მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი მირქმისათვის
მიგებებისათვის უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1.

 

რჩეულისა მეუფისა რჩეული დედა იხილვება აწ მომავალი ბეთლემით იერუსალემდ, და ღმრთაებრივი ყრმა იესუ, ვითარცა ღრუბელი სუბუქი, გულსა მიქუმული მოიყვანება მის მიერ. ხოლო ჩვენ, უღირსნი ესე, მივეგებვებით რა მეუფესა დიდებისასა და ყოვლადწმიდასა დედასა მისსა ქალწულსა მარიამს, მოხუცებულისა მართლისა სვიმეონისა თანა ვუღაღადებთ ყოვლადკურთხეულსა მას:

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

იკოსი 1.

 

ანგელოსთა დასნი ზეცათანი სჭვირვენ მაღლით ქვეყანასა და ჰხედვენ შემოქმედსა თვისსა და მეუფესა, პირველშობილსა უწინარეს დაბადებისა ყოვლისა ქმნილებისასა, მირქუმულსა გულსა შინა ქალწულისა – დედისა მისისა, ქმრისა გამოუცდელისა, რამეთუ მოჰყავს ყრმაი იგი და ტაძრისა მიმართ იერუსალემისა მოვალს, და ესრეთ სიხარულით უგალობენ მას და დედუფალსა ქალწულსა ქებასა სადღესასწაულოსა:

 

მოვედ, მეუფეო ცათაო და ქვეყანისაო, ქალაქად მეუფისა დიდისა, წმიდასა სიონს;


მოვედ, ყოვლად მაღალო ღმერთო, ზეცისა სიმაღლეთაგან ქვეყანად ხელითა ქმნულსა ტაძარსა;


მოვედ, მხოლოდშობილო ძეო ღმრთისაო, შემოსახლებად შორის კაცთა ქვეყანასა ზედა;


მოვედ, უმანკო კრავო ღმრთისაო, შეწირვად მსხვერპლად უფლისა, მყოფისა ცათა შინა;


მოვედ, სპეტაკო ტრედო, სულისა წმიდისა სძალო, უქმროო;


მოვედ, უბიწო ტარიგო, ქრისტე-ტარიგისა უხრწნელო დედაო;


მოვედ, ღმრთივრჩეული ყრმაო ქალწულო, მამა ღმერთისა ყოვლადსასურველო ასულო;


მოვედ, დედუფალო ზეცისაო, ყოვლისა სოფლისა სახიერო ხელმწიფაო;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 2.

 

დაღაცათუ ხედვიდა ყოვლადწმიდა ქალწული შემდგომად შობისა ქრისტესა თავსა თვისსა უბიწოდ მყოფსა, ვითარმედ განწმედა არღა უხმდა, რამეთუ ქრისტე განვიდა შორის მისსა, ვითარცა სხივი მზისა განვლის ბროლსა, და არ ავნო ქალწულებრსა უბიწოებასა ყოვლადწმიდისა დედისა თვისისასა, გარნა სიმდაბლითა იყო აღვსილი, არა აღიმაღლებდა თავსა უხრწნელებისათვის სიწმიდისა თვისისა, და ოდეს აღესრულნეს დღენი განწმედისა მისისანი წესისაებრ სჯულისა, აღდგა წმიდისა იოსებ დამწინდველისა თანა ბეთლემით და წარიყვანა ღმრთაებრივი ყრმა იერუსალემდ, რაითა დაადგინოს იგი ტაძარსა შინა წინაშე უფლისა, რომელსა უგალობდენ სიხარულით:: ალილუია.

 

 

იკოსი 2.

 

გულისხმა-გყოფდა რა შენ შორით, ქალწულო, მომყვანებელსა ხორციელისა ღმრთისა ხელითა შენითა, ესაია წინასწარმეტყველი წინათგვაუწყებდა: „აჰა, უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა“ (ესაია 19,1), ხოლო შენ, ჰოი ღმრთისა დედაო, მომავალო იერუსალემდ და გულსა მიქმულსა მტარებელო ღმრთაებრივისა ყრმისაო, ესრეთ ჰზრახევდი: თუ ვითარ ვიქმენ მე დედად და კვალად დავშთი ქალწული? გარნა უწყოდი რაი, ვითარმედ ბუნებისა უაღმატებულესი იყო შობაი ესე, ძრწოლითა იტყოდი გულსა შინა თვისსა: ვითარ გიწოდი შენ, ძეო ჩემო? უკუეთუ გიწოდი კაცად, ვუწყი, ვითარმედ უაღმატებულეს კაცთასა ხარ, ქალწულებისა ჩემისა უხრწნელად დამმარხველი, რამეთუ ღმრთაებრივი იყო მუცლად-ღება შენი; ხოლო უკუეთუ გიწოდი შენ ღმერთად, გხედავ შენ ყოვლითურთ მსგავსსა კაცთასა, თვინიერ ცოდვისა. ამისთვის გქადაგებენ შენ მყოფად ღმერთად სრულად და კაცად სრულად. ხოლო ჩვენ, მივეგებვით რაი მოსვლასა მისსა, წმიდასა წმიდად თაყვანის-გცემთ შენ, ღვთისმშობელო, და გიღაღადებთ ესრეთ:

 

მოვედ, წმიდაო ქალწულო, ღმრთისა წმიდისა წმიდად მშობელო;


მოვედ, უქმაროო დედაო ემმანუილისაო, ქორწილისა გამოუცდელო;


მოვედ, უპატიოსნესო ქერუბიმთაო, რომლისა სიწმიდისათვის ჰკვირობდა გაბრიელი;


მოვედ, აღმატებით უზეშთაესო სერაბიმთაო, რომელსა ყოველი ბუნება ანგელოსთა თაყვანის-გცემდა;


მოვედ, ქვეყანაო დაუთესველო, რომელმან ცხოვრებისა თავთავი აღმოგვიცენე ჩვენ;


მოვედ, მაყვალო შეუწველო, რომელი შობასა შენსა არა შეგწუა ცეცხლმან ღმრთაებისამან;


მოვედ, დამტევნელო დაუტევნელისაო, რომლისა ჭურეტა არა ძალუც ექუს-ფრთოვანთა და მრავალ-თვალთა;


მოვედ, საყდარო ცეცხლოვან-თვალიანო, რომლისა ღირსად ქება შეუძლებელ არს მკვიდრთა ქვეყანისათა;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 3.

 

საღმრთოისა ძალისა წინამძღვრობითა მოვალს ყოვლადწმიდა ქალწული ქალაქად წმიდად იერუსალემდ, ვითარცა დღე შემოსილი ნათლითა, რომელმან მზე სიმართლისა – ქრისტე აღმოუბრწყინვა ყოველსა სოფელსა. რამეთუ ესე ცხადად გამოსჩნდა საყდრად ქერუბიმთასა, უღმატებულესი დიდებითა ქალწულებისაითა, მკლავთა ზედა თვისთა მომყვანებელი მეუფისა დიდებისა, რომელსა უხილავად წინამდგომარებენ ექუსფრთოვანნი სერაბიმნი და ყოველთა ზეციერთა ძალთა თანა უღაღადებდენ: ალილუია.

 

 

იკოსი 3.

 

გაქუნდა რა ღმრთისა მიმღებელი ქალწულებრი საშო, მიიწიე ტაძრად, ხელითა შენითა მპყრობელი ღმრთაებრივისა ყრმისა ქრისტესა, და მოიდრიკე რაი მუხლნი შენნი წინაშე უფლისა, მხიარულებითა და მოწიწებითა ეტყოდი: „ჰოი, წინად-საუკუნოო . მამაო, აჰა ძე შენი, რომელი მოავლინე შენ ხორციელ-ქმნად ჩემგან ცხორებისათვის ნათესავისა კაცთასა. ესე არს ნაყოფი მუცლისა ჩემისა, ჩასახული წიაღსა ჩემსა სულისა მიერ წმიდისა შენისა, და გამოუთქმელად შობილი ჩემგან; ესე არს პირმშო ჩემი. შეიწყნარე ჩემგან ხორციელ-ქმნილი სიტყუა შენი; მიიღე ჩემგან შობილი ძე შენი, რომელსა მოგიძღვანებ შენ, რაითა ხორცითა და სისხლითა მისითა, ჩემგან მიღებულიითა, გამოისყიდო ნათესავი კაცთაი!“ ხოლო ჩვენ, ვისმენთ რაი შენსა ამას საიდუმლოსა ვედრებასა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ესრეთ ვუღაღადებთ ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა:

 

მოვედ, ყოვლადტკბილო იესო, რომელი ვითარცა წვიმა ზეცით მშვიდად და წყნარად გარდამოჰხედ წმიდასა ზედა ქვეყანასა ამას;


მოვედ, უტკბილესო ცხორებაო, ცვარად გარდამოსრულო ქვეყანად, ხორციელ-ქმნასა შინა თავისა შენისა უხილავად განმაცხადებელო;


მოვედ, ყოვლად მოწყალეო მაცხოვარო, მოსრულო სოფლად მოძიებად და ცხორებად წყმედულთა;


მოვედ, მწყემსო ყოვლადკეთილო, რომელმან წყმედულთა ცხოვართა მხართა შენთა აღხმა ისუსრვე;


მოვედ, მკურნალო უსასოოთაო, რომელმან უძლურებათა და სენთა ჩვენთა ტვირთვა ინებე;


მოვედ, ტარიგო ღმრთისაო, რომელმან სათნო-იყავ აღხუმად ცოდვათა ყოვლისა სოფლისა;


მოვედ, უფალო დიდებისაო, სუბუქსა ზედა ღრუბელსა მჯდომარეო, რომელსა გეგულების განფანტვად ცთუნებათა წყვდიადისათა;


მოვედ, მეუფეო ყოვლისა ქვეყანისაო, დავითისა საყდარსა ზედა მოსრულო, რომელი მეუფებასა არაამასოფლისასა გამოაჩინებდი;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 4.

 

აქუნდა რა შინაგან თავისა შფოთი დიდი ზრახვათაგან იჭვნეულთა, დიდი მღუდელთმთავარი ღმრთისაი ზაქარია იყო საგონებელსა ფრიადსა, ოდეს ხედვიდა ყოვლადწმიდასა ქალწულსა ყრმისა თანა ადგილსა მას დედათა განსაწმედელთა, წინაშე კარიბჭისა ტაძრისასა მდგომარესა და სჯულისაებრ მოსრულსა თხოვად განწმედისასა, რამეთუ იცოდა იგი, ვითარცა აღზრდილი წმიდასა შინა წმიდათასა და გულისხმა-ჰყოფდა სულით, ვითარმედ დედაი ესე შემდგომად შობისაცა ქალწული წმიდა არს. ამისთვის დაადგინა იგი ადგილსა მას ქალწულთასა, სადა-იგი ქმარისა მქონებელთა დედათა დგომაი არა ჯერ-იყო, და მიგეგებვოდა რა მას, სიხარულითა უგალობდა გამოცხადებულსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 4.

 

ესმა რა ზაქარიასა საკვირველნი სიტყვანი შენნი წინაშე ღმრთისა, ყოვლადწმიდაო, და ხედვიდა რა, რამეთუ გსუროდა შენ მიცემად ხელთა მისთა, ვითარცა მღვდელმთავარისა ღმრთისასა, საყვარელისა ძისა შენისა, რეცა მისცემდი მას თვით ხელთა ღმრთისათა, და რამეთუ შესწირევდი ღმერთსა მსხვერპლად გლახაკთათვის, სიტყვისაებრ შჯულისა, ორსა მართვესა ტრედისასა, ლმობილ იქმნა გულითა, და სარწმუნოებითა და შიშითა ღმრთისაითა შეიწყნარებდა ღმრთაებრივსა ყრმასა, და ვითარცა სჯულიერსა შემოქმედსა და ღმერთსა, ეტყოდა მას ესრეთ:

 

მოვედ, ძველო დღეთაგან, პირველ მთასა სინაისსა მოსეს მიერ სჯულისა მომცემელო;


მოვედ, ყრმაო ჩვილო, აწ ნდომითა სჯულისა აღსრულებისა ტაძრად მოსრულო;


მოვედ, საყდრისა და ზეცისა მქონებელო, და აწ ქვეყნიერსა ტაძრისა ზიციურისა დიდებითა აღვსებად მნებებელო;


მოვედ, ქალწულისაგან ხორციელ-ქმნილო, კაცთა ბუნებისა განღმრთობად მნდომო;


მოვედ, თვით მონისა ხატადმდე დამდაბლებულო, რაითა ჩვენ, მონანი ცოდვისა, მონად საღმრთოისა სიმართლისა გვქმნა;


მოვედ, ბრწყინვალებაო მამისა ჰიპოსტასისაო, რაითა ჩვენ შვილებად ღმრთისა – მამისა ზეცათაისა გამოგვაჩინო;


მოვედ, სჯულისა აღმსრულებელო, ღმრთისა მიმართ მართვეთა ტრედისათა შემწირველო, რაითა ჩვენ უფროის ტრედთა სპეტაკთა აღვფრენდეთ ზეცად;


მოვედ, წყალობისა მომნიჭებელო, რომელსა ჩვენგანცა გსურის წყალობანი და არა მსხვერპლი, რაითა ჩვენცა ზეთითა მოწყალებისათა მოგეგებვოდეთ შენ;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 5.

 

ღმრთივ მნთებარე ვარსკულავი გამობრწყინდა, ოდეს მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად წმიდა მოხუცებული სვიმეონი, რომელი იყო ჭაბუკი სულით და დაძველებული სხეულით, მართალი და კეთილმოშიში, სცხოვრებდა სარწმუნოებითა, მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაელისასა, რამეთუ აღთქმულ იყო მისდა სულისა წმიდისა მიერ არა ხილვად სიკვდილისა, ვიდრემდის იხილოს ქრისტე უფალი, ხორციელად მოსრული. ამან მიხედა ყოვლადწმიდასა ქალწულსა და ყრმასა მკლავთა მისთა ზედა, იხილა მადლი ღმრთისაი და გულისხმა-ჰყო სულითა წმიდითა, ვითარმედ ესე არს მოლოდებული მესია ქრისტე, შეუვრდა მას გულსმოდგინედ, შესწირევდა ღმერთსა მადლობასა ფრიადსა, შიშითა ღმრთისაითა და სიხარულითა გულისაითა უგალობდა მას: ალილუია.

 

 

იკოსი 5.

 

ოდეს იხილა მართალმან სვიმეონმან მკლავთა ზედა ქალწულისათა დამბადებელი კაცთა და გულისხმა-ჰყო, ვითარმედ მეუფე არს ესე, დაღაცათუ ჯერეთ იხილვების ვითარცა ყრმაი, აღივსო სიხარულითა გამოუთქუმელითა და იწყო თავდავიწყებით სიტყვად მხიარულებითა დიდითა: მწადიხარ შენ, ღმერთო მამათა ჩვენთაო და უფალო მოწყალებათაო; გჭურეტ შენ, ყოვლისა მომცველო სიტყუითა შენითა; მოგეგებვი შენ, ხელმწიფეო ცხოვრებისა და სიკვდილისაო; გსასოებ შენ, შემაერთებელო ცისა და ქვეყანისაო; მშიიხარ შენ, მკუდართა აღმადგინებელო; მწყურიხარ შენ, ვნებულთა და შეჭირვებულთა ნუგეშინის-მცემელო, და გიღაღადებ შენ ესრეთ:

 

მოვედ, ყოველთა წინაისწარმეტყველთაგან მოლოდებულო, მოხილვად ჩვენდა მაცხოვარებითა შენითა;


მოვედ, ყოველთა ენათათვის სასურველო, განათლებად ჩვენდა გამოცხადებითა შენითა;


მოვედ, სამხრით მოსრულო გამომსყიდველო ჩვენო, რაითა ადამ და ჰევა გამოიხსნა ცოდვისაგან და წყევისა პირველისა;


მოვედ, ქვეყანად მოვლენილო მაცხოვარო ჩვენო, რაითა სცხოვრებდი კაცთა თანა და გამოიყვანებდი მათ ბნელისაგან და აჩრდილისა სიკვდილისა;


მოვედ, განმანათლებელო ჩვენო ხარებად ჩვენდა საამოდ წელიწადსა უფლისა;


მოვედ, განმათავისუფლებელო ჩვენო, განტევებისათვის შემუსრვილთა გულითა საშვებელად;


მოვედ, მწყემსო და მოძღვარო, ქადაგებად გათავისუფლებისათვის ტყვე-ქმნილთა და ბრმათა აღხილვისა;


მოვედ, შემოქმედო და მეუფეო ჩვენო, უწყებად ცხოვრებისა გლახაკთათვის და შენდობისა ყოველთა კაცთათვის;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 6.

 

ქრისტეს მოსვლის საკვირველ მქადაგებლად გამოჩნდა ღმერთშემოსილი სვიმეონი, ოდეს უფროისად აღვსებულმა სულითა წმიდითა კაცთაგან პირველმან იცნა შემოქმედი თვისი და პირველმან აღუარა ღმრთაებაი მისი, უღაღადა რა მას სახელითა ყოველთა მკვიდრთა ქვეყნისათა: შენ, თაყვანის-გცემთ, რამეთუ შენა ხარ ღმერთი ჩვენი; შენ გევედრებით, რამეთუ შენ ხარ ტაძარი ჩვენი; შენ გმსახურებთ, რამეთუ შენ ხარ სჯულისა მდებელი ჩვენი; შენ ხარ ღმერთი პირველი, არა არს სხვა ღმერთი, თვინიერ შენსა და არა არს სხუა ძე, ერთარსი მამისა. შენ მიერ ვსცხოვრებთ ჩვენ, შენით ვმოძრაობთ და ვართ. შენ ხარ უმშვენიერეს ყოველთა ძეთა კაცთასა, ვითარცა ღმერთი და კაცი. ამისთვის განიხარებს აწ ცა, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თვისი და განსხრებიან საფუძველნი ქვეყანისანი და მყოფნი ჯოჯოხეთსა შინა, რამეთუ მოივლინა აწ აღდგომაი მკუდართაი. და იხილეს დღეს ყოველთა მაცხოვარი სოფლისაი, და უღაღადეს მას: ალილუია.

 

 

იკოსი 6.

 

ყოველსა სოფელსა გამოუბრწყინდა ნათელი ჭეშმარიტებისაი, ოდეს ყოვლადწმიდამან ქალწულმან ყოვლადსპეტაკთაგან ხელთა თვისთა მისცა მოხუცებულსა სვიმეონს ღმრთაებრივი ყრმაი იგი, ვითარცა ნაკვერცხალი ცხოველსმყოფელი საიდუმლოდ საკურთხეველისაგან ღმრთისა, და ჰრქუა მას: „მიიღე, პატიოსანო მოხუცებულო, უფალი შენი, შეიწყნარე საუნჯე დაულევნელი და ძალი მიუწვდომელი. მიიქვ უხრწნელებაი, განახლდი და განათლდი მზისაგან სიმართლისა. რამეთუ არა შესწვავს ცეცხლი მადლისა უფლისა ჩემისა, არამედ უფროისად განანათლებს, და მან გილხინოს შენ ცოდვათაგან შენთა და მან განწმიდოს ყოველნი უსჯულოებანი შენნი, რაითა იყო შენ დასაბამი ლხინებისა ყოვლისა სოფლისა. და ესრეთ განიძარცვო ყოველი ძველი და ყოვლითურთ შეიმოსო ახალი“. ხილო ჩვენ ვისმენთ რა მოწყალესა ამას უწყებასა ყოვლადწმიდისა ქალწულისასა, ვუღაღადოთ მას ესრეთ:

 

მოვედ, ზეციურითა სისპეტაკითა მბრწყინაო ქალწულო, რომელმან ნათელი დაუღამებელი გამოგვიბრწყინვე ჩვენ;


მოვედ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ზენაარისა სამყაროისაო, რომელი ზეცისა სავანეთა მიმართ აღგვიყვან ჩვენ;


მოვედ, მაყვალო საიდუმლოებითოო, რომლისა მიერ ცეცხლი ღმრთაებისაი ზენა სიმაღლეთაგან ყოველსა სოფელსა აღენთების;


მოვედ, ნათელშემოსილო ღრუბელო, რომლისა მიერ ღმრთაებრივი ყრმა ქრისტე ცხოვნებად ყოველთა მოივლინა;


მოვედ, ცეცხლოვანო საყდარო მეუფისა უხილავისაო;


მოვედ, კიდობანო ზეცისაო, რომელმან ქრისტე დაიტიე;


მოვედ, ყოვლადწმიდისა სულისა უწმიდესო სამკვიდრებელო;


მოვედ, უკუდავისა მეუფისა სძალო უხრწნელო;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 7.

 

ჰსუროდა რა წმიდასა მოხუცებულსა სვიმეონს მიღებად განწმედისა ახლისა, ვითარცა ძველსა მას ესაიას, თაყვანის-სცა ყოვლადწმიდასა დედასა ღმრთისასა, შეუვრდა ღმრთაებრივთა ტერფთა მისთა და ჰრქუა: „ცეცხლი მოგაქუს, წმიდაო, მეშინის მირქუმად ყრმისა ამის, ხელმწიფისა ყოვლისა სოფლისა. რამეთუ შენ, ვითარცა ანგელოსთა ფრთეთაგან, ხელთა მიერ შენთა განმანათლებ და მაკურთხებ მე, მაძლევ რა მას, ვის წინაშე ძრწიან ქერუბიმნი და ვერ კადნიერ-ჰყოფენ ფრთეთა ზედა თვისთა ტარებად მისა“. ესე მოიღო სვიმეონ, განი პყრა რა ხელნი თვისნი, მიიქუა პატიოსანსა გულსა შინა თვისსა ყრმა იგი და სიხარულით უღაღადა მას: ალილუია.

 

 

იკოსი 7.

 

ახალი და ყოვლად საკვირველი სასწაული აღესრულება დღეს: მოხუცებული სვიმეონი შეიწყნარებს განხრწნადითა ხელითა თვისითა შემოქმედსა, კაცისა დამბადებელსა, რაითა ღმერთი კაცთა თანა სცხოვრებდის და კაცსა ზეცისასა დაჰბადებდის. და, შეიწყნარა რა სასურველი ესე, და იხილა რა აღსრულებაი აღთქმისაი მის, მან, ვითარცა მწიფემან თავთავმან იფქლისამან, ითხოვა განტევებაი სხეულისაგან, და ვითარცა ჟრუნმან სპეტაკმან, შემკულმან ჭაღარითა, დასლვასა ცხოვრებისა თავისისა, სიხარულითა შეჰღაღადა უფალსა: „იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი საუკუნითგან იყო საიდუმლო დაფარული. ამისთვის აწცა განმიტევე მე, მეუფეო, მონაი შენი, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით ამა ხორცისა საკრველთაგან ცხოვრებად საკვირველსა და დაუძველებელსა, რაითა ოდეს განვიდე ამა ქვეყნისა მკვიდრთაგან, სახარებისა უწყებაი ვამცნო მამათა ჩემთა შენისა მოვლინებისათვის სოფლად“. ამისთვის ჩვენცა გიღაღადებთ შენ, უფალო:

 

მოვედ, იესუ, ცხოვრებისა მომნიჭებელო, ცხოვნებისა და აღდგომისა მომადლებად ყოველთათვის მართალთა შენთა;


მოვედ, მეუფეო, დამთრგუნველო სიკუდილისაო, და საუკუნოისა სიკუდილისაგან განათავისუფლე ერი შენი;


მოვედ, უკუდავო მეუფეო, და წყვდიადისაგან და აჩრდილისა სიკუდილისა განარინე საუკუნო ტყვენი;


მოვედ, უტკბილესო ცხორებაო, რაითა კვალად განუღო ადამს სამოთხისა კარნი საკვირველისა ცხოვრებად;


მოვედ, სასურველო სიძეო, რამეთუ აღესრულების სული ჩემი და ჰსურის მას შესლვად ეზოთა შინა უფლისათა;


მოვედ, ყოვლადსაწადელო ნათელო, რამეთუ ტაძარი ღმრთისა ცხოველისაი შეიძინა გულმან ჩემმან ღელესა ამას გლოვისასა;


მოვედ, წინადსაუკუნოო ღმერთო, რამეთუ ახლოსვე არს მოშიშთათვის შენთა მაცხოვარებაი შენი;


მოვედ, ყოვლად უხვო მაცხოვარო, რამეთუ მშვიდობაი დიდი მოუტანა სიტყუამან შენმან მოყვარეთა შენთა;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 8.

 

ესმათ რაი უცხონი სიტყვანი ესე საკვირველისა მის მოხუცებულისაგან, უკვირდათ იოსებსა და ყოვლადწმიდასა ქალწულსა თქუმულნი ესე ყრმისათვის მათისა; რამეთუ ხედვიდენ სვიმეონსა მეტყველსა ყრმისა მიმართ, გარნა არა ვითარცა ჩვილისა ყრმისა, არამედ ვითარცა მლოცველსა მქონებელისა მრავლისა დღისა მიმართ და ღმრთისა, რომელსა აქუს ხელმწიფებაი ცხორებად და სიკუდიდ და ძალ-უც მეეყვსეულად წარვლინებად მისა სხუად ცხოვრებად, და დაიმარხოდიან რაი გულთა შინა თვისთა სიტყუათა მათ, მადლიერებითა უღაღადებედენ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 8.

 

ყოვლითურთ იყო რაი ღმრთისა მიერ, წმიდაი მოხუცებული იგი სვიმეონ აღივსო სულითა საწინაწარმეტყველოითა და მრავალი თქუა ღმრთაებრივისა ყრმისათვის, ვითარმედ ჯოჯოხეთსაცა შთახდების და ყოველთა მუნ ტყვე-ქმნილთა მიანიჭებს შენდობასა, და ბრმათა თუალთა აღუხელს და უტყვთა – მეტყველებასა მოანიჭებს და კვალად მიმართავდა რა მარიამსა, დედასა მისსა და ჰრქუა: „აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის-საგებელად. და თვით შენსაცა სულსა, ჰოი უკუდავო დედაო, განვიდეს მახვილი მწუხარებისაი, ოდეს იხილო ძე შენი, მიმსჭვალული ჯვარსა ზედა, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი ხსნად მათა ცოდვათაგან მათთა“. ხოლო ჩვენ, ვისმენთ რა წინასწარმეტყველებასა ამას, ვუღაღადებთ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა ესრეთ:

 

მოვედ, დედაო და ქალწულო, რომელმან ქალწულებრივსა შობასა შენსა დედათა სალმობასა განერე;


მოვედ, დედაო კრავისა და მწყემსისაო, რომელსა გეგულებოდა დათმენაი სალმობათა გულისათა წინაშე ჯუარისა ძისა შენისასა;


მოვედ, სიხარულო ჩვენო, რაითა თანა-ეზიარო ვნებათა ქრისტესთა და მის თანავე განიხარო გამოცხადებასა დიდებისა მისისასა;


მოვედ, მწუხარებათა შორის ნუგეშინის-ცემაო, გამოცდად ვითარცა ოქროი ღუმელსა, რაითა თვით შენცა ძალ-გედვას შეწევნაი გამოცდადთა;


მოვედი, სახარულევანო, რომელსა გეგულებოდა სიხარულისა მინიჭებად ჰევაისა, მშობელისა დედათათვის მწუხარებათა;


მოვედ, ყოვლადქებულო, რომელსა მწუხარებითა შენითა გსუროდა გათავისუფლებად ყოვლისა სოფლისა მწუხარებათაგან;


მოვედ, ქალწულო, უპატიოსნესო ყოვლისა ქმნილებისაო, რომელმან შობითა შენითა ყოველი ხილული ქმნილება განაახლე;


მოვედ, ყოველთა წმიდათათვის უწმიდესო დედაო, რომელმან ანგელოსნი და კაცნი ერთ-ჰყავ მირქუმასა შინა შენსა;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 9.

 

ყოველსა ბუნებასა ანგელოსთასა უკვირდა დიდისა დამდაბლებისათვის ღმრთისა ჩვენისა კაცთა თანა, და იტყოდიან: „საკვირველსა ვჭურეტთ აწ და ყოვლად დიდებულსა, მიუწვდომელსა და გამოუთქუმელსა: რამეთუ დამბადებელი ადამისა აწ მიქუმულ არს მოხუცებულისა მიერ და მკლავთა მისთა დაეტევის. სავსე არიან ყოველნი კიდენი ქვეყანისანი სახიერებითა მისითა, სავსე არს ყოველი ქმნილება ქებითა მისითა, სავსე არს ყოველი კაცობრიობა გარდამოსლვითა მისითა. ცანი და ქუეყანაი დაა ქუესკნელი სავსე არიან კეთილმოწლეობითა მისითა, სავსე არიან მოწყალებითა მისითა, სავსენი უხვებით მისითა, სავსენი ნიჭითა და საბოძვარითა მისითა, სავსენი კეთილმოქმედებითა მისითა. აღივსენიდ ცანი და ქუეყანაი დიდებითა მისითა! ამისთვის ყოველთა ენათა აღიტყუელენით ხელნი თქვენნი და უგალობდით მას: ალილუია.

 

 

იკოსი 9.

 

ღმრთაებრივი მჭევრმეტყველი, ღმრთისა მხილველი სვიმეონი, თუცაღა მრავალსა იტყოდა, გაქებდა და გმადლობდა რაი ყოვლადუბიწოსა დედასა ღმრთისასა, რომელმან უშვი სოფელსა ღმერთი და კაცი, მაცხოვარი სულთა ჩვენთა, გარნა ვერ შემძლებელ იყო კეთილშექებად შენისა, რომელსა ყოვლადზენაარნი გონებანი ვერ საგონებელ გყოფენ ქებად, არამედ ძლეული სიყვარულითა, გადიდებდა შენ, ღვთისმშობელო, და გეტყოდა: „ჰოი, უწმიდესო და საკვირველო სამკვიდრებელო ღმრთისაო, შენ ხარ დასაბამი, ზოგი და დასასრული დღესასწაულისა ჩვენისა; შენ გამოგვიბრწყინვე ჩვენ ნათელი მზისა, შენ განგვიღე ჩვენ წყარო კაცთმოყვარებისა ძისა შენისა; ხსენება შენი აღემატების ყოველსა სიტყვასა და დიდება შენი გარდაემატების უძლურებასა ჩვენსა. გევედრები შენ, განუწყვეტლივ მოგვიხსენიებდე ჩვენ, მაქებელთა შენთა, რომელნი აღტაცებითა სულიერითა გიღაღადებთ შენ ესრეთ:

 

მოვედ, მარადის დაუსრულებელო სიხარულო ჩვენო, რომელმან სიხარული ქრისტესი გამოუცხადე სოფელსა;


მოვედ, მარადის ნეტარ-ყოფილო სიტკბოებაო ჩვენო, რომელსა შეუწველად გეპყრა ხელთ ცეცხლი ღმრთაებისაი;


მოვედ, ცისკარო მარადის გაბრწყინვებულო, ძველისა სოფლისა ტაძრის ახლითა მადლითა განმანათლებელო;


მოვედ, ლამპარო დაუშრეტელო, მიგებებასა შენსა სულთა მართალთა ქრისტეს ნათელითა განმასხივოსნებელო;


მოვედ, ცეცხლისა ზეციერისა ხელითა შენითა მტარებელო, რაითა შენს მიერ აღეგზნებოდის საკურთხეველსა შინა სიწმიდე იგი და შუენიერებაი;


მოვედ, ნათელო დაუღამებელო, რომელმან უხრწნელად, ვითარცა ქალწულმან, ჰშევ ქრისტე, რაითა შენს მიერ ცხოვრებაი გამოუბრწყინდეს ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა;


მოვედ, განსულიერებულო კიდობანო ღმრთისაო, რამეთუ შენ მიერ ახალი მადლი მაცხოვნებელი ყოველსა სოფელსა გამოცხადნების;


მოვედ, კარავო ღმრთისაო კაცთა თანა, რამეთუ შენს მიერ ღმერთი ღმერთთაი სიონს მეუფედ დაჯდების ყოველთა ერთა ზედა;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 10.

 

მაცხოვარებისა მქადაგებელი გამოსჩნდა ღმრთივსულიერი ანნა, ასული ფანოელისა, გაბრწყინვებული წინაწარმეტყველებითა და უბიწო სჯულითა: რამეთუ არა განეშორებოდა ტაძარსა უფლისასა, ჰმსახურებასა შინა მარხვითა და ლოცვითა დღისი და ღამე. ესეცა გამოვიდოდა მართლისა სვიმეონისა თანა მიგებებად ღმრთაებრივისა ყრმისა ქრისტესსა, წინათ-მაუწყებელი საშინელისა მის და აღმსარებელი მისა შემოქმედად ცათა და ქვეყანისა და მანცა მიიქუა გულსა შინა თვისსა ყრმაი იგი და ბაგითა თვისითა პირსა მისსა ამბორის-უყოფდა, და შევიდოდა სული წმიდაი ბაგეთა შორის მისთა და ღაღადებდა: „შენ ხარ ღმერთი და ძე კაცისაი, ძეი სუფევისაი და დამდაბლებისაი. შენ გესმის და უტყვ ხარ, შენ ჰხედევდ და უხილავ ხარ, შენ ყოველგან მყოფობ და დაფარულ ხარ!“ და ესრეთ მრავალსა წინაწარმეტყველებდა მოყვანილისა ყრმისათვის ყოველთა მიმართ მსასოებელთა ცხორებისასა იერუსალემს, ხოლო ღმრთისმშობელსა ადიდებდა ქადაგებითა თვისითა. ჰოი, ასულო ფანოელისაო, მოვედ და დადეგ ჩვენ შორის და უღაღადე ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 10.

 

მეუფეო წინად-საუკუნოო და სიტყუაო ღმრთისაო! აწ შენ ყოველსა სოფელსა გამოუჩნდი ტაძარსა შინა, დედისა ქალწულისა მიერ მოყვანებული ვითარცა ყრმაი ჩვილი, რაითა კაცთა შორის იყოფვოდი და ყოველსა წარმონაშობსა ადამისასა ამცნებდი ცხორებასა. აწ ყოველივე ძუელი წარხდების და ესე ყოველი განახლდების ახალ იქმნების. სიმართლე შენი ზეცით იხილვების, და წყალობასა შენსა მოგვივლენ ჩვენ, და მადლი შენი მოვალს სუფევად ქვეყანასა ზედა, რამეთუ მოხუედ შენ მოძიებად და ცხოვნებად წარწყმედულთა. ამისთვის არცა ერთსა უარყოფ შენ, არცა ერთსა განეშორები, ვითარცა ოდესმე ოზიასა, რომელი შეეხო კიდობანსა სჯულისა შენისასა და სიკუდილითა მოიწყლა. აწ მეძავი მოგეახლების შენ და კეთილკრძალულ იქმნების; სისხლით მდინარი შეგახებს და განწმიდების, მეზვერენი და ცოდვილნი დედაკაცნი ინახით სხედან შენ თანა და მეგობრად შენდა შეიწყნარებიან, რამეთუ ყოველთა ტვირთმძიმეთა და მაშურალთა მოუწოდებ შენ. ამისთვის სიხარულით მივეგებვით მოსვლასა შენსა, მღაღადებელნი ესრეთ:

 

მოვედ, ჰოი ქრისტე, ყოველთა მეუფეო, და აღსდეგ მირქუმად ჩვენდა;


მოვედ, იესუ, სულთა ჩვენთა მკურნალო, და გამოვედ შეწევნად და ცხოვნებად ჩვენდა;


მოვედ, მწყემსო კეთილო ჩვენო, მოსრულო მოძიებად წყმედულთა ცხოვართა, და მოგვიძიე ჩვენცა, წყმედულნი ესე;


მოვედ, ნუგეშინის-მცემელო სახიერო, დაკარგულისა დრაქმისა ერთისა მეძიებელო და მომპოვნებელო, – შეიძინე სულნიცა კაცთა წარწყმედადთა;


მოვედ, ყოვლად უხვო და კაცთმოყვარეო, და შეგვიწყნარე ჩვენ ვითარცა მამამან მოყვარემან;


მოვედ, ყოვლადმოწყალეო და კეთილმოწლეო, და დაგვამკვიდრე ჩვენ სამოთხესა შინა სავანეთა შენთა;


მოვედ, ნუგეშინის-მცემელო მწუხარეთა და მგლოვარეთაო, დაგვიცევ და წარგვიმართე მსვლელობაი ჩვენი, მოგზაურთა ზღვასა მას ქვეყნიურისა ამაოისა ცხოვრებისასა;


მოვედ, მაცხოვარო გზაშეცთომილთაო, გვიხსენ და აღგვადგინე ჩვენ, შთაფლულნი უფსკრულსა შინა ცოდვისასა;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 11.

 

გალობასა ყოვლადსალმობიერსა მიუძღვანებდენ გამოცხადებასა შენსა, ქრისტე, ღმერთშემოსილი სვიმეონი და მართალი ანნა, მგზნებარენი სულითა, ხოლო ბაგენი მათნი სიხარულით ამცნებდენ ყოველთა ხსნისა მსასოებელთა შენსა მოსვლასა სოფლად. ხოლო ფარისეველნი და მწიგნობარნი, ისმენდიან რა ესევითართა მოწმობათა ყრმისათვის, განრისხნებოდენ, უფროისად განიხერხებოდენ და ეკიცხევდენ ზაქარიას, ვითარცა განცხადებულად გარდამავალსა სჯულისა, რამეთუ დედაი ადგილსა მას ქალწულთასა დაადგინა, რომლისათვისცა ბრალისა მალიად მოკლეს იგი სამსხვერპლოსა ზედა შორის საკურთხეველსა ტაძრისასა. ხოლო ღმრთაებრივი ყრმაი იგი წარყვანილ იქმნა ეგვიპტედ, რაითა იყოს მუნ სასწაულად საუკუნოდ და ცნან ეგვიპტელთა უფალი და შესწირევდნენ მუნ მსხვერპლსა და ძღვენსა, მგალობელთა მისად: ალილუია.

 

 

იკოსი 11.

 

ნათელი იყავ გამოცხადებად ენათათვის, მზეო სიმართლისაო, ქრისტე, ღრუბელთა ზედა სუბუქად მოყვანილო, რამეთუ სვიმეონი დღეს წინაწარმეტყველებრ გვამცნებს, ვითარმედ დასაბამი მოეც მადლსა ახალსა, დაწყებული ეგვიპტით და თვით უშორესადმდე კიდეთა ქვეყანისათა; რამეთუ შენ ხარ წყარო ცხოვრებისა და ნათელი კაცთა, რაითა ნათელი ბნელსა შინა სჩნდეს და ბნელი მას ვერ ეწიოს. ამა ნათლითა ღმრთაებისა შენისაითა განგვინათლე სულისაცა ჩვენისა ბნელი, რაითა ყოველთა აღვიგზნოთ გულთა შინა ჩვენთა ლამპარი სათნოებათა, და სვიმეონისა და ანნაისა თანა, ვითარცა ლამპრისა გამძღოლთა ახალთა, მოგეგებვოთ შენ, უფალო, მღაღადებელნი შენდა და ყოვლადწმიდისა დედისა შენისად ესრეთ:

 

მოვედ, იესუ, ნათელო სოფლისაო, რაითა ნათელსა შინა წმიდათა შენთათა ჩვენცა განგვანათლო;


მოვედ, ქრისტე მაცხოვარო, ნათელსა მიუწვდომელსა შინა მყოფო, რაითა ნათლითა პირისა შენისაითა ჩვენ განგვაღმრთო;


მოვედ, მზეო სიმართლისაო, რაითა დღეთა შინა შენთა სიმართლე და მშვიდობა გამობრწყინდეს ქვეყანასა ზედა;


მოვედ, ნათელო წმიდაო, რაითა ზეცით მოვიდეს გულთა შინა ჩვენთა ცეცხლი სიყვარულისა და სარწმუნოებისა;


მოვედ, მეუფეო ზეცათაო, რაითა კურთხეულ და ყოვლად-ნათელ იყოს მოსლვაი შენი;


მოვედ, შემოქმედო და მეუფეო ყოველთაო, რაითა მნთებარითა ლამპრებითა სიწმიდისაითა გამოვიდეთ მიგებებად შენდა;


მოვედ, ნათელო მშვიდო და დაუღამებელო, რაითა სიმშვიდესა და მყუდროებასა შინა ვიყოფვოდეთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა;


მოვედ, მხოლოდშობილო ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, რაითა თრთოლვითა და სიხარულითა აღვასრულოთ მაცხოვარებაი შენი;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 12.

 

მადლითა ახლითა აღავსე დღეს შენ ტაძარი ძველისა მის სჯულისა, ოდეს მოხვედ მას შინა, ქრისტე, ვითარცა ჩვილი ყრმაი, მკლავითა დედისაითა მოყვანებული, რაითა აღესრულნეს წინაწარმეტყველებაი წმიდისა ანგიაისი, რომელი იტყვის: მოვიდეს საწადელი ყოველთა ნათესავთაი და თქუას: „აღვავსო სახლი ესე დიდებითა“. „რამეთუ დიდ იყოს დიდებაი სახლისა ამის უკუანაისკნელი, უფროის პირველისა“ და ადგილსა ამას „მივსცე მშვიდობაი“. ამისთვის, დაე, შემკულ იქმნას გამოუთქმელითა ნათლითა ღმრთაებისა შენისაითა ეკლესიაიცა ჩვენი ახალი, რომელი განემზადების მიგებებად შენისა, ვითარცა სიძისა, და განგვინათლე ხელნიცა ჩვენნი სულიერნი, რაითა მსგავსად სვიმეონისა სიწმიდით განვიპყრათ იგინი მირქუმად შენდა, და სიხარულით გიღაღადებდეთ: ალილუია.

 

 

იკოსი 12.

 

ვუგალობთ რაი, ჰოი დედაო ღმრთისაო, მოსლვასა შენსა ტაძრად უფლისა ღმრთაებრივისა ყრმისა თანა მირქუმისათვის ყოვლისა სოფლისა, ვაქებთ გამოუთქუმელსა და ანგელოსთა უუწმიდესსა ქალწულებრივსა სიწმიდესა შენსა, თაყვანის-ვსცემთ შენგან გამობრწყინვებულსა მზესა სიმართლისასა ქრისტეს, და წმიდისა სვიმეონისა თანა მივეგებვით მას და მივიქუამთ გულთა შინა ჩვენთა; ხოლო წმიდისა ანნაისა თანა აღვუარებთ ღმრთაებასა მისსა და მართლისა იოსებისა თანა მსხვერპლად შევსწირავთ მას, ვითარცა ორსა მართვესა ტრედისასა, სულსა და სხეულსა ჩვენსა, და მსგავსად ბრძენთა მათ ქალწულთა, ნათლად შევამკობთ ლამპართა სულისა ჩვენისათა და მნთებარეთა სანთელთა მივსცემთ ნათელსა ჭეშმარიტსა – ქრისტესა, მოსრულსა განცხადებად ყოვლისა სოფლისათვის, და შევთხზავთ რაი დღეს გალობათა ქებისათა, რეცა ყუავილთა, მოგიძღვანებთ შენ, ვითარცა გვირგვინსა მადლობისასა, ქებათა ესრეთ:

 

მოვედ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რაითა საფარველსა ქვეშე ქალწულებისა შენისასა ჩვენ ქალწულებასა და სიწმიდესა შინა დაგვიცვა;


მოვედ, ნათლით მოსილო სამკვიდრებელო მეუფისაო, რაითა მადლითა შენითა ჩვენ სახლად სულისა წმიდისა გვქმნა;


მოვედ, ცისკრისა უნათლესიო ქალწულო, რაითა ჩვენცა ძეებად დღისა სიცოცხლის გასულამდე დაგვიმარხო;


მოვედ, მზე-შემოსილო დედაო ნათლისაო, რაითა ჩვენცა ნათლითა მადლისა შენისაითა განგვანათლო;


მოვედ, დიდისა საიდუმლოისა წმიდაო მსახურო, რაითა ჩვენცა გვასწავო წმიდად მსახურებად ძისა შენისა და ღმრთისა;


მოვედ, ყოვლისა სოფლისა სახიერო შემწეო, რაითა ჩვენცა უვნებელად შეგვიკრძალო სოფლისაგან ამის, ხორცისა და ეშმაკისა;


მოვედ, ჰოი, ქალწულო მარიამ, რაითა სულნი ჩვენნი, ვნებათაგან დაბნელებულნი, განანათლო;


მოვედ, ჰოი საკვირველო ასულო, რაითა ერი შენი, დაბრმავებული ცოდვითა, იხსნა;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 13.

 

ჰოი, ყოვლადქებულო დედაო და ქალწულო, რომელმან წმიდასა საკურთხეველსა მოიყვანე ყოველთა წმიდათა უწმიდესი სიტყუა მირქუმად ჩვენდა და საცხოვნებელად ყოვლისა სოფლისა! შეიწყნარე აწ სადღესასწაულო ესე ძღვენი ჩვენი და დაგვიფარე ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა და გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან ცოდვისა და საფრხისა მტერისა და ვითარცა იყავ შენ ღმრთაებისა კარი უხრწნელად, ჩვენცა, ყოველთა მსურველთა ცხოვნებისათა, განგვიხვენ კარნი ცათანი, რაითა ხსნილნი შენ მიერ ტანჯვათაგან საუკუნოთა, შორის ჰაერთასა მივეგებვოდეთ უფალსა და ვუგალობდეთ მას: ალილუია.

 

(კონდაკი ესე წარიკითხვის 3-გზის)

 

 

იკოსი 1.

 

ანგელოსთა დასნი ზეცათანი სჭვირვენ მაღლით ქვეყანასა და ჰხედვენ შემოქმედსა თვისსა და მეუფესა, პირველშობილსა უწინარეს დაბადებისა ყოვლისა ქმნილებისასა, მირქუმულსა გულსა შინა ქალწულისა – დედისა მისისა, ქმრისა გამოუცდელისა, რამეთუ მოჰყავს ყრმაი იგი და ტაძრისა მიმართ იერუსალემისა მოვალს, და ესრეთ სიხარულით უგალობენ მას და დედუფალსა ქალწულსა ქებასა სადღესასწაულოსა:

 

მოვედ, მეუფეო ცათაო და ქვეყანისაო, ქალაქად მეუფისა დიდისა, წმიდასა სიონს;


მოვედ, ყოვლად მაღალო ღმერთო, ზეცისა სიმაღლეთაგან ქვეყანად ხელითა ქმნულსა ტაძარსა;


მოვედ, მხოლოდშობილო ძეო ღმრთისაო, შემოსახლებად შორის კაცთა ქვეყანასა ზედა;


მოვედ, უმანკო კრავო ღმრთისაო, შეწირვად მსხვერპლად უფლისა, მყოფისა ცათა შინა;


მოვედ, სპეტაკო ტრედო, სულისა წმიდისა სძალო, უქმროო;


მოვედ, უბიწო ტარიგო, ქრისტე-ტარიგისა უხრწნელო დედაო;


მოვედ, ღმრთივრჩეული ყრმაო ქალწულო, მამა ღმერთისა ყოვლადსასურველო ასულო;


მოვედ, დედუფალო ზეცისაო, ყოვლისა სოფლისა სახიერო ხელმწიფაო;

 

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

კონდაკი 1.

 

რჩეულისა მეუფისა რჩეული დედა იხილვება აწ მომავალი ბეთლემით იერუსალემდ, და ღმრთაებრივი ყრმა იესუ, ვითარცა ღრუბელი სუბუქი, გულსა მიქუმული მოიყვანება მის მიერ. ხოლო ჩვენ, უღირსნი ესე, მივეგებვებით რა მეუფესა დიდებისასა და ყოვლადწმიდასა დედასა მისსა ქალწულსა მარიამს, მოხუცებულისა მართლისა სვიმეონისა თანა ვუღაღადებთ ყოვლადკურთხეულსა მას:

მოვედ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, უფალი შენ თანა და შენითა – ჩვენ თანა!

 

 

ლოცვა

 

უფალო იესო ქრისტე, მხოლოდშობილო ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, პირველ წინაწარმეტყველთა მიერ ხილულო ვითარცა სარკითა და იგავითა, ხოლო უკუანაისკნელთა ამათ დღეთა შინა ხორციელად შობილო მარიამისაგან ქალწულის ყოვლადწმიდისა უხრწნელად, და მეორმოცესა დღესა ამას საკურთხეველსა მოყვანილო ვითარცა ყრმაი ხელითა მისითა და მიგებებად ყოვლისა სოფლისათვის გამოცხადებულო, მართლისა სვიმეონისა მიერ გულსა მიქუმულო საცხოვნებელად ყოველთა ნათესავთა ადამისათა! რაზომ და ყოვლად დიდებულ, ყოვლად ნათელ არს ღმრთისმშობელისა მკლავთა ზედა მოყვანებაი შენი ტაძრად უფლისად და წმიდისა მოხუცებულისა მიერ ღმრთაებრივი მირქუმა შენი! დღესა ცანი განიხარებენ და ქვეყანაი განსცხრების, რამეთუ მსვლელობაი შენი იხილვების, ღმერთო, სლვაი შენი, ღმრთისა და მეუფისა ჩვენისა წმიდასა შინა. ძველად მოსე აღმოვიდის ხილვად დიდებისა შენისა, გარნა ვერ უძლო ხილვად პირსა შენსა, ამისთვის უჩვენე მას ზურგი ოდენ შენი. ხოლო ყოვლად ნათელსა ამას დღესა მიგებებისა შენისასა გამოუცხადე თავი შენი კაცთა საკურთხეველსა შინა, გაბრწყინვებულმან გამოუთქუმელითა ნათლითა ღმრთაებისა შენისაითა, რაითა ერთობით სვიმეონისა თანა გხედვიდენ შენ პირისპირ და რაითა ხელითაცა შეგეხებოდიან შენ, და მიგიქუამენ რა გულთა შინა თვისთა, გიცნან შენ ვითარცა ღმერთი, მოსრული ხორცითა. ამისთვის განვადიდებთ ჩვენ გამოუთქუმელსა გარდამოხდომასა და დამდაბლებასა შენსა ცათაგან ქვეყანად და ფრიადსა კაცთმოყვარებასა შენსა, რამეთუ მოსლვითა შენითა მოჰმადლე აწ ზეციური სიხარული პირველ დაცემულსა ნათესავსა კაცთასა: დაღაცათუ მართლითა მსჯავრითა შენითა განაძე შენ პირველმშობელნი ჩვენნი სამოთხისაგან სიტკბოებისათა სიმწარედ სოფლისა ამის, გარნა აწ მოწყალედ მოიხილე ჩვენ ზედა და კვალად განგვიღე სამოთხისა სავანენი, და გოდებაიცა ჩვენი სიხარულად შესცვალე, რაითა დაცემულსა ადამსა უკუე არღარა ჰრცხუენოდის შენი ურჩებისათვის და გარდახდომისათვის მცნებისა შენისა და არღარა დაიმალვოდის იგი პირისაგან შენისა, მოწოდებული შენ მიერ, რამეთუ მოხუედ აწ, რაითა აღიღო ცოდვაი მისი, განბანო იგი სისხლითა შენითა და შეჰმოსო მას, განძარცვულსა, სამოსელი ცხოვრებისაი და პერანგი სიხარულისაი და შეამკო იგი, ვითარცა სასძლო, შუენიერებითა საღმრთოითა. კვალად გევედრებით, უფალო იესო, მეოხ-ეყავ, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ეკლესიისა ჩვენისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მამაი ჩვენი ილია, მოსაყდრე მისი მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი შიო, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და პატიოსანნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; შეისმინე ჩვენი, უფალო, და მოჰმადლე ერსა ჩვენსა მშვიდობა და კეთილაღმშენებლობა მამულისა ჩვენისა, გამთლიანება და გაძლიერება მისი, ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა განმტკიცება ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა. ხოლო ჩვენ ყოველნი, რომელნი მოვიხსენებთ აწ მირქმასა შენსა, ღირს-გვყავ ბრძენთა ქალწულთა თანა გამოვიდეთ მიგებებად შენდა, ზეცისა სიძისა ჩვენისა, მნთებარითა ლამპრებითა სარწმუნოებისაითა, სიყვარულისა და სიწმიდისაითა, რაითა სარწმუნოებისა თვალითა პირისპირ ვსჭურეტდეთ ღმრთაებრივსა პირსა შენსა, რაითა მიგიქვათ შენ სულიერითა მირქმითა და გატაროთ შენ გულთა შინა ჩვენთა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, რაითა იყო ღმერთ ჩვენდა და ჩვენ ვიყოთ ერი შენი. ხოლო საშინელსა და უკუანაისკნელსა მას დღესა მეორედ მოსლვისა შენისასა, ოდეს ყოველნი წმიდანნი გამოვიდოდიან უკუანაისკნელსა და დიდსა მიგებებასა შენსა ჰაერთა შორის, ღირს-გვყავ ჩვენცა მიგეგებებად შენდა, რაითა ესრეთ მარადის შენ – უფლისა თანა ვიყოფვოდეთ. დიდება მოწყალებასა შენსა, უფალო! დიდება განგებულებასა შენსა, ერთო მხოლოო კაცთმოყვარეო, რამეთუ შენი არს მეუფება და ძალი და დიდება თანადაუსაბამოით მამით შენითურთ და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ტროპარი:

 

გიხაროდენ, მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მაცხოვარი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი; იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

 

კონდაკი:

 

საშო რა ქალწულებრივი განსწმიდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწრვე აწცა და გვაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობაი ჩვენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.

 

დიდებისმეტყველებაი:

 

გადიდებთ შენ, ცხოვრების მომცემელო ქრისტე, და თაყვანის-ვსცემთ ყოვლადწმიდასა დედასა შენსა, რომელმან დღეს შენ შჯულისაებრ მოგიყვანა ტაძრად.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 

ცოტა რამ მირქმაზე


პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღმრთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი. ამით თავის სახელგანთქმულ წინგსაცავსაც გაამდიდრებდა და ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებდა იმხანად ეგვიპტეში გადახვეწილ ებრაელებს თითქმის დავიწყებოდათ მშობლიური ენა.

 

პტოლემეოსმა იერუსალიმში ელჩობა წარგზავნა და მღვდელმთავარ ელეაზართან დიდი ძღვენი და წერილი გაატანა. სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის საღმრთო წიგნები და სჯულის მეცნიერნი, რომლებიც მათ ბერძნულ ენაზე თარგმნას შეძლებდნენ.

 

ელეაზარმა ისრაელის 12 ტომიდან ამოირჩია ექვს-ექვსი მოხუცებული, რომელთაც ზედმიწევნით იცოდნენ ბერძნული ენა, ჩააბარა მათ წმიდა წიგნები და პტოლემეოსთან გაგზავნა. სამოცდათორმეტმა ღირსმა მამამ 72 დღეში გადათარგმნა წმინდა წერილი (ამ თარგმანს შემდეგ სეპტუაგინტა – სამოცდაათის თარგმანი – ეწოდა).

 

ღირს მამათა შორის გახლდათ მღვდელი უფალი საბაოთისა, წმინდა სვიმეონი (მღვდლის ეფოსწამოსხმული, ოქროს კვერთხით ხელში გამოეცხადა იგი პეტრე ათონელს). წმინდა სვიმეონს ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო. ღირსი მამა დიდი მოკრძალებითა და ღვთისმოშიშებით შეუდგა საქმეს. როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ესაია მაცხოვრის შობას წინასწარმეტყველებს: „აჰა ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი და დედანო, საკურთხევლისკენ რომ მიგყავთ თქვენი პირველშობილნი, მიჰგვარეთ ამ ყრმას, რომელი უწინარეს აბრაამისა არს და მსხნელია ისრაელისა!“ მიეახლა კრძალვით ყრმა იესუს სვიმეონი, მიირქვა, მიიწვინა თავის მკლავებზე და წარმოთქვა, ვითარცა გედმა სიკვდილის წინ: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. აწ განუტევე, უფალო, რამეთუ მრავალი ტკივილი განუცდია შენს მოლოდინში, შენი ხილვით გამოწვეულ სიხარულში განუტევე, უფალო, და ნუ აცქერინებ ჰურიათა მიერ შენ ზედა კადრებას ნუმცა ვიხილავ გვირგვინსა მას ეკლისასა, – ღაღადებდა სვიმეონი, – ნუმცა მონისა მიერ ყურიმლისცემასა, ნუცა ლახვარსა გვერდსა შენსა ცემულს ვიხილავ... განმიტევე, უფალო, რაითა წარვიდე და ვახარო ძველი აღთქმის მართალთ – აბრაამს, ესაიას, მამასა შენსა დავით წინასწარმეტყველს — შენი მობრძანება“.

 

განუკვირდათ ყოვლადწმიდა მარიამსა და მართალ იოსებს, საიდან იცისო ამ კაცმა ეს დიდი საიდუმლო, რატომ შეჰღაღადებსო ყრმას, ვითარცა უფალს „ძველ დღეთასა“, რომელსაც აქვსო მეუფება სიკვდილსა და სიცოცხლეზე. წმინდა სვიმეონმა ნეტარი მშობლებიც აკურთხა, ხოლო წმინდა მარიამს უთხრა: „აჰა, ესერა დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის...“ დაცემად ურწმუნოთათვის იტყოდა და აღდგომად მორწმუნეთათვის: დაეცემა ძველი იგი კრებული ჰურიათა და აღემართება ახალი აღთქმისეული ეკლესია, დაეცემა იუდა და აღდგება მატათა, დაეცემა მარცხენით ჯვარცმული ავაზაკი, მაბრალობელი უფლისა, და აღდგება მარჯვენით ჯვარცმული, მორწმუნე მისი.

 

ყრმა იესოს მიეახლა წმინდა ანა, ფანუელის ასული, ასერის ტომიდან, ოთხმოცდაათი წლის ქვრივი, რომელმაც მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან და შემდგომად მისი გარდაცვალებისა ტაძარს არ განშორებია, დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა და მოელოდა მეუფეს ისრაელისას. მანაც თაყვანი სცა ყრმას და სვიმეონთან ერთად ქადაგებდა იერუსლიმის ტაძარში მაცხოვრის შემობრძანებას.

 

შურითა და ბოღმით აივსნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, წავიდნენ და ყოველივე ჰეროდეს მოახსენეს. მეფემ სასწრაფოდ დააგზავნა მხედრები ღვთაებრივი ყრმის შესაპყრობად, მაგრამ უფლის ანგელოზის მიერ გაფრთხილებული მარიამი და იოსები უკვე გალილეას, ნაზარეთს მიაბრძანებდნენ მაცხოვარს.

 

წმინდა სვიმეონი მალევე გარდაიცვალა. აღესრულა წმინდა ანაც. გარდაიცვალნენ მართალნი ღვთისანი და აბრაამის წიაღში განისვენეს.