მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა
ანდრია პირველწოდებულისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

ტროპარი, ხმა 4


ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.



კონდაკი 1


უფლისა იესუ ქრისტეს პირველ წოდებულო, წმიდაო დიდებულო ანდრია, მოციქულთა დასაბამო, დაუსაბამოისა სიტყვისა პირველ მზრახველო, სიყრმით შენითგან უფლისა მაძიებელო, რომლისთვისცა პირველ წინამორბედისა მოწაფე, ხოლო შემდგომად მაცხოვარისა მოციქული სახელგედვა, მოგუეც ჩუენ ღმრთისადმი შენი შევრდომითა ძალა ღირსად ქებისა შენისა. წმიდაო მოციქულო ანდრია, რომელმან პირველმან უწოდე ქრისტეს მესია, მოიხილენ ჩვენ ცოდვილთა ზედა და წმიდა გუყვენ ლოცვითა შენითა, რაითა გიგალობდეთ ალილუია;



იკოსი 1


პირველვე სიმართლესა ეძიებდი, წმიდაო მოციქულო, უბრალოითა გულითა შეიცან ჭეშმარიტებაი, მიჰყევნ მას და ყოველსა ჟამსა ერთგულებითა ხვიდოდი გზათა ზედა მისთა და ჭეშმარიტად ღმრთის დაუდუმებელ ქადაგად გამოსჩნდი.


გიხაროდენ, სიყრმით შენითგან ღმრთის სიბრძნისა გამომკვლეველო;

გიხაროდენ, სიმართლისა და ჭეშმარიტებისა მაძიებელო;

გიხაროდენ, დაუვალისა მზისა ნათლით შემოსილო;

გიხაროდენ, მაცხოვრის მიერ მოწოდებულო;

გიხაროდენ, რამეთუ ათთორმეტთაგან ჰირველი გისტუმრა უფალმა იოანეს თანა;

გიხაროდენ, ღმრთისა შენისა ერთგულო ქადაგო;

გიხაროდენ, დიდი საქმისათვის დასაბამითგან კურთხეულო;

გიხაროდენ, ბეთსაიდადან ამომავალო მოციაგე ვარსკვლავო;

გიხაროდენ, სიტყვისა ჭეშმარიტისა მტვრთველო;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 2


გესმა რა წინამორბედისაგან სიტყუანი სანუკვარნი უფლისადმი განკუთვნილნი: „აჰა, ტარიგი ღმრთისაი", წმიდაო მოციქულო ანდრია, მისდიენ მას სიყვარულითა აღძრულმან იოანეს თანა, რამეთუ მაცხოვარმან ინება მიჰყოლუდით სამყოფსა თვისსა. მუნ დაჰყავ ხანი არა მცირედი და რაჟამს უკუ-იქეც სახლად, ახარე ძმასა შენსა სვიმეონს „ჩვენ ვპპოვეთ მესიაი“. გულისხმისმყოფელნი ამისა მადიდებელნი შენნი დაუსრულებლად გიგალობთ: ალილუია.



იკოსი 2


შემდგომსა დღესა ძმითურთ მიხვედ მაცხოვართან, იხილა რა იესუ სუმეონი მეყვსეულად წარმოსთქვა: „შენ ხარ სვიმეონ ძე იონაისი, ამიერითგან შენ გერქმევა კეფა“, რომლისა თარგმანი ნიშნავს „კლდეს“.

გიხაროდენ, რამეთუ „უფალს პირველმან უწოდე მესია;

გიხაროდენ, რამეთუ იესუს შენი სისხლისმიერი ძმა ხილვისთანავე შეუყვარდა;

გიხაროდენ, რამეთუ ცისა და ქვეყანის მაცხოვარმან ძმაი შენი მერმისში ეკლესიის საძირკვლად დაადგინა; გიხაროდენ, სვიმონისთვის კეთილისა ამბავისა მაუწყებელო;

გიხაროდენ, ძმისა ცხონებისა წყურიელო;

გიხაროდენ, დაუვალისა მზისა პირველ მოციმცმიე ვარსკვლავო, ბეთსაიდადან ამომავალო;

გიხაროდენ, ძმისა თანა დიდი ღუაწლისათვის წოდებულო;

გიხაროდენ, უბრალოითა გულითა ქრისტე მაცხოვრის შემყვარებელო;

გიხაროდენ, რამეთუ უფალს მესია სულიწმიდით უწოდე;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 3


გარდახდა ჟამი მცირედი და კუალად იხილე უფალი, წმიდაო მოციქულო ანდრია, ოდეს ძმისა, სვიმონისა თანა მებადურობდი და გრქუა მან: "შემომიდექით მე და გყო თქვენ მესათხევლე კაცთაი". წამიერ დასტოვეთ სათხეველნი თქვენნი და მისდევდით მას წმიდაო მოციქულო ანდრია პირველწოდებულო, ლოცვითა შენითა შეგვეწიენ ჩუენ ცოდვილთა, რაითა დავუტევოთ უსჯულოებანნი ჩუენნი და თქვენებრ მეყვსეულად შევუდგეთ მაცხოვარსა მგალობელნი: ალილუია.



იკოსი 3


კაცთა ნაშობთა შორის უმეტესის დიდი წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის სიტყვებმა: "ეჰა ტარიგი ღმრთისაი", გიბიძგეს შენ უფლისაკენ, შემდგომ თავად იესუისგან მოწოდებულმან დაჰყარენ მესათხევლეთა ბადენი და კაცთა მესათხევლეობისადმი აღიძარ, რაითა შენი ქადაგების ბადეთა შინა გახვეულნი ადამის ძენი მათდა საცხოვნებლად მიგეძღვნა ღმრთისადმი, ხოლო ჩუენ ცოდვილნი მადლიერებითა გიგალობთ: ალილუია.

გიხაროდენ, იოანე ნათლისმცემლისა მიერ წინამძღურებულო, კრავისაკენ მიმავალო, წმიდაო ანდრია მოციქულო;

გიხაროდენ, რამეთუ უფალმან მეორედ მოგიწოდა ძმისა თანა;

გიხაროდენ, თევზთა სიღრმეთაგან ბადით აღმოყვანების ნაცვლად კაცთა ცოდვათა უფსკრულთაგან აღმოყვანების აღმრჩეველო;

გიხაროდენ, უფლის სიტყვათა მიმღებელო;

გიხაროდენ, რამეთუ ეძიებდი და ჰპოვე მესია;

გიხაროდენ, ღმრთის საიდუმლოთა თანაზიარო;

გიხაროდენ, ზეციურ საქმეთა კაცთათვის განმცხადებელო;

გიხაროდენ, დაუვალი მზის ნათელსა შინა მარადის მოციმციმე პირველ ვარსკვლავო;

გიხაროდენ, დიდთა ჭირთა დათმენითა ზეციურ სავანეში დამკუდრებულო.

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 4


ხვიდოდი რა მაცხოვრისა თანა, ვითარცა ერთი ათორმეტთაგანი, ყურთა შენთა ესმოდა ბაგეთაგან მისთა წარმოთქმულნი სიტყუანი ჭეშმარიტებისანი, თუალითა შენითა ხედვიდი მის მიერ მოქმედებულთა სასწაულთა, ხედვიდი მის მიერ აღდგენილთა და განკურნებულთა და თვით აღივსებოდი მისმიერი მადლითა და ძლიერებითა. ამისთვიცა შეგნატრით, ჩუენ ცოდვილნი, წმიდაო ანდრია მოციქულო და სიყუარულით გიღაღადებთ: ალილუია.



იკოსი 4


ცისა და ქუეყანისა შემოქმედმან უწინარეს საუკუნეთა ინება ცხადად გეხილა უფალი, ყურთა შენთა ესმინა სიტყუანი მისნი, ხელთა მისთაგან მოგეღო საზრდელი, შენზედა გარდმოევლინა ნიჭი სულიწმიდისაი და დასასრულ მისებრ გევნო ჯუარსა ზედა.

გიხაროდენ, უფლისა ცხადად მნახველო და მის თანა მავალო;

გიხაროდენ, იესუ მაცხოვარისა თანამეინახეო და ხელთა მისთაგან საზრდელისა მიმღებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა სასწაულქმედებათა მოწამეო და თვითმხილველო;

გიხაროდენ, მაცხოვარისა ბაგეთაგან გარდმოსულ სიტყუათა გამგონეო;

გიხაროდენ, ბეთსაიდადან ამომავალ სამ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთო;

გიხაროდენ, ეკლესიის საძირკულად სახელდებულ პეტრეს სისხლისმიერო ძმაო და მის თანა ზეციურ იერუსალიმსა შინა დამკვიდრებულო;

გიხაროდენ, ღმრთისა სულიერ ნებათა აღსრულებაო და სულისა წმიდისაითა განწმენდილო და განათლებულო;

გიხაროდენ, სხვათა მოქცევისა და ცხოვნებისათვის მარადის მზრუნველო;

გიხაროდენ, მესიის მპოვნელო და სახელისა მისისათვის ტანჯუათა მრავალთა დამთმენო;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 5


ნეტარ ხარ, წმიდაო ანდრია მოციქულო, რამეთუ შემდგომად ჯუარცმისა იხილე მკუდრეთით აღდგომილი ეფალი შენი, ოდეს სხვათა ძმათა თანა იყოფოდი სენაკსა შინა, მუნ სადაცა დახშულ კართა შინა შემოვიდა უფალი და გრქუათ: „მშვიდობაი თქუენდა“. ნეტარ ხარ, რამეთუ მისისა ამაღლებამდის კუალადცა გეწვიათ იგი განსაქარვებლად ურწმუნოებისა წმიდისა თომა მოციქულისა. ნეტარ ხარ, რამეთუ მოწამე იქმენ ამაღლებისა უფლისა, ოდეს თქვენზედა გარდამოხდა ნიჭები სულიწმიდისაი, წინარევე იესუსა მიერ აღთქმული.



იკოსი 5


მხილველი უფლისა დიდებისაი მისსავე დიდებასა შინა ეგე ბოლომდინ, წმიდაო მოციქულო ანდრია პირველწოდებულო. იხარებდი ბეთსაიდა, რამეთუ შორის შენსა იშვნენ სამნი მოციქულნი მაცხოვარისაი: პეტრე, ანდრია და ფილიპე - გაუქრობელსა ნათელსა შინა მარადის მყოფნი, ნაყოფიერნი მტევანნი ვაზისაი, რომელთა ნაწურისა სიტკბოისა მგემებელნი ჭეშმარიტებასა ეზიარებიან.


გიხაროდენ, მკვდრეთითა აღდგომილისა იესუს ცხადად მხილველო.

გიხაროდენ, ამა სოფლად უფლის ყოველი ქმედებისა მოწამეო;

გიხაროდენ, რამეთუ ძმაი შენი პეტრე ახლდა უფალსა თაბორისა მთასა ზედა, ოდეს მან ფერი იცუალა;

გიხაროდენ, მაცხოვრის დიდებულ ამაღლებისა მჭვრეტელო;

გიხაროდენ, რამეთუ უმზერდი სულიწმიდისა ნიჭთა ცეცხლის ენებად გადმოფრქუევასა;

გიხაროდენ, უფლისა მიერ აღთქმულ სულითა წმიდითა აღვსებულო;

გიხაროდენ, ანგელოზთა თანა დამკვიდრებულო;

გიხაროდენ, ზეციურ სასუფეველსა შინა სხვათაცა დამკვიდრების მოშურნეო;

გიხაროდენ, რამეთუ მარადის იმყოფვი მუნ, სადაცა მოუკლებელად ისმის ანგელოზთა ტკბილი გალობაი.

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 6


შემდგომსა ჟამსა-ამაღლებისა უფლისასა, ყოვლად წმიდა ღმრთისმშობელსა ივერიის მოქცევაი ხუდა წილად, სურვილითა უფლისათა ყოვლადწმიდა მარიამი არა განეშორა იერუსალემსა, ხოლო ივერიისათვის ღმრთისა სიტყვისა სახარებლად შენ აღგირჩია, დედამან ღმრთისამან კურთხევა უფლისაი გაუწყა, შემდგომად ამისა დაიბანნა სახეი თვიისი, სუელსა სახესა ზედა ფიცარი დაიდვნა, მასზედ ღმრთისმშობელი აღიბეჭდა ყრმითურთ. მან ფიცარი გარდმოგიწვდინა, შვილობით მოგმართა და შორეული მგზავრობისთვისა გაკურთხა.



იკოსი 6


დიდად პატივდებულ იქმენ უფლისაგან, ოდეს ნაცულად დედისა მისისა წარგგზავნა ივერიასა შინა სახარებელად. გულისხმისმყოფელი ამისაი უფროის სიყვარულითა და მორჩილებითა აღივსენ.

გიხაროდენ, ღმრთისა დედისაი ცხადად მნახველო;

გიხაროდენ, წმიდისა მარიამისა ბაგეთაგან შვილად წოდებულო;

გიხაროდენ, დიდი საქმისათვისა ნაკურთხო;

გიხაროდენ, რამეთუ მკერდსა ზედა მიიხუენ გამოუწერელი ხატი ყოვლადწმიდისაი ყრმითურთ;

გიხაროდენ, უფლისა მიერ ღმრთისმშობლისა წილხუედრ ქუყანასა შინა წარგზავნილო;

გიხაროდენ, ქრისტეს ნებათა სიყუარულითა და მორჩილებითა აღმსრულებელო;

გიხაროდენ, დაუვალი მზის ნათელში მარადის მყოფო პირველ ვარსკვლავო;

გიხაროდენ, ყოველთა საქმეთა შინა უფლისა შენისა მობაძავო;

გიხაროდენ, ლერწო ძლიერო ვაზისაგან მოუკვეთელო;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 7


ნეტარ ხარ, წმიდაო მოციქულო ანდრია, რამეთუ დაადგ გზასა უფლისასა და გზასა ჭეშმარიტებისასა. იწრო არს და განსარინებლად ძნელ საწყისი გზისა ამისაი, რომელი იგი დიდითა გარჯითა და შრომითა განვლენ და ბოლოი კი თავისა შენისა შეწირვითა დააგვირგვინე, მარადის გფარვიდა მკერდსა ზედა მისვენებული ხატი ღმრთისმშობლისაი.



იკოსი 7


ღმრთისმშობლისა მიერ ნაკურთხი, დალოცვილი და შვილად წოდებული არარად მიიჩნევდი ჭირთა და იწროებათა. მდაბლად და მოთმინებითა მიჰყვებოდი ნებასა უფლისასა და მისივე მადლითა და წყალობითა იყავ დაცული:

გიხაროდენ, რამეთუ უფალმა პირველი გიწვია თვისთან იოანესა თანა;

გიხაროდენ, რამეთუ პირველმან მიირქვ მკერდზედა გამოუწერელი ხატი ღმრთისმშობლისაი;

გიხაროდენ, ამა საქმითაც პირველობით გამორჩეულო;

გიხაროდენ, წმიდა მარიამისაგან ნაკურთხო და დალოცვილო;

გიხაროდენ, უფლისა ნებისა გამო იწროსა გზებზედა მდგარო;

გიხაროდენ, ქორწილსა მას ზეცისასა სიძისა მარჯუენით მჯდომო;

გიხაროდენ, ნათელო სუეტო ივერიისა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, კეთილ საქმეთა აღსასრულებლად ყოვლგნით მოსწრაფედ მავალო;

გიხაროდენ, უღმრთოთა და წარმართთა ღმრთისად მომყვანებელო;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 8


ქუეყანათა მრავალთა განვლისა და ჭირთა უმეტესთა დათმენისა შემღგომ მოხვედ ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდი აჭარაი ეწოდების, სადაცა ურწმუნოთაგან უამრავნი უბედურებანი შეგემთხუივნეს, რაისთვისაცა განუხრელად მადლობდი ღმერთსა. წარმართთ ღმრთის სიტყუასა ახარებდი. დიდმან წადილმან ნაყოფნი გამოიღის ვითარცა ტევანთა ვაზისამან და მათგან გარდმოსულსა სიტკბოებასა მრავალნი დაეწაფნენ, ვითარცა წყაროსა სულისა გადარჩენისა. ჩუენ კი მაქებელნი შენნი მადლიერებით გიღაღადებთ: ალილუია.



იკოსი 8


გიგალობთ და გადიდებთ იმა საქმეთათვის, რაისათვისაცა დაშუერ, წმიდაო მოციქულო ანდრია, ევედრე შენგანა შეყუარებულსა უფალსა ჩუენ ცოდვილთათვის, რაითა სიტყვითა მისითა და მოწადინეობითა შენითა გადარჩენილ წარმართთაებრ განგვინათლოს გონებაი.

გიხაროდენ, უფლისათვისა მრავალ ჭირთა ღამთმენელო;

გიხაროდენ, სიმართლისაკენ ყოველთა ხალხთა მოქცევის მოსურნეო;

გიხაროდენ, ნაყოფიერო ტევანო ვაზისაო, რომლისა გემებითაც ურწმუნონი და უღმრთონი ნათლადა მოიყვანებიან;

გიხაროდენ, ივერთა ჰირველო მახარებელო და წმიდა ნინოსათვის გზათა გამკვალაო;

გიხაროდენ, ხატითა ყოვლადწმინდისაითა მკერდგამშვენებულო და მადლითა მისითა სასწაულთა მრავალთა აღსრულებაო;

გიხაროდენ, ქართველთა სიხარულო და კადნიერებაო;

გიხაროდენ, კერჰთა და ბომონთა შემმუსვრელო;

გიხაროდენ, დაუვალი მზის ნათელსა შინა პირველო მოციაგე ვარსკვლავო;

გიხაროდენ, ნინოს საქმეთა ფრიად კეთილო წამოწყებაო;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 9


მარადის შემწე და მფარველ გყვანდა ხელთუქმნელი ხატი ღმრთისმშობლისაი, წმიდაო მოციქულო ანდრია, აღვსილსა მადლითა მისითა ხელ—გეწიფა აღშენება ტაძრისაი, სადაცა ყოვლაწმიდა მარიამის ხატი დააბრძანე, რომელი სასწაულებრივ გარდავიდა ტილოზედ ხვლთუქმნელ ხატიდან. ხოლო ამ ადგილზედ წყარომან ამოხეთქა. მერმედ ახალმოქცეულ მორწმუნეთაგან აღმორჩეულნი ტაძარსა შინა დააფუძნენ და განაგრძე გზაი. ფერსათის მთაზედ ჯუარი აღმართენ, ნიშნათ მთელ ამ მხარესა შინა ქრისტიანობის განვრცობისა, საცხოვნებლად ჩუენდა და სადიდებლად ღმრთისა. ნუგეშინისცემულნი მადლიერებით გიღაღადებთ: ალილუია.



იკოსი 9


გულისხმასა-ვჰყოფთ ღუაწლსა და სიყუარულსა ჩუენდამი მოძღვნილსა და გევედრებით უხმარნი მონანი შენნი, წმიდაო ანდრია მოციქულო, აღგვადგინენ ცოდვითა დაცემულნი, ვითარცა აღადგინე მხოლოდშობილი ვაჟი დედაკაცისაი, რომელმან საქმემაც დიდი ცილობაი აღძრა შორის კაცთა ურწმუნოთა და მორწმუნეთა. ღმრთისადმი შენი შევრდომითა და საკერპოსა შინა წმიდისა მარიამისა ხატისა შებრძანებითა დაამხუენ კერპნი, აქავე კი ელვისებრ ანათებდა გაღარჩენილი ხატი ღმრთისმშობლისაი.

გიხაროდენ, სასწაულთა ქმედებითა მაცხოვრისა შენისა მბაძველო;

გიხაროდენ, ქვრივისა მხოლოდშობილისა ძისა მკუდრეთით აღმდგენელო;

გიხაროდენ, რამეთუ ფერსათის მთასა ზედა ცხოველისმყოფელი ჯუარი აღმართე, ჯუარი სამომავლო გამარჯვებისაი;

გიხაროდენ, ურწმუნოთა ცილობისა სასწაულითა დამაცხრობელო;

გიხაროდენ, ივერთა გამომხსნელო ბელიარისა მონებისაგან;

გიხაროდენ, წმიდისა ნინოისა წარმართებულთა საქმეთა კეთილო დასაბამო;

გიხაროდენ, რამეთუ განმსჭვალულ იყავ უღმრთოთა და წარმართთა გადარჩენისა წადიერებით;

გიხაროდენ, სულისა წმიდისაითა განათლებულო და ამა ნათლითა სხვათა შემოსვისა მზრუნველო;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 10


იხარებს ტომი ქართველთაი, წმდაო მოციქულო ანდრია, რამეთუ არა დაუტევენ მსწრაფლ მხარეი ჩუენი, არამედ მოვლენ ადგილნი მრავალფერნი და ახარებდი სიმდაბლითა სიტყუასა ღმრთისასა. უწყვეტად ქადაგენ ღმერთი ჭეშმარიტი და ბნელთა შინა განშიშვლებულთ ეჩუენენ შუქად და შემოსენ მათ სამოსი ნათლისაი და სიმართლისაი.

იხარებს ტომი ქართველთაი, რამეთუ მიჰგვარენ მათდა სანუგეშოდ ხელთუქმნელი ხატი ღმრთისმშობლისაი.

იხარებს ტომი ქართველთაი და მდაბლად გიღაღადებს: ალილუია.



იკოსი 10


ვითარ გამოვთქვათ მადლიერებაი ჩუენდამი შენი სიყუარულისა გამო, რომელიცა წინა—გიძღვა კუალადცა ქუეყანასა შინა ჩუენსა, თანახლებითა წმიდათა მოციქულთა სვიმონისა და მატათაისი. არად ჩააგდენ განსაცდელნი დიდნი, არა შეუშინდინ მოწამეობრივ აღსასრულსა წმიდისა სვიმონ მოციქულისაი და უფრორე მონდომებითა განაგრძენ გზაი, რაითა ველურნი და წარმართნი შჯულიერ გეყვნენ.

გიხაროდენ, ივერთა მოდგმის სასოებაო და სიქადულო;

გიხაროდენ, წარმართთა და ველურ კაცთა ქრისტეს ნათლისკენ მომაქცეველო;

გიხაროდენ, რამეთუ შენს მიერ ნაბოძები ხელთუქმნელი ხატი სასწაულთ უწყაროებს მორწმუნეთა;

გიხაროდენ, რამეთუ სიმდაბლითა, მორჩილებითა და სიყუარულითა სძლიე მრისხანესა მტერსა;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ საძირკუელდადებული ეკლესია, წმიდა ნინომ მშუენივრად განასრულა;

გიხაროდენ, პირველ მოციმციმე ვარსკვლავო, ბეთსაიდადან ამომავალო;

გიხაროდენ, სხვათა ცხონებისდა გამო ჭირთა მრავალთა დამთმენელო;

გიხაროდენ, ყოველთა ქრისტიანეთა იმედო და სათაყუანებელო;

გიხაროდენ, რამეთუ ივერიის ტაძართა შინა ღმერთი დღესაც მართლმადიდებლობითა იდიდება;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 11


არა დაშუერ, წმიდაო მოციქულო ანდრია პირველწოდებულო, კეთებითა საქმეთა უფლისაითა; კუალდაცა პირვანდელი წადიერებით აღასრულებდი მათ. თევზთა მებადური კაცთა მებადურად გარდაიქეც, რაითა სახარებისა ბადითა დაჭერილნი მიგეძღვნა ღმრთისადმი. არა გვერდუქციენ ადგილთა განსაკრთომელთა, სადაცა იქაურ ველურ კაცთა მძიმე და უნდოი ბუნებისა მიზეზთა გამო ფრიად გაბედულნი მოგზაურნიცა ვერა შევიდოდიან. უფლისა მადლითა და ძლიერებითა მოათვინიერე ველურნი და ახარე ჭეშმარიტებაი. მუნ (სადაცა დღეს კიევია) მთასა ზედა ჯუარი აღმართე და მომავალ ჟამსა ამ ადგილთა განბრწყინება იწინასწარმეტყველე.



იკოსი 11


ყოვლად დიდებულო, წმიდაო მოციქულო ანდრია, რომელსაც გაქუს ღმრთისა მიმართ კადნიერებაი, ლოცვითა შენითა განგვანათლენ და განგვაბრძენ მოლტოლვილნი შენდამი. მოალბენ და მოამდოვრენ ცოდვათაგან დაზრობილნი გულნი ჩვენნი, ვითარ ესე უყავ ველურთა კაცთა, რომელნიცა არას გერჩდნენ სულიწმიდისა მადლითა აღსავსესა და ღმრთისმშობლისა მიერ ნაკურთხსა და დალოცვილსა.

გიხააროდენ, ყოველთა ხალხთა მომძიებელო და მათთათვის სიმართლისა მაუწყებელო;

გიხაროდენ, გულთა ველურთა მომამდოვრებელო;

გიხაროდენ, რამეთუ აღსრულდა წინასწარმეტყველებაი შენი კაცთა ველურთა ქუეყანისა მერმისში განბრწყინვებისაი;

გიხაროდენ, რამეთუ მუნ ჟამსაცა და ამასა მართლმადიდებლობით თაყუანისიცემება ღმერთი ჭეშმარიტი;

გიხაროდენ, დაუვალი მზის პირველო მოციმციმე ვარსკვლავო, ბეთსაიდადან ამომავალო;

გიხაროდენ, ზღუათა შინა ცოდვისათა ჩაძირულთა ზეცად აღმყუანებელო;

გიხაროდენ, უფლისა გამო გაბედულ მოგზაურად გამოჩინებულო;

გიხაროღენ, რამეთუ ეძიებღი და ჰპოვე მესია მაცხოვარი შენი;

გიხაროდენ, მართლმადიდებელ ქუეყანათა ფეხბედნიერო მეკვლეო;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 12


ღმრთისა ნებათა აღსასრულებლად არა მოიღალნენ თავად უფლისგან განბანილნი ფერხნი შენნი. მოვლე უღვაწნი და უვალნი ადგილნი და მიზეზ ექმენ სულთა მრავალთა დამკვიდრებად სასუფეველსა ღმრთისასა. სადაცა მიხვედ, მუნ ყოველგან კეთილი თესლი ჩასდე სამერმისოდ უხვ ნაყოფთა გამომღებად.

ბოლოდ ბერძენთა ქალაქსა პატრასა მისული შთაგდებულ იქმენ საპყრობილესა შინა, რამეთუ ახარებდი ქრისტესა. სმენისმოყვარენი შენისა ქადაგებისაი მუნაცა გნახვიდნენ, რაითა კუალადცა ესმინათ სიტყუანი საღმრთონი შენთა ბაგეთაგან. მმართველმან ქალაქისამან გიხმო თვისთანა და ქრისტეს უარყოფაი გიბრძანა. არა მოაკელ მცდელობაი ტკბილმოუბრობითა განგენათლა იგი, მაგრამ გული და გონებაი მისი დახშულ იყუნეს ჭეშმარიტებისათვისა. ჩუენ კი შენდამი მოლტოლვილნი პატივისცემითა გიღაღადებთ: ალილუია.



იკოსი 12


ეძიებდი რა სიკვდილსა უფლისთვისა, ღირს იქმენ მისებრ ჯუარცმისა. შემდგომ მოსმენისა განაჩენისა, წარმოთქვი: „ო, ჯუარო, უკვე რა ხანია საყუარელო, ადამიანთაგან წამიყვანენ და თავი ჩემი უფალსა ჩემსა მიჰგუარენ.“ განსაგრძობად წამებისაი მმართველმან ნაცულად მიმშჭუალვისა ჯუარზედ შენი გაკვრისა ბრძანება გასცა. ორ დღე-ღამე ქაღაგე ჯურიდანა, ადამიანთ სიყუარულსა და შენდობას ასწავლიდი. ხალხმა შენი გათავისუფლება ითხოვა, მმართველი იძულებულ იქმნა ესმინა მათთვის, ოდეს ჯარისკაცნი მოგეახლნენ, რაითა გარდმოეხსენ ჯურიდანა, სული შენი უკუე უფალთან განისვენებდა, საყოფელსა მას სამოთხისასა.

გიხაროდენ, უფლისა პირველო წვეულო და დასაბამო მოციქულთაო;

გიხაროდენ, გაბედულო მოგზაურო, გრძელთა და საშიშითა გზათა ზედა მავალო;

გიხაროდენ, ივერთა და ყოველთა ქრისტეანეთა სასოებაო და სიქადულო;

გიხაროდენ, უფლისათვის უტყუთა თევზთა ნაცვლად პირმეტყველთა მიმრთმეველო;

გიხაროდენ, მაცხოვარისა მიერ კლდედ სახელდებულ სვიმონ-პეტრეს ხორციელო ძმაო;

გიხაროდენ, სიმდაბლითა და სიტკბოებითა ველურთა და წარმართთა გულთა მომამდოვრებელო;

გიხაროდენ, დაუვალისა მზისაკენ მიმავალო პირველო ვარსკვლავო;

გიხაროდენ, რამეთუ ღირს იქმენ მაცხოვრისამებრ ჯუარზედ ვნებისაი;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ქადაგებულ ქუეყანათა ტაძართა შინა კუალადცა მართლმადიდებლური კეთილმსახურებაი აღესრულება;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 13


დაუსაბამოისა სიტყვისა მოციქულთა დასაბამო, უფალი იესუ ქრისტეს მიერ თევზთა მებადურობიდან კაცთა მებადურად დადგინებულო, მრავალ ხალხთა განმანათლებელო და გამომხსნელო, უფლისამებრ ჯუარზედ ვნებულო, წმიდაო მოციქულო ანდრია, რომელი მჯდომარე ხარ საყდარსა ღმრისასა ათორმეტთა თანა, და გაქვს ძალი მინიჭებული ცოდვათა შეკვრისა და განხსნისაი, შეიწყნარე შენდამი აღვლენილი კნინი ლოცვაი, შეგვავედრენ ჩუენ ცოდვილნი მოწყალესა ღმერთსა, რაითა სათნო ვეყოთ და შენთანა ვუგალობდეთ სამებასა ერთარსებასა: მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


ეს კონდაკი წაიკითხება 3-გზის.



იკოსი 1


პირველვე სიმართლესა ეძიებდი, წმიდაო მოციქულო, უბრალოითა გულითა შეიცან ჭეშმარიტებაი, მიჰყევნ მას და ყოველსა ჟამსა ერთგულებითა ხვიდოდი გზათა ზედა მისთა და ჭეშმარიტად ღმრთის დაუდუმებელ ქადაგად გამოსჩნდი.


გიხაროდენ, სიყრმით შენითგან ღმრთის სიბრძნისა გამომკვლეველო;

გიხაროდენ, სიმართლისა და ჭეშმარიტებისა მაძიებელო;

გიხაროდენ, დაუვალისა მზისა ნათლით შემოსილო;

გიხაროდენ, მაცხოვრის მიერ მოწოდებულო;

გიხაროდენ, რამეთუ ათთორმეტთაგან ჰირველი გისტუმრა უფალმა იოანეს თანა;

გიხაროდენ, ღმრთისა შენისა ერთგულო ქადაგო;

გიხაროდენ, დიდი საქმისათვის დასაბამითგან კურთხეულო;

გიხაროდენ, ბეთსაიდადან ამომავალო მოციაგე ვარსკვლავო;

გიხაროდენ, სიტყვისა ჭეშმარიტისა მტვრთველო;

გიხაროდენ, ანდრია პირველწოდებულო, მოციქულო ყოვლად დიდებულო.



კონდაკი 1


უფლისა იესუ ქრისტეს პირველ წოდებულო, წმიდაო დიდებულო ანდრია, მოციქულთა დასაბამო, დაუსაბამოისა სიტყვისა პირველ მზრახველო, სიყრმით შენითგან უფლისა მაძიებელო, რომლისთვისცა პირველ წინამორბედისა მოწაფე, ხოლო შემდგომად მაცხოვარისა მოციქული სახელგედვა, მოგუეც ჩუენ ღმრთისადმი შენი შევრდომითა ძალა ღირსად ქებისა შენისა. წმიდაო მოციქულო ანდრია, რომელმან პირველმან უწოდე ქრისტეს მესია, მოიხილენ ჩვენ ცოდვილთა ზედა და წმიდა გუყვენ ლოცვითა შენითა, რაითა გიგალობდეთ ალილუია;



ლოცვა ანდრია მოციქულისადმი


ყოველთა ქრისტიანეთა სადიდებელო და ქართველთა შესავედრებელო, წმიდაო ანდრია მოციქულო, გევედრებით უღირსნი მონანი და მხევალნი შენნი, მოწყალე ჰყავ ჩუენდა მომართ უფალი ღმერთი, რომელთანაცა მარადის იმყოფვი განსჯად ყოველთა კაცთა, ვითარცა აღგითქუათ ათთორმეტთა მოციქულთა. ევედრე უფალსა ჩუენსა, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი - ნებსითნი და უნებლიეთნი, წაგვიშალოს წინაჰართა ცოდვანი და სიმართლისა და ჭეშმარიტებისადმი მოგვაქციოს ანგარებისა და შურისადმი მიდრეკილნი, განგვკურნოს აშჰარტავნებისა და მთავრობისმოყვარეობისაგან, უდებებისა და ფარისევლობის სენთაგან.


ანდრია მოციქულო, ლოცვითა შენითა გვიხსნენ ჩუენზედა საართლად მოვლენილ მრავალ საცთურთა და განსაცდელთაგან, ლოცვითა შენითა დაგვიცვენ ხილულ და უხილავ მტერთაგან და განგვარიდენ შიდა და გარე შფოთთაგან. ევედრე უფალსა ღმერთსა განგვანათლოს მისმიერი ნათლითა, რაითა შემძლებელ ვიქმნეთ გარჩევად ავისა და კეთილისა და რაითა დაუდუმებლად ვადიდებდეთ ყოველთა წმიდათა თანა მამასა და ძესა, და სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!