ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ზესთამბრძოლსა ჩუენსა უძლეველსა, ყოვლად სანატრელსა ღმრთისმშობელსა, სურვილითა თაყუანის-გცემთ და ამბორს უყოფთ ხატსა შენსა „გამომხსნელსა“, რომელი ეგე გვექმნა მცველად და შესავრდომელად მორწმუნეთა, და კურნებასა და ლხინებასა მიანიჭებს მოსავთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
სიმრავლეი ანგელოსთაი ბრძანებითა შენითა აღიძვრის შეწევნად ჩუენდა, ხოლო ხატსა შენსა „გამომხსნელსა“ აქუს რაი ძალი და მადლი კურნებისაი ძისა მიერ შენისა, მხედველნი მადლისანი, რომელი მოგვეფინება წმიდათაგან პირთა მისთა, განვსცხრებით სიხარულითა და გადიდებთ წადიერებითა:
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო;
გიხაროდენ, უაღრესო მრავალთუალთა ქერობინთაო და უზეშთაესო ექუს-ექუსფრთეთა სერაბინთაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო მსწრაფლ-შემსმენელო ჩუენო, ანგელოსთა მხედრობათა მიერ დამფარველო მოსავთა შენთაო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა ჩუენდა მომმადლებელო;
გიხაროდენ, ძლევათა ტკბილისა ნათლისა მომფენელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა მაოტებელო და კრულებათა დამხსნელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ხედვენ რაი ჭირთა შინა მყოფნი ესევითარსა დიდსა შეწევნასა შენსა ყოვლითა გულითა შენდამო მხმობელთა მომართ, იხარებენ და აქებენ, უხრწნელო, სახსენებელსა შენსა, ხოლო ჩუენ გონებასა ჩუენსა პირმშოისა მის სახისა შენისად აღვამაღლებთ, და პატივს-ვსცემთ რაი მსგავსებასა შენსა და ხატსა, ღმრთისმშობელო, უფალსა ვადიდებთ დაუცხრომელად და ხმითა მადლობისაითა ერთობით უღაღადებთ: ალილუია.
ძისა შენისა მიერ მომადლებული ხარ შენ სოფლისად, გამომხსნელი ეგე ჭირვეულთაი და მეოხი და მფარველი ქრისტეისმოყუარეთა ერთა, ამისთვისცა გნატრით შენ, ღმრთივკურთხეულო დედაო და ქალწულო, და გევედრებით: დახსენ განზრახვანი მწვალებელთა და ქრისტეს მტერთა და მშვიდობაი განაჩინე ერთა შორის მართლაღმსაარებელთა, რაითა ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რამეთუ ქრისტე არს ჩუენს შორის, და ვიტყოდეთ ქებულებათა შენთა:
გიხაროდენ, მარიამ, ბჭეო ზესკნელს ცათაო;
გიხაროდენ, სიხარულო ანგელოზთაო და შეწევნაო კაცთაო;
გიხაროდენ, თანამბრძოლო და ზედამხედველო მართლმადიდებელთა მონაზონთაო;
გიხაროდენ, დედაო ურვეულთაო და სასოებაო ტვირთმძიმეთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინის-მცემელო ტანჯულთაო;
გიხაროდენ, დამაოკებელო აღვირ-უსხმელთა და ბილწთაო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ძალითა მაღლისაითა შეწევნად მოემადლე რაი სოფელსა, სასწაულთმოქმედი ხატი შენი „გამომხსნელი“, მიუბოძე ათონის მთის წმიდისა პანტელეიმონისა რუსთა სავანესა, და სასწაულთა მიერ განითქვა რაი მთასა მას, მისდა მილტოლვილნი დაუცხრომელად მადლობდენ და სამწმიდაარსობისა გალობითა ადიდებდენ ღმერთსა: ალილუია.
ხატისაგან შენისა მომდინარე მადლი, ყოვლადწმიდაო, ყოველთა აღძრვიდა შესხმად სახიერებისა შენისა და სიწმიდისა, ხოლო ჩუენ ვაქებთ რაი კურნებათა, მის მიერ აღსრულებულთა, და უფროისად ყოველთასა - ყრმისა ანასტასისა მკუდრეთით აღდგინებასა, შეგასხამთ სასოებითა ყოვლადძლიერისა მეოხებისა შენისათა და აღმოვსთქუამთ სამადლობელსა ამას:
გიხაროდენ, მისლვითა შენითა ათონისა განმწმედელო და ბილწთა ცეცხლ-თაყუანისმცემელთა განმსხმელო;
გიხაროდენ, მთისა ამის წილად შენდა აღმრჩეველო და მუნ სულიერისა სამოთხისა დამნერგველო;
გიხაროდენ, უდაბნოისა ამის დედათათვის მიუვალად დამდებელო და ბერთა სამკვიდრებელად დამდგენელო;
გიხაროდენ, პირველთა მათ ათონელთა მეუდაბნოეთათვის შემწეობისა აღმთქუმელო და საცთურთაგან დამცველო;
გიხაროდენ, კერპოვნებითისა წყუდიადითა დაბნელებულთა გულთა ქრისტეის ნათლითა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მმარხველთა ღუაწლისა საკვირველებითა შემამკობელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
აჩუენე რაი მსწრაფლი იგი შეწევნაი შენი სავანესა შინა მოღუაწეთა და მუნ ლოცვად მოსწრაფეთა, წლითი-წლად აღასრულებდენ ხსენებასა ხატისა შენისასა, ქრისტეს დედაო, და ღმრთისმსახურებითა ჯეროვანითა შესწირვიდენ უფალსა ქებასა ამას და გალობასა: ალილუია.
გამობრწყინდა მადლი შენი დაბასა მას ელადისასა, ოდეს მკალი აოხრებდა ყოველთა აღმონაცენთა, და წმიდაი ხატი ესე შენი ლიტანიობითა მიაბრძანეს რაი ველთა და ყანობირთა, განიოტე ურიცხვი სიმრავლეი მხრწნელთაი, და იხსენ ერი იგი სიყმილისაგან, მაშინ თაყუანის-გცეს საკვირველებისა ამის მხილველთა, ყოვლადწმიდაო მარიამ, რომელთა თანა ჩუენცა სარწმუნოებითა შეერთებულნი შეგასხამთ, ვითარცა მარადის მფარველსა ჩუენსა და მსწრაფლ-შემწესა:
გიხაროდენ, კურთხეულო დედაო და ქალწულო, მოსავთა შენთა სიყმილისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, პურეულთა და მწვანვილოვანთა ყოვლისა ვნებისაგან დამცველო;
გიხაროდენ, ტყეთა და ყანობირთა განხრწნისაგან დამფარველო;
გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და შრომისა მათისა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, უსასობისა განმდევნელო და მრავალთა წყლულებათა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძვირთა უხილავთა მტერთაისა გამარინებელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
წმიდაი და საკვირველთმოქმედი ხატი შენი, დედოფალო, აღმოაცენებდა რაი ლხინებასა, სარწმუნოებითა მვედრებელნი მისნი მოისთულებდეს სულთა და ხორცთა კურნებასა, და ადიდებდეს შენგან შობილსა ქრისტესა, ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.
ეწადა რაი ბერსა მას, მსახურსა ხატისასა დაყუდებაი ქუაბსა შინა კლდისასა, ჩუენებასა შინა ამცნებდი მარტინიანეს, დედოფალო, არა განრინებოდა ღვაწლსა მოყუასთა მსახურებისასა, რაითამცა არა მოჰკლებოდათ მადლი, წყალობაი და კურთხევაი შეწევნისა შენისა მოსავთა, რომელნი აღიძრვოდენ მიახლებად და გალობად შენდა:
გიხაროდენ, სხივცისკროვანო მზეო, მორწმუნეთათვის ტკბილისა ნათლისა ძლევისაისა მომფენელო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სიწმიდისა და სიყუარულისა განმავრცობელო;
გიხაროდენ, სოფლისა ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, მწიკულევანთა და მრავალშეცოდებულთა სულთა განმწმედელო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
რაჟამს ათონის მთის რუსთა მოსაგრეთა ივერიას დააფუძნეს დიდებული ლავრაი პანტელეიმონ მკურნალისა სახელსა ზედა, წინდად მოწყალებისა და შეწევნისა შენისა მიუძღუანეს საკვირველი ხატი ეგე შენი ახალი ათონისა მონასტერსა, რომლისაცა მკვიდრნი გევედრებოდენ შენ, „გამომხსნელო“, რაითა მიჰმადლო საძმოსა მას მშვიდობაი და დიდი წყალობაი - ყოველთა მორწმუნეთა, რომელნიცა პატივს-სცემენ ხატსა შენსა და ადიდებენ ღმერთსა - ქუელისმოქმედსა და ყოველთა მწყალობელსა: ალილუია.
ზღუდედ დაურღვეველად და მცველად მიურულებელად, ყოვლისა საქრისტიანოისა მფარველად და სულთა ჩუენთა მტერთაგან მომზღუდველად მოგუმადლე ჩუენ, ღმრთისმშობელო, სასწაულთმოქმედი და ყოვლადპატიოსანი ხატი ესე შენი, საკვირველებათა მიერ განთქმული ერთა შორის ღმრთისათა, და მტკიცესა მას შეწევნასა შენსა შევრდომილნი შესხმასა სიტყუათასა, ვითარცა ძღუენსა სახარულევანსა მოგიძღუნიდენ, და გიგალობდენ და გნატრიდენ, ვითარცა გშუენოდა დედასა ღმრთისასა:
გიხაროდენ, ხატისა შენისათვის ახლისა სამკვიდრებელისა მბოძებელო;
გიხაროდენ, ახალი ათონისა ღმრთეებრივითა საფარველითა და ზედამდგომელობითა შენითა დამფარველო;
გიხაროდენ, მონაზვნურისა ცხორებისა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, ღუაწლსა შინა მყოფთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთათვის კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველო;
გიხაროდენ, წილხვდომილთა მხარეთა შენთა დაურღვეველისა სულიერისა ერთობისა ნიშად წმიდისა ამა ხატისა შენისა მომავლინებელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ყოველთა ძვირთაგან გარე-შეცულნი და ურვათაგან შეჭირვებულნი შევუვრდებით წმიდასა ამას ხატსა შენსა, რომელი უფროის მზის ნათლისა გამოგვიბრწყინდა, და მდიდრად გვიწყაროებს რაი სიმხნევესა და ნუგეშსა, სახებასა შენსა ამბორს უყოფთ და უგალობთ და ვადიდებთ ღმრთეებრივსა ძესა შენსა: ალილუია.
იქმოდა რაი პატიოსანი ხატი შენი ნიშთა და სასწაულთა ყოვლად დიდებულთა, სავანისა მის მონაზონნი ავედრებდენ მას სამწყსოსა რუსთა და ქართველთა ეკლესიისასა, ხოლო ჩუენ შევრდომილნი საფარველსა მას მადლისა შენისასა გევედრებით, უბიწოო, ორთა ამათ მართლმადიდებელთა ერთა და მთავართა მათთა შთაუნერგე ქრისტეისმიერი სიყუარული ერთურთისა, რაითა, რომელნიცა ძემან შენმან და ღმერთმან ჩუენმან ხორცითა და სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა, სიყუარულითა და მშვიდობით ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სურვიელად:
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო დედოფალო, ღმრთისა და კაცთა შორის შუამდგომელო;
გიხაროდენ, შენდა მონდობილთა ყოვლისაგან ბოროტისა დამფარველო;
გიხაროდენ, ცოდვათა არმურისა და უმეცრებისა წყვდიადისა მაოტებელო;
გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, ბჭეთაგან სიკუდილისაითა გამომხსნელო და ცხორებისა კარისა განმღებელო;
გიხაროდენ, ერთმორწმუნეთა შორის შუღლისა და მტერობისა სიყუარულითა და მშვიდობითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ვითარცა ათონითგან ივერიას მოწევნული გამომხსნელი ხატი შენი იქმოდა სასწაულთა ყოვლად-დიდებულთა, ეგრეთცა მინიჭებულ-გაქუს შენ კურთხევანი და მადლნი პირთათვის მისთა, რაითა იყუნეს იგინი შემწენი და ხელისაღმპყრობელნი ყოველთა მოსავთა შენთა, ხოლო რომელნი შეუვრდებოდეს ღაღადებით: „შეგვიწყალენ ჩუენ, დედოფალო“, მსწრაფლ მოიღებდეს ლხინებასა, და ადიდებდეს ქრისტესა - ძესა შენსა და ღმერთსა: ალილუია.
მსმენელნი და მხედველნი ურიცხუთა საკვირველებათა მათ, რომელთა აღმოაცენებ წმიდათა მიერ პირთა ხატისათა, ერთბამად განვსცხრებით და გევედრებით: აჰა, სამწყსოი შენი კუალად მოუცავს განსაცდელთა და ჭირთა სიმრავლესა, გარნა შენ, უწყი რაი უძლურებაი ჩუენი, გარემომზღუდენ ყოვლისაგან ბოროტისა და უვნებელად დაიცევ ერი ჩუენი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი საქართველოისანი ზედა დასხმისაგან მძვინვარისა მტერისა, რაითა სიხარულითა ვიშვებდეთ და გნატრიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა:
გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სიწმიდისა და სიყუარულისა განმავრცობელო;
გიხაროდენ, მდაბალთა აღმამაღლებელო და მზვაობართა დამცემელო;
გიხაროდენ, უძლურთა განმაძლიერებელო და განრღვეულთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ვნებათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, მწუხარებათა წილ სიხარულისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
წარწყმედად განწირულნი და ჭირთა შინა შთავრდომილნი მოიღებდენ რაი შენ მიერ ხსნასა და ლხინებასა, სიხარულითა ადიდებდენ და უგალობდენ ძლიერებასა მისსა, ხოლო ჩუენ უწყით რაი ურიცხვნი ესე სასწაულნი, მუხლთმოდრეკითა შევუვრდებით წმიდასა ამას ხატსა შენსა და გიღაღადებთ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე მხოლოშობილისა ძისა შენისა, რაითა მიხსნნეს ჩუენ ცოდვათაგან და ღირს მყვნეს დამკვიდრებად და მარადის გალობად სასუფეველსა მისსა: ალილუია.
რიტორნი დიდად ხელოვანნი უღონო იქმნნეს, ჰხედვენ რაი მსწრაფლსა და სასწაულებრივსა გამოხსნასა ჭირთაგან ძალ-მიხდილთასა და ვერცაღა სიტყუასა გვიგებენ ჩუენ, მოსავთა და მადიდებელთა სიწმიდისა შენისათა, რომელნი ვესავთ მფარველობასა და დედობრივსა ოხასა შენსა და მადლობისა ხმითა მოგართმევთ შენ ძღუენსა ქებისასა:
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ქრისტეის წმიდისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, სასოებაო ყოველთა აღდგომისაო და თავსმდებო საუკუნოისა ცხორებისაო;
გიხაროდენ, დამხსნელო უღმრთოებისაო;
გიხაროდენ, სასწაულთა მიერ განმაცვიფრებელო სოფლისაო;
გიხაროდენ, მათითა მეოხებითა განმამტკიცებელო ყოველთაო;
გიხაროდენ, სასოო და მყუდროო ნავთსაყუდელო განწირულთაო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ხატისა შენისაგან მომდინარე მადლი ყოველთა აღგვძრავს რაი თაყუნის-ცემად მისდა, სიყუარულითა მოვივლტით შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩუენთა და გიღაღადებთ შენ, სახიერო, ვითარცა მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მხსნელსა: გვიხსენ მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთაისა და მზაკუვარებათაგან კაცთაისა, რაითა სავსენი მადლიერებითა არა დავდუმნეთ ლოცვად და გალობად ღმრთისა: ალილუია.
მხილველნი შენმიერთა მოულოდებელთა გამოხსნათა მრავალფერთა განსაცდელთაგან გაქებთ შენ, ყოვლად კურთხეულო დედოფალო მარიამ, რომელი მწუხარებათა წილ სიხარულსა მოგუმადლებ ყოველთა, ვინაიცა ხატსა შენსა თაყუანის-ვჰსცემთ და გევედრებით, რაითა სინანულმან ჩუენმან განსაცდელი იგი დაქცევისაი დახსნას, მსგავსად ნინეველთაისა, და ყოველნი გმადლობდეთ შენ, ვითარცა უსაკუთრესსა მფარველსა ჩუენსა:
გიხაროდენ, ვნებათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისაითა აღმხელელო;
გიხაროდენ, წარწყმედულთა მომძიებელო და შეცოდებათა სიტკბოებითა შემნდობელო;
გიხაროდენ, შეცთომილთა მომაქცეველო და მონანულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელო და ქრისტეის სარწმუნოებისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ნიშთა და სასწაულთა განდიდებითა უნაყოფოისა და ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ვითარცა ბერ-მონაზონნი ძუელისა და ახლისა ათონისანი განსცხრებოდენ კეთილად მსახურებითა ზესთა საკვირველისა ხატისა შენისაითა, ეგრეთცა განათლებულნი წყალობისა მისისა შარავანდედითა შევუვრდებით წმიდათა პირთა მისთა და გევედრებით: მოგვეც პატიოსნებაი ღირსებისაი და მადლი მოწყალებისაი, რაითა არცაღა გარდავხდეთ მცნებათა ღმრთისათა და ძრწოლით უგალობდეთ ძალსა და ძლიერებასა მისსა: ალილუია.
ყოველნი მსხდომარენი ბნელსა შინა მწუხარებისასა, და ყოველნი ღელვა-გუემულნი ქარიშხალთა მიერ საწუთოისათა, მოვედით ნავთსაყუდელისა მომართ კეთილისა - საფარველისა ქუეშე გამომხსნელისა ქალწულისა, და ცრემლითა ღაღად-ვჰყოთ მისდა: ხატსა შენსა შევედრებულნი დაგვიფარე ყოვლისაგან კუეთებისა წინააღმდგომისაისა და მტანჯველთა მათ შემთხვევათაგან და ღირს მყვენ ჯერისაებრ შეწირვად გალობისა:
გიხაროდენ, ხედვითა ბრწყინვალისა ხატოვნებისა შენისაითა ჩუენ ყოველთა დამატკბობელო;
გიხაროდენ, სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა აღმხოცველო;
გიხაროდენ, მწუხარებათა აღმხმელო და წარწყმედად განწირულთა მსწრაფლ დამხსნელო;
გიხაროდენ, მჭმუნვარებათა განმდევნელო და ურვათა შინა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა ძალისა შემმუსრველო და ხელთაგან მისთა განმარინებელო;
გიხაროდენ, საღმრთოისა ბრძანებისა ურჩქმნილთა გონიერმყოფელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
იხარებდ, მთაო ათონისაო, განსცხრებოდე სავანეო პანტელეიმონისაო, და დღესასწაულობდ ივერთა ქუეყანაო, რამეთუ წყალობითა მოგხედნათ ღმრთისა დედამან და ნიშნად მოწყალებისა მოგმადლათ დიდებული ხატი თვისი „გამომხსნელი“ შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ვნებათაგან, რაითა ყოველთა იხილონ უფალი მეოხებითა ნათლითა სიყუარულისა მისისაითა და შესწირონ სამადლობელი ესე ქებისაი: ალილუია.
ბრწყინავს სასწაულთა მიერ ხატი ესე შენი „გამომხსნელი“ და განანათლებს სარწმუნოებითა მისდა მილტოლვილთა, ხოლო ჩუენ სიყუარულითა შევუვრდებით დედობრივსა მადლსა შენსა და გევედრებით წადიერად: `ჰოი, ყოვლად-სახიერო დედოფალო, დაეც მხდომნი და წინააღმდგომნი ქრისტეანობისა და დაიფარე ქუეყანაი ივერიისაი ანტიქრისტეს ხიბლისაგან და საცთურისა, რაითა ყოველთა მართლმორწმუნეთა კეთილად განგვემარჯვოს და ღირს ვიქმნეთ შეწირვად გალობისა ამის და ქებისა:
გიხაროდენ, უხრწნელებისა და სიხარულისა წყაროისა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, შენდა მონდობილთა ყოვლისაგან ბოროტისა დამფარველო;
გიხაროდენ, ობოლთა და ქურივთა ნუგეშისმცემელო და მაწუხებელთა მათთა მიმგებელო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა საჭურველო და ბოროტმადიდებელთა ზრახვათა განმდევნელო;
გიხაროდენ, დღესა მას სიკუდილისასა მწეო და ნუგეშინისმცემელო ჩუენო;
გიხაროდენ, საშინელსა მას სამსჯავროსა ბუნებითა მრავალმოწყალისა ღმრთისა ჩუენზედა მოწყალე-მყოფელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ჰოი, დედაო ჩუენო სახიერო, ყოვლად-დიდებულო ღმრთისმშობელო, გარდამოიხილე ჩუენ ზედა, რომელნი შესხმითა სულიერითა თაყუანის-ვჰსცემთ საკვირველსა ამას ხატსა შენსა - `გამომხსნელსა~, და ვედრებითა ვითხოვთ შენგან, დედოფალო, შეგვიწყალენ დაუსრულებელთა ურვათა და კრულებათა შინა შთავრდომილნი ესე და გამოგვიხსენ ჩუენ ვნებულებისაგან, ჭირთა და იწროებათაგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და სულითა და ჭეშმარიტებითა დაუცხრომელად ვადიდებდეთ ღმერთსა: ალილუია.
ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1
სიმრავლეი ანგელოსთაი ბრძანებითა შენითა აღიძვრის შეწევნად ჩუენდა, ხოლო ხატსა შენსა „გამომხსნელსა“ აქუს რაი ძალი და მადლი კურნებისაი ძისა მიერ შენისა, მხედველნი მადლისანი, რომელი მოგვეფინება წმიდათაგან პირთა მისთა, განვსცხრებით სიხარულითა და გადიდებთ წადიერებითა:
გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო;
გიხაროდენ, უაღრესო მრავალთუალთა ქერობინთაო და უზეშთაესო ექუს-ექუსფრთეთა სერაბინთაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო მსწრაფლ-შემსმენელო ჩუენო, ანგელოსთა მხედრობათა მიერ დამფარველო მოსავთა შენთაო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა ჩუენდა მომმადლებელო;
გიხაროდენ, ძლევათა ტკბილისა ნათლისა მომფენელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა მაოტებელო და კრულებათა დამხსნელო;
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ზესთამბრძოლსა ჩუენსა უძლეველსა, ყოვლად სანატრელსა ღმრთისმშობელსა, სურვილითა თაყუანის-გცემთ და ამბორს უყოფთ ხატსა შენსა „გამომხსნელსა“, რომელი ეგე გვექმნა მცველად და შესავრდომელად მორწმუნეთა, და კურნებასა და ლხინებასა მიანიჭებს მოსავთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, ყოველთა განსაცდელთაგან გამომხსნელო ჭირთაგან ღელვაგვემულთაო!
ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, ყოვლად-მოწყალეო ღმრთისმშობელო, დედობრივსა მადლსა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი გუაკურთხენ და განგვწმიდენ ცისკროვანებითა საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისაითა, და ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული გამოიხსენ და დაიფარე ყოვლად ძლიერითა ზედამდგომელობითა შენითა.
ჰოი, სასოო და სიქადულო ჩუენო ღმრთისმშობელო, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ჭირთა შინა მყოფთა მეოხო და უძლეველო ზესთამბრძოლო ქრისტეანეთაო, წყალობასა შენსა შევედრებულნი მოვევლტით ხატსა ამას შენსა საკვირველსა და გევედრებით: დაღათუ განვამრავლეთ ცოდვაი წინაშე ღმრთისა, არამედ შენითა ყოვლადძლიერითა შუამდგომლობითა განაშორენ ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა, გვიხსენ ბოროტთაგან და დაუსჯელად დაგვიცევ ჟამსა განსჯისასა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე დიდი მეუფე ჩვენი _ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქთმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყვარე მხედრობაი და კეთილისმყოფელნი ჩვენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღმრთივმიმადლებულო დედოფალო, ვითარცა გაქუს კადნიერებაი დედობრივი, ევედრე სახიერსა და ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაითა ეკლესიაი განაბრწყინოს, მღდელობაი სიწმიდითა განაშუენოს, მეფობაი კეთილმსახურებითა აღამაღლოს, მთავრობაი ღმრთისმოყუარებითა განანათლოს, მხედრობაი ახოვნებითა განაძლიეროს, მწუხარეთა ტანჯვაი აღუსუბუქოს, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლოს, სნეულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭოს, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნნოს, ჩაგრულთა შეეწიოს, მონანულთა ცოდვილთა შეუნდოს, ყრმანი შეიწყალოს, უნაყოფოთა შვილიერებაი აღუდგინოს, ტყუენი საპყრობილეთა და საკრველთაგან გამოიხსნას, და ყოველნი შენდა მომართ მსასოებელნი ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დაგვიფაროს, რაითა სათნო ვეყუნეთ შენგან შობილსა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოყუარეთა თვისთა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.