1. როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე.
2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ.
3. ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ.
4. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს:
5. უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი.
6. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ.
7. მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე.
8. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
9. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა!
10. როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს?
11. ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.
12. შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.
13. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
14. მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.
15. როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.
16. და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?
17. მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.
18. ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა;
19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე.
20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე?
21. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
22. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
23. როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, მიადგნენ მას მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეს ძალა?
24. იესომ პასუხად მიუგო მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და თუ მიპასუხებთ, გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას:
25. ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?
26. ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, - ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.
27. და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
28. ამაზე რაღას იტყვით? ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში.
29. ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა.
30. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. ხოლო მან მიუგო: წავალ, ბატონო, და არ წავიდა.
31. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? მიუგეს: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში.
32. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი.
33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.
35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.
36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.
37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.
40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.
42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
43. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს.
44. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც იდაეცემა, გასრესს.
45. როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას.
46. და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.