მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

საქმე წმიდათა მოციქულთა
აღწერილი ლუკა მახარებლის მიერ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 11 

 

1. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.

 

2. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს

 

3. და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.

 

4. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ:

 

5. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა.

 

6. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები.

 

7. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!

 

8. მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.

 

9. მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.

 

10. ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად.

 

11. და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი.

 

12. სულმა მითხრა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს ექვსი ძმა მეახლა და იმ კაცის სახლში მივედი.

 

13. მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს;

 

14. ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენცა და მთელი შენი სახლიც.

 

15. ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.

 

16. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით.

 

17. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?

 

18. ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო.

 

19. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას.

 

20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.

 

21. და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.

 

22. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა.

 

23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.

 

24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს.

 

25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა.

 

26. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.

 

27. იმხანად იერუსალიმიდან ანტიოქიაში ჩავიდნენ წინასწარმეტყველნი.

 

28. წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი და განაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყანაში, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს.

 

29. მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის.

 

30. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

 

 11