ევედრებიან სიმსივნით დაავადებულთა შეწევნისათვის.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
დედობრივსა მადლსა შენსა შევრდომილნი თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა `პანტანასას~, და გევედრებით, ყოველთა დედოფალო: ნუ განგვაშორებ წყალობასა შენსა, არამედ კეთილად განაგე ცხორებაი ჩუენი და გვიხსენ ყოველთა სნეულებათა და ჭირთაგან, რომელთა ესე შენდამი დაგვიძს სასოებაი ჩუენი და აღმოვთქუამთ ქებულებათა შენთა: გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
ყოველნი ძალნი ზეცისანი და ვატოპედისა სავანისა მონაზონნი მოუკლებელად უგალობენ წმიდასა ხატსა შენსა „პანტანასას“, რომელი ბრწყინავს საკვირველებათა მიერ, ხოლო ჩუენ შეუვრდებით პატიოსანთა პირთა მისთა, და მხურვალედ ვითხოვთ შენგან კურნებასა და სარწმუნოებასა შინა განმტკიცებასა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და გაქებდეთ წადიერად:
გიხაროდენ, წყაროო ცხოველო, სასიკუდინეთა ცოდვათაგან განმბანელო;
გიხაროდენ, ცუარო, უძლურთა მცხინვარებისა განმაგრილებელო;
გიხაროდენ, ვნებათა არმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, უკურნებელთა წყლულებათა აღმხოცველო;
გიხაროდენ, ეშმაკის მანქანებათაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ურვეულთა შემწეო და ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
სასწაულთა მიერ ელვარობს წმიდაი ხატი შენი „პანტანასა“, უპყრიეს რაი ვატოპედისა სავანესა შესავედრებელად და მფარველად უძლეველად, და ყოველნი მისდა შევრდომილნი იხსნებიან რაი ყოველთა ვნებათაგან, მადლობისა შენდა შემწირველნი ქებასა შეგასხამენ და ადიდებენ ღმერთსა: ალილუია.
ჰოი, საკვირველი და მიუწდომელი ძლიერებაი ხატისა ამის შენისა, რომელ გამოაჩინე, დედოფალო, ოდეს მიეახლა მას ჭაბუკი ვინმე – დანთქმული წყუდიადსა შინა გრძნებისასა, და გამოხდა რაი ელვაი ნათლისაი თუალთაგან შენთა, მეყსა შინა უღირსი იგი, ვითარცა მკუდარი ქვე დააკუეთა, აწ ჩუენცა გვასწავე ჭეშმარიტი სინანული და განგვარინე მზაკუვარებათაგან ეშმაკთაისა, რაითა ღირსებითა და სიწმიდითა ვიდოდეთ და გნატრიდეთ წადიერად:
გიხაროდენ, შენდამი შემოწირული ლოცვისა მოწყალებითა მიმღებელო;
გიხაროდენ, ბოროტთა სულთა მაოტებელო;
გიხაროდენ, ეშმაკის ძალისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, ხელთაგან მისთა განმარინებელო;
გიხაროდენ, ცოდვით დაბნელებულთა გულთა განმანათლებულო;
გიხაროდენ, საღმრთოისა ბრძანებისა ურჩ-ქმნილთა გონიერ-მყოფელო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
აჩუენე რაი საკვირველი ძალი ეგე შენი ბოროტად შეპყრობილსა მას ჭაბუკსა, მსწრაფლ შეინანა მან ცოდვანი თვისნი, სძალო ღმრთისაო მარიამ, და ყოვლისა სასოებისა შენზედა დამდებელი დაემკვიდრა ათონსა, რაითა მარადის თაყუანსა სცემდეს წმიდასა ხატსა შენსა, ვითარცა მიზეზსა ხსნისა თვისისასა, და ადიდებდეს შენ მიერ განკაცებულსა ღმერთსა: ალილუია.
ფრიად განაბრწყინე დიდებაი ქრისტეისი, უბიწოო, არცხვინე რაი ეშმაკთა ყოველთა სახილველად, და გულისხმაყვეს მამათა, ვითარმედ ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო შეწევნისათვის ეშმაკეულთა და ვნებულთა, და ხატსა შენსა უწოდდენ „პანტანასას – ყოველთა დედოფალსა“, აწ ჩუენცა ნუ განგვაშორებ მაცხოვნებელსა მადლსა შენსა, რაითა სულითა და ხორცითა ავღორძინდეთ და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, დედაო სახიერო, წარწყმედულთა მეძიებელო;
გიხაროდენ, ბოროტად სლვისაგან მომდრეკელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ქრისტეს სარწმუნოებად მომაქცეველო;
გიხაროდენ, ბრალთა ჩუენთა სიტკბოებითა შემნდობელო;
გიხაროდენ, მონანულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, გრძნეულთა უგულისხმოებისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
ვითარცა ხარი შენ შემწეი და მფარველი მორწმუნეთაი შემდგომად ღმრთისა, წმიდასა ხატსაცა ამას შენსა აქუს მადლი სულთა და ხორცთა კურნებისაი ძისა მიერ შენისა, და რომელნი შეუვრდებოდენ ღაღადებით: „შეგვიწყალენ ჩუენ, ყოველთა დედოფალო“, მოიღებდენ ლხინებასა და აქებდენ მხსნელსა და მაცხოვარსა სოფლისასა: ალილუია.
ხედვიდენ რაი მონაზონნი სასწაულთა მათ, ცნობათა უაღრესთა, აღსრულებულთა წმიდისაგან ხატისა შენისა, სულითა იხარებდენ და ღაღადებდენ: „დაგვიცევ ჩუენ, დედოფალო, და გვიხსენ ყოველთა ურვათაგან“, ეგრეთვე აწ განსაცდელთაგან გარე-შეცულნი გევედრებით: დახსენ ბოროტნი განზრახვანი მწვალებელთა და ქრისტეს მტერთა და მშვიდობაი მოგვეც ყოველთა მოსავთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, სხივცისკროვანო მზეო, მორწმუნეთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სიწმიდისა განმავრცობელო;
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა და მოღუაწეთა განმამხნობელო;
გიხაროდენ, ბიწთა სულისათა განმწმედელო;
გიხაროდენ, ცხორებისა კარისა განმღებელო;
გიხაროდენ, ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა გამომხსნელო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
სიხარულითა დიდითა იშუებდა საძმოი ვატოპედისაი, რამეთუ ექმნა წმიდაი ხატი შენი „პანტანასა“ სიქადულად და მფარველად სავანესა მათსა და განაწესეს რაი დღესასწაული მისი, სიხარულითა გნატრიდენ შენ, დედოფალო, და ქრისტესა – ძესა შენსა აქებდენ, ვითარცა ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.
სხივთა მადლისა შენისასა მიჰფენდი რაი ათონსა, კრებულნი მამათანი და სამწყსონი მათნი ლოცვად მოვიდოდენ და სასოებითა შევრდომილნი ეძიებდენ შენგან მადლსა და კურნებასა, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეუვრდებით მფარველობასა შენსა, ჰოი, ყოველთა დედოფალო, და მოგიძღუნით შესხმასა ამას და გალობასა:
გიხაროდენ, მთაწმინდის უდაბნოსა შინა სულიერისა სამოთხისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ზოგად-ცხორებულთა სავანეთა ღმრთეებრივითა საფარველითა დამფარველო;
გიხაროდენ, ძმათა შორის მტერობისა დამხსნელო;
გიხაროდენ, ვნებათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;
გიხაროდენ, უძლურთა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
დიდებულებამან ხატისა შენისამან, ყოვლადწმიდაო, მრავალნი აღძრა თაყუანისცემად და შევრდომად მისდა, და მხურვალედ გევედრებოდენ რაი კურნებასა – ბრმანი აღიხილვიდენ, ყრუთა ესმოდა, მკელობელნი ვიდოდენ, და სიკუდიდ განწირულნი იკურნებოდენ ყოველთა სახილველად, რაისთვისცა სიხარულითა გმადლობდენ შენ, უბიწოო, და აქებდენ ძესა შენსა, ყოვლად ძლიერსა და უძლეველსა: ალილუია.
წმიდაი ხატი შენი „პანტანასა“ განითქუა რაი საკვირველთმოქმედებითა, მიისწრაფდენ ყოვლით ქუეყანით კაცნი შევრდომად მისდა, და გევედრებოდენ რაი ხსნასა და ლხინებასა, მსწრაფლ მოიღებდენ შენ მიერ აღსრულებასა კეთილთა თხოვათასა, ხოლო რომელნი არაწმიდათა სულთაგან შეპყრობილნი, გათავისუფლდებოდენ, ყოვლად მოწყალეო დედაო, და გაქებდენ შენ, ვითარცა ყოველთა დედოფალსა:
გიხაროდენ, პატიოსანითა საფარველითა შენითა ყოვლისაგან ბოროტისა დამფარველო;
გიხაროდენ, მოწყურებულთა სულთა უხრწნელებისა წყაროითა დამაურწყებელო;
გიხაროდენ, წყლულებათა დამაცხრომელო;
გიხაროდენ, მშიერთა დამაპურებელო;
გიხაროდენ, მდაბალთა ამამაღლებელო და მზვაობართა დამცემელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
წმიდისაგან ხატისა შენისა მომდინარე მადლი ყოველთა აღძრვიდა რაი თაყუანისცემად მისდა, განამრავლეს მამათა შუენიერნი პირნი მისნი, დედოფალო, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლონი მკურნალნი სულთა და ხორცთაი, და მფარველობასა მათსა შევრდომილთა მარადის მწე-ექმნები და აღძრავ გალობად ღმრთისა: ალილუია.
ვითარცა მკვიდრნი ათონისანი განშუენდებიან მადლითა მით წმიდისა ხატისა შენისაითა, ეგრეთცა მდინარესა საკვირველებათასა აღმოაცენებ წმიდათა პირთა მიერ მისთა ყოველთა შორის მართლმადიდებელთა, და მხურვალედ თაყუანისმცემელთა ასხურებ რაი ცუართა მადლისა შენისათა, მსწრაფლ მოიღებენ კურნებასა, და არცაღა დასცხრებიან შეწირვად მადლობისა და ქებისა:
გიხაროდენ, მაკურნებელო სალბუნო, აღმასუბუქებელო სალმობათაო;
გიხაროდენ, ათონითგან განმფენელო დაულევნელთა მადლთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო დამწუხრებულთა დედათაო;
გიხაროდენ, დაურღვეველო ზღუდეო ქურივთა და ობოლთაო;
გიხაროდენ, მშვიდო ნავთაყუდელო, შემწყნარებელო ბოროტად ღელვა-გვემულთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლ-შემწეო და მკურნალო ყოველთა მოსავთა შენთაო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
განთქმულ იქმნა რაი წმიდაი და სასწაულთმოქმედი ხატი შენი „პანტანასა“ ერთა შორის ღმრთისათა, ფრიად შეიყუარეს მამათა ჩუენთა, და განიზრახეს რაი განმრავლებაი მადლისაი, ევედრენ ვატოპედისა იღუმენსა, მოანიჭოს „პირი“ მისი სამწყსოსა ივერთა ეკლესიისასა, რაითა ღირს ვიქმნნეთ შევრდომად კურთხეულისა საუნჯისა და მადლობად და ქებად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა: ალილუია.
აჰა, ესერა ღმრთივ-შუენიერი პირი „ყოველთა დედოფლისაი“ კრძალვითა გამოსახეს რაი ათონსა, დიდითა პატივითა მოაბრძანეს ტფილისსა, და სამღდელოთა და ერთა ლიტანიითა და გალობითა დაასვენეს ტაძარსა ქეთევან წამებულისასა, რაითა იყოს შემწე უძლურთა და განსაცდელთა შინა მყოფთა, და სასოებითა მისდა შევრდომილნი არცაღა დასცხრებოდენ შესხმად და გალობად შენდა:
გიხაროდენ, სულიერო ტაძარო ღმრთისა დიდებისაო;
გიხაროდენ, მიზეზო კაცთა ცხორებისაო და თავო ყოვლისა სიხარულისაო;
გიხაროდენ, ცხოველსმყოფელო წყაროო დაულევნელისა მადლისაო;
გიხაროდენ, ხატებაო ზეციერისა სიწმიდისა და სახიერებისაო;
გიხაროდენ, საკვირველთა მიერ კურნებათა აღმავსებელო ქუეყანისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, შემწეო ბერ-მონაზონათა კრებულისაო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
ფრიად განაშუენე რაი ივერიაი ახლად-დაწერილისა ხატისა შენისა მოვლინებითა, იგიცა იქმნა უძლურთათვის, ვითარცა წყაროი უკუდავებისაი, და სიყუარულითა აღუშენეს რაი სავანეი მთასა ზედა, ვითარცა ახალი მეტეორა, სახელსა ზედა „პანტანასა – ყოველთა დედოფლისა“, მრავალსახეთა სენთაგან შეპყრობილნი უმეტეის სასოებისა მოიღებენ მის მიერ წყალობასა, და მადლობისა შენდა შემწირველნი ადიდებენ ყოვლად მოწყალესა ღმერთსა: ალილუია.
ვითარცა ვატოპედელნი მამანი განსცხრებიან ხატისა შენისა კეთილად მსახურებითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა მოვისწრაფვით ზაჰესის დედათა სავანესა, და თაყუნის-ვჰსცემთ რაი საუნჯესა მას ყოველთა კეთილთასა და უკურნებელთა სენთა აღმხოცველსა, ვითხოვთ შენ მიერ სიმრთელესა და ხსნასა უხილავთა და ხილულთა მტერთაგან, რაითა უვნებელად დაცულნი სულითა ვიხარებდეთ და გნატრიდეთ წადიერად:
გიხაროდენ, საკვირველად აღმადგინებელო მკურნალთაგან დატევებულთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლ აღმხოცველო უკურნებელთა სენთაო;
გიხაროდენ, ხელისაღმპყრობელო მაშურალთაო;
გიხაროდენ, მხცოვანთა განმამხნობელო და განმაბრძნობელო ჭაბუკთაო;
გიხაროდენ, სულიერო საჭურველო ყოველთა მართლმორწმუნეთაო;
გიხაროდენ, განმდევნელო ბოროტმადიდებელთა ზრახვათაო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
სიტკბოებითა მოხედე რაი კუართისა შენისა მტვირთველსა ერსა ჩუენსა, საკვირველთმოქმედი ხატი შენი „პანტანასა“ მოგვიბოძე განსარინებელად ყოველთა სავნებელთაგან, და მის მიერ ჰკურნებ რაი სნეულთა, ეშმაკთა განიოტებ და იცევ მხურვალედ შევედრებულთა შენდა, საკვირველსა შეწევნასა შენსა აქებენ, ქრისტეს დედაო, სანატრელო, და მადლსა და დიდებასა მისცემენ ღმერთსა: ალილუია.
ვითარცა ბრწყინვალესა ლამპარსა სასოებისასა ესრეთ გიცნობთ შენ, ჰოი, სახიერო დედაო ჩუენო, რამეთუ კეთილსახელოვანი ხატი ეგე შენი „პანტანასა“ სენთა და განსაცდელთაგან იხსნის სარწმუნოებით მისდა შევრდომილთა და უშურველად გარდამოგვივლენს კურთხევასა და დიდსა წყალობასა, რაითა ღირსებითა და სიწმიდითა ვიდოდეთ გზასა მას ცხორებისასა და მოგიძღუნიდეთ სამადლობელსა გალობასა:
გიხაროდენ, ხედვითა ბრწყინვალისა ხატო-ვნებისა შენისაითა ყოველთა დამატკბობელო;
გიხაროდენ, ამა საუკუნისა უგუნურისა სიბრძნისა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მით დაბრმობილთა წრფელისა გზისა მიმართ წარმმართებელო;
გიხაროდენ, მომთვრალეობისა ვნებითა შეპყრობილთა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ბანგითა ცნობამიღებულთა განმაფხიზლებელო;
გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
უწყით რაი მოწყალებათა შენთა სიმრავლეი, გევედრებით სასოებითა მეოხებისა შენისაითა: აწ ჩუენცა შეგვიწყალენ და გვაკურთხენ, ყოველთა დედოფალო, და მოგუანიჭე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი, ხოლო მამული ჩუენი შეუხებელად დაიცევ ზედა დასხმისაგან მტერისა, და დაეც მხდომნი და წინააღმდგომნი წმიდისა ეკლესიისა ჩუენისა, რაითა სიყუარულითა და მშვიდობით ვცხონდებოდეთ და მარადის ვაქებდეთ ღმერთსა: ალილუია.
დედობრივითა მით კადნიერებითა აღასრულებ რაი სულთა და ხორცთა კურნებასა ხატისა მიერ შენისა, აწ ჩუენცა ვიხარებთ და მისა მიმართ მივისწრაფვით, ვითარცა ნავთსაყუდელისა მიმართ კეთილისა, რაითა ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდნო და სოფლისა შფოთითა ყოვლითურთ დანთქუმულნი ღირს-გვყნე ჯერისაებრ შეწირვად შენდა გალობისა:
გიხაროდენ, მეორე მაყუალო შეუწველო, საღმრთოისა ცეცხლისა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, მხურვალედ მვედრებელთა შენდა მსწრაფლ-შემსმენელო;
გიხაროდენ, მოსავთა შენთა მშვიდობითა და სიმტკიცითა გარე-შემზღუდველო;
გიხაროდენ, გულთა შინა ჩუენთა საღმრთოისა შურისა და კრძალულებისა შთამნერგველო;
გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა ზეციერითა სიტკბოებითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, ბუნებითა მრავალმოწყალისა ღმრთისა ჩუენზედა მოწყალე-მყოფელო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
მრავალნი უცხონი და საკვირველნი სასწაულნი ქმნა წმიდამან ხატმან შენმან, ჰოი, ყოვლადუბიწოო ღმრთისმშობელო, მოგვეც რაი მფარველად და გამომხსნელად ფიცხელთა სენთა და ვნებათაგან, და წარდგომილნი წინაშე მისსა, გევედრებით წადიერებითა, რაითა შუებაი და სიმრთელეი მოგვანიჭო და აღგვძრა ქებად შენდა და გალობად ღმრთისა: ალილუია.
მხედველნი დიდისა მის მადლისა, რომელი მოგვეფინება შენ მიერ, ჰოი, ყოველთა დედოფალო, სიხარულითა განვსცხრებით და გევედრებით: რომელი ეგე საფარველითა თვისითა იცავ შენდა შევრდომილთა, და იხსნი ყოველთა ძვირთა და სენთაგან, აწ ჩუენცა ყოველთა ვნებათაგან დაგვიფარე და ღირს-გვყავ გალობად შენდა სიხარულითა:
გიხაროდენ, მიზეზო ყოვლისა კეთილისაო;
გიხაროდენ, მომცემელო საღმრთოისა სიხარულისაო;
გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის მაჩუენებელო გზისაო;
გიხაროდენ, მსწრაფლ მაოტებელო უხილავთა მტერთა ბანაკისაო;
გიხაროდენ, დამშრეტელო ჩუენზედა სამართლად აღძრულისა ღმრთისა რისხვისაო;
გიხაროდენ, ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეულთა ქართველთათვის მომცემელო ნუგეშისაო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
ჰოი, სასოო და სიქადულო ჩუენო „პანტანასა – ყოველთა დედოფალო“, აწ შეიწყნარენ სამადლობელნი შესხმანი ესე ჩუენნი, და გარემომზღუდენ ყოვლისაგან ჭირისა და სალმობისა, ხოლო მძაფრთა სენთაგან გვემულთა და არაწმიდა სულთაგან შეპყრობილთა (სახელები) მიჰმადლე უხვი საბოძვარი წყაროისაგან ულევისა მადლისა შენისა, რაითა ყოველნი გულითა ვიხარებდეთ და ვაქებდეთ ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.
(კონდაკი ესე წართქვი სამგზის და შემდეგ კვლავ იკოსი 1 და კონდაკი 1).
ყოველნი ძალნი ზეცისანი და ვატოპედისა სავანისა მონაზონნი მოუკლებელად უგალობენ წმიდასა ხატსა შენსა „პანტანასას“, რომელი ბრწყინავს საკვირველებათა მიერ, ხოლო ჩუენ შეუვრდებით პატიოსანთა პირთა მისთა, და მხურვალედ ვითხოვთ შენგან კურნებასა და სარწმუნოებასა შინა განმტკიცებასა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და გაქებდეთ წადიერად:
გიხაროდენ, წყაროო ცხოველო, სასიკუდინეთა ცოდვათაგან განმბანელო;
გიხაროდენ, ცუარო, უძლურთა მცხინვარებისა განმაგრილებელო;
გიხაროდენ, ვნებათა არმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, უკურნებელთა წყლულებათა აღმხოცველო;
გიხაროდენ, ეშმაკის მანქანებათაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ურვეულთა შემწეო და ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
დედობრივსა მადლსა შენსა შევრდომილნი თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა `პანტანასას~, და გევედრებით, ყოველთა დედოფალო: ნუ განგვაშორებ წყალობასა შენსა, არამედ კეთილად განაგე ცხორებაი ჩუენი და გვიხსენ ყოველთა სნეულებათა და ჭირთაგან, რომელთა ესე შენდამი დაგვიძს სასოებაი ჩუენი და აღმოვთქუამთ ქებულებათა შენთა: გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!
ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, ყოვლად-მოწყალეო ღმრთისმშობელო! წმიდაი ხატი შენი `ყოველთა დედოფალი – „პანტანასა“, გვივის ჩუენ, ვითარცა სახიერი მკურნალი სულთა და ხორცთაი, და ხელაპყრობით გევედრებით წინაშე მისა: ისმინე აწ მხურვალეი ვედრებაი ჩუენი, და ყოველნი მისდა შევრდომილნი დაგვიფარენ ქუეშე საფარველსა მოწყალებისა შენისასა.
ჰოი, დედაო და დედოფალო ყოველთაო, სძალო ღმრთისაო მარიამ! წყალობასა შენსა შევედრებულნი მოვევლტით ხატსა შენსა „პანტანასას“, რომელ მოგვიღებიეს ათონითგან, და გევედრებით: განპყარ კურნებისა მომნიჭებელნი ხელნი შენნი და სიხარული და სიმრთელეი მიანიჭე ეშმაკთა და უკურნებელთა სენთა მიერ გვემულთა, უძლურნი განაძლიერენ, დავრდომილნი აღადგინენ და მოთმინებაი მიჰმადლე მძვინვარეთა ჭირთაგან ძლეულთა; სასოდ შეუორგულებელად ექნენ უსასოთა და მწუხარებისა წყუდიადსა შინა დანთქმულთა სულთა აღმოუბრწყინვე გამოუთქუმელი ნათელი ღმრთეებისაი და აღავსე შუებითა; სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, გულნი ბოროტნი მოამდოვრენ, კაცთმოყუარებაი განაძლიერე და ყოველნი აღგვავსენ სიყუარულითა და სარწმუნოებითა, ხოლო გონებანი და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხენ, რაითა დაუცადებელად იქმოდენ ნებასა მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტეის ღმრთისასა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია; განანათლენ ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულო ქალწულო, ყოვლად-უბიწოო დედაო ღმრთისაო, მხურვალედ შევრდომილნი წმიდასა ამას ხატსა შენსა, „ყოველთა დედოფალსა“, დიდებისმეტყუელებითა გაქებთ შენ, და გევედრებით: ვითარცა გაქუს ხელმწიფებაი განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაითა, ეგრეთვე აწ მოხედე მწუხარებათა, გარე-მოდგომილთა ჩუენდა, და ევედრე ყოვლადმოწყალესა ძესა შენსა და ღმერთსა, რაითა მოანიჭოს ქუეყანასა ჩუენსა მშვიდობაი და დაიცვას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვათაგან მტერთასა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგვმადლოს ზრახვათა სიწმიდეი, ყოვლად წარმწყმედელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი და დახსნაი მახეთაგან ბოროტისა; ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი და დამკვიდრებაი ზეცისა იერუსალეიმსა, რაითა შენთანა ვადიდებდეთ მას, რომელსა
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ავტორ-შემდგენელი თინათინ მჭედლიშვილი