მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
ღირსისა მამისა გიორგი მთაწმიდელისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

კონდაკი 1


ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა მართლმადიდებელთასა და მწყემსსა და მოძღუარსა ქართველსა ერისასა ქებით გიგალობთ და მეოხ-გყოფთ ღმრთისა მიმართ მოწყალისა, მოიხილოს ჩუენ ზედა და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და გულსმოდგინებითა ვაქოთ საქმენი შენნი, ღირსნი ქებისაჲ: გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



იკოსი 1


ვითარცა მეფეთა ისრაელისასა მოუვლენდა უფალი ჟამითი-ჟამად წინაჲსწარმეტყუელთა, ზღუ-დედ სჯულისა და შესაწევნელად მორწმუნეთა, ეგრეცა მოხედნა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა ჩუენსა და გამოგაჩინა ვითარ ახალი ოქროპირი, განმანათლებელად და მაწვეველად სათნოებათა და მოღუაწებათა, ამისთჳსცა მოვევლტით მფარველობასა შენსა და მადლობასა შევ-სწირავთ ღმერთსა, რომელმანცა მოგანიჭა ეგევითარი მადლი სულიერი, და გნატრით შენ, ვითარცა ქართველთა ეკლესიისა მნათობსა ბრწყინვალესა:


გიხაროდენ, ჭურო რჩეულო, სამკჳდრებელო სულისა წმიდისაო;

გიხაროდენ, ძეგლო სარწმუნოებისაო და ქადაგო ჭეშმრიტებისაო;

გიხაროდენ, მსახურო სამებისაო და სამკაულო მღდელობისაო;

გიხაროდენ, მობაძავო მწყემსისა მის კეთილისა იესუ ტკბილისაო და მუშაკო ვენახისა მისისაო;

გიხაროდენ, სიბრძნითა გამომეტყუელო სულისა საიდუმლოჲსაო და ღმრთივ-აღძრულო ქნარო სიტყუათა დავითისაო;

გიხაროდენ, ძალაო და დამამტკიცებელო მეფეთა სკიპტრისაო;

გიხაროდენ, უწმიდესო ვარსკულავო უდაბნოჲსაო და საცნაურო მზეო, მნათობო საქართველოჲსაო;

გიხაროდენ, ზეციერო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო;

გიხაროდენ, ოქრომდინარეო, მომრწყველო მამულისა შენისაო;

გიხაროდენ, საფუძველო და სიმტკიცეო ივერთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 2


პირველ მუცლად ღებისა შენისა ეჩუენა ანგელოზი უფლისაჲ დედასა შენსა მარიამს და უწყებულ ყვნა: „იხარებდით, რამეთუ ჰშვე ყრმაჲ, მრავალ ჟამ თხოვილი ღმრთისაგან, უწოდე მას გიორგი და ვითარცა მსხუერპლი კეთილი, შეწირე იგი მისსა, რომელისადა აღგითქუამს“, ხოლო კეთილმორწმუნემან დედაკაცმან შიშითა და სიხარულით ამცნო ხილვაჲ ესე იაკობსა - მეუღლესა თჳსსა და სათნოებათა მიმართ წარმატებულნი შესწირვიდენ უფალსა გალობასა ღირსსა: ალილუია.



იკოსი 2


იშევ რაჲ ღმრთისა მიერ აღთქმული ეგე ყრმაჲ, სიჩჩოჲთგან განგსწავლეს სწავლითა სულიერითა და შჳდისა წლისა სამცხეს, ტაძრისად წოდებულსა მონასტერსა შეგწირეს ღმრთისა, ხოლო შენ ანგელოზებრ შუენიერ იყავ ხატითა და სავსჱ სიბრძნითა და ნიჭნი გულისჴმის-ყოფისანი მოიხუეჭე ლოცვითა მჴურვალითა, ეგრეთვე აწ მოგუფინე მადლი ყოვლად განწმედილისა ლოცვისა შენისაჲ, რაჲთა არა შთავარდეთ საფრჴესა მტერისასა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა:


გიხაროდენ, ყრმაო საკჳრველო, უფლისა მიერ წინაჲსწარ გამორჩეულო და კურთხეულო;

გიხაროდენ, სამოელისაებრ პირველ მუცლად ღებისა ღმრთისადმი შეწირულო;

გიხაროდენ ნაყოფო ტკბილო, ძირისაგან პატიოსნისა აღმოცენებულო;

გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა დაცულო;

გიხაროდენ, სიყრმითგან ყოველთა სახიობათა და ლაღობათა განრინებულო;

გიხაროდენ, ახალნერგო შუენიერო, თანაწარსადინელსა წიგნთა ღმრთივსულიერთასა დანერგულო;

გიხაროდენ, სულისა ნექტარითა მორწყულო;

გიხაროდენ, წვრთასა შინა საღმრთოთა წერილთასა აღორძინებულო;

გიხაროდენ, მოყვარეო სათნოებისაო და მეძიებელო სასუფეველისაო, მისმიერთა მით ბრწყინვალებითა აქავე განათლებულო;

გიხაროდენ, საწუთროჲსა გემოვნებათა მომძულებელო;

გიხაროდენ, შფოთთა სოფლისათა განშორებულო და ზესთა-სიკეთითა განმსჭვალულო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 3


ხედვიდა რაჲ გულსმოდგინებასა შენსა, მტერი იგი კაცთა ცხოვრებისაჲ და მბრძოლი წმიდათაჲ აღბორგნა, რამეთუ სიყრმითგანვე იზარდებოდი დამრთგუნველად ძალისა მისისა, და შეძრწუნებული მძჳნვარედ გეკუეთა, გარნა ღმრთისა მიერ შემწედ შენდა მოვლენილნი ანგელოზნი გიძღოდენ შენ და გფარვიდენ ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, და აწცა მარადის მათ თანა მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა და ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი მეოხებასა შენსა მოივლტიან და აქებენ მოწყალებასა მისსა: ალილუია.



იკოსი 3


ყრმობასა შინა იხილე ბოროტი სული ყრმისა სახითა, ეწადა რაჲ წარწყმედაჲ შენი წყალთა შინა, მცველმან შენმან ანგელოზმან არა გიტევის სლვად მდინარესა, ხოლო შურითა ეშმაკისაჲთა აღედვა რაჲ ცეცხლი მონასტერსა, შენ უცნობელად გეძინა, მაშინ მოვიდა სპეტაკითა მოსილი ანგელოზი და განგიყვანა უვნებელად, ეგრეთვე აწ მეოხ-იყუენ ჩუენთჳს მარადის უფლისა მიმართ, ძალითა უძლეველითა თჳსითა ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და გჳჴსნნეს ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა, რაჲთა უვნებელად დაცულნი ვიხარებდეთ სულითა და გნატრიდეთ სურვილითა:


გიხაროდენ, სარწმუნოო მონაო ყოველთა მჴსნელისაო, კუალსა მისსა შედგომილო;

გიხაროდენ, ლოცვითა განწმედილო და მარხვითა განკაფულო;

გიხაროდენ, ცნობად ძალსა წმიდათა წერილთაჲსა განბრძნობილო;

გიხაროდენ, სიმჴნითა გონებისაჲთა და უმანკოებითა გულისაჲთა შეჭურვილო;

გიხაროდენ, საღმრთოჲსა მადლისა სიტკბოებითა აღვსილო;

გიხაროდენ, განხურვებულთა ისართა ბოროტისათა მოღუაწებითა დამშრეტელო;

გიხაროდენ, მსგავსად იოვანე მოწყალისა გლახაკთა და ნაკლულევანთა მწყალობელო;

გიხაროდენ, დიდსულო და ნათლითა ღმრთისმეცნიერებითა განათლებულო;

გიხაროდენ, ეშმაკთა ზედა ძალითა ქრისტჱსითა მრავალგზის მძლე-ქმნულო;

გიხაროდენ, მაცთურისა დიდებისა და საფრჴეთა მისთა დაუცხრომელითა ლოცვითა განმაქიქებელო;

გიხაროდენ, სულმოკლეთა და მოუთმენელთათჳს მაგალითისა მიმცემელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტისა საღმრთოჲსა სიბრძნისაგან განშუენებულო და ბრწყინვალედ შემკულო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 4


გიხილნეს რაჲ სიბრძნითა და გონიერებითა სრულქმნილი, მამის ძმათა შენთა მიგიყუანეს ხახულს - ლავრასა დიდსა, და შეგვედრეს ღირსსა იოვანე თუალელს, რომელმან ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული საყუარელი შჳლი, ეგრეთ შეგიწყნარა და წვრთითა მონაზონებისა მიმართ წარგმართა, ხოლო შენ იქმენ რაჲ მოშურნე და მოღუაწე სარწმუნოებისათჳს, დღითი დღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა და აქებდი ძლიერებასა მისსა: ალილუია.



იკოსი 4


რაჟამს ფერის ჯოჯიკის ძემ და თანამეცხედრემან მისმან, ასულმან ბაგრატ მეფისამან, ყოველი საქმჱ სულიერი გიორგი მწერალსა შეჰვედრეს, მაშინ ძმისწული თჳსი, ვითარცა შემწჱ მსახურებასა შინა თანა წარგიყვანა, ხოლო იხილეს რაჲ კეთილთა მათ მეუღლეთა წადიერებაჲ შენი ღმრთის მსახურებისთჳს, დიდად განიხარეს და ძლიერითა ლოცვითა და ღუაწლითა შენითა ფრიად განკჳრდეს, ეგრეთვე აწ სული ჩემი ბრწყინვალებითა მადლისა შენისაჲთა განანათლენ და გული ჩემი საღმრთოჲთა სიყუარულითა აღავსენ, რაჲთა სიბრძნით ვიდოდე გზასა ჭეშმარიტებისასა და დაუცხრომელად გაქებდე:


გიხაროდენ, მჴნეო, სახეშუენიერო და სეხნაო მუშაკობისაო;

გიხაროდენ, მორჩო ნაყოფიერო მოღუაწებისაო;

გიხაროდენ, ქადაგო მოციქულთა და მამათა სწავლებისაო;

გიხაროდენ, წინამძღუარო და ლამპარო ჭეშმარიტებისაო;

გიხაროდენ, ტრფიალო საღმრთოჲსა სიბრძნისაო;

გიხაროდენ, ჴმაო შუენიერო ღმრთისმეტყუელებისაო;

გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოჲსა მოძღურებისაო;

გიხაროდენ, მსაჯულო მსჯავრისაო და სიმართლისაო;

გიხაროდენ, მსახურო ღმრთისაო და ერთგულო მამულისაო და მეფისაო;

გიხაროდენ, მიურულებელო მცველო და ქომაგო ივერთა მიწა-წყლისაო;

გიხაროდენ, ღმრთივაღძრულო ქნარო ქართველთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, სიქადულო და განმანათლებელო ერისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 5


თავი წარკვეთეს რაჲ ფერის ჯოჯიკის ძესა კეისრის ბრძანებითა, და თანამეცხედრჱ მისი კონსტანტინოპოლედ წარგზავნეს სახლეულითა, შენცა წარგიყუანეს სამეუფოსა მას ქალაქსა, და სიბრძნისა საწურთელად მიგცეს მონაზონთა ღმრთისმოშიშთა და რიტორთა, რამეთუ სწავლისმოყუარე იყავ შენ და მოთმინე ფრიად და წარემატე უფროჲს ბერძენთასა, ვინაჲცა ჰნატრიდეს გულსმოდგინებასა შენსა და აქებდეს განმაბრძნობელსა შენსა, ქრისტესა: ალილუია.



იკოსი 5


ასული ბაგრატ მეფისაჲ მოვიდა რაჲ მამულსავე თჳსსა, შენცა წარემართე ხახულს და შეუდეგ ღუაწლსა მონაზონებისასა, გარნა ყოველთაგან სივტოლაჲ იხუმიე სამოსლითა საგლახაკოჲთა, რაჲთა თაყუანისცე წმიდათა ადგილთა, ნეტარო, და შეემთხვიე რაჲ კაცსა მას, ეშმაკთაგან ვნებულსა, სულთა უკეთურთა შეჰრისხნე სახელითა ქრისტჱსითა და განათავისუფლე ძრწოლისაგან და ღრჭენისაგან კბილთაჲსა, ეგრეთცა თანამავალ გუექმენ და გჳჴსენ ჩუენ საფრჴეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთაჲსა, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:


გიხაროდენ, ცხორებითა სათნოჲთა უსხეულოთა მიმსგავსებულო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტისა საღმრთოჲსა სიბრძნისაგან განშუენებულო და ბრწყინვალედ შემკულო;

გიხაროდენ, გამოუთქმელითა სიწმიდითა სამღდელოთათჳს მაგალითისა მიმცემელო;

გიხაროდენ, ზეშთა მეტყველებასა მიწევნულო და ღმრთისმეტყუელითა პირითა უაღრეს რიტორთაჲსა მეტყველო;

გიხაროდენ, განსასტიკებულთა გულთა მომალბობელო და მწვალებელთა ენათა მომაუძლურებელო;

გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელო;

გიხაროდენ, გრძნებითა გონებაცთომილთა კუალად გონებადვე მომყვანებელო;

გიხაროდენ, მსგავსად დიდისა მოციქულისა პეტრჱსა სასწაულითა წმიდისა ჯუარისაჲთა მოგუთა გრძნებისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, სიცბილისა მათისა ძლევით მამხილებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებლად ეშმაკთა საზორველისა დამამჴობელო;

გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამფარველო;

გიხაროდენ, ლოცვითა შენითა მრავალსახეთა სენთაგან შეპყრობილთა დამჴსნელო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 6


ეძიებდი რაჲ მოძღუარსა სულიერსა, ანტიოქიად მიიწიე, და აღსრულმან მთასა საკვირველსა, პოვნე ქუაბსა შინა ბერი წმიდაჲ, განშორებული სოფლისაგან, გიორგი დაყუდებული, და დაემოწაფე დიდსა მას მნათობსა ქართველთა ერისასა, გარნა გიხილა რაჲ ნეტარმან ბერმან სულითა უძლეველი და ჴორცითა ახოვანი, სქემითა ანგელოზებრითა შეგმოსა და იერუსალჱმად წარგგზავნა, ხოლო შენ წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა აღხვედ ქალაქად წმიდად, და უმდიდრესითა მადლითა წმიდისა მიწისაჲთა უკუნიქეც მთასა საკჳრველსა მოძღურისა კურთხევითა, ვინაჲცა თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძულისაგან ქართულად თავს გადვა და მთაწმიდას, ივერთა სავანესა წარგგზავნა, მაშინ საქმით აღსრულებად ისწრაფე მოძღურისა ბრძანებისა და შესწირე უფალსა სადიდებელი ქებისაჲ: ალილუია.



იკოსი 6


ეჰა, შეწევნაჲ მაღლისაჲ ნებისმყოფელთა მისთა, რამეთუ წარემართე რაჲ გზასა მას ათონად მიმყუანებელსა, დიდსა მას მდინარესა ღელვათა სიმძაფრითა ვერ უძლე წიაღსლვად, გარნა მოწამეთა შორის ახოვანი გიორგი მცველად და შემწედ მოგმადლა მოღუაწესა თჳსსა, რაჟამს ამჴედრებულმან ცხენსა ზედა სპეტაკსა მშჳდობით წიაღგიყვანა და თჳთ უჩინოჲ იქმნა, ხოლო შენ მისრულმან ლავრასა ქართველთასა, პირველად თაყუანის-ეც ყოვლად წმიდასა ხატსა პორტაიტისასა, და ამბორს უყავ სამარხოსა წმიდისა ეფთჳმისსა, რამეთუ ჰბაძავნ მას უდაბნოჲსმოყუარებითა და ღუაწლითა ფრიადითა მიიწიე საზომსა დიდსა, ხოლო ჩუენ გუესმა რაჲ საკჳრველი და მაღალი მოღუაწებაჲ შენი, შესხმად და გალობად აღვაღებთ პირთა:


გიხაროდენ, ღმრთისა სიტყჳსა საყვირო და ებანო ჴმა-მაღალო;

გიხაროდენ, ქრისტჱს ქნარო სულიერო და ენაო კეთილად მეტყუელო;

გიხაროდენ, მსგავსად წინასწარმეტყუელისა და ღმრთისმცნობელისა მოსჱსა ნათელმოსილო და სახე-ბრწყინვალეო;

გიხაროდენ, სიკეთითა და ღუაწლისა ბრწყინვალებითა შუენიერო;

გიხაროდენ, წმიდისა მის მთისა საღმრთოჲთა ზრახვითა მომხილველო;

გიხაროდენ, ახოვანთა ათონელთა საფასისა მოწაფეო და კუალსა მათსა შედგომილო;

გიხაროდენ, ყოველთავე ძუელისა და ახლისა შჯულისა წიგნთა სახელოვანო მთარგმნელო და ფილოსოფოსო, თავთა მოციქულთა თანა ღირსად საგალობელო;

გიხაროდენ, მონაზონთა ცხორებისა კანონო და ბეჭედო სანატრელო;

გიხაროდენ, ანდამატისა უმტკიცესო, მრავალ-სახეთა საცთურთაგან უძლეველო;

გიხაროდენ, სათნოებათა და სასწაულთა შენთა დაფარვითა მთავართა ბნელისაჲთა წარმწყმედელო;

გიხაროდენ, ანგელოზთაგან სახარულევანო და კაცთა შორის სადიდებელო;

გიხაროდენ, შესავედრებელო ყოველთა ქართველთაო, მტკიცეო ზღუდეო და მყუდროო ნავთ-საყუდელო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 7


იღუწიდი რაჲ ივერთა საღმრთოსა მონასტერსა წელიწადსა შჳდსა, კეთილად აღწერე ღუაწლი მამათა მათ, სავანისა მაშენებლთა და ძეგლად სარწმუნოებისად აღგვიმართე ნათესავთა შენთა, გარნა ვერ წინაღუდეგ ნებასა მოძღურისასა და იკურთხე რაჲ ხუცად თჳნიერ ნებისა შენისა, ზედა-მდგომელობითა და ლოცვითა მისითა შეუდეგ კუალთა წმიდისა მამისა ეფთჳმისათა და ბერძნულისაგან თარგმნად იწყე შეწევნითა სულის წმიდისაჲთა, ხოლო ნაღუაწნი შენნი დიდად წარჩინებულად საზეპუროდ ჰქონან მეფესა და ერსა, და აქებდენ და უგალობდენ ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 7


იხილეს რაჲ სავანისა ძმათა, რამეთუ ქრისტჱს მცნებათა გზასა უბიწოდ ხჳდოდი და ანგელოზებრ იქცეოდი, აღგიყვანეს მაღალსა მას კიბესა წინამძღურობისასა და დაგსვეს საყდარსა წმიდისა მამისა ეფთჳმისსა, ხოლო შენ სამწყსოსა მას, რომელი გერწმუნა, დამწყსიდი მშჳდითა და მდაბალითა სულითა და კეთილად განაგებდი ივერთა სავანესა, რომელი აწ დახშულ არს ქართველთათჳს, და შენცა ნუ დაიდუმებ ოხად წინაშე ღმრთისა, სათნო იჩინოს მოხედვაჲ უსაზღვრომან მოწყალებამან მისმან, რაჲთა ნათესავნი ჩუენნი ჟამსა წირვიდენ სამკჳდროსა მას მამათა ჩუენთასა და შენ მიერ მოქადულნი გაქებდენ, ვითარცა მოწაფენი ერთგულნი, საყუარელსა მოძღუარსა თჳსსა:


გიხაროდენ, მღდელო წმიდაო და სხუათაცა წმიდამყოფელო, ცოდვის მოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, სახედ და ხატად სათნოებისა მომავალთა ნათესავთათჳს დიდისა ეფთვიმეს ცხორებისა აღმწერელო;

გიხაროდენ, წმიდისა ამის მთისაგან და ივერთა ლავრისა ნაკადულთა ცხორებისათა პირსა ზედა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა მიმფენელო;

გიხაროდენ, საკჳრველითა სიბრძნითა ძნიად მისაწდომელთა მათ ღმრთისმეტყუელებათა და წიგნთა სიღრმისა ძალსა შუენიერად განმმარტებელო;

გიხაროდენ, ყოველთა საგალობელთა და საეკლესიოთა კანონთა გულსმოდგინებითა აღმრიცხველო;

გიხაროდენ, განსაცდელთა შინა შეწევნისა მადლისა ზეცით-გარდამო მომღებელო;

გიხაროდენ, სწავლათა ღმრთივსულიერთა და მცნებათა მიერ საღმრთოთა მონაზონთა გამო-მწვრთნელო;

გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;

გიხაროდენ, გამოუცდელთა ძმათა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარველო და უწმინდურებისა მამხილებელო;

გიხაროდენ, მორჩილთათჳს ტკბილო და მდაბალო, და უნანელთა შემაგონებელო;

გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და სულიერებად მომყვანებელო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 8


მათ ჟამთა შინა, იყო ბრძოლაჲ ქუეყანათა შორის ქართველთა და ბერძენთასა, და გპოვა შენ ივერთა სავანემან, ვითარცა სიმდიდრჱ ღმრთისაჲ და სიხარულითა შეგიწყნარა, გარნა გულისჴმა-ყავ, ნეტარო, რამეთუ ღმრთივსულიერთა წინგთა თარგმნაჲ არა აღორძნდებოდა და იჯმენ წინამძღურობისაგან, არამედ ვედრებითა მარიამ დედოფლისაჲთა მიიწიე იერუსალჱმად და დიდძალი შეწირულობაჲ მიეც გიორგი-პროხორე შავშელსა განახლებისათჳს ჯუარისა მონასტრისა და განუყავ ეკლესიათა და გლახაკთა, ხოლო ჩუენ დაღათუ არა ვართ ღირს ცოდვათა ამათ ჩუენთათჳს, შეგვეწიე, რაჲთა კუალად დაემკჳდრნეს ქართველნი სახელოვანსა ჯუარისა მონასტერსა, და დაუცხრომელად უგალობდენს ყოველთა კაცთა ჴსნისათჳს ჯუარცმულსა ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 8


ჵ, საქმე ესე მაღალი და განსაკრთომელი, ჴუცეს-მონოზონო გიორგი, რამეთუ შავმთასა მისრულმან თარგმანებისათჳს წმიდათა წიგნთაჲსა ბერძულისაგან ღუაწლი და შრომაჲ თავს იდევ და ქუეყანაჲ შენი კეთილმსახურებისა წერილითა აღავსე, რომელთა მიერ განაშუენე ეკლესიაჲ ქართველთაჲ და შჳლთა თჳსთა თანა სწავლითა საღმრთოჲთა ბრწყინვალედ შეამკვე, აწ დაამშჳდე გული ჩუენნი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული და მღჳძარებითა საღმრთოჲთა აღმავსე, რაჲთა ჩუენცა ნამუშაკევთა შენთა კეთილად გამომეძიებელ ვიქმნნეთ და შენ მიერ განმჴნობილი გნატრიდეთ:


გიხაროდენ, სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა უცთომელო აღმწერელო;

გიხაროდენ, უცხოებასა შინა მყოფთა თჳსტომთა ღელვათაგან მრავალსახეთა განმარინებელო;

გიხაროდენ, მტერთა მზაკუვარებათა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, წმიდისა წერილისა სიტყვადუხჭირობისა და ვერაგობისაგან განმწმედელო;

გიხაროდენ, უნაკლულოდ თარგმნილთა ფსალმუნთა მიერ გონებათა თაფლებრ დამატკბობელო;

გიხაროდენ, წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებლობასა შინა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა მწიკულისა განმბანველო;

გიხაროდენ, ეფთჳმისაგან თარგმნილთა და უცალოებისაგან ვერ-სრულქმნილთა განმასრულებელო და ღუაწლისა მისისა განმავრცობელო;

გიხაროდენ, ჟამთა სიავისაგან და უგუნურთა მიერ შერყვნილთა ჴელნაწერთა კუალად უსრულესად და უწმიდესად განმმართველო;

გიხაროდენ, ღუაწლისა შენისა მხილველთა და თანადამსწრეთა განმაცვიფრებელო;

გიხაროდენ, მრავალთა კეთილთა მწყემსთა გამომაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, უგუნურთა და უსწავლელთა შორის საღმრთოთა სწავლათა განმფენელო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 9


ოდეს სჳმეონწმიდელთა მონაზონთა აღელესნეს ენანი გულის წყრომითა და რისხვითა ქართველთა ზედა და ჰხედვიდეს ვითარცა მწვალებელთა, შენვე აუწყე ივერთა ეკლესიისა სიწმიდჱ ანტიოქიისა პატრეაქსა, და ყოვლითურთ განაქიქე ცილისწამებაჲ ქართველთმოძულეთა ბერძენთაჲ, ეგრეთვე აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი იღუწიან სრულიად განხრწნასა და აღსპობასა ქართველთასა, და ეკლესიაჲ დაიცევ მწვალებელთაგან, რაჲთა განბრწყინდეს საქართველოჲ მშჳდობითა და დიდებითა და ერთგულნი მამულისანი და მონანი სარწმუნონი მარადის ვადიდებდეთ იესუს, მეუფესა და მჴსნელსა ჩუენსა: ალილუია.



იკოსი 9


კუალად აღიძრნეს ბერძენნი, და მაცთურებითა და ზაკუვითა შეიზრახნეს რაჲ ქართველთა ზედა, სიცბილითა ამცნეს თევდოსისა, ანტიოქიელ პატრეაქსა: „ათორმეტთა მოციქულთაგანი არვინ მისრულ არს ქუეყანასა ქართლისასა, და ჯერ არს, რაჲთა იმწყსებოდინ ჴელმწიფებასა ქუეშე შენსა“, მაშინ მოიღე შენ „მიმოსლვაჲ ანდრეა მოციქულისაჲ“, და მუნით არწმუნე კრებასა მამათასა: „ჩუენ პირველწოდებული ანდრიას მოქცეულნი ვართ, და ვითარცა პეტრჱსი ჯერ არს, რაჲთა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა, ეგრეთვე აწ სამართალ არს, რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ქართველთა ეკლესიასა“, და ესრეთ განაქარვნე სიტყუანი ბერძენთანი შეწევნითა ღმრთისაჲთა, მას ევედრე, განგვიმრავლნეს ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყჳთა, რაჲთა ჯეროვნად მსახურებდენ ქართველთა წმიდასა ეკლესიასა და გნატრიდენ ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა:


გიხაროდენ, საღმრთოო მესაიდუმლეო, მოღუაწებათა ნათლითა წინა-განჭურეტისა მადლისა მომგებელო;

გიხაროდენ, გონებისა განჴსნისა და ყრმათა გულისჴმისყოფისა მადლისა ნიჭად მიმღებელო;

გიხაროდენ, სიბრძნითა სრულო, გულთა და ჰაზრთა გამომთარგმანებელო;

გიხაროდენ, სწავლითა ცხორებისაჲთა უგულისჴმოთა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, წიგნთა შენთა სულთა განმაცხოველებელითა მდინარითა ეკლესიათა ჩუენთა მომრწყველო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა ლახვრითა ეშმაკთაებრ ცილისმწამებელთა კაცთა დამცემელო;

გიხაროდენ, ენითა ცეცხლისაჲთა მრავალშეთხზულთა სიცრუვეთა დამწველო და ძმათა თჳსთა წარურღვნელად დამცველო;

გიხაროდენ, ბერძენთა სივერაგისა დამჴსნელო და ბოროტმზრახვალთა პირთა დამხშველო;

გიხაროდენ, ივერთა ეკლესიისა თჳთმყოფადობისა დამამტკიცებელო;

გიხაროდენ, ქართლოსიანთა მტერობისთჳს ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, მძჳნვარისა მის სულიერისა სიყმილისა დამაყენებელო;

გიხაროდენ, მარადის ძაძითა შემოსილო და საყდართა ზედა ქართლის ეკლესიისასა კათალიკოსობისა არა თავს-მდებელო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 10


ზღუდედ სჯულისა და ხატად სიწმიდისად მოგიგო შენ ღმრთისმოყუარემან მეფემან ქართველთამან ძლიერებისათჳს სიტყუათა შენთაჲსა და ბრწყინვალებისათჳს ცხორებისა შენისა, და მრავალგზის მოწერითა და ვედრებითა გარწმუნა წარსლვისათჳს სამეფოსა მისსა, რაჲთა ყოველნი იკურთხნეს შენ მიერ და განათლდეს ხილვითა შენითა, ხოლო შენ ხედვიდი რაჲ სარწმუნოებასა და სიყუარულსა შენდა მომართ მეფისა ბაგრატისსა, დიდითა შრომითა მიიწიე ქართლს - მოქცევად მკჳდრთა მისთა საცთურისაგან, და ვითარცა ელიაჲ, უშიშად ამხილებდი რაჲ მეფესა, ყოველთა მოუწოდე მეცნიერებად და დიდებად ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 10


განახლებაჲ მადლისაჲ მოეცა შენ მიერ სამოციქულოსა მას დიდებულსა, ნინო კაბადუკიელისა მიერ განათლებულსა ერსა, რამეთუ უმდიდრესითა მადლითა ღმრთისაჲთა აღსავსე ლოცვაჲ შენი და სიტყუაჲ და სწავლაჲ ექმნა საჭეთმპყრობელად და მმართებელ მეფეთა და მთავართა, და სამღდელოთა და ერთა, და იჴსენ დანთქმისაგან ცოდვათასა, ეგრეთვე აწ განაბრძვნე მთავარნი და მმართველნი ჩუენნი და მშჳდობით შეზღუდენ მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, რაჲთამცა ვვიდოდინ გზათა სიმართლისა და ჭეშმარიტებისათა, და გნატრიდენ შენ, ვითარცა დიდსა მამასა და მამულიშვილსა:


გიხაროდენ, სულთა სარგებელითა მოღუაწებითა ყოველთა ქართველთ ზნეობათა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, უშჯულოთა მიერ ზარგანხდილთა ქრისტიანეთა სულიერითა სიხარულითა აღმავსებელო;

გიხაროდენ, ანდრეა მოციქულისა და სჳმეონ კანანელისა შთაფლულისა თესლისა კუალად აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, მრავალთა უწესოებათათჳს მეფეთა თუალუხუავად მამხილებელო და სამეუფოთა სამართალთა შინა განმსწავლელო;

გიხაროდენ, მუშაკო კეთილო, ქუეყანისა შენისა ღუარძლთაგან სრულიად განმწმედელო და ერისა შენისა მრავალთა წყლულებათა განმკურნელო;

გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დამამჴობელო და განმთხეველო;

გიხაროდენ, სიტყჳთა ტკბილო და ზრახვითა საწადელო, ქართველთა ეკლესიისა განმანათლებელო;

გიხაროდენ, სიწმიდითა განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა პატივისმცემელო და ანგარ-მომხვეჭელთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მჴედრობათა შესავედრებელო და უღმერთოთა კრებულისა მძლეველო;

გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მარცხვენელო და მათ მიერ უმსჯავროდ განსჯილთა მწყალობელო;

გიხაროდენ, ძლიერთა და ახოვანთა, სიმდიდრესა ზედა მკლავისა თჳსისასა მოქადულთა და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულთა შემრისხველო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 11


ოდეს მოწყალემან ღმერთმან უშჯულოებათა სიმრავლისთჳს ყოველსა აღმოსავლეთსა ზედა სიყმილი მოიწია, გონებისა მის შენისა სიმშჳდითა და გულისა სიწმიდითა ემსგავსე მეუფესა შენსა ქრისტესა, რამეთუ მრავალნი ობოლნი და გლახაკნი გამოზარდნე მრჩობლთა მიერ საზრდელთა და ძღუნად პატიოსნად მიჰგვარე წმიდასა ეკლესიასა, რაჲთა ჰყუავილოვნებდეს და მოაქუნდეს უხუად ნაყოფი სადიდებლად ღმრთისა და სარგებელად მამულისა, ეგრეთვე აწ განგვიხუენ საუნჯენი წიგნთანი და წარმართენ ბაგენი ჩუენნი შესხმად შენდა და დიდებად ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 11


გულისჴმა ყავ რაჲ ჟამი განსლვისა შენისაჲ, აღიძრა სული შენი წარსლვად მთაწმიდად, და მიიქეც რაჲ კონსტანტინეპოლედ, სამეუფოდ ქალაქად, სიმრავლჱ იგი ობოლთაჲ წარადგინე წინაშე კეისრისა და შემდგომად ღმრთისა შეჰვედრე ჴელთა მისთა, მერმე აკურთხე მოწაფენი შენნი და დღესასწაულსა მას თავთა მოციქულთასა მიეც წმიდაჲ სული თჳსი საწადელსა შენსა ქრისტესა, მაშინ უსხეულოთა გუნდსა თანა აღმაღლდი წინაშე მისა, და დაუტევე ეკლესიასა ჩუენსა სწავლაჲ და საჴსენებელი შენი პატიოსანი, რომლისა აღმასრულებელნი მსწრაფლ მივემთხვევით წმიდათა ხატთა შენთა, სადაჲთ-იგი აღმოდის კურნებათა საღმრთოჲ მდინარჱ და აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:


გიხაროდენ, მწყემსო სულიერო, განბნეულთა ცხოვართა შემკრებელო და ჭეშმარიტისა ღმრთისა მიმყვანებელო;

გიხაროდენ, სულითა და ჴორცით მწიკულევანისა ცოდვილთათჳს სინანულისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ძნელისაგან პყრობილებისა და მძლავრთა მონებისაგან მრავალთა სულთა გამომჴსნელო;

გიხაროდენ, მჴცოვანთა განმამტკიცებელო და უძლურთა განმმკურნელო;

გიხაროდენ, მშიერთა გამომზრდელო და შიშველთა შემმოსველო;

გიხაროდენ, ობოლთა მცველო და ყრმათა გულისჴმისმყოფელო;

გიხაროდენ, ჭაბუკთა და ქალწულთა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამჴსნელო;

გიხაროდენ, შჳლთა მორჩილებად მშობელთა განმწვრთნელო;

გიხაროდენ, წინაშე კეისრისა ქართველთა უცთომელისა სარწმუნოებისა გულსმოდგინებითა დამცველო;

გიხაროდენ, საწვრთელად და გულის-ჴმის საყოფელად ჩუენდა შინაგანმცემელთა ქართველთათჳს წყევისა და შეჩვენებისა დამდებელო;

გიხაროდენ, ლოცვითა წჳმათა მომყუანებელო და ეშმაკთა კაცთაგან მაოტებელო;

გიხაროდენ, ყოვლისავე ქართველთა ნათესავისა მიერ მამად მართლმადიდებლობისა შერაცხილო და სწავლის-მოყუარეთა მიერ მარადჟამს საჴსენებელო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 12


ოდეს შეისუენე და მიხვედ მამათა შენთა თანა სიბერითა პატიოსნითა, მოწაფეთა შენთა ღუაწლმრავალი ნეშტი შენი შთაასვენეს კიდობანსა შინა ცრემლითა დათხევითა, დადგეს ურემსა ზედა და წარემართენ რაჲ მთაწმიდას ფსალმუნითა და გალობითა, ადიდა ჴორცთაგან განსლვაჲ შენი მეუფემან ნიშთა მიერ და სასწაულთა, რამეთუ სლვასა შინა აღეცვა ეკალი ფერჴსა ჰასაკითა უმრწემესსა მოწაფესა შენსა, პანტელეიმონსა, და ქუე რაჲ დადრკა, მეყუსეულად საზარელმან ურემმან გარდავლო ზურგსა ზედა, გარნა ესრეთ აღასუბუქა საკჳრველად მძიმე იგი ურმის თუალი მადლმან წმიდისა გუამისა შენისამან, რომელ მყის აღდგა ყრმაჲ იგი და ადიდებდა ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა: ალილუია.



იკოსი 12


ესმა რაჲ აღსრულებაჲ შენი კონსტანტინეს - მეფესა თჳთ-მპყრობელსა, შეწუხნა ფრიად და ორი სიგელი უბოძა ობოლთა შენთა, რაჲთა არვინ იკადროს მათი მონასტრით განძევებაჲ და წინააღუდგეს, უკეთუ ვისმე ენებოს წმიდისა ლავრისა ვნებად, და ესე ორნივე სიგელნი და სანთელ-კელაპტარნი დასდვეს წმიდასა მკერდსა შენსა ზედა და პატივით დაგფლეს ლუსკუმსა შინა გიორგი მაშენებლისასა, ხოლო „ცხორებისა“ შენისა აღწერად ისწრაფა მოწაფემან შენმან - ღირსმან გიორგი „მცირემან“, და სიქუელისა შენისა გულსმოდგინედ მომთხრობელმან, აღსძრა ბაგენი ჩუენნი გალობად შენდა:


გიხაროდენ, ივერიისა მკჳდრთა ტკბილო ნუგეშო, სიხარულისა მაცხოვნებელისა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;

გიხაროდენ, სულისა სიმჴნითა და ახოვნებითა სულ-მოკლეთა და მოუთმენელთათჳს მაგალითისა მიმცემელო;

გიხაროდენ, სიღრმესა უმეცრებისასა დანთქუმულთა სულთა შესამეცნებელად ღმრთისა აღმომყუანებელო;

გიხაროდენ, ელენთა მიერ ბარბაროზად წოდებულთა ქართველთა ღმრთისა მიერ მოცემულითა სიბრძნითა შენითა მათ თანავე აღმრაცხველო;

გიხაროდენ, სახილველთა ზეცისათა აღტაცებულო და სამოთხისა შუენიერებისა მხილველო;

გიხაროდენ, საღმრთოსა ბრწყინვალებასა მიახლებულო და დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს თავდადებულთა მამა-პაპათასა შეერთებულო;

გიხაროდენ, შუამდგომლობითა შენითა საღმრთოჲსა მოწყალებისა კართა განმხუმელო;

გიხაროდენ, ქართველთა ერისათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველო;

გიხაროდენ, შემგომად სიკუდილისაცა ეშმაკთა მაოტებელო და სულიერთა და ჴორციელთა ვნებათა განმკურნელო;

გიხაროდენ, კეთილთა თხოვათა აღმასრულებელო და ბოროტთა ძირთა გულის-თქმათაჲთა სრულიად აღმომფხურელო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 13


ჵ, მამათა შორის მოძღურებათა და სასწაულთა სიმაღლითა განთქუმულო და მოღუაწეთა შორის საკჳრველო, ყოვლად ნეტარო გიორგი მთაწმიდელო! მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა შენისათა და ევედრე ღმერთსა, დაგჳფაროს მონებისაგან სულთა წარმწყმედელისა საცთურისა, მოგუანიჭოს სარწმუნოებაჲ შეურყეველი, ცხოვრებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ, რაჲთა შენებრ ღირსე-ბითა და სიმართლითა ვემსახუროთ მამულსა და ერსა, და ქრისტიანობითსა აღსასრულსა მიწევნულნი შენთანა უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.


ეს კონდაკი 3-გზის, შემდგომ:



იკოსი 1


ვითარცა მეფეთა ისრაელისასა მოუვლენდა უფალი ჟამითი-ჟამად წინაჲსწარმეტყუელთა, ზღუ-დედ სჯულისა და შესაწევნელად მორწმუნეთა, ეგრეცა მოხედნა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა ჩუენსა და გამოგაჩინა ვითარ ახალი ოქროპირი, განმანათლებელად და მაწვეველად სათნოებათა და მოღუაწებათა, ამისთჳსცა მოვევლტით მფარველობასა შენსა და მადლობასა შევ-სწირავთ ღმერთსა, რომელმანცა მოგანიჭა ეგევითარი მადლი სულიერი, და გნატრით შენ, ვითარცა ქართველთა ეკლესიისა მნათობსა ბრწყინვალესა:


გიხაროდენ, ჭურო რჩეულო, სამკჳდრებელო სულისა წმიდისაო;

გიხაროდენ, ძეგლო სარწმუნოებისაო და ქადაგო ჭეშმრიტებისაო;

გიხაროდენ, მსახურო სამებისაო და სამკაულო მღდელობისაო;

გიხაროდენ, მობაძავო მწყემსისა მის კეთილისა იესუ ტკბილისაო და მუშაკო ვენახისა მისისაო;

გიხაროდენ, სიბრძნითა გამომეტყუელო სულისა საიდუმლოჲსაო და ღმრთივ-აღძრულო ქნარო სიტყუათა დავითისაო;

გიხაროდენ, ძალაო და დამამტკიცებელო მეფეთა სკიპტრისაო;

გიხაროდენ, უწმიდესო ვარსკულავო უდაბნოჲსაო და საცნაურო მზეო, მნათობო საქართველოჲსაო;

გიხაროდენ, ზეციერო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო;

გიხაროდენ, ოქრომდინარეო, მომრწყველო მამულისა შენისაო;

გიხაროდენ, საფუძველო და სიმტკიცეო ივერთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



კონდაკი 1


ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა მართლმადიდებელთასა და მწყემსსა და მოძღუარსა ქართველსა ერისასა ქებით გიგალობთ და მეოხ-გყოფთ ღმრთისა მიმართ მოწყალისა, მოიხილოს ჩუენ ზედა და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და გულსმოდგინებითა ვაქოთ საქმენი შენნი, ღირსნი ქებისაჲ: გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!



სავედრებელი ლოცვა


ჵ, ნათელ-ცისკროვნო ვარსკულავო უდაბნოჲსაო და დიდო იღუმენო ივერთა საღმრთოჲსა მონასტრისაო; თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო და განმანათლებელო ქართველთაო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, უძლურთა ძლიერებაო, ობოლთა ნუგეშინისმცემელო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მჴურვალედ შენდამი მვედრებელთა მართლმადიდებელთა ღმრთისა მიმართ ურცხვენელო შუამდგომელო. ღირსო მამაო ჩუენო გიორგი მთაწმიდელო!


ჵ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტჱს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მოძღუართაო, ივერთა ეკლესიისა მნათობო და მონაზონთა ღმრთივსულიერო შუენიერებაო, ჴელმწიფეთა თუალუხვავად მამხილებელო და კუერთხითა სწავლისაჲთა განმსწავლელო, მამაო ყოვლად საკჳრველო, ღირსო გიორგი მთაწმიდელო! რომელი ყოვლისავე ქართველთა ნათესავისა მიერ შერაცხილ ხარ თანა-შემწედ მართლმადიდებელთა, მამობრივითა მეოხებითა შენითა შეგვაწყნარე ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და ნათესავი ჩუენი დაამკჳდროს დიდებულსა მონასტერსა შინა ივერთასა, რაჲთა მარადის თაყუანისცემდენ და მსახურებდენ პორტაიტისად წოდებულსა ხატსა - ივერიის კარის ღმრთისმშობელსა, რამეთუ არცაღა ერთი ქართველი იპოების სავანესა შინა, რომელი დიდითა ღუაწლითა აღაშენეს იოვანე იბერმან და თორნიკყოფილმა-იოვანემ სამკჳდრებელად ქართველთა. ევედრე შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ-ჰყოს და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ერსა ქართველთასა და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.


ჵ, წმიდათა შორის დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, ღირსო გიორგი ათონელო, ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ მოწყალისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღჳძარებაჲ სულთათჳს; მთავართა - სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა - მორჩილებაჲ; ჩაგრულთა - თმენაჲ; მჩაგვრელთა შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა სულგრძელებაჲ; მხიარულთა მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცუდი მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი