მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი

წმიდისა იობ მრავალვნებულისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1

უფლის მიერ აღრჩეულსა დიდსა მართალსა ძუელისა აღთქუმისასა გიგალობთ მორწმუნენი და საფარველსა შენსა შევვედრებთ თავთა ჩუენთა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდოს და ნავთსაყუდელსა მას ცხორებისასა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა და მგალობელთა: გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

იკოსი 1

სიმრავლესა მას შინა საუკუნეთასა ჰნათობს წმიდაი სახელი შენი, მართალო იობ, რომელი ეგე მრავალვნებათა დათმენითა, და ეშმაკის ძლევითა და სირცხვილეულ-ყოფითა მაუწყებელ და წინასახე იქმენ ქრისტეის ვნებისა და მის მიერ ჯოჯოხეთის შემუსრვისაი, აწ აღგძრავთ მეოხებად მისა მიმართ, რაითა ეკლესიაი თვისი დაიცვას და მღდელნი ერითურთ განამტკიცოს შეურყეველად, რაითა ყოველნი ერთობითა ვიღუწიდეთ სადიდებელად მისა და გნატრიდეთ შენ ძალსაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, აბრაჰამითგან ესავის ძეთა შორის მეხუთეო, კეთილისა სახელისა მომგებელო;
გიხაროდენ, საღმრთოისა მის წინა-განგებისა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა წარმმართებელო;
გიხაროდენ, განწირულთა სასოო და დაცემულთა აღმმართებელო;
გიხაროდენ, ვნებათაგან დაბრმობილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;
გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათვის თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, შენდამი შემოწირულისა ლოცვისა მოწყალებითა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა და შეგინებულთა გულთა დამამშვიდებელო;
გიხაროდენ, ძალითა სულისა შენისაითა ზუავთა და ამპარტავანთა დამამხობელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 2

იყავ რაი მართალ და მოწყალეი, ღმრთისმოშიშ, ჭეშმარიტ და განშორებული ყოვლისაგან ბოროტისა, შეგიყუარა შენ უფალმან სათნოებათათვის შენთა, და განამრავლა რაი საცხოვარი შენი, გაკურთხა შვილთა სიმრავლითა, ხოლო უხუცესნი და მთავარნი მორჩილ-ყო რაი სიტყუასა შენსა, მართალო იობ, იყავ ქალაქსა მას, ვითარცა ერთი მთავართაგანი, და მარადის აქებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2

ხედვიდა რაი მთავარი იგი ბნელისაი მართალსა ცხორებასა შენსა, ანგელოზთა თანა წარსდგა წინაშე ღმრთისა, და მსმენელი ქებისა შენისაი განრისხდა და გწამებდა ცილსა, ვითარმედ „თაყუანს-სცემდი ღმერთსა სიკეთეთათვის ქუეყნიერთა“, და აჰა, მისცა უფალმან სახლეული და მონაგები შენი ხელთა შინა მისთა, რაითა ვითარცა ოქროი განგწმიდოს მწუხარებათა და სალმობათა ცეცხლისა მხურვალებითა, გარნა შეხებაი შენი აღუკრძალა, რაისთვისცა ვადიდებთ საცხოვნებელსა განგებულებასა ღმრთისასა და მოგიძღუნით საგალობელსა ქებისასა:

გიხაროდენ, თავად უფლისაგან უბიწოდ და ღმრთისმოსავად წოდებულო;
გიხაროდენ, სიმდიდრითა და ძლიერებითა ამაღლებულო;
გიხაროდენ, ქუელის-საქმეთათვის პატივდებულო;
გიხაროდენ, ყოველთა მკვიდრთა შორის ქუეყანისათა უფროის მადლმოსილო;
გიხაროდენ, ქურივ-ობოლთა ნუგეშინის-მცემელო და უცხოთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, შიშუელთა შემმოსველო და გლახაკთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, შორის მონათა და მფლობელთა მათთა სამართლითა განმგებელო;
გიხაროდენ, შვილთა შენთა ღმრთისმოსავობასა შინა აღმზრდელო;
გიხაროდენ, ღმრთისაგან ყოველთა ქუეყნიერთა სიკეთეთა მიმღებელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 3

მოიღო რაი ნებაი განცდისა შენისაი ღმრთისაგან, მოსრნა შვილნი შენნი ეშმაკმან, სასტიკითა ქარითა დაამხო რაი სახლი მათ ზედა, და ყოველი მონაგები და საცხოვარი შენი წარწყმიდა ჟამსა მას მცირესა, ხოლო შენ დაიპე რაი სამოსელი თვისი, მიწაი დაისხ თავსა თვისსა, და მწარედ ღაღადყავ: „შიშუელი გამოვედ მუცლითგან დედისა ჩემისა, და შიშუელიცა განვიდე მუნვე, რამეთუ რაიცა მომცა ღმერთმან, მანვე მიმიღო“, და აკურთხევდი წმიდასა სახელსა მისსა: ალილუია.

იკოსი 3

ჰოი, საკვირველი ეგე სიმტკიცეი და სიყუარული შენი ღმრთისა მიმართ, ვერცაღა შეარყია რაი სულმან ბოროტმან, და კუალად წარდგომილმან წინაშე მისა რქუა კადნიერად: „მიავლინე აწ ხელი შენი და შეახე ხორცთა მისთა, და იხილავ, უკუეთუ გაკურთხევს ჩუეულებისამებრ თვისისა“, და აჰა, მისცა რაი განსაცდელად ხორციცა შენი უფალმან, აღუკრძალა შეხებაი სულისა შენისაი, და დაგაწყლულა რაი ეშმაკმან კეთრითა, მწარეთა სალმობათაგან ტანჯული არა დასცხრებოდი დიდებად ღმრთისა, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისსა, რაითა ბოროტისა მის მახეთაგან დაგვიცვას და აღგვძრას ქებად სიმხნისა შენისა და სიმტკიცისა:

გიხაროდენ, ერთგულებითა ღმრთისაითა და ჭეშმარიტებითა შემოსილო;
გიხაროდენ, ჭირვეულთა შემწეო და ყოველსა საქმესა კეთილსა შედგომილო;
გიხაროდენ, მართლითა მსჯავრითა, ვითარცა სამოსლითა შემკობილო;
გიხაროდენ, ბოროტისა მის ეშმაკისაგან ხორცითა დაქენჯნილო;
გიხაროდენ, აღურაცხელთა ურვათა და სალმობათა თავს-მდებელო;
გიხაროდენ, სასტიკთა წყლულთა და მატლთა მყრალობისა სიმდაბლითა დამთმენელო;
გიხაროდენ, შიშითა ღმრთისაითა უნუგეშინისცემოისა მწუხარებისა დამტევნელო;
გიხაროდენ, მარადიულისა სიხარულისა მსასოებელო;
გიხაროდენ, კაცთაგან შეურაცხებისა სიმდაბლითა მიმღებელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 4

ჰხედვიდა რაი კაცობრივსა ბუნებასა აღმატებულსა დათმენასა შენსა, ნეტარო, აცდუნა ცოლი შენი ეშმაკმან, და მოუშვა რაი საყუედრელად შენდა, არღა განგიქარვა მან სალმობანი, ვითარ შენ ლოცვითა განკაფავდი სენთა მისთა, და გრქუა: „თქუღა სიტყუაი გმობისაი ღმრთისა მიმართ და მოჰკუდე", გარნა გულისხმა-ყავ ზაკულებაი ბოროტისაი, და ეტყოდი სიმშვიდითა: „ჯერ არს, რაითა უფლისაგან მრავლისა კეთილისა მომღებელთა ჭირიცა შევიწყნაროთ ხელთაგან მისთა“, და ადიდებდი ყოვლად პატიოსანსა და დიდშუენიერსა სახელსა მისსა: ალილუია.

იკოსი 4

გხედვიდა რაი ცოლი შენი ყოვლითურთ დაცემულსა, არა შელბა შეწყალებად შენდა, იობ მართალო, და განგწირა ცთუნებითა, რამეთუ არცაღა მიეტევების კაცსა გმობაი სულისა წმიდისაი, ხოლო შენ სიკუდილსა მიახლებული უფლისა მიმართ მიივლტოდი და მისგან ითხოვდი ნუგეშინისცემასა და შეწევნასა, აწ ჩუენცა გვითხოვე ღმრთისა მიერ, მოგუანიჭოს სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და ღირს-ვიქმნეთ შეწირვად შენდა სამადლობელისა ქებისა:

გიხაროდენ, მაღალსა ნებასა ღმრთისასა უზაკველითა გონებითა მინდობილო;
გიხაროდენ, გზასა მას მცნებათასა მისთასა შედგომილო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიკეთისა მხოლოი ღმრთისა თანა მხედველო;
გიხაროდენ, ხილულისა ცისა შუენიერებისა თვინიერ მისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილთა ჭირთათვის ღმრთისაგან დატევებისა შიშისა განმცდელო;
გიხაროდენ, სასოებითა მისითა მრავალფერთა ტანჯვათა დამთმენელო;
გიხაროდენ, მწუხარებათა შინა საუკუნოისა ცხორებისა წინა-განმზადებისა განმჭურეტელო;
გიხაროდენ, უსასრულოისა მის ცხორებისა გულისხმისმყოფელო;
გიხაროდენ, უკვდავისა მის ნეტარებისათვის უფლისა მხმობელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 5

შენ ზედა მოწევნულნი ძვირნი ეუწყათ რაი სამთა მათ მეგობართა შენთა, ნეტარო, მოისწრაფეს, და გიხილეს რაი სკორესა ზედა მჯდომარეი გარეშე ქალაქისა, მწუხარებითა შენითა მოწყლულთა დაიპეს სამოსელნი თვისნი, და მდუმარედ ისხდენ შენ თანა, ხოლო შენ მოიხსენე ყოველნი ჭირნი, რომელთა დაითმენენ კაცნი სოფელსა შინა, და ჰმადლობდი ღმერთსა, რომელმან შექმნა სიკუდილი განსასვენებლად დამაშურალთა, და ჰნატრიდი დამკვიდრებულთა საყოფელთა შინა მისთა, სადა ყოველი მსახურებს და უგალობს შემოქმედსა: ალილუია.

იკოსი 5

ვერცაღა გულისხმა-ყვეს რაი სიწმიდეი შენი და სიმაღლეი სულისა შენისაი კაცთა მათ, მაღლად გამოიჩინებდენ თავთა თვისთა ღმრთისა მიმართ, და მხურვალედ გევედრებოდენ, რაითა აღუარო მას დაფარულნი ბრალნი შენნი და მოსდრიკო შეწყალებად, გარნა შენ მტკიცედ მიუგებდი - „უბრალო ვარ მე წინაშე უფლისა, რამეთუ გზანი მისნი დავიმარხენ და არასადა გარდამიქცევიეს მცნებათაგან მისთა“, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ სულთა წარწყმედელთა სწავლათაგან და ბრალთა შენდობაი მოგვმადლოს შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, ყოვლად შეუძრველო სვეტო სიმხნისაო, ბელიარისა მზაკუვარებათა განმხდელო;
გიხაროდენ, ბაგეთა შენთაგან სიცრუისა არცაღა აღმომთქუმელო;
გიხაროდენ, საღმრთოისა განგებულებისა ვერ-შეცნობისა სიმდაბლითა ამღიარებელო;
გიხაროდენ, ძველისა აღთქუმისა მართალთა ცხორებისათვის ნათლისა მოფენისა მნებებელო;
გიხაროდენ, ახლისა ცისა და ახლისა ქუეყანისა ყოვლითა სულითა მომლოდებელო;
გიხაროდენ, სამსჯავროსა შინა მისსა უშიშად წარდგომისა მოსურნეო;
გიხაროდენ, მფარველობისა მისისა ცრემლითა გამომთხოველო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივთა მათ გზათა ბრძენო განმმარტებელო;
გიხაროდენ, წარმწყმედელთა მწიკულთაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 6

ჭეშმარიტად მოკლებულ იყუნეს რაი სიმართლესა მრავლისამეტყველნი მეგობარნი შენნი, ტანჯვასა შინა მყოფსა განგკიცხვიდენ და გწამებდენ ცილსა, რეცა ავასხებდი ვეცხლსა აღნადგინებითა და აჭირვებდი ქურივთა და ობოლთა, ჰოი, დიდსა მოთმინებასა შენსა, დიდო ვნებულო, რამეთუ სიმშვიდითა მიუგებდი: „არა არს სიცრუე ენასა ჩემსა, და უკუეთუ ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყვისმგებელ ღმრთისა?“ და ადიდებდი ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 6

ვერცაღა განსჭვრიტეს რაი უფლისა მიმართ ერთგულებაი შენი კაცთა მათ, გგუემდეს იგინი უმსჯავროითა ამით სიტყვითა: „საშინელსა იტყვი, ნუუკუე ღმერთი სჯისა მართალსა და ჰგუემს წმიდასა? უკუეთუ არა იყვნეს ცოდვანი შენნი დიდ, არამცა ესე შეგამთხვია", გარნა შენ არცაღა შეგაკრთო ყვედრებამან მათმან, ნეტარო, და ასწავებდი, რაითა დღენი მათნი განვლონ მორჩილებასა შინა უფლისასა, მას ევედრე აწ, რაითა დაიფაროს ერი ჩუენი ყოველთა ვნებათაგან და საცნობელნი განგვინათლნეს მაქებელთა შენთა:

გიხაროდენ, ღმრთისა მონაო, მდაბალო, გონებასა შინა შენსა მარადის სიკუდილისა მომხსენებელო;
გიხაროდენ, აღსასრულსა შინა კაცისასა ღმრთისა განგებულებისა მჭვრეტელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიბრძნისა მეძიებელო;
გიხაროდენ, სიმართლისა შენისა ხმამაღლად მქადაგებელო;
გიხაროდენ, ზრახუათა შინა მეგობართა შენთასა ღმრთისა მიმართ ლიქნისა მხედველო;
გიხაროდენ, მათგან ძვირმეტყველებისა მდაბლად დამთმენელო;
გიხაროდენ, წინაშე ყოვლისა ქუეყანისა სიწრფელისა შენისა დამმოწმებელო;
გიხაროდენ, სულითა გაუტეხელო, ბნელეთისა სულთა მძლეველო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტად მოწამეობრივისა სიმხნისა მაჩვენებელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 7

მაშინ აღახვენ ბაგენი შენნი ქებად გამოუკვლეველთა გზათა უფლისათა და მიუწთომელთა განგებულებათა მისთა, რომელმან თიხისაგან ქმნულსა მოგმადლა რაი ცხორებაი, მარადღე სცვიდა სულსა შენსა, და ღაღადყავ მისა მიმართ: „დაღათუ მართალ ვიყო, ვერა ძალ-მიც მე აღხილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა, გარნა არა გაანაახლო ჩემ ზედა განკითხვანი და ნუცა-ღა მრისხავ წმიდასა ნებასა შენსა მინდობილსა“, აწ ჩუენცა მოგვანიჭე მხურვალებაი სარწმუნოებისაი და აღგვძარ გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 7

განწმედილი ეგე სახუმილსა შინა ურვათა და სალმობათასა, ვითარცა ოქროი გამობრწყინდი შუენიერებითა სულისა შენისაითა, და მომხსენებელი ყოველთა წყალობათა ღმრთისა მაღლისათა, კუალად უგალობდი მას სასოებითა: „ნუ იტყვიედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, რამეთუ მსახურებაი ღმრთისად არს სიბრძნეი, ხოლო ბოროტისაგან არს განშორებაი მისგან“, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ღმრთისა მიმართ, რაითა სიწმიდეი და შემუსრვილებაი მოჰმადლოს გულთა ჩუენთა, რომელნი ესე გიგალობთ და აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, წინაშე მაღლისა მსაჯულისა გულითა მძრწოლვარეო;
გიხაროდენ, სიწრფოებითა გულისაითა მარადის ღმრთისა ხილვისა მოქენეო;
გიხაროდენ, შუებისა და ლხინებისა მის თანა მეძიებელო;
გიხაროდენ, ღმრთისა თანა ზრახვისა ღირსად თავისა თვისისა არღა შემრაცხველო;
გიხაროდენ, მის მიერ მოვლენილთა სასტიკთა განსაცდელთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, სახარების მიერ უწყებულისა ჭეშმარიტებისა წინაისწარ მჭვრეტელო და აღმსარებელო;
გიხაროდენ, სასოებითა ზეციერისა ცხორებისაითა დავითსა, ესაიას, ეზეკიელსა და სხვათა წინაისწარმეტყველთა შესწორებულო;
გიხაროდენ, ყოველთა მართალთათვის ზესთასოფლისა სიხარულისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, რწმენითა შენდა შევრდომილთა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 8

გონება-მიუწვდომელ არს მორჩილებაი და სიბრძნეი შენი, მოსილი მადლითა და ძლიერებითა, რამეთუ არა ხოლო თუ მეგობართა შენთა ასწავებდი, ნეტარო, არამედ ჩუენცა აღგვავსებ სასოებითა, იტყოდი რაი: „ქუეყნიერნი კეთილნი და ჭირნიცა ჰგიებენ მარჯუენესა შინა ღმრთისასა, და იგი მხოლოი მოწყლავს და აღადგინებს გამოუკვლეველითა სიბრძნითა და განგებულებითა თვისითა, რომელსაცა ვერა შეწვდების კაცისა გონებაი, გარნა ჯერ-არს მისდა, რაითა ყოველსავე მადლიერებითა მიიღებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა“: ალილუია.

იკოსი 8

მართალთა სიტყუათაგან შენთა სირცხვილეულ-იქმნნეს და დადუმნეს რაი მეგობარნი შენნი, ღმრთივგანბრძნობილო, სხვაი იგი თანამოსაუბრეი თქუენი - ელიუს აღიძრა მხილებად შენდა, რაითა ბჭობაი შენი არცა შეგერაცხოს უსჯულოებად წინაშე მსაჯულისა, გარნა არა შეიწყნარა უფალმან ქებაი მისი, რამეთუ გწამებდა ცილსა, და თავად განგეცხადა სათნომყოფელსა თვისსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა ვიქმნნეთ მხედრობად ღმრთისა, წინა-აღმდგომად და დამამხობელად ყოველთა მტერთა მისთა, და გაქებდეთ, ვითარცა ჭეშმარიტსა მსახურსა მისსა:

გიხაროდენ, იობ, ღმრთივგანბრძნობილო და ნათელშემოსილო;
გიხაროდენ, ზეციერთა მნათობთა ცვალებისა სიბრძნითა გულისხმისმყოფელო;
გიხაროდენ, კეთილისა ნუგეშინისცემისა კაცთაგან ვერცაღა მიმღებელო;
გიხაროდენ, საღმრთოისა მის და საუკუნოისა სიყუარულისა მსასოებელო;
გიხაროდენ, სამოთხისა კეთილთა მომლოდებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა მეოხისა ცათა შინა მგულვებელო;
გიხაროდენ, პირმოთნეობისა ბრძენო მამხილებელო;
გიხაროდენ, მეგობართა შენთა ღმრთისმოსაობასა შინა განმსწავლელო;
გიხაროდენ, უძლურებასა შინა ღმრთივმონიჭებულისა ძლიერებისა შენისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 9

არმურითგან და ღრუბლითგან გეტყოდა რაი უფალი დიდთა მათ საიდუმლოთა, რომელნი დაფარულ იყვნეს კაცთაგან, გეზრახებოდა შესაქმისათვის სოფლისა, და გამხილებდა, და გმოძღვრავდა შენ, წმიდაო იობ, და გკურნებდა საკვირველად, ხოლო შენ მადლიერებითა შეიტკბობდი საღმრთოთა მათ სწავლათა და არცაღა დასცხრებოდი დიდებად და გალობად ღმრთისა: ლილუია.

იკოსი 9

არცა კაცთა მათ ენამზეთა ძალუძს ჯეროვნად ქებაი შენი, ნეტარო იობ, რამეთუ მართლად სახელ-გდვა რაი უფალმან, მიწად და ნაცრად შერაცხავდი თავსა თვისსა, და მიუგებდი: „პირველ მესმინა შენთვის ყურთა მიერ, ხოლო აწ თუალმან ჩემმან გიხილა, და ვუწყი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და არა რაი არს შეუძლებელ შენგან,“ ეგრეთვე აწ ჩუენცა მოგვმადლე განცდაი თვისთა ცოდვათაი და გზასა მას სინანულისასა წარგვიმართე შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, ზეგარდამო მის მამხლებელისა ხმისა მორჩილებითა და სიმდაბლითა მსმენელო;
გიხაროდენ, ყოვლადძლიერთა და საკვირველთა საქმეთა უფლისათა გულისხმისმყოფელო;
გიხაროდენ, წინაშე სიბრძნისა მისისა ყოვლითა სულითა ქედ-დადრეკილო;
გიხაროდენ, კაცობრივისა ბრძნობისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, ყოველთა კადნიერთა სიტყუათა შენთა ცრემლითა აღმსაარებელო;
გიხაროდენ, უგულისხმოებისა თვისისა გულისა შემუსრვილებითა ამღიარებელო;
გიხაროდენ, ერთგულო მსახურო უფლისაო, მისა მიმართ ავლსა და ნაცარსა შინა მონანულო;
გიხაროდენ, წყაროო დაუწყუედელო, სულთა სარგებელთა სწავლებათა აღმომადინებელო;
გიხაროდენ, ცოდვილთათვის სინანულისა ბჭეთა განმღებელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 10

ეწადა რაი ყოვლის მეცნიერსა ღმერთსა სიმართლისა შენისა წარმოჩინებაი, რისხვითა გულის წყრომისა მისისაითა რქუა ელიფას თემნელსა: „სცოდე შენ და მეგობართა შენთა, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა მსახურისა ჩემისა იობისათვის“, და უბრძანა მათ შვიდ-შვიდთა ზუარაკთა და ვერძთა მოყუანებაი შენდა, რაითა მსხუერპლი შეწირო და ილოცო მათთვის, და აჰა, აღასრულეთ რაი ყოველი, შეუნდო მათ უფალმან, და ერთობითა აქებდით ძლიერებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 10

ჰოი, საკვირველსა განგებულებასა ღმრთისა მაღლისასა, რამეთუ შემდგომად განსაცდელთა მათ მტერისაითა ღირს-გყო გამოცხადებისა თვისისა, და განგკურნა რაი სრულიად, ფრიად აღორძინდი, და რავდენ-იგი გაქუნდა პირველ, ყოველივე მოგცა ორწილად მოთმინებისათვის შენისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარენ ღმერთსა, რაითა ულხინოს ნათესავსა ჩუენსა, და გარე წარგუხადოს ამაონი შფოთნი და განსაცდელნი მოსავთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, სათნოებითა და ღმრთისა ერთგულებითა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, ხორცითა გვემულო და ცოდვათაგან გათავისუფლებულო;
გიხაროდენ, ძალითა უზესთაესითა განმტკიცებულო;
გიხაროდენ, წმიდითა ცხორებითა და ღმერთთან ერთობითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, სიხარულისა და ჭეშმარიტებისა მხოლოისა ღმრთისა თანა მჭვრეტელო;
გიხაროდენ, მისა მიმართ სიყუარულითა უსასობისა მძლეველო;
გიხაროდენ, ზესთა სოფლისა საიდუმლოთა შთაწვდომილო;
გიხაროდენ, მოთმინებითა შენითა და სიქუელითა ქუეყნიერებისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, გზასა მას სასუფეველისასა კეთილად წარმმართებელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 11

სასოებაი შენი დადე რაი შემოქმედისა მიმართ, წმიდაო, დიდთა მათ მწუხარებათა წილ მრავალფერი ქუეყნიერი სიკეთეი მოგმადლა, რამეთუ მოგანიჭა შვიდ ძეი და სამ ასულ, ყოველთა უმჯობესნი, და დღენი ცხორებისა შენისანი განგიგრძო ფრიად, ხოლო აღესრულე რაი მხცოვანებასა შინა, კეთილნიცა იგი საუკუნენი დაიმკვიდრნე აღთქუმისაებრ უფლისა, და აწ გაქუს რაი მადლი შეწევნისაი, ბაგენი ჩუენნი აღძარ გალობად მისა: ალილუია.

იკოსი 11

ვიდრე მოსემდე და ქრისტემდე ცხოვნდებოდი რაი ქუეყანასა ზედა, ყოველთა საღმრთოთა მათ მცნებათა, გაქუნდა რაი გულსა შინა თვისსა, აღასრულებდი წადიერად, ხოლო განავრცო რაი უფალმან სული შენი ტანჯვათა მიერ, დამტევნელ-გყო დიდთა საიდუმლოთა, რაითა იქმნე შენ მოძღუარ სასოებისა და ღმრთისა მიმართ სიყუარულისა ყოველთა შემდგომთათვის ნათესავთა, აწ ჩუენცა აღგვავსე შენებრითა სარწმუნოებითა და ახოვანებითა სულისა და გონებისაითა, რაითა ვსძლოთ ყოველთა მხდომთა და ორგულთა ჩუენთა, და ქებაი შეგასხათ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, ყოველთა ერთა შორის ქუეყანისათა ღირსად პატივცემულო;
გიხაროდენ, პირველ ფიქალთა ზედა სჯულის გამოწერისა მცნებათა შინა ღმრთისათა ცხორებულო;
გიხაროდენ, პირველ მაცხოვრისა მიერ უაღმატებულეს მცნებად ღმრთისა და მოყუასის სიყუარულისა დადებისა, საღმრთოითა სიყუარულითა ცეცხლებრ აღგზებულო;
გიხაროდენ, ობოლთა და ჭირვეულთა მამობრივითა გულმტკივნეულობითა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ქრისტეის და წმიდათა მოციქულთა მიერ კაცთათვის უწყებულთა საიდუმლოთა საღმრთოითა ჭურეტითა წინაისწარ გულისხმისმყოფელო;
გიხაროდენ, უფლისა ძმისა იაკობისაგან მძვინვარეთა ტანჯვათა დათმენისა სახედ და ხატად სახელდებულო;
გიხაროდენ, რამეთუ მანვე მოციქულმან ქებაი შეასხა ცხორებითა შენითა მინიშნებულსა სახელოვანსა აღსასრულსა უფლისასა;
გიხაროდენ, რამეთუ წმიდისა მის წიგნისა შენისა კითხვასა ბრძანებს ქრისტეის ეკლესიაი კვირიაკესა მას ვნებისასა;
გიხაროდენ, რამეთუ წმიდაი იოანე ოქროპირი მოგვიწოდს ბაძვად ახოვანებისა შენისა;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 12

მხნეი და ძლიერ იყავ რაი ყოველსა ღუაწლსა შინა, აღიძრა მხდომი იგი და ბოროტი სული დახსნად შენდა, და გამოგითხოვა რაი ღმრთისაგან, მართალო იობ, არა ხოლო თუ ერთგზის, არამედ ორგზის, რაითა განგცადოს ნაშობითა და მონაგებითა, და დასდვა რაი შენ ზედა ბოროტი სალმობაი, ვერა გეუფლა შენ, გაქუნდა რაი ფრთენი სიმართლისანი, და ისარნი მისნი ვერა გეწია, აწ ჩუენცა მოგუმადლე ნათელი სიბრძნისა შენისაი, რაითა განვერნეთ საცთურსა სოფლისასა და მარადის ვაქებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.

იკოსი 12

ყოვლად პატიოსან და დიდებულ არს სახსენებელი შენი, წმიდაო იობ, რამეთუ საშინელთა მათ ტანჯვათა შინა ჭეშმარიტითა სიმდაბლითა სძლე გამომცდელსა მას, და პირი დაუყავ უგუნურებასა მეგობართასა, რომელთა არა უწყოდეს ვნებისა მის შენისა საიდუმლოი, ყოვლად ქებულო, და ხმა-ყოფდი: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან“, მას ევედრე აწ, რაითა ძლევაი მტერთა და საცთურთა ზედა მოგუმადლოს შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, დიდო მართალო უფლისაო, ყოველსა ქუეყანასა ქებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ სარწმუნოდ მონად მისად წოდებულო და სიწმიდესა მისსა მიახლებულო;
გიხაროდენ, ძველისა აღთქუმისა მართალთა თანა დავანებულო;
გიხაროდენ, მბრძოლო უძლეველო, მტერისა მახეთა შემმუსრველო;
გიხაროდენ, ცხორებითა შენითა ყოველთა თესლ-ტომთა განმსწავლელო;
გიხაროდენ, სიმაღლითა მით ახოვანებისა შენისაითა ყოველთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, მრავალთა ძვირთაგან ღელვა-გუემულთა მარადის ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ყოველთა მწუხარებათა შინა მომწოდებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა სიხარულად გარდამქცეველო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლად ქებულო და ღმრთისა მიერ გამორჩეულო იობ, რომელმან დაითმინე ურიცხუნი მწუხარებანი და აჩვენე სრული სასოებაი საღმრთოისა განგებულებისაი, აწ მიითუალე შესხმაი ესე ჩუენი და შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა განჰკურნოს უძლურებანი ჩუენნი და დაგვიცვას საფრხეთაგან უხილავთა და ხილულთა მტერთაისა, რაითა სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ესე ცხორებისა ჩუენისაი, და ზეცათა შინა ღირს ვიქმნეთ დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა: ალილუია.

ეს კონდაკი იკითხება 3-გზის. შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

 

იკოსი 1

სიმრავლესა მას შინა საუკუნეთასა ჰნათობს წმიდაი სახელი შენი, მართალო იობ, რომელი ეგე მრავალვნებათა დათმენითა, და ეშმაკის ძლევითა და სირცხვილეულ-ყოფითა მაუწყებელ და წინასახე იქმენ ქრისტეის ვნებისა და მის მიერ ჯოჯოხეთის შემუსრვისაი, აწ აღგძრავთ მეოხებად მისა მიმართ, რაითა ეკლესიაი თვისი დაიცვას და მღდელნი ერითურთ განამტკიცოს შეურყეველად, რაითა ყოველნი ერთობითა ვიღუწიდეთ სადიდებელად მისა და გნატრიდეთ შენ ძალსაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, აბრაჰამითგან ესავის ძეთა შორის მეხუთეო, კეთილისა სახელისა მომგებელო;
გიხაროდენ, საღმრთოისა მის წინა-განგებისა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა წარმმართებელო;
გიხაროდენ, განწირულთა სასოო და დაცემულთა აღმმართებელო;
გიხაროდენ, ვნებათაგან დაბრმობილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;
გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათვის თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, შენდამი შემოწირულისა ლოცვისა მოწყალებითა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა და შეგინებულთა გულთა დამამშვიდებელო;
გიხაროდენ, ძალითა სულისა შენისაითა ზუავთა და ამპარტავანთა დამამხობელო;
გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

კონდაკი 1

უფლის მიერ აღრჩეულსა დიდსა მართალსა ძუელისა აღთქუმისასა გიგალობთ მორწმუნენი და საფარველსა შენსა შევვედრებთ თავთა ჩუენთა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდოს და ნავთსაყუდელსა მას ცხორებისასა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა და მგალობელთა: გიხაროდენ, მრავალვნებულო იობ, ყოვლადსაკვირველო მოძღვარო სოფლისაო!

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო სათნომყოფელო ღმრთისაო იობ, მართალო და მოწყალეო! შიშუელთა შემმოსელო, უცხოთა შემწყნარებელო, და გლახაკთა გამომზრდელო, ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელო და ყოველთა განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო ზღუდეო და მტკიცეო საფარველო!

ჰოი, მრავალვნებათა დამთმენელო, მართალო იობ, კეთილგონიერად ცხოვნდებოდი რაი ქუეყანასა ზედა, გარე-მოგადგეს ბოროტნი ეგე განსაცდელნი მანქანებითა ეშმაკისაითა და მიშუებითა ღმრთისაითა, და შენცა თავს-ისხენ რაი ვნებანი იგი, არა ხოლო თუ ამას საწუთროსა მოიღე მოსაგებელი მოლოდებისა შენისაი, არამედ ცათა შინა მოიგე გვირგვინი სიმართლისაი, რაიცა განუმზადა უფალმან ყოველთა მოყუარეთა მისთა. აწ ჩუენცა შეგვავედრე სახიერებასა მისსა, და გვითხოვე მოტევებაი ცოდვათაი, რაითა არა განგვსჯოს უსჯულოებათაებრ ჩუენთა, და გვიხსნნეს ყოველთა უძლურებათაგან სულიერთა და ხორციელთაისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლენ ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, დიდო მართალო ძველისა აღთქუმისაო, მრავალვნებულო იობ, რომელმან დაითმინე ურიცხუნი მწუხარებანი და აჩვენე სრული სასოებაი საღმრთოისა განგებულებისაი, შეისმინე აწ ვედრებაი ჩუენი, და შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა დაგვიცვას სიყმილისაგან, სრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა-დასხმათაგან მტერთასა და ძმათა-შორის ბრძოლისაგან, და მოგვმადლოს ნაყოფიერებაი მიწისაი, ქუეყნისა მშვიდობაი, და ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი, რაითა მივიწივნეთ სავანეთა მათ მიმართ საწადელთა, ზეცისა სასუფეველსა, და შენთანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მადლითა და ლოცვითა მართლისა იობისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

რედაქტორი ნონა ნამგალაძე