ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
აღრჩეულსა ყოველთაგან ნათესავისა კაცთასა დედასა ღმრთისასა და დედუფალსა ჩვენსა, ლმობილითა გულითა მლოცველსა ჩვენთვის უფლისა მიმართ და მოალერსე ხატისა თვისისა ჩვენდა მოწყალედ მომმადლებელსა, ქებულებისა გალობათა და ვედრებათა აღმოგივლენთ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო; ხოლო შენ, ვითარცა ხარ ყოვლადმოწყალე ხელის-აღმპყრობელი და ყოვლადსახიერი შემწე ჩვენი, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩვენ, რაითა გხადოდეთ ესრეთ: გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ქვეყნისა ანგელოსმან და კაცმან ზეცით, მართალმან მოხუცებულმან ბერმან სერაფიმე, წმიდა ხატი შენი, ღმრთისმშობელო ქალწულო, სენაკსა შინა თვისსა, ვითარცა საფასე მრავალსასყიდლისაი, დაიუნჯა, და მუხლმოდრეკილი წინაშე მისსა გულსმოდგინედ აღმოგივლენდა შენ, ყოვლადქებულო, ლოცვა-ვედრებათა ყოველთა დღეთა მოსაგრისა ცხოვრებისა თვისისათა, კეთილლმობილად გხმობდა შენ „სიხარულად ყოველთა სიხარულთა“ და გიღაღადებდა ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლადწმიდითა შობითა შენითა დაცემულისა ნათესავისა კაცთასა განმახარებელო.
გიხაროდენ, სოფლისათვის მაცხოვარისა უხრწნელად მშობელო და ქალწულებისა შენისა საკვირველად დამმარხველო.
გიხაროდენ, დედაო ქალწულო ყოვლადკურთხეულო.
გიხაროდენ, ღმრთისა მშობელო ყოვლადდიდებულო.
გიხაროდენ, სიტყუა ღმერთისა პალატო შვენიერო.
გიხაროდენ, მეუფეთა მეფეთასა ნათელმოსილო სამკვიდრებელო.
გიხაროდენ, წინასწარმეტყველთა სიტყვათა აღსრულებისა მოქმედო.
გიხაროდენ, მოციქულთა ქადაგებისა საფუძველო შეურყეველო.
გიხაროდენ, ღირსთა მამათა სიქადულო და ქალწულთა დიდებულებაო.
გიხაროდენ, კაცთა ნათესავისა აღდგინებაო და ამაღლებაო.
გიხაროდენ, მგლოვარეთა ნუგეშინის-ცემაო.
გიხაროდენ, სნეულთა საკვირველო კურნებაო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ოდეს შეპყრობილ იყო ფიცხელითა სნეულებითა, ნეტარი სერაფიმე გულსმოდგინედ გევედრებოდა, ღვთისმშობელო ქალწულო, შეწევნასა და კურნებასა, და აჰა ესერა მეყვსეულად გამოეცხადე მას ნათლითა ზეციურითა წმიდა მოციქულთა თანა პეტრეისა და იოანე ღმრთისმეტყველისა, რომელთა არქვი: „ესე ნათესავისაგან ჩვენისა არს!“ და კურნებაიცა მსწრაფლ მოჰმადლე. აწ ჩვენთვისცა შეჰვედრე ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა დედამან, ვითარმედ მოგვმადლოს ყოველი სათხოვარი ჩვენი, რაითა მარადის ვუგალობდეთცა მას მადლობისა გალობასა წინაშე ხატისა ამის: ალილუია.
ვითარცა გულისხმა-ჰყო საკვირველი განკურნება თვისი, აღსრულებული მადლმოსილითა გამოცხადებითა შენითა, ღვთისმშობელო, დაუდუმებელად იწყო ნეტარმან სერაფიმე ქადაგება დიდისა მოწყალებისათვის შენისა მისა მომართ, ხოლო წმიდასა ხატსა შენსა, ქმნილსა არაქვეყნიურითა ხელითა და საკვირველად მომადლებულსა მისდა ზეგარდმო, კეთილმოწიწებით თაყვანის-სცემდა და მადლისა ამის თანამოზიარედ უწოდდა. აწ ჩვენცა თაყვანის-ვსცემთ მას და ესრეთ გხადით შენ, დედაო ღმრთისაო:
გიხაროდენ, მოსლვითა და მოკითხვითა შენითა ღმერთის რჩეულისა ამის ფრიად განმახარებელო;
გიხაროდენ, უძლურებასა შინა მისთვის საკვირველისა კურნებისა მალიად მომმადლებელო.
გიხაროდენ, ნათესავად შენად მამისა ამის მოწყალედ სახელს-მდებო;
გიხაროდენ, საღმრთოთა გამოცხადებათა შინა ღმრთაებრივად მისო განმანათლებელო.
გიხაროდენ, რამეთუ მრავალგზის ეცხადებოდი მას მდინარებასა შინა ცხოვრებისა მისისასა;
გიხაროდენ, ღვაწლთათვის მარხვისა და ლოცვისა უხილავად მისო განმამტკიცებელო.
გიხაროდენ, განდეგილსა ცხოვრებასა შინა უდაბნოს მის თანა ტკბილად მზრახველო;
გიხაროდენ, მტერთაგან ხილულთა და არახილულთა მისო ძალმოსილო დამცველო.
გიხაროდენ, ჩვენ, ცოდვილთათვისცა ხატისაგან შენისა მრავლისა წყალობისა და უხვებისა მომნიჭებელო.
გიხაროდენ, რამეთუ ჩვენ, უღირსთაცა, არა მოგვაკლებ მდიდართა და მადლმოსილთა მოწყალებათა შენთა.
გიხაროდენ, რამეთუ უსასყიდლოდ ჰკურნებ უძლურებათაცა ჩვენთა.
გიხაროდენ, რამეთუ მწუხარებათაცა ჩვენთა მონიჭებითა სიხარულისაითა განაქარვებ.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ძალი ღმრთისაი მოქმედებდა წმიდისა ხატისა მიერ შენისა, მოალერსედ წოდებულისა, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ოდეს სენაკსა შინა ღირსისა მამისა ჩვენისა სერაფიმესი წარმოუდინებდა კურნებათა მორწმუნეთა, რომელნი ყოველის მხრიდან მოვიდოდიან მართლისა თანა ღმრთისასა, ლოცვითა მისითა მიიღებდიან რწმენისაებრ თვისისა მრავალთა მადლმოსილთა ნიჭთა და მადლობით უგალობდენ ღმერთსა: ალილუია.
აქუნდა რა სარწმუნოებაი და სიყვარული შენდა მომართ, ღვთისმშობელო, ყოველი სასოება შენ ზედა დასდვა ღირსმან სერაფიმე ღმრთისა მიერ, ხოლო წმიდასა ხატსა შენსა კეთილმოწიწებით თაყვანის-სცემდა, სანთელთა და კანდელსა წინაშე მისსა აღანთებდა და მგზნებარედ ილოცვიდა შენდა მომართ, რაითა ეყო მას შემწე ცხოვრებასა. ამისთვის ჩვენცა გევედრებით, ყოვლადსახიერო დედუფალო, და გულსმოდგინედ გიგალობთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, მსოფლიო ლამპარო, ნათელითა ქრისტესითა წარმართთა წყვდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, ტაკუკო ყოვლადოქროისაო, რომელსა შინა პური ზეციური შეიცხო და მჭამელთა მისგან სიკუდილი არა იხილონ.
გიხაროდენ, მთიებო მზისა სიმართლისაო;
გიხაროდენ, უკვდავისა ცხოვრებისა დაუღამებელო ცხოვრებაო.
გიხაროდენ, დაცემულისა კაცობრივისა ბუნებისა განახლებაო;
გიხაროდენ, პირველისა მის მტერობისა განქარვებაო.
გიხაროდენ, სიხარულო, წმიდათა შემეცნებაო;
გიხაროდენ, სიტკბოებაო, სულიერისა ტკბობისა დამატკბობელო.
გიხაროდენ, ღრუბელო, მაცხოვნებელისა ცუარისა ზეგარდამო წარმომადინებელო;
გიხაროდენ, ალებასტრო, ღმრთაებრივითა მირონითა აღსავსეო.
გიხაროდენ, გაქვავებულთა გულთა მოლბობაო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისა და კეთილმსახურებისა აღორძინებაო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ცოდვის ღელვათაგან განგვარინე და სინანულისა მშვიდსა ნავთსაყუდელსა მიწევნასა შეგვეწიე ჩვენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო გამომსყიდველისა და მაცხოვრისა სულთა ჩვენთაო და დედობრივისა კადნიერებისა მისა მიმართ მქონებელო; განი პყარ ღმერთშემოსილნი ხელნი შენნი და შეჰვედრე სახიერებასა მისსა, ვითარმედ ჩვენ ყოველნი შეგვიწყალოს და გვაცხოვნოს, რაითა შენ მიერ მადლობით ვუგალობდეთ მას გალობასა დიდებისმეტყველებისასა: ალილუია.
ოდეს გვესმის მრავალთათვის საკვირველმოქმედებათა შენთა, ღვთისმშობელო ქალწულო, რომელნი წმიდათა ხატთაგან შენთა წარმოუდინე მართალთა მორწმუნეთა, ჩვენცა გვიხარის, ცოდვილთა ამათ, რამეთუ მოგვანიჭე ჩვენ ესევითარი მადლმოსილი წინდი შენისა ჩვენდა მომართ კეთილმნებელობისა; ამისთვის ბაგეთაგან სახარულევანთა და მადლობითთა აღმოგივლენთ გალობათა შენ ესრეთ:
გიხაროდენ, დივეევოს ქალწულთა სავანისა დედობრივსა საფარველსა ქვეშე შენსა მოწყალედ მიმღებელო;
გიხაროდენ, მცირისა და უპოვარისა სავანისა ამის ფრიად განმავრცობელო და სულიერად განმამდიდრებელო.
გიხაროდენ, აღნათქუემისა შენისა მისთვის, ღირსისა სერაფიმეს მიმართ თქუმულისა, სავსებით აღმსრულებელო;
გიხაროდენ, რამეთუ წმიდისა ხატისა მიერ შენისა მას შინა მყოფობა ინებე.
გიხაროდენ, სასოებაო ჩვენო ყოვლადწმიდაო;
გიხაროდენ, დედაო ჩვენო ყოვლადსახიერო.
გიხაროდენ, დედობრივ კეთილო მასაზრდოვებელო ქალწულთაო;
გიხაროდენ, ქვრივ-ობოლთა ზედა კეთილმოწყალეო მზრუნველო.
გიხაროდენ, მტერთაგან არახილულთა ჩვენო საფარველო;
გიხაროდენ, მოულოდნელად მოწევნულთა ჭირთა და განსაცდელთა შორის შემწეო ჩვენო.
გიხაროდენ, ზღუდეო მტკიცეო, ცოდვისა საცთურთაგან სოფლისა ამის დამცველო ჩვენო;
გიხაროდენ, საფარველო უვრცესო, ჩვენ – მომლტოლვარეთა შენდა ყოვლად დამტევნელო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ღმრთივმდინარი ვარსკულავი – წმიდა ხატი შენი, ღვთისმშობელო ქალწულო, სხივთა საღმრთოისა მადლისა უხილავად გარდამოაფენს და სულთა მართალთა მორწმუნეთასა განაცისკროვნებს; ხოლო ჩვენცა ხატსა მას ნუგეშინის-მცემელსა ჩვენსა მწუხარებათა შორის სარწმუნოებითა და კეთილმოწიწებით ამბორის-ვუყოფთ და უძლურებათა შინა ჩვენთა კურნებასა უსასყიდლოსა შენ მიერ, დედუფალო, მოვიღებთ; ამისთვის განვადიდებთ ყოვლადსაგალობელსა და ყოვლადკურთხეულსა სახელსა შენსა და სიხარულით ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია.
ოდეს გიხილა მართალმან მოხუცებულმან სერაფიმე ყოვლად-კურთხეულსა დღესა ხარებისა შენისასა, ღვთისმშობელო, მოსრული მდაბალსა სენაკსა მისსა ერთობით ანგელოსთა ცისათა, უფლისა, წინამორბედისა, იოანე ღვთისმეტყველისა და წმიდათა ქალწულთა დასისა თანა, ყოვლადმშვიდითა სიხარულითა აღივსო იგი და პირისახეცა მისი მხცოვანი გამობრწყინდა სიმშვენიერითა ზეციურითა, ხოლო შენ, დედუფალო, საღმრთოითა დიდებითა განაცისკროვნე სერაფიმე, მოწყალედ ზრახვიდი მის თანა, ვითარცა მეგობრისა უმახლობელესისა და სახიერთა აღნათქუემთა მიერ განამხიარულებდი სულსა მისსა, რომლითაცა აწ ჩვენცა აღგვძრავ გალობად შენდა ესრეთ:
გიხაროდენ, მარადის ქალწულო სახარულევანო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო სძალო უსძლოო.
გიხაროდენ, დედუფალო ყოველთაო – ზეციერთა და ქვეყნიერთაო;
გიხაროდენ, წინამძღვარო ქალწულებრივთა კრებულთაო.
გიხაროდენ, ზეციურ სიმაღლეთაგან ქვეყნისა მკვიდრთა მომნახულებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა პირისახისა შენისა ღმრთის რჩეულთათვის გამომაცხადებელო.
გიხაროდენ, რამეთუ წმიდათა დასნი და დასნი გივის თანა-მოგზაურად შენდა;
გიხაროდენ, კრებულისა წმიდათა ქალწულთა შენ თანა მიმყვანებელო.
გიხაროდენ, რომელმან ქალწულსა მდაბალსა და მთრთოლვარესა დიდებაი გამოცხადებისა შენისაი უჩვენე;
გიხაროდენ, რომელმან ღმრთაებრივისა ზრახვისაცა ღირსჰყავი იგი.
გიხაროდენ, ღირსისა სერაფიმესი მოკითხვითა შენითა კეთილის-მყოფელო;
გიხაროდენ, მის თანავე ჩვენ – ყოველთაცა განმახარებელო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ყოველგნით ქადაგებულ და ქებულ არს მართალთა მორწმუნეთაგან მოკითხვაი შენი, დედაო ღმრთისაო, რომლისა ღირს-ჰყავ ნეტარი სერაფიმე დღესა მას ყოვლადდიდებულისა ხარებისა შენისასა. ხოლო ჩვენცა დღეს, კეთილმოშიშებით მოვიხსენიებთ რა ყოვლადსახიერსა მოკითხვასა ამას შენსა, მადლობითსა გალობათა აღმოგივლენთ, ყოვლადწმიდაო, და ქებულებით ვუღაღადებთ ძესა და ღმერთსა შენსა: ალილუია.
ზეციურისა დიდებისა ნათელი გამობრწყინდა მდაბალსა სენაკსა შინა კეთილმსახურისა მოხუცებულისასა, ოდეს ზეციურ სიმაღლეთაგან გარდამოჰხედ, ღვთისმშობელო, წმიდათა დასისა თანა მოკითხვად მისა; ხოლო ხილვად ნათლისა მის ვერ შეუძლო ქალწულმან, თანა-მესაიდუმლემან ღმრთაებრივისა ხილვისა, და დავარდა პირქუე და იყოფვოდა ესრეთ. გარნა შენ მოწყალედ აღადგინე იგი, დედუფალო, და ყოვლადმოწყალენი სიტყვანი არქვი მას. აწ ჩვენცა, განკვირვებულნი ესევითარისა კეთილმოწლეობისა შენისათვის, სიყვარულითა და მოწიწებით გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, ქალწულო ყოვლადსახიერო, ქვეყნიერისა ქალწულის სიქალწულისა მაქებელო;
გიხაროდენ, რომელმან ცათა სასუფევლისა გვირგვინი აღუთქვი მასცა და ყოველთა ქალწულთაცა ერთგულებისათვის სიძე-ქრისტესი.
გიხაროდენ, ანგელოსთაგან თაყვანის-ცემულო და ქერუბიმთაგან საგალობელო;
გიხაროდენ, მთავარანგელოსთაგან გარე-მოცულო და სერაბიმთაგან განდიდებადო.
გიხაროდენ, რომელმან წინამორბედი, ღვთისმეტყველი და წმიდა ქალწულთა დასი, შენ თანა გამოცხადებულნი, საკვირველად აჩვენე მას;
გიხაროდენ, რომელმან გამოცხადებაი შენი აღთქუმითა ყოველთა კეთილთა რჩეულისა მიმართ ღმრთისა განასრულე.
გიხაროდენ, რომელმან აღნათქუემთა შენთა აღსრულებითა გამოცხადებისა შენისა ჭეშმარიტებაი დაამოწმე;
გიხაროდენ, ჩვენო სიქადულო და განმტკიცებაო.
გიხაროდენ, მონოზონთა სავანეთა მოწყალეო მზრუნველობაო და მიხედვაო;
გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა ღმრთაებრივო შემკულებაო.
გიხაროდენ, მემარხულეთა და ღირსთა მამა-დედათა ნუგეშინის-ცემაო;
გიხაროდენ, ნათესავისა ქრისტეანეთასა ურცხვენელო სასოებაო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ჩვენ, მსურველთა ამბორის-ყოფად წმიდისა ყოვლადპატიოსნისა და საკვირველმოქმედისა ხატისა შენისა, დედუფალო, ნუ დაგვაყენებ ამისაგან ცოდვათათვის ჩვენთა, არამედ ვითარცა ხარ დიდად კეთილმოწლე დედა მოწყალისა ღმრთისა ჩვენისა, არა მოიძაგო არაწმიდანი ბაგენი ჩვენნი, არამედ გულმოწყალედ შეგვიწყნარე ჩვენ, სიყვარულით შემოვრდომილნი შენდა, რომელი მადლმოსილთა საბოძვართა უხუად გვანიჭებ ჩვენ მრავალ-საკვირველმოქმედისა ხატისაგან, რაითა ჩვენცა ლმობილითა გულითა ვხადოდეთ სამპიროვანსა ერთსა ღმერთსა: ალილუია.
საკვირველისა და წმიდისა აღსასრულისა მომადლება სათნო-იყავ, დედუფალო, რჩეულისა შენისა – ნეტარი სერაფიმესათვის; რამეთუ მუხლმოყრილმან ლოცვასა შინა წინაშე წმიდისა ხატისა შენისა განუტევა მან მართალი სული თვისი ხელთა ღმრთისათა და განვიდა ქვეყანისაგან ზეცად ჭურეტად დიდებისა შენისა ზეციურისა და მარადის ხილვად შენ – დედუფლისა ანგელოსთასა, რომელსა ჩვენცა, ქვეყანისა მკვიდრნი, დაუდუმებელად გნატრით და სიხარულითა გიგალობთ გიხაროდენთა ამათ:
გიხაროდენ, ზენაარისა სამყაროისა უპირველესო სამკაულო;
გიხაროდენ, ქვეყნიურისა სამყაროისა ყოვლადძლიერო ზღუდეო დამცველო.
გიხაროდენ, ზეციურისა ყოვლადნათელისა სამკვიდრებელისა შენისაგან ქვეყნისა მკვიდრთა მომხედველო;
გიხაროდენ, ზენაარი სავანეთაგან ღელესა ჩვენსა მრავალმწუხარესა და მრავალცოდვიანსა გარდამომავალო.
გიხაროდენ, მგლოვარეთა და მწუხარეთა თვალთაგან ცრემლთა წარმხოცველო;
გიხაროდენ, განმწარებულთა გულთა შინა შუებისა და ნუგეშისა შთამღვრელო.
გიხაროდენ, უპოვართა ქურივთა სიმდიდრეო უპარველო;
გიხაროდენ, უდედმამოთა ობოლთა მოხედვაო და საფარველო.
გიხაროდენ, ბერ-მონოზონთა შემწეო ყოვლადგულსმოდგინეო;
გიხაროდენ, მონაზონ დედათა წინამძღვარო ყოვლადწმიდაო.
გიხაროდენ, ქრისტიანულისა კეთილკრძალულებისა დასაბამო და საფუძველო;
გიხაროდენ, ქალწულებისა ყოვლადსაკვირველო სიმშვენიერეო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
უცხო და საკვირველ არს ხილვაი წმიდისა ხატისა შენისა, ღვთისმშობელო ქალწულო, ხელთაგან არაქვეყანისაგანთა დაწერილისა თავასაბურველსა ზედა, რამეთუ ძალითა მადლისა ღმრთისაითა აღივსო იგი და საკვირველთა სასწაულთა აღასრულებს სათნო-ყოფითა შენითა, ყოვლადსახიერო; და ჩვენცა, მომგებელნი მისნი ნუგეშინის-ცემისა და კურნებისათვის, მადლობით დიდების-გმეტყველებთ შენ, ყოვლადწმიდაო დედუფალო, და ანგელოსთა გალობასა ვუგალობთ შენგან შობილსა სიტყუა-ღმერთსა: ალილუია.
ყოვლითურთ კეთილსა და სარგებელსა მოგვმადლი ჩვენ, ღვთისმშობელო, ყოვლადპატიოსნისა და მრავალსაკვირველმოქმედისა ხატისა შენისაგან, ლმობილ-ჰყოფ გულთა ჩვენთა და განჰკურნებ სნეულებათა ჩვენთა, რამეთუ ჭეშმარიტად ხარ ფრიად კეთილმოწლე დედა ქრისტესმიერთა შვილთა შენთა; ამისთვის, ვითარცა თანა-მდებ ვართ, გნატრით შენ და აღმოგივლენთ კეთილ-ქებულებათა ამათ:
გიხაროდენ, აღმოსავალით დასავალადმდე ყოვლგნით ქებულო და განდიდებულო;
გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთაგან ქრისტეანეთასა საგალობელო და ნეტარ-ყოფილო.
გიხაროდენ, სულისათვის სარგებელთა საბოძვართა უშურველად მომნიჭებელო;
გიხაროდენ, სულიერთა და ხორციელთა უძლურებათაგან მადლმოსილო ჩვენო მკურნალო.
გიხაროდენ, უსასოოთა ურცხვენელო სასოებაო;
გიხაროდენ, განმწარებულთა ტკბილო გახარებაო.
გიხაროდენ, დევნულთა მტკიცეო შესავედრებელო;
გიხაროდენ, მართალთა ძლიერო ხელის-აღმპყრობელო.
გიხაროდენ, ურწმუნოთა სარწმუნოო მოქცევაო;
გიხაროდენ, სასწაულებითა შენითა ყოველთა განმაკვირვებელო.
გიხაროდენ, კეთილმსახურთაცა და უკეთურთაცა ზედა მომხედველო;
გიხაროდენ, ყოვლადწრფელითა სურვილითა ყოველთათვის ცხოვრებისა მნებებელო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ყოველნი ნათესავნი ქრისტეანეთანი გხადიან შენ, ზეციურო დედუფალო, ძალმოსილო შემწეო ჩვენო: რამეთუ ვითარცა ყოვლად-პატიოსანსა მიძინებასა შენსა აღგვითქვი არა-დატევებად ჩვენ – ობოლთა და უმწეოთა, ეგრეთ დღესამომდე აღასრულებ ყოვლადსახიერსა აღთქუმასა ამას ეკლესიასა შინა ქრისტესსა ქვეყანასა ზედა, ღმრთის-მშობელო ქალწულო, რომელი უხვებით სწყალობ და აცხოვნებ ყოველთა კაცთა, ჭეშმარიტებით მადიდებელთა შენთა და მართლმადიდებლობით მგალობელთა ღმრთისა მიმართ: ალილუია.
მჭევრნი სიტყვანი კაცობრივნი უძლურ-არიან გამომეტყველებად მდიდართა საბოძვართა და წყალობათა შენთა, დედაო ღმრთისაო, ხოლო ღირსად განდიდებად შენდა ვერ შემძლებელ არიან თვით გონებანიცა უხორცონი ცათა შინა, გარნა აწ არა უგულებელს-ჰყო, ვითარცა სახიერ ხარ, ჩვენნიცა ესე უძლურნი ქებულებანი ქვეყნისაგანნი, რომლითაცა ჩვენ, სიყვარულითა მოსაგრენი შენთვის, კადნიერ-ვიქმნებით და გიგალობთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, მთოვარეო აღვსებისაო, ცოდვიანისა ღამისა ჩვენისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მშვიდითა ბრწყინვითა შენითა წყვდიადისა ვნებათა ჩვენთასა განმფანტველო.
გიხაროდენ, წინამძღუარო გზააბნეულთაო და წყმედულთაო;
გიხაროდენ, მშფოთვარეთა და მძვინვარეთა დამაშოშმინებელო.
გიხაროდენ, კეთილკრძალულებასა შინა ჭაბუკთა დამმოძღურებელო;
გიხაროდენ, ქალწულებისა საფარველო და შემოზღუდვაო.
გიხაროდენ, ქალწულთა სავანისა ყოვლადსაკვირველად გამრიგეო;
გიხაროდენ, ყოვლადპატიოსნითა ხატითა შენითა მისთვის კეთიმოწლეობისა შენისა გამომაჩინებელო.
გიხაროდენ, შენისა მსასოებელთათვის აღსასრულისა კეთილისა მომმადლებელო;
გიხაროდენ, მოყვარეთა და პატივისმცემელთა შენთა არა სირცხვილეულ-მყოფელო.
გიხაროდენ, დედათა შორის ერთო მხოლოო კეთილო და კურთხეულო;
გიხაროდენ, ერთო მხოლოო წმიდაო და უბიწოო მარადის ქალწულო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
მაცხოვრისა ღმრთისა ჩვენისათვის ხორცისა მიმცემელო, ჭეშმარიტო და ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, მილხინე და განგვწმიდე ჩვენ, შებილწულნი მრავალთაგან ცოდვათა, სხურებითა უსუპისა წმიდათა ლოცვათა შენთასა, განგვამტკიცე უბიწოებასა და კეთილკრძალულებასა შინა და ღირს-გვყავ ჩვენ კეთილ სათნოდ და მართლიად განლევად ცხოვრებისა ქვეყნიურისა, რაითა სათნო-ყოფითა ქრისტე ღმერთისა ჩვენისაითა დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათაი და ყოველთა წმიდათა მისთა თანა ვუგალობდეთ მას გალობასა ძლევისასა: ალილუია.
ზღუდე-მცველი ხარ ქალწულთათვის, ღმრთისმშობელო ქალწულო, და ეგრეთვე ყოველთა სულთათვის ქრისტეანეთა, რომელნი დაეწინდენ ქრისტე ღმერთსა და მარადის ჰპოვებენ ძლიერსა შეწევნასა შენსა ვნებათა შორის ღელვაგვემულებათა სოფლისათა. აწ ჩვენცა გევედრებით შენ, ყოვლადსახიერო: არა გვიტეო ჩვენ ცოდვილნიცა წარწყმედად მწვირესა შინა ვნებათასა, არამედ განმოიპყარ ჩვენდა მომართ ხელმწიფებრივნი და ძლევამოსილნი ხელნი შენნი და აღგვადგინე ჩვენ სინანულისათვის და კეთილკრძალული ცხოვრებისათვის, რაითა მადლობით გხადოდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, მოგზაურთათვის ზღუასა შინა ამა ცხოვრებისასა მშვიდო ნავთსაყუდელო;
გიხაროდენ, გათანგულთათვის ღელვათაგან ვნებათასა კეთილმამშვიდებელო შესავედრებელო.
გიხაროდენ, ცოდვილთათვის სინანულისა თავს-მდებო;
გიხაროდენ, ყოველთა მონანულთა ღმერთთან შერიგებაო.
გიხაროდენ, მართლისა მსაჯულისა ლმობიერ-ყოფაო;
გიხაროდენ, წმიდათა ყოვლადსაწადელო და ყოვლადტკბილო ნუგეშინის-ცემაო.
გიხაროდენ, ზენაარ ანგელოსთა მხედრობისა განკვირვებაო;
გიხაროდენ, მოწამეთა ნათელთა დასთა დაუცხრომელო განდიდებაო.
გიხაროდენ, მართალ და კეთილმსახურ დედათა ყოვლად სახარულევანო გახარებაო;
გიხაროდენ, წმიდათა ქალწულთა გვირგვინოსან-მყოფელო.
გიხაროდენ, ღირსთა მამათა მრავალსაგალობელო დიდებაო;
გიხაროდენ, მართალთა მორწმუნეთა სარწმუნოო სასოებაო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ქებულებათა გალობასა აღმოგივლენენ შენ, ღვთისმშობელო, დასნი ქალწულთანი, მყოფნი საფარველსა ქვეშე წმიდისა და მრავალ-სასწაულებრივისა ხატისა შენისა, უხილავთა ხელთაგან მოყვანილისა მათ თანა ჟამსა ტრაპეზობისასა აღთქუმისაებრ და ლოცვითა ღირსისა მოხუცებულისა სერაფიმესი, რომელი აღესრულა წინაშე ხატისა ამის შენისა, ყოვლადწმიდაო, და ესრეთ შენსა მძლე მფარველობასა შეჰვედრა სავანე ესე, ამისთვის ფრიად განიხარეს ქალწულთა მათ და უგალობდნენ ღმერთსა: ალილუია.
ნათელ სხივთაგან სასწაულთა შენთა განაცისკროვნები შენ, ღმრთისმშობელო დედუფალო, დაბნელებულთა გულთა ჩვენთა შორის ცრურწმენათა და ურწმუნოებისა დღეთა ჩვენთასა და ესრეთ ყოველთა მოგვიყვანებ აღსაარებად ყოვლადძლიერებისა და ხელმწიფებისა შენისა, რამეთუ ვხედევთ ხატსა შენსა, ყოვლადსახიერო დედაო ღმრთისაო, მდიდრად წარმომადინებელსა ჩვენდა წყალობათა და უხვებათა შენთა. ამისთვის, შემოვრდომილნი შენდა, სიყვარულით მოვეახლებით ხატსა ამას და გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა დამტკიცებაო;
გიხაროდენ, ქრისტეს ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა განვრცობაო.
გიხაროდენ, მწვალებლობათა და განხეთქილებათა სირცხვილეულ-ყოფაო;
გიხაროდენ, ურწმუნოებისა აღმოფხურაო.
გიხაროდენ, სასწაულებითა შენითა მართალთა მორწმუნეთა ნუგეშინის-მცემელო;
გიხაროდენ, რომელი არცა ცოდვილთა მოაკლებ წყალობათა შენთა.
გიხაროდენ, რომელი ჟამსა აღსრულებისასა თანამდგომ ხარ მსასოებელთა შენთა.
გიხაროდენ, რომელი სიყვარულითვე მიაგებ მოყვარეთა შენთა;
გიხაროდენ, მწუხარებათა და განსაცდელთა შორის მსწრაფლ შეწევნად მომავალო;
გიხაროდენ, უკურნებელთა სენთა მკურნალო.
გიხაროდენ, მდაბალთა ლოცვათა მალიად შემსმენელო;
გიხაროდენ, სახიერთა თხოვათა წინამსწრობელო აღმსრულებელო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
საღმრთოისა მადლისა სულიერი საუნჯე – ხატი შენი, ღვთისმშობელო ქალწულო, მოემადლა შენ მიერ სავანესა ქალწულთასა, რომელი რჩეულმან შენმან – ღირსმან მამამან სერაფიმე შემოჰკრიბა და კეთილად ასაზრდოვა ვითარაცა წინამძღუარმან მისმან; აწ ჩვენცა, საკვირველად მომპოვებელნი ხატისა ამის, ვითარცა წინდისა კეთილმნებელობისა შენისა ჩვენდამო, გაქებთ და გადიდებთ შენ, დედუფალო ყოვლადმოწყალეო, და მონებრ ვუღაღადებთ შემოქმედსა ყოველთასა: ალილუია.
ვუგალობთ რა აღურაცხელთა მოწყალებათა და მრავალთა საკვირველმოქმედებათა შენთა, ქალწულო ყოვლადსაგალობელო, ფრიად განვიხარებთ ჩვენ ცოდვილნი, მჭურეტელნი ხატსა ამას ზედა წმიდისა პირისახისა შენისა, აღსავსისა ლმობიერებითა, რომელი სულთაცა ჩვენთა შთაგვინერგავს ლმობილებასა და მიგვიზიდავს გულსმოდგინისა ლოცვისათვის, რაითა ესრეთ გხადოდეთ შენ:
გიხაროდენ, აგარაკო მოუხნველო, მაცხოვნებელისა თავთავისა კაცთათვის აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, კიბეო ზეციურო, რომლითაცა უფალი ღმერთი გარდამოხდა ქვეყანად.
გიხაროდენ, მთაო განუპობელო, სულისა წმიდისა მიერ განპოხილო;
გიხაროდენ, კარავო ყოვლადწმიდაო, უზენაესისა სამკვიდრებელო.
გიხაროდენ, წმიდათა წმიდათასა აღმატებულო;
გიხაროდენ, ღუმელო საიდუმლოო, ღმრთაებისა ნაკუერცხალისა შეუწველად მიმღებელო.
გიხაროდენ, განგრილებულთა გულთა ჩვენთა სიყვარულითა უფლისა მიმართ აღმგზნებელო;
გიხაროდენ, არაწმიდებათაგან სულთა ჩვენთა განმწმედელო.
გიხაროდენ, სულიერ ღვაწლთა შინა უხილავად ჩვენო განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, მცონარებისა და მოწყინებისა ჩვენგან მაოტებელო.
გიხაროდენ, ქრისტეს ბრძანებათა აღსრულებისათვის ჩვენო შემწეო;
გიხაროდენ, სულისათვის მავნეთა ზნე-ჩვეულებათა ჩვენ შორის აღმომფხურელო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ჰოი, ყოვლად ქებულო და ყოვლადსაგალობელო დედაო ღმრთისაო! ჰოი, დედუფალო ყოვლადმოწყალეო, ღვთისმშობელო სახიერო! ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რაითა გვიხსნას ჩვენ გეჰენიისაგან ცეცხლისა და ღირს-გვყოს მიწევნად ნაწილსა მას ცხოვრებულთასა, რაითა რჩეულთა ღმრთისა თანა უკუნითი უკუნისამდე ვუგალობდეთ მას: ალილუია.
ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1
ქვეყნისა ანგელოსმან და კაცმან ზეცით, მართალმან მოხუცებულმან ბერმან სერაფიმე, წმიდა ხატი შენი, ღმრთისმშობელო ქალწულო, სენაკსა შინა თვისსა, ვითარცა საფასე მრავალსასყიდლისაი, დაიუნჯა, და მუხლმოდრეკილი წინაშე მისსა გულსმოდგინედ აღმოგივლენდა შენ, ყოვლადქებულო, ლოცვა-ვედრებათა ყოველთა დღეთა მოსაგრისა ცხოვრებისა თვისისათა, კეთილლმობილად გხმობდა შენ „სიხარულად ყოველთა სიხარულთა“ და გიღაღადებდა ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლადწმიდითა შობითა შენითა დაცემულისა ნათესავისა კაცთასა განმახარებელო.
გიხაროდენ, სოფლისათვის მაცხოვარისა უხრწნელად მშობელო და ქალწულებისა შენისა საკვირველად დამმარხველო.
გიხაროდენ, დედაო ქალწულო ყოვლადკურთხეულო.
გიხაროდენ, ღმრთისა მშობელო ყოვლადდიდებულო.
გიხაროდენ, სიტყუა ღმერთისა პალატო შვენიერო.
გიხაროდენ, მეუფეთა მეფეთასა ნათელმოსილო სამკვიდრებელო.
გიხაროდენ, წინასწარმეტყველთა სიტყვათა აღსრულებისა მოქმედო.
გიხაროდენ, მოციქულთა ქადაგებისა საფუძველო შეურყეველო.
გიხაროდენ, ღირსთა მამათა სიქადულო და ქალწულთა დიდებულებაო.
გიხაროდენ, კაცთა ნათესავისა აღდგინებაო და ამაღლებაო.
გიხაროდენ, მგლოვარეთა ნუგეშინის-ცემაო.
გიხაროდენ, სნეულთა საკვირველო კურნებაო.
გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
აღრჩეულსა ყოველთაგან ნათესავისა კაცთასა დედასა ღმრთისასა და დედუფალსა ჩვენსა, ლმობილითა გულითა მლოცველსა ჩვენთვის უფლისა მიმართ და მოალერსე ხატისა თვისისა ჩვენდა მოწყალედ მომმადლებელსა, ქებულებისა გალობათა და ვედრებათა აღმოგივლენთ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო; ხოლო შენ, ვითარცა ხარ ყოვლადმოწყალე ხელის-აღმპყრობელი და ყოვლადსახიერი შემწე ჩვენი, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩვენ, რაითა გხადოდეთ ესრეთ: გიხაროდენ, დედუფალო, სიხარულო ყოველთა სიხარულთაო, ლმობიერებაო და ხსნაო სულთა ჩვენთაო.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ქრისტე მეუფისა და ღმრთისა ჩვენისა დედაო, ლმობიერებისა საუნჯეო და მოწყალებათა წყაროო, სულისმაცხოვნებელ ნიჭთა და საბოძვართა ჩვენდა მომმადლებელო და მგლოვარეთა სულთა მადლმოსილო ნუგეშინის-მცემელო! სიყვარულითა შემოგივრდებით შენ და წინაშე წმიდისა ხატისა შენისა ვილოცავთ: ევედრე, დედუფალო, საყვარელსა ძესა შენსა – ქრისტე ღმერთსა ჩვენსა, რაითა შეგვიწყალოს და გვაცხოვნოს ჩვენ, წარწყმედადნი ბოროტთა მწვალებლობათა შორის; შთაგვბერე სულთა შინა ჩვენთა წრფელი სინანული და ღმრთივ-სათნო ლმობიერება. განმწმედელ ცრემლთა მიერ განგვბანე ჩვენ ცოდვისა ბილწებათაგან და გამოგვაჩინე სპეტაკ და უბიწო მონებად ქრისტეისა. მოწყალედ მოგვეც ჩვენ ყოველივე კეთილად სახმარი ამა ცხოვრებისათვის ჩვენისა წარმავალისა და საუკუნოისა ცხოვნებისათვის, დედუფალო. ყოველსა სოფელსა მშვიდობა მოჰფინე, წმიდა სავანე ესე კეთილად დაიცევ, უშფოთველობა და უხვება ნაყოფთა ქვეყანისათა მოგვანიჭე და ჟამსაცა აღსრულებისა ჩვენისასა არა მოგვაკლო ჩვენ დედობრივი მფარველობა და შეწევნა შენი, რაითა წინამდგომელობითა და მეოხ-მყოფელობითა შენითა უჭირველად განვვლოთ საშინელნი საზვერენი ჰაერთანი და ღირს-ვიქმნნეთ დამკვიდრებად ცათა სასუფეველსა. ჰე, დედუფალო ყოვლადსახიერო, ყოველთა სიხარულთა სიხარულო და ყოვლისა ქრისტიანულისა სამყაროისა ნუგეშო! შეგვეწიე ჩვენ აწცა და მას ჟამსაცა, ოდეს უფროისად შეწევნასა წმიდასა შენსა ვითხოვთ და გვიხსენ ჩვენ დედობრივითა შენითა ლოცვითა ქრისტე ღმრთისა მიმართ ჩვენისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა თანა დაუსაბამოით მამით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღვთისმშობელსა ქალწულსა ლმობიერად მოგეახლებით ყოველნი, ცოდვით დამძიმებულნი, საკვირველმოქმედისა ხატისა შენისა მოალერსისა ამბორის-მყოფელნი და შენდა ცრემლითა მღაღადებელნი: ჰოი, დედუფალო ზეცათაო, შეიწყნარე ვედრება უღირსთა მონათა შენთა და მოგვმადლე, ჩვენ, მთხოველთა, მდიდარნი წყალობანი შენნი.
რომელი ვემსგავსე უნაყოფოსა ლეღუსულელსა, მე შეჩვენებული, ლმობიერებისა და გულშემუსრვილობისა ნაყოფსა სრულიად არ გამოვიღებ და მოკვეთისაგან მეშინის, გარნა მჭურეტელი საკვირველ-მოქმედისა ხატისა შენისა ლმობიერისა, დედუფალო, სულთ-ვითქუამ გულის სიღრმითგან და გიღაღადებ: ლმობიერ მეყავ მეცა, მიმადლებულო, გულით გაქვავებულსა ამას, სათნოიყავ მოცემად ჩემდა სულისმიერისა და გულისმიერისა ლმობიერებისა.
გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ღმრთივაღრჩეულო ქალწულო, და პატივს-ვსცემთ წმიდასა მოალერსე ხატსა შენსა, ლმობიერად წოდებულსა, რომლისაგან საკვირველთა კურნებათა წარმოუდინებ ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოგეახლებიან შენ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
* წინამდებარე დაუჯდომელის ტექტი დამტკიცებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით (მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი № 163 )
საეკლესიო სლავური ენიდან თარგმნა: ვასილ ბურკაძემ