მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

საქმე წმიდათა მოციქულთა
აღწერილი ლუკა მახარებლის მიერ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 25 

 

1. ფესტუსი მოვიდა სამთავროში და სამი დღის შემდეგ კესარიიდან ავიდა იერუსალიმს.

 

2. მაშინ მღვდელმთავრები და იუდეველი დიდებულები პავლესადმი წარდგენილი სარჩელის გამო ეახლნენ.

 

3. შეევედრნენ და სთხოვეს, იერუსალიმში გამოეძახებინა პავლე, რათა გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.

 

4. მაგრამ ფესტუსმა პასუხად თქვა, რომ პავლეს კესარიაში დარაჯობდნენ და მალე თვითონაც იქ აპირებდა ჩასვლას.

 

5. ვისაც შეუძლია, დასძინა მან, წამომყვეს და თუ ამ კაცს რაიმე დანაშაული მიუძღვის, ბრალი დასდოსო.

 

6. რვა თუ ათი დღე დაჰყო მათთან და კესარიაში დაბრუნდა. მეორე დღეს კი სამსჯავრო ტახტზე დაჯდა და პავლეს მოყვანა ბრძანა.

 

7. როცა მოვიდა, გარს შემოერტყნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, რომელთაც მრავალი მძიმე ბრალდება წაუყენეს პავლეს, თუმცა მათი დამტკიცება კი არ შეეძლოთ.

 

8. ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს.

 

9. ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო?

 

10. პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება.

 

11. თუ უსამართლოდ მოვიქეცი და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ისინი ტყუილად მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ მიმცეს ხელში. კეისრის მსჯავრს მოვითხოვ.

 

12. მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხთვ და კეისართანვე წახვალ.

 

13. რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხავად.

 

14. და რაკი კარგა ხანს დარჩნენ იქ, ფესტუსმა პავლეს საქმე გააცნო მეფეს და უთხრა: არის ერთი კაცი, ფელიქსის მიერ პატიმრად დატოვებული,

 

15. რომელსაც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იუდეველთა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უჩივლეს და მისი დასჯა მთხოვეს.

 

16. მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა.

 

17. ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე,

 

18. ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი.

 

19. სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.

 

20. რაკი ამ საქმის გარჩევა გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განისაჯო-მეთქი?

 

21. მაგრამ პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის მსჯავრამდე გვეცლია; ამიტომ, ვიდრე კეისართან გავგზავნიდი, ვბრძანე საპყრობილეში გვყოლოდა იგი.

 

22. მაშინ აგრიპამ უთხრა ფესტუსს: მეც მინდა ამ კაცს მოვუსმინო. მან კი მიუგო: ხვალვე მოუსმენ მას.

 

23. მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მობრძანდნენ და ათასისთავებსა და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ სამსჯავროში, ფესტუსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე.

 

24. და თქვა ფესტუსმა: მეფეო აგრიპა და აქ დამსწრენო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც იერუსალიმში და აქაც მრავალი იუდეველი მომადგა ყვირილით: სიცოცხლის ღირსი არ არისო.

 

25. მაგრამ მე მივხვდი, რომ სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონვე მოითხოვა ავგუსტუსის მსჯავრი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა.

 

26. თუმცა მის გამო დაბეჯითებით ვერაფერს მივწერ იმპერატორს: ამიტომაც მოვიყვანე თქვენთან, უწინარეს ყოვლისა კი შენს წინაშე, მეფეო აგრიპავ, რათა განკითხვის შემდეგ ის მაინც ვიცოდე, რა მივწერო.

 

27. რადგანაც უაზრობად მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და ის კი არ ვაუწყო, რას სდებენ ბრალად.

 

 25