ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ყოვლადდიდებულ თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ღირსეულო თანამოსაგრეო, წმიდაო მოციქულო მარკოზ, რომელმან უფლისა მადლის ნაკადებითა უხვებით დაარწყულე ვრცელნი კიდენი სოფლისანი, მოიხილე აწ ჩვენ, შენისა ხსოვნისა გულსმოდგინედ პატივის-მცემელთა ზედა და განამტკიცე გულნი ჩვენნი მამობრივითა სარწმუნოებითა, აღგვავსე ჩვენ სულითა სიბრძნისაითა, გვასწავლე გულისხმისყოფა და მოგვაქციე მოწაფეებად შენდა, რაითა მარადის აღმოგივლენდეთ მადლობისა გალობასა და ლმობილებითა გულისაითა ესრეთ გხადოდეთ შენ: გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
სამყაროისა შემოქმედმან, ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან, ჰსუროდა რაი უხრწნელითა ნათლითა განათლებად წყვდიადსა შინა შთაფლულისა კაცობრიობისა, შენ, ნეტარო მოციქულო მარკოზ, ქალაქსა შინა იერუსალიმსა, დედისა შენისა მარიამის სახლითგან მოგიწოდა მსახურებად თვისა, აღსრულებად სახელითა ჯვარცმულისა ქრისტესითა საქმისა ჩვენისა ცხოვნებისა მრავალთა მხარეთა შორის იუდეველთა და ელინთა, და წარგგზავნა შენ და ყოველნი მოციქულნი თვისნი ქადაგებად ღმრთისა ძალისა და საღმრთოისა სიბრძნისა ყოველთა კაცთათვის სოფელსა შინა. ამისთვის ჩვენცა, გაცისკროვნებულნი ნათლითა ღმრთაებრივისა მოძღვრებისა შენისა, ესრეთ გიღაღადებთ გულითა და ბაგითა:
გიხაროდენ, იუდეველთა მუხლისაგან ლევისა აღმოცენებულო.
გიხაროდენ, ტომისაგან სამღვდელოთასა თავად ღმრთისა მიერ გამორჩეულო.
გიხაროდენ, სახლსა შინა დედისა შენისა მარიამისასა შესავედრებელსა ამას ყოველთა მოციქულთასა – საღმრთოისა ნათელისა მხილველო.
გიხაროდენ, ჰებრაულითა სახელითა იოანესითა შობითგან წოდებულო, ხოლო ლათინურისა სახელისა მარკოზისა სადიდებელად ღმრთისა მიმღებელო.
გიხაროდენ, წეს-ჩვეულებათა მშობელთა და წინაპართა შენთა პატივის-მცემელო.
გიხაროდენ, სიყრმითგან შენით ჭეშმარიტისა სიწრფელისა და უბრალოებისა შემყვარებელო.
გიხაროდენ, სიჭაბუკითგან შენით მრავლითა სათნოებებითა შემკულო.
გიხაროდენ, სარწმუნოებად და სასოებად ღმრთისა ჩვენო მომწოდებელო.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
მორწმუნე იერუსალიმელთა და ღმერთის მოციქულთა საკრებო ღვაწლისთვის მომწოდებელი, სულიერ და დამმოძღურებელ კიდობანად გექმნა შენ სახლი დედისა შენისა, წმიდაო მოციქულო მარკოზ; ამისთვის ჩვენცა კრებსითობასა ეკლესიისა უფლისასა პატივს-ვსცემთ და სიხარულით ვუგალობთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
ღმრთაებრივისა გონიერებისა მქონებელმან და ჟამსა ქვეყნიურისა ცხოვრებისა თვისისა უაღრესად პატივდებულმან ეკლესიასა შინა უფლისა ქალაქისასა, ბიძამან შენმან ბარნაბა, წმიდაო მოციქულო მარკოზ, „კაცმან მან კეთილმან და აღსავსემან სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა“, განგებულებითა წმიდისა სამებისაითა მიგაახლა შენ მოციქულსა პავლესა სახლსა შინა დედისა შენისასა; ამისთვის ჩვენცა კეთილმოწიწებითა და ლმობილებითა გულისაითა ესრეთ გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, ბარნაბაისა მოციქულისა ხორციელად თვისტომო და ნათესავო ღმრთისა მიერ.
გიხაროდენ, სახლსა დედისა შენისასა თავთა მოციქულთასა პეტრეს და პავლეს მიმრქმელო.
გიხაროდენ, ღმრთაებრივსა სწავლებასა მათსა გულსმოდგინედ შედგომილო და დამოწაფებულო.
გიხაროდენ, პირველმოციქულთაგან ამათ სულითა წმიდითა ღმრთაებრივად განმდიდრებულო.
გიხაროდენ, რამეთუ თავად იქმენ ღირსეულ სამკვიდრებელად ყოლადწმიდისა სულისა.
გიხაროდენ, კეთილკრძალულებისა და უბიწოებისა შვენიერო შემკულებაო.
გიხაროდენ, თავად უფლისაგან მოციქულთა ხვედრისა ღირსეულად მიმღებელო.
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა ხარებისა მხნეო საყვირო, ძუელისა სამყაროისა საფუძველთა შემარყეველო.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
ძალითა ღმრთისაითა მაღლით განძლიერებულო, მოციქულთა პავლესა და ბარნაბაისა თანა პირველსა გზასა ზედა სამოციქულოსა იუდეველთა და მოგუთა მიმართ უფლისა მიერ წარგზავნილო, წმიდაო მოციქულო და მახარებელო მარკოზ, რომელი ესრეთ წარგიყვანეს შენ მოციქულთა მათ თვის თანა, აწ ჩვენცა გვიჩვენე გზანი უფლისანი, რომელნი ვუღაღადებთ მას: ალილუია.
აღვსებულმან საღმრთოითა სიბრძნითა და უპირატესთა მოციქულთა თანა უფლისა ბრძანებითა მავალო, წმიდაო მოციქულო მარკოზ, ქადაგებითა ჭეშმარიტებისაითა სრულიად მოვლე შენ ჭალაკი კვიპროსისა აღმოსავალით ვიდრე დასავალადმდე, ამისთვის აწ ჩვენნიცა სულნი, წყვდიადითა ვნებისაითა დაბნელებულნი, ნათლითა უფლისმიერითა განანათლე, რაითა სიხარულითა გაქებდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, თვითმხილველო მოწამეო მოგვ ბარიოსის თვალთა მოწყვლისა სიტყვითა პავლე მოციქულისაითა.
გიხაროდენ, კვიპროსით მცირე აზიას წარსრულო მოციქულთა თანა პავლესი და ბარნაბაისა.
გიხაროდენ, საღმრთოისა განგებულებისა კადნიერებით აღმსრულებელო და პერგიით კვალად იერუსალემდ მიქცეულო.
გიხაროდენ, წმიდასა ქალაქსა შინა პეტრე მოციქულისა თანაშემთხვეულო.
გიხაროდენ, რომელმან დედისა შენისა სახლით - პეტრე მოციქულისა თანა განიზრახე წარსლვა ჰრომს.
გიხაროდენ, პეტრე მოციქულისა თანამოღვაწეო მართლმადიდებელი ეკლესიის დასამკვიდრებლად ჰრომს.
გიხაროდენ, ღმრთაებრივ ქადაგებათა ნაკადებითა ჰრომისა ქვეყანისა უხვად დამარწყულებელო.
გიხაროდენ, რომელმან მრავალნი წარმართნი ჰრომისანი მხედრებად ქრისტესა ჰქმენ.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
უტკბილესი მოძღვარი შენი უმეტეს ყოველთა სიკეთეთა ქვეყნისათა შეიყვარე შენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, რამეთუ ისწრაფვოდი უწყებად მისა მოსვლისათვის განმცემისა მისისა იუდაისი მცველთა თანა მღვდელმთავრისათა, ოდეს ოდენ ტილოთი დაიფარე სიშიშვლე შენი; ამისთვის აწ ჩვენცა გვასწავლე, თუ ვითარ მივაქციოთ ყოველი ცხოვრება ჩვენი მსლვევლობად ტერფთა ჩვენთა შედგომად მაცხოვრისადა გალობად მისა: ალილუია.
ოდეს ესმოდა მახლობელთა და შორიელთა კაცთა ჰრომაელთა ბაგეთაგან შენთა, ღმრთივ განბრძნობილო მარკოზ, ხარება უფლისა, მოშურნედ ისურვეს წიგნითაცა აქუნდეთ სწავლება სიტყუათა ღმრთისათა, ხოლო ჩვენ, ვედრებისა თანად მათისა, მადლობითა და სიხარულითა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, სხვადასხვა დღეთა შინა მოციქულ პეტრესაგან მოსმენილისა სახარებასა შენსა გადმომცემელო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაწერილი სახარება მეორე წიგნად შეირაცხა უფლის აღთქმისა.
გიხაროდენ, უფლის ღმრთაებრივ სასწაულთა აღწერითა სახარებასა შინა წმიდისა სამებისა ძალისა წარმომაჩინებელო.
გიხაროდენ, რომელმან გამოჩინებითა იოანე ნათლისმცემელისაითა იწყე ხარება უფლისა.
გიხაროდენ, ქადაგებისა უდაბნოით იუდეისა ყოველსა ქვეყანასა ზედა განმფენელო.
გიხაროდენ, რამეთუ მყვირალსა ლომსა ამსგავსე ხმა მღაღადებელისა უდაბნოსა შინა.
გიხაროდენ, რომელი თავად იქმენ გამოსახულ ლომისა სახითა ეკლესიასა შინა ქრისტესსა.
გიხაროდენ, სვეტო შეურყეველო, სარწმუნოებასა შინა დამკვიდრებულთა მტკიცედ მპყრობელო.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
სამოციქულო ღვაწლისა აღმსრულებელმან ჰრომს შინა, ოდეს თავმდაბლად იტვირთე შენ პეტრე მოციქულისაგან მორჩილება უფლისა და ღვთის სიტყვა მიჰმადლე სხვათაცა მხარეთა ქვეყანისათა, ჰოი, მოციქულო ქრისტესო მარკოზ, აწ ჩვენცა, ცოდვილთა ამათ, გვასწავლე - ღმრთაებრივი თავმდაბლობა და მორჩილება, რაითა სიხარულით ვუგალობდეთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
არცა-როის ეძიებდი შენ დიდებასა თავისა შენისათვის, არამედ მარადის მოშურნედ ახარებდი ყოველთა დიდებასა ქრისტესსა, წმიდაო მოციქულო მარკოზ, რომელი კადნიერად შეხვედ ქალაქსა მას იმპერატორთასა და უშიშარად ქადაგებდი მუნ სიტყვასა ღმრთისასა; ამისთვის აწ ჩვენცა, მრავალცოდვილნი ესე, დაუღალავად აღმოგივლენთ შენ ქებულებათა ესრეთ:
გიხაროდენ, ჰრომით აკვილეას მისრულო ქადაგებისათვის სიტყვისა ღმრთისასა.
გიხაროდენ, ქალაქსა მას შინა, დიდად ყვარებულსა იმპერატორთაგან, ჯვარცმულისა ქრისტეს მქადაგებელო.
გიხაროდენ, აკვილეისა, განხრწნადი ოქროთი ჰრომის თანასწორისა, ღმერთის სიტყვის უხრწნელი ოქროთი შემამკობელო.
გიხაროდენ, ადრიატიკის ზღვის მწარეთა წყალთა იორდანისა წყალითა დამატკბობელო.
გიხაროდენ, სულიერ საუნჯეთა მიერ აკვილეის ქვეყნიურ სიმდიდრეთა მარცხვინებელო.
გიხაროდენ, ქალაქსა მას შინა წარმართთასა ქრისტეს ეკლესიისა დამაფუძნებელო.
გიხაროდენ, ყოვლითა გულითა შენითა იესუისა, ძისა ღმერთისა, შემყვარებელო.
გიხაროდენ, რომელი გულსმოდგინედ ემსახურე წმიდასა სამებასა ქვეყანასა ზედა.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
ღმრთივმდინარსა ვარსკულავსა ემსგავსე, მოციქულო მარკოზ, რომელმან სიხარულითა გარდაჰფინე იუდაურსა და წარმართულსა ეგვიპტეს ზედა სახარება ქრისტესი და ასწავლე ურწმუნოთა მათ რწმენა წმიდისა ერთარსისა სამებისა, რაითა ერთობით შენ თანა უგალობდნენ მას: ალილუია.
მსგავსად მოსესი, რომელმან ოდესმე აუწყა ძეთა ისრაელისათა ხსნა უღლისაგან ფარაონისა, შენცა წმიდაო მახარებელო მარკოზ, მოციქულთაგან პირველმან ამცნე მცხოვრებთა ეგვიპტეს შინა გათავისუფლება ეშმაკის მონობისაგან; და ამისთვის ჩვენცა, პატივისმცემელნი შენისა ხსენებისა, ლმობილებითა გულისაითა გიგალობთ შენ:
გიხაროდენ, რამეთუ დიდი სიმრავლე იუდეველთა მამა-დედათა, მაცხოვრებელთა ეგვიპტეს შინა, მიუძღვანეს ქრისტესა.
გიხაროდენ, რამეთუ მარცვალნი სახარებისანი დასთესე ქვეყანასა, განმზადებულსა სჯულითა მოსესითა.
გიხაროდენ, მხნეო განვრცობაო და დამტკიცებაო ქრისტეს სარწმუნოებისაო.
გიხაროდენ, შეურყეველო სვეტო ღმერთის ეკლესიისაო.
გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა დამაფუძნებელო ალექსანდრიასა ეგვიპტისასა.
გიხაროდენ, მუნ ჭეშმარიტისა ღვთის-თაყვანისცემისა უშიშარად დამამკვიდრებელო.
გიხაროდენ, მანათობელო მნათობო მართლმადიდებელისა ეკლესიისაო.
გიხაროდენ, შუენიერო სამკაულო ქვეყანასა ზედა ყოვლისა მოდგმისა ქრისტეანეთაო.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
ოდეს იხილე, მოციქულო მარკოზ, მეუფე სამყაროისა და ძე ღმრთისა ხატითა კაცისაითა, შეიყვარე იგი ყოვლითა გულითა შენითა, მიმღებელმან გამოცხადებისა უფლისა პირველმოციქულთაგან; ამისთვის ჩვენცა, აღსაარებისა შენისა შემსმენელნი, ესრეთ ვუგალობთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
გონებათა უგულისხმოთა შემაგონებელი წმიდისა სამებისათვის, მხნედ იბრძოდი შენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, აღსაარებისათვის მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა, ხოლო განიზრახვიდი შენ ანტიოქიით განსლვასა ქადაგებითა ქრისტესითა ერთობით წმიდათა თანა მოციქულთა პავლესითა და ბარნაბაისითა. ამისთვის ყოველთა მართალთა მორწმუნეთაცა აწ ზეცით გვასწავლე ჩვენ გალობაი შენდა მომართ ესრეთ:
გიხაროდენ, საღმრთოისა განგებულებისათვის, შენ ზედა აღსრულებულისა ჟამსა გამოსლვისა შენისა ანტიოქიით.
გიხაროდენ, მიმღებელსა პავლე მოციქულისაგან უვარისა მოგზაურობისა ერთობით მის თანა.
გიხაროდენ, ბიძისა შენისა თანა ბარნაბა მოციქულისა კვი პროსად მიქცეულო.
გიხაროდენ, მშობლიურსა სახლსა შინა შენსა სამოციქულოისა მოგზაურობისაგან დრომდე მოსვენებულო.
გიხაროდენ, ღმრთივგანათლებულო აღმსაარებელო საღმრთოისა გამოუთქუმელისა დიდებისაო.
გიხაროდენ, განხორციელებულისა სიტყვისა ღმრთისა ქადაგებითა ყოვლისა სოფლისა განმაცისკროვნებელო.
გიხაროდენ, სათხეველითა მადლისაითა ამაოებისაგან ამა სოფლისა ჩვენო მომნადირებელო.
გიხაროდენ, ზეციურთა საღმრთოთა სწავლათა სახიერო და ღმრთივუწყებულო გამომთქუმელო.
ღმერთის სასუფეველისა საიდუმლოთათვის ზეგარდმო განსწავლულო, კვალად სრულიად ეგვიპტისათვის კეთილისა უწყებისა მახარებელო, წმიდაო მოციქულო მარკოზ, რომელი პეტრე მოციქულსა მიემთხვიე, აწ ჩვენნიცა სულნი, ცოდვებითა დაბნელებულნი, განანათლენ, რაითა აღვსდგეთ მხნენი და სიხარულითა ვუგალობდეთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
ყოვლითურთ ცეცხლითა ღმრთაებრივისა სიყვარულისაითა აღსავსეო, მოთმინებითა შენითა სულისა წმიდისა მომხვეჭელო, ღმრთისა მიერ აღძრულო და მარჯვენითა შენითა უფლის სახარებისა აღმწერელო, წმიდაო მოციქულო მარკოზ, შენ პეტრესა მოციქულსა შეეყავ ბაბილონს ახალთა ღვაწლთა აღსრულებისათვის, ხოლო ჩვენ, სიყვარულითა შენითა ძლეულნი, აწ კადნიერად აღმოგივლენთ შენ გიხაროდენთა ესრეთ:
გიხაროდენ, პეტრე მოციქულისა გულსმოდგინეო მიმბაძველო.
გიხაროდენ, პირველმოციქულისა ამის თანა ეგვიპტის ბაბილონს ქრისტეს ეკლესიისა დამაფუძნებელო.
გიხაროდენ, რამეთუ მას ტაძარსა შინა დაწერა მოციქულმან პეტრე თავისი პირველი ეპისტოლე მცირეაზიელთა მიმართ.
გიხაროდენ, მეგობარო სამოთხისა მეკარისაო, რომელმან მიუგო მაცხოვარსა, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა.
გიხაროდენ, რომელი თანამოძმედ ექმენ მოციქულსა, ცათა სასუფეველისა კლიტეთა მპყრობელსა.
გიხაროდენ, თვით ცხოვრებითა შენითა ქრისტეს სახარებისა განმახორციელებელო.
გიხაროდენ, ნათელსა საღმრთოთა საიდუმლოთა საიდუმლოდ მიმთხვეულო.
გიხაროდენ, ღმრთისა სიტყვათა გულსმოდგინეო განმმარტებელო.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
ძალითა ღმრთისაითა მაღლით შემოსილო მოციქულო მარკოზ, არა შეგეშინა შენ ბოროტთა მდევნელთაგან წმიდისა სარწმუნოებისათა, ოდეს სახარებისა ქადაგების პავლე მოციქულის ღვაწლნიცა გაიზიარე, აღსრულებულნი მის საპყრობილესა შინა; და ესრეთ ხმითა ძალმოსილითა განადიდებდი შენ სარწმუნოებასა ქრისტესსა, მგალობელი ღმრთისა მიმართ: ალილუია.
მრავლისმეტყველთა მჭევრთა რიტორთა ვერ უძლონ გამოთქუმად სიწმიდისა მის სულიერისა, რომლითაცა შემოსილ იყავ შენ, წმიდაო მოციქულო – მარკოზი; და აწ ჩვენცა გვასწავლე რწმუნება მტკიცედ, რომელნი სიყვარულით გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, რომლისათვის პავლე, ჟამსა პყრობილებისა თვისისასა მიუწერდა კოლასელ მორწმუნეთა, ვითარცა ნუგეშინისმცემელისა თვისისა.
გიხაროდენ, მის მიერვე თანამოღვაწედ თავისა წოდებულო სასუფეველისათვის ღმრთისა.
გიხაროდენ, მოციქულისა თხოვნისა – წარსლვისათვის ჰრომით მცირესა აზიას – მორჩილად აღმსრულებელო.
გიხაროდენ, ამისთვის ფრიგიისა ქალაქ კოლოსად მისრულო.
გიხაროდენ, კოლოსელ მორწმუნეთა მაცთუნებელ ცრუმოძღვართა უშიშარად წინააღმდგომო.
გიხაროდენ, იუდეველთა და ელინთა ბრძენო განმანათლებელო.
გიხაროდენ, ქრისტეს სამდღისა სიკუდილისა და მისი მკუდრეთით აღდგომისა მახარებელო.
გიხაროდენ, სიმშვიდისა, მორჩილებისა და კეთილკრძალულებისა ღმრთივგანბრძნობილო მასწავლებელო.
v
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
გსუროდა რაი ცხორებაი კაცთა ნათესავისა, მოციქულო მარკოზ, თავად დაადექ ბილიკთა ღმრთისათა მახარებელად ქრისტესა და დასასრულადმდე ცხოვრებისა შენისა ექმენ გულსმოდგინე მორჩილად მოციქულსა პავლესა, მარადის მგალობელი ყოვლადწმიდისა მიმართ სამებისა: ალილუია.
ზეციურსა მეუფესა, რომლისა მიმართ მარადის დიდებისმეტყველებენ ქერუბიმნი და სერაბიმნი, ყოვლად გულსმოდგინე მსახური ექმენ ცხოვრებითა, სარწმუნოებითა და სიყვარულითა შენითა, წმიდაო მოციქულო მარკოზ, რომელი მოციქულთა თავისა პავლეს მიერ მოწოდებულ იქმენ უწინარეს აღსრულებისა მისისა საპყრობილესა შინა; ამისთვის ჩვენცა სიხარულით გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ტიმოთეს მიმართ პავლე მოციქულისა ეპისტოლეს აღმსრულებელო.
გიხაროდენ, მოციქული ტიმოთესა თანა მცირე აზიით ჰრომს პავლე მოციქულისა შეწევნად მსწრაფველო.
გიხაროდენ, მოწამეობრივისა აღსასრულისა ორთავ მოძღვრისა შენისა თვითმხილველო.
გიხაროდენ, ჟამსა თავის კვეთისა დიდისა მოციქულისა პავლესი, ჰრომის მოქალაქისა, მუნვე მყოფო.
გიხაროდენ, მოციქულთა თავისა პეტრეს, ჯვარსა ზედა თავდაღმა მიმსჭვალულისა, მჭურეტელო.
გიხაროდენ, ხორცთა თვისთა ვნებად უფლისა შენისა სიხარულით განმამზადებელო.
გიხაროდენ, ცხარეთა ცრემლთა ცოდვათათვის კაცთასა წინაშე უფლისა დამღურელო.
გიხაროდენ, მოძღვართა შენთა – პეტრეს და პავლეს ღმრთისა სასუფეველში შემთხვეულო.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
გალობასა ყოვლადწმიდისა სამებისა მიმართ პირველმოციქულთა თანა აღავლენდი, წმიდაო მოციქულო მარკოზ, და ყოვლითურთ თავსა თვისსა სიტყვით, გონებითა და ცხოვრებით უფალს მსხვერპლად შესწირვიდი: რამეთუ მიმბაძველმან ჩვენთვის ჯვარცმულისა უბიწო კრავის – ქრისტესი, სული თვისი ნებსით დასდევ მეგობართათვის შენთა. ამისთვის მადლობელნი ვუგალობთ მაღალსა ღმერთსა, საკვირველსა წმიდათა შორის თვისთა: ალილუია.
უკანასკნელ ჟამადმდე ცხოვრებისა შენისა ისწრაფვოდი, მოციქულო მარკოზ, სწავლად კაცთათვის სიყვარულისა უფლისა და სიტყვისა ღმრთისასა, და ამისთვის კვალად ეგვიპტედ წარჰმართე ფერხნი შენნი შემდგომად მოკვდინებისა მოძღვართა შენთა, რამეთუ განანათლებდი მუნ გულთა მართალთასა და ყოველთა დაჰმოძღურიდი გულისხმის-ყოფისათვის ღმრთაებრივისა; აწ ჩვენცა გვასწავლი სიხარულითა გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ეგვიპტედ მსწრაფველო კეთილმოწყობისათვის შენ მიერ აგებულისა მუნ ტაძრისა.
გიხაროდენ, ალექსანდრიისა სახელგანთქმულსა წიგნთსაცავსა შინა თავმოყრილისა ბერძნულისა სიბრძნისა ქრისტეს სადიდებელად გამომყენებელო.
გიხაროდენ, ბერძნულთა სწავლებათაგან გატაცებულ იუდეველთა ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა შემეცნებად მომყვანებელო.
გიხაროდენ, ალექსანდრიას შინა ქრისტიანულისა სასწავლებელისა დამაფუძნებელო.
გიხაროდენ, სასწავლებელისა ამის ეკლესიის სახელგანთქმულთა მოძღვართა და მამათა მიერ განმადიდებელო.
გიხაროდენ, საეკლესიო მსახურებათათვის მზრუნველობითა ღმრთაებრივისა ლიტურგიის წეს-განგებისა შემდგენელო.
გიხაროდენ, ალექსანდრიით გზისა შენისა ქრისტეს საქადაგებლად აფრიკას, ლიბიასა და სხვათა ენათა მიმართ წარმმართველო.
გიხაროდენ, რამეთუ ეგვიპტეს შინა ქადაგებანი შენნი, ვითარცა დედისა სძე ჩვილთა ყრმათა, ერგებოდა ახლადმოქცეულ ქრისტეანეთა.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
მადლი ღმერთისაი გფარვიდა შენ, მოციქულო მარკოზ, ოდეს მსგავსად პეტრესი და პავლესი ქადაგებდი სახარებასა, ნუგეშინის-სცემდი მართალთა მორწმუნეთა სიტყვითა ქრისტესითა, და ესრეთ დამწყსიდი ეკლესიასა მისსა თვით იმ დღედმდე, ოდეს გაბოროტებულნი წარმართნი შემოიჭრნენ ტაძარსა მას შინა, რაითა წარგწყმიდონ, ხოლო შენ დაუღალავად უღაღადებდი ღმერთსა: ალილუია.
ვუგალობთ რა მრავალთა მძიმეთა დაშვრომათა და ღვაწლთა შენთა, ყოვლადქებულო მოციქულო მარკოზ, ვაქებთ სამახარებლო შრომათა შენთა, ნეტარ-ვყოფთ მოწამეობრივსა აღსასრულსა შენსა, თაყვანის-ვსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა და აღმოგივლენთ დამსახურებულთა ქებულებათა, მღაღადებელნი ესრეთ:
გიხაროდენ, ალექსანდრიისა ეკლესიის პირველო ეპისკოპოსო.
გიხაროდენ, შენს მიერ დაფუძნებულისა ალექსანდრიის ეკლესიისა პირველმოწამედ გამოჩინებულო.
გიხაროდენ, ელინთა ღვთაების – სერაპისის – წმიდასა აღდგომას დამამხობელო.
გიხაროდენ, ჟამსა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისასა კერპთმსახურ ელინთაგან წამებულო.
გიხაროდენ, უფლისა ანგელოზის მიერ საპყრობილესა შინა მოწამეობრივისა ღვაწლისათვის განძლიერებულო.
გიხაროდენ, მტარვალთაგან სასტიკად ნაგვემო, ანგელოზისა შემდგომად თვით უფლისაგან ნუგეშინის-ცემულო.
გიხაროდენ, მეორესა დღესა წარმართთა სასტიკ ბრბოსაგან ქალაქის ფოლორცთა შორის ნათრევო და სულისა ტანჯვითა განმტევებელო.
გიხაროდენ, რამეთუ სხეული შენი არა უტევა უფალმან დაწვად წარმართთა, არამედ მეხის დაცემითა ჰსწავლა ბოროტნი ელინნი, და დაფლვისათვის ყოვლადწმიდისა სხეულისა შენისა აკურთხა ქრისტიანნი.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
ჰოი, ყოვლადქებულო მოციქულო მარკოზ, კეთილისა უწყებისა მაცნეო და მახარებელო! შეისმინე აწ სულთთქმანი გულთა ჩვენთანი, მხურვალედ მლოცველთა შენდა მომართ, მოძღვარო და მწყემსთმთავარო ჩვენო, რამეთუ წმიდათა მოციქულთა ლოცვა მრავლისა შემძლებელ არს წინაშე ღმრთისა: აწ ჩვენცა გვასწავლე გულსმოდგინება ხსოვნისათვის ზეციურისა წოდებისა ჩვენისა და მოგვმადლე ქრისტიანული აღსასრული ქვეყნიურისა ცხოვრებისა ჩვენისა, მიგვიყვანე ჩვენ სიტკბოებად სახარებისა ჭეშმარიტებისა და კრულ-გვყავ საკრველებითა ქრისტეს სიყვარულისაითა, რაითა განვეშოროთ უკეთურებასა და ქვეყნიურ შვება-სიამეთა, და შევიდეთ სიხარულსა უფლისა ჩვენისასა, სიხარულითა მგალობელნი მისა მიმართ შენ თანა და ყოველთა წმიდათა მოციქულთა თანა: ალილუია..
ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1
სამყაროისა შემოქმედმან, ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან, ჰსუროდა რაი უხრწნელითა ნათლითა განათლებად წყვდიადსა შინა შთაფლულისა კაცობრიობისა, შენ, ნეტარო მოციქულო მარკოზ, ქალაქსა შინა იერუსალიმსა, დედისა შენისა მარიამის სახლითგან მოგიწოდა მსახურებად თვისა, აღსრულებად სახელითა ჯვარცმულისა ქრისტესითა საქმისა ჩვენისა ცხოვნებისა მრავალთა მხარეთა შორის იუდეველთა და ელინთა, და წარგგზავნა შენ და ყოველნი მოციქულნი თვისნი ქადაგებად ღმრთისა ძალისა და საღმრთოისა სიბრძნისა ყოველთა კაცთათვის სოფელსა შინა. ამისთვის ჩვენცა, გაცისკროვნებულნი ნათლითა ღმრთაებრივისა მოძღვრებისა შენისა, ესრეთ გიღაღადებთ გულითა და ბაგითა:
გიხაროდენ, იუდეველთა მუხლისაგან ლევისა აღმოცენებულო.
გიხაროდენ, ტომისაგან სამღვდელოთასა თავად ღმრთისა მიერ გამორჩეულო.
გიხაროდენ, სახლსა შინა დედისა შენისა მარიამისასა შესავედრებელსა ამას ყოველთა მოციქულთასა – საღმრთოისა ნათელისა მხილველო.
გიხაროდენ, ჰებრაულითა სახელითა იოანესითა შობითგან წოდებულო, ხოლო ლათინურისა სახელისა მარკოზისა სადიდებელად ღმრთისა მიმღებელო.
გიხაროდენ, წეს-ჩვეულებათა მშობელთა და წინაპართა შენთა პატივის-მცემელო.
გიხაროდენ, სიყრმითგან შენით ჭეშმარიტისა სიწრფელისა და უბრალოებისა შემყვარებელო.
გიხაროდენ, სიჭაბუკითგან შენით მრავლითა სათნოებებითა შემკულო.
გიხაროდენ, სარწმუნოებად და სასოებად ღმრთისა ჩვენო მომწოდებელო.
გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
ყოვლადდიდებულ თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ღირსეულო თანამოსაგრეო, წმიდაო მოციქულო მარკოზ, რომელმან უფლისა მადლის ნაკადებითა უხვებით დაარწყულე ვრცელნი კიდენი სოფლისანი, მოიხილე აწ ჩვენ, შენისა ხსოვნისა გულსმოდგინედ პატივის-მცემელთა ზედა და განამტკიცე გულნი ჩვენნი მამობრივითა სარწმუნოებითა, აღგვავსე ჩვენ სულითა სიბრძნისაითა, გვასწავლე გულისხმისყოფა და მოგვაქციე მოწაფეებად შენდა, რაითა მარადის აღმოგივლენდეთ მადლობისა გალობასა და ლმობილებითა გულისაითა ესრეთ გხადოდეთ შენ: გიხაროდენ, წმიდაო მოციქულო მარკოზ, სახარებასა შინა ქრისტეს მხნეო მქადაგებელო.
ჰოი, ყოვლადდიდებულო მოციქულო და მახარებელო მარკოზ, სულისა შენისა ქრისტესთვის დამდებელო და სისხლითა შენითა ხოდაბუნებისა მისისა განმაპოხიერებელო! მოიხილე აწ ჩვენ, მრავალცოდვილთა ზედა შვილთა უფლისათა, რომელნი აქა მდგომარენი ვართ და აღმოგივლენთ შენ წრფელთა ლოცვათა და სულთთქმათა ჩვენთა გულთაგან შემუსრვილთა და დამდაბლებულთა. რამეთუ აჰა ესერა უსჯულოებათაგან ჩვენთა დაბნელებულ ვართ და ამისთვის უბედურებათაგან, ვითარცა შავბნელ ღრუბელთაგან, გარემოცულნი მოვაკლდებით ზეთსა კეთილისა ცხოვრებისასა და ესრეთ დაგლახაკებულნი ფრიად, ვერღა უძლებთ წინააღდგომად სულიერთა მათ მგელთა მტაცებელთა, რომელნი კადნიერად ისწრაფიან წარგვტაცონ ჩვენ ღმრთაებრივი მემკვიდრეობა.
ჰოი, ყოვლადქებულო მოციქულო და მახარებელო მარკოზ! განგვანათლე ჩვენ ნათლითა უფლის წმიდისა სახარებისაითა, შეგვაგონე ჩვენ აღხოცვისათვის უძლურებათა ჩვენთა, შეგვეწიე, რაითა არა განვეშოროთ უფალსა მაცხოვარსა ჩვენსა და უკანასკნელ არა მოვაკლდეთ სიყვარულსა ღმრთისასა, არამედ ძლიერითა ხელის-აღპყრობითა შენითა დაგვიცევ და დაგვიფარე, რაითა შეგვიწყალოს უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტემან ყოველნი ესე ლოცვებითა შენითა, შეგვაგონოს ღმრთაებრივითა სიტყვითა თვისითა, აღხოცოს ხელით-წერილი ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა და ღირს-გვყოს ჩვენ ყოველთა წმიდათა მოციქულთა თანა სიხარულით ვუგალობდეთ ნეტარსა შინა სასუფეველსა ღმრთისასა ყოვლადწმიდასა და განუყოფელსა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, წმიდაო დიდო სათნომყოფელო ღმრთისაო, მოციქულო მარკოზ, წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მხნეო თანამოსაგრეო! გევედრებით აწ ესე ცოდვილნი მონა-მხევალნი შენნი: წმიდითა ლოცვებითა შენითა წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გვიხსენი და დაგვიფარე ჩვენ ეშმაკისმიერ საცთურთაგან და ცოდვისა დაცემათაგან; მითხოვე ზეგარდამო შეწევნა ჟამსა ამას მცირედ მორწმუნეობისა ჩვენისა, რაითა არა დავბრკოლდეთ და არა დავეცნეთ, არამედ მარადის მხნედ და რწმენით, სიყვარულითა და სასოებით ვიდოდეთ მაცხოვნებელითა გზითა უფლის მცნებებისათა, მხნედ წინა-აღვუდგებოდეთ და უვარვყოფდეთ მსახურთა ანტიქრისტესთა ჟამსა ამას მოახლოებულისა დასასრულისა სოფლისასა. ჰოი, წმიდაო მოციქულო ქრისტესო! გევედრებით ცოდვილნი ესე, იტვირთე უძლურებანი ჩვენნი, ნუ განგვეშორები სულითა ჩვენგან, და ჩვენცა არა სრულიად განვეშორნეთ სიყვარულისაგან ღმრთისა, არამედ მტკიცითა მეოხმყოფელობითა დაგვიცევ ჩვენ, რაითა უფალმა ყოველნი შეგვიწყალოს ლოცვითა შენითა და წარხოცოს ხელით-წერილნი უსაზომონი ცოდვანი ჩვენნი. კვალად მდაბლად გევედრებით, ჰოი წმიდაო მოციქულო და მახარებელო ქრისტესო მარკოზ: წმიდითა ლოცვებითა შენითა მეოხ-ეყავ, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ეკლესიისა ჩვენისა, ჭეშმარიტი აღმსაარებელი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მამაი ჩვენი ილია, მოსაყდრე მისი მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი შიო, ყოველნი წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ-ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და პატიოსანნი სამღვდელონი, მართალნი დიაკონნი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი წმიდისა მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი, წილხვდომილი ყოვლადწმდისა ღვთისმშობელისა, სიმშვიდითა და უშფოთველობით დაიცევ ჟამსა ამას წინარე ანტიქრისტეისსა. შეისმინე ჩვენი, წმიდაო მოციქულო ქრისტესო მარკოზ, და ევედრე უფალსა ღმერთსა ჩვენსა, რაითა მეოხ-მყოფელობითა შენითა მოჰმადლოს ერსა ჩვენსა მშვიდობა და კეთილ-აღმშენებლობა მამულისა ჩვენისა, გამთლიანება და გაძლიერება მისი, ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა განმტკიცება ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა, კეთილმსახურებასა და სიწმიდესა შინა, რაითა შევინანოთ ნებსითნი და უნებლიეთნი შეცოდებანი ჩვენნი, განვიწმიდნეთ ყოვლისაგან ბიწისა ცოდვისათა და ღირსეულად მივეგებოთ მეორედ დიდებით მომავალსა უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოით მამით მისით და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ აწ და მარადის და დაუსრულებელ საუკუნეთა შინა. ამინ.
წმიდაო მოციქულო ქრისტესო და ბრძენო მახარებელო მარკოზ, რომელი წმიდათა მოციქულთა თანა ქადაგებდი სახარებასა, ევედრე ქრისტესა, მაცხოვარსა ჩვენსა, რაითა კლდესა ზედა ჭეშმარიტებისასა დაგვამკვიდროს ჩვენ და სულთა ჩვენთა მსვლელობა წარმართოს ჭეშმარიტებისაკენ, მოგვიტევოს შეცოდებანი ჩვენნი და ნათლითა სახარებისაითა განანათლოს გზანი ჩვენნი საცხოვნებელად.
მოციქულთა თავსა პეტრესა დამოწაფებული, ქრისტეს მოციქულად იქმენ და ვითარცა მზე აღმოუბრწყინდი ქვეყანათა მრავალთა, ალექსანდრიისა ნეტარო განმაპოხიერებელო: შენ მიერ ეგვიპტე საცთურისაგან განთავისუფლდა, რამეთუ სახარებისა შენმიერითა სწავლითა ყოველნი განანათლე, სვეტო ეკლესიისაო. ამისთვის ნათლად ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა, წმიდაო მარკოზ, ხმაო ღმრთისაო და ესრეთ გხადით: ევედრე შენს მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რაითა მოტევება შეცოდებათა მოჰმადლოს სულთა ჩვენთა.
ჰოი წმიდაო მოციქულო და მახარებელო მარკოზ, ევედრე ყოვლადმოწყალესა ღმერთსა, რაითა შეცოდებათა მოტევება მოანიჭოს სულთა ჩვენთა.
მაღლით მოიღე მადლი სულისა წმიდისა, ყოვლადდიდებულო მოციქულო მარკოზ და რიტორთა ამაოთა ცრუბრძნობანი განაქარვე, რომელმან ყოველნი წარმართნი მოინადირე და მოუყვანე მეუფესა შენსა, იესუ ქრისტესა, დაუღალავად მქადაგებელმან წმიდისა ღმრთაებრივისა სახარებისა.
გადიდებთ შენ, წმიდაო მოციქულო ქრისტესო და მახარებელო მარკოზ, და პატივს-მივაგებთ სალმობათა და ღუაწლთა შენთა, რომლითაცა დაშურებოდი სოფლად ხარებითა ქრისტესითა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.