მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
უფლის პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯუარისადმი

 

ჯვარის ნიშის საიდუმლო და მაცხოვნებელი ძალა იმდენად დიდია, რომ უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესასწაულისათვის ეკლესიის მამებს ცალკე დაუჯდომელი არ შეუდგენიათ და ჯვართამაღლების ამ ნათელ დღესასწაულზეც ეკლესიის მიერ დაწესებულია უფლის პატიოსანი და ცხოველყოფელი ჯვარის დაუჯდომელის კითხვა.

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

კონდაკი 1

 

  მოვედით, ქრისტეანენო, ქებულებანი პატიოსნისა ჯვარისანი აღვსწეროთ, რომელსა ზედა ქრისტემან, მეუფემან დიდებისამან, ხელნი განირთხა და აღგვიყვანა ჩვენ პირველსა მას ნეტარებასა, რომლისაგანცა გარდამოგდებულ ვიქმნენით ცთუნებითა გველისაითა. ხოლო შენ, ჰოი, ყოვლადწმიდაო ჯვარო, ვითარცა გაქუს შემოსილი ძალი ჯვარცმულისა ქრისტესი, ყოველთა განსაცდელთაგან გვიხსენ და დაგვიცევ ჩვენ, სიყვარულითა მღაღადებელნი შენდა:

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



იკოსი 1

 

  დასნი ანგელოსთანი, ვითარცა მმსახურებელნი ღმრთისანი, მდგომარენი გარემოის ჯუარისა, ნებსითსა ვნებასა ცხოვრების მომცემელისა ქრისტეისსა განადიდებენ. ხოლო ჩვენ, ტანჯვითა მისითა ხსნილნი საუკუნოისა სიკვდილისაგან, ბაძვითა ძალთა ზეციერთა, უღაღადებთ მას:

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, რამეთუ შენ ზედა ქრისტემან, ღმერთმან ჩვენმან, ნებსით ხელნი თვისნი განირთხა და ხსნაი ჩვენი აღასრულა;

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა გამოკიდებულმან ქრისტემან შეცოდება ადამისა და ჰევაისი, რომელთა ხელნი თვისნი განიპყრეს აკრძალულისა ხისა მიმართ, განაქარვა.

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა ბოროტის-მოქმედთაებრ ჯვარცუმულმან სჯულის-მდებელმან, პირველი იგი შეჩუენება, მოწევნული ჩვენზედ, წარხოცა;

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა აღსრულებულითა საკვირველითა საიდუმლოითა ნათესავი კაცთა სიკვდილის ხრწნილებისაგან გათავისუფლდა.

გიხაროდენ, რამეთუ ვნებულმან და მომკუდარმან შენ ზედა საწერტელი სიკუდილისაი შეჰმუსრა;

გიხაროდენ, რამეთუ ამისთვის ღმერთმან ტანჯვანი დაითმინა და შერიგებაი კაცთა თანა ინება.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 2


 

  ოდეს დაცემაი კაცთაი იხილე, უფალო, ხორციელ-ქმნაი ინებე და განკაცდი, ჯვარი და სიკუდილი ხორცითა ნებსით დაითმინე ნათესავის ჩვენისათვის, რაითა საუკუნოისა სიკუდილისაგან იხსნა აღმსაარებელნი შენ – ძისა ღმერთისა, და მღაღადებელნი შენდა: ალილუია.



იკოსი 2


 

  გონება კაცობრივი უძლურ არს მიწუდომად დიდისა საიდუმლოისა ხორციელ-ქმნისა და ნებსითისა ვნებისა შენისა ჩვენთვის, ქრისტე: ვითარ შენ, ღმერთმან უვნებომან, ვნებაი ჯვარსა ზედა ვითარცა კაცმან დაითმინე, და საწერტელი ესე სიკუდილისა შენისაი ჰქმენ წყაროდ ცხოვრებისა და ხსნისა ყოველთათვის – კეთილმოშიშებით მორწმუნეთა შენთა, რომელნი მადლობით და ქებით უგალობენ ჯვარსა შენსა ესრეთ:

გიხაროდენ, ჯუარო, რომელსა ზედა იქმნა საიდუმლოი საუკუნითგან წინათ-განჩინებული;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ აღესრულა გამოსყიდვა ჩვენი, მრავალსახედ წინაისწარ გამოცხადებული მსგავსებითა და ხატებითა.

გიხაროდენ, რამეთუ მომკუდარმან შენ ზედა ცხოვრების მომცემელმან სისხლი და წყალი წარმოადინა, რომლითაცა ყოველნი ცოდვანი ჩვენნი განიბანებიან;

გიხაროდენ, რამეთუ წუეთთა მიერ უწმიდესისა სისხლისა შენისა წყლულნი ჩვენნი განიწმიდებიან.

გიხაროდენ, ჯვარო, რამეთუ შენ ხარ ხე ცხოვრებისა, დანერგული საშუალ სამოთხისა ღმრთისასა, საწადელი ყოველთა ქრისტეანეთათვის;

გიხაროდენ, უკვდავებისა ნაყოფთაგან ჩვენო მასაზრდოებელო და სასოებითა საუკუნოისა ცხოვრებისათა სულმოკლეობისა ჩვენისა განმამხნევებელო.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 3


 

  ჯვარი შენი, უფალო, დაღაცათუ ძელი არს ხილული არსებითა თვისითა, გარნა შემოსილიცა ძალითა ღმრთაებრივითა და გამომაჩინებელი გრძნობისმიერისა მირონისა, გონიერად აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვნებისა და აღმძვრელი ჩვენი გალობად შენდა: ალილუია.



იკოსი 3


 

  გვაქუს რა წინაშე თვალთა ჩვენთა ჯვარი ყოვლადპატიოსანი, წმიდითა შუენიერითა თაყვანის-ცემითა მოგაგებთ ჯეროვანსა პატივსა შენ, უფალო, ჩვენთვის ჯვარცმულსა მას ზედა ქრისტე მაცხოვარსა ჩვენსა და ამბორის-ყოფითა ჯვარისაითა ვუღაღადებთ მას ესრეთ:

გიხაროდენ, განდიდებულო მორჩილებითა და ტანჯვითა ქრისტესითა შენ ზედა;

გიხაროდენ, დიდად ამაღლებულო ამაღლებითა შენ ზედა ძისა ღმრთისასა, რომელმან ყოველი სოფელი დაცემისაგან ადამისა აღადგინა.

გიხაროდენ, რამეთუ აღსრულებითა შენსა ზედა საიდუმლოისა საშინელისა ქვეყანა შეძრწუნდებოდა და შეიძრვოდა, რეცა ჰსუროდა დანთქმად უკეთურთა მათ გარდამხდომელთა სჯულისათა;

გიხაროდენ, რამეთუ დაკლვითა შენ ზედა კრავისა ღმრთისა კრეტსაბმელი ტაძრისაი შუვა განიპო და მსხვერპლშეწირვა ძუელისა მის აღთქმისაი განქარდა.

გიხაროდენ, ჯვარო უფლისაო, რამეთუ კლდენი ქვეშე შენსა განსთქდებოდიან, გულქვა-ქმნილი ნათესავი ჰურიათაი ურწმუნოებითა თვისითა ღმრთისაგან განეშორებოდა და მადლსა ღმრთისმსახურებისასა და მეუფებისასა მოაკლდებოდა;

გიხაროდენ, რამეთუ დაბნელებითა მზისაითა ჟამსა ვნებისა ქრისტეისსა ღამე მრავალღმერთიანობისა წარვიდოდა და ნათელი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა გამობრწყინდებოდა.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 4


 

  აღძრულთა ქარიშხალისაგან გაბოროტებისა თვისისაითა და აღვსებულთა შურითა ბოროტითა, მღუდელთმოძღუართა მათ ჰურიათა ქუეყანასა შინა დაჰფლეს და ესრეთ დაჰფარეს ჯვარი შენი, ქრისტე ღმერთო, რაითა არა მხილებულ ყოფილიყო მის მიერ უგუნურებაი მათი; გარნა ჯვარი იგი, ვითარცა საუნჯე მრავალსასყიდლისაი, წიაღთაგან ქვეყანისათა გამობრწყინდა, მოპოვნებული სწრაფითა და დაშურომითა წმიდისა ელენე დედოფლისაითა და ესრეთ იქმნა გამოჩინებულ სიხარულად ყოვლისა სოფლისა, მგალობელისა ღმრთივმშვენიერისა გალობისა: ალილუია.



იკოსი 4


 

  და მას ჟამსა შინა, ოდეს იხილეს ქრისტეანეთა მოპოვნება ჯვარისა მის პატიოსნისა, განადიდეს ჯვარ-ცმული მას ზედა ქრისტე ღმერთი და ღაღადებდენ მისა მიმართ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ხოლო აწ ჩვენცა, ბაძვითა მათითა, განვადიდებთ ჯვარსა მისსა წმიდითა ქება-დიდებითა და შესხმითა ესევითარითა:

გიხაროდენ, ჯვარო წმიდაო, ქვეყანასა შინა დაფლულო და ბუნებისა ჩვენისა ქვეყნიურისა, ცოდვათაგან შებილწულისა, განმწმედელო;

გიხაროდენ, წიაღთაგან ქვეყანისათა გამოჩინებითა შენითა ქრისტეს ხორციელ-ქმნისა და ღმრთაების მგმობელთა ქმედითო სირცხვილეულ-მყოფელო.

გიხაროდენ, რამეთუ ვნებულსა ხორცითა შენ ზედა მოეცა ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რაითა ყოველნი და ყოველივე მიიყვანოს ღმრთისა მიმართ მამისა;

გიხაროდენ, რამეთუ მომკუდარმან შენ ზედა ვითარცა კაცმან ძალითა ღმრთაებისა თვისისაითა მოქლონნი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი შეჰმუსრა და მუნით სულნი მართალთანი აღმოიყვანნა.

გიხაროდენ, ჯვარო, რამეთუ კეთილგონიერი ავაზაკი, ქრისტესა თანა-ჯვარცმული, აღმსაარებელი მისი, შენ მიერ, ვითარცა კიბითა, ცათა შინა აღვიდა;

გიხაროდენ, რამეთუ ყოველთაცა მორწმუნეთა, ვნებათა მათთა აღკვეთითა თანა-ჯვარცმულთა ქრისტესთა, აღიყვანებ ცათა შინა.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 5


 

  უფალო, ოდესმე, ჟამსა მოსე წინასწარმეტყველისასა, ზედმიწევნით გამოავლინე შენ წინასახე ჯვარისა ძლევად მტერთა შენთა, ხოლო აწ ჩვენ, გუაქუს რაი თავად ჯვარი შენი, გვედრით შეწევნასა: განაძლიერე ეკლესიაი შენი და მოანიჭე მას ძლევაი მტერთა ზედა, რაითა განილივნენ ყოველნი მტერნი შენნი, რომელნი არა გიღაღადებენ შენ: ალილუია.



იკოსი 5


 

  პატიოსნისა ჯვარისა შენისა, ქრისტე, მოქმედება წინაისწარ გამოსახე ამალეკსა ზედა უდაბნოსა მას სინაისსა, რამეთუ ოდეს ზეაღაპყრობდა მოსე ხელთა თვისთა სახისაებრ ჯუარისა, განძლიერდებოდა ერი ისრაელიანთა; ხოლო აწ ყოველივე ზედმიწევნით აღსრულდების ჩვენ შორის: დღეს ჯვარი აღემართების და ეშმაკნი ივლტიან; დღეს ყოველი ქმნილება ხრწნილებისაგან გათავისუფლდების, რამეთუ ჯვარისა მიერ გამოგვიბრწყინდა ჩვენ ყოველი ნიჭი საღმრთოი. ამისთვის სიხარულით ვუღაღადებთ მას:

გიხაროდენ, ჯვარო, ქრისტეს საშინელო მახვილო, რომლისაცა წინაშე ძრწიან ეშმაკნი;

გიხაროდენ, რამეთუ ძალითა ჯვარცმულისა შენ ზედა ქრისტესითა ლეგეონნი ეშმაკთანი შორს განიდევნიან.

გიხაროდენ, რამეთუ ძალითა შენით მოქმედისა საღმრთოისა მადლისა ძლევაი ყოველთა მტერთა ზედა ქრისტესმოყვარეთა ერთა ენიჭება;

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა ჯვარცმულმან ქრისტემან მომკუდარნი ცოდვითა განაცხოველა.

გიხაროდენ, რამეთუ შენგან, ვითარცა სარო-მაღალისა და მრავალნაყოფიერისა ხისაგან, ძალითა ტანჯვისა ქრისტესითა შენ ზედა, ნაყოფნი ცხოვრებისანი და ხსნისანი ჩვენთვის გამოიღებიან;

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტემან შენით მწარე ცრემლნი მოყუასთა თვისთანი სიხარულად დიდად გარდასცვალა.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 6


 

  მქადაგებელად ძალისა და ღმრთაებისა ქრისტეისსა გამოსჩნდა ძუელად ძელი ჯვარისა ცხოველსმყოფელი, ოდეს შეხებითა თვისითა მკუდარი აღადგინა და ცხოვრებად მოიყვანა, რომლისა ხილვითა მრავალთა ჰურიათა და წარმართთა შეიმეცნეს საიდუმლოი დიდი კეთილმსახურებისა მის: ვითარმედ ღმერთი ხორციელად გამოსჩნდა საცხოვნებელად ნათესავისა კაცთასა და ვნებაი ჯვარისაი დაითმინა, რაითა იხსნას მღაღადებელნი მისა მიმართ: ალილუია.



იკოსი 6


 

  ვითარცა ხე სამოთხისაი დიდი ფრიად, აღმაღლებულ არს დღეს გოლგოთასა ზედა პატიოსანი ჯვარი ქრისტესი და მუნით ყოველსა სოფელსა ზედა გარდამოაფენს აზრისმიერთა რტოთა მადლისათა და მაცხოვარებასა ჯვარცმულისასა მას ზედა: რამეთუ საფარველსა და საგრილსა ქვეშე მისსა იშუებენ მოწყლულნი სიცხითა ვნებისაითა, რომელთა ჰსურის ცხოვრებაი კეთილმსახურებით ქრისტეს მიერ. ამისთვის ჩვენცა, თანა-მოზიარენი მადლისაი მის, ვხადით მას სიხარულით:

გიხაროდენ, წმიდაო ჯვარო, ხედ ცხორებისად ქმნილო, ადამისათვის ედემს დანერგულო;

გიხაროდენ, ახლისა ადამისა, შენ ზედა ხელთა თვისთა განმრთხმელისა, სოფლისათვის გამომაჩინებელო.

გიხაროდენ, რამეთუ საფარველსა მადლმოსილისა შეწევნისა შენისასა ყოველნი მართალნი მორწმუნენი მოეახლებიან;

გიხაროდენ, რამეთუ მოწყალებითა მომნიჭებელისა ჩვენდა შენ – ჯვარისა პატიოსნისა – ცოდვილნი ცეცხლსა მას გეჰენიისასა განევლტიან.

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენო ჭირთა და მწუხარებათა შინა;

გიხაროდენ, განმაცხოველებელო შვებაო და შეწევნაო მოუძლურებულთა ბრძოლასა შინა ვნებისმიერთა მანქანებათა მიმართ.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 7


 

  გსუროდა რაი გამოცხადებად ნათესავისათვის კაცთასა გამოუკულეველი სიღრმე სახიერებისა და მოწყალებისა შენისა, ჯვარი შენი, უფალო, მოგვეც ჩვენ მცველად ძლიერად და განმდევნელად ეშმაკთა. ამისთვის ჩვენ, ყოველნი მორწმუნენი შენნი, განვადიდებთ დიდებულებასა ვნებათა შენთასა და მადლობით გიგალობთ შენ: ალილუია.



იკოსი 7


 

  საკვირველნი საქმენი გამოჩინე, უფალო, პატიოსნითა ჯვარითა შენითა, რამეთუ ოდეს ჯვარს-ეცვი მას ზედა ხორცითა შენითა, შეცვალებულ-იქმნა ყოველი ქმნილება: მზემან დაჰფარა სხივნი თვისნი, საფუძველნი ქვეყანისანი შეიძრვნენ, ჯოჯოხეთი შეიმუსრა ხელმწიფებრივისა ძალისა შენისაგან, და რომელნი საუკუნითგან მას შინა პყრობილ იყვნენ, წარმოსტყვევნე მუნით. ამისთვის შევთხზავთ მისდა გვირგვინსა რეცა ყვავილთასა საგალობელთაგან ამათ:

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, რამეთუ ვნებულსა შენ ზედა ყოველი ქმნილება თანა-ელმოდა ვითარცა დამბადებელსა და მეუფესა თვისსა;

გიხაროდენ, რამეთუ ძალსა და ღმრთაებასა მისსა მოწმობდენ მზე – დაბნელებითა თვისითა და ქვეყანა – შეძრვითა დიდითა.

გიხაროდენ, რამეთუ მომკუდარი შენ ზედა არა დაშთა მკუდართა თანა, არამედ დასთრგუნა და დაარღვია რა ხელმწიფება სიკვდილისა, აღდგა მესამესა დღესა მკუდრეთით;

გიხაროდენ, რამეთუ ქადაგებაი სახარებისა მკუდრეთით აღდგომილისა მის, დაწყებული მოციქულთა დასისა მიერ, მოეფინა ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა.

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, რამეთუ შენ მიერ კერპთმსახურებაი საძაგელი და მრავალ-ღმერთიანობა წარმართთა განქარდა;

გიხაროდენ, რამეთუ შენითა ძალითა მართლმადიდებელი სარწმუნოება ღმრთისა ერთისა, სამებით დიდებულისა, ყოველსა ქვეყანასა დაემკვიდრა.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 8


 

  ვხედევთ რა აზრისმიერითა თვალითა საკვირველად განკაცებულსა და ჯვარსა ზედა გამოკიდულსა ღმერთსა, განვეშოროთ ამაოსა ამას სოფელსა და ცათა მიმართ აღვიმაღლოთ გონება ჩვენი. ამისთვისცა გარდამოხდა ღმერთი ქვეყანად და აღვიდა ჯვარსა ზედა, რაითა ჯვარითა მით, ვითარცა სამე კიბითა, აღიყვანოს ცათა შინა მღაღადებელნი მისად: ალილუია.



იკოსი 8


 

  დღეს ადამი ჰევაის თანა განიხარებს და განსცხრების, ხედავს რა წინა-მდებარესა ჯვარსა, რამეთუ მისა მიერ განიგმირა მტერი იგი, რომელმან ძველად აკრძალულისა ნაყოფისა გემებითა აცთუნნა იგინი და ტყვედ თვისად ყვნა. ამისთვის ჩვენცა, პირველმშობელთა ჩვენთა - თანა მოხარულნი ხსნისათვის ჩვენისა ტყვეობისაგან სულიერისა, კეთილმოშიშებით და მოწიწებით ვუგალობთ მას:

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, რამეთუ მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვა შენ ზედა ცხოვართათვის თვისთა და თვით ჯოჯოხეთადცა შთახდა მოძიებად წყმედულთა;

გიხაროდენ, რამეთუ მან, არაუგულვებელს-მყოფელმან საქმისა ხელთა თვისთა, ადამისა ჰევაის თანა სხვანიცა მართალნი აღმოიტაცა ტყვეობისაგან ჯოჯოხეთისა, ვითარცა ეშუთაგან მხეცისა ძლიერისათა და სამოთხედ შეიყვანა.

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა მიმსჭვალულსა ქრისტესა ცეცხლოვანი მახვილი მოეცა ხელთა მისთა და ქერუბიმი, მცველი ედემისა, განეშორა ხესა ცხორებისასა;

გიხაროდენ, რამეთუ ჩვენ, მეორედ შობილნი ნათლის-ღებითა, ახალნი კაცნი ქრისტეს მიერ, აღუკრძალველად ვეზიარებით საზრდოსა სამოთხისასა.

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, ქრისტეს ძალისა კვერთხო, სიონით მოვლენილო, რომლითაცა ჩვენ დამწყსილ ვართ საძოვართა ზედა მოძღურებათა სახარებისათა;

გიხაროდენ, რამეთუ ძალითა შენითა უვნებელად ვიყოფვით მგელთაგან სულის-წარმწყმედელთა, ვითარცა ლომთაგან მყვირალისა, რომელნი მიმოვალნ და ეძიებნ ვინმცა შთანთქა.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 9


 

  ყოველთაგან ჭირთა, განსაცდელთა და მზაკვარებათაგან მტერისათა გვიხსენ ჩვენ, ჯვარო სამგზის სანატრელო, რამეთუ მოგიღებიეს მადლი და ძალა - მიმსჭვალულისაგან შენ ზედა, რომელსა, ვითარცა ღმერთსა და მხსნელსა ჩვენსა, მადლობითა და ქებულებისა შესხმითა ვუგალობთ: ალილუია.



იკოსი 9


 

  ყოველი მჭევრმეტყველებაი ქვეყნისა მკვიდრთა ვერ შემძლებელ არს ღირსებით განდიდებად პატიოსნისა ჯვარისა შენისა, უფალო, რომელსა ზედა ხსნაი და ცხორებაი ჩვენი აღასრულე; ამისთვის დაღაცათუ უღონო ვართ ღირსეულისა ქება-დიდების შესხმად მისა, გარნა ვუღაღადებთ. მას ესრეთ:

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, რამეთუ ამაღლებულმან შენ ზედა მაცხოვარმან სოფლისამან მრავალთა კაცთა მოუწოდა შეცნობად თავისა – ღმრთისა, და აწცა მოუწოდებს;

გიხაროდენ, რამეთუ გამობრწყინვებულმან შენ ზედა, ვითარცა სასანთლესა, ნათელმან ჭეშმარიტმან ყოველნი კიდენი ქვეყანისანი ნათლითა ღმრთის-მცნობელობისაითა განანათლა.

გიხაროდენ, რამეთუ აწ ყოველნი ერნი აღმოსავალით და დასავალით ვნებულსა მას შენ ზედა განადიდებენ;

გიხაროდენ, რამეთუ შენცა, ვითარცა კუარცხლბეკსა ქრისტესსა, ყოველნი მართალნი მორწმუნენი აღგამაღლებენ და განგადიდებენ.

გიხაროდენ, რამეთუ შენგან, ვითარცა დაულევნელისა წყაროისაგან, ყოველნი ქრისტესმოსახელენი კაცნი საუკუნოთა სიკეთეთა უხვებით ივასხებენ;

გიხაროდენ, რამეთუ სისხლითა და წყალითა, უფლის გუერდისაგან წარმოდინებულთა, ღირს-გვყოფ ჩვენ ცათა სასუფეველსა.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 10


 

  ჩვენ, ცხოვნების მოსურნეთა და საფარველისა მომართ შენისა შეწევნისასა მომლტოლვარეთა ხელის-ამპყრობელ გვეყავ, ყოვლადწმიდაო ჯვარო, და დაგვიცევ ყოვლისაგან ბოროტისა ძალითა შენ ზედა ჯვარცმულისა ქრისტესითა, რომელსა, ვითარცა ღმერთსა და მხსნელსა ჩვენსა, მადლობით და ქება-დიდებით ვუგალობთ: ალილუია.



იკოსი 10


 

  ზღუდე ხარ, დამცველი ჩვენი ყოვლისაგან ჭირისა და განსაცდელისა, ჯვარო ყოვლადპატიოსანო, და გოდოლი ძლიერი წინაშე პირისა მტერისა ჩვენისა, რომლისა წინა-აღდგომად მბრძოლნი არახილულნი მოხდომასა ვერ ბედვენ, რამეთუ ხილვაცა შენი არა ძალუძთ შიშისაგან ძალისა შენისა. ამისთვის სარწმუნოებით გარე-მომზღუდელნი თავთა ჩვენთა წმიდითა ნიშითა შენითა, სიხარულით გიგალობთ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო ქრისტესო, დამცველო ჩვენო ზედა-მოხდომისაგან სულთა ბოროტთა;

გიხაროდენ, მრავალსახეთა ისართაგან მათთა უვნებელად ჩვენო მპყრობელო.

გიხაროდენ, რამეთუ ნიშის გარდასახვითა შენითა, სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღსრულებულისა, ყოველნი ძალნი ჯოჯოხეთისანი, ვითარცა კვამლი ქარისაგან, განიფანტებიან;

გიხაროდენ, რამეთუ ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლისა, ეგრეთ ყოველი ძალი მათი შენ მიერ განქარდების.

გიხაროდენ, რამეთუ წმიდანი მოწამენი, შემოზღუდულნი გარდასახვითა ნიშისა შენისაითა და მოწოდებითა სახელისა ქრისტესითა, ყოველთა სახეთა ტანჯვისათა მხნედ დაითმენდიან;

გიხაროდენ, რამეთუ ღირსნიცა მამანი შეწევნითა ძალისა ღმრთისაითა, რომლითა შემოსილ არს ნიში შენი, სძლევდენ საშინელებათა ეშმაკთასა და ვნებათა წინა-აღდგომასა.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 11


 

  გალობასა ყოვლად სალმობიერსა მოგიძღვანებთ შენ, ჯვარო ყოვლადპატიოსანო, და მდაბლად ვევედრებით ჯვარცუმულსა შენ ზედა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რომელმან მოგვმადლა ჩვენ ჯვარი თვისი, შვებად და ნუგეშად მწუხარებათა შინა ჩვენთა, რაითა ვნებითა თვისითა გვიხსნას ვნებათაგან მავნებელთა სულთათვის ჩვენთა და გვასწავლოს კეთილმორწმუნედ გალობად მისდა: ალილუია.



იკოსი 11


 

  ნათლითა მადლისა ღმრთისაითა, რომლითა საიდუმლოდ შემოსილ ხარ, განანათლე სულიერნი საგრძნობელნი ჩვენნი, ჯვარო ყოვლადწმიდაო, რაითა ჩვენცა, შენს მიერ განათლებულთა და დამოძღვრილთა ამათ, არასადა წარვსცეთ ქვასა საცთურისასა ფერხნი ჩვენნი, არამედ შეუძლოთ მართლიად და მტკიცედ სლვაი გზასა ზედა აღსრულებისა მცნებათა ღმრთისათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა და გიგალობდეთ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, ქრისტეს დაუცხრომელთა სასწაულთა მაცნეო და ნათესავისა მიმართ კაცთასა მისისა მოწყალებისა მქადაგებელო;

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, კაცთა მოდგმისა განახლებაო და ქრისტეს ახლისა აღთქმისა ბეჭედო და დამტკიცებაო.

გიხაროდენ, დღესასწაულო ქრისტიანულისა სარწმუნოებისაო და კეთილსაიმედო - შესავედრებელო სასოებისა ჩვენისაო;

გიხაროდენ, წმიდათა ტაძართა ღმრთისათა სამკაულო და კეთილმსახურთა მორწმუნეთა სახლების საფარველო;

გიხაროდენ, მტილთა და აგარაკთა მათთა კურთხევაო;

გიხაროდენ, ყოველთა წესთა ქვეყნისათა განწმედაო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო;



კონდაკი 12


 

  მადლი შენი ყოვლადძლიერი მოგვეც, ჩვენ უფალო, რაითა შემოგიდგეთ შენ, მეუფესა ჩვენსა, ამღებელნი ჯვარისა ჩვენისა, მიმსჭვალულნი მას ზედა არათუ სამსჭვალთაგან, არამედ შრომათაგან, მარხვისა და სიმდაბლისაგან, რაითა ესრეთ თანა-მოზიარე ვექმნათ ვნებათა შენთა, რომელთა მიერ წარმოდინდებიან ნაკადულნი ცხოვრებისა საუკუნოისანი, დამარწყულებელნი ყოველთა მართლმორწმუნეთა შენთა, კეთილპატიოსნად მგალობელთა შენდა მომართ: ალილუია.



იკოსი 12


 

  ვუგალობთ რა დიდებულებასა შენსა, ჯვარო ყოვლადპატიოსანო, გაქებთ და გადიდებთ შენ ყოველნი, ვითარცა ძლევა-შემოსილსა კვერთხსა მეუფისა ზეცათასა, ხოლო ჩვენისა ცხოვნებისა ყოვლადსახარულევანსა ნიშსა, და ამისთვისცა გიღაღადებთ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, მართლმადიდებელ ქრისტეანთა ხელმწიფებაო და შეუმუსრაო საფარველო;

გიხაროდენ, მღვდელმთავართა შემკულებაო და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების მოღვაწეთა ძლიერებაო და განმტკიცებაო.

გიხაროდენ, ჯვარო, სიჩჩოითგან და ვიდრე საფლავადმდე მფარველო ჩვენო ყოველთა ზედა გზათა ცხოვრებისა ჩვენისათა, ხოლო შემდგომად სიკუდილისა ბოროტ სულთაგანცა დამცველო ჩვენო საზვერეთა შორის ჰაერთასა;

გიხაროდენ, რამეთუ რომელთა ნიშსა ქვეშე შენსა შეისვენეს სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაითა და კეთილმსახურებითა, იგინი კუალსად აღდგენ მკუდრეთით დღესა მას უკუანაისკნელსა ცხოვრებად საუკუნოდ.

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, რომელსა გამოჩინებითა სასწაულისა შენისათა ცათა შინა გეგულების წინა-მოსწავებად ქრისტეს მეორედ მოსვლისა მის დიდებულისა;

გიხაროდენ, რამეთუ ჯვარ-მცმელთა ქრისტესთა და ყოველთა ურწმუნოთა გიხილონ შენ მაშინ და იტყებდენ მწარედ, ხოლო მოყვარეთა უფლისათა ხილვისა შენისაგან ფრიად განიხარონ.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 13


 

  ჰოი, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, ყოველთა ქრისტეანეთა ძალო და ნუგეშინის-ცემაო! ვხედევთ რაი აწ მსოფლიოსა ამაღლებასა შენსა, აზრით აღვალთ შენ ზედა ჯვარცმულისა მიმართ ქრისტესსა, რომელსაცა მდაბლად ვევედრებით, რაითა შენისა გულისათვის შეგვიწყალოს ჩვენ, ცოდვილნი ესე, და ღირს-გვყოს დამკვიდრებად საყოფელთა შინა სამოთხისათა, რაითა მარადის ვუგალობდეთ მას: ალილუია. (3-გზის



იკოსი 1

 

  დასნი ანგელოსთანი, ვითარცა მმსახურებელნი ღმრთისანი, მდგომარენი გარემოის ჯუარისა, ნებსითსა ვნებასა ცხოვრების მომცემელისა ქრისტეისსა განადიდებენ. ხოლო ჩვენ, ტანჯვითა მისითა ხსნილნი საუკუნოისა სიკვდილისაგან, ბაძვითა ძალთა ზეციერთა, უღაღადებთ მას:

გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, რამეთუ შენ ზედა ქრისტემან, ღმერთმან ჩვენმან, ნებსით ხელნი თვისნი განირთხა და ხსნაი ჩვენი აღასრულა;

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა გამოკიდებულმან ქრისტემან შეცოდება ადამისა და ჰევაისი, რომელთა ხელნი თვისნი განიპყრეს აკრძალულისა ხისა მიმართ, განაქარვა.

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა ბოროტის-მოქმედთაებრ ჯვარცუმულმან სჯულის-მდებელმან, პირველი იგი შეჩუენება, მოწევნული ჩვენზედ, წარხოცა;

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა აღსრულებულითა საკვირველითა საიდუმლოითა ნათესავი კაცთა სიკვდილის ხრწნილებისაგან გათავისუფლდა.

გიხაროდენ, რამეთუ ვნებულმან და მომკუდარმან შენ ზედა საწერტელი სიკუდილისაი შეჰმუსრა;

გიხაროდენ, რამეთუ ამისთვის ღმერთმან ტანჯვანი დაითმინა და შერიგებაი კაცთა თანა ინება.

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



კონდაკი 1

 

  მოვედით, ქრისტეანენო, ქებულებანი პატიოსნისა ჯვარისანი აღვსწეროთ, რომელსა ზედა ქრისტემან, მეუფემან დიდებისამან, ხელნი განირთხა და აღგვიყვანა ჩვენ პირველსა მას ნეტარებასა, რომლისაგანცა გარდამოგდებულ ვიქმნენით ცთუნებითა გველისაითა. ხოლო შენ, ჰოი, ყოვლადწმიდაო ჯვარო, ვითარცა გაქუს შემოსილი ძალი ჯვარცმულისა ქრისტესი, ყოველთა განსაცდელთაგან გვიხსენ და დაგვიცევ ჩვენ, სიყვარულითა მღაღადებელნი შენდა:

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო ჯვარო უფლისაო, ჩვენისა გამოსყიდვისა საკვირველო ნიშო ყოვლადსახარულევანო.



ლოცვა პატიოსნისა ჯვარისა მიმართ

 

  ჰოი, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო! დაღაცათუ იყავ პირველ იარაღი სიკუდილისაი სარცხვინელ ფრიად, გარნა აწ ნიში ცხოვნებისა ჩვენისაი ხარ, მარადის თაყვანის-ცემულ და განდიდებულ! და ვითარ უკუე შეუძლო მე, უღირსმან ამან, ღირსებით გიგალობდე შენ, და ვითარ კადნიერ-ვიყო მე, აღმსაარებელმან ცოდვათა ჩემთა, დადგრომად მუხლთა გულისა ჩემისათა წინაშე გამომსყიდველისა ჩემისა?! გარნა მოწყალებამან და გამოუთქუმელმან კაცთმოყვარებამან შენ ზედა ჯვარ-ცუმულისამან მომმადლოს მე კადნიერებაი მდაბალი, რაითა განვახვნე ბაგენი ჩემნი და ერთბამად გადიდებდე შენ; ამისთვის გიღაღადებ: გიხაროდენ, ჯვარო პატიოსანო, ქრისტეს ეკლესიისა მშვენებაო და საფუძველო, ყოვლისა სამყაროისა - დამტკიცებაო, ყოველთა ქრისტეანეთა – სასოებაო, მეფეთა ხელმწიფებაო, ერთგულ მორწმუნეთა – შესავედრებელო, ანგელოსთა დიდებაო და საგალობელო, დემონთა – შესაძრწუნებელო, წარწყმედაო და განდევნაო, უკეთურთა და ურწმუნოთა – სირცხვილეულ-ყოფაო, წყმედულთა და გზა-აბნეულთა – დამოძღვრაო, ვნებათაგან შეპყრობილთა – სინანულად მოყვანაო, გლახაკთა – განმდიდრებაო, ზღვათა შინა მოგზაურთა – საჭეთმპყრობელო მენავეო, უძლურთა ძლიერებაო, ბრძოლათა შინა - ძლევაო და გამარჯვებაო, ობოლთა – სარწმუნოო საფარველო, ქვრივთა – ხელის-ამპყრობელო, ქალწულთა – უბიწოებისა შეკრძალვაო და დაცვაო, უსასოთა და სასოწარკვეთილთა სასოებაო, უძლურთა და სნეულთა – მკურნალო და მკუდართა მკვდრეთით აღდგინებაო! ჰოი, ჯვარო პატიოსანო, ვევედრებით, შენზე ნებსით ჯვარცმულსა მაცხოვარსა ჩვენსა, რაითა დაიცვას, დაიფაროს და განაძლიეროს უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ჩვენისა ეკლესიისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, მოსაყდრე მისი, მიტროპოლი-ტი სენაკისა და ჩხოროწყუსი შიო, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი, რამეთუ შენ, წინაისწარ გამოსახული საკვირველმოქმედითა კვერთხითა მოსესითა, ხარ ცხოველს-მყოფელი წყარო, რომელი დაარწყულებ მწყურვალთა სულიერისა ცოვრებისათვის და დაატკბობ მწუხარებათა ჩვენთა; შენ ხარ – სარეცელი, რომელსა ზედა მეუფებრივად შეისვენა სამ დღისა შემდგომად აღდგომილმან – მძლეველმან ჯოჯოხეთისამან. ამისთვის განგადიდებ შენ განთიად და მწუხრი და შუა-დღე, სამგზის სანატრელო ძელო წმიდაო, და ვევედრები ნებსით ჯვარ-ცუმულსა შენ ზედა უფალსა, რაითა განმინათლოს და შენ მიერ განმიძლიეროს გონება, განმიხვნას გულსა შინა ჩემსა წყარო სრულყოფილისა სიყვარულისა, და ყოველნი საქმენი და გზანი ჩემნი საფარველითა შენითა დაიცვას, რაითა მარადის განვადიდებდე ცოდვათათვის ჩემთა მიმსჭვალულსა შენ ზედა უფალსა და მაცხოვარსა ჩემსა იესუ ქრისტესა, რომელსა შვენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყვანის-ცემა თანა დაუსაბამოით მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოფელი სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ტროპარი


აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა მართლმადიდებელსა ერსა ჩვენსა და ღმრთივკურთხეულსა ცხებულსა მეფესა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ დიდება შენდა.

 

 

კონდაკი


რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსამოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭენ, ქრისტე ღმერთო, - ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა მართლმადიდებელსა ერსა ჩვენსა და ძლევაი მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისაი, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი ყოვლადძლიერი.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.