1. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი,
2. და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.
3. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა.
4. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.
5. და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი.
6. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი.
7. რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს.
8. ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაჲ.
9. და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას.
10. და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა.
11. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.
12. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს.
13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.
14. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.
15. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.
16. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი.
17. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.
18. ჰრქუა მათ იესუ: მომართჳთ მე იგი აქა!
19. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.
20. და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.
21. ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.
23. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ.
24. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.
25. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა.
26. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს.
27. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!
28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.
29. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა.
30. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე!
31. და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?
32. და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი.
33. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ.
34. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.
35. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული
36. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს.