1. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი.
2. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.
3. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა
4. და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე!
5. და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა.
6. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.
7. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.
8. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე.
9. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა,
10. და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
11. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
12. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო.
13. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?
14. და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად.
15. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი რომელიცა უნებნ მათ.
16. ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა.
17. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?
18. რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი.
19. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს.
20. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ.
21. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა.
22. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ.
23. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ.
24. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ.
25. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა.
26. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას.
27. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი.
28. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას.
29. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
30. და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა.
31. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.
32. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.
33. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი.
34. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის.
35. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
36. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას.
37. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.
38. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით.
39. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა
40. და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!
41. ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს:
42. სხუანი აცხოვნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი.
43. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.
44. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარ-ცუმულნი, აყუედრებდეს მას.
45. ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
46. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?
47. და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე.
48. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას.
49. ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა.
50. ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.
51. და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს,
52. და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი აღდგეს
53. და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა.
54. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.
55. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას.
56. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ.
57. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა.
58. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი.
59. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა
60. და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა.
61. იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას.
62. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა
63. და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო.
64. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.
65. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.
66. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.