მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

ტროპარი


წმიდისაგან ხატისა შენისა ჰოი, დედოფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისათვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა ყოვლადწმიდაო.



კონდაკი 1


ზესთამბრძოლსა დედოფალსა ჩვენსა ღვთისმშობელსა ქებისა გალობასა შემოგწირავთ მონანი შენნი, რამეთუ მოსვლითა პატიოსნისა ხატისა შენისათა მოგიგებთ შენ ფარად სიმტკიცისად, ზღუდედ უბრძოლველად, მცველად მიურულებელად, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩვენ, დედოფალო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რათა გიგალობდეთ შენ: გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



იკოსი 1


რაჟამს ქადაგებად სახარებისა მოციქულთა თანა წილი იყარე, ღვთისმშობელო დედოფალო, ამაღლებულმან ცად ძემან შენმან და ღმერთმან ჩვენმან მოავლინა ანგელოზი წინამძღვარი რქუმად შენდა: არა განეშორო იერუსალიმს, რამეთუ წილხვდომილი შენი - მხარე ივერთა - მომავალთა ჟამთა შინა გაბრწყინდების, გარნა შენ მზა იყავ მსახურებად სხვა მიწისა, სადაცა სიტყვა ღვთისა შეწევნითა შენითა იქადაგების. ამისთვისცა ვხმობთ შენდამი:

გიხაროდენ, დედოფალო ცისა და ქვეყანისაო;

გიხაროდენ, ზეცად ამაღლებულო ასულო ადამისაო;

გიხაროდენ, სავანეო ყოვლადწმიდაო, უზესთაესო სერაბიმ-ქერუბიმთასაო;

გიხაროდენ, ტაძარო ხელთუქმნელისა სიწმიდისაო;

გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოისა დღისაო და აღმომაბრწყინვებელო მზისა სიმართლისაო;

გიხაროდენ, აღმასრულებელო ღვთის განგებულებისაო;

გიხაროდენ, დედაო შვილთა ივერიისაო;

გიხაროდენ, მორჩო კეთილო, ვენახისა ახლად აყვავებულისაო;

გიხაროდენ, ალვა სულნელო, სამოთხით გამოსრულო;

გიხაროდენ, რტოო, ედემსა შინა ნერგულო;

გიხაროდენ, დედაო და ქალწულო, შვენიერო შროშანო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 2


ყურად იღე რა სიტყვანი ანგელოზისანი, მაუწყებელისა შენდა მომართ ღვთისა ნებისა, წარავლინე შენს წილხვედრ ივერთა მხარეს მოციქული ანდრია პირველწოდებული ხარებად სახარებისა და თანა წარატანე მეოხად და შემწედ ხელთუქმნელი ხატი შენი, ხოლო თავად მორჩილებით ხმობდი ღვთისა მიმართ: ალილუია.



იკოსი 2


მკვდრეთით აღდგომილი ლაზარე, ეპისკოპოსი კვი პროსისა, დედაო ღვთისა, განგებითა ღვთისათა - გიგზავნის ხომალდს, რამეთუ ინებე მიწისა კვიპროსისა, გარნა მონახულება უფლისა მიერ გზაი შენი წარიმართა - მთად ათონისად და მით გამოჩნდა - წილხვდომილი მხარე შენი ახალი, რამეთუ მისვლითა შენითა დაილოცა ადგილი იგი სავანედ ანგელოზებრივისა ცხოვრებისა, სადაცა ძენი ივერთანი შემდგომსა ჟამსა დამკვიდრდებიან სადიდებელად ღვთისა, სიხარულით მხმობელნი ესრეთ:

გიხაროდენ, რომელსაცა გახარებდა ანგელოზი ფრთოსანი;

გიხაროდენ, რომელმან გვიშევ მეფე გვირგვინოსანი;

გიხაროდენ, რომლისა მიერ - სიტყვა ღვთისა განხორციელდების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ეშმაკისაგან მონებად ქმნილნი ღმრთისათა მიიყვანების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ბნელი კერპთმსახურებისა განქარდების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ჭეშმარიტება საცნაურ იქმნების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ კერპთა ბომონები დაიმსხვრევის;

გიხაროდენ, რომლისა მადლითაც მთა ათონისა სვეტად და ბურჯად მართლმადიდებლობისა შეიქმნების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ საცდური ბოროტთა სიკეთით დაიძლევის;

გიხაროდენ, რომლისა ნატერფალზეც წყარო სიწმიდისა აღმოეცენების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ გამოუთქმელი ნათელი იშვების;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 3


საფარველითა შენითა, დედაო ღვთისა მაღლისაო, დაიფარავ მთასა წმინდასა, წილხვედრსა შენსა, ყოველთა განსაცდელთაგან და შეწევნასა და წყალობასა უხვად მიმადლებ მუნ შიშითა და კრძალულებით მოსაგრე ბერთა, მღაღადებელთა: ალილუია.



იკოსი 3


მთა ათონისა, წმინდა მთად შერაცხილი, მოწყალებითა შენითა, ღვთისმშობელო ქალწულო, მსწრაფლ შეიქმნების სავანედ ტკბილად ყოველთა მართლმადიდებელთათვის; ბერ-მონოზონნი ივერთ მხარისა იოანე, ექვთიმე, გიორგი, იოანე-თორნიკყოფილი და საძმო მათი აღაშენებენ მუნ, სადა ფეხი დაადგი დედამან ღვთისა, „ლავრასა დიდებულსა და ყოვლითა შვენიერებითა შემკულსა", ივერონად წოდებულსა და საფარველითა შენითა დაცულნი გალობით ხმობენ შენდა:

გიხაროდენ, განმწმენდელო მთისა ათონისაო;

გიხაროდენ, შემბრალეო და გულმოწყალეო დედაო ივერთ მხარისაო;

გიხაროდენ, წყაროვ ანკარა, მშობლიურისა სიყვარულისაო;

გიხაროდენ, ელვარებაო გაბრწყინვებულისა მზისაო;

გიხაროდენ, ვაზო ჭეშმარიტისა ვენახისაო;

გიხაროდენ, სიქადულო მორწმუნე ერთაო;

გიხაროდენ, მიმნიჭებელო სინანულისა ცოდვით მოწყლულთაო;

გიხაროდენ, სალბუნო დაკოდილისა გულისა და მფარველო ყოვლისა სოფლისაო;

გიხაროდენ, მშობელო პირველსაუკუნეთა ყრმისაო;

გიხაროდენ, წყაროვ დაბეჭდულო და დედაო ცხოვრებისაო;

გიხაროდენ, უხრწნელად მუცლადმღებელო ღვთისა მაღლისაო;

გიხაროდენ, მომნიჭებელო სულთა ჩვენთა სიკვდილისაგან მხსნელისაო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანთა ნათესავისაო.



კონდაკი 4


თეოფილე ხატთმბრძოლი, იმპერატორი ბიზანტიისა, ვერ გულისხმისმყოფელი ხატთა სიწმინდისა და მათგან შეწევნისა, დაჰგზავნის მზვერავთა თვისთა საძებრად ხატთა და თაყვანისმცემელთა მათთა, რათა მოსრან იგინი ცეცხლითა და მახვილითა, ხოლო ხსნილნი ბოროტის მანქანებისაგან სასოებით ღაღადებენ ღვთისა მიმართ: ალილუია.



იკოსი 4


ნიკეას მახლობლად მცხოვრები ქვრივი ქალი და ძეი მისი, თაყვანისმცემელნი ხატებისა შენისა, დედაო ნათლისაო, აღაშენებენ ეკლესიასა მცირესა და მუნ დაჰფარავენ მაძებართაგან ხატებასა შენსა, რამეთუ აქუნდათ სარწმუნოება და კრძალულება უაღრესი და შემუსვრილითა გულითა გიგალობდნენ ესრეთ:

გიხაროდენ, რომლისა მიერ ადამ და ევა სიკვდილისა და ხრწნილებისაგან დაიხსნების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ბერწნი იოაკიმე და ანნა უშვილოების ყვედრებისაგან განთავისუფლდების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ნაკადულნი მადლისანი გარდამოედინებიან;

გიხაროდენ, რომლისა მიერ მორწმუნენი შვილ-ღმრთისად იწოდებიან;

გიხაროდენ, რომლისა მიერ მლოცველი სულიერი სიტკბოებით აღივსების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ შეცდომილი ჭეშმარიტების გზაზე მიიყვანების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ყოვლადწმიდა სამება კაცთაგან იდიდების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ სიბრძნის მწყურვალი დაიურწყების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ უგუნური მკაცრად დაისჯების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ კრძალული ვითარცა შვილი შეიტკბობის;

გიხაროდენ, რომლისა მიერ სიბრძნე ღვთისა წარმოიჩინების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ სიბრძნე გველისა მის ბოროტისა განქარდების;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 5


სასწაულებრივი ძალი ხატისა შენისა, ღვთისმშობელო მარიამ, უწინარეს უჩვენე ბარბაროსსა, ოდეს მან უპატიოდ უგმირა ლახვარი ღაწვსა შენსა და მხილველი გარდამომჩქეფარისა ნაკადისა სისხლისა პირქვე დამხობილი ძრწოლით ღაღადებდა: ალილუია.



იკოსი 5


ხოლო ქვრივი იგი და ძეი მისი მალვით და მოწიწებით, ცრემლთა მფრქვეველნი, ზღვად შთააგდებენ ხატსა შენსა და მხურვალედ მლოცველნი ჰვედრიან მას: „დედაო ამა სოფლისაო, შენ ძალგიძს ხსნაი ჩვენი მეფისაგან უკეთურისა და ხატისაცა შენისა წმიდისა დანთქმისაგან“, გარნა მხილველნი აღმართებულისა ზედა წყალთასა ხატისა წმიდისა მიმართებულისა დასავალად, სიხარულით გადიდებდნენ შენ:

გიხაროდენ, აღმართებაო კაცთაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ შემსმენელო მვედრებელთაო;

გიხაროდენ, მომაქცეველო ბნელეთისა ტყვეთაო;

გიხაროდენ, მოყვარულო კრძალულებით თაყვანისმცემელთა შენთაო;

გიხაროდენ, განშვენებულო მრავლითა სასწაულითაო;

გიხაროდენ, განმდევნელო მაჭირვებელისა ბოროტისაო;

გიხაროდენ, შემარცხვენელო მეფეთა უკეთურთაო;

გიხაროდენ, შემწეო ყოველთა შენდა მომართ სასოებით მოლტოლვილთაო;

გიხაროდენ, მფარველო და ქომაგო ყოველთა უსამართლოდ დევნილთაო;

გიხაროდენ, ღვთისა მშობელო, ყოვლადპატიოსანო;

გიხაროდენ, მიმადლებულო ქალწულო და დედაო მშვიდობისა უზესთაესისაო;

გიხაროდენ, ხორცით მტვირთველო - სიტყვისა ღვთისაო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 6


ძეი იგი ქვრივისა მის, დევნული, წარემართა ჯერ ქვეყანასა ბერძენთასა, ხოლო შემდგომად მთასა ათონსა და ბერად შემდგარი მოსაგრეობდა მუნ და მსმენელნი სასწაულისა წმიდისა ხატისა შენისა, მასთან ერთად ადიდებდნენ ღმერთსა დაუსაბამოსა: ალილუია.



იკოსი 6


გამოხდა ხანი და ათონის ივერთ მონასტრის ბერთა ზღვასა ზედა იხილეს სვეტი ცეცხლოვანი და სცადეს მიახლება მისდა მსურველთა ხილვისა მის სასწაულისა, გარნა მოელვარე ხატი ყოვლად წმიდისა განეშორა მათ, ცრემლის ფრქვევით მვედრებელთა:

გიხაროდენ, სვეტო ცეცხლისაო, მანათობელო ვარსკვლავო ღვთის სათნო მოსაგრე ბერთაო;

გიხაროდენ, კიბეო საღმრთოო და ბჭეო ცხოვრებისაო;

გიხაროდენ, აღმასრულებელო ჩვენდა მომართ ღვთისა ნებისაო;

გიხაროდენ, წარმმართებელო ივერიელთა ცხოვრებისაო;

გიხაროდენ, ქალწულისა ნორჩისა ჯვარითა ვაზისათა მომაქცეველად ჩვენდა მომავლინებელო;

გიხაროდენ, წმინდა ნინოს მფარველო და მეგზურო;

გიხაროდენ, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანას შთაგონებისა წყაროო;

გიხაროდენ, შენსა წილხვდომილსა ივერთ მხარესა ზედა მარადჟამ დაუღალავო მზრუნველო;

გიხაროდენ, ასურელ მამათა ჩვენებით დამმოძღვრელო და ივერიასა შინა წარმომგზავნელო;

გიხაროდენ, სამოთხეო სიტყვიერო და მაყვალო შეუწველო;

გიხაროდენ, ქართველთა მეფეთა - ვახტანგის, დავითისა და თამარის დიდების გვირგვინითა შემმოსელო;

გიხაროდენ, სალბუნო სულთა ჩვენთა წყლულებისაო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 7


საძმო ივერონისა მუხლმოდრეკილი ჰვედრიდა უფალს წყალობასა, რათა სავანესა მათსა დაედო ბინა ხატსა ყოვლადწმიდისა და სასოებით ხმობდნენ: ალილუია.



იკოსი 7


ესმა ყოვლადწმიდა მარიამს ხმაი ვედრებისა მათისაი და შეიწირა ლოცვაი მათი, რამეთუ გამორჩეულსა ძმათა შორის ღვაწლითა თვისითა გაბრიელ ბერსა, „კაცსა ზეცისა და ანგელოზსა ქვეყანისა“, აუწყა ჩვენებით ნებაი თვისი: „შემოვედ შენ ზღვად, ვლე სარწმუნოებით ღელვათა ზედა მისთა და მაშინ სცნან ყოველთა სიყვარული და წყალობაი ჩემი სავანისადმი თქვენისა", ხოლო მან მავალმან წყალსა ზედა ვითარცა ხმელსა, მიირქუა ხატი ესე და დააბრძანა ნაპირსა ზღვისასა, მცირესა სამლოცველოსა ხისასა, ივერიელთა საძმოსა მიერ სახელდახელოდ აგებულსა სადიდებელად ღვთისა, მლოცველთა და მგალობელთა ესრეთ:

გიხაროდენ, დედაო, ღვთისა ნუგეშინისცემისა და მოთმინებისაო;

გიხაროდენ, მუცლად მღებელო შემმუსვრელისა ქვესკნელისაო;

გიხაროდენ, დამტევნელო დაუტევნელისაო;

გიხაროდენ, მტერისა ჩვენისა ბელიარისა სირცხვილეულ მქმნელო;

გიხაროდენ, საბრხეთაგან მაცთურისა მხსნელო;

გიხაროდენ, ჯვარსა ზედა ამაღლებულისა და ლახვრითა მოწყლულისა სიტყვისა დამტირებელო;

გიხაროდენ, შემწეო და მაცხოვნებელო მდაბალთაო;

გიხაროდენ, მოყვარულო ამღებელთა ქრისტეს უღლისა ტკბილისაო;

გიხაროდენ, მადიდებელო მადიდებელთა ძისა შენისაო;

გიხაროდენ, ძლიერებაო უძლურთაო და ღირსო ყოვლისა ნეტარებისაო;

გიხაროდენ, მთესველო – სიკეთისა და სიყვარულისაო;

გიხაროდენ, მცველო და საფარველო მომხდურისაგან მტერისაო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 8


შემდგომად დღისა სამისა ხატი ყოვლადწმიდისა დაბრძანებული საკურთხეველსა ტაძრისა მონასტრისასა, ვითარცა საუნჯე მიუწვდომელი, იხილეს ბერ-მონოზონთა ბჭეთა ზედა მონასტრისათა და განცვიფრებით ხმობდნენ: ალილუია.



იკოსი 8


და კვალად აუწყა ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან ბერსა გაბრიელსა: „ამიერიდან უმეტეს არღა განმხდიდეთ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მცავდეთ თქვენ, არამედ რათამცა თვით მე მფარველ გექმნეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა“. მსმენელნი ნებისა ღვთისმშობელისასა ხმობდნენ ესრეთ:

გიხაროდენ, საუნჯეო ათონის მთასა შინა სასწაულებრივად მოვლინებულო;

გიხაროდენ, წმიდისა ხატისა შენისა ივერთა სავანისა და სრულიად ათონის მცველად ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა დამადგინებელო;

გიხაროდენ, ათონის მკვიდრთა ვითარცა ამა სოფელსა შინა, ეგრეთცა მომავალსა ცხოვრებასა შინა მფარველო;

გიხაროდენ, ბერ-მონოზონთა - შიშითა ღვთისათა მოსაგრეობისა გზასა ზედა კეთილსა წარმმართველო;

გიხაროდენ, წმიდისა ხატისა შენისა მრავლითა სასწაულითა განმაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, მოქადულთა ბოროტთა ამა სავანისაგან განმდევნელო;

გიხაროდენ, ბოროტმოქმედისა ამირას, მნებებელისა ივერიის სავანის დაქცევისა, ნავთა დანთქმითა და მხედართა მოწყვეტით დამსჯელო;

გიხაროდენ, შეჭირვებულთათვის წყალობის უხვად მიმგებელო;

გიხაროდენ, მრავალთა ძღვენთა შენდამი ბოძებულთა დიდსულოვნად შემწყნარებელო;

გიხაროდენ, სიხარულო და ნუგეშო შვილთა შენთაო;

გიხაროდენ, ქომაგო ქრისტესათვის წამებულთაო;

გიხაროდენ, ქრისტესმოყვარეთა არჩილისა, ლუარსაბისა და ქეთევანისა მოწამეობრივითა გვირგვინითა განმაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 9


სადიდებელად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა სავანის ბერთა აღაშენეს ეკუდერი ხატისა ამისათვის და სიხარულითა და მადლიერებით უღაღადებდნენ ხატსა „პორტაიტისად" წოდებულსა: ალილუია.



იკოსი 9


მცველი და მფარველი ხატი ივერიის ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მრისხანე მზერით აყენებდა ყოველთა ბიწიერი სულის პატრონთა, რომელნიცა შეპყრობილნი შიშითა ეკრძალვიდნენ შესვლას სავანესა შინა, ხოლო მკვიდრნი სავანისა ამისა ადიდებდნენ მფარველსა თვისსა მხმობელნი ესრეთ:

გიხაროდენ, ივერთა საძმოს სიყმილისა და გაჭირვებისაგან მხსნელო;

გიხაროდენ, ძმათათვის ფქვილის, ზეთისა და ღვინის უშურველად მწყალობელო;

გიხაროდენ, სავანისა ამისა ცეცხლისაგან დამცველო;

გიხაროდენ, ხატითა შენითა ივერონის მონასტრის შემოსევათაგან მტერთასა გადამრჩენელო;

გიხაროდენ, ქართველთათვის სამშობლოსავით ერთადერთო და ტკბილო;

გიხაროდენ, ზეციურისა სავანისადმი მოლტოლვილთა მოწყალე დედაო;

გიხაროდენ, ქართველთა სულის ტანჯვისა და წამების ქურაში ვითარცა ცეცხლში გამომახურვებელო;

გიხაროდენ, მრავალთა ასლთა ხატისა შენისა საქართველოსა შინა სასწაულებით განმაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, ჟამთა შინა სიავისათა ჩვენთვის ცრემლთა მფრქვეველო;

გიხაროდენ, რუსეთსა და კანადაში ასლთა ხატისა შენისა სასწაულთა სიმრავლით შვენიერ ქმნილო;

გიხაროდენ, მირონმდინარეო, სნეულთა მკურნალო;

გიხაროდენ, უბიწო დედაო, უსასოთა ნუგეშით აღმავსებელო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 10


მრავალთა განსაცდელთაგან ტანჯულთა ქართველთა, ვეღარ შეიძლეს მსახურება ივერონისა და ხატისა ამის წმიდისა და უკანასკნელი ბერი მისი იოანე ათონელი თავს აფარებს ბეთანიის მონასტერს საქართველოსა შინა და იღწვის სადიდებელად ღვთისა, მხმობელი: ალილუია.



იკოსი 10


მრავალთა ქართველთა, უღმრთოებასა და მწუხარებასა შინა დანთქმულთა, მნებებელი აღდგინებისა მათისა, აღმოუდინებ წყაროსა მოწყალებისასა და მოჰმადლებ მათ პატრიარქსა მოწყალესა, ბრძენსა და ფრიად მოსაგრესა და ჩვენცა მხილველნი მისისა ღვაწლისა და სიყვარულისა, სასოებით ვხმობთ შენდამი:

გიხაროდენ, უღმრთოებასა შინა ჭეშმარიტებისათვის მებრძოლ ქართველთა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, ფიცარაკრულთა ტაძართა შეწევნითა შენითა კვლავ განმღებელო;

გიხაროდენ, მიძინებულისა სარწმუნოებისა გამომაფხიზლებელო;

გიხაროდენ, ბერთა და მონოზონთა ახალთა ლხინებაო;

გიხაროდენ, საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის საყოველთაო აღიარების მომპოვნებელო;

გიხაროდენ, პატრიარქისა ჩვენისა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, საქართველოს ეკლესიის მესაჭის სამეუფოისა გზითა წარმმართველო;

გიხაროდენ, ნგრევისა და უღმრთოების შემდეგ ჩვენო გამოღვიძებაო;

გიხაროდენ, განსაცდელსა შინა მსწრაფლ შეწევნაო;

გიხაროდენ, დამამკვიდრებელო მავედრებელთა შენთა ზესთასოფელსა შინაო;

გიხაროდენ, მაკურთხეველო ჩვენო დედაო და დამთრგუნველო მტერისა ვერაგისაო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 11


ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულთა მსასოებელი კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა წარგზავნის მთასა ათონსა ივერონის მონასტერსა შინა სამღვდელოთა ჯგუფსა მცირესა სავედრებელად და თაყვანისცემად წინაშე მფარველისა და შემწისა ივერთა, მთხოვნელი მადლისა წილხვდომილისა მისისა ქვეყნისათვის და პორტაიტისას საგანგებოდ შესრულებული ასლისა მგალობელი ესრეთ: ალილუია.



იკოსი 11


ჟამსა შინა განსაცდელისასა შესაწევნელად წილხვდომილისა შენისა მიწისა მოჰმადლე ერსა ჩვენსა დედნისებრი ბრწყინვალე და დიდებული ასლი სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა წინაშეც მლოცველნი ახლისა საქართველოისანი აღავლენენ სავედრებელსა მხმობელნი:

გიხაროდენ, რომლისა მიერ ერი ჩვენი მკვდრეთით აღდგების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ასლი შენი დედნისებრი მადლით შეიმოსების და აღივსების;

გიხაროდენ, რომლისა მადლითა ახალი სამღვდელოება განმრავლდების და მართლმადიდებლობა განმტკიცდების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ განხეთქილების მოსურნე და ერეტიკოსი გაწბილდების;

გიხაროდენ, რამეთუ შეწევნითა შენითა ქართველი ერი კვალად ქრისტეს მადიდებელად მოიქცევის;

გიხაროდენ, რომლისადმი თაყვანისცემა გაძლიერდების და ტაძარნი ჩვენნი მლოცველთაგან აივსების;

გიხაროდენ, რომელმან შევ ასლი ახალი, ხელთუქმნელი;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ბერ-მონოზონნი დაიმოძღვრების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ წყარო ცხოვრებისა მსასოებელთა შენთა მიენიჭების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ჭრილობა სულისა განიკურნების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ურვა და ჭირი სულიერი სიმშვიდით შეიცვლების;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 12


გადმოცურდა რა საჰაერო ხომალდიდან ხატი შენი, მზის სხივებით უხვად დაფერილი, ყოვლადწმიდაო, აიტაცა ხალხმა მუნ მომლოდნელმან და ხელიხელ წააბრძანა დედა და პატრონი თვისი ქალაქსა თბილისსა კმევითა და გალობით მადიდებელმან: ალილუია.



იკოსი 12


სიონი, დედა ეკლესია თბილისისა, ზარების რეკვით მიეგება შემობრძანებასა წმიდისა ხატისა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, რომელმაც დაამხო ბომონი უღმრთოებისა აღმართული შუა გულსა მოედნისასა და ყოველი ხალისითა და სასოებით ჰხმობდა შენდამი:

გიხაროდენ, მობრძანებითა შენითა დამაქცეველო ყოველთა ახალთა კერპთაო;

გიხაროდენ, მაშენებელო ჟამსა უღმრთოებისასა დანგრეულისა სულიერისა ტაძრისაო;

გიხაროდენ, მცხეთასა შინა ხატისა შენისა მოგზაურობითა სვეტიცხოვლისა და კვართისა

საუფლოისა ტაძრის განახლებისათვის დასაბამის დამდებელო;

გიხაროდენ, განგებითა ღვთისაითა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულზე ჩამობრძანებულო;

გიხაროდენ, წმინდა ათონის მთის მადლითა საქართველოს ერისა და ეკლესიის შემმოსველო და განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდა სამებისათვის ელიას მთასა ზედა ტაძრის აღშენების შთამაგონებელო და შემწევნელო;

გიხაროდენ, სულთა ჩვენთა სიმშვიდეო და ქართველთა ორიათასწლოვანი ქრისტეანობის მტკიცე საძირკველო;

გიხაროდენ, ჩვენდა მეოხად ახალთა - წმინდანთა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, მახათას მთასა ზედა ივერიის მონასტრის აღშენების მაკურთხეველო;

გიხაროდენ, ურცხვენელისა აღსასრულისა ჩვენდამი მომნიჭებელო;

გიხაროდენ, სასუფეველსა ცათასა ჩვენო დამამკვიდრებელო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 13


ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, დედაო ყოველთა დაბადებულთაო, შეიწირე კნინი და უღირსი ლოცვაი ჩვენი სასოებით და სიყვარულით აღვლენილი წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა „პორტაიტისად" წოდებულისა და წყალობითა და მოწყალებითა შენითა მოგვხედე მაქებელთა და მადიდებელთა შენთა და გვექმენ მფარველ მსასოებელთა ივერიის გაბრწყინვებისა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა და გვიხსენ ჩვენ ყოველთა სულიერთა და ხორციელთა განსაცდელთაგან მხმობელნი ესრეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.


(ეს კონდაკი იკითხება სამგზის, შემდგომ იკოსი 1 და კონდაკი 1)



იკოსი 1


რაჟამს ქადაგებად სახარებისა მოციქულთა თანა წილი იყარე, ღვთისმშობელო დედოფალო, ამაღლებულმან ცად ძემან შენმან და ღმერთმან ჩვენმან მოავლინა ანგელოზი წინამძღვარი რქუმად შენდა: არა განეშორო იერუსალიმს, რამეთუ წილხვდომილი შენი - მხარე ივერთა - მომავალთა ჟამთა შინა გაბრწყინდების, გარნა შენ მზა იყავ მსახურებად სხვა მიწისა, სადაცა სიტყვა ღვთისა შეწევნითა შენითა იქადაგების. ამისთვისცა ვხმობთ შენდამი:

გიხაროდენ, დედოფალო ცისა და ქვეყანისაო;

გიხაროდენ, ზეცად ამაღლებულო ასულო ადამისაო;

გიხაროდენ, სავანეო ყოვლადწმიდაო, უზესთაესო სერაბიმ-ქერუბიმთასაო;

გიხაროდენ, ტაძარო ხელთუქმნელისა სიწმიდისაო;

გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოისა დღისაო და აღმომაბრწყინვებელო მზისა სიმართლისაო;

გიხაროდენ, აღმასრულებელო ღვთის განგებულებისაო;

გიხაროდენ, დედაო შვილთა ივერიისაო;

გიხაროდენ, მორჩო კეთილო, ვენახისა ახლად აყვავებულისაო;

გიხაროდენ, ალვა სულნელო, სამოთხით გამოსრულო;

გიხაროდენ, რტოო, ედემსა შინა ნერგულო;

გიხაროდენ, დედაო და ქალწულო, შვენიერო შროშანო;

გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



კონდაკი 1


ზესთამბრძოლსა დედოფალსა ჩვენსა ღვთისმშობელსა ქებისა გალობასა შემოგწირავთ მონანი შენნი, რამეთუ მოსვლითა პატიოსნისა ხატისა შენისათა მოგიგებთ შენ ფარად სიმტკიცისად, ზღუდედ უბრძოლველად, მცველად მიურულებელად, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩვენ, დედოფალო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რათა გიგალობდეთ შენ: გიხაროდენ, ღვთისმშობელო კარისაო, წინამძღვარო ივერიის გაბრწყინვებისაო, ცხოვრებაო ქრისტეანეთა ნათესავისაო.



ლოცვა


ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო კარისაო, ნუგეშინისმცემელო და უშურველად მწყალობელო ყოველთა შენდამი სარწმუნოებითა და სიყვარულით მოლტოლვილთაო, შეგივრდებით და მუხლმოდრეკით გიღაღადებთ: შეიწირე კნინი და უღირსი ესე სავედრებელი გალობაი ჩვენი, შენზედა მსასოებელთა უბადრუკთა და უხმართა მონათა და მხევალთა შენთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა, და გვიხსნენ ჩვენ, მყოფნი ჭირთა და ურვათა შინა დიდთა და მრავალთა, ცოდვათა ჩვენთათვის ჩვენზედა მოწევნულთა, განსაცდელთა შინა დანთქმისა და წარწყმედისაგან; არამედ საფარველითა შენითა შემოზღუდულთა ხელისაღმპყრობელ გვექმენ და მძლედ გამოგვაჩინე ჩვენზედა გარემოდგომილთა ყოველთა საბრხეთა და მანქანებათა ეშმაკისათა, რათა წინამძღვრობითა შენითა ღვთივგანბრძნობილნი და აღმსთობილნი დამკვიდრებულ ვიქმნეთ წიაღსა შინა ყოვლადწმიდისა სამებისასა მარადის მადიდებელნი სახელისა მისისა წმიდისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

ტროპარი


წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედოფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხუად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა ყოვლადწმიდაო.



კონდაკი


დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდა ხატი შენი ღვთისმშობელო ქვრივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალ-იდუა დაფარვაი მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთ სავანისა; შიშად მტერთა, ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტეანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მხსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსვლათაგან.



  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.