მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი ფერისცვალებისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

კონდაკი 1

 

  ბრძოლასა შინა უძლეველო მხედართმთავარო და მეუფეო დიდებისაო, შენ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, გიხილეს რა თაბორის მთასა ზედა დიდებით ფერშეცვლილი, ყოველი ქმნილება განკვირდა, ცანი შეძრწუნდა და ქვეყანისაგან და ნაშობთა ყოველთა გაიხარეს, ხოლო ჩვენ უღირსნი ფერისცვალებისა შენისა ჩვენს გამო, მადლიერებით შემოგწირავთ თაყვანისცემას და პეტრესთან ერთად სულითა და გულით გიღაღადებთ: იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილ არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

იკოსი 1

 

  ანგელოზთათვის დაფარული და კაცთათვის მიუწვდომელი ღმრთაეებაჲ შენი, ნათლისმომცემელო ქრისტე. შენს პირველ მოწაფეებს თაბორის მთასა ზედა დაუვალი ელვითა და დაუღამებელისა ნათლისა შენისა სხივებით გამოუცხადე, ხოლო მათ შენი ღმრთაეებრივი ცვლილებით ზარგანხდილთა და ღრუბლითა ნათლითა გაბრწყინებულთა, ისმინეს რა ხმაჲ მამისა და გულისხმაჰყვეს რა საიდუმლოის შენისა განკაცებისა, ესრეთ გიღაღადეს:

 

  იესო, ძეო უკვდავისა ღმრთისაო, მოგვფინე ჩვენ ნათელი პირისა შენისა ბრწყინვალისა; 

 

  იესო, სახიერო ღმერთო, ყოვლადძლიერო, აღგვადგინე ჩვენ, მძინარენი, ცოდვილი ძილის ბნელი სიღრმიდან; 

 

  იესო, სიბნელის საბრძანებლიდან მიუწვდომელსა ნათელსა შინა აღმოგვიყვანე; 

 

  იესო, რომელმან დიდებითა შენითა მთელი სამყარო აღავსე, სავანეთა შინა სასუფევლისასა შეგვიყვანე ჩვენ; 

 

  იესო, ნათელო სოფლისაო ბოროტი სოფლისაგან განგვანთავისუფლე ჩვენ ბნელსა შინა მსხდომარენი; 

 

  იესო, მზეო სიმართლისაო, ძალითა და ჭეშმარიტებითა შენითა შეგვმოსე ჩვენ სიკვდილის კარავსა შინა მძინარენი; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 2

 

  იხილე რა, კაცთმოყვარე უფალო, რომ მოწაფენი შენი, ჭეშმარიტი განათლებისა ჯერ კიდევ არ მქონენი, ვერ გულისხმაყოფდნენ, რატომ იყო საჭირო იერუსალიმში აღსვლა შენი, იქ დიდი ტანჯვის განცდა და სიკვდილი. ამიერიდან იწყე მათთვის განმარტება, რომ ყოველივე ჩვენი ხსნისათვის უნდა დაგეთმინა. გარნა მათ ჯერ კიდევ არ შეეძლოთ შეცნობა იმისა, რაჲ არს ბუნება ღმრთეებრივი და რაჲ - კაცობრივი, ამისათვის შემდგომად ექვსისა დღისა წაიყვანე პეტრე, იაკობი და იოვანე და თაბორის მთასა ზედა აღიყვანე, რათა დიდებაჲ შენი უწინარეს ჯვარზე ვნებისა გეჩვენებინა, რათა წამების ჟამსაც გონიერად ეგალობათ შენთვის: ალილუია.

 

იკოსი 2

 

  გონებით შეუცნობელსა ნებსით ტანჯვასა შენსა ვერ გულისხმაყოფდნენ მოწაფენნი შენნი, უფალო. ამისათვის გვიან ღამით, უწინარეს ჯვარზე ვნებისა, უკეთესნი მოწაფენი შენნი მაღალსა მთასა ზედა აღიყვანე. რათა ეხილათ სასწაული განსაკრთომელი ფერისცვალებისა შენისა და შორიდანაც გაუსაძლისი მარადისი სილამაზე შენი ღმრთეებრივი მოსვლისა, რათა რაჟამს ჯვარზე გაკრულს გიხილავდნენ, წამებაჲ შენი, ვითარცა ნებსითი, გულისხმაეყოთ. ამისთვისცა გიღაღადებთ შენ ესრეთ:

 

  იესო, რომელმან მოწაფენი შენნი სიღრმიდან მთასა მაღალსა ზედა აღიყვანე, აღგვიყვანე ჩვენც მთაზე, რათა მაღალთა ტკბობათა ძიება ვისწავლოთ; 

 

  იესო, რომელმან პეტრე და ზებედეს ძენი ყოფის საზრუნავთა და ამ ქვეყნიურ საქმეთა სიმრავლისაგან განაშორე, მიწიერ კეთილთაგან განაშორე გონებაც ჩვენი, რათა მდაბალ ვნებათაგან ლტოლვას შევეჩვიოთ; 

 

  იესო, რომელმან მრავალი ჯაფით სიმაღლეზე აღიყვანე მეგობარნი შენნი, განგვსწავლე ჩვენც, რათა მრავლითა ჯაფითა და შრომითა ყოველდღე ვიღვაწოთ; 

 

  იესო, რომელმან ღამის მყუდროებასა შინა ლოცვისას ფერისცვალებაჲ შენი მოწაფეებს შენსას აჩვენე, მორწმუნენი შენი ახლაც ღირსგვყავ, რათა სიტკბოებამ შენი სიტყვებისა ღამე გაგვინათოს; 

 

  იესო, რომელმან თაბორის მყუდროებასა შინა მხოლოდ სამ მოწმეს უჩვენე დიდებაჲ შენი, უშფოთველთა და განმარტოებულთა, შენი დიდების მარადისი ჭვრეტა ახლაც მოგვმადლე; 

 

  იესო, ვისი სახელითაც თაბორი და ერმონი ხარობენ, მოგვეცი ჩვენც, რომ შენი უტკბესი სახელის მოხმობით სრულყოფილების მთაზე ავიდეთ.

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 3

 

  ზეგარდმო ძალითა შემოსე რა მოციქულნი შენნი რჩეულნი, იესო, თაბორსა ზედა აღიყვანე ისინი, რათა ძიება მაღლისა ესწავლათ და ზრახვაჲ მაღლისა და არა ქვეყნისა, დიდებითა და ძალითა შენითა შეგვმოსე ჩვენც ქვე დადრეკილნი და უძლურებისაგან ხორცისა მარადის ძლეულნი, რათა ძალმან შენმან ნაკლულევანებაჲ ჩვენიცა აღავსოს და სიყვარულით ჩვენც გიღაღადოთ: ალილუია.

 

იკოსი 3

 

  გამოუჩინე რა უწინარეს ჯვარცმისა და ნებსითი წამებისა შენისა მოწაფეებს, ვითარცა ღმრთისა, ნაწილობრივ დიდებაჲ შენი, ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო, მიწის მკვიდრთაგან მხოლოდ სამი გამოარჩიე, რათა ეხილათ ღმრთეებრივი დიდებაჲ შენი, რადგან ეს სამი წინაშე თვალთა შენთა ყველა ხალხსა და ტომზე უმჯობეს იყო: პეტრე, რომელმაც უმეტეს სხვებისა შეგიყვარა და პირველმა აღგიარა ვითარცა ძე ღმრთისა; იაკობი, რომელმაც მომავალ სიკეთეთა სასოებით მოციქულთაგან თავი მახვილს პირველმა დაუხარა და ასე დაუდო დასაბამი შენთვის წამებას და იოანე, ვითარცა ქალწული, ვინაც სიწმინდე სულისა და ხორცისა უბიწოდ დაიცვა და ამის გამო სხვებზე მეტად მიიღო განსაკუთრებული მადლი გამოუთქმელ გამოცხადებათა და შენი ღმრთეებრივი დიდების ხილვისა. მათთან ერთად ჩვენგანაც შეიწყნარე ეგევითარი ქება-დიდებაჲ:

 

  იესო, რომელმან უწინარეს ფერისცვალებისა, პეტრესაგან აღმსარებლობა სარწმუნოებისა შეიწყნარე, შეიწყნარე აღმსარებლობაჲცა ჩემი მხურვალე; 

 

  იესო, რომელმან იმავე პეტრეს თაბორის მთაზე კადნიერება შენთან შესიტყვებისა მიანიჭე, გულიცა ჩემი სიკეთითა და სიმშვიდით აამეტყველე; 

 

  იესო, რომელმან მხურვალე სიყვარულისა გამო ზებედეს ძეთა ძენი ქუხილისანი უწოდე, ქუხილით რისხვისა შენისა ნუცა მე განგმირავ; 

 

  იესო, რომელმან იმავე მოწაფეთა სურვილი სამარიელთა ზედა ცეცხლის გარდამოხდომისა არ შეიწყნარე, ვნებათა ცეცხლი ჩემშიც ჩააქრე; 

 

  იესო, თაბორის მთაზე ზედა ქალწულ იოანესთა ერთად სულითა და ხორცით წმინდაჲ მეცა აღმიყვანე; 

 

  იესო, მხნე იაკობთან ერთად, რომელმაც ფიალა შენთვის წამებისა პირველმა შესვა, სასუფეველსა შინა მეც შემიყვანე; 

 

  იესო, კეთილ არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 4

 

  შენი ღვთაებრივი გამოცხადებისას სინაჲს მთაზე არმური ქარისა იყო, რაჟამს შენს სათნომყოფელ მოსეს ქუხილითა და ელვით შჯული უბოძე; მსგავსად ამისა, როცა ელია წინასწარმეტყველს ხილვა შენი ეწადა ძლიერი ქარი იყო ქორების მთაზეც, ძვრა მიწისა და ცეცხლი, მთათა დამრღვევი, მაგრამ არცა ძლიერსა ქარსა, არცა მიწისძვრასა და არცა ცეცხლსა შინა იყო უფალი, არამედ ხმითა მსუბუქი ნიავისა შენ აჩვენე სახე შენი და დიდებაჲ ღმრთეებისა შენისაჲ რაჟამს თაბორის მთაზე წარუდექი სიხარულით შენდა მღაღადებელთა: ალილუია

 

იკოსი 4

 

  მოისმინეს რა მოსემ და ელიამ თაბორზე სიტყვები შენი განსვლისა, რომელი გეგულებოდა აღსრულებად იერუსალიმს მთელი სამყაროს წინაშე დაამოწმეს, უფალო, რომ შენ ხარ ჭეშმარიტად ძე ღმრთისა, ღმრთისა მამისაგან კაცთა საცხოვნებლად მოვლენილი, რაც მისმა ხმამაც განაცხადა, რომელიც ზეციდან იყო. მოსე მკვდართაგან მოხმობილ იქნა, რათა ჯოჯოხეთსა შინა დაემოწმებინა სამყაროში მოსვლაჲ შენი, ელიას კი სასუფევლიდან მოუწოდე, რათა ენოქისათვის მოეთხრო დიდებაჲ შენი, რომელსაც ფერისცვალებისას წმინდისა ხორცისა შენისა იხილავდა, ხოლო ჩვენ განცვიფრებულნი შენთა წინასწარმეტყველთა თაბორის მთაზე იდუმალი გამოცხადებით, შემუსვრილითა გულითა ვხმობთ შემდამი:

 

  იესო, რომელმან ღმრთისმხილველ მოსეს, რომელსაც ხილვა პირისა შენისა ეწადა, თაბორის მთაზე პირისპირ გამოეცხადე, მომავალ საუკუნესა შინა გამოგვიჩინე ჩვენც სიტკბოებაჲ პირისა შენისაი ფრიად საწადელი; 

 

  იესო, რომელმან ძველად ღვთის ხილვისას მოსეს ბრწყინვალებაჲ დიდებისა შენისაი ზურგით უჩვენე, სასუფეველსა შინა სახე გამოუთქმელისა სიკეთისა შენისაჲ ჩვენც პირისპირ გვიჩვენე; 

 

  იესო, რომელმან მყუდროებითა და გამოცხადებით ხმითა მსუბუქისა ნიავისათა ელია დამოძღვრე, მყუდროებასა შინა ღმრთეებრივი სიმშვიდისა ჩვენც დაგვმოძღვრე; 

 

  იესო, რომელმან ცეცხლოვანი ეტლით ელია უვნებლად ზეცად აღიტაცე და სასუფეველსა შინა შეიყვანე, სრულქმნილი ცხოვრების სიმაღლეზე საკვირველად მეცა აღმიყვანე; 

 

  იესო, რომელი ძველად წინასწარმეტყველთა მრავალფერად ესიტყვებოდი და თაბორის მთაზე აღსასრულიც შენი აუწყე, სიტყვებით საუკუნო ცხოვრებისა სულიცა ჩემი მწყურვალე დაარწყულე; 

 

  იესო, რომელმან წინაშე ორისა მოწმისა ფერისცვალებისა შენისა საიდუმლოი მოწაფეთა შენთა განუცხადე, ოხვრითა გამოუთქმელითა სულისა წმინდისათა მხურვალე ჰყავ გულგრილი რწმენა ჩემი; 

 

  იესო, დაუსაბამო ღმერთო, კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა სენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 5

 

  ღმრთის განგებით გამოჩინებულ ვარსკვლავს, ღამეში გაბრწყინვებულს, ემსგავსა, ნათლისა მომცემელო უფალო, წმინდისა ხორცისა შენისა ბრწყინვალებაჲ გამოუთქმელი, როცა მძინარე მოწაფეთა გვერდით, ღამეში, რომელიც უკვე განთიადს უახლოვდებოდა, მაღალი მთიდან მამასა შენსა აღუვლინე ამაღლებული ლოცვაი სენი. მაშინ განბრწყინდა პირი შენი ვითარცა მზე და სამოსელი შენი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ ვითარცა თოვლი. მოციქულთა კი, რომელთაც ღმრთეებრივი ძალის გარდამოსვლით გაიღვიძეს, იხილეს რა დიდებაი შენი, ვითარცა მამის მხოლოდშობილი ძისა, მადლითა და ჭეშმარიტებითა აღვსილნი, შეძრწუნებულნი იდგნენ და გიგალობდნენ შენ: ალილუია.

 

იკოსი 5

 

  გიხილეს რა მოციქულთა შენ თაბორის მთასა ზედა კაცობრივი სახით, მაგრამ ღმრთეებრივი დიდებით ფერშეცვლილი, რაჟამს მოსესა და ილიას შენი განსვლის შესახებ ესიტყვებოდი, გულისხმაყვეს მარადიული ძალა შენი და ღმრთეებაი დაფარული ქვეშე ხორცისა საფარველისა, ისმენდნენ რა წარმოთქმულ სიტყვებს, ტკბებოდნენ ჭვრეტით შენი ღმრთეებრივი დიდებისა, რომელსაც მხოლოდ იმდენად ხედავდნენ, რამდენადაც მისი დატევა მათ ხორციელ თვალებს ძალუძდა; მათთან ერთად შენ ჩვენც ესრეთ გიგალობთ:

 

  იესო, რომელმან მოწაფეთა შენთა შენი გამოუთქმელი და ღმრთივბრწყინვალე დიდებაჲ გამოუბრწყინე, გამოაბრწყინვე ჩვენს სულებშიც მარადიული ნათელი შენი; 

 

  იესო, რომელმან ღმრთისმსახურთა წინამდგომნი სჯულსა და ზეციურსა ნათელსა შენსა აზიარე, მასთან ზიარებით მარადის ცდომილი გონებაჲცა ჩვენი განანათლე; 

 

  იესო, რომელმან ბრწყინვალებაჲ შენისა ღმრთეებისაჲ, ხორცით დაფარული, თაბორის მთაზე მცირედ გააცხადე, ცოდვით დაცემანი, დაფარულნი მწირითა სინდისითა ჩემითა, გააცხადე; 

 

  იესო, რომელმან ხორციდან შეუქმნელი ნათელი სხივები გამოაბრწყინვე და წმინდა მთა განანათლე, შენთა მცნებათა ნათელი სიბნელისა შინა სულისასა ჩემისასა გამოაბრწყინე; 

 

  იესო, რომელმან ფერიცვალებით შენისა წმინდისა ხორცისა სამყაროს კიდენი განანათლე, განგვანათლე და განგვამშვენე ჩვენცა, წყვდიადით მოცულნი; 

 

  იესო, რომელმან თაბორის ნათლის ელვარებით, ვითარცა თოვლი, მოწაფენი შენი განასპეტაკე, განგვწმინდე და განგვაახლე ჩვენც დაბნეულნი; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილ არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 6

 

  იხილეს რა თაბორის მთასა ზედა მოსესა და ილიასთან ყოვლადსახიერი და მაცხოვნებელი საუბარი შენი, ქრისტე, ღმერთო ჩვენო პეტრემ, იაკობმა და იოვანემ - მოწაფეთა შენთა, ფრიად გაიხარეს. ხოლო პეტრე ღმრთეებრივი სიყვარულით აღსავსე ხმითშეგესიტყვა: „უფალო, კეთილი არს ჩვენდა აქა ყოფაჲ და, თუ გნებავს ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა“ . ჩვენ უღირსნი კი ვერ ვკადნიერდებით პირდაპირ გთხოვოთ, გარნა მორჩილებით გვერდით შეწყალებასა და ხმითა განკრთომილითა გიღაღადებთ შენ: ალილუია.

 

იკოსი 6

 

  განბრწყინდა რა თაბორის მთაზე სასწაულად მთელი სამყაროსთვის ღრუბელი ნათლისაჲ, პეტრეს, რომელიც კარვებს ითხოვდა, მამის ხმის განცხადებით ეუწყა და გარდმოსვლითა სულისა წმიდისათა, ხოლო მოციქულთა, მთის თხემს გარემოდგომილთა, რაჟამს აგრილდები, უფროისღა შეეშინდათ შენი და შიშით შევიდნენ რა ღრუბელსა შინა, იცნეს ღმრთეებაჲ შენი მიუწვდომელი და ფრიადითა კადნიერებითა გიღაღადებდნენ ესრეთ:

 

  იესო, რომელი ძველად ისრაელს უდაბნოში სვეტითა ღრუბლისათა წინა მიუძღოდი, გზაჲ სასუფევლისა შენისაი ჩვენ ახლაც გვიჩვენე; 

 

  იესო, რომელი თაბორის მთასა ზედა მოციქულთა შენთა ღრუბლითა ნათლითა იფარვიდი და აგრილებდი, ცვარითა სულისა წმიდისა შენისათა ჩვენც გაგვაგრილე; 

 

  იესო, რომელი ცათა შინა ხელუთქმნელ ტაძარში მყოფობ, შენისა ღმრთეებისა ტაძარი ნათელმჩენი და კარავი ყოვლად წმიდაჲ ჩვენც გვიჩვენე; 

 

  იესო, რომელმან მიწაზე ხელითქმნილნი კარავნი არ ინებე, სულისა შენისა დაფარულ კეთილსახოვან კარვად მქმენ მე, აღყვანილი ცათა შინა; 

 

  იესო, რომელმან შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, ღმრთივნაქსოვითა სამოსელითა უბიწოებისა და სიწმინდისა შემმოსე მეცა, განშიშვლებული; 

 

  იესო, რომელმან გარდაართხი ცანი, ვითარცა კარავნი, თოვლივით სპეტაკი სამოსელით შენი ზეციური სილამაზისა შემმოსე მეცა, წყლულებით დაფარული; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე სფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 7

 

  ინებე რა გაცხადებაჲ ღმრთეებისა შენისაი საუკუნითგან დაფარული საიდუმლოსი, მამამან შენმან ზეციერმან, ვითარცა ადრე, შენი ნათლისღებისას იორდანეში, ღმრთის ძეობა შენი აუწყა და ხმით,რომელიც ღრუბლიდან იყო, დაამოწმა, რაჟამს განაცხადა:,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ”. ხოლო მოციქულნი დიდისა განკვირვებისაგან ძალადაკარგულნი, მიწაზე პირქვე დაემხნენ მღაღადებელნი შენდა: ალილუია.

 

იკოსი 7

 

  იხილეს რა თაბორის მთასა ზედა ახალი და დიდებული სიტყვაჲ შენი, მეუფეო უფალო, და მოისმინეს რა ღრუბლისაგან ხმაჲ მამისაჲ, ზარგანხდილნი თვითმხილველნი და მსახურნი, ნათლისა ახლისა მოფენითა მეყსეულად განათებულნი, შესცქეროდნენ ერთმანეთს განკვირვებულნი, მიწაზე პირქვე დაემხნენ, შენ, ყოველთა მეუფეო, თაყვანი გცეს და ქებაჲ აღავლინეს შენდა მომართ ესევითარი:

 

  იესო, ხატო მამისა გვამისა ბრწყინვალებისაო, შეცვალე დაბნელებული და არაწმინდაჲ ცხოვრება ჩემი; 

 

  იესო, ბრწყინვალებაო მამისა დიდებისაო, წყვდიადსა შინა დაცემული სული ჩემი განანათლე; 

 

  იესო, შენისა ღმრთეებრივისა სახისა დიდებით საკვირველო და ზარგანმხდელო, ხრწნილებისაგან შერყვნილი სახეცა ჩვენი სულიერი განაახლე; 

 

  იესო, მშვიდო, სრულო სიყვარულო, გამოუთქმელითა ბრწყინვალებითა ხორცისა შენისა ყოველი უწმინდურებაჲ ხორცისა ჩემისაი უფროის თოვლისა განასპეტაკე; 

 

  იესო, დაუსაბამოო ნათელო, ნათელსა შინა შენსა, თაბორის მთასა ზედა გამოჩინებულსა, ნათელი მამისაჲ გვიჩვენე ჩვენ; 

 

  იესო, უცვალებელო ნათელო, უხილავ ნათელსა შინა შენისა სასუფევლისასა, ნათელი სულისაჲ გვიჩვენე ჩვენ; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 8

 

  საკვირველად და უცხოდ გამოგიჩნდა შენ, მეუფეო უფალო, თაბორის მთასა ზედა მოსე და ელია და იხილეს რა სახე ღმრთეებრივი ჰიპოსტასისა, შენს ნებსით ტანჯვაზე საუბრობდნენ, რომელიც ღირსად სიწმინდისა გელოდებოდა, აგრილებდი რა მათ ღრუბლითა ნათლითა და იყო რა ხმა ზეციდან, დიდება უფლისა გაქრა მოწაფეთა ხილვისთვის და წინასწარმეტყველნიც აღყვანილნი იქნენ თავიანთი ადგილებიდან, მგალობელნი შენდა: ალილუია.

 

იკოსი 8

 

  ყოველივე ეს, გამოუკვლეველო სიტყვაო ღმრთისაო, მაღლიდან იყო, რაჟამს ყოვლად წმინდა ხორცმა შენმა თაბორსა ზედა ფერი იცვალა, მაგრამ არცა მდაბალთა განშორებიხარ; როცა წინასწარმეტყველნი წავიდნენ და ხილვა დასრულდა, შენ მიხვედ შიშისაგან მიწაზე განრთხმულ მოწაფეებთან, ხელი შეახე და არქუ მათ: „აღდეგით და ნუ გეშინინ“. ხოლო მოწაფეთა აღიხილნეს რა თვალნი და იხილეს რა, რომ შენ მხოლოჲ იყავი მათთან, ფრიად გაიხარეს და ჰმადლობდნენ ღმერთსა ესრეთ მგალობელნი:

 

  იესო, რომელსა გაქვს სიტყვები მარადიული ცხოვრებისა, მარადის ჩვენთან იყავ მიწიერსა მწირობასა შინა; 

 

  იესო, რომელმან ხილვითა შენისა ღმრთეებრიობისა განგვაძღე ჩვენ, შენს მსახურებასა შინა შემწეობის გარეშე ნუ მიგვატოვებ; 

 

  იესო, რომელმან უწინარეს შენისა ჯვარცმისა,. საიდუმლოს ნებსითი ტანჯვისა ნათელი მოჰფინე, ხსოვნა შენი ჩვენს გამო გამდაბლებისა, მარადის მოგვანიჭე; 

 

  იესო, რომელმან უწინარეს სიკვდილისა, დიდებაჲ შენი გვიჩვენე, მოგვეცი ჩვენ, რათა განმღმრთობაჲ ხორცისა შენისაჲ მარადის გულისხმავყოთ; 

 

  იესო, ხატო უცვალებელო არსისა, სულსა შინა ჩემსა საწადელისა შენისა სახისა ხატებაჲ და მგავსებაჲ განაახლე; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 9

 

  ბუნება ყოველი იხარებდა, მხილველი შენი დიდებული ფერისცვალებისა თაბორის მთასა ზედა, ქრისტე მაცხოვარო ანგელოზნი, რომელნიც წინაშე შენსა უხილავად იდგნენ და გმსახურებდნენ შენ, ცანი შეშინდნენ და შეირყნენ, სრულად დედამიწა, იხილა რა დიდებაჲ უფლისა, შეძრწუნებულ იქნა: ,,მთა თაბორისა, უწინ ბნელი და კვამლიანი” ღრუბლითა ნათლითა დაიფარა; მას ზედა ,იდგნენ ყოვლადწმინდა ფერხნი შენნი” მოწაფეთა შენთა ვერ შეძლეს ჭვრეტა გაუსაძლისისა პირისა შენისა და დაემხნენ რა მიწაზე, სახეს იფარავდნენ ვიდრე შენ თავად შემდგომად ხილვის დამთავრებისა, არ წამოაყენე ისინი მღაღადებელნი შენდა: ალილუია

 

იკოსი 9

 

  ენამჭევრთა ამაოდბრძენთა, მადლითა გაუნათლებელთა, არ შეუძლიათ გულისხმაყონ დიდებულისა ფერისცვალებისა შენისა საიდუმლო, უფალო, ამისთვისცა, რაჟამს მოწაფენი მთიდან გარდამოდიოდნენ, გარიჟრაჟისას, შენ ამცნე მეგობრებს შენსას, არავისთვის მოეთხროთ ხილვის შესახებ, ვიდრემდის ტანჯვას დაითმენდი და მესამე დღესა საფლავიდან მკვდრეთით აღდგებოდი. ისინიც დადუმდნენ და იმ დღეთა შინა არავისთვის არაფერი უთქვამთ იქიდან, რაც იხილეს და მოისმნიეს, გარნა მხოლოდ გულთა შინა გიღაღადებდნენ შენ ესრეთ:

 

  იესო, რომელმან სრული ადამი შეიმოსე, დაბნელებული კაცობრივი ბუნებაც განანათლე; 

 

  იესო, ნათლითა შენითა ყოველი სიბნელე სულიერი ჩვენში აღხოცე; 

 

  იესო, რომელმან ბრწყინვალებით ღმრთეებრივი ოხრისა მოციქულნი შენნი დაატკბე, დაგვატკბე ჩვენცა მარადის სიტყვებით შენისა ღმრთეებრივისა გამოცხადებისა; 

 

  იესო, რომელმან ცვარის მომცემლითა ღრუბლითა მოწაფენი შენნი განანათლე, განგვანათლე ჩვენც მარადის ნათლითა დიდებულისა შენისა ფერისცვალებისა; 

 

  იესო, რომელმან შეხებითა წმინდათა ფერხთა შენთა თაბორის მთა აკურთხე, წარმართე ფერხნიცა ჩვენნი მსახურებად შენდა მარადის; 

 

  იესო, რომელმან უბრალო ხელებით შენს მთასა ზედა აღსვლაჲ ბრძანე, ხელნიცა ჩვენნი აღძარი მთაზე ლოცვისათვის აღსაპყრობად; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარად.

 

 

კონდაკი 10

 

  მნებებელმან სამყაროს ხსნისა თაბორის მთაზე ფერი იცვალე ჩვენს გამო, უფალო, გარნა დაბადებულნი უღირსნი არიან შენთა რჩეულითათვის განმზადებული ზეციური დიდებისა და ფერისცვალებისა დამდაბლებისა სხეულისა ჩვენისა, რათა ჟამსა საერთო აღდგომისასა ყოფილიყო იგი შემსგავსებული შენი დიდების სხეულისა და დაუსრულებლისა სასუფევლისა, რომელი დასაბამითგან სოფლისა განუმზადე შენთა მოყვარულთა; ღირსგვყავ ჩვენც მასში დამკვიდრებად, ვითარცა მოსე და ელია, რომელნიც პირისპირ გჭვრეტენ შენ და ყოველთა წმინდანთა თანა გიგალობენ მარადიულ საგალობელს: ალილუია

 

იკოსი 10

 

  მეუფეო მარადიულო, რომელმან ყოველივე ქმენ საცხოვნებლად ჩვენდა: ჩვენთვის შეისხი ხორცი წმიდაჲ ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისაგან და ხატითა მონისა მოხვედ ამა სოფელსა შინა, ასევე წმინდასა მთასა ზედა ფერი იცვალე, არა შენთვის სათნოსაყოფად, არ საჭიროებ რადგანაც ნათელს განსანათლებლად, არამედ ჩვენთვის, დასჯილთათვის; ბნელი განგვინათე მსხდომარეთა ბნელსა შინა და შორის აჩრდილთა სიკვდილისათა და მრისხანების ძეთაგან შენს საყვარელ შვილებად შეგვცვალე, ამისთვისცა მადლიერებით გიღაღადებთ შენ ესრეთ:

 

  იესო, რომელმან ხატი მონისა თაბორისა მთასა ზედა შეიცვალე, ცოდვის შვილთაგან შვილებად ღმრთისა ჩვენც გარდაგვცვალე; 

 

  იესო, რომელმან ხორცი შენი უძლურჰყავ, შენთან ერთად შეცვალე დაცემულიცა ბუნებაჲ ჩვენი; 

 

  იესო, რომელმან გამოუთქმელი სილამაზე სასუფეველისა შენისა თაბორის მთასა ზედა გამოაჩინე, სიხარული, მშვიდობაჲ და ჭეშმარიტებაჲ სულითა წმიდითა ჩვენში განამტკიცე; 

 

  იესო, რომელმან ღმრთეებრივი ხორცისა შენისა ყოველი ქმნილება განაღმრთე, განმღრთობით ხორცისა ჟამსა მეორედ მოსვლისასა ჩვენც განგვაახლე; 

 

  იესო, რომელმან ცეცხლი ღმრთეებისა შენისა თაბორსა ზედა გამოაჩინე, უნივთოითა ცეცხლითა დაწვი ცოდვანი ჩემნი; 

 

  იესო, რომელმან უტკბესი საუბრითა შენითა მუნ მოწაფენი შენნი განაძღე, სულიცა ჩემი დამშეული წმინდითა საიდუმლოებებითა შენითა აკურთხე; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარად.

 

 

კონდაკი 11

 

  გალობას ყოვლადსალმობიერს გიძღვნი უღირსი შენ, რომელმან ფერისცვალებითა შენითა ნათელი ზეიმი აღასრულე და გიღაღადებ: სიმაღლე ზეციური ცხოვრებისა და დიდებანი მარადიულისა ღმრთეებრივისა ბრწყინვალებისა მოგვანიჭე აწცა შენთა მონათა და ღირსგვყავ ჩვენცა, რათა წმინდითა გულითა მთასა წმინდასა შენსა გონებით აღვიდეთ და გონების თვალით ვიხილოთ ყოვლადდიდებული ფერისცვალებაჲ შენი, რათა ხმამაღლა გიგალობდეთ შენ: ალილუია

 

იკოსი 11

 

  ნათელი ესე - ნათელი შენი, მიუწვდომელო და ნათლისა მომცემელო იესო, დაუსაბამოო და მარადიულო ნათელო, სოფელსა შინა მოიტანე რაჟამს ყოვლადწმინდითა ხორცითა შენითა თაბორის მთასა ზედა აღხვედ და იქ მოწაფეთა შენთა შუქმნელი და ღმრთეებრივი ნათელი გამოუბრწყინვე, აჩვენე რა ხატი მამისა დიდებისა. ამ ზებუნებრივ ნათელთან ზიარების მოსურნენი სულის სიღრმითგან გიღაღადებთ შენ ესრეთ; იესო ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, გულის სიტყვითა კეთილითა სულიცა ჩემი ცოცხალყავ ყოველსა დღესა შინა ჩემისა მიწიერისა მწირობისასა:

 

  იესო ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, გულის სიტყვითა კეთილითა სულიცა ჩემი ცოცხალყავ ყოველსა დღესა შინა ჩემისა მიწიერისა მწირობისასა: 

 

  იესო მეუფეო, ნათელო დაუსაბამოო, ვიდრე დღემდე ჩემი აღსასრულისა, ჩამქრალი კანდელი სულისა ჩემისა კვალად აღანთე; 

 

  იესო, ნათელო მშვიდო, მომეც ცხოვრება და ზარგანმხდელ წუთს სიკვდილისასა, სულს ჩემსას ნათელი და ცხოვნებაჲ მიანიჭე; 

 

  იესო, ნათელო წმიდაო, მას ჟამსა შინა ჩაუქრობელი ციცხლითგან ანათე და იბრწყინე და ჩემგან გარემომცველი სიბნელე განაგდე; 

 

  იესო, ნათელო უტკბესო და ყოვლად წმიდაო, ნათლისაკენ შენი ზეციური სასახლისა მწუხარეთა საზღვრეთა შორის ჰაერსა შინა წარმიძეხ მე; 

 

  იესო, ყოველსა მზესა ზედა ნათელო უნათლესო, ნათლიერებასა შინა შენთა წმინდანთა, დაუღამებელსა დღესა შენისა სასუფევლისასა, მეცა განმინათე; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილს არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 12

 

  მადლი შენი, რომელი თაბორსა ზედა რჩეულთა მოწაფეთა შენთა-პეტრეს, იოვანეს და იაკობს მიანიჭე, მომეც მე, იესო ღმერთო ჩემო და შეგვიწყნარე ჩვენ, ვითარცა ისინი, შემოსილნი ზეგარდმო ძალითა შენითა და განათლებულნი სულითა წმინდითა, რათა გულითა წმიდანი და სულითა განახლებულნი, გონებითსა თაბორსა ზედა აღვიდეთ, აღმავალნი ძალითი ძალად, უმეტესად მარხვითა და ლოცვით მოღვაწენი, უმანკოებასა და სიწმინდესა შინა მყოფნი და იქ გიღაღადოთ შენ: ალილუია.

 

იკოსი 12

 

  ვუგალობთ რა დიდებულ ფერისცვალებას ყოვლადწმიდისა ხორცისა შენისა, განვადიდებთ შენს ღმრთეებრივ დიდებას თაბორის მთაზე გაცხადებულს, თაყვანსვცემთ შენს ძალას მარადიულს და ღმრთეებას შენსას, რომლის ნათელიც იქ მცირედ გამოავლინე, ქრისტე, და გვწამს პეტრესა თანა, რომ შენ ხარ ჭეშმარირად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსული საცხოვნებლად ცოდვილისა სოფლისა; ამისთვისცა მასთან ერთად სულის სიღრმითგან გიღაღადებთ შენ: კეთილ არს ჩვენდა აქა შენ თანა ყოფაჲ ამისთვისცა ნუ გვარცხვენ ჩვენ, შენთა მართლმორწმუნეთა, გარნა უძლურნი და ხორცითა გარემოდგომილნი, ნათლითა შენისა ღმრთივბრწყინვალისა ხორცისა დაგვიფარე ჩვენ, რომელნი სიყყვარულით ვხმობთ შენდამი ესრეთ:

 

  იესო, მზეო დაუვალო, თაბორსა ზედა აღმობრწყინვებულო, შენი ღმრთეებრივი ელვარებით მეცა განმაბრწყინე; 

 

  იესო, ნათელო დაუფარავო, ფერისცვალების ჟამსა შინა გამოვლინებულო, ზიარებითა მადლისა შენისა მეცა გამათბე; 

 

  იესო, ტაძარსა შინა მარადიულო ზეციური იერუსალიმისა კაცითგან კარავსა შინა ღმრთისა მეცა დამამკვიდრე; 

 

  იესო, ნათელო კეთილსურნელოვანო ყოვლადწმიდისა სამოთხისაო, სიწმიდისა და უბიწოების სურნელი ზეციური მეცა მომფინე; 

 

  იესო, ცეცხლო განმწმენდელო, რომელმან ზეცისა და მიწისა ყოვლისაგან ბიწისა განმწმენდა ინებე, ბიწისაგან სულისა და ხორცისა მეცა განმწმინდე; 

 

  იესო, ლოდო ყოვლადკეთილო, რომელმან ზეციური სიონი ნაცვლად მზისა ღმრთეებრივი სილამაზით გაანათე, სხვა სილამაზის ჭვრეტათაგან განმანთავისუფლე მე; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილ არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 13

 

  ჰოჲ ყოვლად ტკბილო და წყალობის უხვად მომნიჭებელო იესო, თაბორსა ზედა დიდებით გაბრწინვებულო; შეიწყნარე აწცა მცირე სავედრებელი ესე ჩვენი და ვითარცა მთასა ზედა წმინდასა თაყვანისცემაჲ მოწაფეთა შენთა შეიწყნარე, ღირსგვყავ ჩვენც თაყვანი ვცეთ დიდებულ ფერისცვალებას შენსას, რათა ჩვენს შინა სიბნელე ცოდვისა განანათლო და ღირსად გამოვჩნდეთ ცათა შინა შენი დაუსრულებელი სასუფევლის დამკვიდრებისა, სადაც ღირსგვყოფ ყოველთა წმინდანთა თანა ჩვენც გიგალობოთ შენ: ალილუია (3-გზის

 

იკოსი 1

 

  ანგელოზთათვის დაფარული და კაცთათვის მიუწვდომელი ღმრთაეებაჲ შენი, ნათლისმომცემელო ქრისტე. შენს პირველ მოწაფეებს თაბორის მთასა ზედა დაუვალი ელვითა და დაუღამებელისა ნათლისა შენისა სხივებით გამოუცხადე, ხოლო მათ შენი ღმრთაეებრივი ცვლილებით ზარგანხდილთა და ღრუბლითა ნათლითა გაბრწყინებულთა, ისმინეს რა ხმაჲ მამისა და გულისხმაჰყვეს რა საიდუმლოის შენისა განკაცებისა, ესრეთ გიღაღადეს:

 

  იესო, ძეო უკვდავისა ღმრთისაო, მოგვფინე ჩვენ ნათელი პირისა შენისა ბრწყინვალისა; 

 

  იესო, სახიერო ღმერთო, ყოვლადძლიერო, აღგვადგინე ჩვენ, მძინარენი, ცოდვილი ძილის ბნელი სიღრმიდან; 

 

  იესო, სიბნელის საბრძანებლიდან მიუწვდომელსა ნათელსა შინა აღმოგვიყვანე; 

 

  იესო, რომელმან დიდებითა შენითა მთელი სამყარო აღავსე, სავანეთა შინა სასუფევლისასა შეგვიყვანე ჩვენ; 

 

  იესო, ნათელო სოფლისაო ბოროტი სოფლისაგან განგვანთავისუფლე ჩვენ ბნელსა შინა მსხდომარენი; 

 

  იესო, მზეო სიმართლისაო, ძალითა და ჭეშმარიტებითა შენითა შეგვმოსე ჩვენ სიკვდილის კარავსა შინა მძინარენი; 

 

  იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილი არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

კონდაკი 1

 

  ბრძოლასა შინა უძლეველო მხედართმთავარო და მეუფეო დიდებისაო, შენ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, გიხილეს რა თაბორის მთასა ზედა დიდებით ფერშეცვლილი, ყოველი ქმნილება განკვირდა, ცანი შეძრწუნდა და ქვეყანისაგან და ნაშობთა ყოველთა გაიხარეს, ხოლო ჩვენ უღირსნი ფერისცვალებისა შენისა ჩვენს გამო, მადლიერებით შემოგწირავთ თაყვანისცემას და პეტრესთან ერთად სულითა და გულით გიღაღადებთ: იესო, დაუსაბამოო ღმერთო, კეთილ არს ჩვენდა, რათა ქვეშე საფარველისა მადლისა შენისა ვიყოთ მარადის.

 

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ნათელო მოიწვდომელო, ბრწყინვალებაო მამისა დიდებისაო და ხატო მისისა გვამისაო! რაჟამს მოაწია აღსრულებამ ჟამისა, შენ კაცთა დაცემული მოდგმისადმი გამოუთქმელისა შენისა გულმოწყალებისა გამო, თავი დაიმდაბლე, ხატი მონისა მიიღე და სიმდაბლითა და მორჩილებითა სიკვდილიც იგემე. გარნა უწინარეს ჯვარცმისა და ნებსითი ტანჯვისა შენისა, თაბორის მთასა ზედა ფერი იცვალე ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა წინაშე წმიდათა მოწაფეთა შენთა, რათა რაჟამს ჯვარზე გაკრულსა და სიკვდილისათვის მიცემულს გიხილავდნენ, ვნებაჲ შენი ნებსითი და ღმრთეებაჲ შენი გულისხმაეყოთ. მოგვანიჭე ჩვენც, ყოველთა მედღესასწაულეთა ყოვლადწმიდისა ხორცისა შენისა ფერისცვალებისა, რათა წმინდითა გულითა და უბიწო გონებითა აღვიდეთ მთასა ზედა წმიდასა შენსა, საყოფელსა წმიდისა დიდებისა შენისასა, სადა არს გალობაი წმიდათა მედღესასწაულეთა, გალობაჲ გამოუთქმელი სიხარულისა, რათა იქ მათ თანა პირისპირ ვჭრეტდეთ დიდებასა შენსა დაუღამებელსა დღესა შინა სასუფეველსა შენსა და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნომყოფელთა შენთა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა თანდაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.