ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ზესთამბრძოლ ძალთა ზეციურთა სიხარულო და ქებულებაო, ხოლო ყოველთა კაცთა მოდგმისა კეთილად წარმართებაო, გნატრით შენ ყოველნი მორწმუნენი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო დედაო, ხოლო შენ, ვითარცა ხარ ერთი მხოლოი სასოება ჩვენი, გარდამოგვივლინე სულთა ჩვენთა ლხინება მადლმოსილი, რაითა ესრეთ გიგალობდეთ შენ, პატივისმცემელნი ამა საკვირველისა ხატისა შენისა: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ანგელოსთა დასნი განკვირვებულ არიან, ოდეს ჭურეტენ წმიდასა ხატსა შენსა ათონისასა, რომელსა ზედაცა, ყოვლადწმიდაო ქალწულო და დედაო ღმრთისაო, უხრწნელითა ხელითა შენითა მშვიდად განიშორებ ბაგეთაგან შენთა უხრწნელსა მარჯვენესა ღმრთაებრივისა ყრმისა შენისასა. რაი არს სასწაული ხატისა ამის? ხოლო ჩვენ ვისიტყვებთ ამისთვის, მგალობელნი შენდა მომართ ესრეთ:
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, დედაო უზენაესისაო.
გიხაროდენ, საკვირველო სამოთხეო მადლისაო.
გიხაროდენ, სიხარულო ჩვენო ზეცისაო.
გიხაროდენ, კაცთათვის სასოებაო სარწმუნოო.
გიხაროდენ, რამეთუ წმიდა ხატი შენი ხსნასა აუწყებს ყოველსა ქვეყანასა.
გიხაროდენ, რამეთუ მზერა შენი ნუგეში არს გიებულთათვის ხრწნილებასა შინა.
გიხაროდენ, ნათელო ზეციურო, წყუდიადისა დღეთა ჩვენთა ქვეყნიერთა განმაცისკროვნებელო.
გიხაროდენ, შუენიერო ყვავილო უხრწნელო, ხრწნილებისა საქმეთა ჩვენთა კვალად განმაცხოველებელო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ ლოცვათა და ვედრებათა ყოვლისა ქვეყანისათვის მიართუმევ ძესა შენსა.
გიხაროდენ, რამეთუ ტფილითა ლოცვებითა შენითა მნთებარე ხარ ვითარცა ლამპარი მგზნებარე.
გიხაროდენ, რამეთუ ყოველნი მორწმუნენი სიხარულითა გიღაღადებთ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ გალობითა სახარულევანითა გიგალობთ შენ.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
გონებასა ქვეყნიერსა არა ძალ-უც წვდომად და გულისხმის-ყოფად დიდისა საიდუმლოისა შენისა, ყოვლადუბიწოო ღმრთივნეტარო ქალწულო მარიამ, რამეთუ შენ, უმანკოსა წიაღსა შენსა სულისა წმიდისა მოქმედებითა უთესლოდ მიმღებელმან მამისა სიტყუისა, ღმერთი კაცსა შეაუღლე და აწ ჩვენ, ყოველთა მორწმუნეთაცა, გვიბრძანებ გალობად ღმრთისა მიმართ: ალილუია.
წმიდასა მთასა ათონისასა, ძისა მიერ შენდა წილხვედრად მომადლებულსა, საფარველითა შენითა ზეგარდამო იფარავ, წმიდაო ქალწულო, საკვირველად იცავ მას ყოველთაგან უბედურებათა და განსაცდელთა, რამეთუ მადლმოსილთა ხატთაგან შენთა აღსრულებულნი სასწაულნი საკვირველად განადიდებენ ყოველთა სავანეთა ათონისათა. ამისთვის ღაღადებანი ღირსთა მამათა მისთა ესრეთ გაქებენ და გადიდებენ შენ:
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, ლხინებაო და შვებაო ჩვენო მწუხარებათა შინა.
გიხაროდენ, მალიად შემსმენელო ჩვენო გლოვათა შორის.
გიხაროდენ, მოგზაურთათვის მზრუნველო ოდიგიტრიავ გზისა მაჩვენებელო.
გიხაროდენ, წმიდათა ტაძართა კარიბჭეთა სარწმუნოო მცველო და მეკარეო.
გიხაროდენ, განსაცდელთაგან სასოწარკვეთილთათვის საღმრთოისა შეწევნისა კეთილო წინათმაუწყებელო.
გიხაროდენ, ყოველთაშენდა სარწმუნოებით მომლტოლვარეთათვის სანდოო ნუგეშინისმცემელო.
გიხაროდენ, სიმდიდრეო უპოვართათვის, მენელსაცხებლე დედაო.
გიხაროდენ, დაუჯდომელისა ლოცვისა ნიადაგ პატივის-ცემით მკითხველთათვის საიდუმლოდ სათნო-მყოფელო.
გიხაროდენ, სენაკსა შინა მოხუცებულისა ბერისათვის გიხაროდენისა საკვირველად მთქმელო.
გიხაროდენ, ცხოვრების მომნიჭებელო დედაო.
გიხაროდენ, რამეთუ ღირს ხარ მარადის გიგალობდეთ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა მორწმუნეთა თანა-გვაც მარადის ნეტარ-გყოფდეთ შენ.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ჰევაისა ამპარტავნებითსა ცთუნებასა სრულიად განაქარვებს თვალსა შინა მოწყალე უფლისასა მდაბალი სიტყვა ქალწულისა – „მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ და აჰა ესერა ძე ღმრთისა ძედ ქალწულისა იქმნების და ღმერთი უსაზღვრო და მიუწვდომელი კაცთა შორის დამკვიდრდების; ამისთვის ჩვენცა მადლობისა გალობასა აღვუვლენთ დაუდუმარითა ბაგითა მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
კრებულ გუნდად ადგანან თავს ზღვასა სიწმიდენი ათონისანი, გაბრწყინვებულნი წინაშე ღმრთისა ნათლითა ლოცვებისაითა, და დიდებულებაიცა შენი, ღმრთისა დედაო, განცხადებულად განაცისკროვნებს წმიდათა მწვერვალთა ათონისათა, ყოველსა ჟამსა მომწოდებელი გალობისათვის ყოველთა მეუდაბნოეთა მისთა, რომელნი მარადის ესრეთ გიგალობენ შენ:
გიხაროდენ, სანუკვარო დიდებულებაო უდაბნოთაო.
გიხაროდენ, საკვირველებაო სიმაღლეთა ცისქვეშეთისაო.
გიხაროდენ, სასურველო საჩრდილობელო მაღალთა მთათა და მწვერვალთაო.
გიხაროდენ, კურთხევაო კლდეთა და ფრიალოთაო.
გიხაროდენ, რომელი წარგვიმართავ გზათა აღმომყვანებელთა ჩვენთა ზეცად.
გიხაროდენ, რომელი სამოთხესა უხრწნელისა გაზაფხულისასა განგვიხვნი ჩვენ.
გიხაროდენ, შუენიერო შროშანო ამა სოფლისაო, სიხარულითა ჩვენთვის კეთილსუნნელო.
გიხაროდენ, ყუავილო უცხოო, მარადის მდინარო სიტკბოებაო.
გიხაროდენ, ნათელო აღმოსავლისაო, ღელეთა ქვეყანისათა განმაცისკროვნებელო.
გიხაროდენ, ცხოვრებისა ნაკადო, ცხოველისა წყალისა წარმომადინებელო.
გიხაროდენ, ღაღადებაო დაუდუმართა ლოცვა-ვედრებათაო.
გიხაროდენ, მტკიცეო ფარო ქვეყნად საღმრთოთა საყოფელთაო.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ჩვენ – კაცთა მოდგმისათვის, თუ ვითარ გვიხსნა და გვაცხოვნო, მდგომარე ხარ, წმიდაო ქალწულო, ლოცვებითა შენითა, წინაშე უტკბილესისა ძისა შენისა; ჰოი დედაო სახიერო, შვებაო და ლხინებაო კაცთათვის, შენ ჰხედავ უფსკრულსა სასტიკთა ცოდვათა ჩვენთა, ხოლო ჩვენ, მთხრებლსა განხრწნისასა შთავარდნილნი, ვერღა კადნიერ ვართ ზე-აღხილვად თვალთა ჩვენთა და გალობად ღმრთისა მიმართ მაღლისა: ალილუია.
საკვირველითა ხატითა ყოვლადწმიდისაითა, ძველთაგანვე სახელდებულისა ლხინებად, განიდიდების სავანე ვატოპედისა მთასა ზედა ათონისასა. მისთვის გარდამოცემა მადლმოსილსა საკვირველსა თქმულებასა გვინახავს ნეტარისა მოძღვარი ბერისა სადიდებელად ხელის აღმპყრობელისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, რაითა მსმენელნი გარდამოცემისა ამის ესრეთ ვუგალობდეთ სიხარულით ყოვლად-წმიდასა დედასა ჩვენსა:
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა ლხინებაო და მანუგეშებელო.
გიხაროდენ, მართალთა მორწმუნეთათვის დამცველო ზღუდეო შეუვალო.
გიხაროდენ, სასწაულთა სასწაულო გამოუთქუმელო.
გიხაროდენ, ცათა ცაო საკვირველად გაბრწყინვებულო.
გიხაროდენ, განმხოლოებისა მოყვარულთათვის წმიდათა სურვილთა უფსკრულო.
გიხაროდენ, უშფოთველობისა მეძიებელთათვის სამოთხეო სასურველო.
გიხაროდენ, რამეთუ შენით განცხოველდების ყოველი სული.
გიხაროდენ, რამეთუ შენით აღდგების მოკვდინებული გონება.
გიხაროდენ, სარწმუნოებისა მგზნებარეო ღუმელო, რომლითაცა ურწმუნოებაი დადნების.
გიხაროდენ, ძალო საიდუმლოო, რომელი ხრწნილებისაგან აღგვადგინებს.
გიხაროდენ, დიდებაო განდეგილთა მათ მღვიძარეთაო.
გიხაროდენ, ძლიერებაო ბერ-მონაზონთა მათ ფხიზელთაო.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
რომელმან ყოველსა სოფელსა უშევ ცხოვრებაი და ჩვენცა გამოგვივლინე უფსკრული წყალობათაი, ჰოი ქალწულო ყოვლადწმიდაო, შენ უნათლესითა თვალითა სჭურეტ უფსკრულსა მწუხარებათა ჩვენთა და გესმის ხმანი ყოველთა სულთქმათა ქვეყანისათა; ამისთვის მალიად ისწრაფი შეწევნად ჩვენდა და გვასწავლი ჭეშმარიტებით გალობასა ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიმართ: ალილუია.
მოწყურებულნი ოქროსა და სისხლსა, ბნელსა ღამესა კადნიერად გარე-მოუხდენ ავაზაკნი ზღვით წმიდასა სავანესა, რაითა ნიად განთიადსა განაღონ კარნი სავანისანი, მოსრან პატიოსანნი ბერნი და წარიტაცონ სიწმიდენი მონასტრისანი. ხოლო შენ, დაუძინარო მცველო წმიდათა სავანეთაო, საკვირველად დაიცევ წილხვედრი შენი მთაი ათონისაი, რაითა გიგალობდნენ შენ ყოველნი ბერნი ესრეთ:
გიხაროდენ, ვატოპედისა სავანისა ლხინებაო.
გიხაროდენ, მტრისა მანქანებათა დაბრკოლებაო.
გიხაროდენ, ბოროტთა განზრახვათა მისთა მხილებაო.
გიხაროდენ, სასტიკთა მტერთა მაოტებელო.
გიხაროდენ, რამეთუ დაუძინარი მხსნელი ხარ წილხვედრისა შენისა.
გიხაროდენ, რამეთუ განგვარინებ ჩვენ შავბნელ ღრუბელთა ისართა სიკვდილისათა.
გიხაროდენ, ძლიერებაო პატივისმცემელთათვის სიწმიდისა საკვირველთა ხატთა შენთა.
გიხაროდენ, სვეტო დიდებისაო მგალობელთათვის მრავალთა საკვირველთა სასწაულთა შენთა.
გიხაროდენ, მშვიდთა გამარჯვებაო და ამპარტავანთა ძლევა-შემუსრვაო.
გიხაროდენ, მართალთა დაცულობაო და ცრუთა სირცხვილეულ-ყოფაო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ ხარ მესაჭე გზა-შეცთომილთათვის.
გიხაროდენ, რამეთუ შენ ხარ გუნდრუკი ლოცვათა ჩვენთათვის.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ქალწულებრივი მზერა შენი, სახიერო დედაო, სიყვარულისა და უხვებათა ნაკადებს წარმოგვიდინებს ჩვენ, რამეთუ შენ გვიფარავ გამოსვლათა შინა და შესვლათა შორის ჩვენთა; შენ იხსნი მართალთა ხმელსა ზედა და ზღვასა შინა, უკუეთუ ოდენ ნაბერწყალიცა სინანულისა განკრთების გამოღვიძებულსა გულსა შინა მორწმუნისასა, რაითა მარადის უგალობდეს მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
ოდეს აღავლინეს ბერთა საზოგადონი ლოცვანი ჟამსა ცისკრისასა, წარვიდენ სენაკებად თვისად თვისად ვიდრე ლიტურგიადმდე, ხოლო წინამძღვარი იგი სავანისაი დაშთა ტაძარსა შინა მხოლოი და ილოცვიდა მუნ ოდეს ესმა ანაზდად ხატისაგან შენისა, ლხინებად – მანუგეშებელად წოდებულისა, ხმა შენი საკვირველი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, რომელი ეტყოდი მას: „კარნი სავანისანი დღეს არა განახვნათ!“ ამისთვის თრთოლვამ მოიცვა მოხუცებული იგი ბერი და ესრეთ გიღაღადებდა შენ, დედასა უფლისასა:
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, რამეთუ ხარ მცველი დიდისა სიწმიდისა ამის.
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, რამეთუ სახლსა შენსა იხსნი შენ დღეს.
გიხაროდენ, დამცველო ფარო სავანისაო დღისით და ღამით.
გიხაროდენ, საშინელო მტერთათვის ჩვენთა მრავლითა ძალითა ღმრთისაითა.
გიხაროდენ, რამეთუ მოწყალებითა შენითა ხარ შემბრალებელი ცოდვილთა.
გიხაროდენ, რამეთუ მოსწყლავ ყოველთა ძლიერთა ქვეყანისათა, აღდგომილთა ჩვენ ზედა.
გიხაროდენ, გვირგვინო ძლევისაო, ნიშო მშვიდობისაო.
გიხაროდენ, კვერთხო ძლევისაო, აღთქუამაო დიდებისაო.
გიხაროდენ, წმიდაო იაგუნდო, მსგავსო ზეციურისა ხილვისაო.
გიხაროდენ, ნათელო საყდარო და ეტლო მეუფისაო.
გიხაროდენ, რამეთუ ხმა შენი მარადის ტკბილად სასმენელ არს.
გიხაროდენ, რამეთუ პირისახე შენი ფრიად შუენიერ სახილველ არს.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
აჰა ესერა ძე კაცისაი ახლოს არს და საშინელიცა სამსჯავრო მისი კართა თანა, გვამცნებს ჩვენ ხმა ღმერთშემოსილთა წერილთა, გარნა ჩვენ, ცოდვილნი ესე, არა გულსმოდგინებთ დასასრულისათვის, არამედ ვმცონარებთ და მრისხანეთა სიტყვათა-ღმრთისათა არა შევისმენთ, რამეთუ ამაოებასა შინა შთაფლულვართ ყოველნი, ბრალეულნი ნებელობითა ჩვენითა, გარნა სარწმუნოებითა და სიყვარულითა მოგეახლებით შენ, ღვთისა დედაო, და ვუღაღადებთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
თრთოლვითა აღიხილავს მოხუცებული წინამძღვარი სავანისაი თვალთა თვისთა წმიდისა ხატისა მიმართ და ხედავს: აჰა ესერა სახენი მას ზედა განცოცხლდებიან, და მრისხანე ყრმა იესუ ხელითა თვისითა ბაგეთა დაუხშავს ქალწულსა, რეცა მეტყველი: ჰოი, დედაო, ნურაფერს ეტყვი მათ დაე, დაისაჯონ! ხოლო შეძრწუნებული მოხუცებული ესრეთ უგალობს ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა:
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, დედუფალო ყოვლისა სამყაროისაო.
გიხაროდენ, სახიერო ქალბატონო ზეცისაო.
გიხაროდენ, რამეთუ დააცხრობ რისხვასა ღმრთისასა.
გიხაროდენ, რამეთუ განგვარინებ ჩვენ საშინელ სამსჯავრსა და საშჯელსა მისსა.
გიხაროდენ, დედაო ყოვლადმოწყალეო, მარადის მხსნელო ჩვენო უბედურებათაგან.
გიხაროდენ, მადლმოსილო შეწევნაო, სასოებაო ყოველთა სულთათვის.
გიხაროდენ, რამეთუ მსწრაფლ განაგდებ მწუხარებათა ჩვენთა.
გიხაროდენ, რამეთუ საკვირველად განჰკურნავ სნეულებათა ცოდვილთა.
გიხაროდენ, მსგავსო განთიადისაო, მშვიდისა ნათლისა ჩვენდა გადმომღურელო.
გიხაროდენ, მსგავსო მზისაო, განგრილებულთა სულთა ჩვენთა განმატფობელო.
გიხაროდენ, საკვირველო და შუენიერო ყრმაო ასულო.
გიხაროდენ, სასწაულებრივო სძალო ღმრთისაო.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ერთითა ჰაზრითა მოგაპყრობთ თვალთა ჩვენთა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ საშინელსა მას დღესა მისაგებელის მოგებისასა არა დაგვიტევებ ჩვენ; ამისთვის განმოირთხ უხვნი ხელნი შენნი ჩვენდა მომართ, რამეთუ დავეცემით ვიდრე ჯოჯოხეთისა უფსკრულადმდე, და სხუამან ვინ განგვარინოს ჩვენ მომავალთაგან სატანჯველთა, ვინ განგვამტკიცოს ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა, რაითა მარადის ვუგალობდეთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
დედა ღმრთისა განიშორებს ბაგეთაგან მარჯვენესა ძისა თვისისა ტკბილისასა, და პირისახისა მცირედ მიმქცეველი მისგან, ესრეთ ეტყვის მოხუცებულსა წინამძღუარსა: „დაე, ძმანი ყოველნი გალავანსა ზედა გამოვიდენ და წინა აღუდგენ ავაზაკთა სასტიკთა!“ ხოლო მოხუცებულმან მან მოუწოდა ყოველთა ძმათა ღაღადებითა დიდითა, და იგინიცა, მხილველნი სასწაულისა ამის, ესრეთ უგალობდენ ყივლადწმიდასა ღვთისმშობელსა:
გიხაროდენ, სახიერო დედაო უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესო.
გიხაროდენ, მტკიცეო საფარველო მშვიდისა ამის საუდაბნოო სავანისაო.
გიხაროდენ, ვინათგან არცაღა ვუწყით ჩუენ, თუ ვითარითა ქებულებისა სიტყვითა გადიდებდეთ შენ.
გიხაროდენ, ვინათგან არცაღა ვიცით, თუ რომელნი მადლმოსილნი ქებანი მოგიძღვანოთ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ ცეცხლოვანითა ნათლითა წინადსაუკუნოითა შემოსილ ხარ შეუწველად.
გიხაროდენ, რამეთუ საღმრთოისა ჰიპოსტასისმიერი ცეცხლისა მპყრობელი ხარ მიუწვდომელად.
გიხაროდენ, რომელი გვივი ჩუენ მფარველ ზღუდედ უბრძოლველად.
გიხაროდენ, რომელი გიცით ჩვენ ვითარცა ფრიადი უფსკრული წყალობათაი.
გიხაროდენ, უპატიოსნესო ქერუბიმთაო.
გიხაროდენ, აღმატებით უზეშთაესო სერაბიმთაო.
გიხაროდენ, რათგან ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა თანა მარადის მეუფებ.
გიხაროდენ, რათგან მარადის აღუვლენ მას ვედრებათა ჩვენთვის.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
იობი, მრავალვნებული წინაშე ღმრთისა, სიბრძნით დაგვმოძღვრავს ჩვენ: აჰა ესერა, კეთილმსახურებაი სიბრძნე არს და სიკეთე ყოველთათვის განმსვლელთათვის ამა ქვეყნიდან და ტკბილი სალოცვისა ღვაწლისა თავსმდებთათვის, რომელთა მარადის შეეწევა დედა ღვთისა და საკვირველად განაძლიერებს ლოცვათა შინა ღაღადებისათვის ღმრთისა მიმართ: ალილუია.
სიხარულითა ვჭურეტთ ტაძარსა ამას შინა ასლსა ხატისაგან მანუგეშებელი ღვთისმშობელისა, მაღალსაფასისა საბოძვარსა ამას სავანეთაგან ათონისათა, და ჰაზრითა ერთითა ვუერთდებით ლოცვითა ქებულებისა გალობათა ათონელ მამათა, რომელნი მთათა სიმაღლეთაგან, აღმართულთა ღრუბელთა ზედა, მოგვიწოდებენ ჩვენ გალობად ყოვლადწმიდისა მიმართ:
გიხაროდენ, ერთა და ქვეყანათა დიდო სიწმიდეო.
გიხაროდენ, ყოველთა ქრისტეანეთა სიტკბოებაო.
გიხაროდენ, შინაგანსა შენსა საღმრთოისა ცეცხლისა ყოვლად-საკვირველად შემწყნარებელო.
გიხაროდენ, სიტყუისა ღმრთისასა ხორციელად განმაცხადებელო.
გიხაროდენ, სუბუქო ღრუბელო ნათლისაო, ქვეყანად ქრისტეს მომყვანებელო.
გიხაროდენ, კიბეო საკვირველო, ქვეყანით ზეცად ჩვენო აღმყვანებელო.
გიხაროდენ, სიყმილით ვნებულთათვის ტკბილისა საზრდოისა საღმრთოითა მანანითა სავსეო სტამნაო.
გიხაროდენ, ახლისა სასუმელისა მწყურვალთათვის თასო-ოქროისაო.
გიხაროდენ, ანგელოსთა მშვიდო დიდებაო.
გიხაროდენ, კაცთათვის სახიერო სიხარულო და ლხინებაო.
გიხაროდენ, უმაღლესო ცაო, განმაცისკროვნებელო ნათელო მართალთათვის.
გიხაროდენ, ყანაო პოხიერო, ყოველთა სულთათვის განმამხიარულებელო.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
გონებისა ზეცად მიმმართველთათვის, გრძნობათა ამაღლებით განხრწნადთა ზედა, ჰოი, რა სასურველ არს ხსნა ამა ქვეყნისაგან, ერთითა სულითა სწრაფვა ზენაარისად და ერთითა გულითა სასოება ღმრთისა. შეგვეწიე ჩვენ, ქალწულო ღმრთისმშობელო, და გევედრებით: მართლითა გზითა ღმრთისაითა გვატარე ჩვენ, რაითა მარადის წმიდითა გულითა და სულითა შეუმწიკულებულითა სიხარულით ვუგალობდეთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
ოდეს ხატსა პატიოსანსა წარგზავნიდა ათონისა - მთით გზასა ჩრდილოისასა, რაითა ექმნას იგი მადლმოსილ საფარველად სავანესა ახალსა, წინდად ზეციურისა შეწევნისა ქალაქისათვის მუნ, ესრეთ ღაღადებდა პატიოსანი მთაწმინდელი სქემმონაზონი ბერი: ესე არს კურთხევა დედუფლისა ზეციურისა! მარადის ილოცვიდეთ წინაშე მისსა და გრწმენინ, რაითა ღირსებით უგალობდეთ მას:
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, რამეთუ ხარ მადლმოსილი მფარველი ჩვენი.
გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, რამეთუ წინდი სასოებისაი ხარ ჩვენდა.
გიხაროდენ, მანუგეშებელო მყოფთათვის უბედურებათა შინა.
გიხაროდენ, გულისა მოლბობაო გიებულთათვის ცოდვათა შორის.
გიხაროდენ, რამეთუ ჟამსა რისხვისა მოწევნისა ღმრთისასა განაძლიერებ გულთა.
გიხაროდენ, რამეთუ დღესა განსაცდელისასა განაბრძნობ გონებათა.
გიხაროდენ, რამეთუ ღრუბელთა ბოროტთა მანქანებათა განფანტავ ჩვენგან.
გიხაროდენ, რამეთუ შავბნელთა წელთა შინა უბედურებათა წარსაწყმედელისაგან გამოგვიხსნი ჩვენ.
გიხაროდენ, რამეთუ ქარბობალათა შორის უღმრთოებისათა შენ, ერთი მხოლოი, ხარ მშვიდი ნავთსაყუდელი ჩვენდა.
გიხაროდენ, რამეთუ ქვეყნიურთა ცრუთა ბრძნობათაგან მარადის გვიხსნი ჩვენ.
გიხაროდენ, ბობოქართა დღეთა ცხოვრებისა ამის მშვიდო სიხარულო ჩვენო.
გიხაროდენ, მარადიულობასა შინა დიდებაო სამოთხისაო.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ძალნი ბნელეთისანი სოფელსა შინა რეცა ძლიერებითა და დიდებითა აღვსილ არიან, გარნა არა ძალუძთ შეცნობა ქრისტეს ნათელისა, ხოლო მართალთა მორწმუნეთათვის ოდენ ლოცვა არს ძლიერება, და ცრემლნი მათნი – წინდნი ძლევისა და დიდებისანი არიან. ჰოი, წმიდაო ქალწულო, დედაო ღმრთისაო, მოგვმადლე ჩვენ ცრემლთაღრუბელნი და მხნე ქარბობალა აღგვიძარ ჩვენ მათს გასაფანტავად, რაითა სიხარულითა ვუგალობდეთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
სიხარულითა გაბრწყინვებულ არიან პირისახენი და ხმაიცა საკვირველი გვიღაღადებს ათონის მთით: ზეციური დედუფალი მოვალს თქუენ თანა, გამოვედით ყოველნი მორწმუნენი, მგზნებარითა ლამპრებითა მიეგებეთ ქალწულსა ცით, და შეიწყნარეთ იგი უფროის ცრემლებითა სიხარულისაითა, სიყუარულისა და ლმობილებისაითა, და ნათლითა ხმითა უგალობდით მას მედღესასწაულენი გიხაროდენთა ამათ:
გიხაროდენ, კურთხეულო კიდობანო ღმრთისაო.
გიხაროდენ, ზეცად ამაღლებულო საყდარო საკვირველო.
გიხაროდენ, ყოვლადსაგალობელოზეციურ წესთაგან და ძალთა.
გიხაროდენ, ჯოჯოხეთისა ბნელთა ძალთათვის შესაძრწუნებელო.
გიხაროდენ, რამეთუ ხარ სიხარული გულთათვის კაცთა.
გიხაროდენ, რამეთუ ხარ ხსნა გზაშეცთომილთათვის სულთა.
გიხაროდენ, რამეთუ ყოვლადტკბილი ხმა შენი საუკუნოსა სიხარულსა გვაუწყებს ჩვენ.
გიხაროდენ, რამეთუ ყოვლადუშფოთველი მზერა შენი საღმრთოსა სიმშვიდესა აღგვითქვამს ჩვენ.
გიხაროდენ, რამეთუ ძესა შენსა და ლმერთსა ჩვენსა მარადის ევედრები შენ კაცთათვის.
გიხაროდენ, რამეთუ სამოთხისა პალატთა კარსა განგვიხვნი ჩვენ.
გიხაროდენ, ტაძარო სულისა წმიდისაო.
გიხაროდენ, კარავო ღმრთისა ცხოველისაო.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ანგელოსთა გალობასა აღვუვლენთ ჩვენ დღეს მიმადლებულსა მარიამს: რამეთუ იგი არს სიტკბოება, სამოთხე და ნეტარება ჩვენდა, ეგრეთვე ლხინება და ნუგეში ჟამსა განსაცდელისა და რისხვისასა, სასოება დაუსრულებელთა ნეტარებათა შემდგომად სიკუდილისა ჩვენისა. გიხაროდენ უკუე, გულსმოდგინეო ხელისაღმპყრობელო ჩვენო, და მოგვანიჭე ჩვენ ჭეშმარიტი სიხარული გალობისათვის ღმრთისა მიმართ: ალილუია.
დაე, დედამან ღმრთისა დაიცვას საკვირველითა ხატითა თვისითა, ლხინებად – მანუგეშებელად წოდებულითა, მონასტერი ესე და ყოველნი ტაძარნი ჩვენნი, რაითა საუკუნოდ არა დაშრტეს კანდელი წინაშე მაცხოვნებელისა პირისახისა ქალწულისა, ხოლო კრებულნი ბერ-მონაზონთანი ხმითა სახარულევანითა ერისკაცთა თანა დაუდუმებელად უღაღადებდენ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა:
გიხაროდენ, ჰოი, ტაძარო, უნათლესო სიონისაო.
გიხაროდენ, ჰოი, ნათელო და დიდებაო ათონისაო.
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა ჰაზრო განუწყვეტელო.
გიხაროდენ, ქალწულებრივთა ყოველთა გალობაო დაუდუმარო.
გიხაროდენ, რამეთუ ცუარსა ნუგეშინის-ცემისასა წარმოგვიგზავნი ჩვენ ყოველთა დღეთა შინა.
გიხაროდენ, რამეთუ ცრემლთა ლმობილებისათა წარმოგვადინებ ჩვენ ყოველთა ღამეთა შორის.
გიხაროდენ, საკვირველო სახელო, სასწაულმოქმედო საიდუმლოდ.
გიხაროდენ, საღმრთოო მირონო, ქვეყნად უხვებით ჩვენდა გარდადმოღვრილო.
გიხაროდენ, რამეთუ შენით გარდამოიფინება ჩვენ ზედა უსაზღვრო ნათელი.
გიხაროდენ, რამეთუ მარადის შენ თანა არს ყრმაი წინად-საუკუნო.
გიხაროდენ, ნათელო კაცთათვის, რომელნი თაყვანის-გცემენ შენ.
გიხაროდენ, სიხარულო ჩვენდა, რომელნი გიგალობთ შენ.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო, უტკბილესისა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა უხრწნელო დედაო! ყოველთაგან უბედურებათა, განსაცდელთა და მწუხარებათაგან დაგვიცევ ჩვენდა მომავალთაგან სატანჯველთაცა განგვარინე, სახიერო დედაო ჩვენო! ხოლო სიხარულისა საუკუნოისაცა ღირს-გვყავი ჩვენ, რაითა წინაშე ზენაარისა საყდრისა ღმრთისასა მარადის ვუგალობდეთ მას: ალილუია.
ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1
ანგელოსთა დასნი განკვირვებულ არიან, ოდეს ჭურეტენ წმიდასა ხატსა შენსა ათონისასა, რომელსა ზედაცა, ყოვლადწმიდაო ქალწულო და დედაო ღმრთისაო, უხრწნელითა ხელითა შენითა მშვიდად განიშორებ ბაგეთაგან შენთა უხრწნელსა მარჯვენესა ღმრთაებრივისა ყრმისა შენისასა. რაი არს სასწაული ხატისა ამის? ხოლო ჩვენ ვისიტყვებთ ამისთვის, მგალობელნი შენდა მომართ ესრეთ:
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, დედაო უზენაესისაო.
გიხაროდენ, საკვირველო სამოთხეო მადლისაო.
გიხაროდენ, სიხარულო ჩვენო ზეცისაო.
გიხაროდენ, კაცთათვის სასოებაო სარწმუნოო.
გიხაროდენ, რამეთუ წმიდა ხატი შენი ხსნასა აუწყებს ყოველსა ქვეყანასა.
გიხაროდენ, რამეთუ მზერა შენი ნუგეში არს გიებულთათვის ხრწნილებასა შინა.
გიხაროდენ, ნათელო ზეციურო, წყუდიადისა დღეთა ჩვენთა ქვეყნიერთა განმაცისკროვნებელო.
გიხაროდენ, შუენიერო ყვავილო უხრწნელო, ხრწნილებისა საქმეთა ჩვენთა კვალად განმაცხოველებელო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ ლოცვათა და ვედრებათა ყოვლისა ქვეყანისათვის მიართუმევ ძესა შენსა.
გიხაროდენ, რამეთუ ტფილითა ლოცვებითა შენითა მნთებარე ხარ ვითარცა ლამპარი მგზნებარე.
გიხაროდენ, რამეთუ ყოველნი მორწმუნენი სიხარულითა გიღაღადებთ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ გალობითა სახარულევანითა გიგალობთ შენ.
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ზესთამბრძოლ ძალთა ზეციურთა სიხარულო და ქებულებაო, ხოლო ყოველთა კაცთა მოდგმისა კეთილად წარმართებაო, გნატრით შენ ყოველნი მორწმუნენი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო დედაო, ხოლო შენ, ვითარცა ხარ ერთი მხოლოი სასოება ჩვენი, გარდამოგვივლინე სულთა ჩვენთა ლხინება მადლმოსილი, რაითა ესრეთ გიგალობდეთ შენ, პატივისმცემელნი ამა საკვირველისა ხატისა შენისა: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, ნათელო ლხინებაო და მანუგეშებელო ჩვენო.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო და ქალბატონო ჩვენო, ქალწულო ღმრთისმშობელო, კურთხეულო დედაო, ნათელო ლხინებაო ჩვენო და ყოვლადსასურველო მანუგეშებელო! შეიწყნარე აწ კადნიერი და მოუკლებელი ესე ვედრება ჩვენი, ცოდვილ ბაგეთაგან და უღირსთა სულთაგან აღმოვლენილი შენდა წინაშე წმიდისა ამის და ნათელცისკროვანისა ხატისა შენისა. შეგვიბრალე ჩვენ, მოწყალეო და მწყალობელო, სიუხვეთა მოყვარულო ხელისაღმპყრობელო ჩვენო, და გევედრებით: არა მიგვცე ჩვენ სამსჯავროსა და რისხვასა ძისა შენისა და მაცხოვრისა ჩვენისა, უფალ იესუ ქრისტესა, რომლისა მიმართ ვცოდეთ ჩვენ აღურაცხელითა ცოდვებითა ჩვენითა და თანამდებ ვართ საშჯელსა და სამართლიანსა სიტყვასა მისსა, და ესრეთ დავისჯებით ცოდვათაებრ ჩვენთა, აღმატებულთა ყოველსა საზომსა სულგრძელებისა მისისასა.
ჰოი, დედაო ღმრთისაო, მოგვხედე ჩვენ ზენაარ სიმაღლეთაგან შენთა, სადა იგი ანგელოსნი თრთოლვით გადიდებენ, და იხილე ქვენაარი სიგლახაკე ჩვენი: თუ ვითარ დავგლახაკდით სარწმუნოებით, ვითარ უპოვარნი ვართ სასოებით და ვითარ მოვუძლურდით სიყვარულით; ვითარ დაგვიბნელდა გონება და ვითარ გავსასტიკდით გულითა და გრძნობებითა ჩვენითა. გევედრებით, გვიწამლე ჩვენ, განგვკურნე ლოცვითა შენითა, ქალწულო ყოვლისა მკურნალო; აღგვადგინე ჩვენ, სულითა დაცემულნი, განგვაძლიერე მოუძლურებულნი გონებით, განგვაღვიძე და განგვამხნევე ჩვენ, უდებნი და სასოწარკვეთილნი და განგვკურნე სნეულნი – დაუძლურებულნი სულითა და სხეულითა.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მდაბლად გევედრებით თაყვანისმცემელნი და მსასოებელნი შენნი: დაიცევ კურთხეული სამშობლო ჩვენი (ანუ წმიდა სავანე ესე, ანუ ქალაქნი და დაბა-სოფელნი ჩვენნი), შეიწყალე იგი და შენითა მეოხმყოფელობითა განარიდე მას რისხვა ღვთისა, დააურვე ამპარტავან კაცთა ბოროტი მისწრაფებანი და ღვთისგან განდგომილებითნი შერყევანი მათნი. მოჰბერე წყნარი სუნთქვა მადლისა შენისა შეშფოთებულთა სულთა და შემუსრვილთა გულთა ჩვენთა და განგვაძლიერე ჩვენ მადლითა ღმრთისაითა. გევედრებით, დედაო ღმრთისაო, დაიცევ მეუღლეობრივი სიწმიდე ჩვენ შორის, განაძლიერე დედობრივი ღირსება, აკურთხე ქალწულება; გარდამოავლინე საცხოვრებელთა ზედა ჩვენთა მაკურთხეველი სხივი ღმრთაებრივისა ნათლისა, რაითა მხილებულ იქნან უდებნი საქმენი ჩვენნი, სირცხვილეულ იყოს ღვთისმგმობნი სიტყვანი ჩვენნი და დაურვებულ იქმნენ ბოროტნი ჰაზრნი ჩვენნი.
ჰოი, მშვიდობისმოყვარეო, უსახიერესო და უწყნარესო ქალწულო, დედაო ღმრთისაო; ჰოი დამწუხრებულო დაცემათათვის ჩვენთა;
ჰოი, სულთმთქმელო ცხოვნებისათვის ჩვენისა! დააწყნარე, დააცხვრე განხეთქილებანი და უთანხმოებანი ჩვენ შორის, შეგვკრიბე განბნეულნი, მოაქციე განვარდნილნი და ყოველნი მოიყვანე ერთობასა შინა წმიდისა ეკლესიისასა, რაითა ერთითა სულითა და ერთითა ბრძნობითა განიდიდებოდის ქვეყანასა ზედა და ეგრეთვე ცათა შინა ერთი უწმიდესი და მაცხოვნებელი სახელი ერთარსისა სამებისა — მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, დედაო ღმრთისაო, მარადო მანუგეშებელო ჩვენო და სასოებაო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღვთისმშობელო, ნუგეშო და ლხინებაო ჩვენო! აწ მდაბლად შემოგივრდებით და შენსა შეწევნასა მოვმართავთ ყოველნი მორწმუნენი და თაყვანის-მცემელნი შენნი: ნუ უგულვებელს-ჰყოფ ვედრებათა ჩვენთა, არამედ მოწყალედ შეისმინე ლოცვაი ჩვენი და გვილხინე ჩვენ ცოდვათაგან ჩვენთა; მოგვმადლე შემუსრვილება გულისა და სიწმიდე ზრახვათა და გულისთქმათა ჩვენთა. მოგვეც გულისხმისყოფა დროთა და ჟამთა, რაითა დღეთა ამათ წინარე-ანტიქრისტეისთა ვიცნათ - სასწაულნი ჟამთანი და მოახლოებულისა დასასრულისა ქვეყნისანი, რაითა ჯეროვნად განვემზადოთ და მხნედ, მტკიცითა სარწმუნოებითა, შეურყეველი სასოებითა და წმიდითა სიყვარულითა აღვსილნი შევეგებოთ დიდთა და ჯერეთ არყოფილ განსაცდელთა ბოროტისათა. კვალად გევედრებით, ყოვლად წმიდაო დედაო ღმრთისაო, მფარველო წილხვდომილისა შენისა ივერიისაო: მეოხ-ეყავ, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი წინამძღვარი ეკლესიისა ჩვენისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, მოსაყდრე მისი, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუისი შიო, წმიდანი მსოფლიო პატრიარქნი მართლმადიდებელი ეკლესიისანი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და პატიოსანნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი და ყოველი ღმრთივკურთხეული ქვეყანა ჩვენი სიმშვიდითა და უშფოთველობითა დაიცევ. შეისმინე ჩვენი, დედაო ღმრთისაო და ევედრე კაცთმოყვარესა ღმერთსა ჩვენსა, რაითა მეოხ-მყოფელობითა შენითა მოჰმადლოს ერსა ჩვენსა მშვიდობა და კეთილაღმშენებლობა მამულისა ჩვენისა, გადარჩენა, გაძლიერება და გამთლიანება მისი, ყოველთა სხუათაცა მართლმადიდებელ ქრისტეანეთა განმტკიცება ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა, კეთილმსახურებასა და სიწმიდესა შინა, ცოდვილთა ჩვენთა თანამოძმეთა წრფელი სინანული, წარწყმედადთა ურწმუნოთა და გზაშეცთომილთა მოქცევა; დაგვიფარე და დაგვიცევ ჩვენ მზაკვარისა მოხდომისაგან და ყოველთა მანქანებათა მტერისათა, ხოლო საშინელსა მას ჟამსა განსვლისა ჩვენისა ამა საწუთოისა ცხოვრებისაგან შეგვეწიე ჩვენ, რაითა დაუბრკოლებელად განვვლიოთ ლოცვითა შენითა საშინელნი საზვერენი ჰაერთანი, და გვიხსენ ჩვენ საუკუნოისა სასჯელისაგან, რაითა გარდამოეფინოს ჩვენ ზედა დიდი წყალობა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა და მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა — მამასა და ძესა და წმიდასა სულსა დაუსრულებელთა საუკუნეთა შინა. ამინ.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, მარადო მანუგეშებელო და ლხინებაო ჩვენო! არა მოგვიძაგო ჩვენ, ცოდვილნი ესე, რამეთუ წყალობასა შენსა ვესავთ. დააქვრე ცოდვისა მგზნებარე ცეცხლი სულთა ჩვენთა შორის და სინანულისა ცვარი მოჰმადლე განმხმართა გულთა ჩვენთა. განგვიწმინდე გონებანი ცოდვიან ზრახვათაგან, შეიწყნარე ვედრებანი სულისაგან და გულისა ჩვენისა, სულთთქმითა ფრიადითა აღმოვლენილნი შენდა. გვექმენ ჩვენ მეოხ-მყოფელ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, აგვაცილე რისხვა მისი დედობრივითა ლოცვებითა შენითა განაძლიერე ჩვენ შორის მართლმადიდებელი სარწმუნოება, შთაგვბერე ჩვენ სული ღვთისმოშიშებისა, სული სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა განგვიკურნე სულიერნი და ხორციელნი წყლულნი, დააცხვრე ქარბობალა მტრის ზედა-მოხდომათა ჩვენ ზედა, განგვათავისუფლე ცოდვისა კირთებისაგან და ნუ დაგვიტევებ ჩვენ, რაითა საბოლოოდ არა წარვწყმდეთ. მოგვმადლე წყალობა შენი და წმიდა კურთხევა შენი ყოველთა, რომელნი აქა ვართ წინამდგომარენი და მლოცველნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, და მარადის ჩვენ თანაიყავ! მოგვანიჭე ყოველთა, სარწმუნოებით შემოვრდომილთა შენდა, შვება, ლხინება და ნუგეში, შეწევნა და მფარველობა, რაითა ყოველნი მორწმუნენი გადიდებდეთ და თაყვანის-გცემდეთ შენ თვით უკანაისკნელ აღმოფშვინვამდე ჩვენთა. ამინ.
ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა აწ გულსმოდგინედ შევუვრდეთ ჩვენ, ცოდვილნი და მდაბალნი ესე, მივეახლოთ მას, მოწყალესა დედასა ჩვენსა და სულის სიღრმითგან სინანულით შევღაღადოთ: შეგვეწიე, გულმოწყალეო დედაო ჩვენო, ისწრაფე ხელისაღპყრობად ჩვენდა, რამეთუ წარვმწყდებით სიმრავლისაგან შეცოდებათა ჩვენთა. გევედრებით, პირსა შენსა ნუ იბრუნებ მდაბალთა მონა-მხევალთაგან შენთა, რამეთუ შენ, ერთსა ზედა, დავამყარებთ ყოველსა სასოებასა ჩვენსა.
ჰოი, წმიდაო ურცხვენელო წინამდგომელო ქრისტიანეთაო, უცვალებელო მეოხმყოფელობაო წინაშე შემოქმედისაო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებისა ხმასა ჩვენ, ცოდვილთა ამათ, არამედ წინა-მსწრობელ გვექმენ შეწევნად ჩვენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე მოგიწოდებთ შენ, ისწრაფე ლოცვად და შეგვვედრე ძესა შენსა და უფალსა ღმერთსა ჩვენსა იესუ ქრისტესა ჩვენ, ჭეშმარიტებით თაყვანისმცემელნი შენნი, მარადის მდგომარეო წინაშე საყდრისა მაღლისაო – ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.
გაქებთ და გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და თაყვანის-ვჰსცემთ წმიდასა საკვირველმოქმედსა ხატსა შენსა, ლხინებად – მანუგეშებელად წოდებულსა, ვინაით წარმოგვიდინებ აღურაცხელთა საკვირველ კურნებათა და სასწაულთა ჩვენ, ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოგეახლებით და გადიდებთ შენ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
* წინამდებარე დაუჯდომელის ტექტი დამტკიცებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით (მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი № 163 )
საეკლესიო სლავური ენიდან თარგმნა: ვასილ ბურკაძემ