მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ლუკას სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 3 

 

1. ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია - აბილენეს მეოთხედმთავარი;

 

2. ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში.

 

3. დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.

 

4. როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.

 

5. ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება.

 

6. და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას.

 

7. და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას?

 

8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.

 

9. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.

 

10. ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო?

 

11. მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს.

 

12. მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ?

 

13. მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს.

 

14. მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.

 

15. ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,

 

16. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.

 

17. მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს.

 

18. ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

 

19. ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,

 

20. ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.

 

21. როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა.

 

22. გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

 

23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,

 

24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,

 

25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,

 

26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,

 

27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,

 

28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,

 

29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,

 

30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,

 

31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,

 

32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა,

 

33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,

 

34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,

 

35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,

 

36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,

 

37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,

 

38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.

 

 3