მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
იესო ქრისტეს ამაღლებისა

 

ჯვარის ნიშის საიდუმლო და მაცხოვნებელი ძალა იმდენად დიდია, რომ უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესასწაულისათვის ეკლესიის მამებს ცალკე დაუჯდომელი არ შეუდგენიათ და ჯვართამაღლების ამ ნათელ დღესასწაულზეც ეკლესიის მიერ დაწესებულია უფლის პატიოსანი და ცხოველყოფელი ჯვარის დაუჯდომელის კითხვა.

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

კონდაკი 1

 

  ზესთამბრძოლო მხედართმთავარო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო! სიკუდილისა მძლეველსა ქებულებათა მოგიძღვანებთ შენ, რამეთუ შემდგომად ყოვლადბრწყინვალისა მკუდრეთით აღდგომისა შენისა დიდებით ამაღლდი ზეცად და ყოვლადწმიდითა ხორცითა შენითა დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, და ჩვენიცა დაცემული ბუნება შენ თანა აღამაღლე და განათავისუფლე ცოდვათაგან და საუკუნოისა სიკუდილისაგან უკუნისამდე. ხოლო ჩვენ, ღმრთაებრივსა შენსა ამაღლებასა მოწაფეთა შენთა თანა ვდღესასწაულობთ და ყოვლითა სულითა გიღაღადებთ შენ:

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



იკოსი 1

 

  მთავარანგელოსთა და ანგელოსთა დასნი წარმოსდგნენ წინაშე შენსა, მეუფეო ყოველთაო, მთასა ზედა ელეონისასა, და შიშითა გხედვიდენ შენ, ხორცითა აღმავალსა სიმაღლედ ზეცად, და ადიდებდნენ დიდებულებასა კაცთმოყუარებისა შენისასა, მგალობელნი შენდა ესრეთ:

იესუ, მეუფეო დიდებისაო, ზეცად ამაღლდი ღაღადებული ხმითა საყვირთაითა.

იესუ, უფალო ძალთაო, აღხუედ ზედა ქერუბიმთასა და ჰფრენდი ფრთეთა ზედა ქართასა.

იესუ, წინად-საუკუნოო ღმერთო, მიეც ხმასა შენსა ხმოვანება ძლიერებისა, და ძრწოდეს დღეს ყოველი ქვეყანა.

იესუ, ნათელო უზენაესო, გამოაჩინე ძალი შენი ღრუბელთა ზედა, და ცეცხლიმცა აღეგზნეს პირისაგან შენისა.

იესუ, გამომსყიდველო ქმნილებისაო, განამზადე ცათა შინა საყდარი შენი, და არცა იყოს დასასრული სუფევისა შენისა.

იესუ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დასჯედ მარჯვენით მამისა შენისა, და იყავნ ღმერთი ყოველთა ყოველსა შინა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 2


 

  გიხილეს რაი შენ მკუდრეთით აღდგომილი, მეუფეო უფალო, ოდეს დღეთა მათ შინა ორმეოცთა გამოუცხადებდი მათ თავსა შენსა, მეტყველი საიდუმლოთათვის სასუფეველისა ღმრთისასა, და მიიღეს რაი შენგან აღთქუმაი არა დატევებად იერუსალემისა, არამედ სასოებად და მოლოდებად მუნ აღთქუმათა მამისათა, ვიდრემდე შეიმოსნეს ძალი მაღლით, ერთსულოვნად იყოფოდნენ ლოცვასა შინა და ერთითა ბაგითა და ერთითა გულთა გიგალობდენ შენ: ალილუია.



იკოსი 2


 

  ოდეს გონიერებასა ღმრთაებისა განგებულებისასა გამოუცხადებდი მოწაფეთა შენთა, ყოვლადსახიერო უფალო, განიყვანე იგინი მიერ ბეთანიით და აღიყვანე მთასა მას ელეონისასა განმზადებად საიდუმლოსა მას დიდსა ზეცად ამაღლებისა შენისა, და ეტყოდი: მოახლებულ არს, ჰოი, მეგობარნო ჩემნო, ჟამი აღსვლისა ჩემისა. წარვედით უკუე ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე, რომელი გესმა ხმისაგან ჩემისა, ყოველთა ენათა და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა. ხოლო იგინი, ჯერეთ მზრახველნი ქვეყნიურისათვის, გკითხვიდენ შენ: „უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კვალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა?“ ხოლო შენ არქვი მათ: „არა თქვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელნი-იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა“, რაითა მარადის განმზადებულ იყუნენ მიგებებად სიძისა ზეციურისა, მღაღადებელნი მისა მიმართ:

იესუ, მწყემსო კეთილო, არაოდეს განმეშორო ჩვენგან, არამედ განუყრელად იყავ ჩვენ თანა.

იესუ, მოძღვარო სახიერო, ნუგეშინის-მცემელი ჩვენი სული წმიდა მოგვივლინე ჩვენ მარადის დამკვიდრებად ჩვენ შორის.

იესუ, განმანათლებელო ჩვენო, განანათლენ სულნი ჩვენნი ამაღლებითა შენითა მამისა მიმართ ზეციერისა.

იესუ, მაცხოვარო ჩვენო, გვიხსენი ჩვენ სულმოკლეობისა და მძვინვარებისაგან ძალითა შენითა.

იესუ, მასწავლელო ჩვენო, სიტყვითა ბაგეთა შენთათა მასწავლე ჩვენ მსახურებაი შენი.

იესუ, შემწეო ჩვენო, სულითა წმიდითა შენითა მოგვახსენე ჩვენ გამოცხადებაი შენი.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 3


 

  ზეგარდამო ძალითა მოციქულთა შემოსვა გსუროდა, იესუ, ოდეს მთასა ზედა ელეონისასა აღუთქვი მათ მოვლინება სულისა წმიდისა. და უბრძანე მათ, რაითა იყვნენ მოწამე შენი იერუსალემს და ყოველსა იუდეასა, და თვით ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა, და არქვი: მოვედით შესლვად კარიბჭითა ჩემითა, განმზადენით გზანი ჩემნი და განუმზადეთ გზაი ერსა ჩემსა და განწმიდენით გზანი ქვათაგან, აღამაღლეთ ნიში ენათა ზედა, რაითა ყოველნი მართალნი თქვენ თანა გალობდნენ: ალილუია.



იკოსი 3


 

  უფსკრულო მოწყალებათაო, უტკბილესო იესუ, მოწაფენი შენნი და დედანი შემოდგომილნი შენდა, ხოლო უფროისად დედაი მშობელი შენი აღურაცხელითა სიხარულითა აღავსე ამაღლებითა შენითა, ოდეს განეშორე მათ და აღიპყარ ხელნი შენნი კურთხევად მათა მეტყუელმან: „აჰა ესერა მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“, ხოლო იგინი, აღვსილნი შიშითა, ადიდებდნენ შენსა ყოვლად-მოწყალესა კეთილმოქმედებასა, მეტყველნი ესრეთ:

იესუ, წყალობათა მომნიჭებელო, შეწყალებისათვის კაცთა ნათესავისა მთასა ზედა ელეონისასა მოსრულო.

იესუ, მგლოვარეთა მხიარულ-მყოფელო, შენ თანა მყოფთა მეგობართა შენთა ნუგეშინის-ცემისა მნებებელო.

იესუ, უსასოოთა სასოებაო, კურთხევითა შენითა ჟამსა მას ზეცად ამაღლებისა შენისასა მოწყინებისაგან ჩვენო დამცველო.

იესუ, შესავედრებელო მიუსაფართაო, შენითა ამაღლებითა ჩვენთვისცა აღსლვისა მამისა თანა ზეციურისა მომმადლებელო.

იესუ, ნუგეშინის-მცემელო - სახიერო, სხუაისა ნუგეშინის-მცემელისა მამისაგან მოვლინებად ჩვენდა აღმთქმელო.

იესუ, დიდო მწყემსო ცხოვართა შენთაო, რომელმან არა სათნო-იყავ განბნევად ერთგულისა სამწყსოისა შენისა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 4


 

  და ქარიშხალი მიუხდომლობისა და მწუხარებისა ფრიადისა აქუნდა შინაგან თავისა მოციქულთა შენთა, ოდეს ცრემლითა და ტყებითა გხედვიდენ შენ, ქრისტე, ამაღლებადსა ღრუბელთა შორის და ტირილითა გეტყოდიან: მეუფეო, ვითარ აწ დაგვიტევებ ჩვენ, მონათა შენთა, რომელნი მოწყალებითა შენითა შეიყვარე? ვიდრე ჰხვალ, უფალო, რომელსა ხელთა გიპყრიეს დასასრულნი ყოველნი? ხოლო ჩვენ, რომელთა დაუტევეთ ყოველი და შემოგიდეგით შენ, ღმერთსა, გვიხაროდა ფრიად სასოებითა მყოფობისა შენ თანა საუკუნოდ. არა დაგვიტეო ჩვენ ობლად, მწყემსო კეთილო ჩვენო, არამედ მოგვივლინე ჩვენ ნუგეშინის-მცემელი ყოვლადწმიდა სული შენი მასწავლელად, განმანათლებელად და მაკურთხეველად სულთა ჩვენთა, რაითა მადლობით გიგალობდეთ შენ: ალილუია.



იკოსი 4


 

  გესმოდა რაი ტყებაი მოწაფეთა შენთა, მეუფეო უფალო, დამწუხრებულთა განშორებისათვის შენისა, მოეც მათ, მეგობართა შენთა, ყოვლადსრული კურთხევა, მეტყველმან: „ნუ სტირთ, საყუარელნო, და დრტვინვაიცა ეგე ყოველთა განაგდეთ! ესე სარგებელ არს თქვენდა, ვითარმედ აღვალ მე მამისა ჩემისა თანა, და უკუეთუ არა წარვიდე, არა მოვიდეს თქვენდა ნუგეშინის-მცემელი. თქვენთვის ზეცით გარდამოვხედ და თქვენთვისვე აღვალ კვალად ზეცად, რაითა მუნ განგიმზადო თქვენ ადგილი; არა დაგიტევნეთ თქვენ ობლად, ცხოვარნო ჩემნო, რომელნი შემოგიკრიბენით მე; არა დაგივიწყო თქვენ, რომელნი შეგიყვარეთ მე“. ხოლო იგინი, ნუგეშინის-ცემულნი ღმრთაებრივთაგან სიტყუათა ამათ, ლმობილითა გულითა გიღაღადებდეს შენ ესრეთ:

იესუ, ყოვლადსახიერო, რომელმან მწუხარება და ცრემლნი ჩვენნი სიხარულად გარდასცვალე, ნუ მოგვაკლებ ჩვენ საუკუნოსაცა სიხარულსა სასუფეველსა შინა შენსა.

იესუ, ყოვლადუხვო, რომელმან სიხარულითა აღმავსე ჩვენ ამაღლებითა შენითა, მარადის სიხარულითა დაიცევ სულნი ჩვენნი ამა ქვეყნიურსაცა მსხემობასა შინა ჩვენსა.

იესუ, ვითარცა მფრინველმან შეიკრიბნის მართვენი ფრთეთა ქვეშე თვისთა, ეგრეთვე ჩვენცა არა გვიტევო განშორებად ყურეთა მათ სოფლისათა.

იესუ, რომელმან საკრველითა სიყუარულისაითა შეგვაერთე ჩვენ სერობასა მას, არა მიგვცე ჩვენ განბნევად ვითარცა იფქლი მოქმედებითა სატანისაითა.

იესუ, რომელმან მშვიდობაი შენი დაგვიტევე ჩვენ სამკვიდრებელად, დაგვიმარხე ჩვენ ერთსულოვნებასა, ერთსა აზრსა და სიყუარულსა შინა შენსა.

იესუ, რომელმან სავანენი მრავალ განაგე სამოთხესა, ჩვენცა განგვიმზადე ადგილი ზეციურსა სამკვიდრებელსა შენსა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეოს ჩვენ ობლად.



კონდაკი 5


 

  ღმრთივმდინარმან ღრუბელმან ყოვლადნათელმან აღგიტაცა შენ, ცხოვრების მომცემელო იესუ, ხილულად მოწაფეთათვის შენთა, ოდეს განხვედ მათგან, აკურთხე იგინი და ესრეთ მრავლითა დიდებითა, ვითარცა მჯდომარემან ფრთეთა ზედა ქერუბიმთასა, აღასრულე ყოვლად საკვირველი აღსლვაი შენი ზეცად მიმართ მამისა შენისა, რომელ პირველ აქამომდე განუვლელ იყო გზაი ესე სულთა გამო ბოროტთა ცისქვეშეთისათა და მთავართა მათ ხელმწიფებათა ჰაერთასა, გარნა აწ შინაგან თვისა შეგიწყნარა შენ, რაითა ყოველთა ქმნილებათაგან ხილულთა და არახილულთა ისმენდე გალობასა ანგელოსთასა: ალილუია.



იკოსი 5


 

 ოდეს იხილეს ყოვლადდიდებული ამაღლებაი შენი ხორცითა შენითა ზეცად, მეუფეო ქმნილებათაო, დასნი ანგელოსთანი, მყოფნი ქვეყანად, შეძრწუნდებოდიან და უღაღადებდენ ძალთა მათ ზენაართა: აღახვენით ბჭენი საუკუნენი, რამეთუ მოვალს მეუფე დიდებისაი, აღეხვენით თქვენცა, ცანო და ცანო ცათანო, და მიიღეთ უფალი ძალთაი და თაყვანის-ეცით მას ღაღადებითა:

იესუ, ბრწყინვალებაო მამისა დიდებისაო, განგვანათლე ჩვენ ნათლითა პირისა შენისაითა.

იესუ, ზენაართა გონებათა ელვარებაო, განგვაბრწყინვე ჩვენ ნათლითა პირისა შენისაითა.

იესუ, მოსრულო უნათლესად ცეცხლისა და უმძაფრესად ქარიშხალისა, ზეგარდამო მოუწოდე გონიერსა ცასა შენსა.

იესუ, დიდო და ქებულო ფრიად წმიდასა ზენაარსა სამყოფელსა შენსა, სიმართლე შენი ამცნე ცათა შინა.

იესუ, რომელმან ცათადმდე განადიდე წყალობაი შენი, გამოგვიცხადე დიდება შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა.

იესუ, აღსრულო ცათა ცათასა აღმოსავალით, საუკუნოდ ეგოს სიტყუაი შენი ცათა შინა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 6


 

  ღმრთაებრივისა დიდებისა შენისა მქადაგებელთა, უმთავრესთა წოდებათა ანგელოსთასა, მყოფთა სიმაღლეთა შინა ცათასა: უფლებათა, საყდართა, მრავალთვალიანთა ქერუბიმთა და ექვსფრთოვანთა სერაბიმთა ერთობით განახვნეს ყოველნი სიმაღლენი ცათანი, და მოგეგებვოდეს შენ, მეუფესა ყოველთასა, და ოდეს გხედვიდენ ამაღლებულსა ხორციელად, განკვირვებულნი ჰკითხვიდენ ურთიერთას: ვინ არს ესე, მოსრული ედომიდან, მპყრობელი ხელმწიფებისა და ძლიერი ბრძოლასა შინა? ვინა არს ესე, მოსრული ბასორიდან, რომელი არს ხორცით? რაისათვის არს მეწამული სამოსელი მისი, ვითარცა შესვარული სისხლითა და რაისათვის აქუს გვირგვინი ეკლისაი? ესე არს ჭეშმარიტად მეუფე დიდებისაი, ტარიგი ღმრთისაი, დაკლული ხსნისათვის სოფლისა და მკუდრეთით აღმდგარი, ხოლო აწ ხორციელად მომავალი დაჯდომად მარჯვენით მამისა, რომელსა მარადის ვუგალობდეთ: ალილუია.



იკოსი 6


 

  ღმრთაებრივითა დიდებითა გამობრწყინდი შენ, იესუ, ოდეს ბუნება კაცობრივი, რომელიცა შეიმოსე, მოწყალედ აღამაღლე დაჯდომად მარჯვენით მამისა შენისა და განაღმრთე. ამისთვის ზეციურნი წესნი უხორცონი, სასწაულითა მით განკვირვებულნი, შეძრწუნდეს და ძრწოლითა და თრთოლვითა განადიდებდეს კაცთმოყვარებასა შენსა, უფალო. ხოლო მათ თანა ჩვენცა, ქვეყნიურნი ესე, განმადიდებელნი შენისა დამდაბლებისა ჩვენთვის და ჩვენგან ზეცად ამაღლებისა, გლოცავთ და გეტყვით:

იესუ, ნაკადულო სიცოცხლისაო, ზეცად ამაღლებითა შენითა გვიჩვენე ჩვენ, მსხემთა ამათ ქვეყანისათა, გზაი საუკუნოისა ცხოვრებისა ზეცისა იერუსალემს.

იესუ, უფსკრულო მოწყალებათაო, მარჯვენით მამისა შენისა ჯდომითა ხორცისა ჩვენისა ბუნებაცა განაღმრთოვე.

იესუ, რომელმან ქედსა შენსა იდევ წყმედული ბუნება ჩვენი, ჩემნიცა აღიღე მძიმენი შეცოდებანი.

იესუ, ხორციელად აღსრულო უხორცოისა მამისა, ზე-აღამაღლე ჩემნიცა ქვენად ქვეყანად დადრეკილნი ზრახვანი.

იესუ, ქვეყანისაგან მარჯვენით ღმრთისა და მამისა ამაღლებულო, მეცა მომმადლე მიღებად ნაწილი მარჯვენე ცხოვართა ცხორებულთა.

იესუ, სიონით კეთილმშვენიერებისა შენისა გამომაჩინებელო, ღირს მყავ მეცა თანა-ზიარებად საუკუნოისა ნეტარებისა შენისა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 7


 

  გსუროდა რაი ამაღლება და განდიდება ბუნებისა კაცთასა, დაცემულისა ადამის მიერ, შენ, ვითარცა სხუაი ადამ, აღხუედ ცათა სიმაღლედ, განამზადე საყდარი შენი უკუნითი უკუნისამდე და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, ღმრთაებითა შენითა არცაღა ოდეს განშორებული წიაღთაგან მამისა. ამისთვის მოვედით ყოველნი, რაითა თაყვანი-ვსცეთ დაგლახაკებულსა ჩვენთვის და მარჯვენით მამისა ამაღლებულსა იესუსა, მივუძღვანოთ მას დიდება და სულის სიღრმითგან ვუგალობოთ: ალილუია.



იკოსი 7


 

  ახალი და წმიდა ცხოვრება გამოაჩინე, უფალო, ოდეს ხორცითა შენითა აღხუედ ცათა შინა, რაითა მრავლითა ცოდვითა დაძუელებული სოფელი ესე განაახლო აღდგომითა და ზეცად ამაღლებითა შენითა, და ჩვენცა ცხადად გვიჩვენო, ვითარცა იტყვის ღმრთაებრივი პავლე, ვითარმედ მოქალაქობაი ჩვენი ცათა შინა არს. ამისთვის განვეყენებით ამაოსა სოფელსა ამას, გონებასა ჩვენსა ზეცად მივაპყრობთ და გიღაღადებთ შენ ესრეთ:

იესუ, ზეციერთა ანგელოსთა თანა ამაღლებითა შენითა ზეცად ღმრთაებრ მოგვიწოდებ, რაითა ვიღვაწოთ მოქალაქეობისათვის ცათა შინა.

იესუ, კაცთა თანა ქვეყნიურო ხორცითა, ქვეყანისაგან განსლვითა შენითა გვასწავლი უარყოფასა სოფლისა სიყვარულისა.

იესუ, მოსრულო მოძიებად ცხოვარისა წყმედულისა, ჩვენცა აღგვიყვანე არაწყმედულთა მათ ცხოვართა შენთა თანა ცათა შინა.

იესუ, მოსრულო შეუღლებად ბუნებათა დაშორებულთა, აწ შეგვაერთე ქვეყანისაგანნი ზეციერთა წიაღსა მამისა მაღლისასა.

იესუ, ღრუბელთა შორის სუბუქად აღსრულო ზეცად, ღირს-გვყავი ჩვენცა დატევებად ქვეყნიერისა და მარადის ხედვად ცათა კარიბჭისა.

იესუ, დიდებასა შენსა შინა მჯდომარეო საყდარსა ზედა ღმრთაებისასა, მოგუეც ჩვენ აღხილვად სულიერთა თვალთა და სჯულისაგან გულისხმის-ყოფად საკვირველებათა შენთა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 8


 

  უცხო და საკვირველ არს მკუდრეთით აღდგომაი შენი, ცხოვრების მომცემელო ქრისტე; უცხო და საშინელ არს წმიდა მთით ღმრთაებრივი ამაღლებაი შენი, უფალო; მიუწვდომელ და გონებასა აღმატებულ არს ხორციელად ჯდომაი მარჯვენით მამისა შენისა, რომლისათვის სულითა იტყოდა დავით: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დასჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა“. ამისთვის ყოველნი ძალნი ცათანი, მხედველნი ზეცად ამაღლებისა შენისა, ჭეშმარიტად დაგეგნენ ფერხთა ქვეშე შენთა, მგალობელნი ანგელოსებრითა ენითა გალობისა ქერუბიმთასა: ალილუია.



იკოსი 8


 

  ყოვლითურთ იყავ მაღალთა შინა ღმრთაებითა შენითა, უტკბილესო იესუ, ოდეს ნებსით ამაღლდი ზეცად დიდებით ჩვენთვის და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, გარნა არცა რაითურთით ქვეყანისაგანთა განეშორე, არამედ მოგუეც ჩვენ აღთქუმაი მარადის განუყრელად ყოფად ეკლესიასა შინა და ეტყოდი მოყუარეთა შენთა: „მე თქვენ თანა ვარ და არცაღა ვინ გერეოდის თქვენ“. ამა მოწყალისა აღთქუმისა მხსომებელნი და შემკრძალავნი გულთა შინა ჩვენთა, სიყვარულით გიღაღადებთ შენ ესრეთ:

იესუ, რომელსა შემდგომად ზეცად ამაღლებისა შენისა მოგეცა ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, – ჩვენცა შეგვიწყნარე საუკუნოსა სამკვიდრებელსა შენსა.

იესუ, რომელმან ყოვლითა სიხარულითა აღავსე მოწაფენი შენნი აღთქმითა სულისა წმიდისაითა, – ჩვენცა აღგუავსე მადლითა მოსლვისა მისისა.

იესუ, რომელმან მოსდრიკენ ცანი გარდამოსლვითა შენითა, ჩემიცა ქვედადრეკილი ამპარტავნება დასდრიკენ წინაშე დიდებისა შენისა.

იესუ, რომელმან ყოველი ქმნილება აღამაღლე - აღსლვითა შენითა, ზე-აღიყუანე სულიცა ჩემი გალობად ანგელოსთა თანა სიწმიდისა მიმართ შენისა.

იესუ სიტყუაო ღმრთისაო, რომელმან სიტყუითა შენითა ცანი დაამტკიცენ, განამტკიცენ გულსაცა შინა ჩემსა სიტყუანი შენნი, რაითა არღარა გცოდო შენ.

იესუ, ძეო მამისაო, რომელმან სულითა ბაგისა შენისაითა ყოველი ძალი შენი გამოგვიცხადე ჩვენ, სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა, რაითა არა შევიბილწო.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 9


 

 ყოველი დაცემული ბუნება კაცობრივი, ქვე-დადრეკილი და ცოდვითა განხრწნილი, აღიღე ქედსა ზედა შენსა, მეუფეო უფალო, ახლადშემქმნელო თავით თვისით, და უაღმატებულეს ყოველთა დასაბამთა და ხელმწიფებათა აღიყვანე დღეს ზეცად და ღმრთისა და მამისა მიიყვანე და შენ თანა მჯდომარე ჰყავ საყდარსა ზეცისასა, რაითა განანათლო, აკურთხო, განადიდო და განაღმრთო იგი შენ თანა. ხოლო უხორცონი ძალნი, განკვირვებულნი შენთვის, იტყოდნენ: ვინ არს შუენიერი კაცი ესე? გარნა არა კაცი ოდენ, არამედ ერთობით ღმერთი და კაცი, რომელსაცა დაე, მარადის ვუგალობდეთ: ალილუია.



იკოსი 9


 

  ღმრთაებრივნი მჭევრმეტყველნი, მოწაფენი შენნი, მაცხოვარო, განკვირვებულნი იყვნეს ყოვლადდიდებულისა ამაღლებისათვის შენისა, და ვითარ-იგი ხედვიდეს მწუხარედ ზეცად აღსლვასა შენსა, და აჰა ესერა ორნი ანგელოსნი მოადგეს მათ სამოსლითა - სპეტაკითა და ჰრქუეს მათ ნუგეშინის ცემისათვის, ვითარმედ: „კაცნო გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“. ოდეს ესმა ანგელოსთაგან მოწაფეთა შენთა ხარებაი ესე მეორედ მოსლვისათვის შენისა, აღივსნეს თრთოლვითა სიხარულისაითა, ხოლო მათ თანა ჩვენცა სიხარულით გიგალობთ შენ ესრეთ:

იესუ, ყოვლითა დიდებითა შენითა ჩვენგან ამაღლებულო, – ჰე, მოვედ მალე წმიდათა ანგელოსთა შენთა თანა.

იესუ, რომელსა გეგულების კვალად მოსლვა აღსრულებად მართლისა მის სამსჯავროისა, – ჰე, მოვედ დიდებით ნათელსა შინა წმიდათა შენთასა.

იესუ, დიდო და საშინელო ფრიად ყოველთათვის მდგომარეთა გარემოის შენსა, — შეიწყალე და დაიცევ მაშინ ყოველნი მშვიდნი ქვეყანისანი.

იესუ, განდიდებადო ზრახვასა შინა წმიდათა შენთასა, თვით შენ დიდებულ გვყავ ჩვენ სასუფეველსა შენსა ცათასა.

იესუ, რომელმან ხორცითა განვლე ცანი, სათნო-იყავ გაყვანად. სულთაცა ჩვენთა საზვერეთა შორის ჰაერთასა და ხილვად პირსა შენსა.

იესუ, ღრუბელთა ზედა ზეცისათა აღმავალო, ღირს გვყავი ჩვენცა, რაითა სიხარულითა და კადნიერებით მოგეგებვოთ შენ ღრუბელთა ზედა დღესა მას უკანაისკნელსა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეოს ჩვენ ობლად.



კონდაკი 10


 

  გსუროდა რაი ცხორებაი მყოფთა შენ თანა მოწაფეთა, ქრისტე მაცხოვარო, და ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს სიტყვანი მათნი შენთვის და შემოგიდგეს შენ, აღხუედ ცათა შინა, რაითა განუმზადო მათ ადგილი, რამეთუ სახლსა შინა მამისა შენისასა სავანენი მრავალ არიან, ვითარცა თავად ეტყოდი მათ მიმავალი ვნებად და არქვი: „და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქვენ ადგილი, კვალად მოვიდე და წარგიყვანნე თქვენ თავისა ჩემისა თანა, რაითა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ“. ამისთვის ღირსგვყავ ჩვენცა, უფალო, რაითა ოდეს აღვალთ ჩვენ ზეცად შემდგომად სიკუდილისა ჩვენისა, მოვიპოვოთ ტაძარი საუკუნო ხელით-უქმნელი ცათა შინა, განმზადებული არა ხისაგან ანუ თივისა და ლელწამისაგან ხორციელთათვის საქმეთა ჩვენთა, რომელთა ვერღა უძლონ წინაშე ცეცხლისა, არამედ სამკვიდრებელი ოქროისა ანუ ვერცხლისა და ქვათა პატიოსანთა, შენებული საფუძველსა ზედა ღმრთაებისა შენისა, რომელსა შინა მყოფნი მარადის გადიდებდეთ და გიგალობდეთ შენ: ალილუია.



იკოსი 10


 

  მეუფეო წინადსაუკუნოო, იესუ ქრისტე, ზეცად აღსრულო ყოვლადწმიდითა ხორცითა შენითა და ჩვენ ყოველთა მომწოდებელო ზეციურისა მამულისად ჩვენისა, ზე-აღგვიყვანე ცათა მაღლედ ჩვენცა, ქვე-დამხობილნი ესე, ამა სოფლისა მიდრეკილებათაგან და ხორციელ ბრძნობათაგან და ამათ დღეთავე შინა ხორციელისა ცხოვრებისა ჩვენისათა მოგვეც ძალი, რაითა უზაკველითა მოწმობითა სვინიდისისა ჩვენისაითა ვეზიარნეთ ზეციურსა ცხოვრებასა და მარადის ვშჭამდეთ ზეციურსა საზრდოსა საიდუმლოსა შინა საღმრთოისა ზიარებისა შენისასა, და წრფელითა გულითა და მართლითა სულითა გიგალობდეთ შენ ესრეთ:

იესუ, მომავალ სიკეთეთა დიდო მღუდელთ-მოძღვარო, რომელმან ამაღლებასა შინა შენსა ხორცითა განვლე ცანი და აღხუედ არა ხელით-ქმნილსა ტაძარსა, არამედ თვით ცათა შინა, რაითა წინაშე პირსა ღმრთისასა მეოხ იყო ჩვენთვის.

იესუ, ზეციურო ხუროთ-მოძღუარო, ხელით-უქმნელისა კარვისა ცათა შინა აღმშენებელო და მხოლოო შესრულო წმიდასა წმიდათა შინა მამისა სისხლითა შენითა, რაითა აღასრულო საუკუნო გამოსყიდვა.

იესუ, უმანკო კრავო ღმრთისაო, მხოლოო დაკლულო ცოდვათათვის სოფლისა, რომელმან აღიღე ცოდვანი მრავალთანი, აწ ჩემიცა სინანული, ცოდვათათვის მოტანილი, აღიყვანე საყდარსა ღმრთისასა.

იესუ, ახლისა აღთქმისა მეოხო, ერთო მხოლოო მამისა თანა აღსრულო განღებად გზისა კარვისა მიმართ ზეციურისა, – აწ ჩემნიცა სულთ-თქმანი შეიწყნარე არაწმიდებისათვის ჩემისა. იესუ, საყვარელო სიძეო ჩვენო, ნათელმბრწყინვალისა პალატისა ცათა შინა განმამზადებელო, – აწ განუმზადე მუნ ადგილი მსურველთა მსახურებად შენ მხოლოისა.

იესუ, ცხოვართა შენთა მწყემსო კეთილო, ზეციურისა საძოვრებისა სამოთხესა შინა სამწყსოსათვის შენისა აღმომაცენებელო, – აწ მოგვეც გვირგვინნი ჩვენ, რომელთა შენ მხოლოისა შემოდგომად გვსურის.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 11


 

  გალობასა ყოვლადსალმობიერსა მოუძღვანებდა ღმრთაებრივსა ამაღლებასა შენსა, სიტყუაო, ყოვლად უბიწო მშობელი დედაი შენი, რამეთუ მას, ვითარცა დედასა, უფროის ყოველთასა ელმოდა შენთვის ვნებათა შინა შენთა; ამისთვის შეჰგავდა მისა მრავლითა სიხარულითა ტკბობად განდიდებასა ხორცისა შენისა; და ესევითარითა დიდითა სიხარულითა გარდამოხდებოდა იგი მთით ელეონით მოციქულთა თანა, მიიქცეოდა იერუსალემდ და აღვიიდოდა ქორედსა მას, სადა-იგი შეკრებულ იქმნენ მოციქულნი ყოველნი ღვაწლისათვის ლოცვა-ვედრებისა და მარხვისა ერთობით მენელსაცხებლეთა დედათა თანა და დედისა შენისა და ძმათა შენთა თანა სასოებითა მომლოდინედ გარდამოსლვისა სულისა წმიდისასა, და ესრეთ აქებდეს, აკურთხევდეს და უგალობდეს ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 11


 

  ნათელი საუკუნო და უხრწნელი გამოუბრწყინდა ყოველსა სოფელსა წმიდით მთით ელეონით, სადა-იგი დგეს ყოვლადწმიდანი ფერხნი შენნი, ქრისტე მაცხოვარო, ოდეს დიდებით ამაღლდი ზეცად, და მეყვსეულად განვვლე ცანი, განახვენ კარნი ცათანი, დახშულნი დაცემითა ადამისაითა, და შენ თავადმან, რომელი ხარ გზაი, ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი, ყოველსა ხორციელსაცა განუღე გზა სავანეთა მიმართ მამისა შენისა ზეციურისათა, ვითარცა აღუთქვი მოწაფეთა შენთა მეტყველმან: „ამიერითგან იხილოთ ცა განხმული და ანგელოსნი ღმრთისანი აღმავალნი და გარდამომავალნი ძისა თანა კაცისასა“; ამისთვის ვუწყით რაი გზა შენი, ვითარმედ არავინ მივალს მამისა, გარნა შენ მიერ, გიგალობთ შენ ესრეთ:

იესუ, ნათელთა ღრუბელთა ზედა აღსრულო მამისა შენისა მიმართ, – აწ აღმინთე დაშრეტილი ლამპარი ესე სულისა ჩემისა.

იესუ, ბრწყინვალებათა შორის წმიდათა შენთასა ამაღლებულმან ზეცად, – აწ ცხოველსმყოფელი ცეცხლი შენი აღმიგზნე გულსა შინა ჩემსა.

იესუ, უფროის მზისა მბრწყინავო სიმაღლეთა ცათასა ამაღლებასა შინა შენსა, – აწ სულისა შენისა სიტფოითა · აოტე სიგრილე სულისა ჩემისა.

იესუ, რომელმან ნათელი ნათლისაგან ღმრთაებისა შენისა გამოუბრწყინვე სოფელსა მამისაგან, – აწ განგვანათლე ნათლითა სიტყვათა შენთათა ჩვენცა, მძინარენი ესე ღამესა შინა ცოდვისასა.

იესუ, მზეო სიმართლისაო, რომელსა ცისა კიდით გაქუს აღმოსავალი შენი და მიგებება შენი თვით ცისა კიდით კიდედმდე, – ყოველსა ქვეყანასა მაუწყე ჩვენ მარადის მცნებანი შენნი.

იესუ, ნათელო მიუაჩრდილებელო, რომელი მეორედ მოსლვასა შენსა იქმნები ეგრეთ, ვითარცა ელვაი რაი ბრწყინავნ აღმოსავალით ვიდრე დასავალადმდე, – ცეცხლითა რისხვისა შენისაითა არა შემწუა ჩვენ მაშინ.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 12


 

  ახალი მადლი მოეც, უტკბილესო იესუ, სრულყოფად წმიდათა შენთა და აღშენებად წმიდისა ეკლესიისა შენისა, ოდეს ზეცად აღხუედ ყოვლადწმიდითა ხორცითა შენითა და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, ვითარცა წერილ არს: „პირველ გარდამოხდი ქვენათა მხარეთა ქვეყანისათა ცხოვრებად ჩვენთა, ხოლო აწ აღხუედ სიმაღლედ უაღმატებულეს ყოველთა ცათასა, რაითა ყოველივე ქმნა სრულყოფად წმიდათა და აღშენებად სხეულისა ქრისტესა, ამისთვის ტყუე-ჰქმენ მონება და მოჰმადლე საბოძვარნი კაცთა, რაითა შენდა ერთობით სარწმუნოებისა და შემეცნებისათა ყოველნივე მოვიწივნეთ შენდა, ძისა ღმრთისასა, სრულად კაცად ზომად ასაკისა შენისა, მოვიპოვოთ ხსნა და მადლობით გიგალობდეთ შენ: ალილუია.



იკოსი 12


 

  ვუგალობთ რა შენსა ნებსითსა დიდებით ამაღლებასა ზეცად, თაყვანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, მარჯვენით ღმრთისა და მამისა თანა-ჯდომასა შენსა, და ვადიდებთ სუფევასა შენსა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ხოლო მოციქულთა თანა გურწამს, ვითარმედ ჭეშმარიტად ვითარ-იგი ზეცად აღხუედ, ეგრეთვე გეგულების მოსლვად მეორედ ღრუბელთა ზედა დიდებითა და ძალითა მრავლითა. მაშინ უკუე არა გუარცხვინო ჩვენ, მორწმუნენი შენნი, რომელნი ესრეთ გიღაღადებთ შენ:

იესუ, მამისა შენისა თანა საყდარსა ღმრთაებისასა მარადის მჯდომარეო, – ღირს-ჰყავ დაჯდომად შენ თანა სუფევასა შენსა ყოველნი, რომელთა უძლევიეს სოფელსა ამას შეწევნითა შენითა. იესუ, წმიდისა ნუგეშინის-მცემელისა სულისა შენისა თანა მარადის თაყვანის-ცემულო, – არა მოგვაკლო ჩვენ აღთქმისაებრ შენისა მოვლინება მისი სამსახურებელად შენდა.

იესუ, ქერუბიმთა და სერაბიმთა და ყოველთა წმიდათა დასთა თანა ცათა შინა მყოფო შემდგომად ამაღლებისა შენისა, მოგუმადლე ჩვენ, ლოცვად შემოკრებილთა შენისა სახელისათვის, რაითა შევიგრძნოთ მყოფობა შენი.

იესუ, რომელმან შემდგომად ზეცად აღსლვისა შენისა წმიდანი ტაძარნი მოჰმადლე მართლიად მორწმუნეთა შენთა, შეგვეწიე ჩვენ, ტაძარსა შინა მდგომარეთა, რაითა ცათა შინა ვიყოფვოდეთ ზრახვითა ჩვენითა.

იესუ, რომელმან შემდგომად შენისა აღსლვისა ყოვლადწმიდა დედაი შენი დაუტევე მოციქულთა ლოცვად ყოვლისა სოფლისათვის, – ნუ დაგვიტევებ ჩვენცა თვინიერ მეოხ-მყოფელობისა წმიდათა შენთასა.

იესუ, რომელმან შემდგომად ამაღლებისა შენისა ეკლესია – სძალი შენი – დაგვიტევე ქვეყანასა ზედა დასასრულადმდე სოფლისა, – ნუ მოგვაკლებ ჩვენ, შვილთა მისთა, მადლმოსილთა ნიჭთა შენთა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 13


 

  ჰოი, ყოვლად ტკბილო და ყოვლად უხვო იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო და მარჯვენით ღმრთისა და მამისა ჯდომითა ჩვენისა დაცემულისა ბუნებისა შემწყალებელო და განმღრთოვებელო! მოიხილე ცათა სიმაღლეთაგან ამა უძლურთა და ქვეყანად ქვე-დადრეკილთა მონათა შენთა ზედა და მოგუმადლე ჩვენ ზეგარდამო ძალი ძლევად ყოველთა საცთურთა, მოწევნულთა ჩვენ ზედა გულისთქმათაგან ხორცთა, ამა სოფლისაგან და ეშმაკისაგან, რაითა ვისიბრძნიდეთ ზეცისასა, და არა ქვეყანისასა. და დაგვიცევ ჩვენ ყოველთაგან მტერთა – ხილულთა და არახილულთა, აღდგომილთა ჩვენს მომართ. ხოლო შემდგომად აღსრულებისა ქვეყნიურისა ცხოვრებისა ჩვენისა, აღიყვანე სულნი ჩვენნი სავანეთა შინა ზეცისათა, სადა-იგი ყოველთა წმიდათა შენთა თანა მარადის გიგალობთ შენ: ალილუია. (3-გზის



იკოსი 1

 

  მთავარანგელოსთა და ანგელოსთა დასნი წარმოსდგნენ წინაშე შენსა, მეუფეო ყოველთაო, მთასა ზედა ელეონისასა, და შიშითა გხედვიდენ შენ, ხორცითა აღმავალსა სიმაღლედ ზეცად, და ადიდებდნენ დიდებულებასა კაცთმოყუარებისა შენისასა, მგალობელნი შენდა ესრეთ:

იესუ, მეუფეო დიდებისაო, ზეცად ამაღლდი ღაღადებული ხმითა საყვირთაითა.

იესუ, უფალო ძალთაო, აღხუედ ზედა ქერუბიმთასა და ჰფრენდი ფრთეთა ზედა ქართასა.

იესუ, წინად-საუკუნოო ღმერთო, მიეც ხმასა შენსა ხმოვანება ძლიერებისა, და ძრწოდეს დღეს ყოველი ქვეყანა.

იესუ, ნათელო უზენაესო, გამოაჩინე ძალი შენი ღრუბელთა ზედა, და ცეცხლიმცა აღეგზნეს პირისაგან შენისა.

იესუ, გამომსყიდველო ქმნილებისაო, განამზადე ცათა შინა საყდარი შენი, და არცა იყოს დასასრული სუფევისა შენისა.

იესუ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დასჯედ მარჯვენით მამისა შენისა, და იყავნ ღმერთი ყოველთა ყოველსა შინა.

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



კონდაკი 1

 

  ზესთამბრძოლო მხედართმთავარო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო! სიკუდილისა მძლეველსა ქებულებათა მოგიძღვანებთ შენ, რამეთუ შემდგომად ყოვლადბრწყინვალისა მკუდრეთით აღდგომისა შენისა დიდებით ამაღლდი ზეცად და ყოვლადწმიდითა ხორცითა შენითა დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, და ჩვენიცა დაცემული ბუნება შენ თანა აღამაღლე და განათავისუფლე ცოდვათაგან და საუკუნოისა სიკუდილისაგან უკუნისამდე. ხოლო ჩვენ, ღმრთაებრივსა შენსა ამაღლებასა მოწაფეთა შენთა თანა ვდღესასწაულობთ და ყოვლითა სულითა გიღაღადებთ შენ:

იესუ, ჩვენგან ზეცად ამაღლებულო, არა დაგვიტეო ჩვენ ობლად.



ლოცვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ამაღლებაზე

 

  უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელი ზეციურ სიმაღლეთაგან გარდამოჰხედ ქვეყანად ჩვენისა ცხოვრებისათვის და აღგვავსე ჩვენ სულიერითა სიხარულითა წმიდათა და ყოვლადწმიდათა დღეთა შინა აღდგომისა შენისათა, კვალად შემდგომად აღსრულებისა ქვეყნიურისა მსახურებისა შენისა ამაღლდი ჩვენგან ზეცად დიდებით და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა!

დღესა ამას, ნათელსა და ყოვლადბრწყინვალესა ღმრთაებრივისა ამაღლებისა შენისა ზეცად, ქვეყანა დღესასწაულობს და განსცხრების, და ზეცაცა განიხარებს ამაღლებისათვის შემოქმედისა ყოვლისა ქმნილებისა; კაცნი განუწყვეტლივ დიდებისგმეტყველებენ შენ, ხედვენ რაი ქედსა ზედა შენსა, მაცხოვარო, დაცემულსა ბუნებასა თვისსა, აღებულსა და ზეცად აღყვანილსა, ხოლო ანგელოსნი განიხარებენ, მეტყველნი: ვინ არს ესე, მოსრული დიდებით, ძლიერი ბრძოლასა შინა?! ესე ჭეშმარიტად მეუფე დიდებისაი?! ღირს-გვყავი ჩვენცა, უძლურნი ესე, ქვეყნისასა მრძნობელნი ჯერეთ და ხორცისა თნებისა განუწყვეტლივ აღმასრულებელნი, ზრახვად და დღესასწაულობად საშინელისა ამაღლებისა შენისა ზეცად, განგდებად ხორციელისა და ქუეყანისა საზრუნავისა და შენისა მოციქულთა თანა ზეცისა მიმართ ზე-ხედვად ყოვლითა გულითა და ყოვლითა ზრახვითა ჩვენითა, და მარადის ხსომებად, ვითარმედ მუნ, ცათა შინა, არს მოქალაქობაი ჩვენი, ხოლო აქა, ქვეყანასა ზედა ვართ ოდენ მსხემნი და მწირნი, განშორებულნი სახლისაგან მამისა ჩვენისა ქვეყანად უცხოდ ცოდვისა. კვალად გევედრებით უფალო, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ჩვენისა ეკლესიისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკო-პოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, მოსაყდრე მისი მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი შიო, ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მარლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი - და ქვეყანა ჩვენი სიმშვიდითა და უშფოთველებითა დაიცევ.

კვალად გულსმოდგინედ გევედრებით, უფალო, ყოვლადდიდებულითა ამაღლებითა შენითა განაცხოველე სვინიდისი ჩვენი, რომლისა უსახმარეს არღარაი არს სოფლად, და გამოგვიყვანე ჩვენ ტყვეობისაგან ამა ცოდვილისა ხორცისა ჩვენისა და გვყავ ჩვენ შემძლედ ზრახვად ზეციურისასა, და არა ქვეყანისასა, რაითა არა თავთა თვისთა სათნო-ვეყოფვოდეთ, არამედ შენ, უფალსა და ღმერთსა ჩვენსა, გმსახურებდეთ და გმონებდეთ, ვიდრემდე განვეყარნეთ საკრველთა ამათ ხორცისათა და დაუბრკოლებელად განსრულნი საზვერეთა ჰაერთასა, მოვიწივნეთ ზეციურთა სავანეთა შენთა, სადა-იგი მდგომარენი მარჯვენით დიდებულებისა შენისა, მთავარანგელოსთა, ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა შენთა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა თანა-დაუსაბამოით მამით შენითურთ და ყოვლადწმიდით და ერთარსებით ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ტროპარი, ხმა 4


ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისაითა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

 

 

კონდაკი, ხმა 6


სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩვენი და ზეცისათა შეაერთე ქვეყანისაგანნი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი არასადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქვენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა.

 

კონდაკი, ხმა 1


ფრთეთა ქერუბიმთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქვენ ობლად, მოვიდე სულითა თქვენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქვენგან! რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

 

 

სადიდებელი უფლის ზეცად ამაღლებისა


გადიდებთ შენ, ცხოვრების მომნიჭებელო ქრისტე, და თაყვანის-ვსცემთ ღმრთაებრივსა ზეცად ამაღლებასა შენსა ყოვლადწმიდითა ხორცითა შენითა!

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.