მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

კონდაკი 1

 

  ზესთა აღრჩეულო, ზეცისა ძალთა ერის მთავარო და კაცთა ნათესავისა თანამდგომელო, აჰა, ესერა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან გალობასა სამადლობელსა შევსწირავთ შენდა - წინაშე მდგომარესა დიდებულისა მიერ მეუფისა საყდრისა, ყოველთა ჭირთაგან განმათავისუფლენ ჩვენ, რათა სარწმუნოებითა და სიყვარულით გაქებდეთ შენი მხილველნი: გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო!

 

იკოსი 1

 

  გაქებთ შენ ვითარცა ცეცხლოვან ანგელოსთა წინამდგომარესა, ანგელოსთა უკუე ხმითა ჯერ არს ქებად შენდა, მიქაელ, გარნა ვიდრე შენ მიერ შთაგონებულნი ვისწავებთ უსხეულოთა მეტყველებათა, ისმინე ბაგეთა ჩვენთაგან სამადლობელი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, ვარსკვლავო სოფლისაო, პირველ სახოვანო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა და სიმართლისა სანთელო, ოქრო ცისკროვანო;

 

  გიხაროდენ, შარავანდედო შეუქმნელისა ნათლისაო, ანგელოსთასა მდგომარეთა პირველ მემკვიდრეო;

 

  გიხაროდენ, ანგელოსთა და მთავარანგელოსთა მთავარო;

 

  გიხაროდენ, რომელსა შინა ფრიად უაღრეს ნათობს დიდებაი შემოქმედისა მარჯვენისაი;

 

  გიხაროდენ, რომლისაგან განბრწყინდებიან კრებულნი ყოველთა უსხეულოთა არსებათანი;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 2

 

  წინათ მხილველნი სარწმუნოების თვალითა სულიერის სიმშვენიერისა და ძალისა ელვის მაწევნელისა მფარველობისა შენისა, მთავარანგელოზო ღვთისაო, ჩვენ ვითარცა მიწიერნი და სხეულმოსილნი, განკვირვებით სიხარულით აღვსებულნი ყოველთა შემოქმედისადმი ყოველთა ზეცისა ძალთა მადლობით ვხმობთ: ალილუია.

 

იკოსი 2

 

  ცნობა - წმინდა და თავისუფალი ვნებათაგან - გვითხოვე ჩვენ, ყოვლად საკვირველო მიქაელ, მთავარო ზეცისა წესთაო, რათა ამაღლებულნი გონებით ქვეყანით ზეცად, გიგალობდეთ შენ ქებისა გალობასა:

 

 

  გიხაროდენ, ღვთისა გამოუთქმელისა შვენიერებისა და სიკეთისა უმახლობელესო თვალით მხედველო;

 

  გიხაროდენ, ყოვლადსახიერთა განზრახვათა ყოვლადწმინდისა სამებისათა ყოვლადუგულითადესო მესაიდუმლეო;

 

  გიხაროდენ, პირველ საუკუნეთა სიმართლითა მსჯავრთა სამებისათა სარწმუნოდ აღმასრულებელო;

 

  გიხაროდენ, რომლისა სიყვარულით განჰკვირდებიან ზეცისა მხედრობანი;

 

  გიხაროდენ, რომელსა სარწმუნოებითა და ქებით გადიდებენ ქვეყანისა ნათესავნი;

 

  გიხაროდენ, რომლისაგან უძლურებითა ძრწიან ჯოჯოხეთისა ძალნი;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 3

 

  ძალი უძლეველი მოშურნეობისა დიდებისათვის ღვთისა გამობრწყინდა შენში, წინამდგომარე ხარ წინაშე ანგელოსთა დასთა, მიქაელ, საბრძოლველად წინააღმდეგ ბოროტად მკსინვარისა ამპარტავნისა სატანისა, რომელი ბოროტთა ძალთა თანა სიმაღლითგან ზეცისა ქვესკნელსა დააკვეთე, ძალნი ცათანი, შენ მიერ დიდებულად ძღომილნი, სიხარულითა, ვითარცა ერთითა პირითა, წინაშე საყდრისა მეუფისასა აღიმსთობენ: ალილუია.

 

იკოსი 3

 

  შემწე ხარ დიდი და საკვირველი, მთავარანგელოსო მიქაელ, ყოველთა ნათესავთა ქრისტიანეთა ბრძოლასა შინა წინაშე წინააღმდგომთა, ამისთვისცა, რათა ღირს ვიქმნეთ საფარველსა შენსა საკვირველსა, დღესა შინა ხსენებასა დღესასწაულისა შენისასა, ვხმობთ:

 

  გიხაროდენ, სატანისა ვითარცა ელვისა გადმომგდებელო;

 

  გიხაროდენ, რომლისა მიერ დაცულნი კაცთა ნათესავნი ზეცასა აღმავალ იქმნებიან;

 

  გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალისა საყდრისა საკვირველო შემამკობელო;

 

  გიხაროდენ, დაცემულისა ქვეყანისა დიდებულო შემწეო;

 

  გიხაროდენ, ბოროტ ძალთაგან დაუმარცხებელო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა უფლისა ანგელოსთა თანა ჭეშმარიტებასა და სიმართლესა შინა მადლითა ღვთისათა დამყარებულო;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 4

 

  ღელვათა, ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩვენ, ანგელოსთა პირველ-მოსაყდრეო, სიყვარულითა და მხიარულებით ყოვლად ბრწყინვალისა დღესასწაულისა შენისა აღმასრულებელნი, რამეთუ შენ ხარ ჭირთა შინა შემწე დიდი და, ჟამსა სიკვდილისასა, სულთა ბოროტთაგან მფარველი და შენდამი, და ჩვენისა მეუფისა და ღვთისადმი მღაღადებელ ყრმათა მშველელი. ალილუია.

 

იკოსი 4

 

  კადნიერება შენი, წინააღმდეგ გუნდისა მის სატანასთა, ყოველნი ანგელოზთა წესნი სიხარულით შეიძრნეს შედგომად შენდა და ბრძოლად მათდა სახელისათვის და დიდებისა თვისთა მეუფისა, მღაღადებელნი: ვინ არს, ვინ ვითარცა ღმერთი, ჩვენ უკუე მხედველნი ფერხთა ქუეშე შენთა დაცემულისა მის სატანისა, ვითარცა შენ მიერ ძლეულისა, ვხმობთ შენდამი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, რომლისაგან სულნი ბოროტნი ვიდრე ჯოჯოხეთადმდე დაეცნეს;

 

  გიხაროდენ, უხილავისა მის სოფლისა ანგელოზთა, მხედრობათა და ძალთა, ბოროტისა მის სატანისა მოსპოლვად მმართებელო;

 

  გიხაროდენ, შფოთთა და აღმღვრევათა ხილულისა ამის სოფლისა სტიქიონთა უხილავად დამაცხრობელო;

 

  გიხაროდენ, აღყვანებულისა ცისა ქვეშე მებრძოლთა მათ ბოროტთა საკვირველო წინამბრძოლო;

 

  გიხაროდენ, წუთისოფლისა ამის ჭირითა და განსაცდელით მოუძლურებულთა ძლიერო შემწეო;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 5

 

  ღვთივ სისწორით მქცევი წყარო ყოვლადდიდებულითა სასწაულითა გამოსჩნდი შენ ხონას ტაძარსა შინა, არათუ ოდენ მას ადგილსა ზედა დამკვიდრებული დიდი, საშინელი გველი ძალითა შენითა შემუსრე, არამედ მღელვარებაც იგი წყალთა, და ყოველნი ხორციელნი უძლურებანი განჰკურნენ გამოცხადებითა, რათა ყოველნი მადიდებელნი შენნი, მეუფესა მის ანგელოზთასა, სარწმუნოებით ვხმობდეთ: ალილუია.

 

იკოსი 5

 

  მსმენელნი და მცნობელნი შენნი, ვითარცა დიდისა მნათობისა, ანგელოსთა გუნდთა შორის ბრწყინვალისა, ყოვლად საკვირველო მიქაელ, შემდგომად ღვთისა და ყოვლად წმინდისა დედისა ღვთისა, შენდამი მოვილტვით: განგვაცისკროვნე ჩვენ ყოველნი შარავანდედითა ნათლისა შენისათა, მღაღადებელნი შენდა ესრეთ:

 

  გიხაროდენ, წინამძღოლო და მფარველო უდაბნოსა შინა ღვთივრჩეულისა ერისა შენისაო;

 

  გიხაროდენ, მაღალო მოსამართლეო სჯულისაო, ხელითა მოსესითა სინას ზედა მოცემულისა;

 

  გიხაროდენ, რომლისაგან ისრაელთა მსაჯულნი და წინამძღვარნი ძალსა და საფარველსა მოიპოვებდნენ;

 

  გიხაროდენ, რომლისა ძლით წინასწარმეტყველნი და მღვდელთმთავარნი იუდიანთანი შესაწირავთა ცნობასა ყრმათა მეცნიერისა ღვთისაგან მიიღებდნენ;

 

  გიხაროდენ, ღვთის მოშიშთა სჯულისმდებელთა საიდუმლოითა სიბრძნითა აღმავსებელო;

 

  გიხაროდენ, მსჯავრისა და სიმართლის მოქმედთათვის გულთა შინა მადლისა დამნერგველო;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 6

 

  ქადაგი საღმრთოთა განგებულებათა, ოდეს გიხილა რა მანოემ, უმეცრების შიშით აღვსებულმა, გაგონებდა არაქვეყნიურ მცხოვრებსა, ისწავა რა ცოლისაგან თვისისა, მშვიდისა და სახიერისა, სიტყვათა შენთა გამოცხადებაი, სიტყვისაებრ შენისა სიხარულით მგულვებელი შობისათვის ძისა თვისისა სამფსონისა, მადლობითა უფალსა უღაღადებდა: ალილუია.

 

იკოსი 6

 

  გამობრწყინდი ყოვლად საკვირველითა დიდებითა, მიქაელ, რაჟამს სახითა კაცისათა წარმოსდეგ წინაშე ისუ ნავესისა და არქუ მას: წარიხადენ სანდალნი ფერხთაგან შენთა, რამეთუ ვარ მთავარი ძალთა უფლისათა, ესრეთ საკვირველსა გამოცხადებასა შენსა სიყვარულით ვგალობთ შენდამი:

 

  გიხაროდენ, ღვთივგვირგვინოსანთა თავთა დაუძინებელო მფარველო;

 

  გიხაროდენ, წინააღმდეგთა ხელმწიფებათა, ვითარცა ღვთისა ბრძანების პირისპირმბრძოლთა მსწრაფლ დამამხობელო;

 

  გიხაროდენ, ერის მღელვარებათა დამამშვიდებელო;

 

  გიხაროდენ, ურწმუნოთა ჩვეულებათაგან უხილავად განმათავისუფლებელო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ განანათლებ ხედვად ჭეშმარიტებისა იჭვნეულთა ჟამსა შინა ბოროტუმეცრებისა;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ გამოიხსნი შებრკოლებულთა წარმწყმედელთა ცდუნებათაგან;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 7

 

  ენება მეუფესა ყოველთასა ჩვენებად, რამეთუ ხვედრნი ძეთა კაცთანი არა თავით თვისით შემთხვევით არიან, არამედ იპყრობს მარადის მარჯვენასა შინა მისსა, ვინაიცა მოგცა შენ ფლობა ქვეყნიერთა შემწედ და მფარველად, რათა ტომთა და ერთა საუკუნო სასუფეველისადმი ღვთისა განამზადებდე, ამისათვის ყოველნი მცნობელნი დიდისა მსახურებისა შენისათვის ცხოვრებად კაცთა, მადლობით ღვთისადმი ვხმობთ: ალილუია.

 

იკოსი 7

 

  ახალი სასწაული საკვირველი გვიჩვენა ჩვენ, მთავარანგელოსო, შენ მიერ ქვეყანასა ზედა ყოველთა დამბადებელმან და მეუფემან, ოდეს სახელსა შენსა ზედა აღშენებული ტაძარი წარღვნისაგან წყალთასა საკვირველად განარინე და წარმღვნელნი ღელვანი გულსა შინა ქვეყანისათა ბრძანებით შთაადინენ, რომლისა მხილველი ნეტარი არქიპო თვისთა სულიერთა შვილთა თანა გიღაღადებს შენ:

 

  გიხაროდენ, წმიდათა ღვთისა ეკლესიათა შეუმუსვრელო ზღუდეო;

 

  გიხაროდენ, მტერთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათა ყოვლად უძლეველო სიმაგრეო;

 

  გიხაროდენ, რომლისა ბრძანებათა სტიქიონნი დაემორჩილებიან;

 

  გიხაროდენ, რომლისა მიერ ყოველნი ბოროტნი განზრახვანი შეიმუსრებიან;

 

  გიხაროდენ, მორწმუნეთათვის საყდრისაგან ყოვლისა მპყრობელისა სიხარულისა გამომღებელო;

 

  გიხაროდენ, ურწმუნოთა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა გზათა ზედა მომყვანებელო;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 8

 

  უცხო საკვირველება ძლიერებათა შენთა, ანგელოსო ღვთისაო, იხილა თავსა ზედა თვისსა ამბაკომ, ოდეს წამის ყოფითა ღვთისათა წარტაცებით მიგყავდა იგი მსწრაფლმსრბოლობით ურიასტანით ბაბილოვნად, მიცემად საზრდელისა დანიელისად, მღვიმესა შინა ლომთასა შთაგდებულისა, ვინაცა განცვიფრებულნი ყოველთა დიდებულისა ძლიერებისა შენისა მოქმედებათა ვღაღადებთ სარწმუნოებით: ალილუია.

 

იკოსი 8

 

  ყოვლად პატივდებულ ხარ მაღალთა შინა, მიქაელ, წინაშე საყდართა მეუფისა დიდებისა მდგომარე და არა შორსა ხარ ქვეყანათაგან, ცხოვრებისათვის კაცთასა იბრძვი მარადის მტერთა თანა, ამისთვის ყოველნი ფრიად სატრფიალოსა სამშობლოსა მას ზეცისათა მიწევნად მსურველნი ერთხმობით ვღაღაღებთ შენდა:

 

  გიხაროდენ, მთავარანგელოსო, სამწმიდა არსობისა მგალობელთაო;

 

  გიხაროდენ, ქვეყნიერთა ნათესავთა მარადის შუამდგომელად და მფარველად განმზადებულო;

 

  გიხაროდენ, ყოვლად ამპარტავანისა ფარაოსა და ურწმუნოთა მეგვიპტელთა სასწაულითა დამნთქმელო;

 

  გიხაროდენ, ჰურიათა უდაბნოსა შინა დიდებულად წინამძღომელო;

 

  გიხაროდენ, რომლისაგან დაივსო ალი იგი სახმილისა მის ბაბილოვნისა;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 9

 

  ყოველნი მონაზონნი წმიდისა მთისა ათონისა სიხარულითა და ძრწოლით მოვიდოდენ, ვითარ ღვთის მოშიში ყრმა, სიცოფითა უსჯულოებისათვის, ოქროს მოყვარეთაგან სიღრმესა შინა ზღვისათა ქვითურთ შთაგდებული აცხოვნე, ამისათვის შეწყნარებული მისი სავანე სახელითა შენითა განეშვების მადლობით მღაღადებელი უფლისადმი: ალილუია.

 

იკოსი 9

 

  რიტორთა ხმანი და სიბრძნის მოყვარეთა გულის ხმისყოფანი ვერ შემძლებელნი გამოთქმად ძლიერებათა შენთა, მიქაელ, თუ ვითარ ერთსა ღამესა შინა ასოთხმოცდახუთი ათასი მოჰსწყალ ასურეთისა მეფისა სენაქირიმის მხედართაგანი, გარნა დასაჯე იგინი არა გმობად სახელისა უფლისა. ჩუენ უკუე პატივს-ვჰსცემთ მას, წმიდასა მოშურნეობასა შენსა, დიდებისათვის ჭეშმარიტისა და მხიარულებით შენდამი ესრეთ აღვიმსთობთ:

 

  გიხაროდენ, ბოროტ მოწამეთა ბრძოლათა დამცემელო და შემაშინებელო;

 

  გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა და ღვთის პატივისცემისა დამნერგველო;

 

  გიხაროდენ, სულთა წარმწყმედელთა წვალებათა და განდგომილებათა აღმომფხვრელო;

 

  გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მაკაბელთა სარბიელსა ზედა ბრძოლისასა მრავალგზის გამაძლიერებელო;

 

  გიხაროდენ, უღვთოისა მის მხედართმძღვანებლისა ანტიოხოზის თვით ილიოდორის ტაძარსა შინა მწყვლელო;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 10

 

  ცხოვრების მსურველთა გვექმნები შემწე მტკიცე მთავარანგელოსო ღვთისაო, გვიხსნი და გვიფარავ ჩვენთა ჭირთა და განსაცდელთაგან, უმეტეს ბოროტთა ჩვეულებათა და ცოდვათაგან ჩვენთა, რათა წარმატებულნი სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყვარულითა ქრისტესითა, გახარებულნი საკვირველისა შეწევნისა შენისა მიერ, მეუფისა მიმართ ანგელოსთა და კაცთასა მადლობით ვხმობთ: ალილუია.

 

იკოსი 10

 

  ზღუდე ხარ მორწმუნეთა კაცთა, მთავარანგელოსო ღვთისაო და გოდოლ მტკიცე ბრძოლათა შინა ხილულთა და უხილავთა მტერთა თანა, ამისათვის შენ მიერ ხსნილნი საეშმაკოთა ბადეთაგან, მადლობასა გულითა და პირით ვხმობთ შენდამი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, მტერთა სარწმუნოებისა და წინააღმდგომთა წმინდისა ეკლესიისათა პირისპირ მბრძოლო უძლეველო;

 

  გიხაროდენ, მდაბალთა მქადაგებელთა სახარებისათა დაუცხრომელად წარმმართებელო;

 

  გიხაროდენ ბნელსა შინა ბოროტმორწმუნეობისა მსხდომარეთა, ნათლითა ქრისტეს სარწმუნოებისათა განმანათლებელო;

 

  გიხაროდენ, ცრუ-სიბრძნით განცოფებულთა, ჭეშმარიტებისა და სინანულისა გზასა ზედა წარმძღომელო;

 

  გიხაროდენ, ამაოდ სიცრუითმფიცავისა სახელისა ღვთისა მრისხანედ შურისმგებელო;

 

  გიხაროდენ, რისხვის ელვისა დამცემელო დასასჯელად უგუნურად განმკიცხველთა საიდუმლოთა სარწმუნოებისათა;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 11

 

  ხელობა ყოველი ქებისა იძლევის სიმრავლითა სასწაულთა შენთათა, მთავარანგელოსო ღვთისაო, რომელნი აღსრულებულ არიან შენ მიერ არა ოდენ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, არამედ ბნელსა შინა აჩრდილთა ქვესკნელისათა, სადაცა სიღრმესა გველი შეჰკარი საკვირველითა ძალითა უფლისათა, ხოლო სიბოროტეთაგან მისთასა ხსნილნი - ვაკურთხევთ მეუფესა ცათა და ქვეყნისასა, მხმობელნი ესრეთ: ალილუია.

 

იკოსი 11

 

  ნათლით მოსილი მსახური ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა ღვთის პატივისცემისა გამოსჩნდი, მთავარანგელოსო, ოდეს წინათ იხილე მზაკვრება სულისა მის ბნელისა, აღუკრძალე მას სახელითა ღვთისათა, რათა არა კადნიერ იქმნას გამოჩენად დაფარულისა გვამისა განსვენებულისა ისრაელთა ერის წინამძღოლისა მოსესი, ღვთად შერაცხვით მგრძნობელთა ძეთა ისრაელისათა: ვინაცა პატივს ვსცემთ აწ ღვთივბრწყინვალესა კრებასა შენსა და მადლობით გიღაღადებთ შენ:

 

  გიხაროდენ, დღეთა შინა ძველისა აღთქმისათა ისრაელთა შორის ღვთის უწყებისა სიწმიდით დამცველო;

 

  გიხაროდენ, ღვარძლიანისა ცთომილებისა, დღეთა შინა ახლისა, აღთქმისათა მაღლისათა მრავალგზის აღმომფხვრელო;

 

  გიხაროდენ, საწარმართოთა, სამისნოთა და საკერპოთა დამამხობელო;

 

  გიხაროდენ, მოღვაწეთა და ვნებათა მომთმენ ქრისტიანეთა განმაძლიერებელო;

 

  გიხაროდენ, უძლურთა სულთა ძალითა ღვთისათა აღმავსებელო;

 

  გიხაროდენ, მოუძლურებულთა ხორცითა ყოვლითა საჭურველითა სარწმუნოებისათა შემმოსველო;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 12

 

  მადლი გვითხოვე ჩვენ, ზეცით ღვთისაგან, მგალობელთა, სადიდებლად ყოვლად პატიოსნისა სახელისა შენისა, მიქაელ, რათა საგრილითა შეწევნისა შენისათა ყოვლითა კეთილმორწმუნეობითა და სიწმიდითა ვცხოვნდებოდეთ, ვიდრე განხსნამდე სიკვდილითა ხორციელთა საკრველთაგან, ღირსქმნილნი წარდგომად ცეცხლის სახედთა საყდართა მეუფისა დიდებისა და ანგელოსთა გუნდთა თანა ვუგალობდეთ და ვღაღადებდეთ: ალილუია.

 

იკოსი 12

 

  მგალობელნი საცხოვნებელად ჩვენდა ქმნილთა მრავალსახეთა სასწაულთა შენთანი, მიქაელ, ვევედრებით უფალსა და მეუფესა ყოველთასა, რათა დიდებისათვის ღვთისა, რომელი არს შენს შორის, სული გულმოდგინებისა არაოდეს მოგვაკლოს ჩვენ მხმობელთა შენდამი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, მორწმუნეთა მონათა ღვთისათა შესაბამ დროსა ყოვლად საკვირველის უფლების სიმაღლესა ზედა დამადგინებელო;

 

  გიხაროდენ, ამპარტავანთა და უღირსთა მადლით, ძალითა და დიდებითა უხილავად დამცემელო;

 

  გიხაროდენ, უკანასკნელსა დღესა რჩეულთა ოთხკიდით ქვეყანიდან შემკრებელო;

 

  გიხაროდენ, რომლისაგან ცოდვილნი, ვითარცა ღვარძლნი, ბრძანებისაებრ ღვთისა, ცეცხლსა საუკუნესა მიცემულ იქმნებიან;

 

  გიხაროდენ, რომლისაგან სატანა და ანგელოსნი მისნი ტბასა მას შინა ცეცხლისასა საუკუნოდ შთაგდებულ იქმნებიან;

 

  გიხაროდენ, რომლისაგან მართალნი ყოვლად დიდებულსა საყოფელსა მამისა ზეცათასა დაიმკვიდრებენ;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

 

კონდაკი 13

 

  ჰოი, ყოვლად საკვირველო, მთავარანგელოსთა და ანგელოსთა მთავარო, ყოვლად განსაცვიფრებელისა მსახურებისა შენისა ცხოვნებისათვის კაცთა ნათესავისა, მიიღე ჩვენგან აწ შეწირული შენდა ხმა ქებისა და მადლიერებისა და ვითარცა ღვთისა ძალითა აღვსებულმან, დაგვიფარენ ჩვენ უნივთოითა ფრთითა შენითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რათა შენ მიერ დიდებულსა და განმადიდებელსა შენსა უფალსა მარადის ვუღაღაღებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია. (3-გზის

 

 

იკოსი 1

 

  გაქებთ შენ ვითარცა ცეცხლოვან ანგელოსთა წინამდგომარესა, ანგელოსთა უკუე ხმითა ჯერ არს ქებად შენდა, მიქაელ, გარნა ვიდრე შენ მიერ შთაგონებულნი ვისწავებთ უსხეულოთა მეტყველებათა, ისმინე ბაგეთა ჩვენთაგან სამადლობელი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, ვარსკვლავო სოფლისაო, პირველ სახოვანო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა და სიმართლისა სანთელო, ოქრო ცისკროვანო;

 

  გიხაროდენ, შარავანდედო შეუქმნელისა ნათლისაო, ანგელოსთასა მდგომარეთა პირველ მემკვიდრეო;

 

  გიხაროდენ, ანგელოსთა და მთავარანგელოსთა მთავარო;

 

  გიხაროდენ, რომელსა შინა ფრიად უაღრეს ნათობს დიდებაი შემოქმედისა მარჯვენისაი;

 

  გიხაროდენ, რომლისაგან განბრწყინდებიან კრებულნი ყოველთა უსხეულოთა არსებათანი;

 

  გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

 

კონდაკი 1

 

  ზესთა აღრჩეულო, ზეცისა ძალთა ერის მთავარო და კაცთა ნათესავისა თანამდგომელო, აჰა, ესერა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან გალობასა სამადლობელსა შევსწირავთ შენდა - წინაშე მდგომარესა დიდებულისა მიერ მეუფისა საყდრისა, ყოველთა ჭირთაგან განმათავისუფლენ ჩვენ, რათა სარწმუნოებითა და სიყვარულით გაქებდეთ შენი მხილველნი: გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო!

 

 

ლოცვა

 

  წმიდაო დიდო მთავარანგელოსო მიქაელ, მიუწვდომელისა და სამმნათობიერისა სამებისა ანგელოსთა შორის პირველო წინამდგომელო, მფარველო და ზედა მდგომო კაცთა ნათესავისაო, ყოვლად ამპარტავნისა მის თავისა მთიებისა გუნდითურთ მისით ცათა შინა შემმუსვრელო, ბოროტებისა და მზაკვრობისა მისისა ქვეყანასა ზედა მარადის შემარცხვენელო, სიყვარულით მოვილტვით შენდამი და სარწმუნოებით გევედრებით: ექმენ ფარად შეუმუსვრელად, ზღუდედ მტკიცედ წმინდათა ეკლესიათა და მართლმადიდებელსა მამულსა ჩვენსა და დაიცევ იგინი ელვის დამცემელითა მახვილითა შენითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. ექმენ ანგელოს მფარველ და ყოვლად მეცნიერ რჩევის მიმცემელ და თანაშემწე კეთილმორწმუნესა ერსა ჩვენსა, მოჰფინე მას, საყდრისაგან მეუფისა მეუფეთასა, ნათელი და ძალი, მშვიდობა, სიხარული და ნუგეშინისცემა. ექმენ ქრისტეს მოყვარეთა მხედრობათა ჩვენთა წინამძღოლ და მომწყვედელ უძლეველ მებრძოლთა ზედა და დააგვირგვინე იგი მტერთა ზედა დიდებულითა ძლევითა.

 

  ჰოი, მთავარანგელოსო ღვთისაო, ნუ დაგვაგდებ შეწევნისა და საფარველისა შენისა გარეშე მადიდებელთა დღეს წმიდისა სახელისა შენისათა, რამეთუ, აჰა, ესერა, თუმცა მრავლად შეცოდებულ ვართ, გარნა ნუ ინებებ წარწყმედასა, უსჯულოებათა შინა ჩვენთა, არამედ მოგვაქციე უფლისა მიმართ და მის მიერ განცხოველებულ გვყვენ ჩვენ საქმეთა ზედა კეთილთა. განაცისკროვნე გონება ჩვენი ნათლითა პირისა ღვთისათა, რომელ მარადის ბრწყინავს ელვის სახითა შუბლსა შენსა, რათა შევუძლოთ გულისხმისყოფა, რაი არს ნება ღვთისა ჩვენთვის კეთილი და სრული, და ცნობა ყოვლისა, რაიცა ჯერ არს ყოფად ჩვენდა, და რაიცა შეურაცხი, დატევებად. განამტკიცე მადლითა უფლისათა სუსტი ნება და უძლური წადილი ჩვენი, რათა განმტკიცებულნი სჯულითა უფლისათა დავსცხრეთ ღელვაგვემულნი ქვეყნიერითა ზრუნვითა და გულისთქმითა ხორციელითა მიზიდულნი მსგავსად უგულისხმოთა ყრმათა, მსწრაფლ განქარვებად სოფლისა ამის შვენიერებათა, ვითარცა ხრწნილებისა მიერ ქვეყნიერისა უგუნურებითა დავიწყებულნი საუკუნოსა მის ზეციერისა. ამათ ყოველთა ზედა ითხოვე ჩვენთვის ზეგარდმო სული ჭეშმარიტისა სინანულისა, პირუთვნელი ურვა ღვთისა მიმართ და შემუსვრილება ცოდვათა ჩვენთათვის, რათა ნეშტი რიცხვთა დღეთა ჩვენთანი დროებითის ცხოვრებისა განვლოთ არა ნებისაებრ გრძნობათა ჩვენთა და ვნებათა ჩვენთა დამონებითა, არამედ აღსახოცელად და მოსასპოლველად ბოროტ მოქმედებათა ჩვენთა, ცრემლითა სარწმუნოებისათა და განმწმედელისა მოწყალების მოქმედებითა. ოდეს მოახლოვდეს ჟამი სულისა ჩვენისა განსვლისა და განხსნა თიხიერისა ამის სხეულისა საკვრელთაგან, მაშინ ნუ დაგვაგდებ ჩვენ, ჰოი, წმინდაო დიდო მთავარანგელოსო ღვთისაო, შეუწევნელად წინააღმდგომთა მათ სულთა ბოროტთა თანა, რომელნი არიან ცისა ქვეშე, განმკითხველნი დამაბრკოლებელად სულთა კაცთასა აღსვლად ზეცათა შინა, რათა შენ მიერ დაცულნი უჭირველად მივიწივნეთ ყოვლად დიდებულთა საყოფელთა მათ სამოთხისათა, სადა არა არს მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი, და ღირს ვიქმნეთ ხილვად ყოვლად ბრწყინვალისა პირისა მის ყოვლად სახიერისა უფლისა და მეუფისა ჩვენისასა შევრდომილნი ქვეშე ფერხთა მისთა ცრემლით, სიხარულითა და ლმობიერებით ღაღადებად, დიდება შენდა, უძვირფასესო მხსნელო ჩვენო, რომელმან ჯერიჩინე მრავლისა მიერ სიყვარულისა შენისა, ჩვენ უღირსთათვის მოვლინებად ანგელოსთა შენთა მსახურად ცხოვნებისა ჩვენისათვის ამინ!

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.