მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

საქმე წმიდათა მოციქულთა
აღწერილი ლუკა მახარებლის მიერ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 27 

 

1. როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს.

 

2. ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი.

 

3. მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო.

 

4. როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო.

 

5. კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით,

 

6. სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა.

 

7. რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივთბით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს.

 

8. რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად“ წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა.

 

9. მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:

 

10. როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც.

 

11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.

 

12. და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ.

 

13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს.

 

14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი;

 

15. ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით.

 

16. გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი;

 

17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა.

 

18. რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს.

 

19. მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში.

 

20. მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა.

 

21. დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს.

 

22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა.

 

23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.

 

24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებღად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე.

 

25. მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა.

 

26. უთუოდ, რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.

 

27. მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით.

 

28. გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი.

 

29. შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს დაელოდნენ.

 

30. ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიღან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, -

 

31. პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო.

 

32. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა.

 

33. განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში.

 

34. ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.

 

35. ეს რომ თქვა, პური აიღთ, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო. 

 

36. მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას.

 

37. ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.

 

38. როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს ხორბალი.

 

39. მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ.

 

40. ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი.

 

41. მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ.

 

42. მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო.

 

43. მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე,

 

44. დანარჩენებს კი ფიცრები ან ხომალდის ნამსხვრევები ჩაებღუჯათ და ასე გადაერჩინათ თავი. ამრიგად, როგორც იქნა, ყველამ მიაღწია ნაპირს.

 

 27