მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
იესო ქრისტეს წმიდა ზიარების საიდუმლოსი

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1.

 

სიძეო რჩეულ სულთა და გულთა, განკაცებითა და ჯვარსა ზედა სიკვდილითა შენითა სამუდამოდ დაეწიდნე რა მთელსა კაცობრიულსა მოდგმასა და მარადიულ ცხოვრების საწინდრად მოგვეც უწმიდესი ხორცი და სისხლი სიტყვითა შენითა, აწ უღირსი ესე კადნიერად მოვეახლები შენსა ღვთაებრივსა ტრაპეზსა და მისითა სიდიადითა გაოცებული ვღაღადებ: იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

იკოსი 1.

 

წინასწარმეტყველ ისაიასა მიუვლინე რა ანგელოზი ზეციურ საკურთხევლიდან ანთებული ნაკვერჩხალით მისთა ბაგეთა განსაწმედელად, რამეთუ მხილველი შენი ტახტსა ზედა მჯდომარისა, უწმინდურებითა თვისითა შეიმუსვროდა, ხოლო მე სულით და ხორცით გახრწნილმა ვითარ ვიკადრო წარდგომა ღვთაებრივისა საიდუმლოსა საზიარებლად, თავად თუ არ გამწმენდ მე მადლითა შენითა? ამისთვისცა გულის სიღრმით გიღაღადებთ შენ:

 

იესო, ყოვლადსახიერო მადლითა შენითა ცეცხლითა შეეხე ჩემთაცა უწმიდურთა ბაგეთა.

 

იესო, დასწვი ეკალნი მრავალთა შეცოდებათა ჩემთა.

 

იესო, გული წმიდა დაბადე და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

 

იესო, გამოიყვანე საპყრობილით საწყალობელი სული ჩემი.

 

იესო, აღხოცე არაწმიდა ზრახვანი და ბოროტნი ნდომანი ჩემნი.

 

იესო, წარმართე უსუსურნი ტერფნი ჩემნი გზათა ზედა მცნებათა შენთასა.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 2.

 

ნებითა შენითა ისურვე რა მოწაფეთა შენთა თანა მიღება პასექისა უკანასკნელისა წამებისა წინ, რათა გებოძებინა უკანასკნელი მცირედი საწინდარი სიყვარულისა შენისა ორი დღით ადრე წარგზავნე რა ორნი იერუსალიმსა რათა მისვლითა განემზადებინე აწ ჩვენცა ვისწავებთ, რამეთუ წინასწარ გვმართებს განმზადება ღვაებრივისა პასექისა მისაღებად ე. ი. სისხლისა და ხორცისა შენისა, მადლიერებით მხმობელი შენდა: ალილუია.

 

 

იკოსი 2.

 

დაიხადე ფეხსაცმელი შენი, რამეთუ ქვეყანა რომელსა ზედა დგეხარ შენ, წმინდა არს, - ეტყოდი მოსეს მაყვლოვანსა ცეცხლოვანსა და შეუწველსა შინა უხილავად მყოფი. ჭურჭელი ღვთაებრივითა ხორცითა და სისხლითა შენითა ჭეშმარიტად უფროის წმიდა არს შეუწველისა მაყვლისა ხოლო მე ვეჭვობდი უწმიდური. ცოდვითა მიზიდული იმავე მორჩილებით და რწმენით გიღადადებ შენ:

 

იესო, ყოვლადძლიერო განმაშიშვლე ძველი კაცი ნაქმარისა ჩემისაგან.

 

იესო, მოაკვდინე თესლი ხრწნილებისა, ჩემთანა დაბუდებული.

 

იესო, დახსენ ცოდვათა საკრველნი, რომლითაცა შეკრულ ვარ მტერისა მიერ.

 

იესო, მომმადლე გული მდაბალი და სული შემუსვრილი.

 

იესო, განმარინე ცდუნებანი და მომხიბვლელობანი.

 

იესო, განმამტკიცე შენდამი რწმენასა და სიყვარულში.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 3.

 

უდაბნოსა შინა მამათა ჩვენთა მანანათი გამოიკვებენ და აღესრულენ, ხოლო მე პურსა ზეციურსა მოვიღებ, რომლისა მჭამელი ცხოველ იყოს საუკუნოდ. პური იგი, რომელსა მოვცემ არს ხორცი ჩემი, რომელსა მოვცემ დამკვიდრებად ქვეყნისა - ეტყოდი იუდეველთა რომელნი ეძიებდნენ ნიშნებსა და სასწაულთა ცათა შინა, მსგავსად მოსეს მანანაისა, ხოლო მსმენელნი და მხედველნი აღსრულებისა აღთქმისა შიშითა ხმა ვყოთ: ალილუია.

 

 

იკოსი 3.

 

სერობასა შენსა, ვითარ მოგვითხრობს წმინდა იოანე, არდაგითა შემორტყმულმან დაჰბანე რა ფერხნი მოწაფეთა შენთა, ასწავებდი მათ, რათა არა მივეახლნეთ ღვთაებრივსა ტრაპეზსა სინანულის ცრემლითა განწმენდის გარეშე, ცოდვათა გამო შევიგრძნობთ რა უმეტესსა საჭიროებასა საიდუმლო განბანისასა და გამაგრებულისა გულისა ცრემლთა სიმცირესა, პეტრესა თანა ვღაღადებ:

 

იესო, სახიერო თავად განბანე არა მხოლო ფერხნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი.

 

იესო, განაშიშვლე უფსკრული ხრწნილებისა სულისა ჩემისა.

 

იესო, მაპკურე ცვარი მოწყალებისა შენისა.

 

იესო, მომიცევ მსჯავრისა და მარადიულისა სატანჯველისა შიშითა.

 

იესო, განმიღვიძე სვინდისი დაძინებული და განამტკიცე ხმაი მისი.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 4.

 

იესო, განა არა არს ესე, ძე იოსებისა რომლისა მამასა და დედასა ვიცნობთ ჩვენ? ვითარ იტყვის იგი, რამეთუ ზეცით მოსრულ არს და ვით ძალუძს მიცემად ხორცისა თვისისა ჭამად, იტყოდნენ ურთიერთას ჰურიანი, ესმათ რა დიდებული აღთქმა ერგულთათვის გაქვავებულისა გულისა გამო, რათა მორჩილებითა ერწმუნათ და ღაღად-ეყოთ: ალილუია.

 

 

იკოსი 4.

 

ცხოვრებასა ვერ დაიმკვიდრებთ, უკეთუ არა მიიღებთ ხორცსა და სისხლსა ძისა კაცისასა აუწყებდათ უფალი მძიმე რწმენის იუდეველებს, რომელთაც და ზოგ მის მოწაფეთაგანსა მკაცრად ეჩვენათ სიტყვა იგი, რამეთუ ჯერეთ არ ესმოდათ ღვთის სასუფევლის საიდუმლო, ხოლო ჩვენ სახარებისა ნათლითა გაცისკროვნებული და წრფელი სახით ღვთაებრივი დიდებისა მხილველნი რწმენითა და სიყვარულითა ვხმობთ შენდა:

 

იესო, ყოვლისა შემძლებელო დიდებულითა ძალითა და მყრობელობითა შენითა.

 

იესო, ჰქმენ და ჰყავ ვიდრემდის შევიძლებთ შეგნებასა და გააზრებასა შენისასა.

 

იესო, რომელმან ნიშნად ნამდვილისა საიდუმლოისა ზეციდან მანანაი აწვიმე.

 

იესო, მსგავსადვე ამისა ქვიდან წყალი გამოადინე.

 

იესო, რომელმან უდაბნოსა შინა იუდეველთა ფრინველთა ღრუბელი მოუვლინე.

 

იესო, რომელმან დაეჭვებულ იუდეველთა თვალწინ ხუთითა პურითა ხუთიათასი განაძღე.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 5.

სერობასა ზედა აღიღე რა პური, აკურთხე და განტეხითა მოეც მოწაფეთა მეტყველმან - მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა. ამისა ღვთაებრივისა და უტკბილესისა ხმისა მსმენელნი მადლიერებით ვჰხმობთ შენდა: ალილუია.

 

 

იკოსი 5.

 

მჭამელი ხორცისა და მსმელი სისხლისა ჩემისა ჩემთანა ჰგიეს და მე მასთანა, მან მიიღოს ცხოვრება საუკუნო და მე განვაცოცხლებ მას უკანასკნელსა ჟამსა, ესე არს აღდგომა ცხოვრებისა და ნეტარების, აწ უკვე სასურველისა ამის აღდგომისა მაძიებელნი სულის სიღრმიდან გიღაღადებთ შენ:

 

იესო, მომეახლე მაძიებელსა შენსა შეერთებისა.

 

იესო, შემოვედ წიაღსა შინა ყოველთა ნაწილთა და ძვალთა ჩემთა.

 

იესო, ეყავ ნათელი დაბნელებულსა გონებასა ჩემსა.

 

იესო, აღავსე შენითა, მთელი ქვეყნით განუძღობელი უფსკრული გულისა ჩემისა.

 

იესო, ასმინე ხმაი შენი სინდისსა ჩემსა.

 

იესო, განაგდე თავიდან და წარმართე ნება ჩემი.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 6.

 

ამინ, გეტყვი თქვენ, ერთი თქვენთაგანი გამცემს მე, - აუწყე მწუხარითა გულითა მოწაფეთა შენთა სერობასა ზედა. ხოლო იგინი თუმც წმინდანნი გაცემის ზრახვისაგან გეკითხებოდნენ შენ თავმდაბლობის სიღრმით, ნუთუ მე უფალო? ხოლო რომელი შვიდგზის გაგცემ და გღალატობ დღეში შეუნანებლად, გევედრები თავად წარმართე, რათა არა დავეცე სრულიად მხმობელი შენდა მადლიერებით: ალილუია.

 

 

იკოსი 6.

 

ისე, ვით წკეპლა ვერ გამოიღებს ნაყოფს ვაზზე დამყნობილი, ეგრეცა თქვენ უკუეთუ არა ჰგიებდეთ ჩემთანა ხოლო ჩემთანა მყოფი იქმს მრავალსა ნაყოფსა: ესრეთ ასწავებდი საიდუმლოსა შენთა შეყვარებულთა მოწაფეთა გეთსამანიისაკენ მიმავალი. ამისა მსმენელი და მხედველი ჩემი ბუნების უღონოებით შენი მადლის გარეშე გულმოდგინედ ვღაღადებთ:

 

იესო, უზესთაესო შემოქმედო, თავით დამაყენე ცხოველსმყოფელსა ვენახსა შენსა.

 

იესო, ყოვლისა მოკვდინებასა ზედა გამარჯვებულო, შემუსრე ჩემთა ვნებათა პაპანაქება.

 

იესო, ვაზო ჭეშმარიტო დამამყნე ვითარცა ველური ვაზი.

 

იესო, ფესვგაუშრობელო, მარადიული სიცოცხლის წვენით აღმავსე.

 

იესო, მშვენიერო სიკეთითა, შემამკე კეთილგრძნობით განზრახვათა ყვავილებითა.

 

იესო, მადლისა სიუხვეო, განმამდიდრე ჭეშმარიტის მონანიების და სიმართლის ნაყოფით.

 

იესო, განაგდე თავიდან და წარმართე ნება ჩემი.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 7.

 

ვინ გაგცემს შენ? გკითხავდა სერობასა ზედა მოწაფე მკერდსმიყრდნობილი. იგი, რომელი ჩაუწებს პურსა მარილსა, მიუგე და გაუწოდე დამბალი პური იუდა სიმონ ისკარიოტელს სინანულის მიწოდებით, ხოლო სიბოროტით გაკერპებულ სულს არ სურდა ესმინა სიყვარულისა ხმისა მის მოძღვრისა და უფლისაგან. მიხსენ მსგავსისა გულქვაობისაგან მადლითა შენითა, მხმობელი შენდა: ალილუია.

 

 

იკოსი 7.

 

მოგვიტევე უძლურება ბუნებისა ჩვენისა, კაცობრიული სხეულით შთაგონებული, არამედ სახითა პურითა და ღვინითა აკურთხე ჩვენდა მოსაცემად უწმინდესი ხორცი და სისხლი შენი, რომელი სიბრძნითა და კაცთმოყვარეობით განაგებ ყოველსა საქმესა ჩვენისა გამოხსნისასა.

 

იესო, თვითგამოსახსნელ საიდუმლოს დაგვიგებ ჩვენი შეგნების და შეგრძნების უძლურებისა გამო, გაოცებულნი ასეთის სიბრძნის დაშვებით უძლური ბუნებისა მიმართ, მადლობითა ვღაღადებთ შენდა:

 

იესო, დაეჭვებულთა დასარწმუნებლად წმიდასა ტრაპეზსა ზედა მრავალგზის პურისა და ღვინისა წილ ხორცისა და სისხლისა მომავლენელო.

 

იესო, საკურთხეველსა შინა წმიდა საიდუმლოს კურთხევის დროს ღირსეულთა მსახურთა ზედა სულისა წმიდისა დამშვებო.

 

იესო, საკურთხეველსა ზედა ღირს მსახურთა წილ უხილავად ანგელოზთა მომავლენელო ღვთაებრივი საიდუმლოს შესასრულებლად.

 

იესო, წმიდა ტრაპეზზე სასწაულთა გამოვლენით ბევრ ბოროტმორწმუნის რწმენაზე მომაქცეველო.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 8.

 

ვითარცა წმიდა იოანე მოგვითხრობს, შენს მიერ გამცემისადმი მიცემული პურით შევიდა მასში სატანა. ეჰა საშინელი სასჯელი სარწმუნოებისა, ეჰა, საბედისწერო ხვედრი გამცემელისა! გამოხსნასა შინა მყოფმა სიკვდილი და წარწყმედა მოიპოვა ამდაგვარის მართლისა მსჯავრისა შენისა და თრთოლვით ვხმობ შენდა: ალილუია.

 

 

იკოსი 8.

 

ამასა იქმოდეთ ჩემდა მოსაგონებლად - ეტყოდი მოწაფეთა შენთა სერობასა ზედა, მიეც რა მათ ღვინისა სახით სისხლი შენი, ხოლო რომელნი ვსჭამთ პურსა და ვსვამთ ბარძიმსა, სიკვდილსა შენსა ვაუწყებთ სიტყვითა წმიდა პავლესითა. აწ წამებისა შენისა გახსენებითა აჩვილებული გულით ვხმობ შენდა:

 

იესო, ხსნისათვის ქვეყანისა მტერთა ხელთა შინა ნებითა მიცემულო.

 

იესო, რომელმან არა მიუშვი ანგელოზთა ლეგიონები შენსა დასაცავად.

 

იესო, რომელმან მიმართე ხმითა დიდითა ორგულსა მოწამესა სინანულისაკენ მომწოდებელმა.

 

იესო, რომელმან არა გაეცი პასუხი კაიაფასა და პილატეს უგუნურსა დაკითხვისასა.

 

იესო, ჯვარსა ზედა გაკრულო და მამისაგან ცოდვათა მოტევებისა მთხოველო.

 

იესო, დედისა შენისადმი შეყვარებულისა მოწაფისა გულმოწყალედ მაშვილობელო.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 9.

 

იუდა ამბორითა გასცემ ძესა კაცისისა? შესძახე მთამ მოწაფესა ორგულსა, ოდეს იგი მოვიდა სულის შემგუდველთა თანა გეთსამანიის ბაღსა, მაძიებელი ამბორით შენი გაცემისა. არცა უმახვილესმა ამა სიტყვამ მიიყვანა იგი სულიერ სინანულად, სიბოროტით გულგაქვავებული. ვხედავ რა ჩემსა ნებისყოფის მერყეობას, მეშინის, რათა არ გავცე უმადლომ ამბორით იუდასითა, არამედ თავად განმამტკიცე მადლითა შენითა, რათა კეთილგონიერისა ავაზაკისათანა ვხმობდე: ალილუია.

 

 

იკოსი 9.

 

მამაო, რათა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ ჩემდამო და მე შენდამო, რათა იგინიცა ჩვენ შორის იყვნენ რათა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე - ეგრეთ მოუწოდებდი უკანასკნელად მამას ლოცვასა შინა. ამისა უტკბილესისა და ლოცვისა ძალისა მიმდევარნი კადნიერებით და რწმენით ხმა-ვჰყოფთ შენდამი:

 

იესო, ყოველთა თანა განუშორებლად შემაერთებელო მამისა შენისა თანა.

 

იესო, ყოველთა შემარიგებელო მოგვეც რათა ყოველთა ერთი აზრი მოვიპოვოთ შენდა მომართ რწმენასა და სიყვარულში.

 

იესო, რომელი ვერ იტან მტრობასა და გათიშულობას, მოსპე ბოროტ-განმზრახველთა მწვალებლობა და გათიშულობა.

 

იესო, ყოველთა შემყვარებელო და მწყალობელო, შეკრიბე ფარა ყოველთა გაბნეულთა ცხოვართა.

 

იესო, ყოველთა მშვიდობისა მომნიჭებელო დაშრიტე შური და ლალვა შენი სახელისა მომწოდებელთა შორის.

 

იესო, მაზიარე ხორცი და სისხლი შენი, რათა ჭეშმარიტად ხორცი-ხორცთაგანი და ძვალი-ძვალთაგანი ვიყო შენი.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 10.

 

აქციე რა წყალი ღვინოდ კანას გალილეას წვეულებასა ზედა, მით უჩვენე ნიში, ღვთაებრივისა ძალისა შენისა, ხოლო ჯვარსა ზედა ასულმა სულთა მეუფემ სიყვარულისა უკანასკნელი სასწაული მოგვივლინე მორწმუნეთა პურისა ხორცად და ღვინისა შეცვალებითა, რომლითა ვეზიარებით ცხოვრებასა საუკუნოსა, მადლიერებით მხმობელი შენდა: ალილუია.

 

 

იკოსი 10.

 

დღესა შენისა აღდგომისასა, ორთა მოწაფეთა თანა იმოგზაურე რა მწირის სახით შინა, ასწავებდი მათ წამებისა შენისა საიდუმლოებასა, ხოლო იგინი თვალხილულნი ვერ შეგიცნობდნენ, თუმც გულნი მათნი განხურვებულ იყვნენ ტკბილითა სიტყვებითა შენითა. ოდეს ლოცვასა ზედა მუხლი მოიდრიკე და შეხვედ მათთანა თავშესაფარსა და განტეხითა პურითა მოუწოდე მათ, ორთავეს თვალნი აღეხილათ და შეგიცვნეს შენ. მოწაფეთა მათ თანა მორჩილებით ვკადნიერდები შენდამი ხმისა აღვლენითა:

 

იესო, სულგრძელო, ნუ დამიტევებ, მარტოს ცხოვრებისა გზასა რწმენისა ჩემისა სიღარიბისა გამო.

 

იესო, განმსწავლე ვითარცა იგინი შეცნობად წინასწარმეტყველებისა შენისა და საიდუმლოდ შენთანა კეთილ-შეერთებითა.

 

იესო, ვითარცა მოწაფეთა შენთა, განმითბე და განმიხურვე გაციებული გული.

 

იესო, ყოვლადსახიერო, მომეახლე, რამეთუ აწ უკვე მომეახლა საღამო ცხოვრებისა ჩემისა.

 

იესო, მომეც ჭეშმარიტი შეცნობა ამა პურისა განტეხისა და ბარძიმიდან საიდუმლოს შესმითა.

 

იესო, ჰქმენ რათა სიყვარულისა შენისა ძალისა შეცნობითა ვიყო მისი მაუწყებელი ძმათა ჩემთათვის.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 11.

 

აღუთქვი რა გამარჯვებულსა მიცემა ჭამად ხისა მისაგან ცხოვრებისა ღვთის სამოთხის შუაგულსა დაფარულისა მანანაისა და ცათა შინა შესამზადებლად მეყოს და ქვეყანასა ზედა ხორცითა და სისხლითა შენითა ზიარება, რომლისა მომართ მიდგომილი აწ უღირსი ვხმობ: ალილუია.

 

 

იკოსი 11.

 

უღირსად მჭამელი და მსმელი ხორცისა და სისხლისა უფლისათა მსჯავრსა თვისსა სჭამს და სვამს - შთაგვაგონებს პავლე ზეციური. აწ მეშინის და ვძრწი უღირსებისა ჩემისა გამო, არამედ არა დიდი ხნით განვეშორები შენისა ერთობასა, რათა აზრისა მგელისა მიერ არა შევიპყრე შენდა მოლტოლვილი.

 

იესო, შემივრდომე ვითარცა მეზვერე, მეძავი და ავაზაკი.

 

იესო, ნუ უგულებელსჰყოფ შემოსვლას სართულსა ქვეშე სულისა ჩემისასა, რამეთუ ყოვლად ცარიელი და დაცემულ არს.

 

იესო, განმიხვენ თვალნი სულიერნი, ვითარცა განუხვენ თვალნი შობითგან ბრმასა.

 

იესო, ვითარცა წინასწარმეტყველი ერთსა განრღვეულსა - აღდეგ და ვიდოდე მე მეწინასწარმეტყველე.

 

იესო, დააყუდე სულისა ჩემისა არაწმიდა სურვილთა დენა, ვითარცა დააყენე დენა იგი ქალისა სისხლმდინარისა.

 

იესო, განმიკურნე წყლული სულისა და სვინდისიისა ჩემისა.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 12.

 

შურითა ეშმაკისა გველისა ბაგითა ნათქვამი მთელმა კაცობრივმა მოდგმამ აკრძალული ნაყოფის ჭამით სამოთხე დაკარგა და სიკვდილსა მიგვცა, ხოლო უწმინდესისა ხორცისა და სისხლისა ჭამითა, ქვეყნად ყოველნი დაბადებულნი მერმის მარადიულსა სიცოცხლესა ღირსვეყოფით და პირველსავე ღირსებათა, ხოლო გველის შხამისაგან განკურნება და უკვდავებისა თესლი არს ზიარება ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთა. ამისთვისაცა მადლობითა ვჰხმობ შენდა მომართ: ალილუია.

 

 

იკოსი 12.

 

წინაშე ჭურჭლისა ღვთაებრივისა საიდუმლოსა შენისა წარდგომილი ვარ, ბოროტთა ზრახვათა არა განვეშორები: მხოლოდ მადლი შენი უძლეველი მამხნევებს და მომიზიდავს. ამისთვისცა, შენი მოწყალების უფსკრულში ჩაძირული ვღაღადებ შენდა:

 

იესო, მშვიდობისა შენისა მომართ მომწოდებელო ყოველთა მშრომელთა და ტვირთმძიმეთა, მომიწოდე სოფლისა ამაოებითა დამძიმებული.

 

იესო, რომელი მოხველ არა მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, მიხსენ ცოდვათა და ვნებათა ჩემთაგან.

 

იესო, მკურნალო ყოველთა უძლურებათა და წყლულებათაო, განმიკურნე წყლული ხრწნადისა სულისა ჩემისა.

 

იესო, მშიერთა გამომზრდელო განმაძღე ხორცითა და სისხლითა შენითა.

 

იესო, მკვდართა აღმდგენელო განმაცოცხლე ცოდვებითა მოკვდინებული.

 

იესო, ჯოჯოხეთისა დამმარცხებელო გამომიტაცე ხახისაგან ბოროტისა სულისა.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 13.

 

ო, უტკბილესო და ყოვლად მოწყალეო იესო, ზეციდან მანანად შთამოსრულო, სულისა და ხორცისა განმაძღლობელო, უწმიდესითა ხორცითა და სისხლითა საიდუმლოითა ღირსმყავ დაუსჯელად მიღებად შენისა ღვთაებრივისა საიდუმლოისა, რათა განკურნებული, განძღომილი, განათლებული და გაღმერთებული შენთანა ვგიებდე საუკუნოდ მადლიერებით მხმობელი: ალილუია.

 

(კონდაკი ესე წარიკითხვის 3-გზის)

 

 

იკოსი 1.

 

წინასწარმეტყველ ისაიასა მიუვლინე რა ანგელოზი ზეციურ საკურთხევლიდან ანთებული ნაკვერჩხალით მისთა ბაგეთა განსაწმედელად, რამეთუ მხილველი “შენი ტახტსა ზედა მჯდომარისა, უწმინდურებითა თვისითა შეიმუსვროდა, ხოლო მე სულით და ხორცით გახრწნილმა ვითარ ვიკადრო წარდგომა ღვთაებრივისა საიდუმლოსა საზიარებლად, თავად თუ არ გამწმენდ მე მადლითა შენითა? ამისთვისცა გულის სილრმით გიღაღადებთ შენ:

 

იესო, ყოვლადსახიერო მადლითა შენითა ცეცხლითა შეეხე ჩემთაცა უწმიდურთა ბაგეთა.

 

იესო, დასწვი ეკალნი მრავალთა შეცოდებათა ჩემთა.

 

იესო, გული წმიდა დაბადე და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

 

იესო, გამოიყვანე საპყრობილით საწყალობელი სული ჩემი.

 

იესო, აღხოცე არაწმიდა ზრახვანი და ბოროტნი ნდომანი ჩემნი.

 

იესო, წარმართე უსუსურნი ტერფნი ჩემნი გზათა ზედა მცნებათა შენთასა.

 

იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.

 

 

კონდაკი 1.

 

სიძეო რჩეულ სულთა და გულთა, განკაცებითა და ჯვარსა ზედა სიკვდილითა შენითა სამუდამოდ დაეწიდნე რა მთელსა კაცობრიულსა მოდგმასა და მარადიულ ცხოვრების საწინდრად მოგვეც უწმიდესი ხორცი და სისხლი სიტყვითა შენითა, აწ უღირსი ესე კადნიერად მოვეახლები შენსა ღვთაებრივსა ტრაპეზსა და მისითა სიდიადითა გაოცებული ვღაღადებ: იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და შემაერთე შენთან საუკუნოდ.