ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კონდაკი 1
შესხმითა სულიერითა ვაქებთ რაი ღუაწლსა შენსა და საკვირველთმოქმედებათა, გნატრით შენ, ღირსო გაბრიელ, ვითარცა ბრწყინვალესა მნათობსა ქართველთა ერისასა, და მხურვალედ გევედრებით ძლიერსა მეოხსა ჩუენსა და შუამდგომელსა: შეგვეწიე ჩუენ, წმიდაო ბერო, და დაგვიცევ ყოველთაგან სენთა და სალმობათა, ხოლო მამობრივითა კადნიერებითა შენითა გარე წარგუხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა: გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
იკოსი 1
ვითარცა ისრაელსა მოუვლენდა ღმერთი წინაისწარმეტყუელთა სამხილებლად და შუამდგომელად წინაშე მისა, ეგრეთვე მოგცა შენ ქრისტემან მადლი სასწაულთაცა საქმედ და ვითარცა სალოსი მამაი და ღირსი მოღვაწეი სამხილებელად ერისა შენისა გამოგაჩინა, და იღუწიდი ჩუენთვის სულიერად წინაშე ღმრთისა, ხსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, ხოლო შემდგომად სიკუდილისაცა არაივე დაუტევენ მოსავნი შენნი აღთქუმისაებრ შენისა, არამედ ვითარცა არწივი ფრთივ-მალეი მოვლი ყოველსა სოფელსა, განსაცდელთაგან იხსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და კურნებასა მიანიჭებ მთხოველთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, სიჩჩოითგან შემყუარებელო სიმდაბლისა და კრძალულებისაო;
გიხაროდენ, გულსმოდგინედ დამცველო სულთა და ხორცთა უბიწოებისაო;
გიხაროდენ, ჭურო რჩეულო, სამკვიდრებელო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დიდო მესაიდუმლეო ყოვლისა მპყრობელისაო;
გიხაროდენ, ორლესულო მახვილო უფლისაო, განმგმერელო ურწმუნოებისაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო დამცრობილისა სარწმუნოებისაო და საყვირო სიმართლისაო;
გიხაროდენ, ყოვლად საკვირველო ქადაგო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მხილველო მოძღუარო სინანულისაო;
გიხაროდენ, ჟამსა ღმრთისმბრძოლობისასა აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალეო სუეტო, უკანაისკნელისა ამის ჟამისაო;
გიხაროდენ, დიდო არქიმანდრიტო და ბერ-მოძღუარო სრულიად საქართველოისაო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათვის ერისა შენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 2
ხელთ-იგდეს რაი მთავრობაი ქუეყანისა ჩუენისაი მტერთა მართლისა სარწმუნოებისათა, დიდი ჭირი და იწროებაი მოაწიეს ეკლესიათა და მორწმუნეთა, და ვერვინ დაითმინა, გარნა სრულთა და ჭეშმარიტთა ქრისტეს აღმსარებელთა, ხოლო შენ, სიჩჩოითგან იყავ აღრჩეულ ღმრთისა მიერ, ღირსო გაბრიელ, ძეი ურწმუნოთა მათ მშობელთა, და სული წმიდაი იყო მზრდელ შენდა, რამეთუ წიაღთა მისთაგან წოვდი საზრდელსა მას ცხორებისასა, და იყნოსდი რაი სურნელებისაგან მისისა სიხარულად, მარადის ადიდებდი ნათლისა მომცემელსა და საუკუნეთა შემოქმედსა: ალილუია.
იკოსი 2
იყავ, ნეტარო, სიყრმითგან სახითა მყუდროი და გონიერ, და ყოვლადვე განშორებული ჩუეულებისაგან ყრმათა სილაღისა და გესმა რაი სახელი ქრისტეისი ყრმასა მას სულ მცირესა, წარხვედ ეკლესიად ბარბარე მოწამესაითა და იხილე რაი მაცხოვარი, დამოკიდებული ჯუარსა ზედა, რაისათვის ჯუარსა გაცვესო?! ჰკითხვიდი ტირილითა, ვითარცა სულიერსა, ხოლო ესმა რაი ტაძრისა მცველსა, გაუწყა აღთქუმისათვის იესუისა, და მიერითგან ეძიებდი რაი ქრისტეს ისტორიასა, მოიყიდე სახარებაი განგებულებითა მით ზეგარდამოითა და მარადის იკითხვიდი სიტყუათა ღმრთისათა, მისგანვე ითხოვე აწ, სანატრელო, გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაი, რაითა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და არცაღა ქებად ღუაწლისა შენისა:
გიხაროდენ, სამოელ წინასწარმეტყუელისაებრ დედის წიაღთაგან უფლისათვის განკუთვნილო;
გიხაროდენ, სულითა განათლებულო და ბნელსა მას შინა უღმრთოებისასა ნათლითა საცნაურითა გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, გონებითა თვისითა ზრუნვისაგან ამის სოფლისა განშორებულო და ღმერთსა მიახლებულო;
გიხაროდენ, ყრმობითგანვე გამორჩეულო და ღმრთეებრივთა მადლითა აღვსილო;
გიხაროდენ, წრფელითა გულითა და წმიდითა, შეურყვნელითა გონებითა ღმრთისა სიტყუასა დაწაფებულო;
გიხაროდენ, სულისა თვისისა ქრისტეის სამკვიდრებელად განმკუთვნელო;
გიხაროდენ, სიჩჩოითგან შეუცნობელითა ლტოლვითა შენითა ღმრთისა მიმართ წმიდისა წერილისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, სულიერისა საჭურველისა აღმღებელო;
გიხაროდენ, ნაცვლად თამაშობათა, ქვიშითა ეკლესიათა აღმგებელო;
გიხაროდენ, შუებათა მიმართ განმხრწნელთა სულისათა ყოვლადვე წინა-აღმდგომელო;
გიხაროდენ, ხორცთა შენთა ვნებითურთ და გულისთქუმითა ჯუარს-მცუმელო;
გიხაროდენ, სახარების ძალითა და მადლითა სიბრძნისა ჭეშმარიტებად და ცოდნისა გამოცდილებად მქცეველო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 3
ხედვიდა რაი მხურვალებასა შენსა, აღბორგნა მბრძოლი იგი წმიდათაი, ბოროტი ეშმაკი, და გეკუეთა, ვითარცა დამრთგუნველსა ძალისა მისისასა, ხოლო დაგკრა რაი ბილწი თათი თავსა, მკსინვარედ გრქუა ყრმასა მოშურნესა: ნუცაღა აღაპყრობ ზეცად თუალთა შენთა, გარნა შენ სიმხნითა შეიჭურვე საჭურვილითა ჯუარისაითა, და ძალითა მისითა ახოვნად წინა-აღუდეგ საბრხეთა მტერისათა, ხოლო ზეგარდამო გებრძანა რაი გაწმედაი ტაძრისაი, წმიდისა გიორგისად სახელდებულისა და მამისაგან შენისა დარღვეულისა, აღასრულე წადიერებითა და აღუპყრე რაი ხელნი ლოდთა მათ დიდთა ქუათა მათგან და დააწყე საკვირველად, სიხარულითა მადლობდი და სურვილითა უგალობდი ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 3
შეაძრწუნა დედაი შენი ესევითარმან მოშურნეობამან და ადგილსა მას შეურაცხსა შთააგდო რაი წიგნი ახლისა აღთქუმისაი, შენ განწმიდე საუნჯეი იგი უპატიოსნესი და დაუტევნე სახლეულნი თვისნი ყრმამან ათთორმეტისა წლისამან, გარნა დევნულებაი იყო მონაზონთა ზედა, და დაღათუ იყავ მოსწრაფეი ბერობისაი, ჰრიდეს ჰასაკსა მას შენსა მცირესა და არცაღა დაგიტევეს მონასტერთა, ხოლო შენ ღამესა ათევდი სამარხთა შორის და ეზოთა შინა ეკლესიათასა, და გარეშეცული სიყმილითა და სიცივითა დაუცხრომელად ადიდებდი ღმერთსა, მას ევედრე აწ, მოგვცეს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვლოთ და ვპოოთ განსუენებაი და შუებაი წარუვალი ქებით შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, დევნილისა სარწმუნოებისა მხურვალეო აღმსარებელო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა სიცოფისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, ფიცხელთა ღუაწლთა ახოვნად თავს მდებელო;
გიხაროდენ, ყოვლისავე შუებისა მომძაგებელო და კიცხევისა დამთმენელო;
გიხაროდენ, ღამის თევითა და მარადის ხმელსა ზედა წოლითა ხორცისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, სილაღესა სიჭაბუკისასა მარხვითა და შრომითა შემმუსრველო;
გიხაროდენ, უხილავთა მტერთა ბანაკთა მაოტებელო;
გიხაროდენ, აბრაჰამისა სტუმართმოყუარებისა მიმბაძველო;
გიხაროდენ, მშიერთა გამომზრდელო და გლახაკთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, გლახაკთა და შეჭირვებულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, გულის სიტყუათა მწინკულევანთა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 4
განხვედ რაი მცირესა მას სენაკსა ეზოსა შინა სახლისა შენისასა, იყავ მოსწრაფეი კითხვასა წმიდათა წერილთასა და ლოცვასა მხურვალესა, და მარადის იწვრთიდი გონებითა სიტყუათა ღმრთისათა, და ასუმიდი რაი სულსა თვისსა განმაცხოველებელთა წყალთა მათ სულისა წმიდისაითა, იყოფებოდი სიგლახაკითა, ხოლო წარმათებამან უპოვარებისამან აღგიყვანა შენ აღშენებასა მას სათნოებათასა და წინაისწარ გეუწყა ზეგარდამო ღმრთისა მიერ, რომელსა საქმესა მიწევნად იყავ, გამოგიჩნდა რაი ცათა შინა ჯუარის სახედ შექმნული ნათლისა სუეტი, და გულისხმაყავ, ვითარმედ იხილე ჯუარი შენი, ვიდრე გოლგოთადმდე სატვირთველი, და ღუაწლისდამდებელსა შენსა ქრისტესა მხურვალედ ადიდებდი: ალილუია.
იკოსი 4
განგებითა ღმრთისაითა აღხვედ რაი მთაწმინდას, ეკლესიასა მამა დავითისასა, მუნ დაისწავლე ფსალმუნი და ყოველი წესი ქრისტეანობისა, ხოლო ხელნი შენნი მოუწყინებელად ჰმსახურებდეს ტაძარსა და მუნ მსახურსა მღდელსა, და თქმულისაებრ წინაისწარმეტყველისა იყავ შენ, ვითარცა ხეი დანერგული თანა წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ნაყოფი თვისი ჟამსა თვისსა, ეგრეთცა დაგვიფარენ ჩუენ, ნეტარო, ყოვლისავე ცოდვისაგან და უკეთურებისა, რაითა მიმოტაცებისაგან უბადრუკისა ამის გონებისა ჩუენისა გვეშინოდეს და სათნოებისა მომგებელნი ვიტყოდეთ სურვიელად:
გიხაროდენ, ბრწყინვალებითა გონებისა შენისაითა ყოველსა ჟამსა უფლისა მხილველო;
გიხაროდენ, სიმდაბლისა, ნათლისა სამოსელისაებრ შემმოსველო;
გიხაროდენ, ბრძენთაგან და მეცნიერთა მიერ დაფარულისა შემმეცნებელო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მარხვითა და მოღუაწებითა განკაფულო და მარადის ლოცვითა განმსჭვალულო;
გიხაროდენ, გულსა შინა უნებლიედცა ცოდვისა ხსენებისა გლოვითა და სულთქმითა და ტირილითა მომნანიებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაითა სულმოკლეთა და დახსნილთათვის მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა სულთა განმანათლებელო და ძალთა უკეთურთა მაოტებელო;
გიხაროდენ, სადიდებლად ქრისტეს სახელისა ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამხობელო;
გიხაროდენ, მძლავრთა ამპარტავნებისა და ეშმაკისა სიცბილისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარ-განხდილთა ქრისტეანეთა სულითა განმამხნობელო;
გიხაროდენ, უსიტყუთა სიტყვიერ-მყოფელო და უძლურთა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა გზასა მას უფლისასა წარმმართებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 5
განძლიერდა რაი ბრძოლაი იგი და დევნულებაი კაცთა ზედა წმიდათა, მრავალნი განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, და ერისკაცთა თანა სოფლად მოქცეულნი იქორწინებოდეს შიშისაგან სიკუდილისა, გარნა შენ აღირჩიე სრბაი იწროსა მას გზასა, რომელი მიიყვანებს სისრულესა ფართოისა სიხარულისასა, და მცველად იყავ რაი სიონსა, გულსმოდგინედ მსახურებდი საკურთხეველსა და კანკელსა, და აღაშენე რაი ეკლესიაი ეზოსა შინა სახლისასა, დღითი-დღე ეძიებდი ჯუართა და ხატთა, და პოებდი რაი უპატიოთა ალაგთა განთხეულთა, ხელითა შენითა განაშუენებდი და დაავანებდი ტაძარსა შინა, რომელსაცა სიხარულითა მოვიხილავთ ჩუენ, წმიდაო ბერო, და განკვირვებულნი ვაქებთ ქრისტესა, განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.
იკოსი 5
გიხილა რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ ფერი ეგე განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაითა განაქარვნეს მგზებარებაი შენი, რამეთუ მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა, ხოლო შენ განმზადე თავი თვისი განსაცდელთა მიმართ, და სამ-გზის დაგირღვევდენ რაი შენებულსა, კუალად აღაგებდი უკეთესსა, რამეთუ მოიღო მოწყალებაი თვისი უფალმან და სათლნი, ქვიშით აღსავსენი, ანგელოზთა მიერ აღმოგეწოდებოდა მაღალსა ზედა მდგომარესა, და აწ ევედრე ღმერთსა, ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და წარგვიმართოს სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა, რაითამცა სიხარულითა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო, და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:
გიხაროდენ, დიდსა ამას ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა შინა მკვიდრო და დიდებისათვის ამის სოფლისა არაისა მზრუნველო;
გიხაროდენ, სხვათაცა უძლურებისა ქედსა შენსა ზედა მტვირველო;
გიხაროდენ, ყოველთა გულის სიტყვათა, ეშმაკისა მიერ დანერგულთა, მხურვალითა შურითა აღმომფხურელო;
გიხაროდენ, საჭურველითა მით სულიერითა შემოსილო და წყობასა მას უხილავთა მტერთასა განსრულო;
გიხაროდენ, საღმრთოითა წერილითა გამოხურვებულო და სიბრძნითა განსრულებულო;
გიხაროდენ, ანგელოზთა თანა-მზრახვალო და ყოვლისა ბილწ-მოქალაქობისა შემრისხველო;
გიხაროდენ, მღვიძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, ყოვლად დიდებულისა ხატისა, ქართველთა უპირველესისა მეოხისა _ ივერიის კარისა ღმრთისმშობლისა, შემყუარებელო;
გიხაროდენ, შუენიერთა პირთა მიერ ხატისათა საყდრისა შენისა შემამკობელო და განმაშუენებელო;
გიხაროდენ, გულსა შინა მრავალთასა უფლისა სიყუარულისა, ვითარცა ცეცხლისა აღმგზებელო;
გიხაროდენ, ივერიელთათვის კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა მისგან გამომთხოველო;
გიხაროდენ, სიყუარულისა ჩუენისა ზეცასა შინა, ტრაპეზსა ზედა უფლისასა აღმტაცებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 6
იხილა რაი საკვირველი მოშურნეობაი შენი გაბრიელ ქუთათელმან, ვითარცა მორჩილი თანა წარგიყვანა და დაგადგინა `მოწამეთას~, ხოლო შენ სიყრმითგანვე მტკიცედ გაქუნდა რაი შთანერგული მსახურებაი ეკლესიისაი, ეძიებდი საბეროსა კურთხევასა სადიდებლად ღმრთისა და ცხოვნებისათვის სულისა, და აღგკვეცეს რაი მცირესა სქემასა, სურვილისაებრ შენისა გიწოდეს სახელი გაბრიელ ათონელისა, რომელსაცა შეერთე ახალი ესე მოღუაწეი, ნუგეშინის-საცემელად ერისა შენისა, რაითა ბაძვითა სათნოებათა შენთაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვლოთ და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 6
იქმენ რაი ხელდასხმულ მღდელ-მონაზვნად, აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა და ჟამსა ლოცვისასა შემოიკრებდი გონებასა თვისსა წინაშე ღმრთისა, და არცაღა დაუტეობდი ხსენებასა მისსა, ხოლო უკუნ-იქეც რაი ტფილისსა, თვით სახლეულნიცა შენნი იღწვიდენ ხელისუფალთა მძლავრებითა, რაითა ბერულისა ღუაწლისა ნაცვლად გეტვირთა უღელი მეუღლეობისაი, გარნა შენ არწმუნე შეურაცხთა მკურნალსა, რაითამცა წარგიყვანნეს საყოფელსა მათსა, და დაყავ რაი მუნ მცირედსა ჟამსა, მახლობელნიცა შენნი შეძრწუნდეს და მიგიშუეს ნებისებრ შენისა, აწცა აღაგზე გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა სურვილითა შენითა ვიღუაწოთ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:
გიხაროდენ, კეთილთა ქცევათა მონაზონთა და ღმრთისა მიახლებულთაგან შემკრებელო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა სულისა შენისა გამომწვრთნელო;
გიხაროდენ, უძლურებასა შინა ღმრთივმონიჭებულისა ძლიერებისა შენისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, სწავლათა ზეცისათა გამომთქუმელო და ყოველთა წესთა განმმარტებელო;
გიხაროდენ, დაფარულთა სიკეთეთა და ღუაწლთა განმჭურეტელო;
გიხაროდენ, სიტყუათა შენთა ელვითა ცოდვისა ნისლთა გამფანტველო;
გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელითა პირითა უაღრეს რიტორთაისა მეტყველო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა მოციქულებრივ მქადაგებელო;
გიხაროდენ, სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან ქუად-ქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, სწავლითა საღმრთოითა მორწმუნეთათვის მართლ-მადიდებლობისა ყუდროვებისა მიმცემელო;
გიხაროდენ, მწუხარებასა და ჭირსა შინა მსწრაფლ მხურვალედ მომწოდებელთა შემწეო და ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 7
ვერცა ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ საფრხემან ეშმაკისამან ვერ განგაშორეს შენ სიყუარულსა მას ღმრთისასა, რამეთუ მოწოდებული მსახურებასა მღდელობისასა, გულს-მოდგინებითა აღასრულებდი წმიდათა საიდუმლოთა, და იმარხევდ რაი წმიდათა წერილთა, რჯული ღმრთისაი გაქუნდა გულსა შენსა ყოველსა ჟამსა და სხუათაცა გადასცემდი, და ამხილებდი, და შერისხავდი, და განაკრძალებდი და ნუგეშინის-სცემდი ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა, სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა და წარმოიტყუენნე მრავალთა გონებანი მორჩილებად ქრისტეისად, ხოლო ერთობით მოილოცევდით რაი მონასტერთა, დღეთა მათ წმიდათა ხსენებისასა მიისწრაფდით სახელდებულსა ეკლესიასა მათსა, და უკუეთუ წმიდათა სამარხოი მუნვე იყოფვოდა, ღამესა უთევდით და უგალობდით ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.
იკოსი 7
შეგემთხვევოდა რაი უღმრთოთა მათგან გინებაი და შეურაცხებაი და სიქადული ყოველსა ჟამსა, წარხვედ ბათუმსა და სულ-თქმით ილოცევდი ღმრთისა მიმართ და ხსნასა განსაცდელთაგან ითხოვდი ცრემლთა დენითა, და გარდაგექცა საყრდენი ზღვის პირას მდგომარესა და შთავარდი მორევსა, გარნა ხატი ნიკოლოზ მღდელთმთავრისაი გეპყრა ხელთა, და გამოუჩნდა რაი წმიდაი იგი კაცთა მათ მახლობლად მდგომარეთა და აუწყა საქმეი ეგე, მოისწრაფნეს ხსნად შენდა და აღგიყვანეს ხმელსა, ხოლო იხილეს რაი ხატი იგი შენ თანა, გაკვირვებით ხმა-ყვეს: კაცი ესე მხცოვანი გვიხმობდა ჩუენ შეწევნად შენდა და ადიდებდეს ღმერთსა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაითა დაიფაროს სამწყსოი შენი ყოველთა ვნებათაგან და საცნობელნი განგვინათლნეს მაქებელთა შენთა:
გიხაროდენ, მეგობარო ქრისტეისო, მუშაკო ვენახისა მისისაო;
გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალეო მნათობო ღმრთისმსახურებისაო;
გიხაროდენ, დიდითა სიმდაბლით დამფარველო სიბრძნისა და სიწმიდისა შენისაო;
გიხაროდენ, მასწავლელო საღმრთოისა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ჯუარისმტვირთველო და აღმადგინებელო ერისა დაცემულისაო;
გიხაროდენ, ძალაო და სიმტკიცეო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, მადლმოსილო წინამბრძოლო და მეოხო ბერ-მონაზონთა კრებულისაო;
გიხაროდენ, განმხდელო ეშმაკთა სიბორგილისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო ხატო ძუელთა მათ მამათა კეთილმსახურებისაო და აღმძრველო მამაცობისაო;
გიხაროდენ, უძლეველო ზესთამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ეკლესიისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ქებაო და დიდებაო მამულისა შენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 8
მაშინ წარგგზავნეს შენ ბეთანიად, სადა იგი მკვიდრ იყუნენ სასწაულთა მოქმედნი მამანი: გიორგი იოანესა თანა, და განგსწავლნეს რაი კეთილად მსახურებითა, რომელი ჰშუენის ქრისტეანეთა მორწმუნეთა და უფროისად ბერთა, განძლიერდი, ნეტარო, და ქრისტეის მიერ მოგენიჭა მადლი უჩინოთა და დაფარულთა ცნობისაი, რაისთვისცა მოსწრაფე იყო მბრძოლი მოღუაწეთაი, ღირსო, რაითამცა განეყვანნე შენ მონასტრით, არამედ ვერ დაარღვია ძალი ლოცვისა და მადლის ერთობისაი და ვერცა-რაი-აკლო სიწმიდესა და ღუაწლსა თქუენსა, რამეთუ საყუარელ იყავ მამათაგან კეთილთა სათნოებათათვის შენთა და მარადის ერთობითა მადლობდით და უგალობდით ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 8
უპირველეს მამა იოანე წარსდგა წინაშე ღმრთისა, და ჩასძახებდა რაი გიორგი: - ქრისტე აღდგა! სამარხოსა მისსა, ჭეშმარიტად აღდგა! - აღმოუტევა მკუდარმან ხმაი სიხარულისაი, ხოლო დასნეულდა რაი მოძღუარიცა შენი, აზიარნე საიდუმლოთა ქრისტეისთა და გაკურთხა რაი, ნეტარო, შეჰვედრა სული თვისი უფალსა, მაშინ უქმ ყვეს მონასტერი ხელისუფალთა ბრძანებითა და დაუყენეს მცველი, ვითარცა მუზეუმსა, ხოლო შენ იწყე კუალად მსახურებაი სიონსა და გაქუნდა რაი მოძღურებაი კეთილი, მოიზიდე კრებული მორწმუნეთა, აწცა თანამავალ გუექმენ ჩუენ, ვითარცა მამაი და მოძღუარი, და გზასა სიმართლისასა წარგვიმართე შემსხმელთა შენთა:
გიხაროდენ, მობაძავო ძველთა მოსაგრეთა ბერთაო;
გიხაროდენ, დიდო შემწეო და მოძღუარო ქრისტეის სამწყსოთაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო კეთილო კრავთა მათ რჩეულთაო;
გიხაროდენ, სასოო და ნუგეშო წარწყმედულთა მათ ცხოვართაო;
გიხაროდენ, წინამძღუარო განშორებულთა და ყოველთა ზეცისადმი წარმმართებულთაო;
გიხაროდენ, თესვითა სიტყუათა შენთაითა, ღმერთ-შემოსილო, განმამრავლებელო იფქლთა სარწმუნოებისათაო;
გიხაროდენ, მონაზონთა რჩეულებაო და სიქადულო მმარხველთაო;
გიხაროდენ, სულითა ძლიერო, მძლეველო ხორციელად ძლიერთა ხელისუფალთაო და დამხსნელო ვნებათაო;
გიხაროდენ, მწყალობელო ყოველთა მორწმუნეთაო და შემწეო მღდელთ-მთავართაო;
გიხაროდენ, მოღუაწეთა სამკაულო და მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;
გიხაროდენ, დავრდომილთა მსწრაფლშემწეო და განმკურნელო სიკუდიდ განწირულთაო;
გიხაროდენ, მოგზაურთა ნუგეშინის-მცემელო და უღელვოო ნავთსაყუდელო ღელვა-გუემულთაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 9
მწყემს ცხოვართა იქმენ შენ, ღირსო, და მიმოსლვასა შინა და სალოსობასა, დიდსა უწესოებასა ხედევდი ერსა შორის შენსა, რამეთუ უმრავლესნი ფრიად ურწმუნო და ვნებათა დამონებულ იყუნეს და მცირედთა ჰპოებდი ცხოართა, არამედ გსუროდა შენ, კეთილო ბერო, ყოველთა მოქცევაი ბოროტისაგან, და ვითარცა სინანულისა ქადაგი, სამოსლითა შეურაცხითა, შესტიროდი მათ გოდებითა: ჰოი, ბნელსა შინა მსხდომარენო, ვითარითა საკრველითა შეკრულ ხართ, და ქრისტეს ნათელსა ვერ ვხედავთ, და დიდებასა მას მისსა დიდსა?, არამედ განჰკვეთნეთ საკრველნი ესე თქუენნი, რაითამცა მოიძიებდეთ, და ჰპოებდეთ ღმერთსა ჩუენსა, ქრისტესა და მარადის ადიდებდით ძლიერებასა მისსა: ალილუია.
იკოსი 9
მხედველი მრავალთა კაცთა უშჯულოებისა აღშფოთნებოდი, მხნეო, რამეთუ განადიდებდენ ხატთა მათ ღმრთისმბრძოლთასა, ხოლო ხატსა მას ქრისტეს მეუფისასა, მშობელისა მისისასა და ყოველთა წმიდათასა შეურაცხ-ყოფდეს და არცაღა-ვის შეუნდობდეს უგუნურნი თაყუანისცემასა მათსა, გარნა შენ წინ-აღუდეგ შიშსა სიკუდილისასა, და ვითარცა ზუარაკი შესაწირავად ღმრთისა, მიჰრბიოდე დაწვად ღმრთივსაძაგელისა მის კერპისა, ხოლო იხილეს რაი ცეცხლმთებარეი სახებაი კაცისა მის ღმრთისმბრძოლისაი, შეგიპყრეს წმიდაი ეგე აღმსარებელი ქრისტეისი და გკითხვიდეს რაი მიზეზსა ქცევისა შენისასა, ნეფსით სიკუდილისა მომლოდნელმან სახელს იდევ ქრისტეანედ და სთქუ კადნიერად: არა უხმს დიდებაი მძორსა მას კაცისასა, არამედ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა და მაცხოვარსა, მკუდრეთით აღმდგარსა. მას ევედრე აწ, ღირსო, რაითა გვიხსნნეს ჩუენ სულთა წარწყმედელთა სწავლათაგან და წყალობაი მოგვცეს შენდამი მაქებელთა:
გიხაროდენ, მწყემსო პირმეტყუელისა სამწყსოისაო, უმეცართა საღმრთოითა მით მეცნიერებითა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ცოდვილთა დაუღალავად მეძიებელო და ღმერთთან მიმყვანებელო;
გიხაროდენ, ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისა შემმუსრველო და მწვალებელთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, მთავრობისაგან ღმრთისა განშორებულთა და კაცთა მთავრობისა მოქენეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მძლავრთა სიქადულისა შეურაცხმყოფელო და მგმობართა მათ პირთა დამხშველო;
გიხაროდენ, ჟამსა მას ღმრთისმბრძოლთა აღზევებისასა სიცბილისა მათისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამფარველო;
გიხაროდენ, აღვირ-უსხმელთა დამაოკებელო და ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მადლითა მხილებისა შენისაითა ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო;
გიხაროდენ, თავისა თვისისა ბრძნად მხედველთა უმეცრად გამომაჩინებელო და გონებისა ჩუენისა წყუდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, ღმრთისმოსავთა მეუღლეთა მაკურთხეველო და ბოროტითა ცოდვითა მრუშებისაითა ძლეულთა სიტყვითა რისხვისაითა განმკიცხველო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 10
წარგადგინეს რაი წინაშე მძლავრთა, ჰგონებდეს ქრისტეანეთა მდევნელნი ცთუნებასა შენსა და ჰბასრობდეს ქრისტესა, ხოლო შენ უშიშად ამხილებდი და უფროის განაფიცხებდი რაი უღმრთოთა, ზრახვა-ყვეს ურთიერთას, რაითამცა მოგაკუდინეს და შეგაყენეს დილეგსა, არამედ მუნ პყრობილთა ასწავებდი სარწმუნოებასა და ერთობითა ადიდებდით ღმერთსა, ხოლო რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს მოკლვად შენდა, განცრუვდა სილაღეი მათი, ნეტარო, და ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკვირველად, რამეთუ განგაწესეს რაი შლეგთა და შეურაცხთა თანა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თვინიერ ღმრთისა, არამედ მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და მარადის მადლსა და დიდებასა აღავლენდი დამბადებელისა მიმართ და მეუფისა: ალილუია.
იკოსი 10
განგიტევეს რაი შუამდგომლობითა პატრეარქისაითა, მიისწრაფდი ტაძარსა ბარბარეისსა და ეძიებდა მუნ ლხინებასა, გარნა ტანჯვათა მიერ განცდილსა მიგერულა და სამ-გზის გესმა რაი ხმაი: გაბრიელ,. მე ვტირი შენთვის! , განიღვიძე და მყის მიეახლე ჯუარცმასა, და იხილე შენ ცრემლმდინარეი იესუ და განმხნობილი აღუვლენდი მადლსა და გალობასა, ხოლო კუალად იწყე რაი მსახურებაი სიონსა, ნათელს-სცემდი ბევრეულთა ერთა და ასუმევდი მათ სულისა წმიდისა ნიჭთა სიმრავლისაგან, გარნა განგაყენეს შენ მღდელმსახურებისა და ზიარებისაგან უღმრთოთა ხელისუფალთა მძლავრებითა, და ვითარცა გლახაკი უსადგუროი, სიცხესა და ნეფხვასა ძნელსა იყოფოდი საფლავთა და ქუაბთა შინა და ქრისტეისთვის სულელობითა შენითა ქადაგებდი და ახარებდი სასუფეველსა ღმრთისასა, მაშინ ვიეთნიმე გულისხმა-ყვეს რაი შინაგანისა მის სულისა შენისა შემკობილებაი, სიყუარულითა გმორჩილებდენ, და გნატრიდენ, ვითარცა მოშურნესა მხურვალესა და ვნებათა თვითმპყრობელსა:
გიხაროდენ, ენითა უძლურითა, ვითარცაღა ლამპრითა ცეცხლისითა, გმობისა ეკალთა სულისა წმიდისა მადლითა შემწველო;
გიხაროდენ, ერისკაცთათა აღრეულთა და ბევრეულითა ვნებითა შებღალულთა სამღდელოთა შემრისხველო;
გიხაროდენ, უღმრთოებისათვის ერისა შენისა მამხილებელო;
გიხაროდენ, სამღდელოთაგან დამცრობილო და განქიქებულო;
გიხაროდენ, ყოველთა გულისწადილისა და სიტყუათა უცხოთა ენათასა განმჭურეტელო და დაფარულთა ვნებათა და საცთურთა და სიბოროტეთა მხედველო;
გიხაროდენ, მადლითა განღმრთობილო, საუნჯეთაგან სულისა წმიდისათა სულიერთა ნიჭთა უხვად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, გონებითა წმიდითა და გულითა ლმობიერითა შინაგანისა ხედვისა მომგებელო და სულითაცა სხუაგან მიმომქცეველო;
გიხაროდენ, ენისა მის მფრინველთა ცისაითა და მხეცთა ქუეყანისაითა გულისხმისყოფელო;
გიხაროდენ, ბეთანიითგან გარდახვეწილთა ფუტკართა ჯუარისა გარდასახვითა უკუნ-მქცეველო;
გიხაროდენ, დახშულთა კართა ეკლესიათასა გარდასახვითა ჯუარისაითა მეყსეულად განმღებელო;
გიხაროდენ, მსგავსად სპირიდონ ტრიმიფუნტელისა პირთა სამებობისა ძალითა სასწაულებრივითა გამომაჩინებელო და ხელთა შენთა მიერ პურისა შთაზელვითა იფქლისა, ცეცხლისა და წყლისა თითოეულად განმხდელო;
გიხაროდენ, მრავალთა მამათა და ეპისკოპოსთა სიბრძნითა დამმოძღურელო და ჭეშმარიტთა ბერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 11
არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჰოი, ბერო საკვირველო, რამეთუ მოცემულ გაქუნდა შენ სიტყუაი სიბრძნისაი და მეცნიერებისაი სულისაგან წმიდისა, და მისვე სულისაგან მადლი კურნებათაი და შეწევნისაი, და ეგრეთცა წინაისწარმეტყუელებაი და განკითხვაი სულთაი, და კუალადცა აღმატებული ნიჭი სიყუარულისაი, არამედ დაიმდაბლნე თავი თვისი, შეგონებისაებრ პავლე მოციქულისა: სიბრძნე ამის სოფლისაი სიცოფე არს წინაშე ღმრთისა; და ვითარცა შეურაცხი, ლოთი და ურგები, ძაღლსა მაცხოვარისასა უწოდდი თავსა თვისსა, და არცა დასცხრებოდი გალობად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 11
მვითარცა ნეტარმან ანდრია მოიგო სახელი კეთილი სიმდაბლითა და მოთმინებითა და მრავალ მოღუაწე იგი სახეი იქმნა სალოსობისაი, ეგრეთცა ქრისტეისთვის სულელ იქმენ შენ, ახოვანო, და აღიღე რაი ორკეცი ეგე ღუაწლნი: დაყუდებისაი და სალოსობისაი, მრავალ გზის დაშვერ და წარმოჩინდი წინაშე კაცთა, ვითარცა მსუმელი ღვინისაი, რაითა არცაღა განითქუე სათნოებითა და სიწმიდითა, ხოლო ბრძენი ეგე შერაცხილ იყავნ რაი უგუნურად, აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი წინაშე ღმრთისა, მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, რაითა არა სრულიად განიხრწნას საქართველოი, წილხვედრი ესე ქუეყანაი ღმრთისმშობლისაი, არამედ ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და სიმდაბლითა მოგიძღუნიდეთ შესხმასა ამას და გალობასა:
გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელო მამაო და ნეტარო მოღუაწეო, რამეთუ ვერ შემძლებელ არს გონებაი კაცობრივი მიწვთომად თუალთ-შეუდგამისა სიმაღლისა განღმრთობისა შენისასა;
გიხაროდენ, მსგავსად ელიაისა ცეცხლითა საღმრთოისა შურისაითა აღგზებულო, რამეთუ ცხოვართა ქურქითა გარე-შემოსილნი მგელ-ღმრთის-მსახურნი ამხილენ შენ, ვითარცა მან ქურუმნი ბაალისნი;
გიხაროდენ, ჯუარისა შენისა ორმეოცსა წელსა მსგავსად მოსეისა მატარებელო, რამეთუ სიტყუანი საღმრთონი გქონან შენ, ვითარცა ფიცარნი ქვისანი, სავსენი სიბრძნითა სულიერითა;
გიხაროდენ, დავით წინაისწარმეტყუელისაებრ მოწყალებისა და სიმშვიდისა მომხვეჭელო და ქრისტეის სახარებისა ქადაგებითა, ვითარცა შურდულითა შეთხზულითა, უღმრთოთა ბრძნობისა დამამხობელო;
გიხაროდენ, იოვანე ნათლისმცემელისაებრ ცოდვილთა დაუღალავად მეძიებელო და ღმრთისა მიმართ მიმყვანებელო;
გიხაროდენ, მსგავსად იოანე ღმრთისმეტყუელისა სიყუარულისა მასწავლელო, რამეთუ მისებრ გეუწყნეს საიდუმლონი დაფარულნი უფლისაგან და არაწმიდათა სულთა ზედა მიიღებდი ხელმწიფებასა;
გიხაროდენ, რამეთუ სიხარულად ჰრაცხდი განსაცდელთა შინა შთავრდომასა და მიზეზად ამას მოგუცემდი, ვითარმედ მოთმინებითა თავს-დებაი განსაცდელთაი ჰყოფს გამოცდილებასა სარწმუნოებისასა;
გიხაროდენ, რამეთუ მარადის გლოასა შინა იყავ და ხსენებასა მას საუკუნოისა სასჯელისასა და პირველთა მათ მამათაებრ ამასვე სოფელსა დაიტირდი თავსა თვისსა;
გიხაროდენ, ბელიარისა ურგებო, ვინაიცა კუბოსა შინა გინა მთხრებლსა მწოლარეი, ვითარცა მკუდარი განრთხმული, ცრემლთაცა გარდამოსთხევდი თუალთაგან, და იწყებდი გოდებასა, ვითარცა რაი გოდებენ მკუდარსა ზედა, და ავაზაკისა თანა ხმობდი: მომიხსენე, უფალო, დიდებით მეორედ მოსლვასა;
გიხაროდენ, კაცო ზეცისაო, რომელიცა ევლტოდი დიდებასა კაცთა მიერსა, გიხილეს ჟამსა მას ლოცვისასა ქუეყანისაგან აღშორებული და აწ იქების ქრისტეს მოყუარეთა მიერ, მამაო, საქმენი შენნი საკვირველნი;
გიხაროდენ, რამეთუ ევედრებოდი ღმრთისმშობელსა განმრავლებასა ქართველთასა, და იხილე ძილსა შინა ურიცხუთა ჩვილთა ასონი დახუეტილნი, და შეძრწუნდი რაი, გამოგიჩნდა წმიდაი დედოფალი ანგელოზთა თანა, და გრქუა: რაისთვის მთხოვთ მე განმრავლებასა, რაითა კუალადცა მოწყლან ჩვილნი მუცელსა შინა დედათასა?!
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 12
მწუხარებდი რაი დაყენებული ზიარებისა და ღმრთისმსახურებისაგან, გიხილა პატრიარქმან ეფრემ მთხოველი საფასისაი და გულისხმა-ყო თუ ვითარ იტვირთავდი შეურაცხებასა სიმდაბლითა, და გიხმო რაი საკურთხეველსა შინა შემოსილი სამღდელოითა სამოსითა, გაზიარა და უფლის განგებულებითა განგაწესა მცხეთას, სამთავროს დედათა სავანესა, მაშინ დაემკვირდე შენ, მოქალაქეი ზეცისა იერუსალეიმისაი, ახალსა იერუსალეიმსა, სამეუფოისა ქალაქსა მცხეთას, მახლობლად მაყვლოვანსა, სენაკსა შინა მცირესა, და სიხარულითა შესწირვიდი რაი უსისხლოსა მსხუერპლსა, ქადაგებდი საკვირველად და განსწავლიდი დედათა მათ და ერთა წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა და განაკრძალებდი ლოცვასა, გარნა შემდგომ გარდახვედ კოშკსა მას მირიანისასა, და განაშუენებდი წმიდათა ჯუართა მიერ და ხატთა, რომელთაცა კაზმავდი ხელითა შენითა, და ქრისტესა ადიდებდი სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.
იკოსი 12
მოსალოდებელისა, ვითარცა აწმყოისა მჭურეტელმან, ძალითა ზეგარდამოითა მრავალნი უცხონი და საკვირველნი ნიშნი და სასწაულნი ქმენ სოფელსა შინა სიყუარულისათვის ჩუენისა და გვიჩვენე სიმაღლეი სიმდაბლისაი, და დასნეულდი რაი, ღირსო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა და გარდაიხდიდი დღეთა თვისთა ტანჯვითა, ხოლო გეუწყა რაი ჟამი განსლვისა თვისისაი ამიერ სოფლით, ილოცვიდი წინაშე ხატისა მის ნიკოლოზ მღდელთმთავრისა, და ევედრებოდი ერისათვის შენისა და მამულისსა, და განხვედ რაი ხორცთაგან განპოხებული ღუაწლითა კეთილითა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და ძუელთა ბერთაებრ ჭილოფსა წარგრაგნილი დაგფლეს ანდერძისაებრ შენისა, გარნა იქმნა წმიდაი ნეშტი შენი სნეულთა და უძლურთათვის, ვითარცა საუნჯეი მადლისაი და წყაროი ნიშთა და კურნებათაი, ამისთვისცა მოვისწრაფვით სამთავროსა, ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაითამცა ვიცხოთცა ჩუენ ზეთი კანდელისა შენისაი, ვითარცა სალბუნი, და სულთა და ხორცთა კურნებაი აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა:
გიხაროდენ, ღუაწლთა ღმრთისმსახურებისათვის დამთმენელო, რამეთუ ჯერისაებრ შესწირევდი თავსა თვისსა მსხუერპლად, ვითარცა ხუცეს მონაზონი, და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა. მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა;
გიხაროდენ, რამეთუ აღთქუმისაებრ შენისა მკუდარი ვითარცა ცხოველი მოხუედმცა კურნებად უძლურთა და აქაცა სანატრელი მას საუკუნესა უმეტესად გამობრწყინდი ჩუენ ზედა;
გიხაროდენ, გვირგვინითა აღმსარებლობისაითა შემკულო, რომელი შემდგომად სიკუდილისა უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ქუეყანასა ჩუენსა და დაუდუმებელად ჰქადაგებ ქრისტესა ღმერთსა;
გიხაროდენ, რამეთუ საფლავი შენი მაყულოვანსა შინა მოგვიგიეს ძლიერებად და საკრველად სიმტკიცისად და ვიქადით, ვითარცა მქონებელი საუნჯისა, უშურველად აღმოაცენებს რაი მადლსა ჭეშმარიტსა, და აღადგინებს ყოველთა დიდებად ღმრთისა;
გიხაროდენ, რამეთუ ღმერთმან არა ინება, ვითარმცა მშობელიცა შენი დედაი დააკლდეს სარწმუნოებასა მისა მიმართ და ცხორებასა, და მონაზვნად აღკუეცილი სამთავროისა მონასტერსა, დაკრძალულ იქმნა მუნვე, მახლობლად სამარხისა შენისა;
გიხაროდენ, რომელი საკვირველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობ წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენ სულთა და გონებათა ჩუენთა;
გიხაროდენ, ჭირსა შინა მყოფთათვის წინამძღუარო მადლისაო, რამეთუ ცეცხლი საღმრთოი, რომელი გამოვალს სამარხით შენით დასწვავს ბანაკსა ღმრთისმბრძოლთასა, ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მოგუფენს, და იოტებს ბნელსა ცოდვისასა;
გიხაროდენ, რამეთუ არა ხოლო თუ ღმრთისა მორწმუნენი და მოსავნი, არამედ უდებნიცა და მცირედ მორწმუნენი მოისწრაფვენ მიმთხვევად სისხლისა შენისა, მცირესა მას ჭურჭელსა შინა ვიდრე აქამომდე უხრწნელად დაცულისა, და გევედრებიან რაი წყალობასა, მარადის ისმენ ვედრებასა მათსა და ყოველთა მისცემ ლხინებასა;
გიხაროდენ, რამეთუ ხედვიდეს რაი მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკვირველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ხმამაღლად გადიდეს, ვითარცა აღმსარებელი და სალოსი ბერი, და სახსენებელად და საუკუნოდ განგვიწესეს შესხმაი და ქებაი შენი;
გიხაროდენ, სასწაულთა შენთა ელვარებითა ერისა შენისა განმაფხიზლებელო, რამეთუ ხატთა შენთა გამოწერილთა და სახებათა მიერ გვიწყაროებ წმიდასა და წმიდამყოფელსა მირონსა, სულისა მიერ წმიდის ნიჭებულსა;
გიხაროდენ, რამეთუ სიხარულითა აღივსების და იქადის აწ სამეუფოი ქალაქი მცხეთა და განსცხრების დედათა სავანეი სამთავროისა, მქონებელი წმიდათა ნაწილთა შენთა, ხოლო ერნი ესე ურიცხუნი, შვილნი ქართლისანი, ილოცვიდეს დაუდუმებელად და აქებდეს წინაისწარმეტყუელებასა შენსა და ძალსა საკვირველსა;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო დანთქმულთაო და სასოო განწირულთაო, რამეთუ შემწე ხარ განსაცდელთა შინა მყოფთა და ვედრებათა შინა მოხსენებული იქმ საკვირველთა: საღმრთოითა ძალითა მოგუმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა და თანამზრუნველ ექმნები ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა, მახლობელთა და შორიელთა;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 13
ჵ წმიდაო აღმსარებელო და სალოსო ბერო, არქიმანდრიტო გაბრიელ! ქრისტემან მოგანიჭა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა მოგცა შენ კადნიერებაი მეოხებად ცოდვილთა, ამისთვისცა გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაი, რაითა ღირს-ვიქმნნეთ ჩუენცა უკუნისამდე დიდებად და გალობად მისა: ალილუია. (3-გზის)
იკოსი 1
ვითარცა ისრაელსა მოუვლენდა ღმერთი წინაისწარმეტყუელთა სამხილებლად და შუამდგომელად წინაშე მისა, ეგრეთვე მოგცა შენ ქრისტემან მადლი სასწაულთაცა საქმედ და ვითარცა სალოსი მამაი და ღირსი მოღვაწეი სამხილებელად ერისა შენისა გამოგაჩინა, და იღუწიდი ჩუენთვის სულიერად წინაშე ღმრთისა, ხსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, ხოლო შემდგომად სიკუდილისაცა არაივე დაუტევენ მოსავნი შენნი აღთქუმისაებრ შენისა, არამედ ვითარცა არწივი ფრთივ-მალეი მოვლი ყოველსა სოფელსა, განსაცდელთაგან იხსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და კურნებასა მიანიჭებ მთხოველთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, სიჩჩოითგან შემყუარებელო სიმდაბლისა და კრძალულებისაო;
გიხაროდენ, გულსმოდგინედ დამცველო სულთა და ხორცთა უბიწოებისაო;
გიხაროდენ, ჭურო რჩეულო, სამკვიდრებელო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დიდო მესაიდუმლეო ყოვლისა მპყრობელისაო;
გიხაროდენ, ორლესულო მახვილო უფლისაო, განმგმერელო ურწმუნოებისაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო დამცრობილისა სარწმუნოებისაო და საყვირო სიმართლისაო;
გიხაროდენ, ყოვლად საკვირველო ქადაგო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მხილველო მოძღუარო სინანულისაო;
გიხაროდენ, ჟამსა ღმრთისმბრძოლობისასა აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალეო სუეტო, უკანაისკნელისა ამის ჟამისაო;
გიხაროდენ, დიდო არქიმანდრიტო და ბერ-მოძღუარო სრულიად საქართველოისაო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათვის ერისა შენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
კონდაკი 1
შესხმითა სულიერითა ვაქებთ რაი ღუაწლსა შენსა და საკვირველთმოქმედებათა, გნატრით შენ, ღირსო გაბრიელ, ვითარცა ბრწყინვალესა მნათობსა ქართველთა ერისასა, და მხურვალედ გევედრებით ძლიერსა მეოხსა ჩუენსა და შუამდგომელსა: შეგვეწიე ჩუენ, წმიდაო ბერო, და დაგვიცევ ყოველთაგან სენთა და სალმობათა, ხოლო მამობრივითა კადნიერებითა შენითა გარე წარგუხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა: გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
ლოცვა
ჵ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო! ბერთა სამკაულო, მღდელთა გვირგვინო და ანგელოზთა მოდასეო, ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.
ჵ, თანამოდასეო აღმსარებელთა და სალოსთაო, ღირსო მამაო გაბრიელ! რომელმან აღირჩიე ცხორებაი ანგელოზებრივი და ზეობასა მას უღმრთოთასა შეიმოსე წმიდაი იგი სქემაი მონაზონებისაი, აწ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მოგვანიჭე სიბრძნეი, სიმხნეი და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რამეთუ ურიცხვნი მტერნი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაითა იღუწიან, რაითა ერიცა საუფლოი განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დახსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ გუაქუს მეოხებაი შენი ქრისტეის მიმართ, რაითამცა ღირს-გვყოს წინაისწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს ჩუენ მეფეი მირონცხებული მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაითა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლისა წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა, რაითა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.
ჵ, წმიდაო მამაო ჩუენო, არქიმანდრიტო გაბრიელ! ვითარ იგი პირველ იღუაწე ჩუენთვის მოციქულებრივითა შრომითა შენითა და მამობრივითა მოწყალებითა, ეგრეთცა აღთქმისაებრ შენისა ვსასოებთ გამოხსნასა ხელთუქმნელისა ანჩის ხატისასა და პატივად მისად სახელდებულსა საკათალიკოსოსა ტაძარსა შინა კუალად დაბრძანებასა, რაითა წინაუსწროდეს საკვირველსა გამოჩინებასა აწყურის ხელთუქმნელისა ხატისასა და დიდებულსა მობრძანებასა პორტაიტისასა, ვითარცა შეუორგულებელთა თავსმდებთა გამოხსნისა ჩუენისათა სატანისა მახეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს საცთურისა და ბრძოლისაგან, ვითარ წინაისწარმეტყუელეს მისთვის მამათა, რამეთუ დასასრულსა მას საუკუნეთასა ათონსა დაუტევებს და გამორჩევითა ივერიისაითა ბრწყინვალედ დიდებულ ჰყოფს მკვიდრთა მისთა, ხოლო აწ განძლიერებულ არს ზრახვაი იგი უსჯულოებისაი და წილხვედრი ერი ღმრთისმშობლისაი დაცემულ არს ცოდვითა და სიბოროტითა და ჩუენცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეულნი, ვსძრწით მოსალოდებელისა მისთვის დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტეისისა, გარნა შენ, წმიდაო, გვაშორე საღმრთოისა მშჯავრისა საშინელებაი უსჯულოებისა ჩუენისათვის და მოწყალებითა შენითა გვითხოე ქრისტეის მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ავტორი: თინათინ მჭედლიშვილი