეცით: „საულ, საულ, რაისათჳს მდევნი მე?“ ხოლო შენ დაღათუ დაბრმობილ იქმენ ხორციელებრითა თუალითა, იხილე სულითა ძალი და დიდება ქრისტე ჯუარცმულისა, წყუდიადისა განმანათლებელისა და დამნერგველისა თჳსითა სიყუარულითა ეკლესიისა, რომლისთჳსცა ტყუე იქმენ რაჲ სულითა, სინანულისა და მორჩილებისა მქონებელი იტყოდი: „უფალო რაჲ ვქნა მე?“ შემდგომად ამისა ხელთაგან უფლისათა მიიღე წილი მოციქულებისა და ნათლის-ღება წყლითა და სულითა ყოვლადნეტარისა ანანიასაგან, გამოჩნდი რა საკჳრველად ჭურად რჩეულად მადლისა და მოწამედ დაუდუმებელად მაცხოვრისა ჩუენისა, რომლისა მიერ ჩუენცა განათლებულნი გიგალობთ შენ ესრეთ სწავებულნი:
გიხაროდენ, ეკლესიისა ნათლიერებაო, გამოუთქმელისაგან ნათლისა გზად საკჳრველად
გამოცხადებასა შინა ენათა მიერ აღნთებულო;
გიხაროდენ, ცხოვრებითა შენითა საღმრთოჲსა ძალისა ნიშთა გამომაჩინებელო და მათ მიერ ურჩთა პირისა დამხშველო;
გიხაროდენ, ჭურო რჩეულო, უმრწემესად დასსა შინა მოციქულთასა და უპირველესად შორის ცოდვილთასა თავისა თჳსისა შემუსრვილებითა შემრაცხველო;
გიხაროდენ, ვითარ იგი ქერაბინი მესაიდუმლოე, სარწმუნოებითა და სიყუარულითა ცად მესამედ აღჴედ;
გიხაროდენ, ვითარ იგი სერაბინი მოტყინარე, შურითა საღმრთოჲთა შეიჭურვებოდი და განილეოდი;
გიხაროდენ, პავლე და პეტრე, სახარებისა საყჳრნო ქუხილხმოვანნო, რომლითა საფუძველნი ძუელისა სოფლისანი, ვითარ იგი იერიქონი მეორე დაარღჳენით.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
ძალი მაღლისა, რომელ უძლურებასა შინა იხილვების, გარდამოავლინა შენზედა, პავლე, ანდამატო სარწმუნოებისაო, რამეთუ მართლიად აღმოიტყოდი: ყოველივე ძალმიძს ჩემისა განმაძლიერებელისა იესოს მიერ - ჭეშმარიტადცა მქადაგებელ იქმენ სიტყჳსა ღმრთისა გამოჩინებითა სულისა და ძალისა, იქმოდი რა დიდებულსა და გამოუთქმელსა, სახელოვანსა და შემაძრწუნებელსა, ვინაჲთგან ვერმცნობელნი ღმრთისანი ღმრთისმეცნიერებასა აზიარენ, განფიცხებულნი გულითა ზეთითა მოწყალებისათა დაალტვენ და განბნეულნი ცხოვარნი ერთობით ერთისა მწყემსისა საცხოვარსა შემოჰკრიბენ, ერთხმობით გალობისა მასწავლელმან: ალილუია.
გაქუნდა რა კადნიერი სიყუარული უფლისა მიმართ, ჰოჲ პეტრე, ვიდოდი აღძრულთა წყალთა ზედა, ვითარცა ჴმელსა ზედა, გარნა დაღათუ დანთქმითა ზარცემულ იქმენ და იჭუნეულობითა ღელვა-გუემულ, მაშინცა განირთხენ ჴელნი შენნი და მიაპყარ თუალი მხსნელსა, მღაღადებელმან სიღრმით გულისაჲთ: „უფალო, მიხსენ მე“. და მეყსა შინა ხელი შეწევნისა აღგიპყრა ქრისტემან, მხსნელმან ჩუენმან. ეგრეთცა ჩუენცა საწუთროსა ამის სოფლისასა, განსაცდელთა მიერ ზარდახსნილნი და ვნებათა აღძრჳთა დანთქმულნი, მყუდროჲსა ნავთსაყუდელსა სრბისა შენისა მიხედვითა კეთილად მიყვანებულნი, სამადლობელად ესრეთ გიგალობთ შენ:
გიხაროდენ, კლდეო სარწმუნოებისა მრავალსასყიდლისაო, ლოდისაგან თავსაკიდურისა
გამორჩეულო და დაფუძნებულო;
გიხაროდენ, მრავალფერითა ნიჭებითა მის მიერ უჩინებულესად განშუენებულო ტაძარო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, მეთევზურო ყოვლადუბრალოო, აღსავსეო სიბრძნითა ღმრთისაჲთა, რომლისა ვერავის კაცთაგან ვერ ძალუძს წინააღდგომად;
გიხაროდენ, უმეტეს მეფეთა და ჩინებულთა ამის სოფლისათა უფლისა მიერ საუკუნოდ განდიდებულო ღმრთისა დიდებულებისა თჳთმხილველო;
გიხაროდენ, ქარტაო სულიერ-ქმნილო, რომელსა შინაცა სიტყუა ღმრთისაჲ ცეცხლოვანითა ანბანითა შთაიწერა;
გიხაროდენ, მოციქულისა პავლეს თანა მთიებო სწორად პატივცემულო და დაუღამებელო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
ფიცხელთა განსაცდელთა ალმური აღძრა ძუელოდესმე კაცისმკლველმან, პირუელადვე მეძიებელმან საღმრთოჲსა ეკლესიისა საჴმარად და მოწაფეთა მაცხოვრისათა, ვითარცა იფქლისა განბნევად მნებებელმან: გარნა უფალი ილოცჳდა შენთჳს, ჰოჲ პეტრე, რაჲთა არა მოგაკლდებოდის სარწმუნოებაჲ. და ესრეთ მაცხოვრისა მიერ განათლებულმან და მის მიერვე უძლურებასა შინა განმტკიცებულმან, ჭეშმარიტად შეფქუენ ღაწვნი მტერისანი და მოქცეული განმამტკიცებელ ექმენ ძმათა შენთა, მგალობელთა ღმრთისად: ალილუია.
გესმა, პავლე ყოვლადბრძენო, საკჳრველებისა რჩეულებისა შენისაჲსა, რაჲთა აუწყებდი სახელსა უფლისა იესუჲსა ერთა და მეფეთა და ძეთა ისრაელისათა, მჭურეტელნი შენნი სიტყჳთა, საქმითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა, ვითარ იგი ნათლად წარმართთასა ხსნად მათდა დადგინებულად, ურწმუნონი სარწმუნოებითა განათლდებიან. მორწმუნენი განსცხრებოდიან და უფალსა ქებითა აღამაღლებენ. მითვე ჩუენცა, მარადის გიხაროდენისა მცნებისა მიმღებელნი, მოგიძღუანებთ შენ ხმითა სახარულევანითა ესევითარსა:
გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოო მსახურო, რომელმან ყოველივე დიდებული ამის სოფლისა
ნაცრად და მტუერად შეჰრაცხე და ყოველთა დაუმორჩილებდი თავსა შენსა ქრისტესათჳს და
სახარებისა;
გიხაროდენ, კეთილო მხედარო ქრისტესო, ყოვლითა საჭურველითა ღმრთისაჲთა აღმკულო და ყოველთავე ენათა ქრისტეს მორჩილებად მომყუანებელო;
გიხაროდენ, ტარიგო ღმრთისა სათნოო, ქრისტესთანა ჯუარცუმულო, ქრისტესთჳსვე ყოველთა დღეთა კუდომისა ჩვეულქმნილო;
გიხაროდენ, ცრემლითა მრავლითა დამთესველო;
გიხაროდენ ტყუე-ქმნილო და აღმსარებელო, ყოვლადდიდებულო, წყლულებათა უფლისა იესო ქრისტესთა სხეულსა შენსა ზედა მხიარულებითა აღმბეჭდველო;
გიხაროდენ, დიდებაო და ქებულებაო კათოლიკე ეკლესიისაო, რომელი ამის სოფლისა საკიცხველ იქმენ, სიყმილი, წყურვილი, სიშიშულე, გუემა და კიცხევა ქრისტესათჳს მრავალგზის თავს-იდევ;
გიხაროდენ, პავლე და პეტრე, მოციქულთა შუენებანო, მახარებელნო სოფლისანო, ეკლესიისა განმამტკიცებელნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
ვარსკულავი ღმრთივმავალი გამოგიჩნდა, ჰოჲ პავლე, ოდეს სრბა შენი უნათლესად იწყე დამასკოსა და ვიდრე რომადმდე მიიწიე, ვითარ იგი უწინარეს ვარსკულავმან აღმოსავალითგან ასწავა მოგუთა თაყუანის-ცემაჲ მზისა სიმართლისაჲ, ეგრეთვე შენცა, ღმრთივგანბრძნობილო, გზასა ქრისტესსა უჩუენებდი ყოველთა, მნებებელთა მიწევნასა მაცხოვარებისასა, მხმობელი მრავალთადმი კადნიერებით: „მობაძავ ჩემდა იქმენით, ვითარცა მე ქრისტესა“. მის მიერვე ყოველთა ვისწავეთ ღაღადებად ერთითა ბაგითა: ალილუია.
იხილე მთასა ზედა თაბორსა დიდება მხოლოდშობილისა ძისა, შემოსილისა ნათლითა, ვითარცა სამოსლითა, ამისთჳსცა მნებებელ იქმენ შემოსვად კიცხევისა და წინასწარმცნობელი, ჰოჲ პეტრე, გამოუთქმელისა დიდებისა იესუჲსა სყიდულთათჳს უბიწოჲსა კრავისა სისხლითა იტყოდი: „უფალო, კეთილ-არს ჩუენდა აქა ყოფად“. ამისთჳს ჩუენცა, ნათესავნი შორებელნი, მოკლებულნი სიწმიდესა ნათელცისკროვანსა, ხოლო თუ უღირსნიცა ვართ, გარნა ანგელოსებრივითა ხმითა შენითა წოდებულ ვართ სამკჳდრებელსა უხრწნელსა, წმიდასა, დაუჭნობელსა, დამარხულსა ცათა შინა, ვითარ იგი ზიარნი მნებებელობისა გამოჩინებასა დიდებისასა ესრეთ ვხმობთ შენდამი:
გიხაროდენ, ნეტარო, მარადის არსისა ჭეშმარიტებისაგან ღირს-ქმნილო „ნეტარად“
წოდებისა;
გიხაროდენ მარგალიტო უკეთილესო, ტბისა თანა მოპოებულო და ნათლითა ნათლისაგან გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, თავადისა კაცთა ნათესავისა მაცხოვარისა მიერ სიტყჳსა ღმრთისა ქადაგებად წარგზავნილო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტად კაცთა მესათხევლედ გამოჩინებულო, რამეთუ შენ, ვითარ იგი უწინარესცა, დამბრმალთა სულთა ქრისტეს ღმრთისა ნათელსა საკჳრველსა მოიზიდავდი;
გიხაროდენ, წყაროო განმაცხოველებელო, ცხოვრებისა სამარადისოჲსა წყაროსაგან წარმოდინებულო და სულისა წმიდისა ნიჭთა სიმრავლისაგან წყურიელთა სულთა მასმეველო;
გიხაროდენ, პეტრე და პავლე, ვითარცა ექუს-ექუს ფრთენნი სერაბინნი წინაშე მეუფისა დიდებისა საყდრისა მფრინვალენო და საღმრთოთა საიდუმლოთა ნათლისა მჭურეტელნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
შემდგომად სიკუდილისაცა მქადაგებელად დაუდუმებელად გამოცხადებულხარ, ჰოჲ პეტრე, ღმერთშემოსილო, რამეთუ ზეცისაგან სულიერისა, ვითარცა იგი ქუხილი საიდუმლო, მრავალსახედ მოგუაგონებ ხმობილთა ქრისტეანედ. და ჩუენცა, მეცნიერნი შენისა არაოდეს მოუცილებელისა სიყუარულისა და ლოცვისა წინაშე საღმრთოჲსა საყდრისა ჩუენთჳს შეწირულისა, ვღაღადებთ გულითა შემუსრვილითა: ალილუია.
გამობრწყინდი შენ, პავლე სახელდიდებულო, ნიშებითა და სასწაულებითა, ვინაჲთგან სულმან წმიდამან გიბრძანა შენ ანტიოქიას დაწყებად მსახურებისა ენათა მოციქულისა: შენცა ოდეს მიხვედ კჳპრედ, ელჳმას მოგჳსა მხედველობა ცუდ-ჰყვენ, სერგი მთავარი ნათლითა ჭეშმარიტებისათა განაცისკროვნე. ღირს-გუყვენ ჩუენცა ნათლისა ამის ზიარებასა, რათა ვადიდებდეთ საკჳრველთა საქმეთა შენთა საგალობელთა და შესხმათა მიერ სულიერთა მგალობელნი შენდა ესევითართა:
გიხაროდენ, ნათელო გულთა შემუსრჳლთა და გონიერთაო, ვინაჲთგან, ვითარცა ღელეთა ათბობ
და ასაზრდოებ ღმრთივსულიერითა სწავლებითა შენითა;
გიხაროდენ, კუერთხო სჯულისაო, ჭურთა სიცრუისა და ლიქნისა სავსებით შემმუსრველო, ხოლო გულითა შემუსრჳლთა სარწმუნოებისა შეუძრველსა კლდესა ზედა დამამყარებელო;
გიხაროდენ, ხილულთა ზედა აღმატებულო და განდიდებულო;
გიხაროდენ, თაფლისა უტკბილესისა ბაგითა მოციქულთა და მორწმუნეთა მრავლისა სიხარულისა მაუწყებელო, რამეთუ შენ მიერ განეღო ყოველთა ტომთა კარი ცხორებისა;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა შურითა, ელიაო ახალო, არა სხჳსა საფუძუელსა ზედა დამნერგუელო და მოშურნეობითა შენითა შორეულთა ქუეყანათა მომხილველო;
გიხაროდენ, პავლე და პეტრე, შორის თქუენსა ყოვლისა სოფლისა განმყოფელნო, რაჲთა მით სამე იქმნნეთ ერთ მოციქულ ენათა, ხოლო მეორე მქადაგებელ შორის ერისა რჩეულისა.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
გსუროდა რა ჭეშმარიტებისა განმტკიცება და ეკლესიისა გარეშეზღუდვაჲ მშჳდობითა, მიხვედ წმიდასა ქალაქსა, პავლე, სიმართლისა თანამბრძოლო. და კრებულსა წმიდათა მოციქულთა და მორწმუნეთასა ერთობით პეტრესა და ბარნაბასათა ასწავებდი, ვითარმედ „სული წმიდა ქრინ, სადაცა ჰსურის, მიმნიჭებელ მადლისა თჳსისა უშურველად იუდეანთა და ელლინთა წინადაუცუეთელთა და სარწმუნოებითა და არა მკუდართაგან საქმეთა ძუელისა სჯულისათა აცხოვნებს ყოველთა“. და მიეცათ რა ყოველთა მორწმუნეთა მშჳდობაჲ და ესრეთ გამოხსნაჲ, ჭეშმარიტად საკრველითა სიყუარულისაჲთა შეკრულნი, სამადლობელად ღაღადებენ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
გამოგირჩია შენ, მოციქულო პეტრე, უფალმან ანგელოსად ახლად, წინასწარმაუწყებელად საიდუმლოთა, საუკუნითგან დაფარულთა, ოდეს ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა: „რაჲსა იტყჳთ ჩემთჳს ყოფად?“ ხოლო შენ, მამისაგან ზეცათაჲსა განათლებული, ამცნებდი უეჭუელად საფუძუელსა ჩუენისა სარწმუნოებისასა, იტყოდი რაჲ მაცხოვრისა მიმართ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამისთჳს ჩუენცა, პატივისმცემელნი შენნი, ჩუენისა ხსნისა სასოებად დაუფარავად აღმსარებელნი, ვხმობთ შენდამი ესრეთ:
გიხაროდენ, სინაო ახალო, მაცხოვარებისა სჯულისა ფიცართა კაცთათჳს ნათლად მაჩუენებლო
და ქრისტეს მიერისა დახსნისა მაუწყებელო;
გიხაროდენ, ლოდად სარწმუნოებისა და აღმსარებლობისა საძირკუელად ზეციურისა ხუროთმოძღურისაგან პირველშთადებულო, რომელსაცა ზედა ეკლესია ქრისტესი უძლეველად აღმართებულ-არს;
გიხაროდენ, სამოთხისა შესავლისა პირველკარიბჭეო, რომელსა უწინარეს ყოველთასა აღგითქმიდა უფალი კლიტეთა ცათა სასუფეველისასა;
გიხაროდენ, მსაჯულო სიმართლისაო, რომლისა მიერ სხუათა მოციქულთა თანა განსჯად-არს ათორმეტი ტომი ისრაელისა;
გიხაროდენ, რამეთუ თუალნი და ყურნი შენნი ნეტარ-არიან ქრისტეს იესუჲს მიერ ჩუენისა, რომლისა ხილვად და სმენად აღიძრვოდნენ წინასწარმეტყუელნი, ოდეს მყოფობდეს სოფელსა ამას შინა;
გიხაროდენ, პეტრე და პავლე, მქონებელნო შუენიერთა სლვათა კეთილმაუწყებლობასა და გულთა განწმედილთა, რამეთუ თქუენ სახარებასა მსახურ-ექმენით და სახარებითვე სცხოვრებდით.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
უცნაურად სასწაულად და ვერგულისხმისმყოფელად გამოსჩნდი, პეტრე, მზრახველთათჳს მიწისაგანთა, რამეთუ უჩინო და შეურაცხი ამის სოფლისა გამოგირჩია შენ უფალმან, და არცხჳნა ბრძენთა, სძლო მეფობათა, მოიყუანნა გუნდნი დაბრმობილთანი ნათელსა ჭეშმარიტებისასა, და მოაქამომდე, ვითარცა სუეტი ცეცხლისა, განანათლებ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, მაჩუენებელი უეჭუელისა გზისა ნეტარისა მამულისა. ამისთჳსცა, შენ შორის მადლისა უხუებისაგან განკჳრვებულნი, ვღაღადებთ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ყოველთათჳს იქმენ ყოველ, ჰოჲ პავლე, ყოველთა სიყუარულითა შეიცევდი, შორიელთა და ახლობელთა სიტყჳთა მაცხოვარებისათა მისწუდებოდი, ყოველთა ზედა სარწმუნოებითა აღმატებული: რამეთუ ფილიპეს მშვიდობასა ახარებდი, ხოლო დაღაცათუ ბოროტად იგუემე არგნითა და შებორკილებული შთაგდებულ იყავ საპყრობილესა, საგალობელსა საკჳრველსა ქებისასა და მადლობისასა, უგალობდი მას შინა შილას თანა ღმერთსა რომელმან იქუხა აღძრვითა დიდითა მონათა თჳსთათჳს, რაჟამს საფუძველნიცა საპყრობილისანი შეირყნენ და კარნი განეხუნეს - ჩუენცა, ყოვლადბრძენო, მხილველნი შენნი, საპყრობილისა წყუდიადისა ნათლითა ღმრთისმეცნიერებისათა განმანათლებელად და ტყუეთა ქრისტესმიერისა დახსნისა მომნიჭებელად, გიგალობთ ესრეთ:
გიხაროდენ, ქრისტესთჳს ტყუე-ქმნილო, საპყრობილისა ტაძრად გარდამქცეველო და კაცთათჳს
შენთა ბორკილთა მიერ ეშმაკისა ჯაჭუთა გამხსნელო;
გიხაროდენ, ძლიერო, მტჳრთველო უძლურთა უღონოებისა;
გიხაროდენ, ყოვლადსაკჳრველო, საკრველთა მიერ და ჭირთა ქებულო, მოხარულთა თანა მოხარულო და მგოდებელთა თანა მოტირალო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ მიწყივ ცხოველო, რამეთუ ქრისტე იშვა შენდა ცხორებად;
გიხაროდენ, მოღუაწებისა ხატო დაუშრომელო, წარსულისა უგულებელსმყოფელო, აწმყოჲთგან მერმეთა მიმართ განფენილო და ყოვლითა გულისსიტყჳთა ზემოკერძოჲსა მოქალაქობისა პატივისად მსრბოლო;
გიხაროდენ, პავლე და პეტრე ვიდრეღა მოსიკუდიდმდე მარტჳლობითა უფლისა მსახურებისა აღმასრულებელნო და ვითარცა გჳრგჳნითა სრბოლისა თქუენისა გჳრგჳნოსანმყოფელნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
ყოველთა ქრისტეს თანა მოიყუანებდი, მაუწყებელი, ჰოჲ პავლე, ათინას იჭუნეულთა ბრძენთა მიმართ, ზეგარდამომავალისა საღმრთოჲსა სიბრძნისა მყოფობისა, რაჲთა უწყოდიან ამაოთა ამით ჟამითგან ღმერთი, მათგან უხილველი, და შეუდგებოდიან მას, რამეთუ მის მიერ ცოცხალ ვართ და ცხოველნიმცა. მითვე ჩუენცა, მადლითა გამოუთქუმელითა, გონება ჭეშმარიტი მოგვიღებიეს და გულითა უტყუელითა უფლისადა შემსჭუალულ ვართ მღაღადებელნი მისა მიმართ მტკიცითა სარწმუნოებითა: ალილუია.
ვერმიმთხრობელ ხარ, ენაო კაცობრივო, რაჟამს უფალმან ძალთამან ფერხნი თჳსთა მონათა დაჰბანნა და არდაგითა წარჰხოცნა. ხოლო შენ, პეტრე, შიშითა იძლეოდი, ოდეს ხმა-ჰყავ: „არა დამბანნე ფერხნი ჩემნი უკუნისამდე“, გარნა მუნთქუესვე ყოვლითურთ მორჩილებად შეიცუალე ოდეს გესმა სიტყუა თქმული უფლისა მიერ: „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემთანა“. და ყოვლითა გულითა აღიზახე ესრეთ: „უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი“. ჩუენცა მცნობელნი შენნი, ვითარცა ოქროჲსა ცეცხლითა გამოცდილისა, განვწმდებით და შემცნობელნი შენისა დამდაბლებისა თაყუანისმცემელნი საიდუმლოსა საღმრთოჲსა განგებულებისა, გიგალობთ შენ გულითა დამდაბლებულითა ესრეთ:
გიხაროდენ, პეტრე თუალო არწივისაო, რომლითაცა მხილუელ-იქმენ მზისა სიმართლისა -
ქრისტესა ღმრთისა, რომელმანცა ფერჴნი დაჰბანნა იუდას, რომლისა მიერ ამბორებითა
მზაკურობისათა მიცემულ იქმნა;
გიხაროდენ, რომელ დაეწინდე ქრისტესა საუკუნოდ, რამეთუ კრავსა უმანკოსა ვითარცა კრავი შეუდექ, დაკლვადმდე შენისა ერთგულება დაიმარხე;
გიხაროდენ, ნაკუერცხალო ჩაუქრობელო, ზეციურისა სამსხუერპლოსაგან საღმრთოჲსა სიყუარულისა ცეცხლითა მოუკლებელად გარეშეცვულო;
გიხაროდენ, ბაზმაკო მნთებარეო და მანათობელო, ნათესავითი ნათესავადმდე სიმართლისა ნათლითა განმაცისკროვნებელო;
გიხაროდენ, ტევანო მრავალსავსეო ქრისტეს ვენახისაო; მრავალსაწუხარისა ამის სოფლისა სიხარულად აღზრდილო;
გიხაროდენ, პეტრე და პავლე, თავსა შორის თჳსსა ქრისტეს ღმრთისა გამომხატველნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
ქრისტესმიერისა ცხორებისა უფსკრული გამოუკულეველი და სინანულისა ძალი მრავალი აჩუენე შენ შორის, პეტრე, რაჟამს წინასწარუწყებითა სამგზის უარჰყავ უფალი: „არა ვიცი მე კაცი ესე!“ - ოდეს ჰფუცვიდი და თავსა შეიჩუენებდი ეზოსა შინა მღუდელთმთავრისასა, გარნა მეყსა შინა იესუჲს სიტყუათა მომგონებელი, სრბოდი გარე, მტირალი მწარედ. ხოლო ჩუენ ლმობიერებითა მიმხედველნი ესევითარისა შემუსრვილებისა, სასწავლებელად და სამხილებელად მოუდრეკელისა გულისა ჩუენისა, ვგალობთ მმადლობელნი უფლისა მიმართ, საკჳრველად შენისა განმადიდებელისა: ალილუია.
ზღუდე უძლეველ და საჭურველ იქმენ, ჰოჲ პავლე, წინაშე ბნელისა ამის საუკუნოჲსა სოფლისა მპყრობელისათა, ვინაჲთგან მეუფება მათი კორინთოს, ეფესოსა და სხუათა ქალაქთა შინა შეჰმუსრენ, წყუდიადსა მრავალღმერთიანობისასა განსდევნიდი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა დაჰნერგვიდი, რამეთუ მართლიად გამოჩნდი შენ მსახურ ღმრთისა მრავლითა მოთმინებითა, მწუხარებათა შინა, განსაცდელთა, იწროებათა, ნაბრძჳლთა, საპყრობილეთა, დაუწყნარებლობათა, შრომათა, მღჳძარებათა, მარხვათა შინა, ხოლო გონებაცა ჩუენი ვერ მისწუდების სიმდიდრესა სიკეთისა შენისასა, დღითა და ღამით მრავლითა ცრემლითა მოღუაწებასა. ამისთჳსცა, მხილველნი სიყუარულისა შენისა აურაცხელისა, კადნიერებით გვედრით: შეისმინე ჩუენი, გლახაკთა, ცოდვილითა ბაგითა მეტყუელთა ესრეთ:
გიხაროდენ, მახარებელო უბრძოლველო, რომელმან თავსა შორის თჳსსა სძლიე პირველად კაცი
იგი ძუელი, ქრისტეს თანა ჯუარცმულო;
გიხაროდენ, მოძღუარო მრავალნაყოფიერო და მგელთა მტაცებელთა მამხილებელო, ვინაჲთგან შენ მიერ ხატი მორწმუნეთა აჩუენე, მიწყივ იღვიძებდი რა და მრჩობლად ყოველთა ასწავებდი: სიტყჳთ და საქმით, თქმულისაებრ;
გიხაროდენ, ყოველთა განმამდიდრებელო, ხოლო უწინარეს თჳთვე დაგლახაკებულო და უპოვარებითა ყოვლისა მქონებელო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთათჳს მგზნებარეო მოშურნეო, რომელმან დამწინდევ ქრისტესა, ვითარცა ქალწული წმიდაჲ, სასძლოჲ უმანკოჲ;
გიხაროდენ, რომლისა ნაწლევნი მრავალსალმობიერ გექმნეს შვილთა შენთათჳს ტანჯვათა შინა მშობიარობისათა, ვიდრეღა გამოისახებოდა ქრისტე შორის მათსა;
გიხაროდენ, პავლე და პეტრე, ერთითა საღმრთოჲთა სულითა ჯერჩინებულნო, ერთსა ქალაქსა შინა ქრისტეს ერთგულებისა სისხლითა დაბეჭდილნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
ვუგალობთ და ვჰნატრით საკრველთა და ტანჯვათა შენთა, პავლე მრავალვნებულო, რომელი მოთმინებითა მრავლითა წარემართე, გარნა სიხარულითაცა შეიწყნარე საკრველნი მოსწავებულნი წინასწარმეტყუელისა აგაბოსაგან, და ეკლესიასა კესარიისასა ეწამებოდი ესრეთ: „არა ხოლო შეკრვად განმზადებულ ვარ სახელისათჳს უფლისა იესუჲსა“. და ჩუენცა მასვე, წმიდათა შორის საკჳრველსა, უგალობთ გალობასა: ალილუია.
გამოუთქმელისა სიხარულისა ნათლითა და საღმრთოჲთა სიყუარულითა გამობრწყინდი, პეტრე, რაჟამს შემდგომად აღდგომისა უფალი უადრეს მოციქულთა გეჩუენა შენ მჭმუნვარესა. მერმეღა, შემდგომად ჩუენებისა, გრქუა შენ სამგზის უფალმან ცხორებისამან: „სჳმონ იონასო, გიყუარ-მეა?“ ხოლო შენ საღმრთოჲსა სიყუარულისა ცეცხლითა აღნთებული, თბილად მიუგებდი: „უფალო, შენ უწყი, ვითარმედ მიყუარ მე“. ამისთჳსცა ჩუენცა დაგლახაკებულნი სულითა, მომგონებელნი შენისა ცრემლისა სიუხვისა და სიყუარულისა, რომლისთჳსცა გიწოდა შენ უფალმან პირუელსავე საზომსა მოციქულებისასა, კეთილკრძალულებით ვხმობთ შენდამი ესრეთ:
გიხაროდენ, სინანულისა მასწავლელო, ცრემლითა მწარითა სიმაღლისა სიმდაბლისასა
მომპოვნებელო და საფლავისაგან აღმდგარისა მიერ სიხარულსა გამოუთქმელსა საუკუნოდ
ზიარებულო;
გიხაროდენ, სიბრძნისა უფსკრულო, სიმაღლეო სიმდაბლისაო, მგზნებარითა სიყუარულითა, მოქალაქობისა ხატისა თავსა შორის თჳსსა ყოველთა მორწმუნეთათჳს გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, მეგობარო იესუჲსაო, რომელმან უღელი მახარებლობისა მოშურნეობითა იტჳრთე, უფლებასა საღმრთოსა სამკჳდრებელსა ზედა არა თავს-იდებდი, გარნა მორჩილებასა ხელმწიფებათა ასწავებდი;
გიხაროდენ, მოციქულო ქრისტესო, რომელმან მეცნიერება გუელისა და უბიწოება ტრედისა თავსა შორის შენსა შეაუღლე და ჯუარსა ზედა სიკუდილისა შენისა სახითა ფრიადი სიმდაბლე აჩუენე;
გიხაროდენ, უფლისა ერთგულო მონაო, რომელმან განამრავლე შენდა ბოძებული ტალანტი და შეხუედ სიხარულსა უფლისასა;
გიხაროდენ პეტრე და პავლე, დიდსულოვანებისა თქუენისა სიყუარულითა ყოვლისა სოფლისა დამტევნელნო და კიდეთა ქუეყანისათა განმანათლებელნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
მადლი სულისა ნუგეშინისმცემელისა დაადგრა რა მორწმუნეთა მსგავსად ცეცხლისა ენათა, მსწრაფლვე გამოკრთა ბაგეთაგან შენთა, პეტრე, სიტყუად მოტყინარედ, რათა მის მიერ ახარებდი ძალითა მრავლითა ქრისტესა ჯუარცუმულსა არა მხოლოდ წარწყმედულთა ცხოვართა სახლისა ისრაელისათა, არამედ კერპთმსახურთაცა ბერწსა ეკლესიასა, რაჲთა მოისთულიდნენ იგინიცა საღმრთოსა დაუჭნობელსა შროშანსა სიწმიდისა და სინანულისასა. ითხოვე ჩუენთჳსცა, მოციქულო სანატრელო, წყალობა უფლისა, რომელიცა იქმოდა შენ შორის დიდებულსა და სანატრელსა, აღადგენდა რა ხელითა შენითა მკუდართა და ჯუარსა ზედა შენითა დამოკიდებითა მომკუდარი სიყუარული ჩუენი აღაგზნო, რაჲთა დაუცხრომელად უგალობდეთ მას: ალილუია.
უგალობთ რა უნათლესსა ხსენებასა შენსა, პავლე, ღირსად ვნატრით გამოუთქმელსა მოღუაწებასა, სალმობათა და შრომათა შენთა, რომელი ეგე მღჳძარებათა, სიყმილსა და წყურილსა, მარხვასა, ზამთარსა და შიშლოებასა თავს იდებდი. ვინ-მე აღრაცხის ნაბრძჳლნი, ჭირნი და განსაცდელნი შენნი ქალაქთა შინა, უდაბნოთა, ზღუათა, ძჳრშემთხუეულებანი ავაზაკთაგან, ჭირნი თჳსტომთაგან, განსაცდელნი ნათესავთა და ძმამტყუვართაგან? ვინ გემსგავსოს შენ? უმეტეს ყოველთა მოციქულთა იღუაწე შენ. ამისთჳსცა გვედრით შენ: ნუ მომიძაგებ ჩუენ, ცოდვილთა, მლოცველთა შენდამი, არამედ ვითარცა ყოველთათჳს იყავ ყოველ, აწცა ისმინე უძლურითა ხმითა შემწირველთა ესევითართა:
გიხაროდენ, მონაო ქრისტესო, საპყრობილითგან სინათლისა მომფენელო, სიტყჳთა და
წერილითა კრულებასა შინა მრავალმოღუაწეო, რამეთუ, ჭეშმარიტად, ღმრთისა სიტყუაჲ
არავე შეიკრვის;
გიხაროდენ, სიყუარულისა უფსკრულო გამოუკვლეველო, რომლისა სიწრფოებითა ინებე შენ ძმათა შენთათჳს განგდებულ ქრისტესაგან ყოფად;
გიხაროდენ, მოღუაწეო უსაკჳრველესო, რომელმან კეთილითა ღუაწლითა იღუაწე, სრბაჲ აღასრულე და სისხლითა შენითა ეკლესია განაშუენე;
გიხაროდენ, ზღუათა საკჳრველებათასა გამომადინებელო, ვინაჲთგან ვარშამანგნიცა და ოლარნიცა შენნი განჰკურნებდენ და ეშმაკთა განასხმიდენ;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სიყუარულისა განუშორებელო თანაზიარო, მაღლისა მზრახველო და არა ამის სოფლისაო, რაჲსთჳსცა ჴორცთაგან განსლვისა და ქრისტესთან მიახლებასა სურვიელ იქმენ;
გიხაროდენ, პავლე და პეტრე, ქრისტეანეთა სარწმუნოებისა დამნერგველნო, კეთილმსახურებისა წყალთაგან მომრწყველნო და საუკუნოსა ლიმენასა მორწმუნეთა მიმყუანებელნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
ჰოჲ, ყოვლადქებულნო მახარებელნო პეტრე და პავლე! შეისმინეთ სულთქმანი გულთა ჩუენთანი, მვედრებელთა ამათ, რამეთუ მრავალი ძალუძს ლოცვასა მართალთასა წინაშე ღმრთისა: ისწრაფდითცა აწ მოგონებად ჩუენდა ზეციურისა წოდებისა და ქრისტეანულისა აღსასრულისა ცხორებისა ჩუენისა, მიგვიზიდენით ჩუენ სახარებისა ჭეშმარიტებისა სიტკბოებასა, შემზღუდეთ ჩუენ საკრველითა ქრისტეს სიყუარულისაჲთა, რაჲთა ჩუენ ყოველნი უარისმყოფელნი უსჯულოებისა და სოფლისა გულისთქმათა, შევიდეთ სიხარულსა უფლისა ჩუენისა, მგალობელნი მისდა ანგელოსთა და წმიდათა გუნდთა თანა: ალილუია. (ეს კონდაკი (13) ითქმის სამგზის)
ანგელოსად კეთილმაუწყებელად გამოსჩნდით ქუეყანასა ზედა, ნეტარნო მოციქულნო პეტრე და პავლე, რამეთუ სარბიელსა თქუენსა ზედა მოწოდებულ იქმენით ჩუენისა დახსნისათვის, ირგვლივედი ყოვლისა სოფლისაჲ მოიცვენით, იუდეანთა და ელლინთა ქრისტესა ჯუარცმულსა, ძალსა ღმრთისასა და სიბრძნესა ღმრთისასა უქადაგებდით. მითვე ნათლითა მოძღურებისა თქუენისაჲთა განათლებულნი ჩუენცა ვხმობთ გულითა და ბაგითა ესრეთ:
გიხაროდენ, ვარსკულავნო ნათელცისკროვანნო, გამოჩინებულნო აღმოსავალითგან და ყოველთა
კაცთათვის ქრისტეს გზისა მაჩუენებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა სიმტკიცენო და სუეტნო შეურყეველნო;
გიხაროდენ, ქრისტეს მიერ მიმთუალველნო ხელმწიფებისა შეკრვისა და განხსნისა ცოდვათა ჩუენთაჲსა;
გიხაროდენ, თქუენთა წმიდათა წერილთა შინა ღმრთისა სარწმუნოებისა და სასოებისადმი მომწოდებელნო;
გიხაროდენ, ცხორებითა თქუენითა ცოდვილთათვის, ხატნო მოქცევისანო;
გიხაროდენ, სიტყჳთა და საქმით ჭეშმარიტისა სიყვარულისა სიღრმისა გამომაჩინებელნო.
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
კრავისა მიერ უბიწოჲსა აღრჩეულნო ქადაგნო, რომლისთჳსცა დაიკლვენით, ქრისტეს ღმრთისა ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე! ვინაჲთგან ღმრთისმეცნიერებითა განანათლეთ ყოველი სოფელი და მადლისა წყარონი სიუხვითა ასუთ, აწცა მოიხილენით სიყუარულითა სახელთა თქუენთა მომხსენებელთა ზედა. აღგუავსენით ჩუენ სულითა სიბრძნისაჲთა, გულნი ჩუენნი განამტკიცენით სარწმუნოებითა, რაჲთა შემუსრვილითა გულითა დაუსრულებელად გიგალობდეთ სამადლობელსა:
გიხაროდენ, წმიდანო თავნო მოციქულთანო პეტრე და პავლე.
„ჰოჲ, ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე, რომელთა სულნი ქრისტესთჳს წარიწყმიდენით და სისხლითა თქუენითა აგარაკი მისი განაპოხიერენით! შეიწირეთ ვედრებანი და სულთქმანი, გულითა შემუსრჳლითა აწ მიძღუანებულნი თქუენდა. რამეთუ უსჯულოებითა დაბნელებულვართ და ამისთჳსცა განსაცდელთა, ვითარცა ღრუბელთა, გარემოუცავთ, ზეთისაგან კეთილისა ცხორებისა დაცალიერებულვართ ფრიად და ვერშემძლებელვართ წინააღდგომად მგელთა მტაცებელთა, რომელნიცა მიტაცებად სამკჳდრებელსა ღმრთისასა სილაღით ისწრაფვიან. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ მეოხებითა თქუენითა დაგჳფარენით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თჳსისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ!
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
თარგმანი დეკანოზ არჩილ მინდიაშვილისა