1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა.
2. წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
3. და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს.
4. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე.
5. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
6. ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ.
7. გაიგო ჰეროდე მეოთხედმთავარმა ყველაფერი, რაც მოემოქმედა იესოს, და საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა მკვდრეთით.
8. ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა.
9. ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა.
10. დაბრუნდნენ მოციქულები და აუწყეს იესოს ყველაფერი, რაც გააკეთეს, ხოლო მან წაიყვანა ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა.
11. მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.
12. როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ.
13. უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს.
14. რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი.
15. ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი.
16. ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
17. ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:
19. რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.
20. და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგთ პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.
21. მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.
22. და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
23. და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.
25. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს?
26. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით.
27. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს.
28. მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე.
29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.
30. და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია,
31. დიდებით მოვლენილნი, და მის წასვლაზე ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმს.
32. ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი.
33. ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა.
34. სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას.
35. და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ.
36. ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.
37. მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი ხალხი.
38. და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს.
39. შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს ნაგვემ-ნაწამებს.
40. შევევედრე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქთ, მაგრამ ვერ შესძლეს.
41. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკეთურო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის უნდა გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ძე.
42. ჯერ არც კი მისულიყთ მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა და კრუნჩხვა დააწყებინა. მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული, განკურნა ყრმა და მისცა მამამისს.
43. უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა:
44. ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
45. მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს.
46. მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
47. ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა
48. და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი - უდიდესი იქნება.
49. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს.
50. უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
51. ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად.
52. წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის.
53. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი.
54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია.
55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.
56. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ.
57. მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო.
58. და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.
61. ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო.
62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.