მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

მარკოზის სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 3 

 

1. კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი.

 

2. და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.

 

3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ.

 

4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.

 

5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.

 

6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი.

 

7. მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან,

 

8. იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან.

 

9. და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი.

 

10. ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას.

 

11. მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა.

 

12. ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო.

 

13. მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან.

 

14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი,

 

15. და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა.

 

16. აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე.

 

17. ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი;

 

18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.

 

19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. 

 

20. მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რთმ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს.

 

21. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო.

 

22. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.

 

23. მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?

 

24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო.

 

25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი.

 

26. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული.

 

27. ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი.

 

28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ. 

 

29. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა.

 

30. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო.

 

31. მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად.

 

32. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო.

 

33. ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები?

 

34. თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები.

 

35. რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც.

 

 3