მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

მარკოზის სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 8 

 

1. იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:

 

2. მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი.

 

3. მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული.

 

4. მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება?

 

5. და ჰკითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ მიუგეს: შვიდი.

 

6. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური, აკურთხა, დატეხა და ჩამოსარიგებლად მისცა თავის მოწაფეებს; და მათაც ჩამოურიგეს ხალხს.

 

7. ცოტაოდენი თევზიც ჰქონდათ; ისიც აკურთხა და ბრძანა ჩამოერიგებინათ მათთვის.

 

8. ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.

 

9. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი.

 

10. თავისი მოწაფეებითურთ მაშინვე ჩაჯდა ნავში და მივიდა დალმანუთის მხარეს.

 

11. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.

 

12. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.

 

13. და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა.

 

14. მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში.

 

15. უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.

 

16. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო.

 

17. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული?

 

18. თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ?

 

19. როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი.

 

20. ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი.

 

21. და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით?

 

22. მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ, ხელი შეეხო მისთვის.

 

23. ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე?

 

24. მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო.

 

25. მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა.

 

26. გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ.

 

27. წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე?

 

28. ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.

 

29. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე.

 

30. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.

 

31. და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.

 

32. აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო.

 

33. ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.

 

34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

 

35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.

 

36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?

 

37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

 

38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.

 

 8