ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ჴორცითა ანგელოზმან და წინაჲსწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინა-მორბედმან, ელია ყოვლად დიდებულმან, ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობაჲ.
წინაჲსწარმეტყუელო და წინაჲსწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ელია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყჳთა შენითა დააყენე წყალ-მდინარჱ იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოჲსა მიმართ კაცთ-მოყუარისა.
ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა ისრაელისასა და მჴურვალესა შუამდგომელსა ქრისტეანეთასა გიგალობთ და შევამკობთ სიწმიდესა შენსა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, ევედრე სახიერსა ღმერთსა, შეგჳწყალნეს და გჳჴსნნეს ჩუენ ყოველთაგან საცთურთა და განსაცდელთა, რაჲთა არა შთავარდეთ საფრჴესა მტერისასა და უვნებელად დაცულნი ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
ანგელოზთა შემოქმედმან წინაჲსწარ გიცნა წიაღსავე დედისა შენისასა, და მოგავლინა, რაჲთა ასწაო მეფესა და ერსა ისრაელისასა რჯული მისი და განამტკიცნე იგინი დამარხვად მცნებათა მისთა, ხოლო შენ დევნულებანი თავს-იდევ სარწმუნოებისათჳს ბილწთა მეფეთაგან და ზრახვანი მათნი შემუსრენ ძალითა სულისაჲთა, ამისთჳსცა შეგამკობთ მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა - დიდსა წინაჲსწარმეტყუელსა ელია თეზბიტელსა, ვითარცა ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა და მეორესა წინამორბედსა ქრისტეს ქუეყანასა ზედა მეორედ მოსვლისასა:
გიხაროდენ, რტოო ნაყოფიერო, ძირთაგან სამღდელოთა აღმოსრულო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან სიმდაბლისა და კრძალულებისა შემყუარებელო;
გიხაროდენ, სიყრმითგან სულთა და ჴორცთა უბიწოებისა გულსმოდგინედ დამცველო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ წინაჲსწარმეტყუელად და მღდლად მოწოდებულო;
გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა და მადლითა უფლისაჲთა საზომსა მას სიწმიდისასა მიწევნულო;
გიხაროდენ, ისრაელთა შორის სათნოებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, მრავლითა სასწაულითა უფლისაგან განდიდებულო;
გიხაროდენ, საკჳრველებათა ცისკრითა ურწმუნოებით დაბნელებულთა გულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ეშმაკისა ცთუნებათა და მძჳნვარეთა საფრჴეთა მისთა დაუცადებელითა ლოცვითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა აღმხოცველო;
გიხაროდენ, ბიწიერებათა ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, მსგავსად აბელისა განმართლებულო და ზეციერსა მას ქალაქსა ცეცხლისა ეტლითა აღტაცებულო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
მეფობდა რაჲ ისრაელსა ზედა აქაბ, ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა განრისხებად მისა, რამეთუ მოიყვანა ცოლად იეზაბელ, ასული წარმართთა მეფისაჲ, და უვარ-ყო რაჲ ღმერთი, შემოქმედი თჳსი, თაყუანის-სცა ბაალსა, და აცთუნა რაჲ ისრაჱლი, მიაქცია კერპთა მიმართ უსულოთა, ხოლო შენ ჰხედვიდი რაჲ უჯეროსა მას საქმესა, შეძრწუნდი შურითა უფლისაჲთა და განეშორე რაჲ სახლსა მამისა შენისასა, იღუწიდი სულიერად წინაშე ღმრთისა და სუნნელებაჲ ლოცვათა შენთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა წინაშე მისსა: ალილუია.
რისხჳთა მჴეცებრივითა მოსწყვიდა რაჲ იეზაბელმან წინაჲსწარმეტყუელნი უფლისანი, სასჯელი საღმრთოჲ შურისგებისაჲ წინაჲსწარ გამოგეცხადა შენ, ღმრთივ-საყუარელო ელია, და მამხილებელად წარსდეგ რაჲ წინაშე აქაბისა, არცაღა შეიწყნარებდეს სიტყუასა ჭეშმარიტებისასა და დადგრომილ იყუნეს სიფიცხლესავე თჳსსა ზედა, მაშინ სიტყჳთა ერთითა ცაჲ შეჰკარ და დააყენე ცუარი და წჳმაჲ გულისჴმის-საყოფელად უკეთურთა, რაჲთა ცნას ყოველმან ისრაელმან ღმერთი, და დამბადებელისა მიმართ მოიქცენ ლოცვითა, ეგრეთვე ჩუენცა განვარისხეთ უფალი ბოროტად ცხორებითა და გონებითა შეგინებულითა და არა წმიდითა ქცევითა, არამედ მიოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ, და ვიტყოდეთ წადიერებითა:
გიხაროდენ, უბიწოჲსა ცხორებისა შენისა, ვითარცა მსხუერპლისა წმიდისა, სულითა განწმედილითა ღმრთისად შემწირველო;
გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელითა პირითა უაღრეს რიტორთაჲსა მეტყველო და სწავლათა ზეცისათა გამომთქუმელო;
გიხაროდენ, ღმრთის დიდებისა მქადაგებელო და სინანულისა მასწავლელო;
გიხაროდენ, საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ მეფეთა მამხილებელო;
გიხაროდენ, რამეთუ დაღათუ კაცი იყავ ქუეყნიერი, არამედ ვითარცა ღმრთისა ურჩეულესი მსახური, განხრწნადითა ჴორცითა მსგავსად ანგელოზისა მოქალაქობდი;
გიხაროდენ, მარადის მღვიძარეო, რამეთუ გამოსჩნდი შენ მადლითა ორღანოდ მგალობელად შურის მეძიებელისა ღმრთისა, რომელმან მათთჳს საჯა ესრეთ და შენ გამოგიცხადა;
გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილო, რამეთუ მოიმტკიცე მკლავნი თჳსნი, ვითარცა მბრძოლამან ახოვანმან;
გიხაროდენ, რამეთუ ნესტუსა დაჰბერე, საგალობელო, ჴმითა მით საღმრთოჲთა და კიდეთა სოფლისათა იქუხნა სიტყუამან შენმან;
გიხაროდენ, ღმრთისამიერითა მით მადლითა მირონცხებულო, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე კრძალულად იპყარ და განაკრძალნე, რომელნი იგი ჴდომად აღუდგენ სიტყუასა მას ჴსნისასა;
გიხაროდენ, სიმართლითა თუალუხუავითა განშუენებულო, რომელმან ჰფუცე ცხოველებასა უფლისასა არა მიცემად ქუეყანისათჳს წჳმისა თჳნიერ სიტყჳსა შენისა“;
გიხაროდენ, ჟამსა უწჳმრობისასა საკჳრველო შემწეო, რამეთუ აღასრულა ნებაჲ შენი უფალმან, რაჲთა გულისჴმა-ჰყონ ყოველთა კაცთა, თუ ვითარსა ძალმოსილებასა მისცემს მორწმუნეთა თჳსთა;
გიხაროდენ, დამთრგუნველო ღმრთისმხდომთაო, რამეთუ არცა-ღა დაჴსნა განჩინებულნი შენნი, არამედ უზეშთაეს გყო შენ ყოველთა დაბადებულთა მისთა და მოგცა ჴელმწიფებაჲ ღრუბელთა ზედა;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველ-თმოქმედო ელია!
ეჰა, შეწევნაჲ მაღლისაჲ ნების მყოფელთა მისთა, რამეთუ პირითა შენითა გამოჴდა რაჲ სიტყუაჲ იგი, ვითარცა ცეცხლი შემწუელი, მეყსეულად ცაჲ განრვალდა, და წჳმაჲ არა გარდამოჴდა ქუეყანად, და განჴმა და განქარდა ყოველი საშუებელი კაცთაჲ, მაშინ წარგგზავნიდა შენ უფალი ხევსა მას ქორათისასა, მახლობელად იორდანისა, და გამოზრდაჲ შენი უბრძანა ყორანსა, ხოლო შენ დაადგერ რაჲ მღჳმესა, მოხედვითა ღმრთისა-მიერითა პოვე წყალი ნაღვარევსა და ყორანი უტყჳ ორგზის მოგართუმევდა საზრდელსა, რაჲცა იყო ჭეშმარიტად საკჳრველ, და მადლსა და დიდებასა აღუვლენდი ღმერთსა: ალილუია.
დაღაცა-თუ ყოველივე მოწყდებოდა სიტყჳთა შენითა და დაშთომილნიცა მოუძლურდეს სიყმილითა, არავე დასცხრა რისხვაჲ გულისწყრომისა შენისაჲ, და არცაღა განჴსენ ღრუბელნი შობად წჳმისა, მაშინ განცჳფრდენ მთავარანგელოზნი ანგელოზთა თანა, და აღსრულთა უფლისა მიმართ შესმენად შენდა, ღაღადყვეს: „მაუწყე ჩუენ, უფალო, თუ ნანდჳლ მოახლებულ არს აღსასრული ქუეყანისაჲ, რამეთუ მკჳდრნი მისნი ღაღადებენ შენდა მომართ და არცაღა ისმენ ვედრებასა მათსა, ხოლო უკუეთუ გიყუარს კაცი ესე უფროჲს ზეცისა დასთა, აღმოიყვანე იგი და განერეს ქუეყანაჲ ყოველი პირისაგან მისისა“, და მიუგო უფალმან, ყოვლისმპყრობელმან: „ძალი და ჴელმწიფებაჲ ელიაჲსი არს მსგავს ერთგულებისა და მოთმინებისა მისისა, რამეთუ მართალი კაცი მირჩევიეს უფროჲს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი დიდებასა ჩემსა მისცემენ ეშმაკთა“, ამისთჳსცა შიშით გევედრებით, ელია: ნუ დააქცევ ქუეყანასა ჩუენსა უსამართლოებისათჳს მკჳდრთა მისთაჲსა და უშჯულოებისა, არამედ აღმოგვიყვანნე ცოდვათაგან, რაჲთა ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე ვსდგეთ მტკიცედ და შეურყევლად გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა და ვიტყოდეთ სამადლობელსა ამას ქებისასა:
გიხაროდენ, ღმრთით მოქადულო, რამეთუ არა წინა-აღგიდგა შენ უფალი და მოგმადლა მადლი ცათა შეკრვისაჲ და განჴსნისაჲ;
გიხაროდენ, უმჴნესო მოღუაწეო, რამეთუ საღმრთომან მთავარანგელოზმან გარდამოიყვანა რაჲ ღრუბელი თჳნიერ ცუარისა და წჳმისა, მკსინვარითა სიტყჳთა შენითა უკუ-იქცეს იგინი და დადგეს წინაშე ზეცისა მჴედრობათა მთავრისა;
გიხაროდენ, კაცო უბიწოო, რამეთუ მოგეახლა მთავარანგელოზი, და გრქუა განკჳრვებით: „ვისსა სწორად შეგირაცხიეს თავი შენი, ელია? უკუეთუ ზეცისაჲ ხარ, რაჲსა განაქარვე განგებაჲ ქუეყანისაჲ და უკუეთუ ქუეყანისაჲ ხარ რაჲსა დააყენენ ღრუბელნი წჳმისაგან?;
გიხაროდენ, რამეთუ გევედრებოდა უნივთოჲსა გუნდისა მთავარი, ეწადა რაჲ მოდრეკად უწყალოებისა შენისა, რაჲთა განჴსნე კრულებაჲ, რომელი განაჩინე სახლისათჳს აქაბისა და ერისათჳს მისისა;
გიხაროდენ, რამეთუ გესმა რაჲ ჴმაჲ ანგელოზისაგან ანგელოზთა სწორსა მამასა, აღაღე პირი და რქჳ: „სიტყუაჲ პირისა ჩემისაჲ ცეცხლებრ შემწუელ არს და არა შევინანო, ვიდრედმდის შური ვიძიო ღმრთისათჳს და დავაყენო მათგან ცუარი ცისაჲ და განვაჴმო პირი ქუეყანისაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ ესმა რაჲ ზეცისა უსხეულოთა წინამძღუარსა, გეტყოდა: „ჵ, მიწაო და მიწისაგანო, ვინ გასწავა შენ რაჲთა ჰფუცე ცხოველებასა უფლისასა, რამეთუ ჩუენ ანგელოზნი ცისანი, ვერ შემძლებელ ვართ ფუცვად მაცხოვარებასა მისსა“;
გიხაროდენ, რამეთუ განახუენ პირი თჳსი და მიუგე: „აწ ნუ იქადი ჩემ ზედა, რამეთუ ანგელოზი ხარ და დაებადე ცეცხლისაგან, ხოლო მე ზეცით შთამბერა ღმერთმან სული ცხოველი და მეტყუელი და მისთჳს მაქუს ძალი და ჴელმწიფებაჲ გუემად ქუეყანისა;
გიხაროდენ, რამეთუ შემდგომად ამისა ქუეყანამან იწყო ვედრებად შენდა და გრქუა: „ვითარცა დედაჲ, რომელი ევედრებინ შჳლსა თჳსსა, შემიწყალე მე და შეიწყალე მკჳდრნი ჩემნი და ნუ წარსწყმედ მართალთა ცოდვილთა მიზეზითა“;
გიხაროდენ, რამეთუ სთნდა ღმერთსა კაცთმოყუარებაჲ და მოცემად წჳმაჲ, გარნა არა გმძლავრა;
გიხაროდენ, რამეთუ შენ არა გენება უფლისა თჳსისა ვედრებაჲ, რაჲთამცა მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა;
გიხაროდენ, შურითა კეთილმსახურებისაჲთა შეწულო, რომელი მოწყალისა მიმართ კუალადცა ჴმობდი: „განრისხდი ურწმუნოთა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“;
გიხაროდენ, რამეთუ დააყენა ღმერთმან ყორანნი მსახურებისაგან შენისა, რაჲთა განჰჴსნე საკრველი იგი კრულებისაჲ;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველ-თმოქმედო ელია!
იხილე რაჲ დაყოვნებაჲ იგი ყორანთაჲ, გარდახვედ სუმად წყლისა, არამედ მყის შთანთქა წყაროჲ იგი ქუეყანამან, და გულისხმა-ყავ რაჲ ძალი ღმრთისაჲ, ცრემლითა მჴურვალითა ღაღად-ჰყავ მისსა მიმართ: „უკუეთუ გნებავს შეწყალებაჲ დაბადებულთა შენთაჲ, არღარა ვიკადრებ წინააღდგომად შენდა, გარნა მეშინის, რამეთუ ვეფუცე წმიდასა სახელსა შენსა, ხოლო უკუეთუ მომიტევებ ფიცსა ამას, მეცა ვყო ნებაჲ შენი და განვჴსნე საკრველი იგი კრულებისაჲ, რაჲთა ყოველმან სოფელმან ცნას მოწყალებაჲ და სახიერებაჲ შენი და მსხუერპლად მოგართუან ძღუენი ქებისაჲ“: ალილუია.
სიყმილითა განკაფული გამოხვედ რაჲ ძიებად საზრდელისა, წარხვედ სარეფთად სიდონიაჲსსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა, და იხილე რაჲ ქურივი მკრეფელი ფიჩხისაჲ, პირველად სთხოვდი წყალსა და მერმე ჭამადსა, და ეჰა, ვითარ ვაქებდეთ ქურივსა მას გლახაკსა, რამეთუ სტუმართმოყუარებასა პატივ-სცა და მცირისა მის საზრდელისა მქონებელმან, რაჲცა აქუნდა, მოგართუა, რაჲსთჳსცა განმრავლდა სარჩოჲ მისი, ვიდრე ყოფად წჳმისა, ხოლო მოკუდა რაჲ ძჱ ქურივისაჲ და ცრემლითა სასოებდა შეწევნასა შენსა, არა უგულებელ-ყავ ცრემლნი მისნი და აღუდგინე რაჲ ყრმაჲ იგი მკუდრეთით, გარდასცუალე გლოვაჲ მისი სიხარულად, აწცა ცხოველ ჰყავ სული ჩემი მომკუდარი ცოდვათაგან და საცნობელნი განმინათლე შემსხმელსა შენსა:
გიხაროდენ, წყაროო დაუწყუედელო, სულთა სარგებელთა სწავლათა აღმომადინებელო;
გიხაროდენ, უსასოოთა და შეცთომილთათჳს წრფელისა გზისა მაჩვენებელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა და მწუხარებათა მიერ ღმრთისადმი მომაქცეველო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთათჳს მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, ჟამსა სიყმილისასა მსწრაფლ ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, გამოუთქმელითა სიწმიდითა სამღდელოთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, მკუდართა აღმადგინებელო და სენთაგან კაცთა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, მწიკულევანთა და მრავალშეცოდებულთა სულთა განმწმედელო;
გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და მშიერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, უგულისჴმოებისა ბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, მოკლებულისა სარწმუნოებისა განმაახლებელო;
გიხაროდენ, ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო და უდებებისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
განგრძელდა რაჲ ზეგარდამომავალი რისხვაჲ სამ წელ, საღმრთოჲთა ბრძანებითა წარემართე მხილებად აქაბისა, ხოლო მან მოგხედა და გულისწყრომითა გრქუა: „შენ ხარ, რომელმან ისრაელი დააქციე“, გარნა შენ თუალუხუავად ამხილე და შეკრიბნე რაჲ ყოველი ერი და ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი მთასა მას ქარმელსა, რქჳ კრებულსა მას ღმრთის მგმობართასა: „აჰა, შევსწიროთ ზუარაკი თჳს-თჳსად: დავსხათ შეშაჲ უცეცხლოდ და ვჰხადოთ სახელსა ღმრთისა ჩუენისასა, და იგი არს ღმერთი ჭეშმარიტ, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, ხოლო უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას ერი ისრაელისაჲ და ყოველნივე ჰმადლობდით და უგალობდით ძლიერებასა მისსა“: ალილუია.
უპირველეს ქურუმთა ბაალისათა ხადეს სახელსა კერპისასა და შესწირვიდენ რაჲ ზუარაკსა, სირცხჳლეულ-იქმნეს და შეძრწუნდეს, რამეთუ არავინ იყო მსმენელ მათდა, ხოლო განცრუვდა რაჲ სასოებაჲ მათი, განჰმზადე დამჴობილი საკურთხეველი უფლისაჲ, და დასდევ სამსხუერპლოჲ ზუარაკი შეშასა ზედა, დაასხ წყალი გარემოჲს საკურთხეველისა და ითხოვე ღმრთისა მიერ შეწირვაჲ ზუარაკისაჲ, მაშინ შეისმინა ვედრებაჲ შენი უფალმან, და მეყსეულად გარდამოჴდა რაჲ ცეცხლი ზეცით, შეჭამა მსხუერპლი იგი და შეშაჲ სრულიად, ხოლო შეძრწუნებულმან ერმან ცნო ღმერთი ისრაჱლისაჲ, და გიგალობდა შენ, და ვითარცა ღმრთისად მიმყუანებელსა, გნატრიდა:
გიხაროდენ, ქარმელითგან დაულევნელთა მადლთა განმფენელო;
გიხაროდენ, წყალთა შინა ცეცხლისა აღმატყინებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ბილწ-მოქალაქობისა აღმხოცელო;
გიხაროდენ, უფლის სახელისა სადიდებელად აღჳრ-უსხმელთა დამაოკებელო;
გიხაროდენ, შჯულის გარდამავალთა სილაღისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, ცოდვათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;
გიხაროდენ, ბოროტად შეცდომილთა მეფეთა და ერთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, კერპთმსახურთა კრებულისა სირცხჳლეულ-მყოფელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა ჭეშმარიტებისა გზასა ზედა მომყვანებელო;
გიხაროდენ, სიწმიდის მოყუარეთა სასოებითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელთა ნიჭთა უხუად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, წყევისა დამჴსნელო და კურთხევისა მომცემელო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
აღმოიფხუარა რაჲ საცთური წვალებისაჲ, ასწავებდი ისრაელსა საშჯელსა მას თუალუხუავსა, და რქჳ ერსა მას და მეფესა: „შეიპყრენით ქურუმნი იგი სირცხჳლისანი და ნუმცა ვინ განერების ჴელთაგან თქუენთა“, და ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და შემუსრენ განმხრწნელნი ერისანი, რომელნი ჭამდენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა, გარნა არა შენი იყო სიკუდილისა მათისა სასჯელი, არამედ ღმრთისაჲ, ამისთჳსცა აღგძრავთ მეოხებად მისსა მიმართ, განგვაშოროს ყოველნი უღმრთონი და მტყუვარნი მმართველნი და უღირსნი თანამზრახველნი მათნი, წინა-მსრბოლნი ოხრებისაჲ და დაგლახაკებისა ჩუენისაჲ, რაჲთა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკნეთ უშჯულოებისადმი და მარადის ვადიდებდეთ უფალსა, დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.
უზესთაესსა მადლსა მას ღირს-ქმნულმან არაწმიდათა მათ მღდელთა მოსრვითა დააცხრვე რისხუაჲ შემოქმედისაჲ და დავარდი რაჲ თხემსა მას ქარმელისასა, აღიხილნე თუალნი ზეცად, და ლოცვითა მჴურვალითა ღრუბელი გამოაჩინე გარდამომავლინებელი წჳმისაჲ, მაშინ მეფე აქაბ ტიროდა სიხარულით, ხოლო ურცხვინოჲ იეზაბელ უფროჲს განრისხნებოდა და გეძიებდა მოკლვად, ვინაჲთგან ქურუმთა მისთა ზედა სიკუდილი მოაწიე ჯერისაებრ მსჯავრისა, ხოლო ჩუენ არღარა გჳვის მთავარ და წინამძღუარ და არცაღა ძალგვიძს წინა-აღდგომად წარმმართთა და მწვალებელთა, ამისთჳს ევედრე ღმერთსა, რაჲთა დაშრიტოს საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ, რომელ არს წმიდისა შემბილწველი „საძაგელი მოოხრებისაჲ“ და მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, რაჲთა არა სრულიად განიხრწნას საქართველოჲ - წილხვედრი ესე ქუეყანაჲ ღმრთისმშობლისაჲ, არამედ ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და სიმდაბლითა მოგართუმევდეთ ესევითართა გალობათა:
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა გამობრწყინვებითა მთავართა ბნელისაჲთა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო;
გიხაროდენ, მოგუთა გრძნებისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, ზღუდისა შუაკედელისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, ცის კამარათა ღრუბლითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, სიცბილისა მათისა ძლევით მამხილებელო;
გიხაროდენ, ობოლთა გამომზრდელო და უპოვართა და გლახაკთა მწყალობელო;
გიხაროდენ, მანკიერითა და სატანურითა სიბილწითა აღბორგებულთა ზარგანმხდელო;
გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა მზაკუვარებითა განმხრწნელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა განლაღებულთა მათ უშჯულოთა ღონისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, მწვალებელთა და შჯულისა გარდამავალთა შემაძრწუნებელო;
გიხაროდენ, კრულებისა საკრველთა განმჴეთქელო, რამეთუ დაჴშულიცა იგი შენი ცანი არა განაღო თჳნიერ შენსა უფალმან, არამედ განგებითა მიგიყუანა ვედრებად მისდა;
გიხაროდენ, რამეთუ ლოცვითა შენითა საქანელნი ცისანი განახვენ და გვალვისაგან იჴსენ ქუეყანაჲ;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
რომელმან სიტყჳთა შენითა დააყუდე წყალ-მდინარჱ იგი ღრუბელი, გესმა ვითარმედ უღირსი დედოფალი იეზაბელ გეძიებს შენ მოკლვად და განერე რაჲ რისხუასა მისსა, მწირობდი უდაბნოსა და ანგელოზი უფლისაჲ უშრომელად მოგართმევდის საზრდელსა, რაჲთა ორმეოცისა დღისა სავალსა გაქუნდეს მცირედ განსასუენებელი სიფიცხლისათჳს გზისაჲსა და გაუწყა რაჲ ყოველი ბრძანებაჲ ღმრთისაჲ, წარხვედ ქორებად - მთასა მას ღმრთისასა, და უგალობდი სახიერებასა მისსა: ალილუია.
მთასა მას ზედა აღსრულმან პოვე მღჳმჱ და შეხვედ მას შინა, და აჰა, მეყსეულად იყო შენდა ჴმაჲ სანატრელი უფლისაჲ: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ - „დაუტევეს აღთქმაჲ შენი ძეთა ისრაჱლისათა, და მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ მიღებად სულსაცა ჩემსა“ - მიუგე რაჲ, გამოგეცხადა შენ უფალი არა ქარსა და ძრვასა, ანუ ცეცხლსა, არამედ მყუდროებითა ჴმითა ნიავწულილისაჲთა დაგმომოძღვრა, და ნუგეშინის-გცა და გაუწყა მამაკაცისათჳს შჳდ ათასისა, რომელთა არა თაყუანი-სცეს ბაალსა და გიბრძანა მოძიებაჲ ელისჱსი, რაჲთა სცხო შენ წილ წინაჲსწარმეტყუელად, ეგრეთვე აწ ევედრე ღმერთსა, საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და შეწირვად გალობისა:
გიხაროდენ, მარგარიტო მრავალსასყიდლისაო, შემკობილო მადლითა მით სამღდელოჲთაო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო წინაჲსწარმეტყუელთაო, რამეთუ აღიღე შენ შური მოსჱსი და მსგავსად მისა იხილე უხილავი და ეზრახე უფალსა;
გიხაროდენ, რამეთუ უმჯობეს გიჩნდა სიკუდილი, ვიდრე ცხორებაჲ კაცთა შორის ღმრთისმგმობთა და ამაოთა;
გიხაროდენ, ხატო მეუდაბნოეთაო, გამოჩინებულო ფიცხელთა მით საგრობითა შენითაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და სასოებაო კეთილმოშიშთა მღდელთაო;
გიხაროდენ, სულთა უკეთურთა შემწუველო და აღმომკუეთელო ნერგთა მწვალებელთაო;
გიხაროდენ, წინამძღუარო განშორებულთაო და ყოველთა ზეცისადმი წარმმართებულთაო;
გიხაროდენ, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ჴელისაღმპყრობელო მორწმუნეთაო;
გიხაროდენ, საღმრთოო შუამდგომელო შორის ღმრთისა და კაცთაო;
გიხაროდენ, აღმომაცენებელო ნაყოფთა სულიერთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო შეურვებულთა და ტჳრთ-მძიმეთაო;
გიხაროდენ, უსასყიდლოო მკურნალო სხეულთაო და სულთაო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
გარდამოხვედ-რაჲ მთით, წმიდაო ელია, ვითარცა მოსჱ ნისლისა მისგან საღმრთოჲსა, წარხუედ და პოვე ელისე, ათორმეტითა ჴარითა მჴვნელი მიწისაჲ, და დააგდე რაჲ ხალენი შენი მის ზედა, დაუტევნა მან სამუშაკოჲ თჳსი და მშობელნი, და შეგიდგა წადიერებითა, ხოლო შენ განაკრძალებდი მას, ნეტარო, და აღაგზებდი მოშურნეობითა, ეგრეთვე აწ თანამავალ გუექმენ ჩუენ და მოგუანიჭე მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, რაჲთა საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვლოთ და მადლი და დიდებაჲ შევსწიროთ ღმრთისა: ალილუია.
ამხილე რაჲ აქაბ მეფე და უსჯულოჲ ცოლი მისი მოკლვისათჳს ნაბოთჱსა და მიტაცებისათჳს ვენახისა, წინაჲსწარ აუწყე წარწყმედაჲ ადგილსა მას, რომელსაცა სმიდეს ძაღლნი და ღორნი სისხლსა მისსა, ხოლო იეზაბელისთჳსცა ამცნე შენ, ვითარმედ ძაღლთა შეჭამონ იგი ზღუდესა ნაბოთჱსსა, არამედ ჩუენ შეგჳწყალე და ევედრე ღმერთსა, არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ საცთურსა ვეცხლისმოყუარებისასა განგუაშოროს და და მოგუმადლოს ცოდვათა ლხინებაჲ მაქებელთა შენთა:
გიხაროდენ, ქუეყანისა ანგელოზო და კაცო საკჳრველო ზეცისაო;
გიხაროდენ, დიდო მესაიდუმლეო ყოვლისა მპყრობელისაო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ისრაელისაო და განძლიერებისათჳს სამეფოჲსა წმიდისაო;
გიხაროდენ, დიდო მართლმსაჯულო და განმანათლებელო ერისა რჩეულისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა ხედვითა განბრწყინვებულო მკჳდრო უდაბნოჲსაო;
გიხაროდენ, კლდეო განუკვეთელო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, სამზღვარო შჯულისაო და აღლესულო მახჳლო ღმრთისაო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელო მძლავრთა უღმრთოებისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დამამტკიცებელო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, ქებაო და დიდებაო მამულისა შენისაო;
გიხაროდენ, გარდამომავლინებელო ცუართა და ნაყოფთა უხუებისა და მოსავალთა სიმრავლისაო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
ჴმაჲ მხილებისა შენისაჲ მივიდა რაჲ აქაბისა მიმართ, სამოსელთა დამპობელმან შთაიცვა ძაძაჲ და ტირილითა და წუხილითა იმარხა, მაშინ შეუნდო უფალმან და არა მიავლინა ძჳრი მას ზედა ვიდრემდის არა აღილაღა, ეგრეთცა მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი წარმიმართოს სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა, რაჲთა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა ვადიდებდე ნათლისა მომცემელსა და საუკუნეთა შემოქმედსა: ალილუია.
ბრძოლად აღიძრნეს რაჲ ასურნი ისრაიტელთა ზედა, ეტყოდეს ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი მეფესა ისრაელისასა: „წარგემართოს და მოგცეს უფალმან ძლევაჲ მტერთა ზედა“, გარნა მხოლოჲ მიქეაჲ წინაჲსწარმეტყუელებდა სიკუდილსა აქაბისასა, რაჲსთჳსცა შეიპყრეს და შთააგდეს საპყრობილესა, ხოლო შევიდა რაჲ ბრძოლად აქაბ, ისრითა განიგმირა და ღორნი და ძაღლნი ლოკდეს სისხლსა მისსა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა შენითა, წინაჲსწარმეტყუელო ელია, გარნა აწ აღგვარიდე საღმრთოჲსა მშჯავრისა საშინელებაჲ უშჯულოებისა ჩუენისათჳს და მოგვეც წყალობაჲ შენდამი მგალობელთა:
გიხაროდენ, ახოვანებითა სულისაჲთა დაჴსნილთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ვერცხლისმოყუარეთა და ანგართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სულითა ძლიერო, ჴორციელად ძლიერთა ჴელმწიფეთა მძლეველო;
გიხაროდენ, სამართლად მოწევნულისა საშინელისა რისხვისაგან სინანულისა ძლით განმარინებელო;
გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დამამჴობელო და განმთხეველო;
გიხაროდენ, ქედფიცხელთა ურჩებისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, აქაბისა და იეზაბელის განლაღებისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, განცხრომისა მათისა მწუხარებად გარდამქცეველო;
გიხაროდენ, ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა საეშმაკოჲსა და აღძრჳსაგან ჴორცთაჲსა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, წარმწყმედელთა გზათაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, კრულებათა ჩუენთა დამჴსნელო და სინანულისა ბჭეთა განმღებელო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
გამეფდა რაჲ ოქოზია, ვიდოდა გზასა ზედა მამა-დედათა თჳსთაჲსა, რომელთა აცთუნეს ისრაჱლი, რამეთუ თაყუანისცა კერპთა, და განარისხა უფალი უმეტეს ყოველთა მათ წინანდელთა მეფეთასა, გარნა დასნეულდა და წარავლინნა კაცნი კითხვად წინაშე ბაალისა, უკუეთუ განერეს იგი სენსა მას მძჳნვარესა, მაშინ ანგელოზმან უფლისამან წარგგზავნა შენ თქუმად მსახურთა მისთა: „რად მიხვალთ თქუენ კითხვად ბაალისასა, კერპსა მას უტყუსა და უსულოსა, არღარა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა? რაჲსთჳსცა ეტყჳს მას უფალი: მოკუდე სენითა მაგითა“, ეგრეთვე აწ ჩუენცა წარგჳმართე გზასა სიმართლისასა, რაჲთა არა მოიწიოს ჩუენ ზედა რისხუაჲ შენი და ვაქებდეთ ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.
ეუწყა რაჲ ოქოზიას თუ ვითარ ამხილებდი წარგზავნილთა მისთა, შეძრწუნდა და მიყუანებაჲ შენი უბრძანა მხედართმძღუანსა, არამედ შენ სწვიმე ცეცხლი ზეცით შემწველად მრჩობლ ორმეოც და ათთა მხედართა მისთა, და ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარსდეგ რაჲ წინაშე უშჯულოჲსა მის მეფისა, უშიშად ამხილე და წინაჲთვე აუწყე საშჯელისათჳს და სიკუდილისა, გარნა არა დააცხრო მხილებამან შენმან საქმენი მისნი და მოკუდა უსამართლოჲ იგი ბრძანებისაებრ უფლისა, მისსა მიმართ მეოხებად მიგავლენთ, მოგვცეს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა ვიღუაწოთ ახოვნებითა ვნებათა მიმართ და ღირს ვიქმნეთ შეწირვად გალობისა:
გიხაროდენ, ლამპარო აღგზებულო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, მხილებისა მახჳლითა მსახურთა მისთა განმგმერელო;
გიხაროდენ, უგულისჴმოთა განმაბრძნობელო და ღმრთისმოსაობასა შინა განმსწავლელო;
გიხაროდენ, მამულისა განრღვეულისა სულისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, მაცთურთა მათ ვერაგთა და თჳსტომთა თჳსთა მცბიერად წარმწყმედელთა დამცემელო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ ხელოვნებათა ეშმაკისაჲთა დამჴსნელო;
გიხაროდენ, ლირწებათა მეფეთასა და უწყალოებათა მსაჯულთასა აღმკუეთელო;
გიხაროდენ, ძალითა სულისა შენისაჲთა ზუავთა და ამპარტავანთა დამამჴობელო;
გიხაროდენ, ორგულთა და ღმრთისმგმობთა ზარდამცემო და მომწყულელო;
გიხაროდენ, ბრალეულთა სინანულად მომაქცეველო;
გიხაროდენ, ჭირვეულთა და ძჳრ-ხილულთა ჴელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოჲსა ცხორებისასა მშჳდობით შემყვანებელო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
კეთილად სრულყავ რაჲ სრბაჲ ღუაწლისა შენისაჲ, და გეგულებოდა აღყვანებაჲ უფლისა მიერ ზეცად, წარხვედ ელისეს თანა იორდანედ, და ხალენითა განაპენ რაჲ მდინარჱ იგი, ფერჴითა წიაღვლენით ჴმელსა და რქჳ მოწაფესა შენსა: „უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ მრჩობლი სული ჩემი შენ ზედა“, და ორნივე ერთობით ადიდებდით და უგალობდით ღმერთსა: ალილუია.
აღტაცებულ იქმენ ცეცხლის ფერითა ეტლითა და ჰუნებითა ცათა შინა, და ელისე გხედვიდა რაჲ ზეცად აღმავალსა, ჴელნი განეპყრნეს მოღებად ხალენისა და ღაღადებდა: „მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო ღმრთისაო“!, მაშინ განაგდე სამოსელი შენი და მიიქუა რაჲ მოწაფემან შენმან, მიიღებდა ორკეცსა უკუე მადლსა საღმრთოსა, და სცა რაჲ წყალსა ორგზის, განაპო და წიაღჴდა ჴმელსა, ხოლო იხილეს რაჲ ყოველი ესე წინაჲსწარმეტყუელთა, თქუეს ურთიერთას: „აწ დაადგრა სული ელიაჲსი ელისესა ზედა!“ და სიხარულითა მიეგებნეს მას და აქებდენ წინაჲსწარმეტყუელებასა შენსა და ძალსა საკჳრველსა:
გიხაროდენ, კაცო, ცათა შინა აღსრულო და წინაშე სამებისა მდგომარეო, რამეთუ განხრწნადმან უხრწნელებაჲ შეიმოსე და ყოველთა წმიდათა თანა მიეახლები გამოუთქუმელსა დიდებასა მისსა;
გიხაროდენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაჲთაო, რამეთუ იხილე მოსეს თანა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, განხორციელებული უფალი თაბორს ზედა, ხოლო მოციქულთა გიხილეს რაჲ ჴორციელად, ვითარცა მონანი, წინაშე უფლისა თჳსისა განიხარეს;
გიხაროდენ, რამეთუ მიჰხედეთ ურთიერთას წინამძღუართა ძუელისა შჯულისათა წინამძღუართა მათ ახლისა შჯულისათა, ხოლო რომელი ამაღლდი ეტლითა ცეცხლისაჲთა, ჭურეტდი მას, რომელი-იგი მიეყრდნა მკერდსა მას მოტყინარისასა;
გიხაროდენ, რამეთუ ეტყოდა რაჲ სიმონ-პეტრე იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, ვქმნეთ სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჱსა, მყის ღრუბელი აგრილობდა მათ;
გიხაროდენ, რამეთუ აჰა ესერა ჴმაჲ გესმათ ღრუბლით, რომელი იტყოდა: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ, და ქუხილისა და მისვე ჴმისაგან შეიძრა ქუეეყანაჲ და მოციქულნი დაცჳვეს შიშისა მისგან, ხოლო მოსე მიიქცა ადგილადვე თჳსა და შენ მიიქეც ქუეყანადვე;
გიხაროდენ რამეთუ ვიდრე აქამომდე კაცადღა ჰგონებდა იესუს სიმონ-პეტრე და თქუენ თანა შეჰრაცხდა, გარნა ჴმისაგან მამისა გულისჴმა-ყო განხორციელებაჲ ქრისტჱსი, რომელ-იგი იყო დაფარულ მათგან;
გიხაროდენ, რამეთუ მით სიტყჳთა კუალად გაუწყა თქუენ განსრულებაჲ განგებულებისა თჳსისაჲ და გიბრძანათ თქუენ მორჩილებაჲ იესუჲსი, რაჲთა ვითარცა გებრძანოთ, ეგრეთცა ქადაგებდეთ;
გიხაროდენ რამეთუ იქმნა მთაჲ იგი სახე ეკლესიისა, სადა იგი შეაერთნა იესუ ორნივე იგი აღთქუმანი, და ესრეთ შეიწყნარა ეკლესიამან, და გჳცნობიეს, რამეთუ იგი არს მომცემელი ორთავე მათ აღთქუმათაჲ;
გიხაროდენ, ისრაელისა მამად და წინაჲსწარმეტყუელად სარწმუნოდ წოდებულო, რამეთუ ვითარცა დიდსა საუნჯესა, ეგრე ჰკრძალვიდეს რაჲ ჰურიანი მრჩობლ-ძალითა შემოსილსა ხალენსა შენსა, მოიღეს მცხეთას და დაფლეს სიწმიდჱ იგი ქუეშე ქუათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამადმდე მისა;
გიხაროდენ, რამეთუ დაიცვა სიწმიდჱ ეგე ღმერთმან და ჯურღმულსა მას მიწისასა აღმოაცენა წყალი იგი სასწაულთმოქმედი, რომლისაგან კუალად აღმოადინებს კურნებასა;
გიხაროდენ, რამეთუ არს წმიდასა მას ქალაქსა შინა სამეუფოჲ სამოსელი ძისა ღმრთისაჲ, კუართი იგი უკერველ, ღმრთისმშობლის მიერ გამოქსოვილ, რომელი ჯუარზე მცუმელთა მათ ქრისტჱსთა განიყვნეს და შემდგომ წილითა იხუედრეს ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარნსნელმა - ჰურიათა მათ მცხეთელთა;
გიხაროდენ, რამეთუ გული გჳთქს ჩუენ მარადის მისლვად „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, რაჲთა სიწმიდენი ეგე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მგალობელთა შენთა:
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
სიწმიდითა სულისაჲთა, ვითარცა ენუქ მართალი, სათნო ეყავ ღმერთსა, და მოგანიჭათ რაჲ მადლი არა ხილვად სიკუდილი ვიდრე ქადაგებადმდე ჟამსა მას ანტჱს მოსლვისასა, ვერცა მან, და ვერცა სხუამან გავნოთ თქუენ, ენუქ და ელია, ვიდრე აღასრულოთ ჟამი წინაჲსწარმეტყუელებისა თქუენისაჲ, ხოლო იწყოს რაჲ ჴელმწიფებად და წინა-აღდგომად ღმრთისა, აღიმაღლებდეს და განიდიდებდეს თავსა თჳსსა მჴდომი იგი, ვიდრე შესლვადმდე მისა და დაჯდომად ტაძარსა მას ღმრთისასა, გარნა თქუენ არა ინებებთ დიდებისა მიცემად მისდა, რაჲსთჳსცა ბრძოლა-ყოს თქუენ თანა და მოგაკუდინოთ იერუსალჱმსა, გარნა გუამნი თქუენნი არა დაკრძალონ სამარებსა, არამედ აღგადგინოთ უფალმან მკუდრეთით მესამესა დღესა და აღგიტაცოთ ღრუბლითა ზეცად, რაჲთა ანგელოზთა და წმიდათა გუნდთა თანა შერთულნი საუკუნოდ ადიდებდეთ ღმერთსა: ალილუია.
ოდეს ბილწი იგი და მაცთური ანტიქრისტე გრძნებითა უაღრეს გამოჩნდეს ყოველთა გრძნეულთა და მწამლველთასა, მაშინ შეგჭურნეს ღმერთმან ენუქისა თანა ყოვლითა სასწაულითა, ყოვლად სანატრელო ელია, და მოგავლენთ თქუენ პირველ მოსლვადმდე მისა, რაჲთა უთხრობდეთ ყოველთა წარმართთა ორსა მას მოსლვასა უფლისა ჩუენისა და მჴსნელისა იესუ ქრისტჱსსა და მოაქცევდეთ რაჲ სინანულად, იჴსნიდეთ მათ მონებისაგან წარსაწყმედელისა ძისა, რაჲთა სირცხჳლეულ-ჰყოთ მზაკუვარი იგი და ნუგეშინისცეთ მორწმუნეთა, გარნა აწ-ვე განძლიერებულ არს ზრახვაჲ იგი უშჯულოებისაჲ და მეცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეული, ვსძრწი მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტჱსისა, რამეთუ არა მომიგიეს მე საქმჱ, რომლითამცა განვმართლდე წინაშე საყდართა მისთა, სადაჲთ იგი განმამტკიცე ძალითა მაღლისაჲთა, რაჲთა განვძლიერდე მადლსა მას შინა იესუ ქრისტჱსსა და ვიტყოდე მადლიერებითა:
გიხაროდენ, რამეთუ გამოჩნდეს რაჲ კაცი იგი უშჯულოებისაჲ ყოვლითა ძალითა და ნიშებითა ეშმაკისაჲთა, ორნი ეგრე წინაჲსწარმეტყუელნი და ცხებულნი ღმრთისანი მოიწევით კიდეთა სოფლისაჲთა;
გიხაროდენ, რომელნი სწინასწარმეტყუელებთ ზეცით გარდამო ცხოველსმყოფელსა მოსლვასა ქრისტჱსსა შემოსილნი ძაძითა, რაჲთა ნუ უკუე მოვიდეს იგი და დასცეს ქუეყანაჲ ერთბამად“;
გიხაროდენ, მოქალაქენო ზეციერისა იერუსალჱმისაო, რამეთუ დავანებულ არს თქუენზედა კურთხევაჲ და მადლი ცათა და ქუეყანისა მეუფისაჲ და თქუენითა მოსლვითა გვაუწყებს, ვითარმედ ჟამი ახლო არს;
გიხაროდენ, რამეთუ განაშორებს რაჲ კაცთა საუკუნოჲსა ცხორებისაგან წარმავალისა პატივისა ქადებითა, თქუენ განაკრძალებთ მათ დღეთა ათას ორას და სამეოცსა და გარე-შეზღუდავთ ძალითა ღმრთისაჲთა;
გიხაროდენ, რამეთუ გაქუნდეს თქუენ ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცისა, რაჲთა არა იყოს წჳმაჲ დღეთა წინაჲსწარმეტყუელებისა თქუენისათა;
გიხაროდენ, მოწამენო განსაკრთომელნო, რამეთუ აღასრულნოთ რაჲ სრბაჲ თქუენი, „მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით“, გტანჯოს თქუენ და მოიკლნეთ რაჲ მის მიერ მოედანსა მას იერუსალჱმისასა, სადა იგი ჯუარს აცუეს იესუ, აღგადგინოთ მკუდრეთით, და აღგიყუანოთ ღრუბლითა ზეცად;
გიხაროდენ, რამეთუ გიხილნეს რაჲ მტერთა თქუენთა, მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, ხოლო სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა;
გიხაროდენ, რამეთუ სდევნოს რაჲ წმიდანი და ჰგმობდეს ქრისტესა, შემდგომად დღეთა მათ ათას ორას და სამეოცთა ჭირისათა, ვითარცა ელვაჲ გამოუბრწყინდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ აღმოსავალით მოშიშთა სახელისა მისისათა;
გიხაროდენ, რამეთუ იყოს რაჲ მეორედ მოსლვაჲ იგი ქრისტჱსი ღრუბელთა ზედა დიდებით, განლიოს და წარწყმიდოს ბილწი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, და ღმრთის სახელისა მჩემებელი, და ჴორცნი მისნი მისცეს უშრეტსა ცეცხლსა დასაწუველად;
გიხაროდენ, რამეთუ აღადგინნეს ყოველნი წმიდანი და მოუწოდს სიტკბოებით: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენდა სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთა“;
გიხაროდენ, რამეთუ აღსასრულსა ქუეყანისასა მსაჯულად გამოჩინებული ეტყჳს ყოველთა უღმრთოთა და უშჯულოთა და რომელთა არა ჰრწმენა მისი: „წარვედით, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს მამისა ჩემისა მიერ ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთა“;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
ჵ, ყოვლად საჩინოო, ახოვანო წინაჲსწარმეტყველო ელია თეზბიტელო! კეთილმსახურებათა შინა მუშაკო საკჳრველო, რომელმან ლოცვითა შენითა განაჴმენ ცუარნი წჳმისანი და შემუსრენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, აწ აღსდეგ შემწედ ჩუენდა და საჯე მაჭირვებელთა და ბრძოდე ბრძოლთა მათ ჩუენთა, რომელნი ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთათჳს სამართლად მოშუებულ არიან ვნებად ჩუენდა და უკუნაქციე შეურაცხი სილაღჱ მათი შიშად და ლტოლვად, რაჲთა ვიტყოდეთ სიქადულით: ჭეშმარიტად საკჳრველ არის ღმერთი წმიდათა შორის, ქებული ყოველთაგან საქმეთა მისთა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-ჯერ და შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1
ანგელოზთა შემოქმედმან წინაჲსწარ გიცნა წიაღსავე დედისა შენისასა, და მოგავლინა, რაჲთა ასწაო მეფესა და ერსა ისრაელისასა რჯული მისი და განამტკიცნე იგინი დამარხვად მცნებათა მისთა, ხოლო შენ დევნულებანი თავს-იდევ სარწმუნოებისათჳს ბილწთა მეფეთაგან და ზრახვანი მათნი შემუსრენ ძალითა სულისაჲთა, ამისთჳსცა შეგამკობთ მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა - დიდსა წინაჲსწარმეტყუელსა ელია თეზბიტელსა, ვითარცა ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა და მეორესა წინამორბედსა ქრისტეს ქუეყანასა ზედა მეორედ მოსვლისასა:
გიხაროდენ, რტოო ნაყოფიერო, ძირთაგან სამღდელოთა აღმოსრულო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან სიმდაბლისა და კრძალულებისა შემყუარებელო;
გიხაროდენ, სიყრმითგან სულთა და ჴორცთა უბიწოებისა გულსმოდგინედ დამცველო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ წინაჲსწარმეტყუელად და მღდლად მოწოდებულო;
გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა და მადლითა უფლისაჲთა საზომსა მას სიწმიდისასა მიწევნულო;
გიხაროდენ, ისრაელთა შორის სათნოებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, მრავლითა სასწაულითა უფლისაგან განდიდებულო;
გიხაროდენ, საკჳრველებათა ცისკრითა ურწმუნოებით დაბნელებულთა გულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ეშმაკისა ცთუნებათა და მძჳნვარეთა საფრჴეთა მისთა დაუცადებელითა ლოცვითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა აღმხოცველო;
გიხაროდენ, ბიწიერებათა ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, მსგავსად აბელისა განმართლებულო და ზეციერსა მას ქალაქსა ცეცხლისა ეტლითა აღტაცებულო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა ისრაელისასა და მჴურვალესა შუამდგომელსა ქრისტეანეთასა გიგალობთ და შევამკობთ სიწმიდესა შენსა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, ევედრე სახიერსა ღმერთსა, შეგჳწყალნეს და გჳჴსნნეს ჩუენ ყოველთაგან საცთურთა და განსაცდელთა, რაჲთა არა შთავარდეთ საფრჴესა მტერისასა და უვნებელად დაცულნი ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო და ქადაგო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, საკჳრველთმოქმედო ელია!
ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა გაბრწყინვებულო წინაჲსწარმეტყველო ელია თეზბიტელო! სამებისა წმიდისა მიერ გამორჩეულო და კაცობრივითა ჴორცითა ზეცად აღტაცებულო, ანგელოზთაგან ქებულო, მოსაგრეთაგან თაყუანისცემულო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლჳლთა შესავედრებელო ზღუდეო და მტკიცეო საფარველო.
ჵ, წინაჲსწარმეტყუელო და მეორე წინა-მორბედო ქრისტეს ქუეყანასა ზედა მეორედ მოსვლისაო ელია! უხრწნელად დაგბადა შენ ღმერთმან, რაჲთა არ იგემო სიკუდილი, ვიდრე იერუსალჱმით არა იქადაგებ დასასრულისათჳს ქუეყანისა, და ენუქისა თანა მოაქცევ შეცთომილთა და სირცხჳლეულ ჰყოფ ანტესა შედგომილთა, ვიდრემდე არა მოიკლნეთ მის მიერ, ხოლო შემდგომად სამისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შემოვა თქუენ თანა და მოწოდებითა აღხუალთ ღრუბლითა ზეცად, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელა წმიდამან მოციქულმან იოანე ღმრთისმეტყუელმან, ხოლო რომელი არა მოიქცეს, დაეცეს უშჯულოებისა დაცემითა, ამისთჳს გევედრებით: შეუძრველად დაიცევ ქრისტჱს წმიდაჲ ეკლესიაჲ კუეთებისაგან მტერთაჲსა და მძლე ჰყუენ მწვალებელთა ზედა, ხოლო ჩუენ ყოველთაგან ტომთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსენ და დაგჳფარენ ანტიქრისტეს ხიბლისა და საცთურისაგან. განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლე ქრისტესმოყვარე მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი; დაიცვენ მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჵ, ყოვლად-პატიოსანო წინაჲსწარმეტყუელო ელია თეზბიტელო, ყოვლადწმიდისა სამებისა სათნოო და ანგელოზთა მობაძავო და თანამოსაგრეო, რომელმან ცანი შეჰკრენ და ცუართა აღჳრ-ასხენ: ჰაერთა უბრძანე და ცეცხლსა ზეგარდამო მოუწოდე. და მოსწყჳდენ რაჲ ქურუმნი, დააცხრვე რისხუაჲ ღმრთისაჲ, და უბრძანე ღრუბელთა, რაჲთა გარდამოიღონ წჳმაჲ ქუეყანასა ზედა, აწ გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა ერსა ჩუენსა ზედა და ევედრე ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაჲთა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და განგვაშორნოს სიყმილი ჴორცთაჲ და წარწყმედაჲ სულთაჲ, დაგჳფაროს ცეცხლისაგან, მახჳლისა, ზედა დასხმისაგან მტერთასა და ყოვლისაგან წინა-აღმდგომისა, მოგუმადლოს მშჳდობითი და უშფოთველი ცხორებაჲ, კეთილ-შეზავებულობაჲ ჰაერისაჲ და კეთილ ჟამიერი წჳმაჲ ნაყოფთა გამოღებად ზეცით გარდამოუვლინოს ქუეყანასა და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაჲთა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა შენითა, მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშჳდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა