მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

კონდაკი 1

 

  ზეგარდამო წოდებულო, სარწმუნოო ქრისტჱს მოწამეო აბო, შეიწირე სამადლობელი ესე გალობაჲ, და მითხოვე ჩუენ ქრისტჱს ღმრთისაგან მშჳდობით დაცვაჲ მტერისა საბრჴეთაგან და სულთა ჩუენთა მოჰმადლოს შენ მიერ, წმიდაო, მოტევებაჲ ცოდვათაჲ და წყალობაჲ, რაჲთა არა სამართლად მოგვეგოს საქმეთა ჩუენთათჳს, რომელნი სარწმუნოებითა გიღაღადებთ: გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

იკოსი 1

 

  ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელმან, სახარებისა სჯული თჳსტომთა შენთა მოციქულებრივ ახარე და წყუდიადი აგარიანთა საცთურისაჲ ღუაწლითა შენითა განაქარვე, ეგრეთვე აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და ყოველნი ნათესავნი სამკჳდროჲსა ჩუენისანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განგუამტკიცენ, რაჲთა შენმიერითა ძლიერებითა სულისაჲთა შეჭურვილნი დაუცხრომელად გნატრიდეთ:

 

  გიხაროდენ, მორჩო, ძირთაგან ურწყულთა აღმომორჩებულო;

 

  გიხაროდენ, სიყრმითგან სიბრძნითა და კეთილ-გონიერებითა გამორჩეულო;

 

  გიხაროდენ, უსჯულოთა შორის წმიდად და შეურყეველად ცხორებულო;

 

  გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო და განმტკიცებულო;

 

  გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, დრკუსა სამწყსოსა და მწყემსსა არა-ჭეშმარიტსა, ბოროტ-მძოვნებელსა და ბილწსა განშორებულო;

 

  გიხაროდენ, ტარიგო შუენიერო, მწყემსსა კეთილსა, ქრისტესა მაცხოვარსა შედგომილო და არვეთა შინა მისთა დამკჳდრებულო;

 

  გიხაროდენ, ჴელითა უღმრთოჲთა მისთჳს დაკლულო და უკანაჲსკნელ ცეცხლსა შთაგზებულო;

 

  გიხაროდენ, მსხუერპლად საზეპუროდ ტაბლასა ზეცისასა შეწირულო;

 

  გიხაროდენ, ღუაწლითა წამებისაჲთა ცად აღწევნულო;

 

  გიხაროდენ, ადგილსა განსუენებისასა და წიაღსა აბრაჰამისასა დამკჳდრებულო; 

 

  გიხაროდენ, გჳრგჳნითა დიდმოწამეობისაჲთა განბრწყინვებულო;

 

  გიხაროდენ, ისმაიტელ-ყოფილო აბო, წინაპართა ჩუენთა მიერ ქართველად სახელდებულო და მარადჟამ ჴსენებულო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 2

 

  ოდეს ქუეყანაჲ ჩუენი ეპყრათ სარკინოზთა, ერის-მთავარი ქართლისაჲ მოწოდებულ იქმნა ბაღდადს წინაშე ამირა-მუმნისა და შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა პყრობილ-ყვეს მუნ სამითა წლითა, მაშინ მსახურ-ეყავ შენ ნერსეს, სჯულითა ისმაიტელი, განგებითა ღმრთისაჲთა და იხილე რაჲ წესი ქრისტეანობისაჲ და სჯული ქართველთაჲ, ვითარცა ჭაბუკმან გონიერმან, ისმინე წოდებაჲ ღმრთისაჲ: უარყავ სჯული მამეული და შეიყუარე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი, მოციქულთაგან ქადაგებული, ამისთჳსცა ჴსენებასა შენსა წმიდასა პატივს-ვსცემთ და ქრისტესა უგალობთ ყოველნი: ალილუია.

 

იკოსი 2

 

  ინებეს რაჲ უსჯულოთა განტევებაჲ ნერსჱსა, წარმოგზავნეს კუალად ერისმთავრად ქუეყანასა თჳსსა, ხოლო შენ აბრაჰამისი მოისიბრძნე გამოსლვაჲ მამულისაგან და სახლისა, და შესაკრებელი ბილწებათაჲ - ბაბილონი - მოიძულე და დაემკჳდრე ტფილისსა - დედა-ქალაქსა ქართლისასა, გარნა ვერ განაცხადებდი თავსა თჳსსა ქრისტეანედ, შიშისათჳს ქართლის მპყრობელთა მათ სარკინოზთაჲსა, და ფარულად ისმენდი რაჲ სიტყუათა საღმრთოთა და ქადაგებათა სჯულისათა, გარდაემატე სიყრმითგან ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტისა განრჩევისაჲ, რაჲთა სრულნი ყოვლითა კეთილითა, ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა:

 

  გიხაროდენ, კეთილისა განზრახვისა გულსა შინა დამდებელო;

 

  გიხაროდენ, სჯულთა გამომეძიებელო და უმჯობესისა უდარესისაგან განმრჩეველო;

 

  გიხაროდენ, ქუეყანისა შენისა დამტევებელო და ღმრთისმშობლის წილ-ხუედრისა აღმრჩეველო;

 

  გიხაროდენ, ჴმასა ღმრთეებისასა შედგომილო და მცნებათა მისთა გულსა შენსა აღმბეჭდველო;

 

  გიხაროდენ, უღმრთოებისა სიმყრალისა განმდევნელო და სიცრუვისა უღლისა განმგდებელო;

 

  გიხაროდენ, მამა-პაპათა საცთურისა უარისმყოფელო და ცხორებისა წესისა გამომცვლელო;

 

  გიხაროდენ, ძუელისა მის კაცისა განმძარცველო და ახლისა განმაცხოველებელო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა გულისა შენისა კეთილად განმწმედელო;

 

  გიხაროდენ, თჳსტომთა შენთა შორის საღმრთოთა სწავლათა განმფენელო;

 

  გიხაროდენ, მათ მიერ დევნილისა სარწმუნოებისა აღმსაარებელო;

 

  გიხაროდენ, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულისა ერისა შემყუარებელო;

 

  გიხაროდენ, ьმენელსაცხებლეო, სულნელთა მათ საცხებელთა წილ სულიერისა კეთილსულნელებისა მომფენელო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 3

 

  კუალად განურისხდენ სარკინოზნი კეთილმორწმუნესა ნერსე ერისთავსა, გარნა უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, რამეთუ განვლო მან კარი დარიალისაჲ და მივიდა რაჲ მეფისა მის ხაზართაჲსა, კეთილად შეიწყნარეს იგი ლტოლვილობისათჳს სარკინოზთაჲსა, მაშინ ნათელ-იღე შენ, ნეტარო აბო, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა და დაუბრკოლებელად უგალობდი დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.

 

იკოსი 3

 

  რაჟამს ნერსჱს თანა წარემართე აფხაზეთსა, მგზავრ სლვასა შინა იმარხვიდი, ნეტარო აბო, და არა დასცხრებოდი ლოცვითა და ფსალმუნებითა, ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა მიიწიეთ რაჲ სამთავროსა მას ქართველთასა და იხილეთ ღმრთისმოყუარებაჲ ყოვლისა მის ერისაჲ, ჴორცნი შენნი უფროჲს მოაუძლურე მარხჳთა, და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცჳთა და მღჳძარებითა, ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, სანატრელო, და გჳჴსენ რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რაჲთა შურითა საღმრთოჲთა აღგზებულთა შეგასხათ სამადლობელი ესე ქებისაჲ:

 

  გიხაროდენ, მართლ-აღმსაარებელო და თაყუანისმცემელო წმიდისა სამებისაო;

 

  გიხაროდენ, ჴმამაღალო ქადაგო დევნილისა სარწმუნოებისაო;

 

  გიხაროდენ, უფსკრულო სიბრძნისაო და თანაზიარო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;

 

  გიხაროდენ, სიმჴნეო მოთმინებისა და სიმტკიცისაო;

 

  გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისაო და გონიერებისაო;

 

  გიხაროდენ, წყაროო ნუგეშისა და სიხარულისაო;

 

  გიხაროდენ, ზღუაო კაცთმოყუარებისაო;

 

  გიხაროდენ, ხატო სულიერისა სისრულისაო;

 

  გიხაროდენ, უძლეველო სუეტო სიმდაბლისაო;

 

  გიხაროდენ, უმუსრველო ძეგლო ქრისტეანობისაო;

 

  გიხაროდენ, მნათობო, განმაცისკრებელო ივერიისაო;

 

  გიხაროდენ, პატიოსანო მარგარიტო ქართველთა ეკლესიისაო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 4

 

  რაჟამს სტეფანოზ, დისწული ნერსჱსა, დაადგინეს ერისმთავრად ქართლისა, სიხარულითა წარმოემართა ნერსჱ ქუეყანასა თჳსსა, გარნა შენ, ვითარცა სარკინოზსა, გრქუა მთავარმან აფხაზეთისამან: „ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ სამეფოჲ ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და ნუ უკუე განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა“, მაშინ შეუშფოთებელითა გონებითა მიუგებდი: „ვერარამან განმაშოროს მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა“, და მჴსნელსა შესწირევდი ძღუენსა ქებისასა: ალილუია.

 

იკოსი 4

 

  ვითარ გესმა წიგნთაგან სულიერთა ახოვნებაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ, რომელნი აჩუენებდეს სიმჴნესა ქრისტჱსთჳს და განიცდიდეს ტანჯუათა, ეგრეთ აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და ისწრაფდი სისხლთა დათხევითა მსგავს ყოფად მათთა, ხოლო ნერსჱს თანა მო-რაჲ-იწიე დედა-ქალაქსა ქართლისასა, სახელს იდევ ქრისტეანედ და განფინე სწავლანი საღმრთონი სარკინოზთა შინა, ეგრეთვე აწ განაბრწყინვე გონებაჲ ჩემი ხენეშთა გულისსიტყუათაგან დაბნელებული და ღირს-მყავ მე შეწირვად გალობისა:

 

  გიხაროდენ, კაცთა ხელოვნებითა შეთხზულისა სჯულისა განმგდებელო;

 

  გიხაროდენ, ბნელისა დამტევებელო და ღმრთისა მეცნიერებისა ნათლისა აღმრჩეველო;

 

  გიხაროდენ, უცხოო, უცხოჲთა სჯულითა მოსრულო და ქრისტჱს, ღმერთისა ჩუენისა შემმეცნებელო;

 

  გიხაროდენ, მცნებათა მისთა შემყუარებელო და მადლთა ბრწყინვალებისა ღმრთივშვენიერად შემწყნარებელო;

 

  გიხაროდენ, სიბრძნით-მეტყუელო და საღმრთოთა წერილთა მართლიად აღმასრულებელო;

 

  გიხაროდენ, მოქალაქობასა შინა ჭეშმარიტებისასა სახარებისა სჯულთა მოციქულებრივ ახლად მიმფენელო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲსა შურისა და კრძალულებისა მასწავლელო;

 

  გიხაროდენ, უბიწოჲთა მოქალაქობითა სჯულნაცვალთა ქართველთა მარცხვენელო;

 

  გიხაროდენ, ყოვლისა კეთილსა და ღმრთივ-სათნოჲსა დამნერგველო;

 

  გიხაროდენ, ქრისტჱსთჳს ყუედრებისა და კიცხევისა დამთმენელო;

 

  გიხაროდენ, ყოველსა ჭეშმარიტებასა ზედა სარკინოზთა დამმოძღურელო;

 

  გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა სწავლებათა დამამჴობელო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 5

 

  წარიკუეთეს რაჲ თჳსტომთა შენთა სასოებაჲ გარდაქცევისა შენისაჲ, მჴეცებრ იღრჭენდეს კბილთა, რაჲთა მიგცენ სიკუდილსა და რქუეს ამირას: „ ქალაქსა ამას შინა არს ჭაბუკი ერთი, რომელსა დაუტევებიეს სჯული ჩუენი და უშიშად ასწავებს სჯულსა ქრისტეანეთასა“, მაშინ შეგიპყრეს და შეგაყენეს რაჲ დილეგსა, გამოგითხოვა ქართლისა ერისთავმან და განგიტევა, გარნა შენ ნებსით თჳსით მიისწრაფდი ღუაწლთა მიმართ და ცხადად და საცნაურად უგალობდი ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 5

 

  მაშინ უფროჲს აღეგზნეს გულისწყრომითა უღმრთონი ისმაიტელნი და შურისგებითა კუალად წარგადგინეს რაჲ წინაშე მსაჯულისა, ლიქნითა იწყო მან სიტყუად შენდა მომართ: „რაჲსა-ესე შეგწამებენ შენ, აბო, რამეთუ დაგიტევებიეს მამეული სჯული და ქრისტეანეთა თანა შეცდომილ ხარ?, - „მშობელნი ჩემნი თუ ისმაიტელ არიან, მე მსახურ ვარ ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისა“, მტკიცედ მიუგე ამირასა და თავი თჳსი განუმზადე განსაცდელსა და სიკუდილსა, რომლისათჳსცა ერნი საქართველოჲსანი შეგასხამთ გალობასა ღირსსა:

 

  გიხაროდენ, ურწმუნოთა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა გზასა ზედა მომყვანებელო;

 

  გიხაროდენ, მამაცობისა და ურყევისა სიმტკიცისა მომნიჭებელო;

 

  გიხაროდენ, სიბრძნისმეტყუელებითა სწავლისაჲთა მუჰამედისა საცთურისა ძლევით მამხილებელო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო და ბოროტმადიდებელთა მარცხვენელო;

 

  გიხაროდენ, მხილებისა მახჳლითა ეშმაკისა მსახურთა განმგმერელო;

 

  გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელო;

 

  გიხაროდენ, მცირედ მორწმუნეთა რწმენასა შინა განმაძლიერებელო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებლობითა აღძრულთა წარწყმედელთა გზათაგან განმაშორებელო;

 

  გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა სულიერისა ძილისაგან განმაფრთხობელო;

 

  გიხაროდენ, უნაყოფოჲსა და ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;

 

  გიხაროდენ, ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და აღძრვისაგან ჴორცთაჲსა გამომჴსნელო;

 

  გიხაროდენ, სულთა და ჴორცთა ვნებისა უშურველად განმკურნელო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 6

 

  „უკეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ ქრისტეანეთა, მე უფროჲსღა წყალობაჲ მოგანიჭო შენ“ - გეტყოდა ზაკჳთა უკეთური, ხოლო შენ უმეტესითა კადნიერებითა ესრეთ მიუგებდი: „არა ვეძიებ საბოძვართა შენთა, რამეთუ მე მონაჲ ვარ ზეცათა მეუფისაჲ, და საფასეთა მისგანვე მოველი“, მაშინ გულისწყრომითა უბრძანა ამირამან მსგავსად მჴსნელისა გუემაჲ შენი, გარნა შენ წყლულებასა ახოვნად დაითმენდი, და განმაძლი-ერებელსა შენსა ქრისტესა ჴმა-ტკბილად ადიდებდი: ალილუია.

 

იკოსი 6

 

  განარისხა მძლავრი კადნიერებამან შენმან და ძჳრის-მოქმედებრ შეკრული საკრველითა მით რკინისაჲთა შთაგაგდო დილეგსა ბნელსა, გარნა შენ სიხარულითა ჰმადლობდი ღმერთსა, რომელმან ღირს-გყო გუემასა და პყრობილებასა სახელისათჳს ქრისტჱსისა და მოელოდი გჳრგჳნსა აღთქმისაებრ მოწამეთასა, რომელთა თანა აწ წინაშე მისსა კადნიერებითა მდგომარემან, ითხოვე შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, სიმტკიცჱ მორწმუნეთა, და ცოდვათა შენდობაჲ შემსხმელთა შენთა:

 

  გიხაროდენ, მამულისა შენისა დამტევებელო და ზეციერისა მამულისა აღმრჩეველო;

 

  გიხაროდენ, ტყუეობასა შინა სულისა აზნაურებისა დამმარხველო; 

 

  გიხაროდენ, ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲთა ძალითა უსჯულოთა ისმაიტელთა მარცხვენელო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცთომილთა მამხილებელო;

 

  გიხაროდენ, უმძჳნვარესთა ჭირთა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა დამთმენელო;

 

  გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაჲთა კაცობრივისა უძლურებისა დამფარველო;

 

  გიხაროდენ, ახოვნებითა გონებისაჲთა უწყალოჲსა ბელიარისა დამამჴობელო;

 

  გიხაროდენ, შიშითა განლეულთა და ლერწამთაებრ შერყეულთა განმამჴნობელო;

 

  გიხაროდენ, საპყრობილესა შინა მშიერთა და ნაკლულევანთა გამომზრდელო და ღმრთისმოსაობასა შინა განმსწავლელო;

 

  გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუითა მტერისაჲთა წარწყმედულთა დამჴსნელო;

 

  გიხაროდენ, მზაკუვარებისა დამლახვრელო და ეშმაკთა მსწრაფლ განმსჴმელო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 7

 

  მაშინ შეკრბეს შემასმენელნი შენნი და ცრუ-სჯულისა მასწავლელნი და გეტყოდეს სიტყჳთა ლიქნისაჲთა: „შჳლო, ნუ გაწირავ სიჭაბუკესა შენსა, რამეთუ ცეცხლი და მახჳლი განგჳმზადებიეს შენთჳს, უკუეთუ არა მოიქცე ჩუენდა“, ხოლო შენ, ვითარცა ყრუსა არა გესმოდა და, ვითარცა უტყუვმან, არა აღაღი პირი თჳსი, არამედ მდუმარედ ილოცევდი, დიდო მოწამეო, და სამთა ყრმათა გალობასა გულსა შინა შენსა იტყოდი: ალილუია.

 

იკოსი 7

 

  გაუწყა რაჲ ქრისტემან ჟამი აღსრულებისა შენისაჲ, ყოვლად ქებულო, საკმეველი და კელაპტარნი შესწირე ეკლესიათა, და ლოცვაჲ და კურთხევაჲ შესთხოვე მღდელთა, რაჲთა არა დაბრკოლდე სარწმუნოებისაგან ჭეშმარიტისა და ღირს იქმნე მადლსა მას ქრისტჱს მოწამეთასა, რომელთა თანა ევედრე აწ ღუაწლისდამდებელსა შენსა, რაჲთა არასადა ღირს იქმნენ კაცნი ცრუნი და ურწმუნონი, რომელნიცა ჰგმობენ ჭეშმარიტსა ღმერთსა და აქუთ თაყუანის-საცემელად თჳსად მამონაჲ, მთავრობად ერსა ჩუენსა ზედა და მიტაცებად მართლმადიდებელთა ქართველთა, არამედ განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათჳს და ჴმითა მადლო-ბისაჲთა ჰნატრიდეს სიმჴნეთა შენთა:

 

  გიხაროდენ, ჟამსა მას ისმაიტელთა დიდებასა ქრისტჱს უღლისა მიმღებელო და ჯუარისა მისისა მჴართა შენთა ზედა მტჳრთველო;

 

  გიხაროდენ, ახოვნებითა შენითა სულ-მოკლეთა და მოუთმენელთათჳს მაგალითისა მიმცემელო;

 

  გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;

 

  გიხაროდენ, ქუადქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;

 

  გიხაროდენ, ყრმობრივისა ბორგნეულებისა და უკრძალველობისა მომძულებელო;

 

  გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მჴედრობათა მაკურთხეველო;

 

  გიხაროდენ, სიმართლისა მოძულეთა და ბოროტისა კეთილად დამდებთა მამხილებელო;

 

  გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა მზაკუარებითა განმხრწნელთა მარცხვენელო;

 

  გიხაროდენ, ნებელობითა თჳსითა სჯულის მდებელთა მათ, მრავალთა შემაცთუნებელთა, შემრისხველო;

 

  გიხაროდენ, სილაღითა აღტაცებულთა სარწმუნოებითა დამაწყნარებელო;

 

  გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა და უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა დამამჴობელო;

 

  გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამდაბლებელო და ბრძენთა და კეთილად მხედველთა აღმამაღლებელო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 8

 

  ღამისთევასა მას ქრისტეს ნათლისღებისასა განჰბრწყინდი შენ სულითა და აღანთენ რაჲ სანთელნი ჴელთა შინა თჳსთა, რკინითა შეჭედილთა, დაუდუმებელად გალობდი და ფსალმუნებდი მდგომარჱ შეუძრველად, ხოლო განთენა რაჲ პყრობილებითგან დღჱ მეათჱ, პარასკევი, დღჱ ვნებისაჲ უფლისა ჩუენისაჲ, თუალო მოწამეთაო აბო, იცხე ზეთი თავსა თჳსსა, და მოიღე რაჲ ტკბილი იგი ზიარებაჲ ქრისტჱსი, ნეტარისა მის ავაზაკისა მსგავსად ჴმობდი ძლიერად: „მომიჴსენე, მაცხოვარ, სასუფეველსა!“, და წადიერად და სურვილით უგალობდი ყოვლისა შემოქმედსა: ალილუია.

 

იკოსი 8

 

  კუალად მოგიხდეს სარკინოზნი და წარგადგინეს წინაშე მსაჯულისა, გარნა ღელვამან ვერ შეაშფოთა გული შენი, ოდეს უღმრთოჲ იგი აღგითქმიდა სატანჯველსა და სიკუდილსა, არამედ მძლავრთა სიქადული სიმჴნითა შეურაცხ-ყვენ და განაქიქე სივერაგჱ ყოვლისა ცისქუეშისა მძლავრებითა მპყრობელისაჲ, ეგრეთვე აწ დაამჴუენ აღსპობისა ჩუენისა წყურიელნი და დასთრგუნენ ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უსჯულოებისაჲ, რაჲთა არა შთავვარდეთ საფრჴესა მტერისასა და გულსმოდგინებითა ვაქოთ საქმენი შენნი, ღირსი ქებისაჲ:

 

  გიხაროდენ, სიქადულო მმარხველთაო და შუენიერო სამკაულო მოწამეთაო;

 

  გიხაროდენ, მობაძავო ქრისტჱს ვნებათაო და შემწყნარებელო აღთქმულთა მათ საშუებელთაო;

 

  გიხაროდენ, მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;

 

  გიხაროდენ, შესავედრებელო და მწყალობელო გლახაკთაო;

 

  გიხაროდენ, მამხილებელო ცრუთაო და მზაკუვართაო;

 

  გიხაროდენ, მიურულებელო მცველო უჰასაკოთა ყრმათა და ქალწულთაო;

 

  გიხაროდენ, მზრდელო ქურივთაო და ობოლთაო;

 

  გიხაროდენ, სირცხვილეულ-მყოფელო ცრუთა მსაჯულთაო და ნუგეშინისმცემელო უსამართლოდ დასჯილთაო;

 

  გიხაროდენ, დამამდაბლებელო მოშურნეთაო და ცილისმწამებელთაო;

 

  გიხაროდენ, ნავთსაყუდელო ცოდვისა ზღუასა შინა დანთქმულთაო;

 

  გიხაროდენ, მარადის ჴელისაღმპყრობელო მარტჳლთმოყუარეთაო;

 

  გიხაროდენ, შემწეო სახელისა შენისა მომჴსენებელთაო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 9

 

  ჰგონებდა რაჲ ყოვლად ბოროტი იგი ამირა ცთუნებასა შენსა, გრქუა: „არა გიცნობიეს, აბო, რამეთუ სიტყუანი შენნი გექმნებიან მომატყუებელ სიკუდილისა?“, გარნა შენ არად შეჰრაცხენ ლიქნაჲ მისი და კადნიერად დაუყუნე პირი მძლავრსა მას მგმობარსა, მაშინ აღეგზნა ცეცხლებრ გულისწყრომითა მსაჯული იგი სიცრუვისაჲ და ბრძანა თავისა შენისა წარკუეთაჲ, ხოლო შენ ყოველთა უახოვნესი აჩუენე ღუაწლის-მოყუარებაჲ და შესწირე ღმერთსა სამადლობელი გალობაჲ: ალილუია.

 

იკოსი 9

 

  გალავანსა შინა ორმეოცთა მოწამეთასა განგიყუანეს რაჲ მტარვალთა და განგჴსნეს საკრველთა მათგან რკინისაჲთა, არა შეშინდი შენ, ღირსად ჩინებულო აბო, ხედევდი რაჲ სამგზის აღმართებულსა მახჳლსა, არამედ მჴნედ მოუდრიკე ქედი შენი და შეჰვედრე წმიდაჲ სული თჳსი უფალსა, მაშინ უსჯულოთა ჴელითა დაიკალ, ვითარცა კრავი, და შეიწირე მსხუერპლად წინაშე ღმრთისა, მისგანვე ითხოვე, სანატრელო, ერისა ჩუენისათჳს ჴსნაჲ ფლობისაგან უცხო თესლთასა და უშფოთველი და გონიერი ცხორებაჲ მაქებელთათჳს შენთა:

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲსა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელო;

 

  გიხაროდენ, აღსასრულისა შენისა სიმშჳდითა შემწყნარებელო;

 

  გიხაროდენ, უმოწყალოჲსა სიკუდილისა მადლობითა მიმთუალველო;

 

  გიხაროდენ, წმიდათა თანა სასუფეველსა დამკჳდრებულო და ცხონებისათჳს ჩუენისა მზრუნველო;

 

  გიხაროდენ, შენდამი მოლტოლჳლთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;

 

  გიხაროდენ, ვარსკულავო, ჴსნისა მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;

 

  გიხაროდენ, ცოდვისა მოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;

 

  გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა შენთაჲთა ქართლოსიანთა კეთილად განმსწავლელო;

 

  გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა ქართველთა ეკლესიისა მზეებრ განმაბრწყინვებელო;

 

  გიხაროდენ, ჭირთა მძჳნვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;

 

  გიხაროდენ, საეშმაკოჲთა განსაცდელთაგან და კაცთა მიერ მაჭირვებელთაგან შერყეულთა უვნებელად გამომჴსნელო;

 

  გიხაროდენ, მოწყლულთა უხილავთაგან მოისართა განმკურნელო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 10

 

  ხედვიდეს რაჲ მოშურნენი, რამეთუ განდიდნა სახელი წამებისა შენისაჲ, პატიოსანი გუამი შენი, მსგავსად მჴნეთა მათ წმიდათა ორმეოცთა, დადვეს ურემსა ზედა და განვლეს რაჲ ხიდი იგი, გარდამოიღეს ადგილსა საგოდებელად წოდებულსა და დაწუეს სადილეგოსა, პირსა ზედა კლდისასა, ხოლო დაწულნი ნაწევარნი შთახვივნეს ტყავსა შინა კრავისასა და შთაყარ-ნეს მდინარესა, ქუეშე ხიდსა მათ მეტეხისაჲთა, მაშინ შიში უღმრთოთაჲ განაგდეს მორწმუნე-თა და სასოებითა მოლტოლჳლნი ეძიებდეს რაჲ შენგან კურნებასა სულთა და ჴორცთასა, მეყსეულად აჩუენე შეწევნაჲ შენი მუნ ლოცვად მოსწრაფეთა და ყოველნი მადლსა და დიდებასა მისცემდეს ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 10

 

  მაშინ უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი ყოვლად ძლიერმან ღმერთმან, და პატივ-გცა თჳსსა მარტჳლსა - გარდამოავლინა ზეცით ვარსკულავი მოტყინარჱ ადგილსა მას, სადაცა დაწუეს გუამი შენი, წმიდაო აბო, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ, ხოლო ღამესა მეორესა ძუალნი შენნი შიშუელნი ხიდსა მას ქუეშე აღმობრწყინდა, ვითარცა საშინელებაჲ ელვისაჲ, და წყალმან გამოსცა საკჳრველი ნათელი, რომელსა ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ ხედვიდა, მაშინ ადგილი იგი სამსხუერპლოჲ, ემსგავსა საკურთხეველსა წმიდისა აჰრონისასა, ზეცით ცეცხლისა დადგრომითა, რომელსაცა ხედვიდეს რაჲ ურწმუნონი, შიშმან საღმრთომან შეიპყრნა, ხოლო სასწაულთა მით ახოვან-ქმნილი ურიცხვი ერი ქრისტესა აღიარებდა და დაუცხრომელად გნატრიდა:

 

  გიხაროდენ, სხურებითა სისხლთაჲთა ქართველთა ეკლესიისა განმასულნელებელო;

 

  გიხაროდენ, სანთელო, წამებისა ნათლითა ტფილისისა განმაცისკროვანებელო;

 

  გიხაროდენ, სასწაულთა მიერ სარკინოზთა შემაშფოთებელო; 

 

  გიხაროდენ, მათ მიერ ზარგანხდილთა ქრისტჱსმოყუარეთა ერთა სულიერითა სიხარულითა აღმავსებელო;

 

  გიხაროდენ, არაწმიდათა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელო და სულთა უკეთურთა სიცბილისა მაოტებელო; 

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲთა ძალითა ეშმაკეულთათჳს სიმრთელისა მბოძებელო;

 

  გიხაროდენ, ჯადოქრულთა მანქანებათა და მცბიერებათა დამარღვეველო;

 

  გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა და შეგინებულთა გულთა დამამშვიდებელო;

 

  გიხაროდენ, გრძნებისმოქმედთა და მჩხიბავთა უგულისჴმოებისა და ბილწთა ზახებისა დამშრეტელო;

 

  გიხაროდენ, ტყუეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან დამჴსნელო;

 

  გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა-მოსლვისაგან დამცველო;

 

  გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა ბიწისა აღმჴოცელო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 11

 

  ვითარცა მრავალმკურნალნი ძუალნი ყოვლად სანატრელისა მამისა შიოჲსი, მღჳმით ქუეშე ქუეყანით ფრთივმაღლობით აღმოიწეოდა სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებდა სულთა ჴორცთა, ეგრეთვე წმიდათა შორის საკჳრველმან ღმერთმან, საკჳრველთმოქმედებითა ნაწილთა შენთაჲთა ყოველნი კიდენი სოფლისანი განაკჳრვა, რამეთუ ძუალნი შენნი შიშუელნი, აღმოსრული წყლიდან დიდებითა, წლითი-წლად მიენიჭებოდა ერსა ჩუენსა ზღუდედ და მცველად, და კურნებასა და მადლსა ჭეშმარიტსა უშურველად მიჰმადლებდა მსასოებელთა შენთა, ხოლო მხილველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ქებით აღამაღლებდენ გჳრგჳნოსანმყოფელსა შენსა ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 11

 

  ჵ, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან შენმან, სანატრელო, რამეთუ ადგილსა მას სამარტჳლოჲსა შენისასა, ჟამთა ამათ ჩუენთა იზრახეს რაჲ აგებაჲ მცირისა ტაძრისაჲ, მოჰკუეთეს ფიჭჳ შუენიერი, რომელი აღმოაცენა განგებამან ღმრთისამან მდინარისა ნაპირად, და ნაკუეთსა ზედა ხისასა იხილეს ჴელთუქმნელი სახე ჯუარისაჲ, მაშინ ქჳთ-ხუროთა აღაშენეს საყდარი ესე დიდისა გულსმოდგინებითა, ხოლო პატიოსანთა მღდელთა, ერთა თანა, დაასუენეს მუნ ფიცარი ესე ღმრთივ-წერილი დიდისა გამოჩინებითა, ლიტანიითა და ესევითარითა გალობითა:

 

  გიხაროდენ, წინამბრძოლო კეთილმსახურებისაო;

 

  გიხაროდენ, შეუძრველო გოდოლო სარწმუნოებისაო;

 

  გიხაროდენ, ყოვლად ქებულო მუშაკო საღმრთოჲსა მადლისაო;

 

  გიხაროდენ, შემმუსრველო ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისაო;

 

  გიხაროდენ, აღმაორძინებელო დაცემულისა ქრისტეანულისა სულისაო;

 

  გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულო ვაზო ქრისტჱს ვენაჴისაო;

 

  გიხაროდენ, კეთილისა ნაყოფისა გამომღებელო ნერგო სამოთხისაო;

 

  გიხაროდენ, ოქროო, ცეცხლისა მიერ გამობრძმედილო და მიძღვნილო უკუდავისა სიძისაო; 

 

  გიხაროდენ, მურო, ნელსაცხებელად შეწირულო უკუდავისა მეუფისაო; 

 

  გიხაროდენ, გუნდრუკო, აღკმეულო საღმრთოჲსა მის საკურთხეველისაო;

 

  გიხაროდენ, ცეცხლო, დამწველო გულსა შინა ჩუენსა ყოვლისა ღუარძლისაო და კუროჲსთავისაო;

 

  გიხაროდენ, წარუტყუევნელო ბჭეო ივერთა ეკლესიისაო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 12

 

  ეჰა, საკჳრველი ყოვლად დიდებული და ღირსი, რამეთუ სისხლთა შენთა დათხევითა წმიდა ყავ დედა-ქალაქი ჩუენი - ტფილისი - და საღმრთოჲთა წინაგანგებითა ათთა-ბევრთა მოწამეთა განუმზადე ალაგნი მეტეხისანი, ხოლო მათ არა დასთრგუნეს ხატნი სიონისანი და საშუალ მეტეხისა ხიდისასა ხუარაზმელთა მიერ განურჩევლად მოსწყდეს ყოველნი, ამისთჳსცა უფლისა მიერ ერთობითა მიებოძნეთ ივერიელთა, ვითარცა სულთა და ჴორცთა მკურნალნი და მცველნი მიურულებელნი, ხოლო ჩუენ ვიცით რაჲ ოხათა თქუენთა სიმრა-ვლენი, წინაშე ხატთა თქუენთა სარწმუნოებით შევრდომილნი მჴურვალედ გევედრებით: დაიცევით სამეუფოჲ ქალაქი ჩუენი, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი, რაჲთა გულსმოდგინებითა გნატრიდეთ თქუენ და ვიყუნეთ მარადის ქრისტეს მაქებელნი: ალილუია.

 

იკოსი 12

 

  ვითარცა წინაპარნი ჩუენნი მიისწრაფდეს ადგილსა მას, სადა იგი დაწუეს გუამი შენი, და სარწმუნოებითა მიიღებდეს თხოვასა, ეგრეთვე აწ ტაძრად შენდა მყის სრბად მოვიწევით: ნეტარო აბო, მადლისა მიცემად ღმრთისა, თაყუანისცემად ჯუარისა მის წმიდისა და ამბორისყოფად ყოვლად პატიოსნისა ხატისა შენისა, ხოლო შენ მჴურვალედ ლოცვაჲ ჰყავ ჩუენთჳს წინაშე უფლისა ღმრთისა, რაჲთა არა განუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და შენ მიერ ჴსნილნი ძჳრთა ბოროტთაგან, აღვიძრნეთ შესხმად ღუაწლისა შენისა:

 

  გიხაროდენ, ზეცისა ქალაქისა მოქალაქეო, რამეთუ უგუნურთა შემწირველთა შენთა მახჳლითა და ცეცხლითა უმეტჱს ალისა განგაბრწყინვეს შენ;

 

  გიხაროდენ, საკჳრველო ყრმაო, მძლეთა უმძლესად გამოჩინებულო, რამეთუ წარმართნი წადიერ ჰყუენ ქრისტჱს მონებად, ხოლო ჩუენ დაგჳტევე საჴსენებელი მარტჳლობისა შენისაჲ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ გამოსჩნდი ვარსკულავად მნათობად, განმანათლებელად ქართლისა და სიმჴნჱ შენი კუალად განამჴნევებს ყოველთა მკჳდრთა მისთა;

 

  გიხაროდენ, ვარდო ეკალთაგან გამორჩეულო, რომელი ფშვი სულნელებასა ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა;

 

  გიხაროდენ,  ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილო, რამეთუ ზღუდედ უბრძოლველად გჳვის საკჳრველებანი შენნი;

 

  გიხაროდენ, ათთა ბევრთა მოწამეთათჳს მაგალითისა მიმცემელო, რამეთუ იქმნა დედა-მდინარჱ ჩუენი სამოსელ წმიდათა მათ ძუალთა თქუენთა და სიღრმჱ იგი მტკუარისაჲ საფლავ თქუენდა;

 

  გიხაროდენ, ცხოვარნო პირმეტყუელნო ქრისტჱს წმიდისა სამწყსოჲსანო, რამეთუ ნეტარ არს მიწაჲ იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა და წმიდა არს წყალი იგი „ქართველთა იორდანისაჲ“ - დიდისა მის მდინარისა მტკუარისაჲ;

 

  გიხაროდენ, უმჴურვალესად ქრისტჱსთჳს თავდადებულნო, რამეთუ ადგილი წამებისა თქუენისაჲ მარადის აღმოაცენებს უფსკრულსა კურნებათასა;

 

  გიხაროდენ, ეკლესიისა სასანთლენო ოქროცურვილნო, რამეთუ ელვარებაჲ ღუაწლისა თქუენისაჲ ცისკროვან-ჰყოფს გულსა მარტჳლთმოყუარეთასა;

 

  გიხაროდენ, უხრწნელებითა შემოსილნო, რამეთუ ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან შეუძლო დავიწყებად ღუაწლთა თქუენთა;

 

  გიხაროდენ, ხილულისა და უხილავისა მტერისა ღონისა შემმუსრველნო, რამეთუ არავინ არს რომელი გხადოდეს თქუენ ჭირთა შინა და არაჲ ჰპოვოს მსწრაფლ ნუგეშინისცემაჲ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ დიდებულსა ჴსენებასა შენსა დედა-ქალაქი ესე ქართველთაჲ უნივთოჲთა სიხარულითა შეიმკუების და კურთხეულითა ენითა ქართულითა ღაღადებს წადიერად:

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

კონდაკი 13

 

  ჵ, ღუაწლისა მძლეო, დიდო მოწამეო აბო! არა მხოლოდ ჯერეთ ცოცხალმან მრავალნი განდრეკილნი ქრისტეს სარწმუნოებისა მიმართ გარდამოიყუანე და ღირს-ყვნე ცხოვნებასა, არამედ შემდგომად სიკუდილისაჲცა თქუმად შეუძლებელ არს ძალი სასწაულთა შენთაჲ, რამეთუ მადლი მოიგე სულისაგან წმიდისა განკურნებად შემსხმელთა შენთა, ამისთჳსცა ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა, რაჲთა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა და მარადის უგალობდეთ სახიერსა, ყოვლად ძლიერსა ღმერთსა: ალილუია. (3-გზის

 

 

იკოსი 1

 

  ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელმან, სახარებისა სჯული თჳსტომთა შენთა მოციქულებრივ ახარე და წყუდიადი აგარიანთა საცთურისაჲ ღუაწლითა შენითა განაქარვე, ეგრეთვე აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და ყოველნი ნათესავნი სამკჳდროჲსა ჩუენისანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განგუამტკიცენ, რაჲთა შენმიერითა ძლიერებითა სულისაჲთა შეჭურვილნი დაუცხრომელად გნატრიდეთ:

 

  გიხაროდენ, მორჩო, ძირთაგან ურწყულთა აღმომორჩებულო;

 

  გიხაროდენ, სიყრმითგან სიბრძნითა და კეთილ-გონიერებითა გამორჩეულო;

 

  გიხაროდენ, უსჯულოთა შორის წმიდად და შეურყეველად ცხორებულო;

 

  გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო და განმტკიცებულო;

 

  გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, დრკუსა სამწყსოსა და მწყემსსა არა-ჭეშმარიტსა, ბოროტ-მძოვნებელსა და ბილწსა განშორებულო;

 

  გიხაროდენ, ტარიგო შუენიერო, მწყემსსა კეთილსა, ქრისტესა მაცხოვარსა შედგომილო და არვეთა შინა მისთა დამკჳდრებულო;

 

  გიხაროდენ, ჴელითა უღმრთოჲთა მისთჳს დაკლულო და უკანაჲსკნელ ცეცხლსა შთაგზებულო;

 

  გიხაროდენ, მსხუერპლად საზეპუროდ ტაბლასა ზეცისასა შეწირულო;

 

  გიხაროდენ, ღუაწლითა წამებისაჲთა ცად აღწევნულო;

 

  გიხაროდენ, ადგილსა განსუენებისასა და წიაღსა აბრაჰამისასა დამკჳდრებულო; 

 

  გიხაროდენ, გჳრგჳნითა დიდმოწამეობისაჲთა განბრწყინვებულო;

 

  გიხაროდენ, ისმაიტელ-ყოფილო აბო, წინაპართა ჩუენთა მიერ ქართველად სახელდებულო და ჩუენ მიერ მარადჟამ საჴსენებელო;

 

  გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

კონდაკი 1

 

  ზეგარდამო წოდებულო, სარწმუნოო ქრისტჱს მოწამეო აბო, შეიწირე სამადლობელი ესე გალობაჲ, და მითხოვე ჩუენ ქრისტჱს ღმრთისაგან მშჳდობით დაცვაჲ მტერისა საბრჴეთაგან და სულთა ჩუენთა მოჰმადლოს შენ მიერ, წმიდაო, მოტევებაჲ ცოდვათაჲ და წყალობაჲ, რაჲთა არა სამართლად მოგვეგოს საქმეთა ჩუენთათჳს, რომელნი სარწმუნოებითა გიღაღადებთ: გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჵ, საკჳრველო და ჭეშმარიტად ახოვანო მოწამეო, აბო ტფილელო! ზეგარდამო ღმრთისა მიერ პატივცემულო და უჴორცოთა ძალთა მიერ შეწყნარებულო, მარტჳლთა შორის საჩინოო, მარხჳსა და ლოცჳსა სუეტო მტკიცეო, მოთმინებისა შეურყეველო გოდოლო, გლახაკთა ნუგეშინისმცემელო და ჩუენ ყოველთაგან სულიერთა და ჴორციელთა მტერთა განმდევნელო, სნეულთა მკურნალო, მშიერთა საზრდელო, მწყურვალთა სასუმელო, მწუხარეთა მხი-არულებაო, სასოწარკვეთილთა სასოებაო, უპოვართა ბრწყინვალეო სამოსელო, ცოდვილთა სინანულო და ყოველთა შენთა მვედრებელთა მსწრაფლ შემწეო და თხოვათა აღმასრულე-ბელო!

 

  ჵ, ყოვლად ქებულო, დიდო მოწამეო აბო! სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო, მოგჳჴსენენ წინაშე ღმრთისა, რომლისა სიყუარულითა სისხლი დასთხიე, სანატრელო, და ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იჴსენ ოხითა შენითა, რაჲთა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაჲ, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაჲ წინაპართა ჩუენთაჲ და სული ძუელისა პატიოსნებისაჲ, ძმათა ერთსულობაჲ, მორჩილებაჲ მამათაჲ და სული მამაცობისაჲ განდრეკილ იქმნა ჩუენგან. ნაცულად ამისა შევიყუარეთ ამსოფლიური განცხრომაჲ, დავსტკბით გემოთმოყუარებასა შინა, გულნი ჩუენნი აღივსნეს ანგარებითა და მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოჲსა ამის მოყუარეთა, განდგომილთა ქრისტჱსგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძჳთა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხორებისანი. ამისთჳს სიყუარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლე და მოგუეც საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, აღგვავსენ საღმრთოჲთა მღვიძარებითა და მოგუანიჭე ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ. ევედრე, სანატრელო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდო-მილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და ნუ მისცემს სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, რაჲთა არა ჰსთქუან წარმართთა და მწვალებელთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა და მოღუაწებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. განანათლე ქრისტჱსმოყუარე მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი პატიოსნითა მეოხებითა დაიცუენ.

 

  ჵ, ჭეშმარიტო და ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო, აბო ტფილელო! შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათასა და დაგვიფარენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახჳლისა, ზედა აღძრვისაგან და მოსლვისა უცხო თესლთასა და თჳსთა შორის ბრძოლისაგან, უცნაურისა სიკუდილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისა სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, და ყოვლისაგან ბოროტისა. მოგუეც მშჳდობაჲ და სიმრთელჱ მონათა და მჴევალთა ამათ შენთა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა. განანათლენ გონებაჲ ჩუენი და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაჲთა კეთილითა ცხორებითა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა. ნუ დააცადებ, ღუაწლისა მძლეო, მეოხებასა შენსა მვედრებელთა შენთათჳს, რომელნი წლითი-წლად მოჳვლტით ქებად, გალობად და თაყუანისცემად სამარტჳლოჲსა შენისა! ნუ დააცადებ მეოხებასა შენსა წინაშე შემოქმედისა ყოველთასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 

ავტორი: თინათინ მჭედლიშვილი