ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
რჩეულო მეუფეო ზენაარისა სიონისაო, მშვიდო, მაცხოვარო და მართალო მხსნელო ჩვენო, შენ, რომელი მაღალთა შინა ჰზი ქერუბიმთა ზედა და მარადის გალობით განიდიდები სერაბიმთაგან, გხედავთ აწ კიცუსა ზედა კარაულისასა მჯდომარესა და იერუსალემად მიმავალსა ნებსითისა ვნებისათვის. ამისთვის თაყვანის-ვსცემთ გამოუთქუმელსა დამდაბლებასა შენსა და ბაიაითა და რტოებითა მოგეგებვით შენ გულითა ლმობიერითა, რაითა ჰურიათა ყრმათა ჩვილთა მწოვართა თანა გიღაღადებდეთ:
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
მთავარანგელოსთა და ანგელოსთა დასნი შიშითა და ძრწოლით ხედვიდენ ცათა სიმაღლეთაგან იერუსალემად შესლვასა შენსა, ქრისტე მაცხოვარო, ნებსითისა ვნებისათვის შენისა, და ერთობით მოციქულთა თანა გივიდოდნენ შენ, მეუფესა თვისსა და ყრმათა თანა ჰურიათასა მოგიძღვანებდენ „ოსანასა მაღალთა შინა“ და გიგალობდენ გალობათა საღმრთოთასა ესრეთ:
კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ გარდამოხვედ და აღასრულე ხსნაი მორწმუნეთა შენთა.
კურთხეულ ხარ, მეუფეო ქრისტე, რამეთუ მოხვედ და ჯვარითა შენითა მოჰმადლე ცხოვნება შვილთა შენთა.
კურთხეულ ხარ, შთასრულო ქვესკნელად მოწოდებისათვის ადამისა სიღრმით ჯოჯოხეთისაით.
კურთხეულ ხარ, მოსულო გათავისუფლებად ევაისა ძველისა მის მწუხარებისაგან.
კურთხეულ ხარ, ისრაელისათვის მშვიდობისა და ენათათვის ცხოვრებისა კეთილმაუწყებელო.
კურთხეულ ხარ, ახლისა აღთქმისა მქადაგებელო სხურებითა სისხლისა შენისაითა.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
გიხილეს რა შენ, იესუ, მარიამ და მართა, მოსრული ბეთლემად უწინარეს ექუსისა დღისა პასექადმდე, მოგიმზადეს სერი, და ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი შენ თანა, მართა გულმოდგინედ გმსახურებდა შენ, მომცემელსა ყოვლისა სიკეთისა, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია და მადლიერმან მკუდრეთით აღდგინებისათვის ძმისა თვისისა, მოიღო ლიტრაი ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოისაი მრავალსასყიდლისაი და გცხო ფერხთა შენთა და თმითა თვისითა წარხოცნა, ხოლო ნამეტნავისაგანი სიყუარულისა გულისაგან თვისისა, გიღაღადებდა შენ: ალილუია.
გონებით ვერ-მიმწუთომელმან ნებსითისა ვნების შენისა, არა გულისხმა-ჰყო საიდუმლო ესე იუდა ისკარიოტელმან, რომელსა უკუე სურდა განცემა შენი, და აღშფოთნა, ოდეს მარიამ ნელსაცხებელი გცხო შენ ფერხთა შენთა, და თქუა: „რაისათვის იქმნა წარწყმედაი ნელსაცხებელისა ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა“. ხოლო ესე თქუა არა თუ გლახაკთაი რაიმე ზრუნვაი ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო. ხოლო შენ, უფალო, რომელმან უწყოდი, ვითარმედ მცირედღა და გეგულებოდა დათმენად სიკუდილისა ჩვენთვის, განამართლე წმიდაი დედაკაცი იგი, და ჰრქვი განმცემელსა მას: „უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე“. ამისთვის თაყვანის-ვსცემთ ნებსითისა ვნებისათვის აღსვლასა შენსა იერუსალემდ და გიღაღადებთ შენ ესრეთ:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მარიამისა მიერ სერობასა შინა დაფლვისათვის განმზადებულო.
კურთხეულ ხარ შენ, იესუ, იუდაისა მიერ გულსა შინა მისსა უკუე ბეთანიას სიკუდილად განსჯილო.
კურთხეულ ხარ, ბეთლემს მისრულო, სახლსა მშვიდობისასა, რაითა სიყუარული და ცხებაი ნელსაცხებელითა მარიამისაგან მიიღო.
კურთხეულ ხარ, მომავალო იერუსალემს ნებსითისა ვნებისათვის, რაითა მრჩობლი სიყუარული წმიდათა მენელსაცხებლე დედათაგან ყოველსა სოფელსა აუწყო.
კურთხეულ ხარ, ლაზარესა მკუდრეთით აღმადგინებელო, რაითა ძლიერებით იყოს იერუსალემს აღსლვაი შენი.
კურთხეულ ხარ, თავისა თვისისა საფლავით - აღდგინებად მომავალო, რაითა ხელმწიფებით იყოს შესლვაი შენი.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
გაქუნდა რაი ჭეშმარიტად ღმრთაებრივი ხელმწიფება, მეუფეო ქრისტე, შენ დილასა ადრე გამოხუედ ბეთანიით მსთუად ფრიად და ვითარცა მიეახლე ბეთბაგედ, წარავლინნე ორნი მოწაფენი და ჰრქვი მათ: „წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქვენსა, და მეყვსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცვი მის თანა; აჰხსენით და მომგუარეთ მე იგი! და უკუეთუ ვინმე გრქუას რაიმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უხმან ეგე“. და ვითარცა ესმა მათ ესე, განკვირდენ ფრიად და უღაღადეს ღმერთსა: ალილუია.
და წარვიდეს მოწაფენი, და მოგგუარეს შენ ვირი იგი და კიცვი მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი თვისი. ხოლო შენ, რომელი ხარ ღმერთი და ჰზი ქეუბიმთა ზედა, ვითარცა კაცი დასჯედ კიცუსა ზედა, ნაშობსა კარაულისასა, და ვითარცა მეუფემან მშვიდმან მშვიდობით აღასრულე შესლვაი შენი ქალაქსა მას მამისა შენისა დავითისსა. ამისთვის მოგეგებვით შენ ქებულებითა ამით:
კურთხეულ ხარ, მაღალთა შინა მამისა თანა საყდარსა მჯდომარეო, რომელმან კიცუსა ნაშობსა კარაულისასა ინებე დაჯდომად.
კურთხეულ ხარ, ცათა შინა ზენაართა ძალთაგან თაყვანისცემულო, რომელმან ქვეყანასა ზედა თაყვანის-ცემაი შეიწყნარე ყრმათაგან.
კურთხეულ ხარ, რომელი ძლიერებითა მტკიცითა ჰსუფევ საუკუნოდ, აწ დიდებითა იერუსალემს მიმავალო.
კურთხეულ ხარ, მდაბალთა ზედა მომხედველო, რომელი სიმშვიდით მოხუედ თვისთა თანა.
კურთხეულ ხარ, პირუტყუსა ზედა კიცუსა მჯდომარეო, ძუელისა მის უტყუებისა დახსნად მოსრულო.
კურთხეულ ხარ, ქვეყანასა ზედა საკვირველისა და გლახაკებისა მიმღებელო, ხოლო ცათა შინა მამისა თანა და სულისა წმიდისა თანა მჯდომარეო.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
ქარიშხალი მიუხდომელობისა შემიძრწუნებს გონებასა, თუ ვითარ ვუგალობდე ღირსად დიდსა საიდუმლოსა დამდაბლებისა შენისასა, უფალო, რამეთუ ცანი გაქუნდა საყდრად, და კიცუსა ზედა აღხედ მცირესა მოძიებად კაცისა, გენება რაი დახსნად ძუელისა მის უსიტყუებისა, რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი წინაწარმეტყუელისა ზაქარიასი, რომელ თქუა: „იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ ასული იერუსალემისაი: აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა და კიცუსა ახალსა“. ამისთვის ვადიდებთ შესლვასა შენსა იერუსალემს, კიცუსა ზედა მჯდომარისა, და სულის სიღრმითგან გიღაღადებთ შენ: ალილუია.
ოდეს ესმა უმრავლესსა ერსა, მოსრულსა დღესასწაულსა მას, ვითარმედ მოხუალ, უფალო, იერუსალემდ, შემოკრბეს ერთობით და დაგიფენდეს სამოსელსა თვისსა გზასა ზედა, ხოლო სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და კვალად დაგიფენდეს გზასა ზედა, და ერი იგი, რომელი წინა-გივიდოდა და რომელი უკან შემოგიდგებოდა, გიღაღადებდა: „ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა! კურთხეულ არს მომავალი მეუფება სახელითა უფლისაითა მამისა ჩვენისა დავითისა! ოსანა მაღალთა შინა!“ ამისთვის ჩვენცა, წინარე დღესასწაულსა დღესა ამას, მომღებელნი რტოთა ხეთაგან ნიშად აღდგომისა, გიღაღადებთ შენ, უფალო, ვითარცა სიკუდილისა მძლეველსა:
კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო ისრაელისაო, რომელი მოხვედ მომადლებად სუფევისა არა ამა სოფლისაგან.
კურთხეულ ხარ შენ, ძეო დავითისო, რომელმან არა ინებე შემუსრვად ლელწამისა მის განტეხილისა.
კურთხეულ ხარ შენ, მწყემსო კეთილო, მომავალო მოძიებად ცხოვარისა მის წყმედულისა.
კურთხეულ ხარ შენ, ტარიგო ურისხველო, რომელსა თავისა თვისისა მსხვერპლად შეწირვა გსუროდა.
კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო ქმნილებისაო, შენისა ქმნილებისაგან სიყუარულითა მიგებებულო და რტოთაგან პატივდებულო.
კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო დიდებისაო, სამეუფოითა დიდებითა მოწაფეთაგან შენთა თან-ხლებულო და ყრმათაგან განდიდებულო.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
ღმრთივნათელითა შუენიერებითა და ძლიერებითა შემოსილი საუკუნითგან, უფალო, მოხუალ დიდებით სიონს, აღსლვასა აღასრულებ მთასა ზედა ელეონისასა, რაითა აღესრულნეს წინასწარმეტყველება ნაომისა: „ეგერა ფერხნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშვიდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნ-სცენ აღთქუმანი შენნი უფალსა“. და კვალად აღესრულნეს სხუაი წინაწარ-მეტყველებაი მამისა შენისა დავითისა: „გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა“. ხოლო ოდეს მიეახლე გარდამოხდომასა მთით ელეონით, ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთა შენისა იწყო სიხარულით ქებად ღმრთისა ხმითა დიდითა, მრჩობლად მადიდებელმან ყოველთათვის საკვირველმოქმედებათა, რომელი იხილეს შენგან, და მღაღადებელნი შენდა: „კურთხეულ არს მომავალი მეუფება სახელითა უფლისაითა მამისა ჩვენისა დავითისა! ქვეყანასა ზედა მშვიდობა და ოსანა, დიდება მაღალთა შინა!“ ამისთვის ჩვენცა, ახალი ესე ისრაელი, ვითარცა ბაგენი ეკლესიისანი, სიხარულით გიღაღადებთ შენ მათ თანა: ალილუია.
ოდეს იხილეს ფარისეველთა რაი-იგი იყოფვოდა ერისაგან მის, ვითარმედ ფრიად განმრავლდებოდა სიხარული ისრაელიანთა შენთვის, უფალო, მომავალისა მთით, და ვითარმედ ხმამაღლად ფრიად ღაღადებდენ მოწაფენი შენნი, განრისხნეს და გრქუეს შენ: „მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!“ ხოლო შენ, უფალო, მიუგე და ჰრქვი მათ: „დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე“, ვითარცა იგი თქუა წინაწარმეტყველმან ამბაკუმ, ვითარმედ: „კლდემან ზღუდით ხმა-ყოს, და მაჟაურმან ძელით გამო ხმა-ყუნეს იგინი“. ამისთვის ჩვენცა, დაღაცათუ სულითაცა და გულითა გრილნი ვართ, ვითარცა ქვანი, გარნა არა დავიდუმებთ სიტყვისაებრ შენისა და აღმოგივლენთ ქებულებათა ესრეთ:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ მოხუედ იერუსალემდ ხსნად ცოდვილთა.
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე მაცხოვარო ჩვენო, რამეთუ აუწყე მართალთა შენთა, ვითარმედ მარადის ახლოს ხარ ჩვენ თანა.
კურთხეულ ხარ შენ, ძეო მამისაო, რამეთუ მოხუალ სისხლითა ჯუარისა შენისაითა შერიგებად ცათა და ქვეყანისა.
კურთხეულ ხარ შენ, ძეო კაცისაო, რამეთუ სიყუარულსა დიდსა მამისა ზეცათაისა აუწყებ ყოველსა სოფელსა.
კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო მეუფეთაო, რამეთუ სუფევა შენი არს მეუფება ყოველთა საუკუნეთა.
კურთხეულ ხარ შენ, ხელმწიფეო ხელმწიფებათაო, რამეთუ ხელმწიფებაი შენი ნათესავითი ნათესავადმდე არს.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
ღმრთაებრივისა ძალისა შენისა მქადაგებელად, უფალო, იყუნენ შენ თანა ბეთანიას მყოფნი იუდეველნი, რამეთუ იგინი მოწმობდენ იერუსალემს, ვითარმედ შენ საფლავით აღადგინე ლაზარე. ამისთვისცა მოგეგებვოდა შენ ერი იგი, რამეთუ ესმა, ვითარმედ შენ აღასრულე სასწაული ესე. და ეტყოდენ ურთიერთას: რაისა ვსდგათ და არა განვალთ მიგებებად ძესა დავითისსა რტოებითა დანაკის კუდთაგან, რაითა აღესრულოს წერილი: „და ხელთა მათთა აქუნდა ფინიკები“, ხოლო ესე არს ფინიკი სიმართლისა, რომლისათვისცა იტყოდა დავით: „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს“. ამისთვის რტოებითა ხელთა შინა გიგალობდა პირველ ერი იგი: ოსანნა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა, ხოლო უკანაისკნელ წათებითა და მახვილებითა მოვიდოდა შენ ზედა, ვითარცა ავაზაკსა, არა მცნობელი გალობისა ამის:ალილუია.
გამობრწყინდა ყოვლითა დიდებითა და შუენიერებითა თვისითა წმიდა ქალაქი ღმრთისაი სიონ: „ქალაქი იგი დიდისა მეუფისაი“, და ოდეს მიეახლე მას, უფალო, და იხილე ელეონისა მთისა სიმაღლეთაგან ყოველნი შენებულებანი ტაძრისანი და სხუანიცა ქალაქისანი, შუენიერნი ფრიად, ტიროდი მას ზედა, ვითარცა მამა კაცთმოყვარე და ტირილითა ეტყოდი: „უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა“. და მუნთქუესვე წინაწარ-არქვი მას, ვითარმედ მოვლენან დღენი, ოდეს გარე-მოადგენ წმიდასა ქალაქსა მას მტერნი და დაარღვიონ იგი და შვილნი მისნი მის შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაი ქვასა ზედა მის შორის, რამეთუ არა გულისხმაჰყო ჟამი მოხედვისა მისად უფლისა. ხოლო ჩვენ, რომელთა გიცით შენ, ვითარცა მწყემსი კეთილი, მგლოვარე წყმედულთათვის ცხოვართა თვისთა, გიღაღადებთ გალობათა ესევითართა:
კურთხეულ ხარ შენ, დიდო მწყემსო ცხოვართაო, მოსრულო მოძიებად ცხოვარისა წყმედულისა.
კურთხეულ ხარ შენ, მღუდელთმოძღუარო სიკეთეთა მომავალთაო, რომელმან თანა-ლმობაი უძლურებათა ჩვენთა ინებე.
კურთხეულ ხარ შენ, ახლისა აღთქუმისა შუამდგომელო ნუგეშინის-მცემელო, რომელმან დაცემულთა კაცთა საუკუნოისა სიკუდილისაგან ხსნა ისურვე.
კურთხეულ ხარ შენ, მსაჯულო ყოვლად მართალო, რამეთუ მართალი ხარ და სამართლად განსჯი ქალაქსა შენსა.
კურთხეულ ხარ შენ, მაცხოვარო ყოვლად მოწყალეო, რამეთუ მოწყალე იყავ და წყალობითა შენითა აღავსე ყოველი ქვეყანა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო კურთხევათაო, რომელი კურთხევითა შენითა წმიდა-ჰყოფ ეკლესიასა შენსა.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
გსუროდა რა განრინება კაცთა მოდგმისა მუშაკობისაგან მტერისად, მოხუედ, იესუ, იერუსალემდ, რაითა აღესრულოს წერილი: „მოვალს ღმერთი ღმერთთაი სიონს“. და შენთვის შეიძრა მუნ ქალაქი იგი ყოველი; რამეთუ ერთნი გამოვიდოდეს მოგებებად შენდა და გიღაღადებდენ ხმითა დიდითა: „ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა!“ ხოლო სხვანი განკვირდებოდეს და იტყოდეს: „ვინ არს ესე?“ ჰოი, უგუნურნი მოხუცებულნი, ცრუ-სახელიანი მოძღუარნი! ყოველნი ყურე-ფოლორცნი ქალაქისანი ქადაგებენ სასწაულთა შენთა და სრულიად იუდეა აღვსებულ არს კეთილმოქმედებითა შენითა, ხოლო ესენი იკითხვიან: ვინ არს ესე? წუთღა და მკუდრეთით აღსდგა ლაზარე, და ესენი არა ჰხედვენ, თუ ვინ გამოიტაცა იგი სიკუდილისაგან! წუთღა და გამოხუედ შენ ეზოისაგან იაიროსისა, და ამათ არა უწყიან, თუ ვინ განაცხოველა ასული მისი! ხედვენ, გარნა არა უნდათ გიგალობდენ შენ ვითარცა ღმერთსა: ალილუია.
საკვირველი სახილველი განგებულებისა შენისაი წარმოაჩინე, იესუ, ოდეს დიდებით აღხუედ იერუსალემდ და მუნთქუესვე, ვითარცა მღუდელთმოძღუარი, შეხუედ წმიდასა ტაძარსა მზრუნველად მისად; სახლად მამისა შენისა მიხუედ ხელმწიფებითა და ესრეთ აღესრულა წინასწარმეტყუელებაი წმიდისა ამბაკოსი, ვითარმედ: „უფალი ტაძარსა შინა წმიდასა მისსა და შეკდემულ იქმენინ – დადუმენ პირისაგან მისისა ყოველი ქუეყანა!“ და მეყვსეულად გამოასხი მუნით ყოველი იგი განმსყიდელი და რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ჰრქვი მათ: „სახლსა ჩემსა სახლი სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“. და ესრეთ აღესრულა სხუაი იგი წერილი: „შურმან სახლისა ჩემისამან შემჭამა მე“. ხოლო ჩვენ, რომელთა გუეშინის ესევითარისა სამართლიანისა რისხვისა შენისა, უფალო, ერთსა ოდენ გვედრით შენ: სახლსა შინა შენსა ვიყოფვოდეთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, ვჭურეტდეთ შუე-ნიერებასა შენსა და შემოვიდოდეთ წმიდასა ტაძარსა შენსა, რაითა გალობით გადიდებდეთ ესრეთ:
კურთხეულ ხარ შენ, მყოფო არა ხელით ქმნულთა ტაძართა შინა მყოფო ცათა შინა, რომელი ქვეყნიურსა ტაძარსა დიდებით შეხუედ.
კურთხეულ ხარ, რომელმან საყოფელნი დიდებისა შენისანი შეიყუარენ ქვეყანასა ზედა და სახლი სალოცველი შემოზღუდე ზრუნვისაგან ამის სოფლისაითა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ძალთაო, რამეთუ ფრიად საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფროის ყოველთა საყოფელთა ცოდვილთასა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა, უფროის ათასთა მათ ქალაქთა შინა უკეთურთასა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, დიდო სიონს, რამეთუ საშინელ და წმიდა არს სახელი შენი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ცხოველო იერუსალემს, რამეთუ წმიდა არს ტაძარი შენი და საკვირველი ხარ შენ სამართალთა შინა შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
საკვირველი და ყოვლად დიდებული სასწაული აღასრულე ქრისტე, ოდეს „მეყვსეულად მიხუედ ტაძარსა შენსა და მუნ განკურნე ბრმანი და მკელობელნი, რომელნი მოგიხდენ შენ“, ვითარცა ნათლის-მომცემელსა და მოწყალესა მკურნალსა, რამეთუ „სიმართლე შენი შენ წინაშე ვიდოდის მარადის“, ვითარცა იტყვის დავითი, და ესრეთ ყოველთა გამოუვლინე დღესა ამას დიდსა და წინასადღესასწაულოსა სიხარული, ჭეშმარიტება, ნათელი და ცხოვრება, ვითარცა წინაწარ თქუა წინაწარმეტყველმან სოფონია, რომელი იტყვის: „იხარებდ ფრიად ასული სიონისაი! ქადაგებდ ასული იერისალემისაი, რამეთუ მოგძარცუნა უფალმან უსამართლოებანი შენნი, გიხსნნა შენ ხელისაგან მტერთა შენთასა, მეფობდეს უფალი შორის შენსა და არა იხილნე ბოროტნი არღა მერმე... უფალი ღმერთი შენ შორის, ძლიერი ხსნად შენდა და მოაწიოს შენ ზედა შუებაი და განგაახლოს თქვენ შეყუარებისა მიერ მისისა... და იტყვის უფალი: შეიწრებული ვაცხოვნნე და განგდებული შევიწყნარო“. ამისთვის ჩვენცა, სახარულევანნი დღესა ამას დღესასწაულისა მოსლვისა შენისასა, გიგალობთ შენ, უფალო: ალილუია.
ყოვლითურთ იყავ სიყუარული, უტკბილესო იესუ, და ამისთვის ქებასა მოგიძღვანებს მყვარებული შენი ისრაელი ბაგეთაგან ყრმათა მწოვართა და უმანკოთა, რამეთუ ოდეს მოხუცებულნი და მოძღუარნი მათნი ჰგმობდენ ღმერთსა და იტყოდენ „ვინ არს ესე?“, ყრმანი ღმრთის-მეტყუელებდენ, მღაღადებელნი შენდა „ოსანა, ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა!“ და დანაკის კუდისა რტოებითა მოეგებვოდნენ მოსლვასა შენსა ტაძრად, წინათმაუწყებელსა მოახლებულისა მკუდრეთით აღდგომისა შენისა. მაშ, ღირს-გვყავ ჩვენცა, ამპარტავნებით პყრობილნი ესე, მოქცევად შენდა, მსგავსად უმანკოთა მათ ყრმათა, რამეთუ ესევითართაი არს სასუფეველი ცათა, რაითა წმიდისაგან გულისა, ერთობით მათ თანა, აღმოგივლენდეთ შენ ქებულებათა ამათ:
კურთხეულ ხარ, მაღალთა შინა სერაბიმთაგან გალობით განდიდებულო, ყრმათაგან უმანკოთა გალობისა შემწყნარებელო.
კურთხეულ ხარ, რომელი ცათა შინა ქერუბიმთა ზედა ჰზი, და გულითა წმიდათათვის და ღმერთშემოსილთა გულსავე მათთა შეწყნარებულ ხარ.
კურთხეულ ხარ, დაცემულისა კარვისა დავითისსა აღდგინებად მოსრულო, რაითა ჩვენიცა კარავი ესე შინაგანი მიმსგავსებად კეთილსახიერებისა მისისა კვალად განანათლო.
კურთხეულ ხარ, ტაძრისა შენისა - სალოცავ სახლად მყოფელო, რაითა ჩვენცა, განხრწნილთა სულთა ჩვენთა ქუაბ ავაზაკთა მყოფელთა, კუალად სახლად სულისა წმიდისა უზაკველ გვყო.
კურთხეულ ხარ, რომელსა ბევრნი ბევრთანი გმსახურებენ ცათა შინა და ათასნი ათასთანი არიან მდგომელნი წინაშე შენსა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელსა კრებულნი ყრმათანი გიგალობენ ქვეყანასა ზედა და ბევრეულნი ერთანი მოგეგებვიან.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
სრულიად დასი მღუდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა ჰურიათა განრისხნებოდა, ოდეს ხედვიდენ სასწაულთა და საკვირველმოქმედებათა შენთა, იესუ, აღსრულებულთა ტაძარსა შინა, და ყრმათა მათ მღაღადებელთა: „ოსანა ძესა დავითისსა!“ და ამისთვის გეტყოდენ შენ: „გესმისა, რასა-ესე იტყვიან?“ გარნა შენ არქვი მათ: „ჰე, არასადა აღმოგითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი?“ ხოლო ჩვენ, განკვირვებულნი მათთვის, თუ ვითარ დაუსულბეს მათ გულნი მათნი და ესრეთ იქმნეს გულფიცხელ, აწ ვიქმნნედ ყრმებად ჩჩვილად ბოროტისათვის და სიწრფოებითა გულისაითა ვუგალობდეთ უფალსა გალობასა ანგელოსთასა: ალილუია.
მჭევრმეტყველთა საღმრთოისათვის, დაღაცათუ მრავლად ისიტყვონ, არა შეუძლონ ღირსად მიძღვნად მადლობისა დამდაბლებასა შენსა, ქრისტე, რამეთუ დღეს ნებსით მოხუედ იერუსალემდ დათმენად ჯვარისა; ამისთვის დაჰფარე ბრძენთაგან და გონიერთა ამა სოფლისათა ღმრთაება შენი და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა, რომელთა წმიდითა გულითა თვისითა უფროის მამათა მათთა აგრძნეს, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა. აწ ღირს-გვყავ ჩვენცა, რაითა სულითა წრფელითა და ბაგითა შეუმწიკულებულითა შეუძლოთ აღსაარებად ღმრთაებრივისა დიდებისა შენისა და გიგალობდეთ შენ ესრეთ:
კურთხეულ ხარ, რომელმან გამოცხადებითა სიტყუათა შენთათა განანათლე და გულისხმის-ყოფა მოეც ყრმათა, – აწ ჩვენცა განგვანათლე და გულისხმის-ყოფა მოჰმადლე ჰაზრთა და გულთა ჩვენთა.
კურთხეულ ხარ, რომელმან აღსრულებითა სასწაულთა აწ ჩვენნიცა განახვენ თვალნი გვიმოწმე ღმრთაება შენი, გულისხმის-ყოფად სჯულისაგან საკვირველმოქმედებათა შენთა.
კურთხეულ ხარ, მწყემსო ისრაელისაო, დამმწყსენ ჩვენცა სიმშვიდესა შინა სულისასა ადგილსა მას მწვანვილოანსა.
კურთხეულ ხარ შენ, მცველო იაკობისაო, წყალთა ზედა განსასვენებელთასა დამამკვიდრე მე სიწმიდითა გულისაითა.
კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო მშვიდობისაო, რამეთუ გამობრწყინდა დღეთა შენთა სიმართლე, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე.
კურთხეულ ხარ შენ, მზეო სიმართლისაო, რამეთუ გამოჩნდა ნათელი შენი მრავლითა მშვიდობითა, ვიდრემდის ნათობს მზე.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
გსუროდა რაი ცხოვრება ენათა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, აღადგინე შენ კაცნი ვინმე წარმართთაგან, რომელნი აღმოვიდენ იერუსალემდ, რაითა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას და გიხილონ შენ. ამისთვის მოვიდეს ესენი ფილიპესა და ეტყოდეს მას: „გუნებავს იესუისი ხილვაი“. ხოლო მან ანდრეაისა თანა გრქუა შენ და შენ მიუგე მათ: „აწ მოიწია ჟამი, რაითა იდიდოს ძე კაცისაი“. რამეთუ თვისთა თანა მოხუედ, და თვისთა შენთა არა შეგიწყნარეს, და სიკუდილად განგიკითხეს. ამისთვის ვითარცა მარცვალმან იფქლისამან არა მოსცეს ნაყოფი, უკუეთუ არა დავარდეს ქვეყანასა და მოკუდეს, ეგრეთვე შენცა სიკუდილითა შენითა მრავალი ნაყოფი გამოიღე ენათა შორის, რაითა აღესრულოს სიტყუანი წინასწარემეტყუელისა ისაიასნი, ვითარმედ საჩინო ექმენ შენ არმეძიებელთა შენთა, და ეპოე შენ არგამომკითხველთა შენთა და არქუ ნათესავსა, რომელთა არა ხადეს - სახელსა შენსა, „აქა ვარ!“. ამისთვის წერილ არს: „მოვედით ენანი და იხილეთ დღეს მეუფე ზეცათაი, მჯდომარე, ვითარცა საყდარსა მაღალსა, კარაულსა ზედა და კიცუსა ახალსა, მომავალი იერუსალემდ“, რაითა ყოველთა ერთითა ბაგითა და ერთითა გულითა ვუგალობდეთ მას: ალილუია.
მეუფეო წინადსაუკუნოო, მშვიდო, მართალო და მხსნელო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენო! მშვიდობით მოხუედ შენ დღესა ამას იერუსალემდ, მჯდომარე მშვიდსა ზედა კიცუსა კარაულისასა, რაითა ცხენისა სიფიცხლე და მძვინვარება დახსნა ქვეყანასა ზედა. ამისთვის, დაე, სიმშვიდე შენი გულისხმის-საყოფელ იქმნას ყოველთა კაცთათვის, რამეთუ მოხედავ ოდენ მშვიდსა და მდუმარსა, რომელი განკფდების სიტყუათაგან შენთა. ამისთვის „დასჭრიდენ მახვილებსა მათსა სახნისად და შუბებსა მათსა მანგლად, და არღა აღიღონ მახვილი და არღა ისწავებდენ. მერმე ბრძოლასა“. ხოლო ჩვენ, მშვიდნი სულითა და შემუსრვილნი გულითა, მადლითა შევიწყნარებთ მშვიდსა მეუფესა ყოველთასა, მომავალსა შემუსრვად ამპარტავნებისა მზაკუვარისასა, რაითა სიმშვიდითა სულისაითა ვუგალობდეთ მას ესრეთ:
კურთხეულ ხარ შენ, აღსრულო მთასა ზედა სიონასასა, რაითა მშვიდობაი უქადაგო ყოველსა ისრაელსა.
კურთხეულ ხარ შენ, ქადაგო იერუსალემისაო, რომელმან ცხოვრებაი ენათა აუწყე ყოველთა.
კურთხეულ ხარ შენ, მოსრულო ხარებად გლახაკთა საამოისა წელიწდისათვის უფლისა, რაითა ყოველნი შემუსრვილნი გულითა განჰკურნნე.
კურთხეულ ხარ, რომელმან ისურვე უწყებად განტევებაი მყოფთა ტყვეობასა შინა, რაითა ყოველთა ტვირთმძიმეთა და მაშურალთა განუსვენო.
კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ ვითარცა მფრინველმან შეიკრიბის მართვენი თვისნი ფრთეთა ქუეშე თვისთა, ეგრეთვე შენ ჯვარითა შენითა გამოისყიდე ყოველნი მძიმენი ცოდვითა.
კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ ვითარცა მარცვალი იფქლისა დავარდების ქვეყანად დაფლვად და აღდგინებად, ეგრეთვე შენ განაახლებ აღდგომითა ყოველთა, შთავარდნილთა სიღრმესა ჯოჯოხეთისასა.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
გალობასა ყოვლადსალმობიერსა მოგიძღვანებთ შენ, ქრისტე, ერთობით უმანკოთა ყრმათა თანა, რომელნი გიგალობდნენ „ოსანა“-სა, და მათ თანავე ჩვენცა გიღაღადებთ: „უფალო ღმერთო! და გამოგვიჩნდი ჩვენ რაითა ბაიათაგან და რტოთა გიქმნათ დღესასწაული – წმიდა, სპეტაკი და სულიერი, და კვალად აღასრულო შესვლა აწ უკუე შინაგანსა ტაძარსა სულთა ჩვენთასა, ვითარცა აღგვითქვი ჩვენ მეტყუელმან: „არა დაგიტევნე თქვენ ობლად, არამედ კვალად მოვიდე თქვენდა. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. და უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“. კურთხეულიმც არს შემოსლვაი შენი! მოვედ და დასჯედ საყდარსა ზედა გონებისა ჩვენისასა, ვითარცა პირველ კიცუსა ზედა, და სუფევდე გულთა შინა ჩვენსა და დახსნიდე ყოველსა უსიტყვებასა ვნებათა ჩვენთასა, რაითა მარადის რტოებითა ყვავილოვნითა სიწმიდისა ბაიასითა, ვითარცა ძუელად ყრმანი, ჩვენცა გიგალობდეთ შენ: ალილუია.
ნათლითა ზეციურითა განათლდა დღეს ტაძარი წმიდა, ოდეს შეხუედ მას შინა, იესო, და განწმიდე იგი მოვაჭრეთაგან ქვეყნიერთა, ხოლო მის თანა გაბრწყინდა ყოველი ქალაქი იგი, ვითარცა იტყვის წინაწარმეტყველი ისაია: „სიონით გამოვიდა სჯული და იერუსალეიმით – დიდება უფლისაი“, რამეთუ მოხვედ ვნებად და მოგვმადლე ნათელი, სიხარული და სიყვარული ჯვარითა შენითა. ამისთვის ეტყოდი მოწაფეთა თვისთა უწინარეს ჯვარისა შენისა: „მცირედღა და ნათელი თქუენ თანა არს, ვიდოდეთ, ვიდრეღა ნათელი გაქუს, რაითა ბნელი თქუენ არა გეწიოს. გრწმენინ ნათელი, რაითა ძენი ნათლისანი იყუნეთ!“ ესე არქვი მათ, რაითა ვნებათა შორის შენთა არა დაშრტეს ნათელი სარწმუნოებისაი მოწაფეთა შენთა და არა ვიდოდენ იგინი ბნელსა ურწმუნოებისასა არმცნობელნი ვიდრე ვალნნ, რაითა ყოველნიცა მართლიად მადიდებელნი შენნი სარწმუნოებით გიღაღადებდენ შენ ესრეთ:
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ნათელო სოფლისაო, ამა მზაკუვარისა ქვეყანისაგან მოძულებულო.
კურთხეულ ხარ შენ, იესუ, მზეო სიმართლისაო, თვისთაგან შენთა მარადის სანატრელო და ყოვლადგანდიდებულო.
კურთხეულ ხარ, ნათელო დაუღამებელო და მშვიდო, დიდებულისა შენისა დასლვისათვის იერუსალემდ აღსრულო.
კურთხეულ ხარ შენ, ნათელსა მიუდგომელსა მყოფო, ცისკრითა აღდგომისა შენისაითა ყოვლისა სოფლისა განსანათლებლად მოსრულო.
კურთხეულ ხარ შენ, უტკბილესო და მარადის ცხოველო ნათელო, სიონს გამოცხადებულო, რაითა სულიერი ბნელი სულისა ჩემისა განანათლო.
კურთხეულ ხარ შენ, ლამპარო მანათობელო და მნთებარეო, იერუსალემს აღგზებულო, რაითა კვალად აღაგზნო დაშრეტილი ლამპარი ჩემი.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
მადლი შენი მომეც ჩვენ, იესუ, ვითარცა იგი პირველ ყრმათა ჰურიათა მოეც, ოსანისა შენდა მგალობელთა და ღმრთაებისა შენისა შემცნობელთა. და აწცა, ყოვლადწმიდათა დღეთა ამათ, უფალო, ახლოსვე იყავ ჩვენ თანა, ხოლო უფროისად მათ თანა, რომელნი სულითა მყუდროებისა და მშვიდობისაითა, სიმდაბლისა და სიყვარულისაითა ხადიან წმიდასა სახელსა შენსა, და ღირს-გვყავი ჩვენ, რაითა შევიგრძნოთ მადლი მოსლვისა შენისა და მშვიდობაიცა საღმრთოი, აღმატებული ყოველსა გონებასა ზედა, რაითა შეიკრძალონ გულთა ჩვენთა და ყოველმან გულისხმის-ყოფამან ჩვენმან ცნობაი შენი, და ესრეთ განმანათლებელსა სულთა ჩვენთასა, ლმობიერებითა და სიხარულითა გიღაღადოთ შენ, ახლისა აღთქმისა მომადლებისათვის ჩვენდა მოსრულო სხურებითა სისხლისა შენისაითა: ალილუია.
ვუგალობთ რა შენსა მოსლვასა იერუსალიმს ნებსითისა ვნებისათვის, და გამოუთქუმელსა დამდაბლებასა შენსა, ქრისტე, თაყვანის-ვსცემთ წინარე-დასაბამსა ჯვარისა შენისასა, და სახარულევანნი ჰურიათა ყრმათა თანა მოგეგებვით შენა ბაიაითა და რტოებითა და ესრეთ მედღესასწაულენი გადიდებთ შენ, რამეთუ ხარ ჭეშმარიტად მესია – ქრისტე, მოსრული ჩვენდა, რომელსა გეგულების კვალად დიდებით მოსლვა განსჯად ცხოველთა და მკუდართა, გარნა არა ზედა მჯდომელსა კიცუსა ზედა კარაულისასა, არამედ ვითარცა მეუფესა მეუფეთასა და უფალსა უფლებათასა, რომლისა სახელი – „სიტყუაი ღმრთისაი“ არს, და მქონებელსა შედგომილად არა ყრმათა, „ოსანა“-ისა მგალობელთა, არამედ ყოველთა ზეციურთა ძალთა, რომელნი ხმითა მაღლითა და ძლიერითა გიღაღადებენ შენ: ალილუია, მაცხოვარება, პატივი, ძალი და დიდება, რამეთუ სუფევს უფალი ყოვლისა მპყრობელი! და სარწმუნოებით მსასოებელნი ამის დიდისა მსლველობისა შენისა ზენაარ სიონს, მომავალისა ცით დიდებით ღმრთისაგან, გადიდებთ შენ, მომავალსა სიონს ქვეყანისასა დაკლვად ყოვლისა სოფლისათვის, და გიგალობთ შენ ესრეთ:
კურთხეულ ხარ შენ, ძეო მამისაო, კაცისა დიდებით შემამკობელო, რაითა ეკლის გამომღები ბუნება ჩვენი ქმნა გამომღებელად ნაყოფისა.
კურთხეულ ხარ შენ, კრავო ღმრთისაო. რომელმან აღიღე ცოდვანი სოფლისანი, რაითა ჩვენ, დაცემულნი, უსპეტაკეს თოვლისა გვყო სისხლითა შენითა.
კურთხეულ ხარ შენ, სიძეო სულთა და გულთა ჩვენთაო, გამოსრულო პალატთა შენთაგან, რაითა არავინ მოაკლდეს სიტფოსა შენსა.
კურთხეულ ხარ შენ, მწყემსო კეთილო, შემავალო აწ ეზოსა შინა თვისთა ცხოვართა, რაითა არავინ წარგვიტაცოს ჩვენ ხელთაგან შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, მოძღუარო ჩვენო, რომელმან სიონს არა დაიდუმე პასექისათვის ჯვარისა შენისა, რაითა მეგობართა შენთა უკანასკნელ ნუგეშინის-სცე სიტყუითა და სიყუარულითა სერობასა მას.
კურთხეულ ხარ შენ, მაცხოვარო ჩვენო, რომელმან უკანასკნელ მეწამულითა შესამოსელითა შემოსვაი ინებე, რაითა ჩვენცა, ვითარცა სძალი, შეგვამკო პერანგითა ცხოვრებისაითა და სამოსელითა სიხარულისაითა.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
ჰოი, უფალო იესუ ქრისტე, კრავო ღმრთისაო! უწინარეს ყოველთა საუკუნეთა დაკლვისათვის წინათ-განმზადებულო, ხოლო აწ იერუსალემს ნებსითისა ვნებისათვის მიმავალო! შეიწყნარე მცირე ვედრება ესე ჩვენი, მოძღვნილი შენდა ბაიაითურთ და რტოებითურთ, რაითა ყოვლადწმიდათა ამათ დღეთა შინა შემოვუდგეთ ნატერფალთა შენთა და ესრეთ შენ თანა ვიყოფვოდეთ მყუდროებითა და სიმშვიდითა სულისაითა, ხოლო ლმობიერებითა და უზაკველობითა გულისა ჩვენისაითა ყოველთა დღეთა ქვეყნიურისა მსხემობისა ჩვენისათა წესიერად ვიდოდეთ. და ღირს გვყვენ ჩვენ დაუსჯელად ზიარებად ღმრთაებრივსა სიხარულსა წმიდისა აღდგომისა შენისასა აქა ქვეყანასა ზედა, ხოლო შემდგომად დიდებით მეორედ მოსლვისა შენისა საუკუნოდ შეერთებად შენ თანა ზიციურსა იერუსალემს, რაითა ყოველთა წმიდათა თანა გიგალობდეთ მუნ გალობასა ანგელოსთასა: ალილუია. (3-გზის)
მთავარანგელოსთა და ანგელოსთა დასნი შიშითა და ძრწოლით ხედვიდენ ცათა სიმაღლეთაგან იერუსალემად შესლვასა შენსა, ქრისტე მაცხოვარო, ნებსითისა ვნებისათვის შენისა, და ერთობით მოციქულთა თანა გივიდოდნენ შენ, მეუფესა თვისსა და ყრმათა თანა ჰურიათასა მოგიძღვანებდენ „ოსანასა მაღალთა შინა“ და გიგალობდენ გალობათა საღმრთოთასა ესრეთ:
კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ გარდამოხვედ და აღასრულე ხსნაი მორწმუნეთა შენთა.
კურთხეულ ხარ, მეუფეო ქრისტე, რამეთუ მოხვედ და ჯვარითა შენითა მოჰმადლე ცხოვნება შვილთა შენთა.
კურთხეულ ხარ, შთასრულო ქვესკნელად მოწოდებისათვის ადამისა სიღრმით ჯოჯოხეთისაით.
კურთხეულ ხარ, მოსულო გათავისუფლებად ევაისა ძველისა მის მწუხარებისაგან.
კურთხეულ ხარ, ისრაელისათვის მშვიდობისა და ენათათვის ცხოვრებისა კეთილმაუწყებელო.
კურთხეულ ხარ, ახლისა აღთქმისა მქადაგებელო სხურებითა სისხლისა შენისაითა.
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
რჩეულო მეუფეო ზენაარისა სიონისაო, მშვიდო, მაცხოვარო და მართალო მხსნელო ჩვენო, შენ, რომელი მაღალთა შინა ჰზი ქერუბიმთა ზედა და მარადის გალობით განიდიდები სერაბიმთაგან, გხედავთ აწ კიცუსა ზედა კარაულისასა მჯდომარესა და იერუსალემად მიმავალსა ნებსითისა ვნებისათვის. ამისთვის თაყვანის-ვსცემთ გამოუთქუმელსა დამდაბლებასა შენსა და ბაიაითა და რტოებითა მოგეგებვით შენ გულითა ლმობიერითა, რაითა ჰურიათა ყრმათა ჩვილთა მწოვართა თანა გიღაღადებდეთ:
კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა, ოსანნა მაღალთა შინა!
უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მამისა შენისა თანა მაღალთა შინა საყდარსა მჯდომარეო, რომელი მარადის ჰზი ფრთეთა ზედა ქერუბიმთასა და საგალობელ ხარ სერაბიმთაგან, ხოლო დღეთა შინა ხორციელ-ქმნისა შენისასა კიცუსა ზედა კარაულისასა ინებე დაჯდომად ცხოვრებისათვის ჩვენისა და ყრმათაგანცა ჩჩვილთა შეიწყნარე გალობით დიდებისმეტყველებაი ღმრთაებისა შენისა, და უწინარეს ექუსთა დღეთა პასექადმდე შეხუედ წმიდასა ქალაქსა იერუსალემს ნებსითისა ვნებისათვის შენისა, რაითა ჯვარითა, დაფლვითა და მკუდრეთით აღდგომითა შენითა იხსნა სოფელი! და ვითარცა მაშინ ერი იგი, რომელი ჯდა ბნელსა შინა და აჩრდილსა სიკუდილისასა, მომღებელი რტოთა ხეთაგან და დანაკის კუდთაგან, დაგიფენდა მათ გზასა ზედა და ესრეთ მოგეგებვოდა აღმსაარებელი შენი ძედ დავითისსა, ეგრეთვე აწ ჩვენცა დაგვიცევ და გვიხსენი დღესა ამას წინასადღესასწაულოსა, რამეთუ მსგავსად მათისა ხელთ გუაქუს ჩვენ რტონი დანაკისკუდთაგან და გალობით მოგეგებვით შენ. და ვითარცა ერი იგი და ყრმანი მათნი გიგალობდენ შენ „ოსანა“-სა, ჩვენცა ღირს-გვყავ ფსალმუნებითა და გალობითა სულიერითა განდიდებად წმიდითა სულითა და შეუბილწავითა ბაგითა ყოვლითურთ დიდებულებისა შენისა დღესასწაულსაცა ამას და ყოველსა შვიდეულსაცა ვნებისა შენისასა, და დაუსჯელად მიწევნად და ზიარებად ღმრთაებრივსა სიხარულსა წმიდისა აღდგომისასა ყოვლადნათელთა დღეთა მათ შინა სიცოცხლეშემოსილისა მკუდრეთით აღდგომისა შენისათა; კვალად გევედრებით დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ჩვენისა ეკლესიისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, მოსაყდრე მისი მიტროპოლიტი სენაკისა შიო, ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი სიმშვიდითა და უშფოთველებითა დაიცევ, რაითა ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ ღმრთაებასა შენსა თანადაუსაბამოით მამით შენითურთ და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ოდეს მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო. ამისთვის ჩვენცა, მსგავსად ყრმათა მათ ჰურიათა, ძლევისა გალობასა შემოგწირავთ შენ, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
ცათა შინა მამისა თანა საყდარსა მჯდომარემან, რომელმან კიცუსა დაჯდომად ინებე ქვეყანასა ზედა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, დღეს ანგელოსთაგან ქებულებაი და ყრმათაგან გალობაი შეიწყნარე, მღაღადებელთა შენდა: კურთხეულ ხარ შენ, მომავალო მოწოდებად ადამისა.
გადიდებთ შენ, ცხოვრების მომნიჭებელო ქრისტე, ოსანა მაღალთა შინა, და გიღაღადებთ გალობასა ამას: კურთხეულ ხარ შენ, მომავალო სახელითა უფლისაითა!
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.