მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

მათეს სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 8 

 

1. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.

 

2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

 

3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან.

 

4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.

 

5. ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა ასისთავი და ვედრებით უთხრა:

 

6. უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება.

 

7. იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას.

 

8. ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური.

 

9. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს.

 

10. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.

 

11. ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში;

 

12. ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

 

13. და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.

 

14. ხოლო იესო შევიდა პეტრეს სახლში, და იხილა მისი სიდედრი, რომელიც ცხელებით შეპყრობილი იწვა.

 

15. და შეეხო თუ არა მის ხელს, გაუარა მას ცხელებამ; წამოდგა და ემსახურებოდა მათ.

 

16. ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით, და განკურნა ყველა სნეული.

 

17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.

 

18. ხოლო როდესაც იხილა იესომ გარსშემოჯარული ხალხი, გაღმა გასვლა უბრძანა მათ.

 

19. მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე.

 

20. იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.

 

21. ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.

 

22. ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა.

 

23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები.

 

24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა.

 

25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.

 

26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.

 

27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

 

28. და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას.

 

29. და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად.

 

30. ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.

 

31. ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ.

 

32. და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა.

 

33. ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს.

 

34. და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო.

 

 8