ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ზესთამბრძოლო მხედართმთავარო, მეუფეო ცათა და ქვეყანისაო! ოდეს გიხილეს შენ, განმანათლებელი ჩვენი, მონისაგან ნათელ-ცემული იორდანესა, ცანი შეძრწუნდენ და ყოველი ქვეყანაი თრთოდა, ხოლო
ანგელოსნი განკვირდებოდიან და სრულიად ქმნილება განიხარებდა. ხოლო ჩვენ, უღირსნი ესე, მადლობასა აღმოგივლენთ და გიღაღადებთ შენ: ცოდვილთა და მეზვერეთა თანა მოხვედ, რაითა წყალთა მიერ განბანო ცოდვანი კაცთანი.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
ანგელოსთა ძალნი წინა-უძღოდეთ დღეს, მხედველნი მეუფისა, ქრისტესა, მომავალსა წყალთა მიმართ იორდანესათა განბანვად ადამის ცოდვისა, და მჭურეტელთა ესოდენისა საღმრთოისა საიდუმლოსა, შიშით განადიდეთ დიდი დამდაბლებაი მისი, რამეთუ ღმერთი კაცთა ემსგავსა და არამცა მცნობელი ცოდვისა, აჰა ესერა, მოვალს ვითარცა ტარიგი ღმრთისაი ახუმად ცოდვათა ყოვლისა სოფლისა. ამისთვის თქვენცა, განმადიდებელთა ღმრთაებრივისა მოვლინებისა ქრისტესა, უგალობეთ მას, ვითარცა უგალობდით ბეთლემს, დიდების-მეტყველებანი ესრეთ:
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, რომელი ზეცით მამისაგან სოფლად გარდამოჰხედ.
დიდება შენდა, ღმერთო უზენაესო, რომელმან თავი თვისი დაიმდაბლე და ხატი მონისაი მიიღე.
დიდება შენდა, მაცხოვარო სოფლისაო, რომელი ვითარცა კაცი მოხუალ იოვანესა ნათლის-ღებად.
დიდება შენდა, განმანათლებელო ქმნილებისაო, რამეთუ ვითარცა ახალმან ადამ ცოდვანი ძველისა მის ადამისნი აღიხუნე.
დიდება შენდა, დაუსაბამოო ნათელო, რომელმან გამობრწყინვებაი დიდისა ცისკრისა იორდანით და განათლებაი ყოვლისა სოფლისა ისურვე.
დიდება შენდა, მზეო სიმართლისაო, რომელმან მადლისა ნათლით მოსილი განთიადი მოცემად კაცთათვის ღვთისგანცხადებითა შენითა ინებე.
დიდება შენდა, რომელი ძველისა საცთურისაგან განბანვად სოფლისა მოხუედ.
დიდება შენდა, რომელმან კეთილმსახურებისა დიდი საიდუმლო ჩვენ გამოგვიჩინე.
დიდება შენდა, დიდისა სასწაულებისა ჩვენთვის წყალთაგან მრავალთა აღმსრულებელო.
დიდება შენდა, ცათა და ყოვლისა ქვეყანისა ნათლითა გონიერებისათა განმაცისკროვნებელო.
დიდება შენდა, აზრისმიერისა ფარაონისა წყალთა შინა იორდანისათა დამნთქმელო;
დიდება შენდა, ახალთა კაცთა წყალთა შინა ნათლის-ღებისათა ცხოვრებად საუკუნოდ მიმყვანებელო.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
ხედვიდა რა სულითა ღმრთაებრივი წინამორბედი შენი, ქრისტე, მოსლვასა შენსა სოფლად, მოვიდა უდაბნოით იორდანედ და ნათლად უღაღადებდა კაცთა: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი და მოივლინა ხსნა ჩვენი; შეინანეთ და განწმიდეთ წყალთაგან და ისწრაფეთ მიგებებად მისა, რაითა წმიდითა ზრახვებითა განათლებულნი, სპეტაკითა სულითა და შეუმწიკულებულითა ბაგითა სიხარულით უგალობდეთ მას: ალილუია.
გონებასა ზეცისასა გამოაჩინებდა ლამპარი ნათლისაი, დიდი წინამორბედი უფლისა იოვანე და უღაღადებდა ერსა: განწმიდენით, რამეთუ ესერა ქრისტე მოვალს გათავისუფლებად სოფლისა განხრწნისაგან, დახსნად სასჯელისაგან ადამისა, პირველ-ქმნილისა მის. და დაე, განიხაროს ამისთვის უდაბნომან იორდანესამან და აღყუავდეს ვითარცა შროშანი, ხოლო ყოველმან ქვეყანამან აწ წინაისწარმეტყველებრ განიხაროს. განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი ღმრთისანი, და ყოველთა მხიარულებით უღაღადეთ მას ესრეთ:
დიდება შენდა, ნათელო გამოუთქმელო, ზეციურისა ლამპრისაგან სოფლისათვის გამოჩინებულო.
დიდება შენდა, სიტყუაო მიუწვდომელო, ხმისა შენისაგან წინამორბედისა მიერ წინაისწარ-ღაღადებულო.
დიდება შენდა, ცეცხლო განმწმედელო, რომლისა მოქმედებითა არაწმიდება ყოველი წარიხოცების.
დიდება შენდა, წყაროო მადლისაო, რომლითაცა ყოველი ბუნება კაცთაი იკურთხების.
დიდება შენდა, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, რომელმან ნათლისღებაი მონისაგან ისურვე.
დიდება შენდა, ძეო მხოლოდშობილო, რომელმან იორდანესა განცხადება ღმრთაებისა შენისა ყოველთათვის ინებე.
დიდება შენდა, მეუფეო სიმართლისაო, რომლისა ხამლთა საბელსა განხსნად წინამორბედი შენი ღირსი არ იყო.
დიდება შენდა, მეუფეო ქმნილებისაო, რომლისათვის ყოველმან ნათესავმან კაცთამან ნათლის-ღებასა შენსა განიხარა.
დიდება შენდა, წინად-საუკუნოო ღმერთო, რამეთუ განცხადებაი შენი განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ყრმათა.
დიდება შენდა, ნათელო სოფლისაო, რამეთუ მოვლინება შენი თვალს-აღუხელს და განაბრძნობს ბრმათა.
დიდება შენდა, უფალო, რამეთუ შენ გაქუს წყარო ცხოვრებისაი.
დიდება შენდა, მეუფეო, რამეთუ ნათელსა შინა შენსა ვიხილოთ ჩვენ ნათელი.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
ძალი ღმრთაებისა შენისა, ქრისტე, გულისხმა-ჰყო წინამორბედმან შენმან იოვანე, ოდეს შიშითა გიხილა შენ მოსრული იორდანედ და განიხარა სულითა და თრთოდა, ხელითა უჩვენებდა ერსა შენთვის და ეტყოდა: ესე არს დამხსნელი განხრწნისაგან ყოვლისა სოფლისა; ესე არს განმათავისუფლებელი ჩვენი მწუხარებისაგან; ესე არს, რომელი ნაცვალად მონისა ძედ ღმრთისა გვყოფს ჩვენ; ესე არს, რომელი ნაცვალად ბნელისა განანათლებს კაცთა წყალთა მიერ ღმრთაებრივისა ნათლის-ღებისათა; ესე არს ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი, რომელსა მივეგებვით აწ და ვუღაღადებთ: ალილუია.
მქონებელი მდიდართა წყალობათა, ცოდვილთა და მეზვერეთა თანა მოხვედ, იესუ, რამეთუ არა დაითმენდი ხილვასა ეშმაკისაგან ქენჯნილისა კაცთა მოდგმისა, არამედ მოხვედ, რაითა კვალად ჰრქუა ადამსა: „სადა იყოფვი? ნუღა მემალვი მე, რამეთუ მსურის ხილვა შენი, ვითარ შიშუელ და ღატაკ ხარ, და ესრეთ მიგემსგავსო შენ, რაითა არღარა გრცხუენოდის“. ამისთვის ვქადაგებთ დიდსა დამდაბლებასა შენსა, უფალო, და გიღაღადებთ შენ ესრეთ:
დიდება შენდა, მწყემსო კეთილო, რომელმან წყმედულისა ცხოვარისა მოძიება ისურვე.
დიდება შენდა, ძეო მხოლოდშობილო, რომელი მოხვედ მისა მოყვანებად მხართა ზედა შენთა.
დიდება შენდა, უსაზღვროო მოწყალებაო, რომელი დაცემულთა კაცთა თანა ქვეყანად გარდამოჰხედ.
დიდება შენდა, სიყვარულო გამოუთქმელო, სასოწარკვეთილთა კაცთა კვალად ზე-აღმყვანებელო.
დიდება შენდა, უძლურთა ხელთა გლახაკთა განმაძლიერებელო.
დიდება შენდა, განრღვეულ მუხლთა უპოვართა განმკურნველო.
დიდება შენდა, მწყურვალისა უდაბნოისა ვითარცა ლიბანისა განმამხიარულებელო.
დიდება შენდა, იორდანისა უდაბნოისა ვითარცა ქარმელისა აღმყვავებელო.
დიდება შენდა, მოწყალეო, რამეთუ პატრუქსა კუმოლვარესა არა დაშრეტ.
დიდება შენდა, მრავალმოთმინეო, რამეთუ ლელწამსა განტეხილსა არა შემუსრავ.
დიდება შენდა, მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედადთა მოსრულო.
დიდება შენდა, რომელმან განგდებულისა ადამისა კვალად მოწოდება ინებე.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
იჭვნეულ ზრახვათა ღელვითა აღივსო წინამორბედი შენი, ქრისტე მეუფეო, ოდეს შენ ვითარცა კაცი მიხვედ მდინარედ და მონისებრ ნათლის-ღებაი ინებე მისგან და ეტყოდი: „განირთხ ხელი შენი და შეახე თავსა ჩემსა, შეძრწუნებაი სრულიად განაგდე თვისაგან და აღასრულე ბრძანება ჩემი!“ მაშინ მძრწოლვარე იქმნა წინამორბედი შენი, ღაღადებდა და იტყოდა: „რაისა მოხუედ მონისა თანა, არცაღა ერთისა მწიკულისა მქონებელო უფალო? რაისა მიბრძანებ მე, ვითარცა მაღლა მდგომი ჩემსა? სიმაღლე ცისა არა გამომიძიებიეს და ვარსკულავნი არასადა აღმირაცხიეს, არცა ქვეყანაი რაითურთით განმიზომიეს. ვითარ უკუე ნათელ-გცე,რომელსა მჭელითა გიპყრიეს ქმნილება ყოველი? ვითარ განანათლოს სანთელმან უსაზღვრო ნათელი? ვითარ დადვას ხელი მონამან მეუფესა ზედა? ესე მე ვეძიებ ნათლისღებასა შენგან, რაითა გიგალობდე: ალილუია.
ოდეს ესმა კაცთმოყვარესა უფალსა სიმაღლე მდაბალთა ამათ სიტყუათა წინამორბედისათა და იხილა მოშიშება მისი, ჰრქუა მას: „კეთილ არს, ჰოი იოვანე, ვითარმედ ესრეთ მოწიწებით თრთი წინაშე ჩემსა, გარნა დაუტევე აწ და განაგდე შიში შენი, რათგან ჯერ-არს შენდა მსახურებად ჩემდა, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, რაითა ჩემ მიერ განწმდენ ცოდვანი კაცთანი“. და ჩვენცა, მსმენელთა ესევითართა კაცთმოყვარეთა სიტყვათა შენთა, უფალო, სიყვარულითა გიღაღადებთ შენ:
დიდება შენდა, ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი შენ მიერ ურთიერთარს შეიმთხვივნეს.
დიდება შენდა, მეუფეო სიმართლისაო, რამეთუ სიმართლემან და მშვიდობამან ურთიერთარს ამბორს-უყვეს.
დიდება შენდა, უტკბილესო იესუ, რამეთუ ბეთლემს ჭეშმარიტებაი შენი ქვეყანით გამობრწყინდა.
დიდება შენდა, ყოვლადმოწყალეო მაცხოვარო, რამეთუ სიმართლემან შენმან იორდანესა ზეცით შთამოხედა.
დიდება შენდა, მლხინებელო ჩვენო, რამეთუ წყალთა მიერ ნათლის-ღებისათა უფროისად თოვლისა სპეტაკ-გვყოფ ჩვენ.
დიდება შენდა, განათლებაო ჩვენო, რამეთუ ჭევლთაგან მადლისა შენისა გულსა წმიდასა დაჰბადებს ჩვენ თანა.
დიდება შენდა, გარდამოხდომითა შენითა ცათა მომდრეკელო, რომელმან თავი შენი წინაშე ნთლისმცემელისა მოიდრიკე.
დიდება შენდა, ზესკნელისა თვისისა წყალითა დამფარველო, რომელმან წყალთა იორდანისათა შთაფლვაი სათნო-იყავ.
დიდება შენდა, უფალო ძალთაო, ვისა წინაშე ყოველნი ძრწიან, რომელმან ფრიადისა შიშისა განგდებაი წინამორბედსა უბრძანე.
დიდება შენდა, მამაო უხვებათაო, რომელსა წყალობანი განუზომელ და გამოუკულეველ გაქუს, – რომელმან წყალობითა თვისითა სოფლისა ცოდვათა წარხოცვა ინებე.
დიდება შენდა, ქალწულისაგან შობილო, მაცხოვარო ჩვენო, მოვედ ჩვენ შორის გამოუთქმელითა გარდამოსლვითა შენითა.
დიდება შენდა, ყოვლისა სოფლისათვის მოვლენილო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, გვაკურთხე ჩვენ ღმრთაებრივითა გამოცხადებითა შენითა.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
შენ, ღმრთივ მდინარი ნაკადი სახიერებისა, უფალო, შეხვედ ჭევლთა იორდანესთა, რაითა წყალთა მიერ განბანო ცოდვანი კაცთანი: ესრეთ შემაძრწუნებელ იყო ხილვა ცათა და ქვეყნის შემოქმედისა შიშუელად მდინარესა შინა და მონისაგან მიმღებად ნათლისა, ვითრმედ ანგელოსთა ძალნი განკვირდებოდენ, ხოლო იორდანე უკუნ-მიაქცევდა ნაკადთა თვისთა, ვერ შემძლებელი დათმენად ცეცხლისა, რომელი შეშჭამდა წყალთა მისთა, რამეთუ არღა ჩვეულ-იყო განბანვად წმიდისა და შეშრობად უცოდველისა. ამისთვის განიხარე, მდინარეო იორდანისაო და, დაე, იხარებდენ წყარონი და ტბორნი და ყოველნი უფსკრულნი და ზღვანი, რამეთუ დღეს იკურთხების ბუნება წყალთაი, თავისუფალ-ქმნილი დაფარულისაგან მას შინა წყუდიადის მთავრისა, და დაე ყოველი ქმნილება განსცხრებოდეს და გალობდეს ჩვენ თანა: ალილუია.
ოდეს გიხილა ღმრთაებრივმან იოვანე შენ, მეუფე ქმნილებისა, შთაფლული წყალთა შინა დაფლვად ყოველთა ცოდვათა სოფლისათა, და სამოსელ-განძარცული, რაითა სიშიშვლე ადამისი კვალად შეჰმოსო სამოსელითა დიდებისაითა, შეთრთოლდა სულითა და გიღაღადა შენ, ტარიგსა ღმრთისასა, შეცოდებათაგან განმწმედელსა ყოვლისა სოფლისა: „არღა კადნიერ ვარ შეხებად თავსა შენსა, მეუფეო, არამედ თვით შენ განმწმიდე, მაკურთხე და განმანათლე მე, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება და ნათელი და მშვიდობა სოფლისა“. გარნა სიტყვისაებრ შენისა შიშით დასდვა მარჯვენე თვისი ღმრთაებრივსა თავსა შენსა და ნათელ-გცა შენ, უცოდველსა, და სიხარულითა გიღაღადებდა ესრეთ:
დიდება შენდა, ტარიგო ღმრთისაო, ახუმად ცოდვათა ყოვლისა სოფლისათა მოსრულო.
დიდება შენდა, მოწყალეო მაცხოვარო, ყოველთა ცოდვათა კაცთა შთაძირვად წყალთა შინა იორდანისათა მსურველო.
დიდება შენდა, მწიკულისაგან ცოდვისა ჩვენო განმბანველო.
დიდება შენდა, გარდახდომისაგან ადამისა ჩვენო დამხსნელო.
დიდება შენდა, ღმრთისგანცხადებითა შენითა ქვეყანასა ზედა ყოველთა კაცთა განმახარებელო.
დიდება შენდა, ნათლის-ღებითა შენითა იორდანეს ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო.
დიდება შენდა, ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხორებისათვის ხატადმდე მონისა დამდაბლებულო.
დიდება შენდა, სიგლახაკითა შენითა ჩვენო განმამდიდრებელო.
დიდება შენდა, მორჩილებითა შენითა მტერისა მეუფებისა უკუანაისკნელ დამამხობელო.
დიდება შენდა, რომელმან ნათლის-ღებითა შენითა იწყე აღშენებად სუფევისა ღმრთისა ქვეყანასა ზედა.
დიდება შენდა, რომელმან გზაი ცხორებისაი დაცემულსა ნათესავსა კაცთასა იორდანეს უჩვენე.
დიდება შენდა, რომელმან მუნით ნათელი ღმრთის-მცნობელობისა მართალთა შენთა გამოუბრწყინე.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
საკვირველი ქადაგი და წინამორბედი შენი – იოვანე მრავალსა უთხრობდა მომავალთა მის თანა კაცთა განმზადებისათვის გზათა შენთა, უფალო, გარნა დაიდუმა წინაშე შენსა, მოსრულისა იორდანედ, - ვიდრეღა თავად შენ არქვი მას: „არა გეტყვი შენ: მითხრობდე მე ვითარცა უთხრობ უშჯულოთა და ჰმოძღური ცოდვილთა, გარნა ნათელ-მეც მე მდუმრიად!“. რამეთუ არა შეჰგავს ხმასა კაცობრივსა ღაღადებად მოსრულისა სიტყუისათვის ღმრთისა და აღსრულებისათვის ესეოდენისა საიდუმლოისა, ოდეს ანგელოსნიცა ღმრთისანი შიშითა წინა-მდგომარებდენ და ყოველი ქმნილებაცა შეძრწუნებულ იყო. ამისთვის ჩვენცა ფრიადითა მდუმარებითა და დიდითა მოწიწებითა გიღაღადებთ გულთა შინა ჩვენთა: ალილუია.
ყოველსა სოფელსა იორდანით გამოუბრწყინდა განათლება დიდი და საიდუმლო საშინელი, ოდეს შენ, ქრისტე მეუფეო, ნათელ-იღე იოვანესაგან და მეყვსეულად გამოხუედ წყალთაგან და „თანა-აღმოიყვანე სოფელიცა შენ თანა“, და აჰა ესერა განგეხვნა შენ ცანი, ვითარცა პირველ დახშა იგი ადამ თავისთვის და თვისაგან ყოფილთათვის, რაითა მეორედ შობილთა შენ მიერ კაცთა შეუძლონ აღსლვად. სავანეთა სამოთხისათა, სადა სიხარულით გიგალობდენ შენ ესრეთ:
დიდება შენდა, მეუფეო ყოვლისა სოფლისაო, ბჭეთა მტერისა დამარღვეველო.
დიდება შენდა, წყალობათა მომნიჭებელო, ადამის ურჩებისათვის დახშულისა სამოთხისა კვალად განმხმელო.
დიდება შენდა, ცოდვით დაბეჭდულისა ცისა იორდანესა კვალად განღებულად გამომაჩინებელო.
დიდება შენდა, რომელმან მიერითგან ზე-აღმავალთა და ქვე-დაღმავალთა ანგელოსთა გამოცხადებაი აღგვითქვი.
დიდება შენდა, რომელმან გარდამოხდომითა შენითა ცანი ქვეყანადმდე მოდრიკე.
დიდება შენდა, რომელმან ნათლის-ღებითა შენითა ქვეყანა ზეცადმდე აღამაღლე.
დიდება შენდა, რომელმან ცათა განხმითა გამოუთქმელნი საღმრთონი საიდუმლონი ყოველსა სოფელსა გამოუცხადე.
დიდება შენდა, ზენა სამყაროისს გამოცხადებითა უწმიდესისა საღმრთოისა კურთხევისა ყოველთა მართალთათვის მომმადლებელო.
დიდება შენდა, ჟამსა ელიაისსა ცათა დამხშველო, – აწ ჩვენცა არა დაგვიხშა კარნი შენისა მოწყალებისანი.
დიდება შენდა, იორდანესა ზედა ცათა განმხვნელო, – აწ ჩვენცა განგვიხვენ კარნი ღმრთაებრივთა პალატთა შენთა.
დიდება შენდა, რომელმან კაცთმოყვარებისა უფსკრული ნათლისღებასა შენსა გვიჩვენე, – აწ უფსკრულთაგან ქვეყანისათა აღმოიყვანე ყოველნი მიწევნულნი სასოწარკვეთილებასა მტერისა.
დიდება შენდა, რომელმან მესამედ ცადმდე აღსლვა რჩეულთა შენთა მოჰმადლე, – აწ ჩვენცა, ცოდვისა სიღრმედ შთაცვენილნი, აღგვიყვანე ცათა სავანედ.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
გსუროდა რაი შენ, კაცთმოყვარესა უფალსა, ცხორება სოფლისა, წარწყმედადისა ცოდვათა შორის, გამოაჩინე სამობითსა ღმრთის-განცხადებასა შენსა საიდუმლოი დიდი, და ვითარცა დასაბამად შესაქმისა სოფლისა სული წმიდაი – მომნიჭებელი ცხორებისაი — იქცეოდა წყალთა ზედა, ეგრეთვე ნათლის-ღებასაცა შენსა, უფალო, ოდეს მდინარესა იორდანესა ინებე განახლებად და განათლებად წარწყმედადისა ნათესავისა კაცთასა და ყოვლისა ქმნილებისა, რომელი ჩვენ თანა სულთ-ითქუამს, იგივე სული წმიდაი კვალად გარდამოხდა განხმულით ზეცით სახითა ტრედისაითა და დაგადრა შენ, უფალო, ვითარცა ახალსა ადამსა, რომლისა მიერ ჯერ-უჩნ კაცთა ყოფაი ახლითა ბანითა წყალთა მეორედშობისაითა, რაითა ესრეთ ზეგარდამო შემოსილითა ძალითა და განახლებითა სულისაითა ვიდოდიან, მგალობელნი ღმრთისად: ალილუია.
ახალი ქმნილება გამოაჩინე, მეუფეო ქმნილებისაო, შენითა მაცხოვნებელითა ნათლის-ღებითა იოანესაგან, რამეთუ ვითარცა ჟამსა ნოესთა წყალთა შინა რღუნისათა დაანთქ ცოდვანი პირველისა მის სოფლისა, ეგრეთვე წყალთა შინა იორდანისათა კვალად დაანთქ ცოდვანი ყოვლისა სოფლისანი და ახლად დაჰბადე მკვიდრნი ქვეყანისანი ცეცხლითა და სულითა და წყალითა, აღმსრულებელმან საკვირველისა მეორედ შობისა და სასწაულებრივისა განახლებისა. რამეთუ სულითა წმიდითა ახლად-ქმნი სულთა, წყალითა აკურთხებ და განანათლებ სხეულთა, დამოძღვრით კაცთა და ესრეთ საიდუმლოდ აღაშენებ სულითა წმიდითა ეკლესიასა შვილმრავალსა, რაითა მარადის გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
დიდება შენდა, დამბადებელო ქმნილებისაო, ცათა მომდრეკელო და იორდანესა გარდამოხდომილო.
დიდება შენდა, მაცხოვარო სოფლისაო, ცათა განმხვნელო და სულისა ღმრთაებრივისა ჩვენთვის გამომაცხადებელო.
დიდება შენდა, ყოვლადნეტარო, რამეთუ სული შენი სახიერი წინა-გვიძღვის ჩვენ ქვეყანასა წრფელსა.
დიდება შენდა, ყოვლადუხვო, რამეთუ იგივე სული შენი განგვწმედს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა.
დიდება შენდა, ცოდვით დაძველებულისა ბუნებისა ჩვენისა წყალითა და სულითა განმაახლებელო.
დიდება შენდა, ცეცხლითა შენისა ღმრთაებისათა წყალთა შინა იორდანისათა ფრიადისა განათლებისა მომნიჭებელო.
დიდება შენდა, ქრისტე, რომელმან ყოველნი ღმრთაებრივნი ძალნი ცხორებისათვის და კეთილმსახურებისა სულითა წმიდითა შენითა ნათლის-ღებასა მართალთა მოჰმადლე.
დიდება შენდა, იესუ, რომელმან გარდამოსლვითა სულისა შენისა წმიდისაითა ღმრთაებრივისა ბუნებისა თანამოზიარე გვყვენ ჩვენ.
დიდება შენდა, რომელმან დამკვიდრებულითა შენ თანა სულითა სიბრძნისა და გონიერებისაითა წმიდაი ღმრთისმცნობელობა კაცთა გამოუცხადე.
დიდება შენდა, რომელმან დადგრომითა შენ ზედა სულისა წმიდისაითა მოგვმადლე ჩვენ სული ღმრთისმოშიშებისა, ზრახვისა და სიმტკიცისა, მცნობელობისა და კეთილმსახურებისა.
დიდება შენდა, იორდანისა ნაკადთა მიერ გველისა მის თავისა დამთრგუნველო.
დიდება შენდა, რომელმან გამოცხადებითა სულისა ღმრთისაითა სახითა ტრედისაითა ჩვენო სიმშვიდედ ტრედისა და უბიწოებად ქალწულებისა მოგვიწოდე.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
უცხო და საკვირველი იყო გამოცხადებაი ესე წმიდისა სამებისაი იორდანეს: პირველ ძე საყვარელი განცხადდა ხორციელად ნათლის-ღებადი მონისაგან, მეყვსეულად იყო სული წმიდა გარდამომავალი ზეცით ვითარცა ტრედი, ხოლო უკუანაისკნელ ყოვლადღმრთაებრივი მამა იტყოდა ზეცით და მოწმობდა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“. ჰოი, ფრიადო და ყოვლადდიდებულო საიდუმლოო: „და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი თვისი“, რაითა აღსრულდეს წინასწარმეტყველებაი ესე დავითისა – პირველმამისა ჩვენისა: „ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა. ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად შვენიერებით“. ამისთვის ჩვენცა უღირსითა ბაგითა სულის სიღრმითგან გიღაღადებთ შენ, უფალო: ალილუია.
ყოვლითურთ ზეაღყვანილო ზეციერთა მიმართ და არა დამტევებელო ქვეყნიერთაცა, დედაო ღმრთისაო, ხელითა ძისა შენისათა მუნ მიყვანილო და შესრულო შეუსვლელსა მას ქალაქსა ყოვლად ნათელსა და შუენიერსა, იერუსალემსა ზეცისასა, სადა-იგი გარემოცვულ ხარ ქერუბიმთაგან და ყოველთაგან ძალთა ზეციერთა და ისმენ გალობასა მათსა შენდა მომართ ესრეთ:
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, მაღალთა შინა მამისა თანა და სულისა წმიდისა თანა თაყვანისცემადო.
დიდება შენდა, ძეო მამისაო, წინამორბედისა მიერ ქვეყნიერთაგან განდიდებულო.
დიდება შენდა, მჯდომარეო მარჯვენით მამისა, ხმითა მამისაითა ზეცით ქადაგებულო.
დიდება შენდა, ჩვენთვის, კაცთათვის ხორციელ-ქმნულო, საყვარელ ძედ ღმრთისა მის მიერ ყოვლისა სოფლისათვის სახელ-დებულო.
დიდება შენდა, ნაკადთა შორის იორდანისათა განცხადებულო, სამების დაუვალისა ნათელისა ნათლისღებასა შენსა გამომაჩინებელო.
დიდება შენდა, ხელითა მონისაითა ნათელ-ცემულო, ჩვენ – მონათა – ბანითა მეორედ შობისაითა ძედ ღმრთისად მყოფელო.
დიდება შენდა, წყაროო ცხორებისა და უკვდავებისაო, მეორედ შობისა მიერ წყალითა და სულითა პირველსა მას კეთილშობილებასა სამოთხისასა ჩვენო მიმყვანებელო.
დიდება შენდა, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, ცეცხლისმიერითა ნათლის-ღებითა ახლისა ცისა და ქვეყანისა მოწყობად სიმართლითა შენისა მომავალო.
დიდება შენდა, აღმოსავალო აღმოსავალთაო, ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა მძინარეთა ნათლის-ღებითა შენითა განმანათლებელო.
დიდება შენდა, ნათელო ნათელთაო, რომელმან უხილავი ნათელი სულისა შენისა სულთა შორის ჩვენთა გამოაბრწყინვე.
დიდება შენდა, მეუფეო დაუსაბამოო, სპეტაკითა ჭევლებითა ნათლისღებისა შენისაითა პირველმშობელთა ცოდვისა საბოლოოდ აღმხოცველო.
დიდება შენდა, მეუფეო ქმნილებისაო, მწყურვალთა კაცთა წყალითა ცხორებისა საუკუნოისა ყოვლადმდიდრად დამარწყულებელო.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
ყოველი ბუნება ანგელოსთაი განკვირდებოდა დიდისა საიდუმლოსათვის ღვთისგანცხადებისა შენისა, ქრისტე ღმერთო ჩვენო: რამეთუ ცოდვით განხრწნილი ადამი განაახლე წყალთაგან იორდანისათა, თავნი მუნ დაბუდებულთა უხილავ გველთა შეჰმუსრე ნათლისღებითა შენითა და ესრეთ „სიღრმენი უფსკრულთა ეშმაკთანი“ განაღე „ძირთადმდე“, რაითა გვიხსნა ჩვენ „სიღრმეთაგან წყალთაისა“ და იწყო აღშენებად მეუფებისა შენისა, რომელი არა არს ამა სოფლისაგან და რომლისათვის წინასწარმეტყველი დავით იტყოდა: „სუფევაი შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“, რომელსა ჩვენცა განვადიდებთ, და მხედრობათა თანა ზეცისათა გიღაღადებთ შენ: ალილუია.
ღმრთაებრივი მჭევრმეტყველი და ანგელოსი ღმრთისაი, წინათ-უწყებული მალაქიას მიერ, დიდი წინამორბედი შენი, უფალო, ერთი მხოლოი კაცთაგან – იოვანე ღირს-იქმნა ნათლისღებასა შენსა ხილვად სულისა გარდამოსლვისა და სმენად ხმისა მამისა ზეცით, რომელი წამებდა ღმერთის-ძეობასა შენსა, რაითა იყოს პირველი ქადაგი სამეობრივისა ღმრთის განცხადებისა ყოვლისა სოფლისათვის. რამეთუ მას განთიადსაცა დღისასა უწამებდა იგი კაცთა, მეტყველი: „ვიხილე სული გარდამომავალი ვითარცა ტრედი და დაადგრა მას ზედა... და მე ვიხილე და ვწამებდი, ვითარმედ ესე არს ძე ღმრთისა“. ხოლო ჩვენ, შევისმენთ რა ღმრთივ გამოცხადებულსა წამებასა ამას წინამორბედისასა, განვადიდებთ ღვთისგანცხადებასა შენსა, ქრისტე, და გიგალობთ შენ ესრეთ:
დიდება შენდა, ღმერთო წინად-საუკუნეთაო, მოვლინებითა სულისა წმიდისაითა ზეცით წამებულო.
დიდება შენდა, კრავო უბიწოო, ხმითა წინამორბედისათა ქვეყანასა ზედა ქადაგებულო.
დიდება შენდა, სიმტკიცეო უზენაესო, განხმულითა კარითა ზეცისათა იორდანესა ზედა დახშულისა სამოთხისა ჩვენთვის განმღებელო.
დიდება შენდა, წყალობაო საუკუნოო, ნათლის-ღებითა შენითა ახლისა ქვეყანისა წყალთაგან იორდანისათა კაცთათვის განმაცხადებელო.
დიდება შენდა, მეუფეო სოფლისაო, მშვიდობისა და ხსნისა ქვეყანასა ზედა მაუწყებელო.
დიდება შენდა, მზეო სიმართლისაო, რომელმან ნათელი სიმართლისა შენისა სულთა შინა ჩვენთა გამოაბრწყინვე.
დიდება შენდა, ღვთისგანცხადებასა შენსა სულისა წმიდისა გამომაჩინებელო, რაითა სპეტაკითა სულითა შემოვიდოდეთ ზეციურსა პალატსა შენსა.
დიდება შენდა, რომელმან ნათლის-ღებასა შენსა ზეციური მამა გვიჩვენე ჩვენ, რაითა ყოველნი მართლიად მორწმუნენი შენნი ძედ მისად გვყო.
დიდება შენდა, რომელი ცოდვით დაბნელებულსა ბუნებასა ჩვენსა სულითა და ცეცხლითა ყოვლადდიდებულად განანათლებ.
დიდება შენდა, რომელი ვნებებით განხრწნილსა უძლურებასა ჩვენსა წყლითა და სულითა ყოვლად-ნათლად განასპეტაკებ.
დიდება შენდა, ღმერთო ხორცითა გამოცხადებულო, ყოვლისა სოფლისა წყალთა შინა იორდანისათა განმაახლებელო.
დიდება შენდა, რომელმან აღიხუნე ცოდვანი სოფლისანი, პირველ-მშობელთა ცოდვისა წყალთა შინა ნათლის-ღებისათა შენითა დამნთქმელო.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
გსუროდა რაი ხსნა დაცემულისა და დაგლახაკებულისა ბუნებისა ჩვენისა, ქრისტე მაცხოვარო, იორდანესა მდინარედ მოხვედ ცოდვილთა და მეზვერეთა თანა და ნათელ-იღე იოვანესაგან, ოდეს ყოველნიცა კაცნი ნათელ-იღებდენ, და ქედს იდევ მუნ წყალთა შინა შთაფლულნი ცოდვანი კაცთანი ვითარცა ტარიგმან ღმრთისამან და მიერითგან განმზადებულ იყავ, რაითა ნებსით შენით წარგიყვანონ კაცთა დაკლვად გამოსყიდვისათვის ცოდვათა ყოვლისა სოფლისა ფასდაუდებელითა სისხლითა შენითა. ამისთვის შთაეფალ ნაკადთა შინა იორდანისათა, და თანა-შთაფლვითა ამით ნათლის-ღებისათვის სიკვდილისა განიმზადე თავი თვისი, რომლისათვისცა თავად იტყოდი, მიმავალი ვნებად: „ნათლისღებაი მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებული ვარ, ვიდრემდე აღესრულოს“. ამისთვის მადლობით გიგალობთ შენ: ალილუია.
მეუფეო წინადსაუკუნოო ქრისტე იესუ! მოხვედ შენ იორდანედ გამოცხადებად ყოვლისა სოფლისათვის, რაითა დაგვხსნა სასჯელისაგან პირველქმნილისა მის ადამისი ვითარცა მსაჯულმან ყოვლად მოწყალემან, ერთმან მხოლომან ყოველთა გულთა გამომცდელმან, და მოანიჭო კაცთა ცხორებაი ახალი. ამისთვის მომღებელმან განმწმედელისა ნიჩაბისა, სიბრძნითა ყოვლითა განწმიდე კალო სრულიად სოფლისა, განმყოფელმან, ვითარცა მწყემსმან, ცხოვართა თიკანთაგან. აწ ჩვენცა, ნათელ-ღებულნი სახელითა ყოვლადწმიდისა სამებისაითა, ღირს-გვყავ, რაითა ამას ცხოვრებასა შინა ყოვლითა ღონითა ვეძიებდეთ ხვედრსა მარჯვენით მყოფთა მათ ცხოვნებადთა, სათნო-გეყოთ შენ ესევითარითა ღაღადებითა შენდა მომართ:
დიდება შენდა, მღუდელთმოძღუარო, რომელმან განვლე ცანი, ნათლის-ღებითა შენითა ყოვლისა ქვეყანისა ზეცად-მყოფელო.
დიდება შენდა, დიდო მწყემსო ცხოვართაო, სამწყსოისად შენისა იორდანედ მოსრულო.
დიდება შენდა, ქვეყანისა წყალთა ზედა დამამკვიდრებელო, რომელმან ყოველი ქვეყანა ჩვენი წყალთა ზედა იორდანისათა მადლითა სულისაითა განაახლე.
დიდება შენდა, წყალთა ზედა მეორისა ცისა დამამყარებელო, ახლისა ცისა – ეკლესიისა შენისა წყალთა მიერ ნათლის-ღებისათა – დამბადებელო.
დიდება შენდა, წყაროო ცხორებისა ჩვენისაო, წყაროთა მიმართ ცხოვრებისათა მწყურვალთა კაცთა შენთა მომწოდებელო.
დიდება შენდა, საუკუნოისა სიმართლისა ქადაგო, სულიერისა წყურილისა ჩვენისა უსასყიდლოდ და უვერცხლოდ დამაცხრობელო.
დიდება შენდა, რომელი მდიდარ ხარ წყალობითა, რამეთუ ფრიადითა სიყვარულითა შენითა შეგვიყვარე ჩვენ.
დიდება შენდა, რამეთუ ჩვენ, მკვდარნი ცოდვათა შორის, წყალთა მიერ ნათლის-ღებისათა განგვაცხოველე.
დიდება შენდა, ნაკადთა იორდანისათა თანა-დაფლულო, რაითა ჩვენცა თანა-დაგეფლნეთ შენ ნათლისღებითა მით სიკვდილსა და აღდგომასა შენსა.
დიდება შენდა, წყალთაგან იორდანისათა ვითარცა სამოსელითა შემოსილო, რაითა ჩვენცა ნათლითა სამოსელითა სიმართლისა და უბიწოებისაითა შენ მიერ შევიმოსნეთ.
დიდება შენდა, რომელმან ხორცითა შენითა დაჰხსენ შუაკედელი მტერობისაი, რაითა ჩვენცა, ზღუასა შორს მყოფნი, მახლობელად თავისა დაგვამყარო.
დიდება შენდა, რომელმან ერთიანსა სხეულსა შინა შენსა კაცნი შენნი შეირიგენ, რაითა ჩვენცა, მსხემნი და უცხონი ესე, ერთიანად ეკლესიად ღმრთისა აღგვაშენო.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
გალობასა ახალსა და შვენიერსა გიგალობდეს შენ, ქრისტე, ყოველი ქმნილება, – ქალწულისაგან შობილსა და დღეს ნათელ-ღებულსა იორდანეს, ხოლო ყოველნი კაცნი, სულიერად განსცხრებოდენ სიხარულითა, განმადიდებელნი დღესასწაულისა განათლებისა ჩვენისა და ერთობით ღმრთაებრივისა გრიგოლის თანა გალობდნენ, მეტყველნი ესრეთ: „ჟამი არს მეორედ შობისა, და ჩვენცა მეორედ ვიშვათ ზეცით, დღე არს ახლისა შესაქმისა – და ჩვენცა შევიმოსოთ ახალი ადამი, დღესასწაული არს განათლებისა, – და ჩვენცა განვნათლდეთ ღმრთაებრივითა ნათლითა“, რაითა განახლებითა სულისაითა ვიწყოთ სლვად და მარადის ანგელოსთა თანა გიგალობდეთ შენ, უფალო, გალობასა ზეციურსა: ალილუია.
ნათელო და თვითმბრწყინაო სინათლეო, ქრისტე, ერთარსისა მამისა ერთარსებითო ნათელო! შორის იორდანესა აღაგზნე შენ, ვითარცა ლამპარი, ყოვლადწმიდა სხეული შენი, გაბრწყინდი ვითარცა მზე და მოეც ყოველსა სოფელსა ნათლისღებითა შენითა დიდი და უხილავი ნათელი მადლისა და ჭეშმარიტებისა, განმანათლებელი ყოვლისა კაცისა სოფლად მომავალისა, რაითა მსხდომარეთა მათ ბნელსა შინა და ჩრდილსა სიკუდილისასა იხილონ ნათელი ფრიადი და ვიდოდიან მას შინა აწ ჩვენცა განგვანათლე დიდსა მას დღესა ნათელთასა, ჯერეთ წარწყმედადნი ბნელსა შინა ცოდვისასა, რაითა მოვიქცეთ და განათლებულნი, განახლებულნი და ზე-ამაღლებულნი გიგალობდეთ შენ ესრეთ:
დიდება შენდა, განმანათლებელო სოფლისაო, სულითა წმიდითა და ცეცხლითა ნათლის-ცემად ჩვენდა მოსრულო.
დიდება შენდა, მაცხოვარო ცოდვილთაო, რომელმან ცოდვის უფსკრულთაგან აღმოყვანებაი ჩვენი ინებე.
დიდება შენდა, დაუსაბამოო და მარადის-მყოფო ნათელო, სულისა ჩვენისა მწიკულისაგან წყალთა მიერ ნათლის-ღებისათა განმწმედელო.
დიდება შენდა, ყოველთა სინათლეთა უაღმატებულესო ნათელო, რომელმან ნათელსა შინა წმიდათა შენთასა მართალნი განაბრწყინე.
დიდება შენდა, დიდებისა მამისა ბრწყინვალებაო, მოსლვითა შენითა უცნობლობისა ბნელისა განმფანტველო.
დიდება შენდა, მიუწვდომელსა ნათელსა შინა მყოფო, ღვთისმცნობელობის ნათლისა ნათლის-ღებითა შენითა გამომაჩინებელო.
დიდება შენდა, ნათელო ნათლისაგანო, ბნელსა შინა მნათობიერო, აღურაცხელთა ცოდვათაგან განგვწმიდე ჩვენ.
დიდება შენდა, მზეო სიმართლისაო, ცხოვნების ცისკრისა მაუწყებელო, – კეთილ საქმეთა ნათელსა შინა დაგვნოძრვრე ჩვენ;
დიდება შენდა, მიუაჩრდილებელო ნათელო, იორდანესა შინა გამობრწყინვებულო, რომელმან ნათლითა შენითა დაუვალი ნათელი ყოვლადწმიდისა სამებისა ელვისებრ გვიჩვენე ჩვენ.
დიდება შენდა, მამის ჰიპოსტასისა ყოვლადწმიდაო ხატო, – საკვირველსა უბერებელსა ცხორებასა ბანითა მეორედ შობისაითა მიმიყვანე ჩვენ.
დიდება შენდა, სიკვდილისა დამთრგუნველო, საუკუნოისა სიკვდილისაგან გვიხსენი ჩვენ.
დიდება შენდა, ცხოვრებისა დასაბამო, – საუკუნოისა ცხოვრებისა მიმართ წარგვიძეღ ჩვენ.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
მადლი ღმრთისაი, მაცხოვნებელი, განეცხადა დღეს ყოველთა კაცთა ნათლისღებითა შენითა, ქრისტე მაცხოვარო: რამეთუ მოხვედ იორდანედ, ერთი მხოლოი წმიდა, განწმედად შეცოდებათა კაცთა და შემუსრვად თავთა მუნ დაბუდებულ გველთა, რაითა მოგვანიჭოს ჩვენ მადლი განმტკიცებად სულთა და განძლიერებად სხეულთა ჩვენთა. ამისთვის ჩვენცა, გულსმოდგინენი, კეთილპატიოსნად მოვეახლებით ყოვლადწმიდასა წყაროსა შენსა და სიხარულითა მოვიღებთ წყალსა ცხორებისასა, რამეთუ მადლი სულისა წმიდისა მოეცემა ყოველთა სიმართლით მხაპველთა მისთა, და ნიჭთაცა საიდუმლოთა და სულსაცა შემეცნებისასა მოგვმადლი, მაცხოვარ, რაითა ყოველნი მადლობით გიგალობდეთ შენ: ალილუია.
ვუგალობთ რა, ქრისტე, მაცხოვნებელსა ღმრთის-განცხადებასა შენსა, ყოველნი განვადიდებთ ღმრთაებრივსა ნათლისღებასა შენსა წყალთა იორდანესათა, თაყვანის-ვსცემთ გამოუთქმელსა მოწყალებასა შენსა დაცემულთა კაცთა მომართ, და წინამორბედისა შენისა თანა გურწამს, ვითარმედ ჭეშმარიტად ხარ შენ ტარიგი ღმრთისაი, რომელმან წყალთაგან იორდანისათა აღიხუნეს ცოდვანი ყოვლისა სოფლისა წარხოცად და გამოისყიდად მათა ყოვლადწმიდითა სისხლითა შენითა. ამისთვის გევედრებით შენ: ჩვენნიცა აღურაცხელნი შეცოდებანი აღიღე ქედსა შენსა და ნუ მოგვაკლებ ჩვენ დიდსა მას დღესა შინა ნათელთასა მადლმოსილსა მეორედ შობასა და აღორძინებასა შენსა, რაითა წმიდითა გულითა მადლობით გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, რომელმან ფრიადი ნათელი წყალთაგან იორდანისათა განათლებად ყოვლისა სოფლის აღმოაბრწყინვე.
დიდება შენდა, წინადსაუკუნოო ღმერთო, რომელმან ნათლისღებასა შენსა დიდი მადლი და კაცთმოყვარება გამოუჩინე ყოველთა კაცთა.
დიდება შენდა, მხსნელო წარწყმედადთაო, რომელი გზააბნეულთ წყმედულთა მოძიებად მოხვედ ნაკადთა თანა იორდანისათა.
დიდება შენდა, მძლეველო ცხორებისაო, რომელმან ახლისა წმიდისა ცხორებისა მომადლება არა ხორცითა, არამედ განახლებითა სულისა ჩვენისაითა სათნო-იყავ.
დიდება შენდა, მეუფეო სიცოცხლისა და სიკვდილისაო, რომელმან საწერტელი სიკუდილისაი დაბრჯგუვლე და ცხორებაი უხრწნელი მოვლინებითა შენითა გამოგვიბრწყინვე.
დიდება შენდა, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, რომელმან ზენა ცანი და ქვეყანაი ესე კიდეთა იორდანისათა ნათლის-ღებითა შენითა განამხიარულე.
დიდება შენდა, მეუფეო მეუფეთაო, რამეთუ სუფევა სოფლისაი ამის მიერითგან იწყებს ცვალებასა სუფევად შენად.
დიდება შენდა, უფალო უფლებათაო, რამეთუ დღეს ყოველთა ცხორების მნებებელთა ცანი განეხვნებიან და სრულიად ბუნება ჩვენი განსპეტაკნების.
დიდება შენდა, მაცხოვარო ჩვენო, მოსრულო იორდანედ, – გვაცხოვნე ჩვენ არა საქმეთაგან სიმართლისათა, არამედ დიდითა წყალობითა შენითა.
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, წყალთა ბუნებისა მაკურთხეველო, — კეთილმსახურებისა მწყურვალი სულიცა ჩემი დაარწყულე წყალთა მიერ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა.
დიდება შენდა, მხოლოდშობილო ძეო და სიტყვაო ღმრთისაო, – განაძღე გული ჩემი გამოცხადებითა სიტყვათა შენთა.
დიდება შენდა, ყოვლადძლიერო ღმერთო, ერთო მხოლოო საკვირველმოქმედო, განატფე განგრილებული სული ჩემი გულისხმის-ყოფითა სასწაულთა შენთა.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
ჰოი, იესო ქრისტე, ტარიგო ღმრთისაო, მოსრულო იორდანედ ახუმად ცოდვათა ყოვლისა სოფლისა! შეიწყნარე მცირე ესე ვედრებაი ჩვენი, ყოვლითა სულითა და გულითა აღმოვლენილი შენდა და მაცხოვნებელითა ნათლის-ღებითა შენითა იოვანესაგან განგვანათლე ჩვენ, მსხდომარენი ბნელსა შინა აღურაცხელთა ცოდვათა ჩვენთა, რაითა სყიდულნი შენ მიერ უძლურებათაგან სულისა და სხეულისათა, განახლებულითა ცხორებითა ჩვენითა მართლიად ვიდოდეთ - და ყოველთა წმიდათა თანა გიგალობდეთ შენ: ალილუია.
(კონდაკი ესე წარიკითხვის 3-გზის)
ანგელოსთა ძალნი წინა-უძღოდეთ დღეს, მხედველნი მეუფისა, ქრისტესა, მომავალსა წყალთა მიმართ იორდანესათა განბანვად ადამის ცოდვისა, და მჭურეტელთა ესოდენისა საღმრთოისა საიდუმლოსა, შიშით განადიდეთ დიდი დამდაბლებაი მისი, რამეთუ ღმერთი კაცთა ემსგავსა და არამცა მცნობელი ცოდვისა, აჰა ესერა, მოვალს ვითარცა ტარიგი ღმრთისაი ახუმად ცოდვათა ყოვლისა სოფლისა. ამისთვის თქვენცა, განმადიდებელთა ღმრთაებრივისა მოვლინებისა ქრისტესა, უგალობეთ მას, ვითარცა უგალობდით ბეთლემს, დიდების-მეტყველებანი ესრეთ:
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, რომელი ზეცით მამისაგან სოფლად გარდამოჰხედ.
დიდება შენდა, ღმერთო უზენაესო, რომელმან თავი თვისი დაიმდაბლე და ხატი მონისაი მიიღე.
დიდება შენდა, მაცხოვარო სოფლისაო, რომელი ვითარცა კაცი მოხუალ იოვანესა ნათლის-ღებად.
დიდება შენდა, განმანათლებელო ქმნილებისაო, რამეთუ ვითარცა ახალმან ადამ ცოდვანი ძველისა მის ადამისნი აღიხუნე.
დიდება შენდა, დაუსაბამოო ნათელო, რომელმან გამობრწყინვებაი დიდისა ცისკრისა იორდანით და განათლებაი ყოვლისა სოფლისა ისურვე.
დიდება შენდა, მზეო სიმართლისაო, რომელმან მადლისა ნათლით მოსილი განთიადი მოცემად კაცთათვის ღვთისგანცხადებითა შენითა ინებე.
დიდება შენდა, რომელი ძველისა საცთურისაგან განბანვად სოფლისა მოხუედ.
დიდება შენდა, რომელმან კეთილმსახურებისა დიდი საიდუმლო ჩვენ გამოგვიჩინე.
დიდება შენდა, დიდისა სასწაულებისა ჩვენთვის წყალთაგან მრავალთა აღმსრულებელო.
დიდება შენდა, ცათა და ყოვლისა ქვეყანისა ნათლითა გონიერებისათა განმაცისკროვნებელო.
დიდება შენდა, აზრისმიერისა ფარაონისა წყალთა შინა იორდანისათა დამნთქმელო;
დიდება შენდა, ახალთა კაცთა წყალთა შინა ნათლის-ღებისათა ცხოვრებად საუკუნოდ მიმყვანებელო.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
ზესთამბრძოლო მხედართმთავარო, მეუფეო ცათა და ქვეყანისაო! ოდეს გიხილეს შენ, განმანათლებელი ჩვენი, მონისაგან ნათელ-ცემული იორდანესა, ცანი შეძრწუნდენ და ყოველი ქვეყანაი თრთოდა, ხოლო
ანგელოსნი განკვირდებოდიან და სრულიად ქმნილება განიხარებდა. ხოლო ჩვენ, უღირსნი ესე, მადლობასა აღმოგივლენთ და გიღაღადებთ შენ: ცოდვილთა და მეზვერეთა თანა მოხვედ, რაითა წყალთა მიერ განბანო ცოდვანი კაცთანი.
დიდება შენდა, ძეო ღმრთისაო, იორდანესა ნათელ-ღებულო და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელო, დიდება შენდა.
უფალო იესო ქრისტე, მხოლოდშობილო ძეო ღმრთისაო, მამისაგან შობილო უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელო ნათლისაგან, განმანათლებელო ყოველთაო, ხოლო უკანაისკნელთა მათ ჟამთა ყოვლადწმიდისა ქალწულისა მარიამისაგან უხრწნელად ხორციელ-ქმნილო და ქვეყანასა ამას გარდამოხდომილო ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხორებისათვის! რამეთუ არა ინებე შენ ხილვად ეშმაკისაგან ქენჯნილისა ნათესავისა კაცთასა და ამისთვის ყოვლადნათელსა და ყოვლად-კურთხეულსა დღესა ღმრთისგანცხადებისა შენისასა იორდანედ მოხვედ ცოდვილთა და მეზვერეთა თანა ნათლის-ღებად იოანესაგან ყოვლად უცოდველი, რაითა აღასრულო ყოველი სიმართლე, და წყალთა შინა იორდანისათა, ვითარცა ტარიგმან ღმრთისამან, აღიხუნე ცოდვანი ყოვლისა სოფლისანი, რომელნი აღიღე ქედსა შენსა და გამოისყიდე იგინი ნათლის-ღებითა ჯვარისაითა და ყოვლადწმიდითა სისხლითა შენითა. ამისთვის შენ, შთაფლულსა წყალთა შორის, განგეხვნა ცანი დახშულნი ადამის მიერ და სული წმიდაი გარდამოვიდოდა შენ ზედა სახითა ტრედისაითა, რომელსა განათლება და განღმრთობა მოაქუნდა ბუნებისათვის ჩვენისა. ხოლო ყოვლად-ღმრთაებრივი მამაი შენი გაუწყებდა ხმითა ზეციურითა სათნო-ყოფასა თვისსა, რამეთუ ნებაი მისი აღასრულე – ცოდვანი კაცთანი აღიხუენ და თავი თვისი დაკლვად წინათ-განამზადებულ ჰყავ, ვითარცა-იგი თავად იტყვი: „ამისთვის უყუარ მე მამასა ჩემსა, რამეთუ მე სულსა ჩემსა დავსდებ (თქვენთვის), რაითა კვალად მოვიღო იგი!“, – და ესრეთ ყოვლადნათელსა დღესა ამას შენ, უფალო, დასაბამი დასდევ გამოსყიდვისა ჩვენისა ცოდვით დაცემისაგან პირველმშობელთა ჩვენთა. ამისთვის ყოველნი ძალნი ცათანი განიხარებენ დღეს და სრულიად ქმნილებაიცა განსცხრების მოლოდებითა გათავისუფლებისა თვისისა მუშაკობისაგან ხრწნილებასა, მღაღადებელი ამისა: კურთხევაი მოვალს, მადლი განცხადნების, ხსნაი დამკვიდრნების, სოფელი განათლდების და კაცნი სიხარულითა აღივსებიან. აწ, დაე, განიხარებდენ ცანი და ქვეყანაი და ყოველი სოფელი იმღერდეს, მდინარენი სჩქეფდენ, წყარონი და ტბანი, უფსკრულნი და ზღვანი განსცხრებოდიან, რამეთუ ღმრთაებრივითა ნათლის-ღებითა შენითა დღეს იკურთხების ბუნება მათი. დაე, განიხარებდენ დღეს კრებულნიცა კაცთანი, რამეთუ მათიცა ბუნება დღეს კვალად აღვალს პირველსა მას კეთილ-შობილებასა და ყოველნი სიხარულითა, დაე, გალობდენ: ჟამი არს ღვთის-განცხადებისა. მოვედით ჰაზრითა იორდანედ, ხილვაი დიდი ვიხილოთ მუნ: ქრისტე მოვალს ნათლის-ღებად. ქრისტე იორდანედ მოვალს. ქრისტე წყალთა შინა შთაფლავს ცოდვათა ჩვენთა. ქრისტე მოვალს მოძიებად ცხოვარისა წარტაცებულისა და წყმედულისა და, მომპოვებელი მისი, სამოთხესა შეიყვანებს მას. და ჩვენცა, მედღესასწაულენი ხსენებისა ღმრთაებრივისა საიდუმლოისა ამის, გულსმოდგინედ გევედრებით შენ, კაცთმოყვარეო უფალო: ღირს-გვყავი ჩვენ, მწყურვალენი, ხმითა მოწოდებითა შენისაითა მოვიდეთ შენდა, წყაროსა მომართ მარადის ცხოველმყოფელისა წყალისა, რაითა მოვიღებდეთ წყალსა მადლისა შენისასა და ცოდვათა ჩვენთა მოტევებისათა და უვარს-ვჰყოფდეთ უკეთურებათა და გულისთქმათა ქვეყანისათა; რაითა კეთილკრძალულებითა და უბიწოებითა, მართლიად და კეთილმსახურებით ვსცხოვრებდეთ აწინდელსა საუკუნესა ამას, მომლოდნელნი ნეტარისა სასოებისა და გამოცხადებისა დიდებისა შენისა, დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა; რაითა გვაცხოვნო ჩვენ არა საქმეთაგან ჩვენთა, არამედ უსაზღვროითა მოწყალებითა შენითა და განახლებითა ჩვენითა სულისა წმიდისა მიერ, შენმიერისა ბანითა მეორედ შობისაითა; კვალად გევედრებით, უფალო, დაიცევ, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი წინამძღვარი ეკლესიისა ჩვენისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და პატიოსანნი მღვდელნი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი სიმშვიდითა და უშფოთველობითა დაიცევ ძალითა და მადლითა ნუგეშინის-მცემელისა სულისა წმიდისაითა, რომელი აღთქმისაებრ შენისა მდიდრად მოგვმადლე ჩვენ, რაითა განმართლებულთა მადლითა მისითა დავიმკვიდროთ ცხოვრება საუკუნო სასუფეველსა შენსა, სადა-იგი ყოველთა წმიდათა თანა ღირს-გვყავი ჩვენ განდიდებად ყოვლადწმიდისა სახელისა შენსა თანადაუსაბამოით მამით შენითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი:
რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანის-ცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყვარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცთომლობასა, რომელი განსცხადენ ქრისტე ღმერთო და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი:
განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო.
დიდებისმეტყველებაი:
გადიდებთ შენ, ცხოვრების მომნიჭებელო ქრისტე, ჩვენისა ცხორებისათვის ხორცითა ნათელ-ღებულო იოანესაგან წყალთა შინა იორდანესათა და თაყვანის-ვსცემთ საკვირველსა ღმრთისგანცხადებასა შენსა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.