მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი შვიდთა ყრმათა ეფესელთა

(ევედრებიან ყრმათა სნეულების ჟამს, უძილობის, შფოთის დროს და ანტიქრისტეს დევნისაგან დახსნისათვის)

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1.

მკუდრეთით აღმდგარისა ღმრთისა ქრისტეს მიერ აღრჩეულნო, საკვირველნო ყრმანო, საყველთაოსა მკუდრეთით აღდგომისა რწმუნებად ამის სოფლისათვის გამოჩინებულნო ეფესოს შინა, თქუენ შორის განდიდებულისა ღმრთისა მადიდებელნო, ქების ღირსსა გალობასა შემოგწირავთ, მეტყველნი: გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!

იკოსი 1.

ანგელოზთა შემოქმედმან, დასაბამითგან უწყოდა რაჲ შეუორგულბელი სიმტკიცე სარწმუნოებისა თქუენისა, გშვათ ფიცხელთა მათ გარემოდგომილებათა შინა, წინასწარმიმთხრობად საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა, ვითარცა ანგელოზთ შემსგავსებულნი დამმოწმებელნი სახარებისეულისა აღთქუმისა. განკვირველულნი ესევითარითა მოხედვითა ღმრთისა ჩვენზედა, კრძალვით ვხმობთ ესრეთ:

გიხაროდენ, ბრწყინვალენო მნათობნო მომავალისა აღდგომისაო;
გიხაროდენ დიდებულნო შარავანდედნო მკუდრეთით აღმდგარისა ქრისტე მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, მთიებო დიდებულისა მის დღისა უფლისათაო;
გიხაროდენ, ურწმუნო სახლეულთა შორის ქრისტეს სარწმუნო ძეებად გამორჩეულნო;
გიხაროდენ, საკვირველსა ნათელსა და აზნაურებასა, ვითარცა ძენი აღდგომისანი, მოწოდებულნო;
გიხაროდენ, სულისა წმიდისა მიერ ქადაგებად საუკუნოისა ცხორებისა აღრჩეულნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!

 

კონდაკი 2.

მშობელნი თქვენნი, კეთილგონიერებისა თქუენისა მხედველნი, ისწრაფდეს თქუენისა განწესებისათვის შორის მხედრობასა მეფისასა, ხოლო თქუენ, რომელთა მოიძულეთ ყოველივე წარმავალი სოფელსა შინა, ზეციერისა სიონისა მეუფისად აღმართეთ გულნი თქუენნი, რამეთუ შერაცხილ იქმენით მეგობრად ღმრთისა და მსახურებად საიდუმლოისა საყოველთაოჲსა აღდგომისა, მგალობელნი ქრისტეს მიმართ: ალილუია.

იკოსი 2.

ქრისტეს მიერისა გონებისა, განწმენდილთა სულთა მიერ შეწყნარებისა ღირსქმნილნო, საკვირველნო ყრმანო, რომელნი ცოდვათაგან იფარავთ თანატოლთა თქუენთა მადლითა ქრისტესითა, სიყვარულითა და სულითა ძმად ქმნილნო და შეერთებულნო, ამისთვისცა მიითვალეთ ჩუენგან ქებაჲ ესე:

გიხაროდენ, ერთითა ემბაზითა ნათლისღებისაჲთა აღმოშობილნო;
გიხაროდენ, ქრისტესმიერითა სიყვარულითა ძმებად შეერთებულნო;
გიხაროდენ, საყვარელნო შვილნო ეკლესიისაო;
გიხაროდენ ღმრთის ანგელოზთა თანა მზრახველნო;
გიხაროდენ, ბუნებითისა ჭამადისა უმეტესად, ჭეშმარიტისა ცხორებისა პურითა თავთა თქუენთა გამომზრდელნო;
გიხაროდენ, ჭამადითა მით, მეოხებითა მადლისა სულისა წმიდისაითა, სიკუდილიდან ცხორებად აღმომორჩებულნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელონო!

 

კონდაკი 3.

ძალმან მაღლისამან, რომელი განამტკიცებს მესაიდუმლეთა მადლისათა განსაცდელთა შინა, კეთილად მძლეველითა აღიარებითა სარწმუნოებისათა, ღირს იჩინა გვირგვინებით შემკობა თქუენი წინაშე ანგელოზთა და კაცთა, ხოლო ჩვენ გვასწავა გალობა ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 3.

სახლსა უფლისასა მოსწრაფებით ლოცვად მიმავალთა ყოველსა დღესა, არა განაგდეს ჩვეულება ესე, წმიდათა მათ, დევნულებასა მათ დღეთა შინა დეკეოსისასა, ერთბამად განმცხადბელნი ქრისტეს სარწმუნოებისა, ისწრაფდეს უწყებად მეფისა მასზედა, გარნა ქადება მტანჯველისა მის ძალმან ღმრთისამან განდიდებით თქუენითა გარდასცვალა. განვიხარებთ ესევითარითა უკუე განგებულებითა ღმრთისა თქვენზედა და ლმობიერითა გულითა გმეტყველებთ თქვენ ესრეთ:

გიხაროდენ, ამა სოფლის თავადისა ბნელ ძალთა, მადლითა ქრისტესითა მაოტებელნო;
გიხაროდენ, მსახურთა მისთა სიხენეშისა და მზაკვრებისა ყოვლადმძლენო შემმუსვრელნო;
გიხაროდენ, რომელნი ვერ შეგაშინათ, ვერცა გაშფოთათ მანქანებამან და მკსინუარებამან მათმან;
გიხაროდენ, ხილულითა შეწევნითა ღმრთისათა განმტკიცებულნო; გიხაროდენ, ვითარცა ძველ ოდესმე დანიელ, ხაროსა შინა ლომთა თანა შთაგდებული, შორის მტანჯველთასა განკრძალულნო;
გიხაროდენ, მადლითა ღმრთისმშობელისათა გარემოდგომილებათა მათთაგან უვნებელად დახსნილნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!


კონდაკი 4.

განძვინებისა ქარიშხლითა აღძრული, უღმერთო მეფე დეკეოს მრისხანებითა ჰკითხვიდა წმიდათა მათ: „რაისათვის არა ინებეთ ჩუენთანა ყოფა დღესასწაულსა მას ღმერთთა ჩუენთასა, რომელთაცა ყოველი სოფელი ეთაყვანების?“ ხოლო ერთმან შვიდთაგანმან, - მაქსიმილიან მიუგო: „გვივის ჩუენ ერთი ღმერთი და მეუფე, რომელი ჰგიებს ცათა შინა, მას ვსწირავთ ყოველსა ჟამსა მსხვერპლსა ქებისასა, დიდებასა და ლოცუასა, მგალობელნი მისდამი: ალილუია“.

იკოსი 4.

ესმა რა უსჯულოსა მეფესა, ვითარ კადნიერად აღიარეთ სარწმუნოება თქუენი, ბრძანა მხედრულისა პატივისა მოღება თქვენთვის, და ესრეთ ექმნა დასაბამი გამოცდასა თქუენსა ქრისტესათვის, ქრისტეს მიერითა მსწრაფლშესმენითა უსაკვირველესითა მიძინებითა გარდაცვლილნო, გამოითხოვეთ ღმრთისაგან სიმტკიცე მგალობელთა თქუენთათვის:

გიხაროდენ, მიწიერი მეფის ლაშქრიდან ზეციური მეუფის მხედრობათა შორის აღრაცხილნო;
გიხაროდენ, მიწიერი დიდების დამტევებელთ, ზეციური დიდებისა მიმღებელნო;
გიხაროდენ, მიწიერისა პატივისა ქრისტესათვის მოკლებულნო;
გიხაროდენ, ამისათვისცა უხრწნელითა გვირგვინებითა მის მიერ შემკულნო;
გიხაროდენ, მის მიერისა ძლევისა მქადაგებლებად გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, მარადიულისა დიდებისა მისისა შვიდრიცხვედნო ბრწყინვალებანო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!


კონდაკი 5.

საღმრთოითა სიყვარულითა განმტფარნი, მადლითა ქრისტესითა დაფარულ იქმენით მტანჯველთაგან, წმიდანო ყრმანო; მაქსიმილიან, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე და ანტონინე, სიჭაბუკისა ჰასაკისა შვენიერება შინაგანისა კაცისა გარეგან შვენიერებასთან შეაუღლეთ და ანგელოზთაებრ მხურვალითა აღსარებითა უგალობთ ღმერთს: ალილუია.

იკოსი 5.

იხილა რა ბოროტმან მეფემან დეკეოს ფრიადი კეთილშუენიერება სიჭაბუკისა თქუენისა, არ მოგანიჭათ დახსნა საკვრელთაგან არცა ერთითა დღითა. სასოებით ესწრაფდა განდგომასა თქვენსა ქრისტესაგან, ხოლო თქვენ განეშორენით სახიდ თვისა, მოსწრაფებით მისცემდით ოქრო-ვერცხლს უპოვართ, რომელი განიმზადეთ ამა სოფლიდან განსვლის დღისათვის, ამისთვისცა აღვსწერთ ქების გალობასა თქვენდამი ესრეთ:

გიხაროდენ, ბოროტებით განდრეკილისა მტანჯველისა მცირეოდენი მოწყალების გაღებისათვის აღმძვრელნო;
გიხაროდენ ყმაწვილურითა სიმშვიდითა თქვენითა ბოროტებისა მისისა მცირე ხნით დამაცხრობელო;
გიხაროდენ, ნათლის ძეთა შვენიერებითა, უსახურ ცოდვის მსახურთა დამატყვევებელნო;
გიხაროდენ, მადლითა სულისა წმიდისათა, მზაკვრებისა მათისა მძლეველნო;
გიხაროდენ, მიწიერისა სიმდიდრისა გაცემითა ზეციერითა საფასითა განმდიდრებულნო;
გიხაროდენ, რამეთუ ჩვენცა გვასწავებთ ვავასხოთ ღმერთსა, რათა მოუკლებელი საუნჯე მოვიყიდოთ ცათა შინა;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!


კონდაკი 6.

მღვიმე მთისა ოქლონისა, მიუთხრობს საკვირველსა დიდებასა თქვენსა, წმიდანო ყრმანო, ხევნი და ქვაბნი მისნი ლოცვითა თქვენითა კეთილსუნნელებენ, სამარხისა წყვდიადიდან, ვითარცა სიმტკიცენი ეკლესიისა და მნათობნი ზეციერისა დიდებისა, გამოგვიჩნდით ჩვენცა და გვასწავეთ გალობაჲ დასაბამისა საყოველთაოჲსა აღდგომისა ქრისტეს ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 6.

ენება რაჲ კაცთათვის აღმობრწყინვებად ნათლისა ჭეშმარიტებისათა, განგდებად ცთომილებისა წყვდიადისა, ქრისტემან ღმერთმან ჯერ იჩინა შთასლუა თქუენი ბნელსა სამარესა, რამეთუ შემდგომად განსაკვირველითა აღდგომითა თქუენითა საყოველთაო აღდგომა დაამოწმეთ ჭეშმარიტებით. ესევითარისა კეთილისა ჯერჩინებისათვის ღმრთისა თქუენდა მომართ, ქედ მოდრეკილნი ქების გალობასა აღვიზახებთ ესევითარად:

გიხაროდენ, აღმსარებლობისა თქუენისა სიმტკიცისათვის საღმრთოჲთა განგებულებითა გამოსხნილნო;
გიხაროდენ, რამეთუ გვასწავებთ ჩუენცა ჭეშმარიტებისა მტკიცედ პყრობასა;
გიხაროდენ, თვინიერ სალმობათა ღვაწლთა თქუენთა აღმასრულებელნო;
გიხაროდენ, განსაკვირველითა ძილითა განსვენებულნო, და აღდგომითა მისგან, ცთუნებისა წყვდიადისა განმფანტველნო;
გიხაროდენ, რამეთუ ხორცნი თქუენნი დაკრძალულ იქმნა ღმრთისა მიერ უხრწნელებითა;
გიხაროდენ, საყოველთაოისა აღდგომისა უწინარეს ნებითა ღმრთისათა აღმდგარნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკჳრველნო მქადაგებელნო!


კონდაკი 7.

უღმრთო მეფემან იძულებით იზრახა კერპთმსახურებად მოზიდუა წმიდათა ყრმათა, ჰყო დღესასწაული კერპთა და ბრძანა მუნ მოყვანება მათი. მსახურთა მისთა ვერ ჰპოვეს იგინი ეფესოს შინა, ხოლო მშობელთა მათთა, შინებულთა სასჯელისა მოვლინებითა, აუწყეს, ვითარმედ მღვიმესა შინა შეფარულ იყვნენ, მღაღადებელნი ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 7.

განახლებულითა ძალითა აჩუენა სოფელმან ბოროტი სულისკვეთება თვისი, ოდეს მშობელთა შვილთა თვისთა სამყოფელი განუცხადეს მეფესა და ესრეთ განუდგნენ სიყუარულსა მათსა. ამისათვისცა რჩეულთა მიმართ ღმრთისაჲთა ვმეტყველებთ ესრეთ:

გიხაროდენ, ქვეყანისა მიერ უგულებელს ყოფილნო და ზეცისა მიერ შეწყნარებულნო;
გიხაროდენ, ზეციერისა მამისა გამო მიწიერთა მამათა მიერ გაცემულნო;
გიხაროდენ მისი მამობრივი სიყვარულის მეოხებით საიდუმლოჲთა ძილითა საკვირველად დაკრძალულნო;
გიხაროდენ, უხრწნელებასა მიმთხვეულნო და ქვეყნიერებისა აღდგომის ნათლითა განმაცისკროვნებელნო;
გიხაროდენ, ღმრთის აღთქუმათა აღსრულების აღთქმითა აღსასრულისა ჩვენისა დამატკბობელნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკჳრველნო მქადაგებელნო!


კონდაკი 8.

საკვირველი და დიდებული სასწაული ყოვლად ძლიერისა ღმრთისა, წმიდანო ყრმანო, აღსრულებულ იქმნა თქუენზედა, ოდეს ბრძანებითა დეკეოსისათა კარი მღვიმისა დახშულ იქმნა და დაბეჭდულ ბეჭდითა, ასოთხმეოცი წელი, მეფე თეოდოსის დღეებამდე დაპყვეს მძინარეთა მუნ, ხოლო აღმდგართა, ვითარცა ცხოველთა, არცხვინეს სადუკეველთა ბრძნობაჲ, ამისთვისცა ვუგალობთ ქრისტესა, აღმადგინებელსა თქუენსა: ალილუია.

იკოსი 8.

დასი შვიდთა აღმსარებელთა, ქვის სამარხში დაცული, საუკუნოისა ცხორებისაგან არა განგდებულ იქმნა, არამედ ასოთხმეოცისა წლისა ძილისა თანაწარმხდელთა და ჯერჩინებითა ღმრთისათა თვალთაგან ძილისა განმგდებთა, წმიდანი ყრმანი აღდგნენ მკუდრეთით, ყოველსა ქუეყანასა საყოველთაოსა აღდგომასა დაუმოწმებენ და ჩუენცა გვასწავებენ გალობასა ესრეთ:

გიხაროდენ, ღმრთის აღთქუმათა მეოხებითა საყოველთაოჲსა აღდგომისა მიმართ სასოებისა განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, თავსაკიდურისა ლოდისა, ქრისტე ღმრთისათვის ქვის სამარხში შემწყვდეულნო;
გიხაროდენ, საფლავად დადებულისა მიერ ბეჭდით დაბეჭდულნო;
გიხაროდენ, კრავისა მიერ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი, სიკუდილისა საკვრელთაგან გამოხსნილნო;
გიხაროდენ, რწმუნებად დაყოველთაოჲსა აღდგომისა, ვითარცა ლაზარე ოთხდღე მკუდარყოფილი, სამარხიდან გამოხმობილნო;
გიხაროდენ, შვიდთა ქერაბინთა, წინაშე საყდრისა დიდებისა ღმრთისასა წარმდგართა, შემსგავსებულნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!


კონდაკი 9.

ყოველნი წესნი ანგელოსთანი იხარებდეს შემდგომად მრავალთა წელთა საკვირველისა აღდგომისა თქუენისათვის და განჰკრთეს: ვითარმედ უდიდესისა სასწაულისა თქვენზედა აღსრულებულისა არ მეცნიერთა, ამბორს უყოფდით ურთიერთსა და საცისკროჲ გალობაჲ, ვითარცა მწუხრად ძილად მისულთა, აღუვლინეთ ღმერთს, მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 9.

ენამან უხვადმეტყველმან, ვერ შეუძლოს გამოთქუმად სასწაულთა შენთა, უფალო, ვუწყით, ვითრ ნეტარი ყრმაჲ იამბლიქო, არ მეცნიერი თვისისა მრავლით წლით მიძინებისა, გამოხდა მღვიმით ქალაქად, მეძიებელი საზრდელისა, განჰკვირდა ფრიად, ოდეს იხილა ეფესო სარწმუნოებითა ქრისტესითა განათლებული, და ადიდებდა ღმერთსა, ხოლო ჩვენ ვმეტყველებთ ესრეთ:

გიხაროდენ, მოქმედნო სამკალსა უფლისასა, ლოცვათა შინა თქუენთა ცრემლთა უხვად დამღვრელნო;
გიხაროდენ, უპოვარებასა და დევნულებასა შინა დაძინებულნო, და დიდებითა და მონაგებთა სიმრავლითა აღმდგარნო;
გიხაროდენ, რამეთუ განიხარეთ ქრისტეს სარწმუნოების ძლევისთვის, რომელნიცა იდევნებოდა თქვენ დროს;
გიხაროდენ, რამეთუ ცხადად იხილეთ ქრისტეს მიერ ძლევაჲ ამის სოფლისა;
გიხაროდენ, რამეთუ ჩვენცა გვასწავებთ სასოებასა მისსა;
გიხაროდენ, რამეთუ სასოწარკვეთილებისაგან გვიფარავთ ჩვენ;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!


კონდაკი 10.

ენება რაჲ ღმერთსა სარწმუნოებაში განმტკიცებაჲ კაცთა, წმიდისა იამბლიქოს მიერ მოტანილითა დრაჰკანითა განსწავლა ეპისკოპოსი ქალაქისა, რომელმან ადიდა ღმერთი და გალობდა: ალილუია.

იკოსი 10.

ზღუდედ და სიმტკიცედ სარწმუნოებისა გამოუჩნდით წმიდანო მღვიმეში თქვენთანა მოსრულთა და ქარტისა მპოვნელთა კაცთა, რომელსა ზედა გამოწერილ იყო სახელები და დღე აღსასრულისა თქუენისა, რაჲთა იგალობოს ყოველმან:

გიხაროდენ, შვიდრიცხვედნო რჩეულნო ჭურჭელნო ღმრისანო;
გიხაროდენ, წმიდათა მოწამეთა თანა სიხრულისა მირონითა ცხებულნო;
გიხაროდენ, შვიდნო ლამპარნო მანათობელნო წინაშე საყდრისა ღმრთისა და კაცთა;
გიხაროდენ, შვიდნო საყვირნო, მახარობელნო მეორედ მოსლვისა ძისა კაცისასა;
გიხაროდენ, შვიდნო ანგელოსნო, მაუწყებელნო დიდებისა მათისა, რომელნი დაითმენენ ყოველივეს სრულიად;
გიხაროდენ, რამეთუ ვითარცა შვიდტოტა კანდელი ოქროჲსა, განაშვენებთ ეკლესიასა;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადგებელნო!

 

კონდაკი 11.

სამადლობელი გალობაჲ აღუვლინა ყოვლადწმიდასა სამებასა კეთილმორწმუნემან მეფემან თეოდოსი, ისწრაფდა რაჲ ეფესოდ, რაჲთა იხილოს წმიდანი ყრმანი, შვიდი დღე დაჰყო მათთანა, ვიდრემდე თავი მიიდრიკეს წმიდათა მათ და მიაბარეს სული უფალსა, ერთბამად სამადლობელი გალობაჲ აღუვლინეს ქრისტესა ღმერთსა ყოველთა მუნ მყოფთა: ალილუია.

იკოსი 11.

ვითარცა ბაზმაკნი, მწვალებლობათა სიბნელისა განმდევნელნი, გამოცხადდნენ წმიდანი ყრმანი, ხელთუქმნელითა ნათლითა განათლებულნი და ნეტარითა აღდგომითა თვისისა შემდგომად მიძინებისა, ჭეშმარიტებასა მომავალისა ცხორებისასა დაამტკიცებენ, სადუკეველთა ბრძნობაჲ სირცხვილეულ ჰყვნეს, ყოველი განხეთქილება დააცხვრეს ეკლესიასა შინა, საყოველთაოსა აღდგომასა ლაზარე მკვდარყოფილთა თანა დაამოწმებენ. ამისთვისცა ვმადლობთ ღმერთსა და ლმობიერითა გულითა გიღაღადებთ თქვენ:

გიხაროდენ, მწუხრისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილსასოებითა განმანათლებელნო;
გიხაროდენ, რამეთუ ღელესა ამას გლოვისასა შთაგდებულთა ზეციერისა ნავთსაყუდელისაკენ წარგვიმართებთ ჩვენ;
გიხაროდენ, რამეთუ ვითარცა ვარსკულავნი, წარგვიძღვებით ნეტარსა განსასვენებელსა ლიმენასა, პალატსა ქრისტესსა;
გიხაროდენ, მახარებელნო საუკუნოჲსა ნეტარებისა, რომელი განმზადებულ არს მგლოვარეთათვის;
გიხაროდენ, რამეთუ ამ სოფლიურ ვნებათა უღირსებასა დაამოწმებთ მომავალისა დიდებისა მიმართ;
გიხაროდენ, ახოვანნო, სასუფეველისა ცათასა მკვიდრნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!


კონდაკი 12.

მადლი მოგენიჭათ ღმრთისაგან, რაჲთა ყოველთა მოყვარეთა და პატივისმცემელთა მისთა, გზაჲ უჩვენოთ საკვირველსა ნათელსა მისსა. ესრეთ განაცისკროვნეთ მტკიცითა სასოებითა მწუხარე ცხოვრებაჲ ჩუენი, დაგვიფარეთ ცოდვით დაცემისაგან და წარმოგვიდეგით ჟამსა სიკვდილისასა, რაჲთა თქვენითა შეწევნითა დაუღამებელსა ნათელსა დიდებისა ღმრთისასა მივიწივნეთ ჩვენ ცოდვილნი, და მართალთა თანა უგალობდეთ ღმერთსა თქუენთვის: ალილუია.

იკოსი 12.

ვუგალობთ თქვენ შორის საკვირველად განდიდებულსა ძალსა ღმრთისასა, წმიდანო ყრმანო, და გნატრით თქუენ, რამეთუ ხელისაღმპყრობელნი და მლოცველნი ხართ ჩვენთვის წინაშე ღმრთისა, სიყვარულით წარმდგარნი წინაშე წმიდისა ხატისა თქუენისა, აღვიზახებთ შესხმათა ესევითართა:

გიხაროდენ, ქრისტიანეთა სიქადულნო და განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, მადლითა დიდებულისა თქუენმიერისა შეწევნისათა აღმავსებელნო;
გიხაროდენ, სნეულთა ყრმათა მკურნალნო და შესავედრებელნო;
გიხაროდენ, მშობელთა მათთა უტყუარნო ნუგეშინისმცემელნო;
გიხაროდენ, ყოველთა მოყვარეთა და პატივისმცემელთა თქუენთა ზღუდეო და საფარველნო;
გიხაროდენ, ყოველთა ქრისტიანეთა შემწენო და ხელისაღმპყრობელნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!

 

კონდაკი 13.

საკვირველნო ყრმანო, ნათლითა ზეციურისა დიდებისა თქვენისათა და დამოწმებითა საუკუნოჲსა ცხორებისაჲთა, მწუხარისა ცხოვრებისა ჩვენისა განმაცისკროვნებელნო! შეიწირეთ კნინი ესე ლოცვაჲ ჩუენი და ნუ უგულებელს გვყოფთ თქუენდამი მოლტოლვილთა, ევედრეთ ყოველთა მეუფესა ჩვენთვის, რაჲთა არა მოვაკლდეთ ზეციურსა პალატსა მისსა, არამედ ყოველთა წმიდათა თანა ვუგალობოთ ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.

(კონდაკი ესე წარიკითხვის 3-გზის შემდეგ კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1)


იკოსი 1.

ანგელოზთა შემოქმედმან, დასაბამითგან უწყოდა რაჲ შეუორგულბელი სიმტკიცე სარწმუნოებისა თქუენისა, გშვათ ფიცხელთა მათ გარემოდგომილებათა შინა, წინასწარმიმთხრობად საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა, ვითარცა ანგელოზთ შემსგავსებულნი დამმოწმებელნი სახარებისეულისა აღთქუმისა. განკვირველულნი ესევითარითა მოხედვითა ღმრთისა ჩვენზედა, კრძალვით ვხმობთ ესრეთ:

გიხაროდენ, ბრწყინვალენო მნათობნო მომავალისა აღდგომისაო;
გიხაროდენ დიდებულნო შარავანდედნო მკუდრეთით აღმდგარისა ქრისტე მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, მთიებო დიდებულისა მის დღისა უფლისათაო;
გიხაროდენ, ურწმუნო სახლეულთა შორის ქრისტეს სარწმუნო ძეებად გამორჩეულნო;
გიხაროდენ, საკვირველსა ნათელსა და აზნაურებასა, ვითარცა ძენი აღდგომისანი, მოწოდებულნო;
გიხაროდენ, სულისა წმიდისა მიერ ქადაგებად საუკუნოისა ცხორებისა აღრჩეულნო;
გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!

კონდაკი 1.

მკუდრეთით აღმდგარისა ღმრთისა ქრისტეს მიერ აღრჩეულნო, საკვირველნო ყრმანო, საყველთაოსა მკუდრეთით აღდგომისა რწმუნებად ამის სოფლისათვის გამოჩინებულნო ეფესოს შინა, თქუენ შორის განდიდებულისა ღმრთისა მადიდებელნო, ქების ღირსსა გალობასა შემოგწირავთ, მეტყველნი: გიხაროდენ, ვნებათ დამთმენელნო ქრისტესნო, საყოველთაოჲსა მკუდრეთით აღდგომისა საკვირველნო მქადაგებელნო!

 

ლოცვა

ჵ, საკვირველნო წმიდანო შვიდნო ყრმანო, ეფესოჲსა სიქადულნო და ყოვლისა სოფლისა სასოებანო! მოგვხედეთ ზეციერსა დიდებასა ამაღლებულთა, რომელნი სიყვარულით პატივვჰყოფთ ხსენებასა თქუენსა, უფროჲსღა მოჰხედეთ ყრმათა ქრისტიანეთა, მშობელთა თვისთა მიერ თქვენდამი შევედრებულთა, მოავლინეთ მათზედა კურთხევაჲ ქრისტე ღმრთისა, რომელი ბრძანებს: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა. სნეულნი მათ შორის განჰკურნეთ, აღავსეთ სიმშვიდითა, ნიადაგსა გულთა მათთასა დაჰნერგეთ და აღაორძინეთ მარცუალი სარწმუნოებისა ღმრთისა, რაჲთა აღიზრდნენ ძლიერნი. და ჩვენ ყოველნი წარმდგარნი წინაშე წმიდისა ხატისა თქუენისა (სახელები) და მხურვალედ მვედრებელნი თქუენდა, ღირს გვიჩინეთ დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა, რაჲთა დაუდუმებელითა ხმითა სიხარულისაჲთა ვადიდებდეთ ყოვლად პატიოსანსა და დიდადშუენიერსა სახელსა ყოვლადწმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, რომელი განსჯი ცხოველთა და მკუდართა, მეოხებითა ლოცვათა წმიდათა შვიდთა ყრმათა ეფესელთათა, შეგვიწყალენ ჩუენ ცოდვილნი, შეგვინდევ ცოდვით დაცემანი ცხოვრებისა ჩვენისანი, და მათითა განგებულებითა დაგვიფარენ უსჯულო ანტიქრისტესაგან დაფარულსა სავანესა მაცხოვარებისა შენისასა, ამინ.

თარგმნა თამარ ერისთავმა