1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს.
2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად,
3. რომელმან იხილა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან.
4. მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილა ჩუენდა.
5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.
6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!
7. და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი.
8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.
9. და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა;
10. იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი იქმნა მის ზედა.
11. და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს.
12. ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?
13. ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი.
14. ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა.
15. ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე.
16. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა.
17. და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა.
18. ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ.
19. შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი,
20. რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ,
21. რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა.
22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ.
23. და იყოს ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინასწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან.
24. და ყოველნი წინასწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ.
25. რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
26. თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.