ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ქრისტეს რჩეულს აღმსაარებელსა და წარმართთა ცთომათა მამხილებელსა, ახლად-განცხადებულსა დიდსა მოწამესა იოანე სოჩაველსა, მოგიძღუნით სამადლობელსა ამას გალობასა და გევედრებით: აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოველთა განსაცდელთაგან, და ცოდვათა შენდობა. მოგვანიჭოს ქებით შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტოს ღმრთისაო!
უწინარეს ვნებისა შენისა ანგელოსებრივითა ცხორებითა სცხოვნდებოდი ქუეყანასა ზედა, კაცო ღმრთისაო იოანე, რამეთუ ყოველთა უზესთაეს ჰრაცხდი ლოცვასა და ქუელისსაქმეთა, და მარადის სათნო ეყოფვოდი ღმერთსა, მას ევედრე აწ, მოგუმადლოს ჩუენ პატიოსნებაი ღირსებისაი და მადლი მოწყალებისაი, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად წარვვლოთ და ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, ძირთაგან კეთილმორწმუნეთასა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და უზაკუველითა სარწმუნოებითა შეზღუდვილო;
გიხაროდენ, კეთილმსახურებრივითა სიმნითა აღვსილო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ძალითა კეთილად აღჭურვილო;
გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ცხორებითა სათნოითა განშუენებულო;
გიხაროდენ, საღმრთოთა მადლთა ბრწყინვალებითა განათლებულო;
გიხაროდენ, სიბრძნითა ზეგარდამოითა განსრულებულო;
გიხაროდენ, კაცად ზეცისა და ანგელოსად ქუეყანისა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
წარემართე რაი ჩრდილოთა მიმართ ქუეყანათა განსყიდად სავაჭროისა მის შენისა, აღიძრა ლათინი იგი მფლობელი კომალდისაი, რაითა განგაშორნეს მართლისა მისგან სარწმუნოებისა და ზაკულებითა ეშმაკისაითა განიზრახა მიცემაი შენი ხელთა შინა უსჯულოთა მათ თათართასა, რამეთუ არა დასცხრებოდი დიდებად ჭეშმარიტისა ღმრთისა და ქებად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა: ალილუია.
გულისხმა-ყავ შენ, სამ-გზის სანატრელო იოანე, ვითარმედ ცილი შეგწამა მწვალებელმან წინაშე უსჯულოისა მის მმართველისა, რეცა გაწადა ჭეშმარიტისაგან სარწმუნოებისა განდგომაი, და დაღაცათუ მრავალფერთა განსაცდელთა ქადებითა გაიძულებდა მძლავრი იგი, უსჯულოებისადმი მიდრეკასა ნებისაებრ მისისა, ვერა სძლო სიმტკიცესა შენსა, რაისთჯვისცა ვითხოვთ მეოხებასა შენსა ღმრთისა მიმართ, დაგვიცვას წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, რაითა მართლითა სარწმუნოებითა აღმსთობილნი გნატრიდეთ სურვილითა:
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოითა აღვსილო;
გიხაროდენ, ზეგარდამოითა სწავლითა უაღრეს რიტორთასა განბრძნობილო;
გიხაროდენ, წინაპართა შენთა სწავლებათა კეთილად დამმარხველო;
გიხაროდენ, უფლის დიდებისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, ცრუისა მის ცილისმწამებლისა მამხილებელო;
გიხაროდენ, მნათობთა შემოქმედისა ჭეშმარიტად ღმრთად სახელ-მდებელო;
გიხაროდენ, წარმართისა მის ტირანისა სარწმუნოებად მოქცევისათვის მზრუნველო;
გიხაროდენ, აღმსარებლობისათვის შენისა მის მიერ ვნებულო;
გიხაროდენ, რამეთუ მადლითა შენითა მაკურნებელი წყარო აღმოედინა ნაპირსა დნესტრისასა, სადა დაიდგა პატიოსანი ფერხი შენი;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
განმტკიცებული მადლითა სულისა წმიდისაითა, კადნიერად ეტყოდი მთავარსა მას: „არა უარ-ვყოფ ქრისტესა და არცა თაყუანის-ვსცემ ქმნილებასა ნაცვლად შემოქმედისა! ნუ იყოფინ ჩემ-ზედა ესე, ვიდრე აღმოსლვადმდე სულისა“, და ყოველთა დამბადებელსა ღმერთსა ადიდებდი ხმითა მაღლითა: ალილუია.
სახარულევანითა პირითა უგებდი სიტყუასა მმართველსა მას, ქრისტეს ახოვანო მოწამეო, და არცა შიში და არცაღა კრთომაი არა იპოებოდა გულსა შინა შენსა, ხოლო მძლავრი იგი წარმართი განძვინდა და ბრძანა შენთვის სამოსლისა მოძარცვაი და კუერთხითა გუემაი, გარნა შენ არა გეწადა წყუდიადსა შინა მეკერპეობისასა შთათხევაი, და განემზადე დათმენად სატანჯველთა, ამისთვის მრავალთა განსაცდელთაგან გარეშეცულნი ვითხოვთ შენ მიერ განძლიერებასა და შეწევნასა, რაითა ჩუენცა წინააღუდგეთ მრავალმანქანებასა მტერისასა და უვნებელად დაცულნი გმადლობდეთ შენ, წმიდაო, და გნატრიდეთ წადიერად:
გიხაროდენ, საღმრთოისა სჯულისა საცნაურად დამცველო;
გიხაროდენ, თუალთა გონებისა შენისათა ცათა მიმართ აღმპყრობელო;
გიხაროდენ, მმართველისა მის ქადებისა არად შემრაცხველო;
გიხაროდენ, თავისა თჯსისა ჭეშმარიტად მონად ღმრთისად გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა მძლავრთა უღმრთოებისა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა ზრახვათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა განუკუეთელო ზღუდეო და საჭურველო;
გიხაროდენ, მრავალ-სახეთა საცთურთაგან უძლეველო, რამეთუ ასპარეზსა ვნებისასა განსცხადდი სრულად მხედრად;
გიხაროდენ, საჭურველითა ჯუარისაითა შეზღუდვილო, რამეთუ სძლიე მთავრობათა და ხელმწიფებათა ბნელისათა;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
ღელვასა სატანჯველთასა გექადოდა შენ უწმიდური იგი, ყოვლად ნეტარო იოანე, ესმა რაი სიტყუანი შენნი: „შემოქმედსა თაყუანის-ვსცემ, და არა ქმნილებასა“, და წარეწირა რაი სასოებაი თვისსა სარწმუნოებასა ზედა მოქცევისა შენისაი, აღეტყინა საკრველითა რისხვითა და ბრძანა ტანჯვაი შენი, გარნა შენ ყოველივეს ახოვნად დაითმენდი და ღმერთსა ხმამაღლად ადიდებდი: ალილუია.
გუესმა მორწმუნეთა, ვითარმედ ადამანტისა უმტკიცეს იქმნა გული შენი, ოდეს ივნებოდი შენგან შეყუარებულისათვის უფლისა, და მადლითა მისითა განმტკიცებულმან არად შერაცხე რა რისხვაი მძლავრისა მის ღმრთის-მოძულისაი, მიისწრაფდი უფიცხელესთა მიმართ სატანჯველთა, და ადიდებდი ღმერთსა, მას ევედრე აწ, ყოვლად სანატრელო, რაითა ჭირთა და მწუხარებათაგან ხსნაი მოგვუმადლოს შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, საუფლოთა ვნებათა ტრფიალებითა მოწყლულო;
გიხაროდენ, უწყალოდ კუერთხითა გუემულო;
გიხაროდენ, ზარის ასახდელთა სატანჯველთა მიმთუალველო;
გიხაროდენ, გუამისა შენისა განბძარვისა ახოვანად დამთმენელო;
გიხაროდენ, რამეთუ განგრძობილისა გუემისაგან ხორცნი შენნი ძუალთაგან განიყოფოდა;
გიხაროდენ, ამა სატანჯველთათვის ქრისტესთვის მადლისა შემწირველო;
გიხაროდენ, მოთმინებითა შენითა მტანჯველთა განმარისხებელო;
გიხაროდენ, მტანჯველისა შენისა რისხვისა უფროისად აღმგზებელო;
გიხაროდენ, შეურყეველითა მხნეობითა შენითა ანგელოზთა და კაცთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
მსგავს იქმენ შენ ღმრთივმავალისა მის ვარსკულავისა, რომელი იგი წინა-უძღოდა ძუელთა მათ მოგუთა მზისა მიმართ სიმართლისაისა, რამეთუ მოგუმადლებ ჩუენ მეცნიერებასა ჭეშმარიტისა ღმრთისასა, რომლისა მიმართ ილოცვიდი რაი, უფროის განძვინდენ ძენი იგი წარსაწყმედელისანი და უძრესთა ვნებათა მოაწევდენ შენ ზედა, ვინაითგან თჯთ მაიცა შენი დაკსნიდა ძალსა მათსა, ხოლო შენ, ნეტარო, უწყალოთა მათ სატანჯველთა ახოვნად დაითმენდი, და სიღრმით გულისაით ქრისტესა ადიდებდი: ალილუია.
გხედვიდენ მორწმუნენი ნაგვემსა და ჯაჭვებითა შეკრულსა, წარგიყუანდენ რაი საპყრობილედ, დიდად იურვოდენ, ხოლო შენ კუალად წარსდეგ რაი სამსჯავროსა მას მხიარულითა პირითა, განკჯრდა უწმიდური იგი მსაჯული ფრიად, და ჩუენცა განცვიბრებულნი სულისა შენისა ახოვანებითა გიგალობთ და გნატრით ძალისაებრ ჩუენისა:
გიხაროდენ, ცეცხლითა საღმრთოისა შურისაითა აღგზებულო;
გიხაროდენ, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა შეუძრველად დამყარებულო;
გიხაროდენ, ძალითა და სიმხნითა საუფლოითა განძლიერებულო;
გიხაროდენ, აღბორკილებულო და ბნელსა დილეგსა შინა შთაგდებულო;
გიხაროდენ, უსასტიკესთა განსაცდელთა ქრისტეს სიყუარულისათვის ახოვნად თავსმდებელო;
გიხაროდენ, ტანჯუასა შინა სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, უმძვინვარესთა ჭირთა ლოცვითა დამთმენელო;
გიხაროდენ, უწყალოისა მის მტარვალისა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სიმხნითა შენითა და სიმტკიცითა ეშმაკთა შემაძრწუნებელო;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
ჰქადაგებდი რაი სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა, მისაგებელი დიდი გაქუნდა ცათა შინა, ნეტარო, და მას შეაპყრობდი რა თუალთა გონებისა შენისათა, უაღმატებულესითა ახოვანებითა დაითმენდი ხორცთა დაპობასა, ხოლო ვერა შეუძლო რაი შერყევაი სიმტკიცისა შენისაი, ჰბრდღვინავდა ბარბაროზი იგი მსგავსად მხეცისა ველურისა, და ბრძანა წამებაი შენი უფიცხელესად, გარნა შენ არად ჰრაცხვიდი ქრისტესთვის ვნებასა და უგალობდი მას დაუცხრომელად: ალილუია.
ვითარცა ელვარე მნათობი განჰბრწყინდი შენ, მხნეო იოანე, რამეთუ გუემისაგან განიპო რაი ხორცნი შენნი, ნაწლევნი გარდამოცვივნეს და ძალმიხდილნიცა მტარვალნი შენნი სრულიად განკფდეს, გარნა შენ უმეტესითა მკურვალებითა ილოცვიდი შენგან შეყუარებულისა იესუს მიმართ მომადლებისათვის თმენისა, რაისთვისცა ვესავთ შეწევნასა შენსა, მარტვილო ღმრთისაო, რაითა დავიცუნეთ თავნი ჩუენნი მახეთაგან ცოდვისა და მონებისაგან სულთა წარმწყმედელისა საცთურისა და განვადიდოთ სახელი წამებისა შენისაი:
გიხაროდენ, უკეთურთა კრებულისაგან გარემოდგომილო;
გიხაროდენ, გონებისა შენისა ღმრთისა მიმართ აღმპყრობელო;
გიხაროდენ, კაცთა ხელოვანებითა შეთხზულისა შჯულისა მხნედ განმბასრველო;
გიხაროდენ, განგრძობილთა ტანჯუათა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, ვაჟკაცობისა ძეგლო უმუსრველო;
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაითა მტერისა აღლესულისა საჭურველისა დამლეწველო;
გიხაროდენ, მდინარითა სისხლთა შენთაითა საცთურისა ალისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, უსჯულოებითა განფიცხებულთა გულთა ლმობიერ-მყოფელო;
გიხაროდენ, რამეთუ თვით ბარბაროზნიცა კიცხვიდენ უწყალობისათვის ტირანსა მას;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
ენება ბილწსა მას ბარბაროზსა, რაითამცა მორჩილ ექმნე ნებასა მისსა, გარნა ვერა ჰპოვა რაი სატანჯველი, უფიცხელესი შენ მიერ დათმენილთა ვნებათასა, ბრძანა წმიდათა ფერხთა შენთა გამობმაი ცხენსა უხედნელსა, რაითა მიმოეთრიე მას გზათა მათ ქალაქისათა, გარნა შენ ფრთოვან-ყავ გონებაი შენი ღმრთისა მიმართ, და შეცურეული მადლისაგან საღმრთოისა, ვიდრე სიკუდიდმდე უგალობდი ძლიერებასა მისსა: ალილუია.
ახალი ეგე და საკვირველი სატანჯველი განგიმზადა მსაჯულმან უწყალომან, მარტვილო საკვირველო, რამეთუ წარგიტაცა რა ცხენმან, ქუათა მიერ განპობილნი ხორცნი შენნი მათ ზედა-ვე დაშთებოდა, ხოლო პატიოსანი თავი შენი განიტვინებოდა, და ყოველნი ქრისტეანენი, მჭურეტელნი უწყალოისა ამის ტანჯვისანი, ევედრებოდენ ღმერთსა განმტკიცებისათვის შენისა, ამისთვისცა ამბორს-უყოფთ პატიოსანთა წყლულებათა შენთა ცრემლითა და გიგალობთ სურვილითა:
გიხაროდენ, ღმრთისა სიყუარულისა უნივთოითა ცეცხლითა მოტყინარეო;
გიხაროდენ, საღმრთოითა მოშურნეობითა ხორცთა შენთა დაბძარვისა დამთმენელო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და შუენიერო, ქრისტესთვის სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, რამეთუ წმიდაი თავი შენი ქრისტესთვის განიხეთქებოდა ქუათა ზედა;
გიხაროდენ, რამეთუ თიხაი უბანთაი იღებვოდა სისხლითა შენითა;
გიხაროდენ, რამეთუ ზეცით გარდამომხდარნი ანგელოსნი აქებდენ სიმტკიცესა შენსა;
გიხაროდენ, რამეთუ საღმრთოი იგი სარბიელი ღუაწლითა შენითა სრულ-ყავ კეთილად;
გიხაროდენ, ქუეყანასა ზედა უფლისათვის ვნებულო, რამეთუ მის თანა სუფევს ცათა შინა;
გიხაროდენ, ძლიერებაო ღუაწლისა თავსმდებელთაო, რამეთუ ძლევასა მოგუმადლებ ბრძოლასა შინა;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტოს ღმრთისაო!
რაჟამს განფიცხებელი ცხენი მიმოგათრევდა შენ უბნებსა ქალაქისასა, ვიეთნიმე გეცინოდეს შენ, ქრისტეს მოწამეო იოანე, და ვიეთნიმე გეკიცხევდეს, ხოლო სხუანი გაგინებდენ და რასაცა ხელთა მოიღებდენ, უწყალოდა გტყორცნიდენ, გარნა შენ, კეთილ მონაო უფლისაო, ყოველივეს მადლობითა დაითმენდი და ღმერთსა, განმაძლიერებელსა შენსა, ადიდებდი: ალილუია.
სიხარულითა სჭურეტდა რაი კრებული ჰურიათაი ტანჯვასა შენსა, ერთმან მათთაგანმან მოიღო მახვილი და წარკვეთა რაი პატიოსანი თავი შენი, შეჰვედრე სული ქრისტესა, და აწ უხორცოთა თანა იხარებ რაი წინაშე მისსა, გვითხოვე შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი და მოცემად ჯუარითა ძლევაი მართლმადიდებელთა ერთა, სიმტკიცც მორწმუნეთა და ცოდვათა შენდობაი პატივისმცემელთა შენთა და სურვილით მგალობელთა:
გიხაროდენ, უმსჯავროისა სიკუდილისა მადლიერებით თავსმდებელო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ საუკუნოსა განსასვენებელსა შინა შეწყნარებულო;
გიხაროდენ, ზეცისა მხედრობათა თანა-შერაცხულო;
გიხაროდენ, წმიდათა თანა სასუფეველსა დამკვიდრებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა ცხოველსმყოფელისაგან მარჯვენისა უხრწნელებისა გვირგვინისა მიმღებელო;
გიხაროდენ, მარადის ცხოვნებისათვის ჩუენისა მზრუნველო;
გიხაროდენ, ნათლითა უნივთოითა მართალთა სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, რამეთუ წმიდა სახელი შენი სიტკბოებითა აღავსებს ყოველთა მორწმუნეთა;
გიხაროდენ, რამეთუ ტანჯვათა დათმენითა მოიყიდე მადლი ეშმაკთა განსხმისა და ჭირვეულთა შეწევნისაი;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
იხილეს რაი მორწმუნეთა უპატიოდ დატევებული წმიდაი გუამი შენი, მოწამეო, აღივსენ ურვითა, გარნა შემწუხრდა რაი, პატიოსანსა მას ნეშტსა შენსა დაადგრა ცადმდე აღმწუერვალებული სუეტი ნათლისაი, ხოლო აღნთებულნი ლამპარნი მოტყინარეობდენ გარემო ის მისსა და სპეტაკითა სამოსელითა შემოსილნი ჭაბუკნი კეთილსურნელებასა აკუმევდენ საღმრთოთა საგალობელთა გალობითა: ალილუია.
ვერა შეუძლონ რიტორთა მჭევრმეტყუელთა ჯეროვნად ქება ზეციერთა მათ საგალობელთა, რომელნიცა ესმა რაი ვინმე ჰურიასა, ჰგონებდა კაცთა ხორციელთა, და ეშურებოდა რა ისრისა შეტყორცნასა, მყის შეიკრა და მიემსგავსა ქუად-ქმნილსა რისხვითა ღმრთისაითა, გვიმეოხენ წინაშე მისსა, რაითა მოგუცეს ჩუენ ძლევაი ყოველთა მტერთა და საცთურთა ზედა და გზასა მას ჭეშმარიტსა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, რამეთუ წინა გიძღოდენ დასნი ანგელოსთანი ზეცისა სავანეთა მიმართ აღსწრაფებულსა;
გიხაროდენ, რამეთუ ანგელოსთა გიგალობეს მიცუალებისა გალობაი;
გიხაროდენ, რამეთუ ზეცით-გარდამო თვით ქრისტემან მოიხილა ნაწილთა შენთა ზედა;
გიხაროდენ, რამეთუ იხილვებოდა მათ ზედა ცად მიწუდენილი ბრწყინვალება ნათლისაი;
გიხაროდენ, რამეთუ დასჯილ იქნა ღმრთისა შურისგებითა ჰურიაი, რომელსაცა ეწადა შეურაცხებაი ნეშტისა შენისაი;
გიხაროდენ, რამეთუ იქმნა სასწაული ესე განდიდებისათვის წმიდათა ნაწილთა შენთა;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა წინაშე შენანებისა შემდგომ ჰურიანი იგი განიხსნა კრულებისაგან;
გიხაროდენ, რამეთუ ეუწყა რაი მტანჯველსა შენსა სასწაულნი ესე, ფრიად შეძრწუნდა და ბრძანა დაკრძალვაი ნეშტისა შენისაი;
გიხაროდენ, რამეთუ შეიტკბო წმიდანი ნაწილნი შენნი ტაძარმან ქრისტეანეთამან;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
ეწადა რაი მიმცემელსა მას შენსა ლათინსა ქუეყანასა თვისსა წარტაცებაი მრავალვნებულისა ნეშტისა შენისაი, ძილსა შინა აუწყე მღდელსა ზრახვაი მისი, და მიისწრაფა რაი ტაძარსა, სიწმიდნ ეგე ხელთაგან წარუხვნა მპარავთა, და მადლსა და დიდებასა შესწირვიდა ღმერთსა: ალილუია.
იხსნეს რაი წმიდაი ნეშტი შენი წარტყუენისაგან, დაკრძალეს საკურთხეველსა შინა, მახლობელად სამსხუერპლოისა, სადა იგი მარადის შეიწირვის ჩუენთვის ტარიგი ღმრთისაი, რომელსაცა ხორცნი ეგე შენნი შესწირე მსხუერპლად ცხოველად, სათნოდ მისა, და აწ ცათა შინა წმიდათა თანა მდგომარე ქუეყანასა ზედა ნიშთა და სასწაულთა აღასრულებ და თანამბრძოლ და მფარველ ექმნები მოსავთა შენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა ზეცით მოიღე მადლი სასწაულთა და ძალთა აღსრულებისაი;
გიხაროდენ, რამეთუ წმიდანი ნაწილნი შენნი დაშთენ წარუპარველად და უვნებელად;
გიხაროდენ, რამეთუ მათ ზედა სუეტი ცეცხლისაი გარდამოვიდოდა და ანგელოსნიცა მოიხილავდენ მათ საკურთხეველსა შინა;
გიხაროდენ, რამეთუ გამოუთქუმელი კეთილსულნელებაი გამოხდებოდა წმიდისაგან ნეშტისა შენისა;
გიხაროდენ, რამეთუ მის მიერ ეშმაკნი განიოტებიან და ყოველნი სნეულებანი იკურნებიან;
გიხაროდენ, რამეთუ იქმოდა ღმერთი შენ მიერ კურნებათა და ძალთა აღურაცხელთა;
გიხაროდენ, რამეთუ შეიწყნარებდი შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა მხარეთა განხდა ხმაი სასწაულთა შენთაი და ეუწყათ შენთვის კიდეთა ქუეყანისათა;
გიხაროდენ, სახელდიდო და საჩინოო, რამეთუ მხედარ უფლისა იქმენ წამებითა, და ვიდრე აქამომდე მოიგე სახელი უკუდავებისაი;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
ვერცაღა ძალგვიძს ჯერისაებრ შესხმად სასწაულთა მათ შენთა, ქრისტეს მხედარო იოანე, რამეთუ არა ხოლო ერისაგანნი, არამედ მთავარნი და მეფენიცა მოგაგებდენ რაი პატივსა, წმიდათა მათ ნაწილთა შენთა ამბორს-უყოფდენ შევრდომითა, და ჩუენცა მათთანა შეერთებულნი გევედრებით სარწმუნოებითა: სათნოებასა შინა განმტკიცებაი ქუეყანასა ამას ზედა და ზეციერთა კეთილთა შეწყნარებაი მომავალსაცა მას საუკუნესა შინა ითხოე ჩუენთვის ქრისტეს ღმრთისაგან, რომელნი სიყუარულითა ვადიდებთ სახიერებასა მისსა: ალილუია.
ნათლისა მომფენელი ლამპარი არს წმიდაი და პატიოსანი ნეშტი შენი, დადგინებული მაღალსა ზედა სასანთლესა ეკლესიისასა, რომელი მყოვარ ჟამ განანათლებს მხარესა მას, სადა-იგი ივნე, მოწამეო ქრისტცს ღმრთისაო, გარნა ძალისხმევითა მოლდო-ვლახეთის კეთილმსახურისა მის მთავრისაითა, დასუენებულ იქნა რაი სიწმიდე იგი სოჩავსა, უშურველად განაბრწყინვებს ქუეყანასა მათსა და ყოველთა მისდა მილტოლვილთა ზედა გარდამოადინებს წყაროსა სასწაულთასა, ხოლო მადლთა შენთა მიერ განმდიდრებულნი ხსენებასა შენსა პატივს-სცემენ და გიძღუნიან გალობასა:
გიხაროდენ, წარმოუცალიერებელო ჭურჭელო მიჰრონისაო, აღურაცხელთა სენთა კურნებითა აღვსებულო;
გიხაროდენ, სხივო დაუვალისა მზისაო, ყოვლისა ცისქუეშეთისა განმაცისკროვნებელო;
გიხაროდენ, სოჩავსა შინა ქრისტეს მადლისა გამომაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, თათართა ზედა-დასხმისაგან მხედართა მისთა საკვირველად დამფარველო;
გიხაროდენ, ურვეულთა ნუგეშინის-მცემელო და გლახაკთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ძვირთა შინა შთავრდომილთა მეოხო და ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, ყოველთა მთხოველთათვის წყალობისა მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, რამეთუ სიმრავლისათვის სასწაულთა შენთასა, არამართლმორწმუნენიცა გსახვიდენ მეოხად და ითხოვდენ შენგან შეწევნასა;
გიხაროდენ, რამეთუ სარწმუნოებითა შევრდომილნი წმიდათა მათ ნაწილთა შენდა, მიემთხვევიან სათხოვართა კეთილად აღსრულებასა;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
მადლი მოიღე ღმრთისაგან მოსავთა შენთა შეწევნისაი და ჰკურნებ რა ყოველთა უძლურებათა სულთა და ხორცთასა, აწცა ნუ დასცხრები მეოხებად ჩუენთვის მონიჭებად ხორცთა სიმრთელისა და ცხოვნებისათვის სულთა ჩუენთასა, ვინაიცა სურვილითა მოვიხსენებთ ღმრთივ-ბრწყინვალესა მას ცხორებასა და საკვირველებათა შენთა, რომელთა იქმოდა უფალი შენ მიერ, და დაუცხრომელად ვადიდებთ ქრისტესა, განმადიდებელსა შენსა: ალილუია.
გიგალობთ, პატივის-გცემთ და გნატრით შენ, წმიდაო იოანე, ვინაი ეგე მოგვემადლე საღმრთო ზღუდედ, სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად მორწმუნეთა, აწ გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმხნე, სიბრძნე და მძლეველობაი ყოველთა მტერთა და მხდომთა ზედა ქრისტეანეთასა, რაითა უვნებელად დაცულნი გნატრიდეთ შენ, ვითარცა მეოხსა მხურვალესა:
გიხაროდენ, დიდებაო აღმსარებელთაო და ბრწყინვალებაო მოწამეთაო, რამეთუ განადიდა ღუაწლი შენი წმიდამან ეკლესიამან;
გიხაროდენ, რამეთუ პატიოსანი ხატნი შენნი უხუად გვიწყაროებენ მადლსა და შეწევნასა;
გიხაროდენ, მურო, წმიდისა ეკლესიისა ფრიადითა კეთილსულნელებითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, უძლურთათჯს ლხინებისა უშურველად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, მოსავთა შენთათვის სულიერთა და ხორციელთა სახმართა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა გზასა მას ჭეშმარიტსა წარმმართებელო;
გიხაროდენ, საკვირველთმოქმედო ყოვლად დიდებულო, რამეთუ ღელვა-გუემულთა მიანიჭებ ხსნასა და ცხორებასა;
გიხაროდენ, იწროებათა შინა მხურვალეო შუამდგომელო, რამეთუ შენს მიერ ვსასოებთ ზეციერთა კეთილთა მოღებასა;
გიხაროდენ, შემწეო ყოველთა განწირულთაო, რამეთუ კურნებისა მდინარედ და სასწაულთა საუნჯედ სულიერად აქუ შენ ყოველთა მორწმუნეთა;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
ჰოი, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო იოანე, აწ შეიწირე მწიკულევანთა ბაგეთა ჩუენთა მიერ აღვლენილი უღირსი ესე გალობაი, და გვიკსენ ჩუენ ყოველთა უძლურებათა და იწროებათაგან სულთა და ხორცთასა, და დაგვიცევ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რაითა განვერნეთ სატანჯველთა მათ დაუსრულებელთა და მარადის შენ თანა უგალობდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია..
ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1
უწინარეს ვნებისა შენისა ანგელოსებრივითა ცხორებითა სცხოვნდებოდი ქუეყანასა ზედა, კაცო ღმრთისაო იოანე, რამეთუ ყოველთა უზესთაეს ჰრაცხდი ლოცვასა და ქუელისსაქმეთა, და მარადის სათნო ეყოფვოდი ღმერთსა, მას ევედრე აწ, მოგუმადლოს ჩუენ პატიოსნებაი ღირსებისაი და მადლი მოწყალებისაი, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად წარვვლოთ და ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, ძირთაგან კეთილმორწმუნეთასა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და უზაკუველითა სარწმუნოებითა შეზღუდვილო;
გიხაროდენ, კეთილმსახურებრივითა სიმნითა აღვსილო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ძალითა კეთილად აღჭურვილო;
გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ცხორებითა სათნოითა განშუენებულო;
გიხაროდენ, საღმრთოთა მადლთა ბრწყინვალებითა განათლებულო;
გიხაროდენ, სიბრძნითა ზეგარდამოითა განსრულებულო;
გიხაროდენ, კაცად ზეცისა და ანგელოსად ქუეყანისა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო!
ქრისტეს რჩეულს აღმსაარებელსა და წარმართთა ცთომათა მამხილებელსა, ახლად-განცხადებულსა დიდსა მოწამესა იოანე სოჩაველსა, მოგიძღუნით სამადლობელსა ამას გალობასა და გევედრებით: აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოველთა განსაცდელთაგან, და ცოდვათა შენდობა. მოგვანიჭოს ქებით შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, წმიდაო იოანე სოჩაველო, დიდო მოწამეო ქრისტოს ღმრთისაო!
ჰოი, ახოვანო მარტვილო ქრისტეს ღმრთისაო იოანე, რომელმან სიყრმითგან სიყუარულითა შეიტკბე გულსა შინა ჯუარი უფლისაი, და მარადის ქადაგებდი და განადიდებდი მართალსა სარწმუნოებასა, ზაკუვითა მტერისაითა მიცემულ იქმენ რაი ხელთა შინა წარმართთასა, საწუთოთა მათ სიკეთეთა არად შემრაცხველმან წამებაი და სიკუდილი თავს იდევ სადიდებელად ღმრთისა, რომელმანცა განადიდა რაი წმიდანი ნაწილნი შენნი უხრწნელებითა, მათდამი შევრდომილთა მიჰმადლებს სენთა კურნებასა და ჭირთაგან გამოხსნასა.
ჰოი, წმიდაო დიდო მოწამეო იოანე სოჩაველო, შეიწირე აწ ვედრებაი ჩუენი, ვითარცა მეათერთმეტესა ჟამისა მუშაკთაი, რომელთა არარაი კეთილი გვიქმნიეს წინაშე ღმრთისა და გვითხოვე მისგან, რაითა ქუეყნიერისა ამის ცხორებისა გზაი კეთილად წარგვიმართოს და აღგვაორძინებდეს ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსაარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, განანათლენ ქრისტესმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღუაწლით შემოსილო, ყოვლად ქებულო მოწამეო იოანე სოჩაველო! ყოველთა მოსავთა და მოყუარეთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ხელისაღმპყრობელო, ღმრთივ-დიდებულითა საკვირველებითა და ნიშებ-სასწაულებითა შენითა განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოიხსენ განსაცდელთა და იწროებათა შინა მყოფნი, განარინენ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარე ქრისტესა ღმერთსა, ყოველთა შემწყნარებელსა. მარტვილებრივითა კადნიერებითა შენითა მოგუმადლე ჩუენ სიწმიდითა ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, რაითა ვცხონდეთ და მარადის უგალობდეთ შენგან შეყუარებულსა იესუს, დამბადებელსა და მაცხოვარსა, რომელსა შუენის დიდებაი და პატივი და თაყუანისცემაი თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ცხორებისა შენისა კეთილად წარმმართებელო ვაჭარო გონიერო, მოწყალებათა გაცემითა, დაუცხრომელითა ლოცვითა და სატანჯველთა მიმართ უშიშად ლტოლვითა ამხილე წარმართთა უღმრთოებასა, და გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, სიქადულო ყოველთა ქრისტეანეთაო, დიდო მოწამეო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ქუეყნიერი ხრწნადი საუნჯე შენი ქრისტემს სიყუარულისათვის მსწრაფლ დაუტევე, წმიდაო იოანე, ვითარცა მათე მეზუერემან საზუერე თვისი, და მოიღე უძლეველი გვირგვინი ძლევისაი.
ჰოი, წმიდაო, კეთილ სახელოვანო და ყოვლადქებულო დიდო მოწამეო იოანე, მოწყალე გვექმენ ყოველთა მომწოდებელთა წმიდისა სახელისა შენისათა და მარტვილებრივისა აღსასრულისა შენისა მაქებელთა, და გვითხოვე ღმრთისა და მაცხოვარისა ჩუენისა იესუ ქრისტესგან ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი და ყოველთა სულიერთა და ხორციელთა სახმართა მომადლება. მშვიდობითი აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი და მომავალსა მას საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა მიმთხვევაი, რაითა დაუსრულებელად მას ვადიდებდეთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.